საბიბლიოთეკო სისტემა „რუსთაველი“ ”წლის საუკეთესო”-ზე
დამატების თარიღი: 2016-12-02 17:01:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოზე "წლის საუკეთესო" ნომინაციაში "წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა განათლებაში" წარდგენილია ეროვნული ბიბლიოთეკის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა „რუსთაველი". პროექტისთვის ხმის მიცემის პროცესი 1 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.  

ეროვნული ბიბლიოთეკის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა „რუსთაველი", რომელიც ამერიკული კომპანია Innovative Interfaces-ის პროგრამა Sierra-ზეა დაფუძნებული, არის ერთადერთი სისტემა საქართველოში, რომელიც აღწერს, აღრიცხავს და ინახავს ინფორმაციას ქვეყნის მთავარი წიგნსაცავის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ყველა ტიპის (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, ფოტო, ნოტი, ფირფიტა, კომპაქტდისკი და სხვ.) საბიბლიოთეკო დოკუმენტის შესახებ.

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა „რუსთაველი" გაამარტივებს და ბევრად უფრო ეფექტიანს გახდის როგორც საბიბლიოთეკო საქმიანობას, ისე მკითხველის მიერ მასალების მოძიების პროცესს. ეს სისტემა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი წიგნი თუ სხვა საბიბლიოთეკო დოკუმენტი სახლიდან გაუსვლელად მოიძიოს და მისი დისტანციური დაჯავშნის ფუნქციაც გამოიყენოს.

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა „რუსთაველი" მომავალში გააერთიანებს საქართველოში არსებული ყველა ბიბლიოთეკის კოლექციებს ანუ შეიქმნება გაერთიანებული ეროვნული კატალოგი, სადაც ერთი საძიებო ტერმინით საბიბლიოთეკო დოკუმენტის ყველა კოლექციაში ძიება იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ და სხვა ინოვაციური თვისებების გამო მიიჩნევა ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა „რუსთაველი" ახალი თაობის პროდუქტად.



 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ