ეროვნულ ბიბლიოთეკას გივი გეგეჭკორის უნიკალური არქივი და ბიბლიოთეკა გადმოეცა
დამატების თარიღი: 2017-01-23 16:40:00

24 იანვარი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ცნობილი მთარგმნელისა და პოეტის გივი გეგეჭკორის ოჯახმა მისი არქივი მთლიანად და უნიკალური ბიბლიოთეკის უდიდესი ნაწილი (7 ათასზე მეტი წიგნი) გადასცა. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.   

გივი გეგეჭკორის არქივში ინახება როგორც მისი ფრანგულიდან ქართულად თარგმნილი ლიტერატურის ხელნაწერები, გამოუქვეყნებელი მასალები, ლექსები, ასევე ფოტომასალა, მათ შორის პირადი ალბომი, რომელშიც შესულია გიორგი ლეონიძის, ანა კალანდაძის, ჭაბუა ამირეჯიბის და სხვათა აქამდე უცნობი ფოტოები.

ბიბლიოთეკა მოიცავს ქართულ, რუსულ და ფრანგულ გამოცემებს, როგორც მხატვრების, ისე სხვადასხვა ქვეყნების შესახებ უნიკალურ ალბომებს. ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოეცა გივი გეგეჭკორის ბიბლიოთეკის რარიტეტული ნაწილიც, ანუ XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში, მათ შორის 1917 წლამდე გამოცემული  ლიტერატურა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. 

იშვიათ გამოცემათა შორისაა: მარი ბროსეს "საქართველოს ისტორია" (1895), ალექსანდრე ხახანაშვილის "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში" (1925), "სიტყვიერების თეორია" (სახელმძღვანელო ნაწერები (1898), ნოე ჟორდანია "რჩეული ნაწერები" (1911), მოლიერის, მეტერლინკის, მოპასანის, სერვანტესის (ფრანგულ ენაზე) პარიზში გამოცემული უნიკალური გამოცემები, 90-იანი წლების რუსული ლიტერატურა, რომელიც საქართველოში საერთოდ არ შემოდიოდა და შესაბამისად, არც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ