The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სარჩევი


სარჩევი



 

 

 

საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი დაფუძნდა 2010 წელს. იგი წარმოადგენს საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არამომგებიან, პოლიტიკურად ნეიტრალურ, არასამთავრობო ორგანიზაციას. ორგანიზაციის მთავარი მისიაა კარგი მმართველობის და ეფექტიანი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა. ამ მიზნით, საქართველოს წინაშე ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე რეაგირებისთვის მოსაზრებების და რეკომენდაციების შემუშავება.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, 2018

ტელ: (+995 32) 225 19 29

levanmikeladze.foundation@gmail.com

ილო მოსაშვილის ქ. 12

0162, თბილისი, საქართველო

 

საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა

 

რედაქტორი: არჩილ გეგეშიძე

კონტრიბუტორები: ეკატერინე ბარამიძე, თამარ კლდეისელი, ეთერ საჯაია, მარიამ ჯაყელი, თეონა სეხნიაშვილი, თამარ მიქელაძე, სოფიო წიქორიძე

ტექნიკური რედაქტირება: თენგო დარაშვილი, ნინო გონგაძე თარგმანი: ლალი კერესელიძე, ნინო მირაზანაშვილი

რედაქტირება: რუსუდან მარგიშვილი

დოკუმენტი მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ ფარგლებში. ტექსტისა და კომენტარების ავტორების მიერ გამოხატული შეხედულებები, მოსაზრებები და განცხადებები მხოლოდ მათ ეკუთვნით და არ გამოხატავს ღია საზოგადოების ფონდისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ისინი მასალის შინაარსზე პასუხს არ აგებენ.

© 2018, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი

ISBN 978-9941-8-0491-5

სარჩევი

საქართველოს ევროპული პერსპექტივა: როგორ დავიახლოვოთ მომავალი 08
არჩილ გეგეშიძე

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითები:

ჩეხეთის რესპუბლიკის გზა ევროკავშირისკენ ... 30
პალვინა იანებოვა

ნორმატიულობა, დარწმუნება და ისტორიის “გამოსწორება”: უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა 1990-იან წლებში  ... 40
გერგელი რომშიცი

პოლონეთის ტრანსფორმაცია და ევროკავშირში გაწევრიანება: გაკვეთილები საქართველოსთვის ... 52
ადამ რაიხარდტი

საქართველო და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სლოვაკეთის გაკვეთილები ... 64
ვლადიმირ ბილჩიკი

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მაგალითები:

მონტენეგრო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ... 74
მომჩილო რადულოვიჩი

სერბეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ... 87
მაია ბობიჩი

1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


გეგეშიძე არჩილ

წინასიტყვაობა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფორმალური ურთიერთობები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ხელი მოეწერა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. მას შემდეგ ეს ურთიერთობები თანმიმდევრულად ვითარდებოდა და ევროპულ ინსტიტუტებში ქვეყნის ინტეგრაცია სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა. 2014 წელს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კონტექსტში ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივა არსებითად გაფართოვდა. ხსენებული პერსპექტივის ერთი მკაფიო გამოხატულება 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის “შენგენის სივრცეში” უვიზო მოგზაურობის უფლების მინიჭება გახლდათ. თუმცა, ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირში წევრობის დაპირება საქართველოს დღემდე მიღებული არა აქვს.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე რუსეთის ფაქტორი გამორჩეული ბარიერია. სხვა ბერკეტებთან ერთად რუსეთი მძლავრ ანტიდასავლურ პროპაგანდას იყენებს და ცდილობს საქართველოს მიერ არჩეული კურსის დისკრედიტაციას. მიუხედავად ამისა, ხალხში ევროპული ცივილიზაციისადმი მიკუთვნებულობის ისტორიულად დამკვიდრებული განცდა ევროპულ არჩევანს ბუნებრივად ამყარებს და ევროკავშირში, როგორც ევროპის მთავარ ინსტიტუციონალურ კონსტრუქციაში, ინტეგრაცია უალტერნატივო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. ბოლო პერიოდში შეიმჩნევა მოსახლეობაში ამ პრიორიტეტის შესატყვისი მოლოდინის გაძლიერება. ამიტომაც არის, რომ ევროკავშირში ინსტიტუციონალური ინტეგრაციის საკითხმა საჯარო სივრცეში არსებულ დისკურსში მყარად მოიკიდა ფეხი, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკაზეც ახდენს გავლენას: გარდა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ამოცანა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციასა* და სამთავრობო პროგრამაში** მკაფიოდ არის დასახული, იგი საკონსტიტუციო ვალდებულებადაც იქცა, რამეთუ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია*** სახელმწიფო ორგანოებს ხსენებული მიზნისთვის “ყველა ზომის მიღებას” ავალდებულებს.

 

*. http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/53453/;

** http://gov.ge/files/68_67099_111823_2018-2020.pdf;

*** https://matsne.gov.ge/ka/document/view/4110673?publication=0#DOCUMENT:1;

ცხადია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა, პირველ რიგში, საკუთარი ეკონომიკისა და ინსტიტუტების მზაობას გულისხმობს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირის მზაობა საქართველოს თავის კლუბში მისაწვევად. ეს თითქოს მარტივი ფორმულაა, თუმცა მისი რეალიზაცია რთული ამოცანაა და ახლო მომავლის საქმე არ არის. ამგვარი ურთიერთმზაობის მდგომარეობის მომწიფებისთვის მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შექმნაა საჭირო. თუმცა, აქვე იბადება კითხვა: მაშინ, როდესაც მხარეები არ არიან მზად საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის, არის თუ არა შესაძლებელი განვიხილოთ წევრობის პერსპექტივა, თუნდაც შორეულ მომავალში? ეს ხომ ორივე მხრიდან მზაობის ისეთ მაღალ დონეს არ მოითხოვს?არჩილ გეგეშიძე ხსენებულ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნების გამოცდილების ცოდნას, რომლებიც ბოლო პერიოდში შევიდნენ ევროკავშირში ან ეხლა არიან გაწევრიანების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში საქართველოსგან განსხვავებულ კონტექსტთან გვაქვს საქმე, უაღრესად საინტერესოა თითოეული მათგანის მიერ განვლილი გზის შესწავლა. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ეს განვლილი გზა ბევრ საერთო ნიშანს შეიცავს, თუმცა ადგილი აქვს უნიკალურ გარემოებებსაც, რომლებმაც საბოლოოდ სასურველი შედეგი გამოიღო. აღნიშნული გამოცდილების გაცნობის შედეგად ბევრი ფასეული რჩევის მიღება შეიძლება საქართველოსთვის “ევროპული პერსპექტივის გახსნაზე” ეფექტური ზემოქმედების მიზნით ქმედითი სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავების შესახებ.

ამ მიზნით ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა “ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა” და “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით, აგრეთვე “ფრიდრიხ ებერტის ფონდთან” პარტნიორობით განახორციელა პროექტი “საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა”, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა “ვიშეგრადის ქვეყნების”, ასევე დასავლეთ ბალკანეთიდან სერბეთისა და მონტენეგროს გამოცდილება. ამ ქვეყნებიდან მოწვეულ იქნენ ექსპერტები, რომლებმაც წინასწარ შემუშავებული საპროექტო დავალების თანახმად წარმოადგინეს კვლევა. კვლევის შედეგები სამ სხვადასხვა სადისკუსიო შეხვედრაზე იქნა განხილული, სადაც მონაწილეობა სამოქალქო სექტორის, პარლამენტის, მთავრობის, საერთაშორისო დიპლომატიური მისიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ხსენებული დისკუსიების შედეგები გათვალისწინებულ იქნა პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც წინამდებარე კრებულშია მოცემული. კრებულში ასევე შეგიძლიათ იხილოთ “ვიშეგრადის ოთხეულის” – სლოვაკეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის - ასევე სერბეთისა და მონტენეგროს ევროკავშირში ინტეგრირების ტრაექტორიის ანალიზი, რომელიც პროექტში მოწვეულმა ექსპერტებმა შეასრულეს.