ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად გიორგი კეკელიძე დაინიშნა
დამატების თარიღი: 2012-03-04 18:40:00

2012 წლის 5 მარტიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გახდა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალურად წარუდგინა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გენერალური დირექტორი 5 მარტს 13:00 საათზე.

 

გიორგი კეკელიძე დაიბადა 1984 წელს ქალაქ ოზურგეთში. 2001-2009 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2010 წლიდან გიორგი კეკელიძე არის დოქტორანტი საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს კლასიკური ლიტერატურის თემაზე.

 

ფართო საზოგადოებისთვის გიორგი კეკელიძე ცნობილია ლიტერატურის სფეროში მოღვაწეობისა და მიღწეული წარმატებების გამო. 2006 წელს მან დააფუძნა პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge და ლიტერატურული ჟურნალი ლ’ილი. 2008 წელს გიორგი კეკელიძემ გამოსცა პოეტური კრებული "ოდები", რომელმაც 2009 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია "საბა" წლის საუკეთესო დებიუტისთვის. 2009 წელსვე გიორგი კეკელიძემ მიიღო ბარათაშვილის პრემია. 2010 წელს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ვერსიით გახდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში. 2010 წელსვე გიორგი კეკელიძე გახდა წლის ადამიანი ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ვერსიით, ხოლო ჟურნალ "ტაბულას" ვებგამოკითხვის შედეგად lib.ge-ის ჯგუფთან ერთად მიიღო მესამე ადგილი ნომინაციაში "წლის ადამიანი".

 

ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი აქტიურად მოღვაწეობს მასმედიისა და ჟურნალისტიკის სფეროში. სხვადასხვა დროს გიორგი კეკელიძე იყო ჟურნალ "ფოკუსის" მესვეტე, "რადიო - ქალაქის" ლიტერატურული გადაცემის "ლიტერატურული ქალაქის" ავტორი და წამყვანი, ჟურნალ "ტაბულას" ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე, გადაცემა "წითელი ზონის" პროდიუსერი, ჟურნალ "ტაბულა არტის" ლიტერატურული განყოფილების რედაქტორი, რადიო "მწვანე ტალღაზე" გადაცემის "ლიტერატურა და სხვა" ავტორი და წამყვანი, ტელეგადაცემა "ინტერპრეტაციის" ავტორი და წამყვანი.

 

გიორგი კეკელიძის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ