კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნა
დამატების თარიღი: 2017-11-17 11:00:00

17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარულ პირველ კორპუსში კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნა. 


წიგნის მუზეუმი არის ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში. მუზეუმი კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც ვიზუალური, ისე თვისობრივი თვალსაზრისით. ეს არის ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი: 1) საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი - მაგალითად ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ.; 2) „ვეფხისტყაოსნის" მუზეუმი - აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე; 3) ილიას დარბაზი - ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით; 4) ბროსეს საცავი - ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ-კონტროლის აპარატურით. 


ქვეყნის მთავარი ბიბლიოგრაფიული განძის - ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემებისთვის ულტრათანამედროვე საცავის და მუზეუმის გამართვა ბიზნესის თანადგომით გახდა შესაძლებელი. ამჯერად ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყო „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი". ამ ფონდის მხარდაჭერით მოხდა იმ იდეის განხორციელება, რომელიც ჯერ კიდევ გალაკტიონმა გამოთქვა წლების წინ (საქართველოში წიგნის მუზეუმის მოწყობა სწორედ მისი ჩანაფიქრი იყო). 


საქართველოში პირველი და რეგიონში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი, რომლის ფონდიც 19 ათასზე მეტ უნიკალურ გამოცემას ინახავს, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ