გიორგი კეკელიძის წიგნების პრეზენტაცია და ხცისის ბიბლიოთეკის ფონდის განახლება
დამატების თარიღი: 2017-02-10 19:38:00

10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. ბიბლიოთეკაში გიორგი კეკელიძის წიგნების "თომას ზღაპრებისა" და "გურული დღიურების" მეორე ნაწილის პრეზენტაცია და მკითხველებთან შეხვედრა გაიმართა.

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა "ეკვილიბრიუმის" ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის ახლადაღდგენილ ბიბლიოთეკასა და ახალგაზრდულ ცენტრს წიგნები გადაეცა. სოფელ ხცისის ბიბლიოთეკა, რომელიც სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში მდებარეობს, ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ფონდ "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების" ძალისხმევით აღდგა და აღიჭურვა. გიორგი კეკელიძე ხცისის ბიბლიოთეკასა და ახალაგზრდულ ცენტრს კომპიუტერით აღჭურვასაც დაპირდა.

ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ეკა მაზმიშვილი შეხვდა. მან მოსწავლეებს თეატრის ბილეთები გადასცა საჩუქრად. მარჯანიშვილის თეატრი ხცისის სკოლის მოსწავლეებს 12 თებერვალს უმასპინძლებს. სტუმრები ნახავენ უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს "როგორც გენებოთ" (რეჟისორი ლევან წულაძე). მოსწავლეები ასევე შეხვდებიან თეატრის მსახიობებსა და სამხატვრო ხელმძღვანელს ლევან წულაძეს. მარჯანიშვილის თეატრი მოძრაობა "ეკვილიბრიუმის" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. თეატრმა უკვე არაერთი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას ხაშურის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.





 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ