ოშკის ტაძრის მშენებლობის კურთხევიდან 1049 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-04-06 15:05:00

7 აპრილს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ოშკის ტაძრის მშენებლობის კურთხევიდან  1049 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.  

 

ოშკის ტაძრის მშენებლობის კურთხევა 1049 წლის წინათ, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე მოხდა. ამ თარიღის აღნიშვნა ოშკის ტაძრისადმი მიძღვნილი აქციის ნაწილია. ეროვნული ბიბლიოთეკა უერთდება ამ აქციას და ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ წიგნებსა და ფოტომასალას გამოფენს.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების ფონდში დაცული ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ნაშრომები ტაო-კლარჯეთის შესახებ. მათ შორისაა შალვა ამირანაშვილის ”ქართული ხელოვნების ისტორია”, ექვთიმე თაყაიშვილის ”1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში”, აკაკი შანიძის მიერ გამოცემული 978 წელს ოშკის ლავრაში გადაწერილი ძველი აღთქმის წიგნების ორტომეული. პირველად გამოიფინება თურქი ხელოვნებათმცოდნეების მინე კადიროღლუსა და ბიულენთ იშლერის ნაშრომი ტაო-კლარჯეთის ძეგლების შესახებ, რომლის შექმნაშიც მეცნიერებს ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებამ დიდი დახმარება გაუწია. ნაშრომი ფონდს სულ ახლახანს გადაეცა. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ანა კალანდაძის ხელნაწერი ლექსი ”შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო”.

 

დამთვალიერებელს ასევე შესაძლებლობა ექნება ნახოს ექსპონატები ფოტოგამოფენიდან ”ოშკი და ხანძთა უწინ და ახლა”. ეს გამოფენა რამდენიმე ხნის წინათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის ორგანიზებით მოეწყო. წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ფოტოხელოვანთა ფოტოები. გამოფენის ავტორებმა და ორგანიზატორმა ექსპოზიცია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს საჩუქრად გადასცეს.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ