16 მაისს 18 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართება ოსი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი ბესთაუთის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.
საიუბილეო საღამოზე წაიკითხავენ პოეტის ლექსებს ქართულ და ოსურ ენებზე. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ფოლკლორულ-ინსტრუმენტული ანსამბლი ”ნართები”. შესრულდება ქართული და ოსური სიმღერები.
გიორგი ბესთაუთის შემოქმედება თარგმნა არაერთმა ქართველმა პოეტმა. ხოლო თავად გიორგი ბესთაუთიმ ოსურ ენაზე თარგმნა ქართველი კლასიკოსები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და სხვები. მასვე ეკუთვნის ”ვეფხისტყაონის” ოსურ ენაზე თარგმანი.