ვიზიტი რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის ნაკვალევზე
დამატების თარიღი: 2019-04-15 13:50:00

8-13 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდნენ.

ქალაქ რიმნიკუვილჩაში ანთიმოზ ივერიელის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა გამოფენა „პირველი ქართული სტამბა ქართულ-რუმინული ურთიერთობების სათავეებთან". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ვახტანგ მეექვსის სტამბის გამოცემები და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერები. გამოფენას დაესწრნენ საქართველოს ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საელჩოს წარმომადგენლები.

ეროვნული ბიბლიოთეკისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მოინახულეს ის ადგილები, სადაც ანთიმოზ ივერიელი მოღვაწეობდა. შეხვედრები გაიმართა რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც დაცულია ანთიმოზ ივერიელთან და საქართველოსთან დაკავშირებული ძველი გამოცემები. შეხვედრები გაიმართა ასევე რუკების, ხელნაწერებისა და ძველი წიგნების მუზეუმსა და რუმინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. შეთანხმების თანახმად, რუმინეთისა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რუმინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა ქართული წიგნის კუთხე, სადაც განთავსდება ლიტერატურა საქართველოს შესახებ. ასევე გამოიცემა ალბომი, რომელშიც შევა აქამდე უცნობი მასალები (რუკები, ხელნაწერები, წიგნები), საქართველოსა და კავკასიის შესახებ. შემოდგომაზე რუმინეთში გაიმართება გამოფენა, რომელიც რუმინეთ-საქართველოს ურთიერთობების 300 წლის იუბილეს მიეძღვნება. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი მოეწყობა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ცენტრი. 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ