ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრატორებს ესპანელი სპეციალისტები გადაამზადებენ
 20/02/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესპანეთში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ესპანეთის სამეფოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. ვიზიტს ესწრებოდა საქართველოს საელჩოში ესპანეთის სამეფოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნატო ჩიქოვანი.

გაიმართა შეხვედრა ესპანეთის სამეფოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, ოსკარ აროიო ორტეგასთან და ტექნიკურ დირექტორთან, ხოსე ლუის ბუერენ გომეს აცებოსთან.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესპანეთის სამეფოს ეროვნული ბიბლიოთეკის მუშაობას გაეცნენ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ესპანელი კოლეგების გამოცდილებამ საბიბლიოთეკო ერთეულების კონსერვაციისა და რესტავრაციის საქმეში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახლახან დასრულდა რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიისთვის გამოყოფილი ახალი ფართის სარემონტო სამუშაოები. ის აქამდე არსებულთან შედარებით ოთხჯერ დიდია.

ესპანეთის სამეფოს ეროვნული ბიბლიოთეკა თავის თავზე იღებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების თანამშრომელთა გადამზადებას - თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყდის რესტავრაციასთან და ტყავის დამუშავებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევები. ესპანელმა კოლეგებმა ქართველ სტუმრებს სარესტავრაციო იარაღებიც გადასცეს.

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ესპანეთში საქართველოს კონსულთან თეიმურაზ ბასილაიასთან ერთად მადრიდის ბუკინისტური მაღაზიები დაათვალიერეს.

ვიზიტის უმნიშვნელოვანესი შედეგი: მალე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიგელ დე სერვანტესის „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელის" ერთ-ერთი ისტორიული და იშვიათი გამოცემა დაიდებს ბინას. ჩვენი ფონდის ნაწილი გახდება აგრეთვე XVI საუკუნის დასაწყისში დაბეჭდილი ერთ-ერთი ცნობილი ავტორის უნიკალური წიგნი. მას შემდეგ, რაც ეს გამოცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ყველაზე ძველი გამოცემის თარიღი რამდენიმე ათეული წლით უკან გადაიწევს.

ესპანეთში ვიზიტისას ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები მადრიდში არსებული ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.