ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა - აჰმეთ მითჰათ ეფენდის „ქართველი ასულის შურისძიება“
დამატების თარიღი: 2017-01-06 16:11:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა კიდევ ერთი საინტერესო გამოცემა, აჰმეთ მითჰათ ეფენდის ნაწარმოები  -„ქართველი ასულის შურისძიება", რომელშიც მხატვრული სტატობითაა გადმოცემული  რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს ისტორია, ყოფა და კულტურა, ქართველთა სწრაფვა თავისუფლებისაკენ.

აჰმეთ მითჰათ ეფენდი (1844-1912) ცნობილი მწერალია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თურქული მხატვრული ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში.  მის კალამს ეკუთვნის 36 რომანი და 200-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები. ჩანს, რომ ავტორი  კარგად იცნობდა საქართველოს ისტორიას და კულტურას. მას გული შესტკივა რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ხალხზე. აჰმეთ მითჰათ ეფენდის დამოკიდებულება ქართული კულტურისადმი არის უაღრესად ფაქიზი და პატივისცემით გამსჭვალული. წიგნი საყურადღებოა ეთნოლოგთათვის, რადგან ნაწაროებში არაერთი ეთნოგრაფიული პასაჟია აღწერილი: საქართველოს ბუნება, ქართველთა ხასიათი, ქართველთა თავგანწირვა ქვეყნისათვის, ქართველთა ანთროპოლოგიური ტიპი, განსახლების არეალი, დასახლების ფორმები, ბრძოლის ხერხები, ქართული ცხენის ჯიშები, მათი აღკაზმლობა, ქართველთა მხედრული გამოცდილება, საოჯახო ყოფის თავისებურებები, ქართული ცეკვები, სიმღერები, სტუმართმოყვარეობა, ლხინი, სუფრის ტრადიციები, ტრადიციული ეტიკეტი, საუბრის მანერა; ვრცელი ინფორმაციაა მოწოდებული სოხუმის, ტფილისის, ფშავის, საქართველოს და ზოგადად, კავკასიის გზების შესახებ; დახასიათებულნი არიან აფხაზები, იმერლები, ფშაველები...

ნაწარმოები ეყრდნობა ისტორიულ ქრონიკებს, მაგრამ ავტორს ჰყავს გამოგონილი პერსონაჟებიც.

ქართველ მკითხველს უსათუოდ გაახარებს აჰმეთ მითჰათ ეფენდის დამოკიდებულება საქართველოსადმი:  „საქართველოზე იმდენად ვარ შეყვარებული, რომ აქ მოგზაურობა არასოდეს მბეზრდება. სამწუხაროა, რომ აქ უკვე რუსული გავლენა იგრძნობა. დიდია ალბათობა იმისა, რომ რუსული კულტურა და ცივილიზაცია ამ დარბაისელ ხალხზე ცუდ გავლენას მოახდენს და მათ დონეს დაამდაბლებს. ამაზე ფიქრისას საშინელ გულისტკივილს ვგრძნობ. ამგვარი კითხვების დასმა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ საქართველოში, ქვეყნის სასარგებლოდ, ბედის უცნაურობით, წაღმა იმდენჯერ შემოტრიალებულა უკუღმა დაბრუნებული ჩარხი, იმდენი სასწაული მომხდარა სასოწარკვეთილების ჟამს, იმდენჯერ  გამხდარა ეს ქვეყანა გამარჯვების მოწმე, რომ ამ ერთი შეხედვით შეუძლებელი ამოცანის შესრულებაც აღარ იქნებოდა გასაკვირი. აი, ამგვარი სასწაულის კიდევ ერთი მაგალითი... ერთ ბრძოლაში, მეფისთვის უცნობებიათ, რომ მტერი მრავალრიცხოვანი ურდოთი მოიწევდა საქართველოსკენ. მთავარსარდალს კი უბრძანებია: „ჩვენ აქ სამშობლოს დასაცავად მოვედით. მისთვის თავგანწირვა თითოეული ჩვენგანის ვალია. განა აქვს მნიშვნელობა ორ მომხდურს შევებრძოლებით თუ ორი ათასს? თუ ჩვენი სიცოცხლე დაგვენანება, მაშინ მცირერიცხოვანი მტერიც კი იოლად დაგვამარცხებს."

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ