სიახლეები წიგნის მოყვარულთათვის: 2012 წლის ზაფხულის გამოცემები
დამატების თარიღი: 2012-09-28 17:48:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იწყებს თავის ვებგვერდზე საქართველოს გამომცემლობების უახლესი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის განთავსებას. პროექტის მიზანია ერთიანი საგამომცემლო ელექტრონული კატალოგის  შექმნა ეროვნული ბიბლიოთეკის, როგორც ქვეყნის უმთავრესი წიგნსაცავის ბაზაზე.

 

გარდა იმისა, რომ ბიბლიოთეკა მოიპოვებს ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში გამომავალ პროდუქციაზე, ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ბიბლიოთეკის მკითხველებსა და, ზოგადად,  წიგნის მოყვარულებს სასურველი გამოცემის ადვილად მოძიებაში, მეორე მხრივ, საგამომცემლო საქმის პოპულარიზაციას ცენტრსა თუ პერიფერიაში. ეს ყველაფერი ერთად კი უსათუოდ დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას, თანამედროვე მკითხველ ერებს შორის დაიმკვიდროს ადგილი.

 

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში მოქმედ ყველა გამომცემლობასთან თანამშრომლობას და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდის მეშვეობით.

 

საწყის ეტაპზე ბიბლიოთეკამ სათანამშრომლოდ მიმართა რამდენიმე გამომცემლობას, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა და მასალაც დროულად მოგვაწოდა. ესენია: დიოგენე, ნეკერი, პალიტრა L, სიესტა და უსტარი.

 

ინფორმაცია საქართველოს გამომცემლობების პროდუქციის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე დაიდება ყოველი თვის პირველ დეკადაში.

 

გამომცემლობებს ვთხოვთ, გამოგვეხმაურონ; განსაკუთრებით მოვუწოდებთ ახლადშექმნილ, პერიფერიებში გაფანტულ და ნაკლებადცნობილ გამომცემლობებს, მოგვაწოდონ თავიანთი კოორდინატები და ინფორმაცია.

 

მკითხველებს კი ვუსურვებთ საკმარის დროსა და ხელსაყრელ პირობებს წიგნის სამყაროში სამოგზაუროდ.

 

ვებგვერდის მისამართია: www.nplg.gov.ge

 

საკონტაქტო პირია დესპინე ქოიავა: dkoiava@nplg.gov.ge   ტელ.: 599 65 93 55 (მობ.), 297 16 18 (სამს.)

 

 

 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ