![]() |
თავისუფლება № 9, 2002 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: პაპუაშვილი ნუგზარ, კალისტრატე (მიტროპოლიტი), უგულავა გიგი, ლიპარტელიანი გვანცა |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
წყარო: პ.დ. 1289/2002 |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ყველა უფლება დაცულია რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge |
![]() |
1 ჩვენი კანონპროექტი თქვენი გარანტიები |
▲back to top |
,,სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი”.
,,ქართველმა, თავისის სარწმუნოებისთვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვისი სარწმუნოებისაც ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და დაჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა”.
ილია ჭავჭავაძე
16 სექტემბერს, სასტუმრო ,,მარიოტში” IRIS საქართველოს ეგიდით გაიმართა კონფერენცია სიტყვის თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიები საქართველოში, რომელიც ,,სიტყვისა და პრესის თავისუფლების” კანონპროექტის განხილვას მიეძღვნა.
კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თედო ისაკაძე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საპარლამენტო ფრაქციების თითქმის მთელი სპექტრი: დავით გამყრელიძე და დავით კოღუაშვილი (ახალი მემარჯვენეები), გიორგი ბარამიძე, ელენე თევდორაძე და ვასილ მაღლაფერიძე (გაერთიანებული დემოკრატები), ზურაბ ტყემალაძე და ვახტანგ ხმალაძე (მრეწველები), ზურაბ ადეიშვილი, კოტე კემულარია და ნოდარ გრიგალაშვილი (მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის), გიორგი თარგამაძე (ერთიანი საქართველო), ვაჟა ლორთქიფანიძე (ქრისტიანდემოკრატები), ზაქარია ქუცნაშვილი (სოციალისტები) გოჩა პაიჭაძე (აღორძინება) და სხვები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ აგრეთვე არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები.
კონფერენცია IRIS ცენტრის ,,კანონის უზენაესობის” პროექტის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელმა რობინ ჯორდანმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პირველმა მდივანმა პეტ მოლერმა.
გაუცნობიერებელ მკითხველს აქ შეიძლება სრულიად ბუნებრივი შეკითხვა გაუჩნდეს: როდის აქეთ დაინტერესდა ქართული პოლიტიკური ელიტა სიტყვის თავისუფლების პრობლემებით, რომ სპეციალური კანონპროექტის ირგვლივ მსჯელობამ ერთად შეჰყარა ყველა - მემარჯვენე და მემარცხენე, ხელისუფლება და ოპოზიცია, მოყმე და მხცოვანი...
ყველაფერი დაიწყო ,,თავისუფლების ინსტიტუტში” სახელმწიფო მინისტრის სტუმრობით. ამ შეხვედრის დროს ,,თავისუფლების ინსტიტუტის» მხრიდან დაისვა შეკითხვა: რატომ ყოვნდება ,,სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ,” კანონის მიღება, როდესაც ეს კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულია და იგი ასევე მოწონებულია ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ. სახელმწიფო მინისტრმა მაშინ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა მხარი დაუჭიროს ამ კანონპროექტს, რათა შეიქმნას მყარი სამართლებრივი გარანტიები სიტყვისა და პრესის თავისუფლების პრინციპების სრულფასოვანი დამკვიდრებისთვის.
სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ,,თავისუფლების ინსტიტუტის” წევრები შეხვდნენ სხვადასხვა საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებს, მოეწყო შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. სწორედ ამ შეხვედრების დროს გადაწყდა სპეციალური კონფერენციის მოწყობა, სადაც მოხდებოდა ერთის მხრივ, პოლიტიკური ძალების, მეორეს მხრივ კი, მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ერთგვარი შეთანხმება გარკვეულ პრინციპებზე სიტყვისა და პრესის თავისუფლების საკითხების ირგვლივ. ამ მიზნით, კონფერენციაზე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია.
კანონპროექტი ,,სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ” მომზადებულია ,,თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ და მის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვა არასამთავრობო უფლებადცვითი ორგანიზაციები, პროფესიონალი იურისტები და ექსპერტები.
კანონპროექტის დეტალურ განხილვას აქ არ შევუდგებით და ყურადღებას გავამახვილებთ, მხოლოდ რამდენიმე, პრინციპული ხასიათის მომენტზე.
ცნებათა განმარტებები
როგორც კონფუცი ამბობდა, ამქვეყნად ყველა გაუგებრობა ცნებათა აღრევით იწყება. კანონპროექტში მკაფიოდ და დეტალურადაა განმარტებული, თუ რას ნიშნავს ცილისწამება, მოწოდება, უხამსობა, აზრის გამოთქმა და სხვა. მკაფიოდ განმარტებული ცნებები კი პრაქტიკულად გამორიცხავს მოსამართლის მხრიდან სუბიექტურ ინტერპრეტირებას.
კანონპროექტის პირველ მუხლში მოცემული განმარტებების მიხედვით:
● აზრი - შეფასებითი მსჯელობა, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს დამოკიდებულებას რაიმე მოვლენის, პიროვნების ან საგნისადმი და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტებს;
● მოწოდება - განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ქმედების გამოწვევას;
● ცილისწამება - არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ბრალეულად ზიანის მიმყენებელი განცხადება;
● უხამსობა - განცხადება, რომელიც არ შეიცავს რაიმე კულტურულ, პოლიტიკურ ან სამეცნიერო ღირებულებას და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და მიზნად ისახავს პირის პატივისა და ღირსების შელახვას;
● საპასუხო განცხადება - განცხადება, რომელიც მედიის მიერ გავრცელებულ საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების იმავე მედიაში თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით უარყოფის ან შესწორების საშუალებას იძლევა;
● საჯარო პირი - საჯარო მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურის გარდა; აგრეთვე პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; აგრეთვე პირი, რომელიც ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა;
● საჯარო დაწესებულება - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ორგანო, დაწესებულება ან პირი;
● კერძო პირი - ყველა ის პირი, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო პირს ან საჯარო დაწესებულებას;
● აბსოლუტური პრივილეგია - კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება;
● კვალიფიციური პრივილეგია - კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის ნაწილობრივი ან პირობითი განთავისუფლება.
მტკიცებულების ტვირთი
კანონპროექტის მიხედვით, ცილისწამების შესახებ პასუხისმგებლობა სისხლის სამართლიდან სამოქალაქო სამართალში გადადის, მტკიცებულების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. ამასთან, გავლებულია ზღვარი საჯარო ფიგურებსა და კერძო პირებს შორის.
მუხლი 10. კერძო პირის ცილისწამება
პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ცილისმწამებლური განცხადებით მოპასუხემ მოსარჩელეს ბრალეულად მიაყენა ზიანი.
მუხლი 11. საჯარო პირის ცილისწამება
პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, განცხადებული ფაქტების სიმცდარე წინასწარ იყო ცნობილი მოპასუხისათვის და რომ ცილისმწამებლური განცხადებით მოპასუხემ პირდაპირი ბოროტი განზრახვით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი.
პასუხის უფლება
კანონპროექტის მიხედვით, განსაზღვრულია პასუხის უფლება. კერძოდ, ნებისმიერ პიროვნებას, თუ იგი ჩათვლის, რომ მის მიმართ გაკეთდა ცილისმწამებლური განცხადება, აქვს უფლება მოითხოვოს პასუხის გაცემა ადეკვატური საინფორმაციო საშუალებებით. ამ მუხლის შეტანა, კანონპროექტის ავტორთა აზრით, ერთგვარად არიდებს სასამართლოს ყველა კონკრეტული შემთხვევის გარჩევას. თუკი მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მათი თვალსაზრისიც ადეკვატურად იქნას გაშუქებული, სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროება ნაკლებად დადგება.
უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის მე-8 მუხლის მიხედვით:
დეკლარაცია
პრესის თავისუფლება, დამოუკიდებელი მედიის არსებობა ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. თავისუფალი მედიის განვითარების ნიშნული, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებთან შედარებით აშკარად უფრო მაღალია. მიუხედავად ამისა, მედიის, ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობათა დარეგულირება ჯერ კიდევ მწვავე პრობლემად რჩება. კერძოდ, არსებობს აშკარა წინააღმდეგობა, ერთის მხრივ, მედიის შედარებით თავისუფლებასა და ასევე შედარებით ლიბერალურ კანონმდებლობასა და, მეორეს მხრივ, ყოველდღიურ პრაქტიკას შორის, რასაც კონკრეტული სასამართლო პრეცენდენტების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენელთა არაერთი გამონათქვამი და ინიციატივაც ცხადყოფს. აქედან გამომდინარე, სიტყვისა და პრესის თავისუფლება საქართველოში უფრო მტკიცე სამართლებრივ გარანტიებს საჭიროებს.
ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს აგრეთვე მასმედიაში მყარი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების არარსებობა, რის გარეშეც არა მარტო წარმოუდგენელია მაღალპროფესიონალური ჟურნალისტიკა, არამედ პროფესიული ეთიკის დეფიციტი დემოკრატიული ღირებულებების დისკრედიტაციის საფრთხესაც შეიცავს.
ამავე დროს, ჩვენ ცხადლივ ვაცნობიერებთ, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლების სრულფასოვანი დამკვიდრების გარეშე, პრინციპულად შეუძლებელია მედიის თვითრეგულირების მექანიზმების ამოქმედება და მდგრადი პროფესიულ-ეთიკური ნორმების ფორმირება.
ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უკვე გააკეთა. არჩევანი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების სასარგებლოდ. ქართულისახელმწიფოებრიობის განმტკიცება, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად თანმიმდევრული ვიქნებით ყოველი ჩვენგანი ამ პრინციპების დაცვისას. ეს არის ჩვენი ნებაყოფლობითი არჩევანი, რომელიც განმტკიცებულია იმ ვალდებულებებით, რაც საქართველომ იკისრა ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ვადასტურებთ რა ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებისადმი; ვაცხადებთ, რომ უნდა გაფორმდეს ერთგვარი სოციალური კონტრაქტი მედიას, საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის, რაც კონკრეტულად გამოიხატება შემდეგი აქტივობებით:
● პოლიტიკოსები თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ სიტყვის თავისუფლების მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმნისკენ, რისი უშუალო გამოხატულებაც იქნება, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ,,სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონის” მიღება.
● სამოქალაქო სექტორი, მედიისა და უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ თვითრეგულირების მექანიზმების ფორმირებისა და ჟურნალისტური ეთიკის მყარი პრინციპების შემუშავებისკენ, რისი უშუალო გამოხატულებაც იქნება მედიის ,,პროფესიული და ეთიკური სტანდარტების კოდექსი”.
1. განცხადებაში იდენტიფიცირებულ პირს უფლება აქვს განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში მოითხოვოს საპასუხო განცხადების გამოქვეყნება.
2. მოთხოვნის წარდგენიდან 5 დღის ვადაში საპასუხო განცხადების გაკეთებაზე მედიისაგან უარის მიღების შემთხვევაში, განცხადებაში იდენტიფიცირებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. პასუხის უფლების სარჩელს სასამართლო განიხილავს სარჩელის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
რასაკვირველია, აქ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები და კონკრეტულადაა განსაზღვრული ის შემთხვევები, როდესაც პასუხის გამოქვეყნებაზე შესაძლებელია უარი ითქვას, ამ შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.
* * *
როგორც კონფერენციაზე მიღებულ დეკლარაციაში ითქვა, აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ შეიქმნება რეალური საფუძველი იმისა, რომ შემუშავებულ იქნას ჟურნალისტთა პროფესიული ეთიკის კოდექსი. ჟურნალისტური ეთიკის საკითხი მართლაც ძალზე აქტუალურია ჩვენს სინამდვილეში, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის თვითრეგულირების, და არა სახელმწიფო კონტროლის სფერო. საზოგადოებაში, სადაც არ არის თავისუფლება, არ შეიძლება იყოს ლაპარაკი პროფესიულ ეთიკაზე, რადგან ნებისმიერ ეთიკურ ნორმას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ფასი, როდესაც ის მმართველი ძალის მიერ კი არაა თავსმოხვეული, არამედ აღიარებულია თვით საზოგადოებაში.
რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას პარლამენტში, ისღა დაგვრჩენია თვალყური ვადევნოთ საშემოდგომო სესიის მსვლელობას. რამდენად მტკიცეა საქართველოს ხელისუფლების და პოლიტიკური ძალების ნება, დაამკვიდროს სიტყვისა და პრესის თავისუფლების სამართლებრივი გარანტიები საქართველოში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
![]() |
2 პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო |
▲back to top |
პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნის პირველი პრეცენდენტი ქუთაისში შეიქმნა. ,,თავისუფლების ინსტიტუტის” ქუთაისის რეგიონალური ოფისის ძალისხმევით, მიღწეულია შეთანხმება იმერეთის სამხარეო პოლიციასთან და ქუთაისის პოლიციის ქალაქის სამმართველოსთან, საბჭოს შექმნისა და საზოგადოების მხრიდან ქუთაისში პოლიციის საქმიანობის მონიტორინგის თაობაზე. გთავაზობთ საბჭოს მიერ შემუშავებულ დებულებას, რომელმაც, შესაძლოა, სხვა რეგიონებშიც დაუდოს საფუძველი, საზოგადოების მხრიდან პოლიციის საქმიანობის კონტროლს, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისელ პოლიციელებს სხვა რეგიონების ძალოვანებიც მიბაძავენ და თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფისთვის სათანადო ნებას გამოავლენენ.
პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო
1. ზოგადი დებულება
1.1. პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო (შემდგომში ,,პ.ს.მ.ს.”) არის მუდმივმოქმედი, საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი ორგანო.
პ.ს.მ.ს. მიზანია:
- პოლიციასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის და ურთიერთნდობის დონის ამაღლება;
- პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის ამაღლება;
- პოლიციელთა მხრიდან კანონდარღვევების ფაქტების შემცირება;
- პოლიციის ეფექტური საქმიანობისათვის გარემოს შექმნა.
პ.ს.მ.ს. ამოცანებია:
- პოლიციის საქმიანობის მონიტორინგი;
- სამოქალაქო განათლება;
- საკანონმდებლო ინიციატივების ლობირება.
პოლიციის საქმიანობის მონიტორინგი შეიძლება მიმართულ იქნეს შემდეგი პრობლემების გამოსავლენად და გამოსაწორებლად:
- წამება, ღირსების შემლახველი მოპყრობა;
- უკანონო დაკავება, არასანქცირებული ჩხრეკა;
- ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს;
- ფიზიკური ძალის გამოყენება, როცა აუცილებლობა არ არსებობს;
- კონსტიტუციით გარანტირებული 72-საათიანი ვადის დარღვევა;
- ,,ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ”: გადამეტებული ჩხრეკა, ნარკოტიკის ჩადება;
- პოლიციელის მიერ კანონის დარღვევის იგნორირება;
- მშვიდობიანი თავყრილობების ძალის გამოყენებით დარბევა;
- დაკავებაზე და ჩხრეკაზე დამსწრე ,,პროფესიონალი მოწმეების” გამოვლენა;
- უსახლკაროების, ახალგაზრდების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა;
- პოლიტიკოსების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მათ წინააღმდეგ გამოყენება.
სამოქალაქო განათლება გულისხმობს მოსახლეობისათვის გაცნობას, შეხვედრების ორგანიზებას, სამახსოვროების და ბროშურების დარიგებას.
საკანონმდებლო ინიციატივების ლობირება გულისხმობს პოლიციის მუშაკებთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების და დამატებების პროექტების შემუშავებას პოლიციის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
1.2. ,,პ.ს.მ.ს.” -ს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია:
ა) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
ბ) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
გ) კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ;
დ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენცია;
ე) პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები;
ვ) საქართველოს კონსტიტუცია;
ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
თ) საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ;
ი) საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ;
კ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები. |
2. პ.ს.მ.ს.-ს შემადგენლობა
2.1. პ.ს.მ.ს.-ს შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის და პოლიციის წარმომადგენლები.
2.2. პ.ს.მ.ს.-ს წევრთა შემადგენლობა განისაზღვრულია 9 კაცით.
2.3. პ.ს.მ.ს.-ს წევრთა შემადგენლობას ამტკიცებს შ.ს. ქუთაისის სამმართველოს უფროსი.
|
3. პ.ს.მ.ს.-ს მუშაობის წესი
3.1. პ.ს.მ.ს.-ს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭო.
3.2. პ.ს.მ.ს.-ს სხდომების მომზადებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელსაც თავისიშემადგენლობიდან ირჩევს საბჭო.
3.3. პ.ს.მ.ს.-ს სხდომა, როგორც წესი, იმართება თვეში ერთხელ. სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.
3.4. პ.ს.მ.ს.-ს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება განსკუთრებულ შემთხვევებში საბჭოს თავმჯდომარის, წევრთა მესამედის ან შს სამმართველოს უფროსის თხოვნით.
3.5. პ.ს.მ.ს.-სათვის სამუშაო პირობების შექმნას უზრუნველყოფს შ.ს. ქუთაისის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული პოლიციის ქვეგანყოფილებების ადმინისტრაცია.
3.6. პ.ს.მ.ს.-ს წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ:
- ჩაატარონ წინასწარი დაკავების ადგილების მონიტორინგი ნებისმიერ დღეს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში წინასწარი გაფრთხილებისა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე;
- მოითხოვონ და მიიღონ ყველა საჯარო ინფორმაცია პოლიციის ორგანოებიდან;
- მოახდინონ რეაგირება პოლიციის წინააღმდეგ მოქალაქეთა საჩივრებზე;
- მოქალაქეთა საჩივრებთან დაკავშირებით აწარმოონ ფაქტების მოკვლევა;
- დაესწრონ დაკავებულების სამედიცინო ექსპერტიზას;
- წარუდგინონ პოლიციის ხელმძღვანელობას რეკომენდაციები;
- თავის მუშაობაში მოითხოვონ პოლიციის თანამშრომლების და ექსპერტების ჩართვა.
3.7. პ.ს.მ.ს.-ს წევრები აღნიშნულ საქმიანობებს აწარმოებენ ანაზღაურების გარეშე. |
![]() |
3 წმინდა ნინო და თანამედროვეობა |
▲back to top |
ნუგზარ პაპუაშვილი
ქადაგება, რომლის ტექსტის გაცნობის შესაძლებლობა მკითხველთა ფართო წრეს პირველად ეძლევა, სხვადასხვა კუთხითაა საყურადღებო.
იგი წარმოთქმულია 1926 წლის 27 იანვარს, ანტირელიგიური კამპანიის მძვინვარების ჟამს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. მისი ავტორი, მიტროპოლიტი, შემდგომ (1932 წლიდან) უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, იმ დროს საპყრობილედან ახალი გამოსული იყო (გაასამართლეს, 1924 წლის მარტში, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის მუხლით). ეკლესიას, ზოგადად რელიგიასა და კერძოდ ქრისტიანულ სარწმუნოებას, ბრალად უკულტურობა, გაუნათლებლობა, არაჰუმანურობა, არატოლერანტობა და არაპატრიოტობა ედებოდა. ასე არა მარტო ოფიციოზი, არამედ, წარმოიდგინეთ, მაშინ ბევრი სწავლულიც კი გულწრფელად ფიქრობდა და ამ მიმართულებით აქტიური აგიტაცია-პროპაგანდა მიმდინარეობდა, თანაც წარმატებით. ეკლესიის წარმომადგენლებს და ჭირისუფლებს ეს ბრალდებები უნდა გაებათილებინათ, მაგრამ მოცემული რეჟიმის პირობებში საამისოდ მათ ერთადერთი საშუალება ჰქონდათ - ქადაგება და ისიც ეკლესიის კედლებს შორის. თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ: წინამდებარე ქადაგების უშუალო მიზანი აპოლოგიაა და თითეულ დეტალს კონტრარგუმენტის ფუნქცია აკისრია ეკლესიის და, კერძოდ, საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტის სასარგებლოდ.
ნინოობა ჯერ იმპერიული, შემდეგ კომუნისტური მმართველობის ხანაში გამორჩეული ექსპრესიით აღინიშნებოდა. 14 (ახ. სტ. 27) იანვარს სიონის ტაძარი, სადაც ვაზის ჯვარი ასვენია და ამ დღეს მლოცველებს მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა ეძლევათ, ისე ივსებოდა, რომ, როგორც იტყვიან, ნემსსაც ვერ ჩააგდებდით. ამ დროს ეროვნული და, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, დისიდენტური ძალების კონსოლოდაცია ხდებოდა. სიონში ნინოობა მაშინ ხალხმრავლობის ეტალონად და სიმბოლოდ იყო აღქმული. განსაკუთრებულ ინტერესს ჰუმანიტარული დარგების წარმომადგენლები იჩენდნენ, რომელთაგან ბევრი მრწამსით და ცხოვრების სტილით არაეკლესიურიც კი იყო. ცხადია, მოძღვართა წინაშე დღის წესრიგში ცოდნასა და განათლებაზე პრეტენზიის მქონე მსმენელთა დონის, გემოვნებისა და ინტერესების შესაბამისი ქადაგებების მომზადება იდგა. აღნიშნული სიტყვა სწორედ ასეთი საზოგადოებისთვისაა გათვალისწინებული, რის გამოც იგი გარკვეულწილად სცილდება ჰომილეტიკის ტრადიციულ საზღვრებს და მეცნიერული მოხსენების ნიშნებს მოიცავს. კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) მაშინ პატიმრობიდან ასევე ახლად გათავისუფლებული, მოხუცებული და დაუძლურებული იყო, რის გამოც დიდი ქადაგების წარმოთქმა გაუჭირდებოდა და, როგორც ჩანს, ეს მისია მან სამღვდელოთა და საეროთა, განსაკუთრებით ინტელიგენტთა და მეცნიერთა შორის ფრიადი ავტორიტეტის მქონე მღვდელმთავარს მიანდო.
კალისტრატე ცინცაძე ეკლესიის ისტორიის, თეოლოგიისა და კანონიკის შესანიშნავი მცოდნე გახლდათ. ოპონენტები თუ თანამოაზრეები იმჟამად მისგან პასუხს შემდეგ კითხვაზე მოელოდნენ: აქვს თუ არა ეკლესიას საერთო იმ იდეალებთან და პრინციპებთან, რომლებიც ახალმა ეპოქამ წამოაყენა? იგულისხმება დემოკრატია, სოციალური თანასწორობა და პიროვნების თავისუფლება.
პოზიცია, რომელიც წინამდებარე ქადაგებაშია ჩამოყალიბებული, კალისტრატე ცინცაძის გულწრფელი პოზიცია გახლდათ და იგი მას ადრეც, ჰომილიებში, წერილებსა თუ მემუარებში, არაერთგზის დაუფიქსირებია. ამ პოზიციის თანახმად, მოძღვრებას სამოქალაქო ლიბერალიზმზე, ხალხთა და კლასთა თანაბარ უფლებიანობაზე, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებაზე ფესვები საღვთო წერილსა და, შესაბამისად, ეკლესიის წიაღში აქვს გადგმული.
შესაქმეთა წიგნის პირველივე სტრიქონები პიროვნების ავტონომიურობაზე მეტყველებს. სამყარო ღვთის შემოქმედებითი აქტის ანუ თავისუფალი ნების შედეგია. ღმერთმა ადამიანს არა მარტო თავისი ხატება და მსგავსება, ე.ი. ნებისა და არჩევანის თავისუფლება მიმადლა, არამედ ამ უნარისა და უფლების რეალიზაციის საშუალებაც, რაზეც ედემის შუაგულში ორი ხის აღმოცენება მიანიშნებს. ადამისა და ევას მათკენ არჩევით უნდა გადაედგათ ნაბიჯი.
არჩევანის თავისუფლება, როგორც პიროვნების ძირეული უფლება რომ ღვთის მიერაა განჩინებული და რომ მისი ხელყოფა თვით ღმერთსაც არ ძალუძს, ქრისტიანული თეოლგიის ანბანური ჭეშმარიტებაა. ესაა საფუძველი და დვრიტა, საიდანაც პიროვნებისა და სოციუმის თავისუფლების იდეა წარმოდგა. მან სრულყოფილება ახალ აღქმასა და, ზოგადად, ქრისტეს მცნებებში ჰპოვა, ხოლო ამ იდეის განვითარება ანუ ხორცშესხმა თანდათან და ისტორიის ვრცელ ასპარეზზე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს.
უხერხულია იმის მტკიცება, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის ქრისტიანული კონცეფცია და მისი საფუძვლები კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატეს გამოკვლეული და გააზრებული ჰქონდა. წმინდა ნინოს გზის, მის მიერ დანერგილი ვენახის ანუ საქართველოს ეკლესიის ძირითად მახასიათებლად ისტორიისა და ღვთისმეტყველების უბადლო მცოდნეს დემოკრატიულობა, სახელმწიფოს და ეკლესიის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, საეკლესიო და საერო ხელისუფალთა ფუნქციების ურთიერთშეურევლობა, მსოფლმხედველობის თავისუფლების პრინციპთა დაცვა, საყოველთაო თანასწორობის იდეა და სიფაქიზე-სინაზე მიაჩნია. ესენი, ცხადია, მართლმადიდებელი ეკლესიის არსებითი ნიშნებია, რომლებიც, ავტორის დაკვირვებით, ბიზანტიის ეკლესიაში, კონკრეტული მიზეზებისა და გარემოებების გამო, გზადაგზა ითრგუნებოდა, საქართველოში კი, ღვთის წყალობით და წმინდა ნინოს მადლით, ეს ნიშნები შედარებით მყარად შენარჩუნდა.
იმის მიუხედავად, რომ ეს ქადაგება გასულ საუკუნეში და ჩავლილ ეპოქაში წარმოითქვა, დღესაც აქტუალურია და ჩვენ პრობლემებს ეხმიანება. ეს პრობლემებია: მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის უპრიანი ფორმის მოძებნა, სარწმუნოების საკითხში საერო ხელისუფლების ტენდენციურობა (კანონის ძალით სექტების აკრძალვის ან მათი საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნა), ძალადობისა და სხვათა უფლებების შელახვის გამოვლინებანი, სარწმუნოების დანიშნულებისა და ქრისტიანობის არსების გაცნობიერება და ბევრი სხვა.
ავტორისეული ხედვა და პასუხები დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ძირეულ უფლებათა თანამედროვე სტანდარტების სასარგებლოდ მეტყველებს. დღეს ბევრს ლაპარაკობენ მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიებისა და სახელმწიფო სტატუსის მინიჭების შესახებაც კი. მღვდელთმთავარი შეგვახსენებს ბიზანტიის მაგალითს და გვარწმუნებს, რომ ეკლესიის გასახელმწიფოებრიობის შედეგად ეკლესია სახელმწიფოს ექვემდებარება, რაც ვნებას, პირველ რიგში, მისსივე კათოლიკე და სამოციქულო იდეალებს აყენებს. უმაღლესი რანგის სასულიერო პირებისაგან არაერთხელ გვსმენია მიმართვა მთავრობისადმი: ,,დაგვიცავით უცხო რელიგიებისა და სექტების შემოტევისაგან!” ისტორიის გაკვეთილები, რისკენაც ჩვენს მზერას კათალიკოს-პატრიარქი მიაპყრობს, გვიდასტურებს, რომ ერესთან და სექტებთან ბრძოლა ეკლესიის საქმეა, თეოლოგიური პოლემიკის საგანი და ამ სფეროში საერო ხელისუფლების გულმოდგინებას სარწმუნოებისათვის უფრო ხშირად ზიანი მოაქვს. მისი თქმით, ეკლესია თავის თავს მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივი ძალით და სიფაქიზით უნდა იცავდეს. რანდენიმე წლის წინათ ზოგიერთი პოლიტიკოსი საეკლესიო ჯარის შექმნასაც კი მოითხოვდა; ბევრს მონარქია და მეფე დღესაც საეკლესიო იდეალი ჰგონია, მაგრამ ასე რომ არ არის, ეს სრულიად საქართველოს პირველმა საეკლესიო კრებამაც ცხადყო (1917 წლის 8-17 სექტემბერი), რომელმაც საუკეთესო სახელმწიფო ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა მიიჩნია (ე. ჩხაიძე, საეკლესიო რეფორმა, ,,სახალხო საქმე”. 1920, 26.VI). წინამდებარე სიტყვა ცხადყოფს, რომ მისი ავტორი ამ საკითხშიც დემოკრატიისა და ლიბერალიზმის მხარეზე იდგა.
აღმიშნული დოკუმენტაციის წყაროთმცოდნეობითი საკითხების გარკვევა ამჟამად ჩვენს მიზანს არ შეადგენს. ფაქტია, რომ ავტორი პროფესიულად იცნობს მოცემული თემის შესახებ არსებულ ლიტერატურას და მათ მონაცემებს თავისი ეპოქის პრობლემებს უსადაგებს. ვფიქრობთ, დაგვერწმუნება მკითხველი, რომ ეს პრობლემები დღემდე პრობლემებადაა დარჩენილი და მათ მიმართ ყურადღების გამახვილება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კანონშემოქმედთა, დაკვალიანებას შეუწყობს ხელს. ამის გამო ვაქვეყნებთ ტექსტს, რომლის დედანი ავტორის პირად საარქივო ფონდში ინახება (ხელნაწერთა ინსტიტუტი).
![]() |
4 სიტყვა წმიდისა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღეს |
▲back to top |
კალისტრატე ცინცაძე
მცხეთის ზემოთ, სადაც დღეს რკინიგზის სადგურია, ძველად გაშენებული იყო სოფელი კრწანისი, ხოლო მის გასწვრივ, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სოფელი კოდმანი. ამ სოფლების შესახებ დარჩენილა გადმოცემა: ,,კარსანელთა მართებთ კოდმანელთა ხუთი მკვდარიო”. ეს არაჩვეულებრივი სესხი ასე აქვს განმარტებული ჩვენი წარსულის ზოგიერთ მკვლევარს: ,,რა მოკვდის ვინმე კაცი ბრძოლასა, ანუ თვისი დღით, მეორე ივასხის (ისესხებს) და შესჭამდიან”-ო. ზოგნი კი გვეუბნებიან: კარსანელებს ,,შემოკვდომიათ ხუთი კოდმანელი და, სანამ კოდმანელები სისხლს არ აიღებდნენ, ე.ი. ხუთ კარსანელს არ მოჰკლავდნენ, მანამდე ეს ვალი გადაუხდელად უნდა ჩათვლილიყოო”. ასეა თუ ისე: იყვნენ ჩვენი წინაპრები კაცის მჭამელნი, თუ სისხლის აღებამდე შურისმაძიებელნი, ჩვენს წინაშე იშლება საშინელი სურათი: მეზობლები ან მკვდარს სთავაზობდნენ ერთმანეთს, - ჩვენი მკვდრებით თქვენ გამოიზარდენით, თქვენი კი ჩვენ გამოგვიგზავნეთო, ან შურისძიებით შეპყრობილნი ყოველი ბუჩქისა თუ ხის ძირას უსაფრდებოდნენ ერთმანეთს, სანამ თავიანთი მკვდრის სისხლის ასაღებად არ დაანთხევდნენ მოძმის სისხლსა...
საბედნიეროდ, რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, მკვდრის მჭამელთა და სისხლის ამღებთა შვილები ძმურად შეკავშირებულან ერთიმეორესთან, გაუზიარებიათ ურთიერთის ჭირი და ლხინი, თავდადებულად შებრძოლებიან საზოგადო მტერს, სიყვარულით შეუწყნარებიათ შორეულ ქვეყნიდან გადმოხვეწილნი და მფარველობა გაუწევიათ მეზობელ ერებისათვის ... თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მატიანეს სიტყვით, ,,ყოველთა ნათესავთა უმძვინვარეს და უველურეს ერის” შვილები ბევრ თვალსაჩინო საქმეში დღეს არავის ჩამოუვარდებიან, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში მაინც...
თავისთავად ისმება საკითხი: ვინ ან რამ აიყვანა ძველ კარსან-კოდმნის შვილები ამ სიმაღლემდე, ვინ ან რამ გარდაქმნა ამ ზომამდე ,,უმძვინვარესი და უველურესი” ხალხი, ვინ ან რამ დააჭერინა მათ მსოფლიოს ისტორიის მსვლელობაში თვალსაჩინო ადგილი?
- იმ სუსტმა კაბადოკიის ასულმა, რომელსაც ეწოდება წმინდა ნინო და იმ ,,ციურმა სიტყვამ”, რომელიც ჰქადაგა ჩვენში ჰაეროვანმა ქალწულმა!..
ამ წმინდა ასულმა მოგვიტანა იესო ტკბილის სახარება, მოგვიძღვნა სიყვარულით სავსე გული, მოგვცა სახე სპეტაკი ცხოვრებისა, გვიანდერძა ჯვარი ვაზისა და მით განგვინათლა გონება, წმიდა იყო ზნე-ჩვეულებანი, შეგვკრიბა ქრისტე იესოს სახელის გარშემო, დაგვამყარა მართლმადიდებელ ეკლესიის სწავლის კლდეზე და აღგვაშენა სახლად სულიერად (1 პეტ. 2,5)... ამ შედეგების მიღწევის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ იმ გარემოებას, რომ ჩვენში ქრისტიანობა შემოიტანა და დანერგა ქალმა. ცნობილია, - ქალის გულში დასადგურებული სარწმუნოებრივი გრძნობა მტკიცეა და ურყევი, რაიცა დასტურდება თუნდაც იმით, რომ ქრისტეს ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ მოციქულები გაიფანტნენ და მიიმალნენ, მენელსაცხებელნი დედანი კი არ მოშორებიან მაცხოვრის ჯვარსა და საფლავს, თუმცა ჯვარცმულს გარს ეხვივნენ რომის მხედარნი და საფლავი დაბეჭდულ იყო და გარემოცულ ურიათა დასისაგან (მათ. 27, მარკ.15, ლუკა. 23). ამის გამო, შემთხვევით მოვლენად როდი უნდა ჩავთვალოთ ის, რომ ნინო მოციქულთასწორმა თანამშრომლებად პირველყოვლისა აიყვანა ქალები: შროშანა, ანასტასია, სიდონია, სალომე, ნანა და სხვა. წმიდა ასულს თავიდანვე გათვალისწინებული ჰქონდა, რომ დედაკაცი, ეს ოჯახის ბურჯი და კერა, ,,ნანინასთან” ერთად ჩააგონებს ნორჩ არსებას ნაზარეველის მცნებებს და მათ სამუდამოდ აღბეჭდავს მოზარდი თაობის გონებაში. ქართველმა დედებმაც სავსებით გაამართლეს შორსმჭვრეტელის უცხო ასულის მოლოდინი: საკუთარ რძესთან ერთად, მათ გადასცეს პატარა ქართველებს, ღმერთი ნათელ არს და სიყვარულ (1 იოანე 1,5; 4,8), ჩვენ ყოველნი ვართ შვილნი ღვთისანი (რომ. 8.16; 1 იოან 3,2), რის გამო რომელს უყვარდეს ღმერთი, (უნდა) უყვარდეს ძმაიცა თვისი (1 იოან. 4,21) და ძმად უნდა ჩაითვალოს ყოველი მორწმუნე, ვინაიდან წინაშე ღვთისა არა არს ურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა (გალ. 9,28), რომ ყველანი შექმნულ-დაბადებულნი ვართ საქმეთათვის კეთილთა (ეფეს. 2,10) და თუ ვისმე არა უნებს საქმისა, ნუცა სჭამენ (2 თას. 3,10). ამგვარი ,,ნანინათი” ნელ-ნელა და თანდათანობით გამოიხატა კაციჭამია-შურისმაძიებელთა შვილების შეგნებაში მაცხოვრის დიადი სახე და წარმოიშვა ერი ჯვრისმტვირთველი, ქრისტიანული კულტურის დარაჯი და დამცველი წინა აზიაში... ამის შემდეგ, განა გასაგები არ არის, თუ რისთვის ატანდნენ მზითევში ჩვენს დედებს წმიდა სახარებას?! - შვილების აღზრდის დროს წინ წაიმძღვარე იგიო, რასაც წმ. ნინოს სულიერი შვილები ბრწყინვალედ ასრულებდნენ: ახალგაზრდობის განსწავლა (არა მარტო ზნეობრივ-სარწმუნოებრივი) არ გაუშვიათ ხელიდან ჩვენი ოჯახის ბურჯებს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე მაინც... ტაძრებ-მონასტრებთან არსებული სკოლები მხოლოდ უფართოებდნენ ოჯახიდან მოტანილ ცოდნას იმ რჩეულთ, რომელნიც უმაღლესი სწავლის მაძიებელნი იყვნენ. უმრავლესობა კი კმაყოფილდებოდა იმ ცოდნით, რომელიც დედებისაგან ჰქონდათ შეთვისებული. ხოლო რაოდენად გაცნობილნი იყვნენ გალილეველის სწავლასთან ჩვენი მშობლები, ამას ადასტურებს, ერთის მხრით, მათი მაღალი ზნეობა, ხოლო მეორის - ის გარემოება, რომლის მოწმეც ბევრი ჩვენთაგანი არის: ამ ოცი-ოცდაათი წლის წინათ ჩვენში ბლომად მოიპოვებოდენ ისეთები, რომელნიც, თუ მღვდელს ან დიაკონს სახარება-სამოციქულოს წაკითხვის დროს ენა წაუბორძიკდებოდა, ან კითხვა შეეშლებოდა, იქვე მიეშველებოდნენ და გაუსწორებდნენ შეცდომას. დაუჯდომელისა, ღვთისმშობლისა პარაკლისისა, სერობისა და ძლისპირების მცოდნემგალობელი (უმეტესად კი ქალები და არცა ღრმად მოხუცებულნი) დღესაც ბევრი შეგხვდებათ რკინის გზის ლიანდაგის 15-20 კილომეტრით დაშორებულ სოფლებში.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებულია ერთი მოვლენა: წმიდა ნინო და მისი თანამშრომელი ქალები თავისი ნაზი გრძნობით ისე ღრმად ჩასწვდნენ ჩვენი ერის სულსა და გულსა, რომ ეკლესიურ ცხოვრების გარეგან მხარესაც კი მისცეს სათუთი ელფერი. დააკვირდით ქართულ საღვთისმსახურო წიგნების კითხვის კილოს და ის მოგაგონებთ მთის კალთებზე მომდინარე ანკარა წყაროს ნაზსა და მხიარულ წანწკარს, რომელიც სიამოვნებით ავსებს გულსა და ზეცად აღიზიდავს გონებას. ყური დაუგდეთ ქართულ გალობას და უეჭველად იპოვით მზგავსებას დედის მიერ წამღერილ ტკბილ ,,ნანინასთან”, რომელიც დუხჭირი ცხოვრებით გამწარებული ადამიანის სულს ამშვიდებს და აწყნარებს. გადაავლეთ თვალი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშებს და დაინახავთ, რომ წმინდა ნინოს მიერ გადმოცემულ გრძნობათა ქალწულებივი სინარნარე ქართველმა ერმა გადასცა თვით უსულო საგნებსაც კი, - მაგალითისათვის შორს ნუ წავალთ: დაათვალიერეთ ერთიმეორისაგან რამდენიმე ათეული მეტრით დაშორებული სკამოიანთ ეკლესიისა და სამხედრო ტაძრის ჩუქურთმები, შეადარეთ ისინი ქაშვეთის ჩუქურთმებსა და ცხადათ დაინახავთ, რომ პირველსა და მეორე შემთხვევაში სჭარბობენ სიმძიმე, სისხვილე და სიტლანქე, ხოლო მესამეში სიმსუბუქე, სინაზე და სიტურფე...
ამ სახედ, წმ. ნინოს ჩვენში მოღვაწეობის დაკვირვებამ უეჭველყო, რომ ქრისტეს სარწმუნოების საუკეთესო გამავრცელებელია შემოქმედისაგან მოსიყვარულე გულითა და ნაზი გრძნობით დაჯილდოებული არსება ქალი, ხოლო დამცველი და კერა ოჯახი, სადაც ,,ქრისტეს ნათლის წმიდას ლამპარს აღაგზნებს” ოჯახის დედაბოძი, იგივე ქალი.
გარნა, მოციქულთა სწორის მოღვაწეობის დაკვირვება ცხადყოფს ჩვენთვის იმასაც, თუ რა გზით ანუ რა საშუალებით უნდა ვრცელდებოდეს ხალხში სარწმუნოება, რომ აღსრულდეს ნება ღვთისა, მიზანი ქრისტიანობისა - სიწმიდე ესე ჩვენი (1 თეს. 4,3) და დამყარდეს ქვეყანასა ზედა სასუფეველი ღვთისა...
როდესაც წმიდა ნინო ჩვენსკენ მოემგზავრებოდა, ამ დროს იმპერატორი კონსტანტინე პირველი მსოფლიო კრების წევრებს ეუბნებოდა: თქვენა ხართ ეკლესიის შინაგან საქმეთა ეპისკოპოზნი, ხოლო მე - ეკლესიის გარეშე საქმეთაო და, ცხადსაყოფელად ამ ახალი თანამდებობის ერთგულად შესრულებისა, იმპერიის შორეულ კუთხეებში დაგზავნა კრების მიერ გასამართლებული და ეკლესიიდან განკვეთილი მწვალებლები. მართლმადიდებლობისათვის ასეთი გულმოდგინება კრების მამებს სასიამოვნოთ დაურჩათ, მაგრამ მათ დაავიწყდათ, რომ ქვეყნის მბრძანებელთა ზრახვანი დაყრდნობილია სახელმწიფოებრივ ანგარიშებზე და ამის გამო ცვალებადია. მართლადაც, კონსტანტინემ მალე კეთილი თვალით შეხედა მწვალებლებს და მოითხოვა კრების ერთ-ერთი მთავარი მონაწილის არიოზის მღვდელობაში აღდგენა (ალექსანდრიის ეპისკოპოსისაგან). წმ. ათანასეს უარი ,,ეკლესიის გარეშე საქმეთა ეპისკოპოზს” არა სასიამოვნოდ დაურჩა და გამოიცა არა კანონიერი ბრძანება - არიოზი უნდა აღედგინა მღვდელობაში კონსტანტინეპოლის ეპისკოპოზს...
კონსტანტინეს გადააჭარბა მისმა შვილმა და მემკვიდრემ კონსტანციმ: 355 წლის მილანის კრების წევრებს მან პირდაპირ გამოუცხადა, - ,,რაც მე მსურს, საეკლესიო კანონიც ის არისო ”. ამის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორები აღარ დაკმაყოფილებულან ,,ეკლესიის გარეშე საქმეთა ეპისკოპოზობით”. ისინი მოურიდებლად ერეოდნენ ეკლესიის შინაურ, თვით დოგმატური საკითხების გადაჭრაშიც კი. საკმარისია მოვიგონოთ მონოფიზით-მონოტელიტების და ხატთა მებრძოლის ხანა, რომ დავრწმუნდეთ: ბიზანტიის ქრისტეანი იმპერატორები ისეთსავე ,,უზენაეს მღვდელმთავრად” სთვლიდნენ თავს, როგორადაც რომის კერპთაყვანისმცემელი ავგუსტები. ამან კი დიდი ზიანი მიაყენა როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფოს...
სულ სხვაგვარ მიმართულებას დაუდო საფუძველი წმ. ნინომ ქრისტიანობის გავრცელების დროს საქართველოში. მისი ცხოვრების აღმწერელის სიტყვით, წმიდა ასულს ,,კრძალულად მარადის ეპყრა ჯვარი იგი,” რომელიც ცოცხალი ვაზისაგან შეუქმნა და გადასცა მას (ჩვენების დროს) ღვთისმშობელმა. ეს სიმბოლური გამეორება იყო მაცხოვრის სიტყვისა: მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემთანა და მე მის თანა, ამან (გა)მოიღოს ნაყოფი მრავალი (იოან. 15,5), ე.ი. მორწმუნე ანუ რტო თავის მოქმედების დროს უნდა დაეყრდნოს ქრისტეს ანუ ვენახს და არა სხვას ვისმე, რამეთუ თვინიერ ქრისტესა არა რაი ძალგვიძს ყოფად არცა ერთი (იქვე). მოციქულთასწორის ქალწულის ეჭვმიუტანელი რწმენით, ქრისტეანობა არის ისეთი შინაგანი ძალა, რომელიც გარდაქმნის ადამიანის ბუნებას იმავე სახით, რა სახითაც ცომი, როდესაც შეუერთდება მოსაზელად გამზადებულ ფქვილსა, აღაფუებს და გარდაქმნის მას (მათ. 13,33). ამისთვის, როდესაც მირიან მეფეს აღეძრა სურვილი, ქრისტეანობა შეეტანა შორის ,,მთიულთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და წილკანელთა” ,,იძულებით და მახვილით” და ეს აზრი გაუზიარა წმიდა ნინოს, უკანასკნელისაგან მიიღო პასუხად: ,,არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილისა აღებაი, არამედ ჯერ-არს სახარებითა და პატიოსანითა ჯვარითა უჩვენოთ გზაი ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ და (ვსასოებ) მადლმან ღვთისამან განანათლოს ბნელი იგი გულთა მათთაი”.
მოკლედ რომ ვთქვათ, წმ. ნინოს აზრით, სარწმუნოების გავრცელებისა თუ სხვა რომელიმე მის შინაურ საქმეში სამოქალაქო ხელისუფლების ჩარევა სრულებით არა არის საჭირო: დახმარების მაგიერ იგი ზიანს მოიტანს. მირიან მეფემ ეს უბრალო ჭეშმარიტება ვერ შეიგნო და, როდესაც წმ. ნინო ეპისკოპოზის იოანეს და მღვდლის იაკობის თანხლებით გაემგზავრა მთებში, მათთან, მირიანის ბრძანებით, ,,წარვიდა ერისთავი ერთი”, რომელმაც დაინახა რა, რომ ფხოელებმმა ,,განუყარეს თავი” და არ შეიწყნარეს ნინოს ქადაგება, მცირედ წარმართა მახვილი და (ფხოელთა) შიშით მოსცნეს კერპნი ,,მათნი დალეწად”, მაგრამ თვით კი ,,გადაკრბეს თოშეთს”. ასეთი ნაყოფი გამოიღო მირიან მეფის უადგილო გულმოდგინებამ და წმიდა ნინოს მიერ ნაჩვენებ გზიდან გადახვევამ: ფხოელები ქრისტიანობასაც გაექცნენ და სამშობლო ტერიტორიაც დააცარიელეს. ამ ცდამ საქართველოს მპყრობელი დაარწმუნა ნინოს მიერ არჩეული გზის უპირატესობაში, რის გამოც ხელი აღარ შეუშლია წმ. ქალწულისათვის, რომელიც მოძღვართა თანხლებით გადავიდა ერწო-თიანეთს, ჟღალეთს, ყვარელს, კხოეთს, კაწრეთს, ქველდაბას და ყველგან ,,ასწავებდა სიტყვითა ტკბილითა სარწმუნოებასა ჭეშმარიტს” და მსმენელთაც ,,სიხარულით შეიწყნარეს სწავლა ნეტარისა ნინოსი და ნათელ იღეს”.
ამ სახედ, ქალის ნაზი ხელით ოჯახში დანერგული ქრისტიანობა, სახარების მარგალიტებით გაბრწყინვებული, ჯვარითა პატიოსნითა წინამძღვარებული, სიტყვითა ტკბილითა ქადაგებული და მადლითა ღვთისათა შემოსილი, გამოვიდა ოჯახის იწრო ფარგლებიდან ფართო საზოგადოებაში, დაანახვა მას გზაი ჭეშმარიტი და იქმნა შეწყნარებული სიხარულითა ,,მეფეთა და დედოფალთა, მთავართა და მხედართა და მონათა და მხევალთა სიმრავლისაგან”... ამ სწორი გზით მიდიოდა ჩვენში ქრისტე მაცხოვრის სწავლის გავრცელების საქმე.
რა შედეგი მოჰყვა წმ. ნინოს მიერ არჩეული მიმართულებით ქრისტიანობის გავეცელებას? ის, რომ თავისუფალი გზით შემოსული ახალი სარწმუნოება შეიქმნა ჩვენთვის უდიდეს ზნეობრივ ძალად, რომელმაც აამოძრავა და დაიმორჩილა მთელი საქართველო და რომელიც გარდიქცა ერის სინდისის საზომად, რასაკვირველია, არა გარეგანი რაიმე საშვალებით, არამედ ერის გონების განახლებით და განსჯა-განცდით, რაი იგი არს ნება ღვთისა კეთილი, სათნო და სრული (რომ. 12,2). თუ ბიზანტიის მბრძანებელთა ხელში სარწმუნოება გარდიქცეოდა სახელმწიფოებრივი ზრახვების განსახორციელებელ იარაღად, ანდა პირადი სურვილების დასაკმაყოფილებელ საშვალებად, საქართველოს უზენაესი ხელისუფლები ქრისტეს მცნებებით იკვლევდნენ გზას ცხოვრებისას და მათ მოთხოვნილებათა მიხედვით შეაფასებდნენ ხოლმე თავიანთ მოქმედებას. ამ დებულების დასასურათხატებლად მოვიგონოთ შემდეგი: ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე მეექვსემ გადალახა საეკლესიო კანონები, - არარად ჩათვალა თანამედროვე ქრისტიანების საზოგადოებრივი აზრი - ძალად შეაყენა მონაზვნად თავისი მეუღლე მარიამი და ჯვარი დაიწერა თავის ნათესავ ქალ თეოდოტიაზე. ტარასი პატრიარქი სდუმდა, ხოლო სავკუდიონის ბერებმა, რამდენიმე პროვინციელმა ეპისკოპოსმა და (შემდეგ) სტოდიელმა მამებმა იმპერატორის საქციელი ჩათვალეს ურჯულოებად და, ამის გამო, მისი ჯვარის დამწერი ,,დიდისა ეკლესიისა იკონომოსი” იოსებ განაძევეს თავის წრიდან. ამ წმიდა მოძღვრული მოქმედებისათვის იმპერატორებმა კონსტანტინემ და ნიკიფორემ მღვდელმთავრები კათედრიდან გადმოაგდეს, ბერები სტანჯეს და მონასტრები აიკლეს. იმპერიის დიდ ხელისუფლებს კი მისცეს საბაბი, გაყროდნენ ცოლებს და შეერთოთ სხვები, ანდა დაესვათ ხარჭები: დიდებს მიბაძეს პატარებმა და შეიბღალა ოჯახის სიწმიდე...
აღნიშნულ იმპერატორთა თანამედროვე აშოტ კურაპალატმა, თითქოს მათი მაგალითით კადნიერქმნილმა, მეუღლის სიცოცხლეში სასახლეში მიიყვანა ,,დედაკაცი სიძვისაი”. როდესაც ხანძთის მონასტრის წინამძღვარს გრიგოლს ,,ესმა საქმე იგი - ამხილა პირისპირ ხელმწიფესა მას”, ხოლო მან აღუთქვა ,,ცოდვისა მის განტევებაი”, მაგრამ ,,ვერ დაამტკიცა” (საქმით) თვისი ბრძანება, რამეთუ ,,დაემონა გულისთქმასა”. ამის შემდეგ ,,ნეტარმა გრიგოლ პოვა ჟამი მარჯვე”: ოდესცა კურაპალატი შორს იყო, მივიდა სასახლეში, დაარწმუნა დედაკაცი სიძვისა, რომ იგი ,,შორის ცოლქმართა შთაჭრილა წარმწყმედელად სულისა” და ურჩია წასულიყო ,,სანატრელისა დედისა ფებრონიას წინაშე”. დედაკაციც დაემორჩილა წმიდა მამის რჩევას და დაბინავდა დედათა სავანეში... როცა აშოტი ხარჭის წამოსაყვანად მივიდა მონასტერში, დედა თებრონემ არც ხარჭა დაუბრუნა და მკვეთრადაც ამხილა. აშოტი ,,სირცხვილეულ იქმნა მართლმხილებისა მისგან კდემული და მყოვარჟამ დადუმნა, ვითარცა ძლეული, რამეთუ ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლიეს”. არ შეეძლო ქვეყნის მბრძანებელსა და ბატონს საყვარელი არსების იძულებით წამოყვანა და თვით მონასტრის, ბიზანტიის იმპერატორთა მიხედვით, პირისაგან ქვეყნისა აღგვა? ვინ შეუშლიდა ხელს, მონასტრის დედები თუ ხანძთის ბერები? ვერც ერთნი და ვერც მეორენი! ხელის შემშლელად გამოდგა აქ ქართველი ერისა და თვით აშოტის შეგნებაში განმტკიცებული ,, ნეტართა მათ პატივი” და მოკრძალება ,,მართმხილების” მატარებელ ეკლესიისადმი, რომელიც დარაჯად ედგა საღვთო მცნებათა შესრულება-არშესრულებას. გარეშე ამ შეგნებისა ჩვენი ეკლესია იყო უძლური და უსუსური; მის განკარგულებაში არ ყოფილა ის ძლიერი საშვალებანი, რომლითაც თავი მოჰქონდა რომის ეკლესიას. ის ძლიერი იყო მხოლოდ და მხოლოდ თავის ზნეობრივი ძალითა და სიფაქიზით.
სწორედ ამ ზნეობრივ სიფაქიზის ძალას ღირსეულად აფასებდნენ ჩვენი საუკეთესო მამულიშვილები და სწორედ მას მიმართავდენ ხოლმე საქართველოს აშენება-აღორძინებისათვის ზრუნვის დროს. ამგვარ შემთხვევაში ისინი მოიწვევდენ ,,ღვთისმოყვარეთა ეპისკოპოზთა, პატიოსანთა მღვდელთა, ღირსთა დიაკონთა, ქრისტეს მოყვარულთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა” და ეტყოდენ: ,,თქვენ ღვთის მიერ განჩინებულ ხართ მოძღვრად ჩვენდა, გამოიძიეთ ყოველი კეთილად, დაამტკიცეთ მართალი და განხადეთ ყოველი გულარძნილი (სიმრუდე). ნუ თვალახვამთ (მოერიდებით) მთავართა სიდიდისათვის, ნუცა გლახაკთა უდებყოფთ სიმცირისათვის”. ღვთივგანბრძობილი კრებაც შეუდგებოდა საქმეთა განხილვას და პირველ ყოვლისა განაქიქებდა ,,უღირსთა ეპისკოპოზთა და მათვე მზგავსთა ხუცესთა” მოქმედებას, ვინაიდან, კრებათა და ერის აზრით, მათგან ,,გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა”. მოვიგონოთ ბაგრატ მეოთხე და გიორგი მთაწმინდელი, დავით აღმაშენებელი და რუის-ურბნისის ,,ძეგლისწერა”, თამარ დიდი და მის მიერ მოწვეული კრება და ჩვენთვის ცხად იქნება: როცა ეკლესია და მისი ხელისუფალნი, - ეს ნათელი სოფლისა და მარილი ქვეყნისა (მათ. 5,13-14) - ასრულებდნენ თავის პირდაპირ მოვალეობას, მაშინ საქართველოც ჰყვაოდა, ხოლო როცა ნათელი ბნელ იქმნებოდა და მარილი განქარდებოდა, ქვეყანაც კნინდებოდა და ეცემოდა. მეტის თქმაც შეგვიძლია: მაშინაც კი, როდესაც უამრავი მტრების შემოსევის გამო ქვეყანა წახდებოდა, ზნეობა დაეცემოდა, სარწმუნოება შეიბღალებოდა და ბოროტება გამრავლდებოდა, ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ერთადერთი ნავთსაყუდელი ეკლესია იყო. თავის კრებებზე მას გამოჰქონდა განჩინებანი ტყვეთა განსყიდვისა, კაცთკვლისა, ძარცვა-დარბევისა და სხვა ბოროტების წინაღმდეგ, რითაც ასე თუ ისე აღვირს ასხამდა ქვეყანის მძლავრებით გამგებელთა თავაშვებულობას. ეკლესიავე იწყნარებდა და თავშესაფარს აძლევდა ზოგიერთ მებატონეთაგან გამწარებულ ყმებს, რომელნიც ეკლესიის ყმადნაფიცობაში პოულობდნენ ადამიანურ მოპყრობას და კმასაყოფელ თავისუფლებას. მართალია ეკლესიის წიაღშიაც მოიპოებოდნენ სვიმონ-ქუთათელ-ჩხეიძეები, მაგრამ ეკლესიის მესვეურთა შორის არა იშვიათნი იყვნენ ბოროტებასთან ბრძოლისათვის მოწამის გვირგვინით შემკულნი ევდემოს კათოლიკოზ-დიასამიძეები.
ამ სახედ, წმიდა ნინოს მიერ სარწმუნოების გავრცელებისათვის ნაჩვენებმა გზამ ჩვენს ქვეყანას ააშორა როგორც ბიზანტიის ცეზაროპაპიზმი, მეფეთა საეკლესიო საქმეებში ჩარევა, ისე რომის პაპოცეზარიზმში, ეკლესიის მიერ სამოქალაქო საქმეების გამგებლობა და შეიძლება ამის შეუცდომლად თქმა, დაამყარა ქვეყნის სასიკეთოდ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თავისუფალი თანამშრომლობა, რაც ვახტანგ სჯულმდებელმა შემდეგ სიტყვებში ჩამოაყალიბა: ,,მეფე ხორცის ხელმწიფეა, ხოლო კათოლოკოზი სულისაო”.
1801 წელს ჩვენში მოხდა დიდი ცვლილება; საქართველო შეუერთდა ერთმორწმუნე რუსეთს. ათი წლის შემდეგ წმ. ნინოს აღშენებულ ვენახს დაეპატრონა ახალი მოქმედი, უწმიდესი მმართებელი სინოდი, რომელიც სარგებლობდა ბიზანტიის თვალსაზრისისაგან გამომდინარე დებულებებით: ,,იმპერატორი არის თავი ეკლესიისაო”. დიდი რუსეთის ეკლესიის თავი კი ვერ მიუდგა პატარა საქართველოს ეკლესიის სხეულს: მან მოაშორა საქართველოს ,,სულის ხელმწიფე”, ჩაუკეტა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთ ნავთსაყუდელი და წმ. ნინოს ეკლესია გადააქცია ,,მართლმადიდებელ აღსარების უწყების” განყოფილებად. ჩვენი ენისა, ზნე-ჩვეულებისა და წარსულის უცოდინარი სინოდის ექსარხოსები საქართველოს ეკლესიას მართავდნენ ,,ბრძანებითა მისი უდიდებულესობისაითა” და არა სჯულის კანონისა და საქართველოს ეკლესიის კრებათა ხელმძღვანელობით. ხოლო ადგილობრივი მათი თანამშრომელნი ეპიზკოპოზნი და მღვდელნი, ახალი მდგომარეობით ხელფეხშეკრულნი, ვეღარ ახერხებდნენ თავიანთ პირდაპირ მოვალეობის შესრულებას - ,,მართლისა დამტკიცებას და გულარძნილისა განხდას”. ჩვენი ეკლესიის წარსული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასასრულის სურათს, აი, როგორ გვიხატავს უკვდავი ილია:
,,აგერა მღვდელნიც, ერთა მამანი, რომელთ ქრისტესაგან ვალად სდებიათ ამა ერისა სულის აღზრდანი, რა-რიგ გულ-ხელი დაუკრებიათ! სად არის სიტყვა დიდის სწავლისა, სიყვარულის და სამართალისა, რომ მათ ბაგეთაგან არ მომდინარებს და ერს დაცემულს არ აღამაღლებს? სად არის იგი მღაღადებელი ქვეყნის ხსნისათვის ჭეშმარიტება? სად არის იგი ბიწის მდევნელი ჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება?”
ცხადია, ეკლესიის დამუნჯება და გულხელდაკრეფა უნდა გაგრძელებულიყო იმ დრომდე, სანამ იგი ითვლებოდა „მართლმადიდებელ აღსარების უწყებად,”... ასეც მოხდა.
დადგა ახალი დრო და მან კანონის პირით გამოაცხადა: ,,სარწმუნოება არის პირადი საქმე ყოველი მოქალაქისა; ყოველ მოქალაქეს შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც მას უნდა, ანდა არცერთი არ აღიაროს; ეკლესია ჩამოშორებულია სახელმწიფოსაგან... სარწმუნოებრივი და ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის თავისუფლება მინიჭებული აქვს ყველა მოქალაქეს იმ აუცილებელი პირობით, რომ პროპაგანდა ხდებოდეს პოლიტიკურ და სოციალურ მიზანთა გარეშე; დაწესებულება ან თანამდებობის პირი, რომელიც ამა თუ იმ სახით წინააღმდეგობას გაუწევს ეკლესიისა და სამლოცველო სახლის გახსნას, აგრეთვე ეკლესიის მსახურს კულტის შესრულებისათვის დევნას დაუწყებს, პასუხს აგებს როგორც თანამდებობის გადამეტებისათვის”... მართალია, ამ ოქროს ასოებით ამოსაჭრელ სიტყვებს, რომელიც აყენებს ჩვენს ეკლესიას წმ. ნინოს მიერ მიჩენილ გზაზე, დაერთო მრავალ სამღვდელო პირთა ეკლესიისაგან ჩამოშორება და მრავალ ტაძართა დახურვა თუ დაქცევა, მაგრამ ბაგრატ-დავითთამარის დროსაც ხომ მრავალი ხუცესი ჩამოშორდა ეკლესიას?!.. რაც შეეხება იმ ქარიშხალის სიმძაფრეს, რომლემაც გამოიწვია ალაგ-ალაგ ტაძრების დახურვა თუ დაქცევა, არც ეს არის მორწმუნეთათვის საშიში. მძაფრ ქარტეხილს თან სდევს ნიავი წვლილი და მას შინა არს უფალი (3 მეფ. 19,12). ამის საბუთია ის სიტყვათა სამებაც, რომელიც დიდი ასოებით არის დაწერილი ახალი დროის დროშაზე - ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ეს სიტყვები წარმოშობილია წმიდა ქალწულის მიერ მოტანილ ახალი მცნებისაგან - იყვარებოდეთ ურთიერთას (იოან. 13,34); სიყვარული კი ყოვლისშემძლებელ არს, ვინაიდან იგი სულგრძელ არს და ტკბილ, ყოველსა თავსიდებენ და ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენენ... და არა სადა დავარდების (1 კორ. 13,4-8).
წმიდაო მოციქულთა სწორო ქალწულო ნინო, რომელმან მოღვაწებითა შენითა ,,განანათლე ბნელი გულთა” მამათა ჩვენთაი, შენ გლოცავ და შენ გევედრებით უღირსნი ესე ძენი და ასულნი სულიერთა შვილთა შენთანნი: მოუკლებლად გარეშემიცევ ჩვენცა ,,სახარებითა წმიდითა, ჯვარითა პატიოსნითა და მადლითა ღვთისაითა”. განაძლიერე შორის ჩვენსა ,,ცხოვრებად საუკუნოდ მიმყვანებელი” ურთიერთას სიყვარული და განამტკიცე ღვთისა დედის წილხდომილსა სოფელსა შინა ჭეშმარიტი ძმობა, ერთობა და თავისუფლება!..
იყვან, უფალი, იყვან!
მიტროპოლიტი კალისტრატე
1926 წლის 14 იანვარი
![]() |
5 რესტიტუცია, აღდგენილი უფლებები თუ დაბრუნებული ქონება? |
▲back to top |
რესტიტუციის საკითხთან დაკავშირებით გვანცა ლიპარტელიანმა კომენტარი თხოვა სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE-ს დირექტორს გიგი უგულავას:
როდესაც ლაპარაკია სამართლიანობის აღდგენაზე, ანუ ეკლესიისთვის ქონების დაბრუნებაზე, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გამოიყოს ორი ძირითადი პრინციპი, რომლითაც სახელმწიფომ ეკლესიასთან დაკავშირებული ქონებრივი პრობლემის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს. ჯერ ერთი, რომ სიტყვა ეკლესიას ამ შემთხვევაში მეთოდურად ვახსენებთ, რადგანაც ვგულისხმობთ ყველა იმ რელიგიურ მიმდინარეობას, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დროს დაზარალდა. მეორეც, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს კონსტიტუციის მთავარი დებულება, რაც სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას გულისხმობს. ამდენად, მნიშვნელოვანია სამართლიანობის პრინციპის დაცვა, რადგან ქონების დაბრუნებისა თუ გარკვეული შეღავათების გაწევის პროცესი თანასწორობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.
რესტიტუციის საკითხთან დაკავშირებით ჩვენში ორი ძირითადი პოზიცია ფიგურირებს: ერთნი რესტიტუციის, ანუ ქონების დაბრუნებას ემხრობიან, მეორენი კი გადაცემის აქტს ანიჭებენ უპირატესობას. ორივე მიდგომას, ცხადია, აქვს არსებობის უფლება და თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები:
რესტიტუციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო აღიარებს იმ ზარალს, რომელიც ათეიზმის პროპაგანდის ნიადაგზე საბჭოთა სახელმწიფომ ნებისმიერ რელიგიურ მიმდინარეობას მიაყენა. გადაცემის აქტისგან განსხვავებით, რესტიტუციის მთავარი პლუსი ისიც არის, რომ იგი საზოგადოების მორალურ კმაყოფილებასაც გამოიწვევს. ქონების დაბრუნება და იმ მატერიალური ზარალის კომპენსაცია, რომელიც
სახელმწიფომ ეკლესიას მიაყენა - არის საზოგადოების მიმართ გამოვლენილი ერთგვარი დადებითი ჟესტი, რომლითაც სახელმწიფო გმობს საბჭოურ წარსულს, აღიარებს თავის დანაშაულს და ცდილობს მის გამოსწორებას. ამ საკითხის მოგვარებამ, შესაძლოა, ლუსტრაციის პრობლემაც დაძრას მკვდარი წერტილიდან.
ეს პროცესი, ბუნებრივია, გვერდს ვერ აუვლის ისეთ პრობლემას, როგორიც წლების მანძილე დაგროვილი მატერიალური ზარალის (პარალელურად მორალური ზარალისაც) კომპენსირებაა. აღნიშნული ზარალის გამოთვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახის კომპენსაციას, ყველა შემთხვევაში, სიმბოლური ხასიათი ექნება. მაგალითად, საქართველოს პარლამენტისა და კინოთეატრ ,,რუსთაველის” შენობების ადგილას ძველად ეკლესიები იყო, შემდეგ ისინი დაანგრიეს და მათ ადგილას სხვა ნაგებობები ააშენეს. მატერიალურ ზარალს რომ თავი დავანებოთ, იქ იყო წმინდა ადგილი, ასე რომ, მორალური კოპმენსაციის ანაზღაურება მეტისმეტად გაძნელდება.
არსებობს მეორე, წმინდა სამართლებრივი პრობლემაც: შესაძებელია, ნებისმიერმა ადამიანმა საკუთრების დამადასტურებელი გარკვეული დოკუმენტაცია წარმოადგინოს და, შესაბამისად, კომპენსაციაც მოითხოვოს. კონსტიტუციურად, თუ სახელმწიფო ქონების დაბრუნების ერთ პრეცედენტს მაინც დაუშვებს, ვალდებული გახდება კომპენსაცია ნებისმიერ იმ სუბიექტს მისცეს, რომელიც საკუთრების დამამტკიცებელ დოკუმენტს წარმოადგენს. თუ საკითხს ასე დავაყენებთ, მაშინ სახელმწიფოს სხვა აღარაფერი დარჩება საკეთებელი, თუ არა ვალების დარიგება, რაც თავის მხრივ, დიდ არეულობასაც გამოიწვევს. რესტიტუციის მომხრეებს არგუმენტად კონსტიტუცია მოჰყავთ, სადაც მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლია დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, კერძო პირთან შედარებით, ეკლესიას გაცილებით მაღალი სტატუსი აქვს. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესიაში მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია არ იგულისხმება. აქ ლაპარაკია ყველა იმ რელიგიურ მიმდინარეობაზე, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაზარალდა. მათი როლი კი, სამწუხაროდ, კონსტიტუციაში დაფიქსირებული არ არის. ეს იწვევს საკმაოდ დიდ გაუგებრობას: თუ ქონებას უბრუნებ მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ეწინააღმდეგები თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპს. ხოლო, თუ სხვა კომფესიებსაც უნაზღაურებ ზარალს, მაშინ კომპენსაცია კერძო პირებსაც უნდა შეეხოს, რისი გაკეთებაც თეორიულად გამორიცხულია. წმინდა სამართლებრივი და ასევე პრაქტიკული მომენტებიდან გამომდინარე, რესტიტუცია მაინც სადაო და რთულად განხორციელებადია.
არსებობს რესტიტუციაზე გაცილებით მარტივი გზა: სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების აღნუსხვა და ეკლესიისთვის მათი გადაცემა. ასეთ შემთხვევაში, ქონებას ის რელიგიური მიმდინარეობებიც დაიბრუნებენ, რომელთაც ისტორიულად ესა თუ ის ნაგებობა ეკუთვნოდათ. თუმცა, უმტკივნეულოდ ვერც ეს პროცესი ჩაივლის, რადგან ბევრ ასეთ ნაგებობას დღეს სრულიად სხვა კონფესია განკარგავს. მაგალითად, სოფელ უდეში არსებულ კათოლიკურ ეკლესიას დღეს მართლმადიდებლები განკარგავენ, ზოგან კი, მაგალითად, ფოთში უბრალოდ ისტორიული სურათი შეიცვალა და ის კონკრეტული მრევლი აღარ არსებობს.
ცალკე განხილვის საგანია მუზეუმებში დაცული კულტურული ძეგლები. მოდავე მხარეებს აქაც ორი არგუმენტი აქვთ: ეკლესია სავსებით სამართლიანად აცხადებს პრეტენზიას თავის ისტორიულ მემკვიდრეობაზე, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური ღირებულება აქვს. მაგრამ დროთა განმავლობაში რელიგიური დანიშნულების ამ სამუზეუმო ექსპონატებმა ისეთი ახალი და ტოლფარდი ღირებულებები შეიძინეს, როგორიც საზოდაგოებრივ-კულტურული დანიშნულებაა. ეს ნივთები გარკვეულწილად ერის სიმბოლოდ, მისი კულტურის გამოხატულებად იქცა, რაც ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის, არამორწმუნეთათვის რელიგიურის თანაზომადი ღირებულებაა. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ვერცერთ სექტორს ვერ უვლის, ჩამოყალიბდა აზრი, რომ უმჯობესია კულტურულ მემკვიდრეობას კონკრეტული მესაკუთრე ჰყავდეს. ეს კი რელიგიური დანიშნულების სამუზეუმო ექსპონატებზე ერთობლივი მეურვეობის დაწესებას გულისხმობს. ამ ორმხრივი მეურვეობისას ეკლესიას, ისევე როგორც სახელმწიფოს, რომელიც, თავის მხრივ, ხალხს წარმოადგენს, თავისი პარიტეტი ექნება. რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, საინტერესოა იტალიის მაგალითი, როდესაც მუსოლინიმ პირველად გააფორმა კონკორდატი ეკლესიასთან და რომის კათოლიკური ეკლესიის მიმართ გარკვეული მატერიალური კომპენსაცია იკისრა. თუმცა, ამ გამოცდილების ჩვენთან დუბლირება ცოტა კომიკურია იქედან გამომდინარე, რომ რომის ეკლესია სახელმწიფო იყო და არა მხოლოდ ეკლესია.