ამერიკის საელჩოს წარმომადგენლობის ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2017-11-17 10:15:00

17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, მისი აღმატებულება იან კელი და საელჩოს წარმომადგნელები ეწვივნენ.

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 56 ყუთი ახალი და ძვირად ღირებულ წიგნები, სხვადასხვა გამოცემა და ენის შესასწავლი მაგიდის თამაშები (სულ 87 000 აშშ დოლარის ღირებულების ლიტერატურა) გადასცა საჩუქრად. ეს ლიტერატურა ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზისთვის მკითხველებისა და, პროექტ "ეკვილიბრიუმის" ფარგლებში, სოფლის ბიბლიოთეკებისთვის არის განკუთვნილი. 

გადმოცემული ლიტერატურა გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით. იგი მოიცავს როგორც სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ ენციკლოპედიებს( მათ შორის, ადამიანთა უფლებების ისტორიის ენციკლოპედია, პოლიტიკის, მედიისა და პოპულარული კულტურის ენციკლოპედია), ასევე თანამედროვე ამერიკული პოეზიის სრულ კრებულს, ამერიკის ბიბლიოთეკის სერიას, ყველა მნიშვნელოვანი ავტორის 36 ტომს, წიგნებსა და ფილმებს ამერიკის ისტორიის, ხელოვნებისა და მსოფლიო კულტურების შესახებ, სახელმძღვანელოებს ენის შემსწავლელთა და მასწავლებლებისთვის, ენის შემსწავლელ მაგიდის თამაშებს და ასე შემდეგ. 

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე საჩუქარია, რომელიც ამერიკის საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოსცა. 2014 წელს, ჩვენს ფონდს შეემატა პულიცერის პრემიის ლაურეატთა კოლექცია, 100 ცნობილი ავტორის წიგნი, დღეს კი ჩვენს მკითხველებს ამ ახალი გამოცემების გაცნობის საშუალება ეძლევათ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებას აქტიური თანამშრომლობისთვის. 
ამავე დროს, დღეიდან, მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი, გარკვეული სარემონტო სამუშაოების შემდეგ, მკითხველებს ისევ სრული დატვრითვით მიიღებს. 
დამატებითი ინფორმაციისთვისა და ლიტერატურის გასაცნობად მოგვმართეთ დარბაზში.

წიგნების სია იხილეთ დანართში:

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ