საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადება!
დამატების თარიღი: 2016-12-15 14:17:00

14 ნოემბერს მკითხველის მიერ გამოწერილი ლიტერატურის დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ ორი რუსულენოვანი წიგნი (Буйе. Книга о способах, творящих водохождение рек свободное, Москва, 1708; Мавроурбин (архимандрит Рагужский) Книга историография пoчатия имене, славы, и разширения народа славянского, и их царей и владетелей под многими царствиями, королевствами и провинциями, Спб., 1722)  ჩანაცვლებული იყო სკრუპულოზურად გაყალბებული ეგზემპლარებით.

ამ ფაქტის აღმოჩენა წიგნების ჩანაცვლებიდან უახლოეს დროში მოხერხდა, რაც ჩვენი თანამშრომლების დიდი პროფესიონალიზმითაა განპირობებული. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დაუყოვნებლივ მიმართა სამართალდამცავებს. სასიხარულოა, რომ ოპერატიული ქმედების შედეგად დამნაშავე მალე დააკავეს, რის შესახებაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს:

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული თ.გ. განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნით დათარიღებული ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე ორი უნიკალური წიგნი მოიპარა. დანაშაულის დაფარვის მიზნით კი, ბიბლიოთეკაში სხვა წიგნები დატოვა.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს."

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ