ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო გაიხსნება, რომელსაც „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსებს
დამატების თარიღი: 2017-04-06 13:06:00

6 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო შეიქმნება, რომლის ნაწილის სარემონტო სამუშაოებსაც კომპანია m2 დააფინანსებს.

აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკისა და m2-ის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ეს ადგილი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი სივრცე უნდა გახდეს. ის ჩაფიქრებულია, როგორც ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ადგილი.

ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო საღამოობით საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და წიგნის პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს.

გიორგი კეკელიძე: "დავასრულეთ კიდევ ერთი მასშტაბური მოლაპარაკება კერძო ბიზნესთან და საქართველოს მალე ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო ექნება, რომელიც მოიცავს: სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ სივრცესა და განახლებულ რეგისტრატურას. გამოფორმდება შესაბამისი მემორანდუმი. პროექტს კომპანია m2 დააფინანსებს. m2 უკვე მეოცე კერძო კომპანიაა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას დაეხმარება. მალე წიგნის და ქართული ანბან-შრიფტის მუზეუმების (მალე გავხსნით) გვერდით კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპლექსი გვექნება. ჩვენი მიზანი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკის შექმნაა. ამ ბიბლიოთეკაში ვაჟას უმთავრესი ადგილთაგანი უნდა ჰქონდეს. "  


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ