კომპანია ”შუხმანის ღვინოებმა”ეროვნულ ბიბლიოთეკას ინკუნაბულა გადასცა
დამატების თარიღი: 2016-12-19 16:56:00

19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კომპანია "შუხმანის ღვინოებმა" ეროვნულ ბიბლიოთეკას ბიბლიოთეკისთვის შეძენილი ინკუნაბულა გადასცა. გამოცემა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში განთავსდება.

ინკუნაბულას (ლათნურად - „საწყისი", „აკვანი") 1501 წლამდე გამოცემულ წიგნებს უწოდებენ. ინკუნაბულები, ძირითადად, ლათინურ ენაზე გამოიცემოდა და სწავლული ადვოკატებისა და ღვთისმსახურებისთვის იყო განკუთვნილი.

რამდენიმე ხნის წინათ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გაავრცელა მიმართვა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმისთვის ინკუნაბულას შეძენის თხოვნით. გიორგი კეკელიძის განცხადებას მაშინვე გამოეხმაურა ცნობილი მეღვინე ბურკჰარტდ შუხმანი და წიგნის შეძენის სურვილი გამოთქვა.

წიგნი უკვე შეძენილია და იგი უახლოეს მომავალში დაიდებს ბინას კავკასიაში ყველაზე დიდ და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ წიგნის მუზეუმში, რომელიც  სულ მალე გაიხსნება. მუზეუმში ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი საგანძური, იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული სხვა უნიკალური გამოცემებიც იქნება წარმოდგენილი.

ეს საქართველოში ინკუნაბულას შეძენის პირველი შემთხვევაა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, საგანმანათლებლო დაწესებულებების ამგვარი მხარდაჭერა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა, სხვა კერძო კომპანიებისთვის კი - კარგი მაგალითია. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ