ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ემიგრანტების, ალექსანდრე მანველიშვილისა და ვალერი ჭალიძის არქივები მიიღო
დამატების თარიღი: 2019-07-11 20:24:00

დღეს, განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამერიკიდან მიიღო საბჭოთა რეჟიმისა და რუსეთის პოლიტიკის მიერ, რეჟიმის დასაწყისისა და დასასრულის დროს დევნილი, ორი ქართველი ემიგრანტის დისიდენტური არქივები: ალექსანდრე მანველიშვილისა (1904-1997) და ვალერი ჭალიძის ( 1938-2018). ორივე არქივი სრულად წარმოადგენს ორივე ემიგრანტის პირად ბიბლიოთეკას, ცხოვრებისეულ ინტერესებსა და სამუშაო მასალებს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მანველიშვილიცა და ვალერი ჭალიძეც, დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც და ამერიკაშიც არ წყვეტდნენ მუშაობას ქვეყნის გათავისუფლებისა და სამშობლოში დარჩენილთა დახმარებისთვის. ორივე საზოგადო მოღვაწე, სხვადასხვა პერიოდში, აქტიურად იყო ჩართული დისიდენტურ და გამათავისუფლებელ მოძრაობაში: ალექსანდრე მანველიშვილი პირადად ხელმძღვანელობდა ქართული ემიგრაციის პირველი ტალღის გამოცემებს, ხოლო ვალერი ჭალიძე დასავლეთ ევროპასა და სამშობლოში პირადად გამოსცემდა საბჭოთა კავშირში ადამიანთა უფლებების რეალური მდგომარეობის ამსახველ, დღემდე ბევრისთვის უცნობ და აკრძალულ მასალებსაც. დღეს, საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მათი შედეგიც არის. ორივე ემიგრანტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარდაიცვალა და საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში სტუმრობას აპირებდა.

არქივების გადმოგზავნაზე მუშაობა ამა წლის იანვარში, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლების, გიორგი კეკელიძის, ლევან თაქთაქიშვილისა და მაია სიმონიშვილის ამერიკაში  ვიზიტის დროს, სხვადასხვა შტატებში, ალექსანდრე მანველიშვილისა და ვალერი ჭალიძის ოჯახებთან მოლაპარაკებების შედეგად დაიწყო. ქართველ ემიგრანტების არქივების საერთო მოცულობა 985 კილოგრამია. 

დიდი მადლობა პეტრე მანველიშვილსა და ლიზა ჭალიძეს ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ არქივების ჩამოსვლამდე, ვალერი ჭალიძის მეუღლე საქართველოში გვესტუმრა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლექციაც წაიკითხა. მოხარულები ვართ, რომ საბჭოთა რეჟიმის შედეგად გადახვეწილი, ქართველი მოღვაწეების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, დღეიდან უფრო მეტი გვეცოდინება.

დამატებითი ინფორმაცია ალექსანდრე მანველიშვილისა და ვალერი ჭალიძის შესახებ იხილეთ ლინკებში, ვალერი ჭალიძის მიერ მომზადებული, პირველი მასშტაბური კვლევა საბჭოთა კავშირის მიერ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების აღსრულების შესახებ იხილეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში. 

ორივე არქივის მასალები დამუშავდება, ჩვენს ციფრულ ბიბლიოთეკაში გათავსდება და ფართო მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.  

 

სოციალური ქსელი:
Website Security Test
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ