ცნობილი დისიდენტისა და ფიზიკოსის, ვალერი ჭალიძის არქივი ლიზა ჭალიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას უსახსოვრა
დამატების თარიღი: 2019-06-06 20:09:00

27 მაისს, 18:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ცნობილი დისიდენტის, ვალერი ჭალიძის მეუღლესთან ლიზა ჭალიძესთან.

ამერიკელი სტუმარი, პროფესიით იურისტი ქალბატონი ლიზა ჭალიძე დისიდენტთან ცხოვრების შესახებ საინტერესო ამბავს გვიამბობს. მისი თქმით, ვალერი ჭალიძემ ადამიანის მორალური და სამოქალაქო უფლებების შესახებ ფიქრი და წერა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ დაიწყო. ქალბატონი ლიზა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გვეწვია და მისი პრეზენტაციაც ამ დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე ერთი ინდივიდის ბრძოლის წარმატებულ ისტორიას გვიამბობს.

"საბჭოთა სახელმწიფოებში უფლებების დარღვევის უამრავი, კარგად ნაცნობი ფაქტების დაკონკრეტების გარეშეც, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის სიტყვებიც კარგად ცხადყოფს ერთი პარტიის კონტროლს მთელს სახელმწიფოზე. სამართლებრივ და საკანონმდებლო აღსრულების მეთოდებთან ერთად, ყურადღება უნდა დავუთმოთ პარტიულ დოკუმენტებსა და პარტიული პროგრამების განხორციელებასაც, რათა საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დაცვის რეალური ეფექტურობის, ანუ მათი დარღვევების სრული ანალიზი წარმოვადგინოთ. ადამიანების უფლებები ყოველთვის ირღვეოდა კერძო პირებისძალადობის, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა არაკომპეტენტურობის, ზოგიერთი ჯგუფის ძალაუფლებისადმი გადაჭარბებული სწრაფვის, უმრავლესობის მიერ მმართველობის იდეოლოგიური დიქტატის ბრმა მიმდევრობის შედეგად. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ეფექტურობის საკითხისთვის, ამ ოთხივე დონის გავლენა სრულად უნდა განვიხილოთ", - წერდა ერთ-ერთი პირველი უფლებადამცველი ვალერი ჭალიძე 1980 წელს მისი ავტორობით გამოცემულ 244-გვერდიან ნაშრომში საბჭოთა კავშირის მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის დაცვის შესახებ. ნაშრომი აერთიანებდა საბჭოთა კავშირის კერძო და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ეს ნაშრომი ერთ-ერთი ნაწილია იმ არქივისა, რომელიც ვალერი ჭალიძის მეუღლემ, ლიზა ჭალიძემ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა. არქივის გადმოცემა 2019 წლის იანვარში, ეროვნული ბიბლიოთეკის დელეგაციის ამერიკაში ვიზიტისას გადაწყდა, ხოლო ამჟამად ციფრული ვერსიაც მზადდება.

არქივი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ვალერი ჭალიძის შესახებ ცნობები საქართველოში აქამდე არ მოიპოვებოდა, რადგან თავის დროზე მას საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა ჩამოერთვა, რის შემდეგაც ცხოვრება აშშ-ში განაგრძო. საზოგადოებისთვის უცნობია მისი ემიგრაციაში მოღვაწეობის პერიოდიც, როდესაც მან დასავლეთისთვის საბჭოთა ქვეყნებში არსებული რეალობის სრულად გაცნობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ნორვიჩის უნივერსიტეტის ნიუსს არქივის გადმოცემის შესახებ გაეცანით ლინკში

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას მოახსენებს ქალბატონ ლიზა ჭელიძეს ასეთი მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის. 

შეხვედრა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის ინიციატივით ჩატარდა. 

 

 

სოციალური ქსელი:
Website Security Test
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ