ფოლკლორის დარბაზი, რომელიც საუკუნოვან აუდიოისტორიას გააცოცხლებს
დამატების თარიღი: 2018-01-15 10:30:00

15 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა, საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობასა" და ღვინის კომპანია „შილდას" შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, ფონდ „ქართული გალობის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა გოთუამ და კომპანია „შილდას" გენერალურმა დირექტორმა ნათია ჩხარტიშვილმა.    

დოკუმენტის თანახმად ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაფუძნდება ფოლკლორის დარბაზი, რომელიც ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში განთავსდება. დარბაზი გარემონტდება და აღიჭურვება უახლესი ტექნიკით. 

ფოლკლორის დარბაზი ფუძნდება ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების ბაზაზე. განყოფილების ფონდში დაცულია ფოლკლორული ჩანაწერების მდიდარი კოლექცია.

ფოლკლორის დარბაზის პრიორიტეტი იქნება ქართული ფოლკლორული (როგორც მუსიკალური, ისე ტექსტობრივი) ჩანაწერების თავმოყრა, სისტემატიზაცია და მათი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა. ფოლკლორის დარბაზის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ეთნოგრაფიის საუკუნოვანი აუდიოისტორიის შესახებ მასალების თავმოყრა და საზოგადოებისთვის მიწოდება.



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ