"მასობრივი დაკვირვების" კვლევითი რესურსები მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2017-01-06 17:17:00

ძვირფასო მკითხველებო, 

6 იანვრიდან ერთი თვის ვადით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩაირთვება უნიკალური კოლექცია,  სოციოლოგიური კვლევების დამფუძნებელი ორგანიზაციის, "მასობრივი დაკვირვების" (დიდი ბრიტანეთი) სრული ონლაინ არქივი. ეს მონაცემთა ბაზა ნამდვილი საგანძურია როგორც თანამედროვე კულტურის ისტორიითა და სოციოლოგიით დაინტერესებული მკითხველებისთვის, ისე ინტერდისციპლინარული დარგების სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის. 

"მასობრივი დაკვირვება" დიდი ბრიტანეთის სოციოლოგიური კვლევების პირველი ინსტიტუტი იყო, რომელიც 1937 წელს დაარსდა და 1981 წელს ისევ განახლდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ: ანთროპოლოგი ტომ ჰარისონი, პოეტი ჩარლზ მაჯი და რეჟისორი ჰემფრი ჯენინგი. ინსტიტუტის წევრებმა სხვა ქვეყნების შესწავლისთვის არსებული მეთოდები საკუთარი ქვეყნის გაცნობისკენ მიმართეს და პროექტს "მეცნიერება ჩვენს შესახებ" დაარქვეს.

  თავიდან, 500 არაპროფესიონალი დამკვირვებელი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას  აღწერდა და,  სოციოლოგიურ გამოკითხვებთან ერთად,  დღიურების სახით ინახავდა. ორგანიზაციის    ხელმძღვანელთა სურვილი  არ ყოფილა საზოგადოების მანიპულაცია, მათი მუშაობის  მიზანი საზოგადოებისთვის  საგანამანთლებლო  რესურსების შექმნა იყო. მეორე მსოფლიო ომის  დროს,  "მასობრივი  დაკვირვება" ქვეყნის საზოგადოებრივი  პოლიტიკის წარმართვაში  მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ომის შემდეგ, ორგანიზაციამ პროფილი შეიცვალა,  კონკრეტულად  მარკეტინგული კვლევებით  დაკავდა და ქვეყანაში მოსახლეობის კომერციულ ჩვევებს სწავლობდა. 

 ამ მონაცემთა ბაზის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ ის ყოველდღიურ ცხოვრებასა და  არაორდინალურ  თემებს ერთმანეთთან აკავშირებს,  მრავალფეროვანი მასალები ერთმანეთს ავსებს  და ერთადაც  შეისწავლება.  

 ციფრული კოლექცია  რამდენიმე ნაწილად იყოფა: 

 *ყოველდღიური ცხოვრება;

 * "მშიერი 30-იანების" დასასრული, როდესაც დიდი დეპრესიის გავლენა ჯერ კიდევ იგრძნობოდა;

 * მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, ომის წარმოება ფრონტზე და ზურგში;

* ომის შემდგომი მსოფლიო, კონსუმერიზმისა და ტელევიზიების ეპოქა.

 დოკუმენტურ კოლექციას თან ერთვის ფოტოარქივი და ვირტუალური გამოფენაც.

1980-იანი წლებიდან, "მასობრივი დაკვირვების" უნიკალურმა და მდიდარმა არქივმა პროექტის განახლება გამოიწვია. დღეს, სასექსის უნივერსიტეტში მოქმედი, მასობრივი კვლევების ინსტიტუტი მუდმივად შეისწავლის საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებას, მოქალაქეების ინტერესებსა და სურვილებს. ხსენებული ორგანიზაციის არქივიც სასექსის უნივერსიტეტში ინახება. 

მონაცემთა ბაზა "მასობრივი დაკვირვება ონლაინ" მოამზადა საერთაშორისო ციფრულმა ბიბლიოთეკამ Adam Matthew Digital, რომელიც  ინგლისურენოვანი ქვეყნების სხვადასხვა არქივების, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და უნივერსიტეტების უნიკალურ, დარგობრივ ციფრულ კოლექციებს ერთიან ბაზაში წარმოგვიდგენს.

მასალების გაცნობისა და გადმოწერისთვის დაკლიკეთ ლურჯ ლინკებსა და ფოტოებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის, ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ