ეროვნულ ბიბლიოთეკას ცნობილი მხატვრების ჩანახატების ორიგინალები გადაეცა
დამატების თარიღი: 2017-10-03 18:59:00

3 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ცნობილი მეცნიერის ერასტი ვაჩნაძის უნიკალური არქივი გადაეცა.  

არქივი ინახავს ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, უჩა ჯაფარიძის, სერგო ქობულაძის, თამარ აბაკელიას, ფარნა ლაპიაშვილის, კორნელი სანაძის ჩანახატების ორიგინალებს. ჩანახატები იშვიათობას წარმოადგენს მათი შექმნის ისტორიითაც. გასული საუკუნის მეორე ნახევარში ერასტი ვაჩნაძემ დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიის" საფუძველზე ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც ცნობილი მხატვრები იღებდნენ მონაწილეობას. ექსპერიმენტში მონაწილე მხატვრებმა მოისმინეს ადამიანების ხმები და ამის მიხედვით შექმნეს მათი პორტრეტები. ამ პრინციპით შექმნილი ჩანახატების ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.

ერასტი ვაჩნაძის არქივი, მათ შორის ეს უნიკალური ჩანახატები, ეროვნული ბიბლიოთეკის დიმიტრი უზნაძის სახელობის დარბაზში განთავსდება, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება.

არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკას მისმა მფლობელებმა ლალი ბანძელაძემ და მაია ხეჩინაშვილმა გადასცეს, რისთვისაც ეროვნული ბიბლიოთეკა მათ მადლობას უხდის.



 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ