ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიხ ჰრინევსკის დარბაზი გაიხსნა
დამატების თარიღი: 2018-11-05 12:16:00

5 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში პოლონელი მხატვრის, ჰენრიხ ჰრინევსკის (1869-1938), სახელობის ხელოვნებისა და პოლონური ლიტერატურის დარბაზი გაიხსნა. დარბაზი თავის დროზე ჰენრიხ ჰრინევსკიმ მოხატა და ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სივრცეა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ისაუბრა ჰენრიხ ჰრინევსკის ღვაწლზე, დარბაზის გახსნისა და პოლონურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.  

ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე მარეკ კუხცინსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შიმონ შინკოვსკი ველ სენკი, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, უცხოეთში პოლონური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ინსტიტუტ „პოლონიკას" დირექტორი დოროტა იანიშევსკა-იაკუბიაკი.

დარბაზის ჭერისა და კედლების უნიკალური მოხატულობა, რომელიც წლებია რესტავრაციას საჭიროებს, საქართველოში პოლონეთის საელჩოსა და პოლონეთის ხელისუფლების მხარდაჭერით აღდგა, დარბაზი მთლიანად განახლდა და მასში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ხელოვნების შესახებ ლიტერატურა, ასევე პოლონურენოვანი გამოცემები დაიდებს ბინას. მოეწყობა სამკითხველო, სადაც ნებისმიერ ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს ექნება მუშაობის შესაძლებლობა. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ