XVII საუკუნის ისტორიული ცნობა გიორგი XI მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამოსყიდვის შესახებ
დამატების თარიღი: 2012-03-22 16:27:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომელიც ეხება საქართველოს მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კომპლექსის  გამოსყიდვის საქმეს მე -17 საუკუნეში.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს "კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების” თორმეტტომეულში დაბეჭდილი ისტორიული დოკუმენტების ანალიტიკური დამუშავება და ციფრულ ფორმატში გადაყვანა.  გამოვლინდა არაერთი საინტერესო დოკუმენტი.

 

”კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების”  პირველ ტომში მოთავსებულია საქართველოს მეფის გიორგი XI-ის ”წიგნი ეს მართალი და ჭეშმარიტი ჩვენგან მორთმეული”, რომელიც დაწერილია მეფისა და დიდებულების, აგრეთვე უმაღლესი საეკლესიო პირების თანდასწრებით და დამოწმებულია პაპა ნიკოლოზისა და პაპა დანიელის მიერ. დოკუმენტში ასახულია იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის საქართველოში 1681 წლის  ვიზიტის მიზეზი და ყველა ის პირობა, რაც ქართულ მხარეს ჰქონდა წაყენებული მონასტრის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. მითითებულია გამოსასყიდი თანხის ოდენობა, რომელიც საქართველოს მხარემ  პატიარქს გადაუხადა და ვალდებულება  თანხის დამატების შესახებ იმ შემთხვევისათვის, თუ  საქმეს დასჭირდებოდა. დოკუმენტი შედგენილია იმ გარიგების დასტურად, რომელიც შედგა მეფე გიორგი XI-ს ანუ საქართველოს მხარეს და იერუსალიმის პატრიარქს შორის.

 

დოკუმენტში ვკითხულობთ: ”თქვენ [დოსითეოსი] ჩვენთვის და ჩვენი მონასტრის გულისთვის ამდონს გაისარჯენით, ჩვენც თქვენი ბრძანება გავათავეთ და რაც ვალი ჩვენს მონასტერს ემართა, სულ ყველა გადასაწყვეტლად მოგართვით სამოცი ათასი მარჩილი...”

 

”წიგნი ეს მართალი...” მთავრდება ქართული მხარის იმედით, რომ იერუსალიმის პატრიარქი შეასრულებს პირობას  და საქართველოს სასიკეთოდ მოაგვარებს ქართული მონასტრის საქმეს.

”ჩვენც ამას მოველით, თავისი გარჯა და პირობა [დოსითეოსმა] გაგვითაოს და ეს საქმე აღგვისრულოს.  ჩვენც ჩვენი თავი და მამული თქვენად საკეთოდ არ დავზოგოთ და თქვენზედ ჩვენც სიკეთეს ვეცადოთ.  გარიგება და გამოხსნა თქვენზედ ჰკიდია და ეს პირი და წიგნი ვკადრეთ ჩვენს მლოცველს ბატონს პატრიარქს...”

მკითხველს ვთავაზობთ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ციფრულ ვერსიას. ორიგინალის ტექსტი - ქართულ ენაზე,  თარგმანი - რუსულ ენზე.

 

საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტი

ნანა კაციტაძე

რუსუდან სტურუა

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ