"პროქვესტის” მონაცემთა ბაზა ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის ერთი თვით უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი
დამატების თარიღი: 2012-03-30 17:17:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩაირთო ”პროქვესტის” ელექტრონული წიგნების  მონაცემთა ბაზის ”უფასო გამოცდის” რეჟიმი. (http://www.proquest.co.uk)

 

ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული და ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბაზების მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი თვის განმავლობაში ისარგებლონ ”პროქვესტის” მონაცემთა ბაზით. ეს ბაზა მოიცავს გამოცემების ელექტრონულს ვერსიებს ბიოლოგიის, ბიზნესის, მენეჯმენტის, ეკონომიკის, ფინანსების, ისტორიის, იურისპრუდენციის, მათემატიკის, მუსიკის, სოციალურ მეცნიერებათა და სხვა დარგებში.

 

"პროქვესტი" - ელექტრონული კოლექციებითა და მიკროფორმებით მომსახურების კომპანია - სხვადასხვა სახელწოდებით 1938 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 9000 გამომცემლობასთან თანამშრომლობს.

 

"პროქვესტი" სწრაფად ვითარდება. 2010 წელს იგი აქტიურად შემოვიდა კორპორაციულ და სახელისუფლებო ბაზარზე და შეიძინა "კონგრესის საინფორმაციო სამსახურისა" და "ამერიკის საუნივერსიტეტო პუბლიკაციების" ელექტრონული კოლექციები.

 

 "პროქვესტი" გამოირჩევა დახვეწილი მარკეტინგითა და ფასდაკლების მოქნილი სისტემით. მონაცემთა ბაზების ფართო ასორტიმენტი (დისერტაციები, პერიოდიკა, სახელმწიფო და კულტურულ დაწესებულებათა არქივები და სხვ.) მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. იგი მეტად მნიშვნელოვანი რესურსია ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომლებისთვისაც აუცილებელია სრული და ზუსტი ინფორმაცია, - მათ შორის ბიბლიოთეკებისთვისაც.             

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ