ჯორჯ კენანის ალბომი "კავკასია" მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2018-07-05 13:01:00

ჯორჯ კენანის ალბომი "კავკასია" ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის 

რამდენიმე ხნის წინ, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში დაცულმა, ჯორჯ კენანის ფოტოალბომმა კავკასიის შესახებ "The Caucasus", რომელიც საქართველოში გადაღებულ 300-მდე უცნობ და უნიკალურ ფოტოს მოიცავს. 
მკითხველების სურვილისამებრ, დავუკავშირდით ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკას, რომ კოლექციის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მოგვეპოვებინა.
ახლახანს, ამავე ბიბლიოთეკის ხელოვნების, ნაბეჭდი მასალებისა და ფოტოგრაფიის განყოფილებიდან ვრცელი პასუხი მივიღეთ თანხმობით, რომ კოლექციის ლინკი ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე, ქართველი მკითხველებისთვისაც განთავსდეს. ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ მოგზაურისა და "National Geographic"-ის დამაარსებლის, ჯორჯ კენანის მიერ გადაღებული ფოტოები თავიდან რომანოვების სასახლის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. გასაბჭოების შემდეგ,  გამდიდრების მიზნით, უცნობმა პირებმა სურათები სასახლიდან გაიტაცეს, ქვეყნიდან გაიტანეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდეს. როგორც შეგვატყობინეს, ჯორჯ კენანის ფოტოსურათები სასახლეში საჩუქრის სახით მოხვდა და განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა, მათ ვერცხლის, ხისა და სხვა ძვირფასი, დეკორატიული გაფორმება ამშვენებს. მოგვიანებით, გაბნეული სურათები ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ შეიძინა და კოლექცია შეავსო. მოგზაური, მკვლევარი და მწერალი, ჯორჯ კენანი 20 წლის იყო, როდესაც "ვესტერნ უნიონში" მუშაობა დაიწყო და ციმბირში ტელეგრაფის გაყვანის შესაძლებლობების შესასწავლად გამოგზავნეს. ის იმდენად დაინტერესდა უცხო რეგიონით, რომ მთლიანად შეისწავლა ციმბირის, რუსეთის იმპერიისა და საქართველოს ტერიტორია. ჯორჯ კენანის კვლევები იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ საფუძვლად დაედო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთთან ურთიერთობების განსაზღვრას. მოგვიანებით, მოგზაურმა  ცნობილი "National Geographic" დააარსა და კვლევების არეალი კიდევ უფრო გაზარდა.  
კოლექცია"The Caucasus" მოიცავს ხალხის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, სამხედრო ოპერაციებს, პოლიტიკური და გადასახლებული ტყვეების ცხოვრებას, ეთნოგრაფიულ და სხვა მასალებს, რომლებიც რევოლუციამდე, რევოლუციის შემდეგ და საბჭოთა რეპრესიების პირველ პერიოდზეც მოგვითხრობს. მის გასაცნობად დაკლიკეთ ფოტოსა და ლურჯ ლინკზე. 
ახლო მომავალში, ვრცელ ინფორმაციას ველოდებით ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კვლევითი განყოფილებიდან, რომელსაც ასევე გაგაცნობთ. 
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ