ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლობა ევროპის ციფრული და მედია განათლების ფორუმზე
 06/03/2024

27 თებერვლიდან 1 მარტამდე, ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავდმჯომარეობის ეგიდით, ევროპის ციფრული და მედიაწიგნიერების კვირეული გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციების წევრებმა მოსახლეობის წიგნიერების ამაღლებისა და მედია განათლების, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების განვითარების სფეროში განხორციელებული და მომავალი საქმიანობის მიმოხილვა წარმოადგინეს.

  

კონფერენციის თემები იყო:  ციფრული და მედია წიგნიერების მნიშვნელობა კონფლიქტების პერიოდში, პოლიტიკური გარემოს ცვლილებები და დემოკრატიის გამოწვევები მედიაში, ახალი ამბების როლი საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდაში,   დეზინფორმაციის ცხადყოფის მეთოდები ონლაინ პლატფორმების ავტორების მიერ,  ციფრული და მედიაგანათლება, როგორც სოციალური პროექტი,  ციფრული განათლება გლობალურ პერსპექტივაში,  ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა წიგნიერების სფეროში და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში, ორი სესია დაეთმო ევროპის ბიბლიოთეკების საქმიანობას მედიაწიგნიერების განვითარებასა და მედიასთან თანამშრომლობას თემაზე. კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარმა სპეციალისტმა, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორმა, მაია სიმონიშვილმა ისაუბრა საქართველოში ბიბლიოთეკების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, საქართველოში განხორციელებული მედიაწიგნიერების პროგრამებზე, ასევე, ბიბლიოთეკის, როგორც  მოსახლეობის წიგნიერების ამაღლების ხელშეწყობისთვის დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობის შედეგებზე.

ევროკავშირის ეგიდით, ბრიუსელის ევროპის ციფრული და მედიაწიგნიერების კონფერენცია 2024 ითვალისწინებდა საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაცვლას, ახალი ინიციატივების, პროექტებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, ევროკავშირის, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უახლესი რეკომენდაციების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას,  დეზინფორმაციის დაძლევისა და მოსახლოების ცნობიერების ამაღლებისთვის თანამშრომლობის განვითარებას მომავალში