კონსტანტინე (კოტე) აფხაზის სახელობის სამხედრო დარბაზი გაიხსნა
დამატების თარიღი: 2017-11-03 14:11:00

3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კონსტანტინე (კოტე) აფხაზის  სახელობის სამხედრო დარბაზი  გახსნეს.  

კონსტანტინე (კოტე) აფხაზის სახელობის სამხედრო დარბაზში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ისტორიულ მასალებს, წიგნებს, გაზეთებსა და ჟურნალებს გაეცნონ, ასევე, დაათვალიერონ ის  ფოტოები და დოკუმენტები,  რომლებიც  1918-1921 წლებში, მაღალი რანგის სამხედრო პირების გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს ასახავს.

კონსტანტინე აფხაზის სახელობის სამხედო დარბაზი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის 2017 წლის 26 ივნისს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნება. მემორანდუმის მიზანი მხარეებს შორის სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელების ხელშეწყობაა. თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკარებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები უკვე ჩაუტარდათ. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა I საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 500 წიგნი გადასცეს. ამდენივე წიგნი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საჩუქრად ავღანეთში საერთაშორისო მისიაში მომსახურე სამხედროებსაც გაუგზავნა, სადაც უახლოეს მომავალში წიგნის კუთხეების გახსნა იგეგმება.


 



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ