ეროვნული ბიბლიოთეკა იუნესკოსა და იფლას ფორუმზე
დამატების თარიღი: 2018-11-20 19:02:00

12-14 ნოემბერს, პარიზში, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO), ამავე ორგანიზაციის, ბიბლიოთეკებისა და ინსტიტუტების გაერთიანებათა საერთაშორისო ფედერაციის (IFLA), ინფორმაციის თავისუფალი წვდომის საერთაშორისო გაერთიანების ხელშეწყობითა და მიწვევით, ინტერნეტ მმართველობის საერთაშორისო ფორუმზე (იუნესკო), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

იუნესკოს მეცამეტე ფორუმი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გახსნა, რომელმაც ინფორმაციისა და ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფორუმის ფარგლებში,  საბიბლიოთეკო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ კონფერენციაზე, საუბარი შეეხო როგორც ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებსა და საქართველოს ბიბლიოთეკების აუცილებლობებს, ისე ეროვნული ბიბლიოთეკის პერსპექტივებს საერთაშორისო თანამშრომლობის მხრივ. ეროვნული ბიბლიოთეკის მრავალწლიანი საქმიანობა მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორმა, მაია სიმონიშვილმა წარადგინა. 

ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა პარიზის ამერიკულ ბიბლიოთეკაშიც. შეხვედრის მონაწილეებს საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, საფრნგეთის ღირსების კავალერი, ლორან ანგელი მიესალმა. პარიზის ამერიკული ბიბლიოთეკა ევროპის კონტინენტზე უდიდესი ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა არის. ეს ისტორიული ბიბლიოთეკა პირველი მსოფლიო ომის დროს, კონგრესის ბიბლიოთეკამ და ამერიკის საბიბლიოთეკო ასოციაციამ დაარსეს, როგორც ჯარისკაცთა განათლებისა და მშვიდობიანი შეხვედრის ცენტრი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კიდევ უფრო განვითარდა, ხოლო მოგვიანებით ამერიკელ მწერალთა შეხვედრისა და მუშაობის ადგილად იქცა. პარიზის ამერიკულ ბიბლიოთეკას არაერთი ხელოვანის არქივი აქვს, მას მსახიობმა მარლენ დიტრიხმა პირადი, დიდი ბიბლიოთეკა უსახსოვრა. ბიბლიოთეკის დირექტორის, ოდრი შაპოს თქმით, დღეს ეს ორგანიზაცია მკითხველებს 60 ქვეყნიდან აერთიანებს.

იუნესკოს კონფერენციის ფარგლებში, ბიბლიოთეკებისა და ინსტიტუტების საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობით (სტეფან ვაიბერი, ესმერალდა მოსკატელი), ჩატარდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ქვეყნების ბიბლიოთეკების განვითარებისთვის ახალ რეკომენდაციებს ამზადებს. ფორუმზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საბიბლიოთეკო ორგანიზაციები და მედია ცენტრები,რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ. ეროვნული ბიბლიოთეკისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეს პირველი დიდი წარდგენა იყო და უცხოელი კოლეგების დადებითი ინტერესიც გამოიწვია.

 

ახლო მომავალში, ფორუმისა და კონფერენციის შესახებ, ვრცელ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ