„წიგნიერი“ - მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი
დამატების თარიღი: 2018-03-29 14:57:00

29 მარტიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა კომპანია „გალფთან" ერთად ერთობლივ პროექტ „წიგნიერს" იწყებს. პროექტის ფარგლებში „გალფის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელში რეგიონების სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის წიგნები შეგროვდება. „გალფი" ასევე საწვავით მოამარაგებს მაღალმთიან სკოლებს, სადაც მოსწავლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტირების პრობლემაა.

ამ საკითხებზე მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და კომპანია „გალფის" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნინო ჯიბლაძემ.

პროექტი მასშტაბური იქნება და მასში ჩართვა (წიგნების ბენზინგასამართ სადგურებში მიტანა)  შეეძლება ყველა მსურველს. პროექტის მიზანია რეგიონებში წიგნიერების ამაღლება, რისთვისაც აუცილებელია ბიბლიოთეკების განვითარება, მათი წიგნადი ფონდების განახლება და სკოლების უახლესი ლიტერატურით მომარაგება.   

29 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „წიგნიერის" პრეზენტაცია გაიმართა.  

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (გუდიაშვილის 7) მოიტანეს წიგნები, რომელიც  წალკის რაიონის ბიბლიოთეკიებისთვის შეგროვდა. პირველი სკოლა, რომელიც საწვავით მომარაგდება, ფშავში, სოფელ გუდრუხის სკოლა იქნება. ეროვნული ბიბლიოთეკა ყოველთვიურად უზრუნველყოფს შეგროვებული წიგნების ჩატანას რეგიონების სკოლებსა და ბიბლიოთეკებში.

„წიგნიერისთვის" „გალფმა" დაიწყო  ვებპლატფორმაზე მუშაობაც, რომლის მეშვეობითაც მაღალმთიან სკოლებს  შესაძლებლობა ექნებათ საჭიროებისამებრ მარტივად მოითხოვონ საწვავი.


 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ