ალიკანტეს უნივერსიტეტში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა და მემორანდუმი გაფორმდა
დამატების თარიღი: 2017-12-15 13:07:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უმაღლეს სასწავლებელთან, ალიკანტეს უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ ნაწილში გაიხსნა ქართული წიგნის კუთხე, სადაც სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს შესახებ ლიტერატურას. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ბიბლიოთეკას ქართული ანბანის, ქართული მეღვინეობა-მევენახეობისა და ქართული კულტურის შესახებ სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნები გადასცა. ქართულ კუთხეს ასევე გადაეცა სხვადასხვა ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის" გამოცემები. აღინიშნა რუსთაველის 850 წლისთავი. ქართულმა მხარემ ალიკანტეს უნივერსიტეტს ქეთი მელქაძის ნამუშევარი (დონ კიხოტის სკულპტურა) გადასცა საჩუქრად.

ქალაქ ალიკანტეში ჩატარდა ქართული კულტურის დღეები, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ქართული ფოლკლორის საღამო, გამოიფინა ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ღონისძიებას დაეწსრნენ საქართველოს საგარე საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, საკონსულო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ბექა ზარანდია, საქართველოს ვიცე-კონსული ბარსელონაში ლიკა ახალბედაშვილი, ესპანეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ესპანეთში არსებული ქართული ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ალიკანტეს უნივერსიტეტის, ქალაქ ალიკანტესა და ვალენსიის მხარის ხელმძღვანელობა.  ღონისძიებები აქტიურად გაშუქდა ადგილობრივ მედიაში.

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ალიკანტეს უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობა დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართება.



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ