"საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში" მეათიათასე ბიოგრაფია დარეგისტრირდა
დამატების თარიღი: 2017-12-25 16:01:00

2017 წლის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზაში "საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი" მეათიათასე ბიოგრაფია დარეგისტრირდა.

“საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონის”  (http://www.nplg.gov.ge/bios) წარმოება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილებაში 2015 წელს დაიწყო. ამ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან, დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ამ უნიკალურ ცნობარში სხვადასხვა დარგში მომუშავე პიროვნებების ბიოგრაფიული მონაცემების გარდა იხილავთ პიროვნებათა ფოტოებს, ჯილდოების, პრემიებისა და პრიზების ჩამონათვალს, რომლებიც თავისი საქმიანობის ან მოღვაწეობის პერიოდში აქვს მიღებული. თუ პიროვნებას აქვს გამოქვეყნებული წიგნი ან სხვა გამოცემა, ამ გამოცემების ბიბლიოგრაფიულ სიებსაც გაეცნობით. 

“საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონის“ მოკლე ისტორია ასეთია: 2001 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის განყოფილებაში განხორციელდა პროექტი “ქართველი ავტორები ინტერნეტში”,  რომელიც მოიცავდა საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ქართველი ავტორების, მწერლების, პოეტების, ბიოგრაფიულ მონაცემებს, ასევე მათი ავტორობით გამოსული წიგნების ანბანურ სიას საძიებლით. 2012 წელს ცნობარი ტექნოლოგიურად დაიხვეწა, ძრავი და სამომხმარებლო ინტერფეისი მთლიანად გამოიცვალა. ძველი ბაზიდან ახალ ბაზაში გადავიდა 500-მდე ავტორის ბიოგრაფიული მონაცემი, ხოლო 2012-2014 წლებში დაემატა კიდევ 1000-ზე მეტი ავტორის ბიოგრაფია. 

2015 წელს ქართველი ავტორების ბიოგრაფიები გადავიდა განახლებულ მონაცემთა ბაზაში „საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი“, რომელსაც სახელის გარდა შეეცვალა შინაარსიც, რამაც გამოიწვია მონაცემთა ბაზის რიცხობრივი ზრდა. 

ინტერნეტცნობარში „საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში“ ნებისმიერს შეუძლია ჩაასწოროს ან დაამატოს პიროვნების ბიოგრაფიის ესკიზი საიტზე არსებული სპეციალური შაბლონური ფორმის საშუალებით (ბმული: ბიოგრაფიის შემოთავაზება). დამატებული ბიოგრაფიის ესკიზი გაივლის შემოწმებას ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნდება.

„საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონ“-ზე მომუშავე გუნდი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს თითქმის ყველა ცნობილი ქართველი. თუ ოჯახში გაქვთ თქვენი წინაპრის ბიოგრაფიული ხასიათის მასალები, დაგვიკავშირდით Facebook-ის გვერდის საშუალებით (https://www.facebook.com/biosge - ბიოგრაფიული ლექსიკონი) ან მიაკითხეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტს.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ