1923 წელს დახვრეტილი „სამხედრო ცენტრის“ წევრების ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
 18/05/2023

ბოლშევიკური რეჟიმის მიერ „სამხედრო ცენტრის" გმირი წევრების დახვრეტიდან ასი წელი გავიდა. სწორედ ამ დღეს მიეძღვნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 17 მაისს გამართული თემატური გამოფენა, მალე ამ დიდებულ ადამიანებზე წიგნიც გამოიცემა. გამოფენის გახსნას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

„სამხედრო ცენტრის" წევრები, რომელთა შორის იყვნენ ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კონსტანტინე (კოტე) აფხაზი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ლევან კლიმიაშვილი, ივანე ქუთათელაძე და სხვები, დააპატიმრეს, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში 1923 წლის 21 მაისს, გამთენიისას დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოიყვანეს.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოდგენილ ექსპოზიციაზე გამოიფინა „სამხედრო ცენტრის" წევრების ფოტოები ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად. ეს უნიკალური და ბევრისთვის აქამდე უცნობი მასალები ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში, ასევე ეროვნულ და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში ინახება.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.