"მკითხველთა კინოკლუბი"
დამატების თარიღი: 2012-10-26 15:01:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიწყო "მკითხველთა კლუბის" პირველი პროექტი - "მკითხველთა კინოკლუბი".  პროექტის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში რეგულარულად მოეწყობა კინოკლასიკის ნიმუშების ჩვენება, რომელსაც გაუძღვება პროექტის ავტორი ქეთი ბააკაშვილი.   ჩვენებები მოეწყობა ცნობილ კინომცოდნეთა მონაწილეობით და აუდიტორიასთან აქტიური ინტერაქციით.     პირველი კინოჩვენება გაიმართება 26 ოქტომბერს, 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში და  წარმოდგენილი იქნება გერმანელი რეჟისორის ვიმ ვენდერსის ფილმი "პინა - ვნებათა ცეკვა". ფილმს წარადგენს მოწვეული კინომცოდნე ელისო გაზდელიანი.   დასწრება თავისუფალია.     ფილმის შესახებ: „პინა - ვნებათა ცეკვა“  გერმანელი რეჟისორის ვიმ ვენდერსის ჯერჯერობით ბოლო, 2011 წლის ნამუშევარია. ფილმი, რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც „პირველი არტ-ჰაუსი 3D-ში“... მსოფლიო პრემიერა გასული წლის თებერვალში გაიმართა, ხოლო კინოგაქირავებაში აგვისტოს თვეში ჩაეშვა.  ფილმი არის ფილიპინა ბაუშზე, პინაზე, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს გერმანელ ქორეოგრაფსა და რეჟისორზე, რომლის სახელიც დაკავშირებული თანამედროვე საცეკვაო ხელოვნებასთან, რასაკვირველია, ვუპერტლთან, ამ ქალაქის და ზოგადად ცეკვის თეატრთან. სწორედ ამ ქალაქში და ამ თეატრში ვითრდება ფილმის  „მოქმედება“. რა თქმა უნდა, ეს არის ფილმი ცეკვაზე და მას სიუჟეტი, როგორც ასეთი, არ აქვს. იგი  თვისობრივად ეკლექტურია, როგორც ბაუშის წარმოდგენა ცეკვაზე („დროის, აზრისა და ემოციის პლასტიკური გამოხატულება“). ფილმი შედგება ინტერვიუებისაგან, სადაც რესპონდენტები პინას დასის შემსრულებლები არიან, საარქივო ჩანაწერებისა და პინას სხვადასხვა სპექტაკლიდან ფრაგმენტების სახით წარმოდგენილი საცეკვაო მინიატურებისგან, რომლებიც სრულდება მაყურებლისთვის ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებში: ქუჩებში, პარკებში, მეტროსა და ქარხნებშიც კი... დასარულს, მიუხედავად ერთგვარი ფრაგმენტულობისა, ყოველი ცალკეული ცეკვა დამოუკიდებელი ისტორიასავითაა, ერთი კონკრეტული ამბავია, ცეკვითა და სხეულის უნივერსალური/მარადიული, ჟესტების ენის საშუალებით გადმოცემული და რეფლექსირებული.

ელისო გაზდელიანი   

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ