საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის მემორანდუმი გაფორმდება
 29/02/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია საბერძნეთის ელჩს საქართველოში მარია თეოდორუს და საელჩოს ატაშეს გეორგიოს ვარკადოსს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხს. მარია თეოდორუმ კონსტანტინე გამსახურდია ათენში, საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიიწვია. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო ერთეულების კონსერვაციისა და რესტავრაციის ახალი ლაბორატორია იხსნება და ამ მხრივ ბერძენი კოლეგების გამოცდილების გაცნობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება.

კონსტანტინე გამსახურდიამ აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი მას საბერძნეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობასაც მისცემს.