ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
 23/05/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების გახსნის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

პარტნიორებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ემიგრაციის მუზეუმში მოაწერეს ხელი, რომელიც, თავის დროზე", თიბისის მხარდაჭერით დაარსდა.

ხელმოწერილი დოკუმენტით თანამშრომლობა გრძელდება. მალე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვის თურქეთის ქალაქ სინოფში ქართული წიგნის კუთხე მოეწყობა. კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნის ინიციატივა ქართველი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მწერლის შემოქმედების გაცნობასაც მოიაზრებს.

„მორიგი ისტორიული შეთანხმება: TBC - თიბისი უცხოეთში ქართული ბიბლიოთეკების მხარდამჭერი გახდა. უახლოეს მომავალში ქართული სამკითხველო გაიხსნება: სინოპში, ბარიში, რომში, ემპოლიში, ბაზელში, ჰანოვერში, დუბლინში, ჩიკაგოში. TBC - თიბისი რჩება საქართველოს ემიგრაციის მუზეუმის მხარდამჭერად - მემორანდუმი დღეს სიმბოლურად სწორედ ამ სივრცეში გავაფორმეთ", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.