ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტცნობარი "ქართველი ავტორები" განახლდა
დამატების თარიღი: 2012-04-25 16:14:00

 

ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული ცნობარი "ქართველი ავტორები” (http://www.nplg.gov.ge/bios), მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს, ასევე მათი ავტორობით გამოსული წიგნებისა და სხვა გამოცემების ბიბლიოგრაფიული აღწერილობების არასრულ სიას. გარდა ამისა, ცნობარში იხილავთ ფოტოებს, ჯილდოებს, პრემიების და პრიზების ჩამონათვალს, რომლებიც ამა თუ იმ ავტორს თავისი მოღვაწეობის პერიოდში აქვს მიღებული.

ათი წლის წინათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განხორციელდა პროექტი "ქართველი ავტორები ინტერნეტში", რომელიც  საკმაოდ დიდი რეიტინგით სარგებლობდა.  მაგრამ ინტერნეტის  განვითარებამ, ქართული შრიფტის კოდირების შეცვლამ, აუცილებელი გახადა მოდულის შეცვლა. ახალი საიტი ტექნოლოგიურად ბევრად დახვეწილი და თანამედროვეა.  ცნობარის ძრავი და მისი ინტერფეისიც მთლიანად ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამზადდა  დავით მჭედლიშვილის ავტორობით.

ინტერნეტცნობარში ნებისმიერს შეუძლია დაარედაქტიროს ან დაამატოს  საკუთარი ბიოგრაფია საიტზე არსებული სპეციალური ფორმების საშუალებით (ბიოგრაფიის შეთავაზება, ჩასწორება).  

ჯერჯერობით ინტერნეტცნობარში ინფორმაცია ხუთასამდე ავტორზეა.  მათ შორის არიან როგორც თანამედროვე, ისე კლასიკოსი ავტორები. ცნობარი ინტერნეტში არსებული მსგავსი ტიპის ბიოგრაფიული ცნობარების ანალოგიურია (მაგ.: მსოფლიო ბიოგრაფიული ლექსიკონი).

თუ ხართ ისტორიით გატაცებული, იცით რომელიმე ავტორზე საინტერესო ფაქტები,  შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ცნობარის განახლებაში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება.

 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ