საქართველოს ისტორია საარჩევნო პლაკატში
დამატების თარიღი: 2012-09-14 17:00:00

14 სექტემბერს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა "პოლიტიკური პლაკატი - საქართველოს არჩევნების ისტორია". გამოფენა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა და მისი მიზანი იყო, შეეხსენებინა საზოგადოებისათვის საარჩევნო გამოცდილება, რომელიც საქართველოში 1990 წლიდან დაგროვდა.

გამოიფინა 1990 წლიდან მოყოლებული ჩატარებული ყველა დონის არჩევნების ამსახველი პოლიტიკური საარჩევნო პლაკატი. დამოუკიდებლობის წლების მანძილზე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაგროვდა საარჩევნო პლაკატების დიდი კოლექცია. ექსპერტებმა გამოსაფენად შეარჩიეს ის მასალა, რომელიც ყველაზე მკაფიოდ ასახავს ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი საზოგადოების საარჩევნო კულტურის თავისებურებებს და ამ კულტურის განვითარების უმთავრეს ტენდენციებს. შერჩეული ექსპონატები თვალნათლივ წარმოაჩენს საქართველოს საარჩევნო-პოლიტიკური პროცესის სპეციფიკას და თითოეული ცალკე აღებული არჩევნების თავისებურებებს.

ემზარ ჯგერენაია (გამოფენის იდეის ერთ-ერთი ავტორი და ორგანიზატორი): "გამოფენის მთავარი არსი არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართული პოლიტიკური პროცესის დინამიურობისა და თავისებურებების საზოგადოებისთვის გაცნობა და იმის შეხსენება, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქის პოლიტიკური არჩევანი საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე ბევრად განსაზღვრავს თითოეული ამომრჩევლის და, ფართო აზრით, ქვეყნის მომავალს."

გამოფენის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის ერთგვარი ”პოლიტიკური ნეიტრალიტეტი”, რაც გულისხმობს 1989 წლიდან ყველა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიისა და სუბიექტის საარჩევნო პლაკატის პროპორციულად, თანაბრად და მიუკერძოებლად წარმოდგენას. არცერთ პოლიტიკურ პარტიას, მიუხედავად მისი წარსული და დღევანდელი მდგომარეობისა, განსაკუთრებული ყურადღება არ მიექცევა და იგი არ იქნება უგულებელყოფილი. გამოფენის კონცეფცია შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს: ”პოლიტიკურად ნეიტრალურობის დაცვა და პოლიტიკური მრავალფეროვნების ასახვა.”

გამოფენას ორგანიზება გაუწია საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით. გამოფენა 29 სექტემბრამდე გაგრძელდა.

 

 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ