დეკანოზ იოანე მარგიანის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა
დამატების თარიღი: 2017-01-06 16:06:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა "დეკანოზ იოანე მარგიანის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა".

დეკანოზ იოანე მარგიანის (1872-1933 წწ.) მრავალმხრივი სასულიერო და საზოგადო  საქმიანობის ესა თუ ის ასპექტი საყურადღებოა მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთათვის - ეთნოლოგთათვის, ისტორიკოსთათვის, ენათმეცნიერთათვის, ფოლკლორისტთათვის და სხვ.

დეკანოზი იოანე მარგიანი საქართველოსთვის მეტად მძიმე პერიოდში -  ჯერ მეფის, ხოლო შემდეგ საბჭოთა რუსეთისაგან ოკუპირებულ საქართველოში ცხოვრობდა.  იგი  ერთგულად  მიჰყვებოდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსისა და წმიდა ილია მართლის  გზას და სასულიერო მსახურების პარალელურად, ქართული იდენტობის გადარჩენისა და განვითარებისათვის იღვწოდა.

კრებულში თავმოყრილია დეკანოზ იოანეს მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, რომელთაც დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მნიშვნელობა აქვთ.  დეკანოზ იოანეს ეთნოგრაფიული წერილები განსაკუთრებით ფასეულია ჩვენი დროისათვის, რადგანაც ავტორი კარგად იცნობს სვანეთისა და ლეჩხუმის ტრადიციულ ყოფას და გვაცნობს ადგილობრივი  სულიერი, სოციალური და მატერიალური კულტურის თავისებურებებს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე გამქრალია. წიგნში შეტანილია დეკანოზ იოანე მარგიანის ერთი მხატვრული ნაწარმოებიც, რომელიც საყურადღებოა ეთნოგრაფილი თვალსაზრისითაც.

წიგნის რედაქტორები:  როზეტა გუჯეჯიანი და მირიან ხოსიტაშვილი. წერილები შეკრიბეს და გამოსაცემად მოამზადეს ახალგაზრდა მკვლევრებმა ანა დათაშვილმა, თამარ დიდებაშვილმა, თათია მერლანმა, რუსუდან ყიფიანმა, გიორგი ჩუბინიძემ, მარიამ ხინთიბიძემ.  წიგნი იწყება  დეკანოზ იოანე მარგიანის ბიოგრაფიით, რომელიც შედგენილია ივანე ლეჟავას მიერ.  წიგნი საყურადღებოა, როგორც მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის, ასევე ქართული ტრადიციული კულტურით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ