The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

დემოკრატიული ღირებულებები ქართულ მწერლობასა და ზეპირსიტყვიერებაში


დემოკრატიული ღირებულებები ქართულ მწერლობასა და ზეპირსიტყვიერებაში



დემოკრატიული ღირებულებები ქართულ მწერლობასა და ზეპირსიტყვიერებაში

ძველი ქართული მწერლობიდან საქართველოს გასაბჭოებამდე

გარეკანზე გამოყენებულია ჟაკ ლუი დავიდის ნახატი „ფიცი ბურთაობის სათამაშო დარბაზში“

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოებასაქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation.

Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.

სამეცნიერო კვლევა ჩატარებულია შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლების მიერ

რედაქტორები: ირმა რატიანი, ქეთი ნინიძე

შემდგენლები:

რუსუდან ჩოლოყაშვილი

დარეჯან მენაბდე

მაია ნინიძე

მანანა კვატაია

მაია ჯალიაშვილი

ქეთი ნინიძე

დიზაინერი: თორნიკე ლორთქიფანიძე

გამომცემლობა: „ნეკერი“

ISBN 978–9941-416-85-9
 

1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ირმა რატიანი

წინასიტყვაობა

სამართლიანად არის მიჩნეული, რომ კულტურის ძლიერების საფუძველს წარმოადგენს არა მხოლოდ მისი თვითმყოფადობა, სიძველე თუ ისტორიული მნიშვნელობა, არამედ – შესატყვისობა უმაღლეს ღირებულებათა ძირეულ შკალასთან, რომელიც განსაზღვრავს ყოველი ერისა და მისი კულტურის ეთიკურ-ზნეობრივ მოდელს. სწორედ ამგვარ ღირებულებათა რიგს განეკუთვნება დემოკრატიული ღირებულებები, რომელთა გააქტიურება საზოგადოებრივი თვითშეგნების ზრდის წინაპირობას წარმოადგენს, ხოლო სწორი ინტერპრეტასამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და პროგრესის გარანტიას.

დემოკრატიულ ღირებულებათა დანერგვისა და შემეცნების მრავალი საშუალება არსებობს, თუმცა, ერთერთი საუკეთესო მათ შორის კულტურული ადაპტირების გზაა, სადაც განსაკუთრებული ადგილი კომუნიკაციის მხატვრულ-ლიტერატურულ ფორმას უჭირავს. წერილობითი ძეგლები და ზეპირი სიტყვიერების ნიმუშები წარმოაჩენს ძირეულ ღირებულებათა განვითარების ფაზებსა და მნიშვნელობას ქვეყნის სოციალ-პოლიტიკური და კულტურული ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ასევე, საშუალებას იძლევა, დადგინდეს და შეფასდეს საზოგადოების მოქმედი ეთიკური სტანდარტები.

სწორედ ამ სტანდარტების დადგენას ისახავდა მიზნად პროექტი „დემოკრატიული ღირებულებები ქართულ ლიტერატურასა და ფოლკლორში“, რომელიც შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა განახორციელა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით. მეცნიერთა ჯგუფის ინტერესი მიმართული იყო ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობისა და ქართული ლიტერატურული ძეგლების ნიმუშებისადმი დასაბამიდან მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე (გასაბჭოებამდე)*; ექვსთვიანი კვლევის პროცესში გადასინჯულ იქნა დიდძალი ლიტერატურა, დაიძებნა შესაბამისი ტექსტები, შეფასდა პროცესები, გაკეთდა დასკვნები. თქვენს ხელთ არსებული ანთოლოგიაც, სადაც შეკრებილია როგორც ლიტერატურული შედევრები, ასევე ნაკლები მხატვრული ღირებულების სამოქალაქო ტექსტები, ამ სამეცნიერო პროექტის ერთ-ერთი პროდუქტია.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართული ლიტერატურა ძალზე საინტერესოდ აირეკლავს დემოკრატიულ ღირებულებათა ჩამოყალიბებისა და შეთვისების პროცესს, ხოლო ქართული ფოლკლორი ბუნებრივად არის მდიდარი ფუნდამენტური ღირებულებითი პრინციპებით. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ზეპირსიტყვიერება, როგორც წესი, მიზნად არ ისახავს ლიბერალიზმისა და დემოკრატიის იდეოლოგიურ პროპაგანდას, თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილად იჩენს დაინტერესებას სოციალური და გენდერული თანასწორობის, ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობის, კანონის წინაშე თანასწორობის, არჩევანის თავისუფლების თემებისადმი. ეს ყველაფერი თავს იყრის ცალკეულ ანდაზებში, საისტორიო თუ საგმირო პოეზიაში, საყოფაცხოვრებო ლექსებში, სულეთისადმი მიძღვნილ მითოლოგიურ ლექსებში, ქრისტიანულ ლეგენდებში, ზღაპრებში. ანთოლოგიაში წარმოვადგინეთ ტექსტები, რომლებიც წარმოაჩენს ხალხის დამოკიდებულებას მონარქისადმი (ამ შემთხვევაში, ერეკლე II), აგრეთვე პოეტური ნიმუშები გმირი ქალების (მაია წყნეთელი, თინა წავკისელი, თამარ ვაშლოვნელი) შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ხალხური ლექსი „წუთისოფელი“, რომელიც, ვფიქრობთ, მკითხველისთვის უკვე ნაცნობია და რომელშიც თანაბრად არის შერწყმული ეთნიკური, რელიგიური და გენდერული თანასწორობის იდეები.

* გასაბჭოების შემდეგ პროცესებმა თავისებური სახე მიიღო, რაც, სასურველია, სპეციალური კვლევის საგნად იქცეს.

საინტერესო სურათს ამ თვალსაზრისით წარმოაჩენს ძველი ქართული სასულიერო ლიტერატურული ძეგლები, სადაც, ცხადია, ვერ იქნება წარმოდგენილი დემოკრატიის თანამედროვე გაგების შესაბამისი მასალა. შუა საუკუნეების მონარქიულ სახელმწიფოში ისედაც შეუძლებელი იყო დემოკრატიის ძირითადი პრინციპის – სახელმწიფოს მართვაში ხალხის მონაწილეობის – რაიმე ფორმით განხორციელება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლების წყაროდ ხალხის აღიარება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, დემოკრატია, როგორც პოლიტიკური და იდეოლოგიური მოძღვრება, მოიცავს დროისა და სივრცის თვალსაზრისით ისეთ უნივერსალურ კომპონენტებს, როგორებიცაა ეთნიკური თუ რელიგიური ტოლერანტობა, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები, ღირებულებითი არჩევანის თავისუფლება და სხვა. სწორედ ამ უნივერსალურ ღირებულებათა ინტერპრეტაციას გვთავაზობს ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტები, იქნება ეს მსჯელობა ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე „შუშანიკის წამებაში“, პიროვნული და რელიგიური არჩევანის თავისუფლებაზე „ევსტათი მცხეთელის წამებასა“ და „აბო თბილელის წამებაში“, საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთმიმართების საკითხზე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ თუ სხვა. თუმცა, კვლავაც ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჰაგიოგრაფიული ტექსტების ამ მიმართულებით ანალიზისას, როგორც გარკვეული წინააღმდეგობა, გასათვალისწინებელია ქვეყნის ისტორიული და სარწმუნოებრივი ფონი, აგრეთვე, თავად ლიტერატურული ჟანრის სპეციფიკა.

განსხვავებული ვითარებაა საერო ლიტერატურის ძეგლებში და, უპირველეს ყოვლისა, „ვეფხისტყაოსანში“, სადაც სეკულარიზაციის პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს ძირეულ, მათ შორის, დემოკრატიულ ღირებულებათა გააქტიურება წარმოადგენს. ტექსტის სიუჟეტი, პერსონაჟთა სახეები და მათი ცხოვრების წესი არის ღია ქადაგება ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპებისა, როგორიცაა ეროვნული და რელიგიური შემწყნარებლობა, ქვეყნისათვის თავდადება, სამართლიანობა, ბედნიერების უფლება, საზოგადოებრივი ჰარმონია;

გავითვალისწინეთ რა ზემოთ დასახელებული ფაქტორები, რაც უკავშირდება ძველი ქართული მწერლობის დომინანტი რელიგიურ და პოლიტიკურ ტენდენციებს, აგრეთვე ლიტერატურულ (ჟანრობრივ) სპეციფიკას, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დიდი სიფრთხილით მოვეკიდეთ მასალის რელევანტურობის საკითხს და ანთოლოგიაში ქართული მწერლობის ეს საფეხური წარმოვადგინეთ ორიოდე ტექსტით: ნაწყვეტებით სულხან-საბა ორბელიანის იგავთა წიგნიდან „სიბრძნე სიცრუისა“ და დავით გურამიშვილის წიგნიდან „დავითიანი“. ჩვენი აზრით, მოცემულ ტექსტებში აისახება იმ ღირებულებათა ჩანასახები, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ორიენტირებადაა მიჩნეული. ლეონის აღმზრდელობითი კონცეპცია წიგნიდან „სიბრძნე სიცრუისა“ ახლო დგას დემოკრატიული საზოგადოების მიდგომასთან მმართველი უნდა ითვალისწინებდეს ხალხის ინტერესებს, მმართველობა არის არა მხოლოდ უფლება, არამედ მოვალეობა და პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ნაწყვეტს დავით გურამიშვილის პოემიდან „ქართლის ჭირი“, მასში გამოკვეთილია სიტყვის თავისუფლების, როგორც პიროვნების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ზნეობის ინდიკატორის, პრობლემა.

პროცესის პროგრესირება განსაკუთრებით თვალსაჩინოა მე-19 საუკუნიდან. მიუხედავად რუსული კოლონიალიზმის დასაწყისისა, მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მწერალთა მცდელობამ საქართველო გაცილებით ფართო ასპარეზზე გაიყვანა და ზოგადსაკაცობრიო პროგრესულ იდეებს აზიარა. ჯერ კიდევ საუკუნის ოციან წლებში ქართველი მწერლების მიერ ითარგმნებოდა ფრანგი განმანათლებლების ტექსტები, რაც საფუძვლად დაედო გარკვეულ ტენდენციებს მხატვრულ ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში. მე-19 საუკუნის მწერალთა ინტელექტუალური მემკვიდრეობის საფუძვლიანი შესწავლა გამოკვეთს უნივერსალურ ღირებულებებს, რომლებმაც თავის დროზეც დიდი როლი შეასრულა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აქტუალურია დღესაც. დასახელებულ მოღვაწეთა შემოქმედებაში – მხატვრულ თუ პუბლიცისტურ ტექსტებში, წინა პლანზეა წამოწეული ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სიცოცხლის ხელშეუხებლობა, კანონის წინაშე სოციალური, ეთნიკური, გენდერული, რელიგიური თანასწორობა, ერისა და პიროვნების, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლება და სხვა მისთ.

საგულისხმოა, რომ მე-19 საუკუნის სამოციანი წლებიდან დემოკრატიულ ღირებულებებს უკვე დაერქვა ის სახელები, რომლებიც დღესდღეობით აქვს მიკუთვნებული. ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების შემოქმედებაში გამოჩნდა სრულიად ჩამოყალიბებული და გაცნობიერებული ტერმინები: ლიბერალიზმი, შემწყნარებლობა, ეთნიკური თანასწორობა, ქალთა ემანსიპაცია, სიტყვის თავისუფლება, ანტისემიტიზმი და სხვ. ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების რეფლექსირება 60-იანი წლების დასაწყისიდანვეა აშკარა: „შვილების“ ანუ თერგდალეულთა თაობა „მამებთან“ პაექრობაში, ძირითადად, სწორედ ამ ღირებულებებისადმი დამოკიდებულებით ახდენს საკუთარი პოზიციის დეკლარირებას. ილიას სიტყვე„ლიბერალობა, პატრიოტობა, სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია“ – მთელი თაობის საზოგადოებრივი მოღვაწეობის ლაიტმოტივად იქცა. ილიასათვის არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ფასეულობების სწორად მიტანა საზოგადოების ფართო მასებთან და განსაკუთრებულ მისიას ამ თვალსაზრისით ასრულებს მწერლის პუბლიცისტიკა, როგორც ერთიანი, დიდი მოწოდება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისაკენ. ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი დაუფარავად მსჯელობდნენ პიროვნების აზროვნების, სიტყვისა და არჩევანის თავისუფლებაზე, სიცოცხლის, განათლებისა და ბედნიერების უფლებაზე, კანონის უზენაესობაზე; აკრიტიკებენ საქართველოში დამკვიდრებულ სოციალურ უთანასწორობას, პიროვნებისა და მთელი ხალხის უფლებების დარღვევას. უმაღლესი ჰუმანიზმის უნივერსალური იდეების მქადაგებელია მათივე თანამედროვე, ვაჟა-ფშაველა. მისი შემოქმედება დიდძალ მასალას გვთავაზობს პიროვნული თავისუფლებისა და ეთნიკური თანასწორობის თემებზე. მწერალი არ ურიგდება ადამიანის სოციალური, გენდერული, თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით ჩაგვრას, რელიგიურ და ეთნიკურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებას. თავის ნაწერებში ის იცავს განსხვავებული კულტურული სივრცისა და აღმსარებლობის პირთა უფლებებს. დღესაც ძალზე აქტუალურია ვაჟა-ფშაველას ისეთი საეტაპო წერილები, როგორიცაა „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „ფიქრები“, „რა არის თავისუფლება“ და სხვა.

შერჩეულ ავტორთა შემოქმედებაში იკვეთება ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც დღევანდელ დემოკრატიულ და ლიბერალურ საზოგადოებაშია აღიარებული. მათ ტექსტებში რეფლექსირებული და რაციონალიზებული ღირებულებები მიზნად ისახავს მათი თანამედროვე საზოგადოების აღზრდასა და ხალხში პროგრესული იდეების დანერგვას. ეს ღირებულებები, რა თქმა უნდა, არ ემთხვევა იმდროინდელ დომინანტ იდეოლოგიას, პირიქით, ხშირად მისი საპირისპიროც კი არის, მაგრამ ქართველი მოაზროვნეები თავიანთი ნიჭიერებით, განათლებით, აზროვნების მასშტაბურობით, ჰუმანიზმით, მაღალი ქრისტიანული მორალითა და პრინციპებით დიდად უსწრებენ თავიანთ დროს.

მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში საკვლევი ინტერესის არეალში მოექცა: დავით კლდიაშვილის, არჩილ ჯორჯაძის, კიტა აბაშიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, შიო არაგვისპირელის, ჭოლა ლომთათიძის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, გიორგი ლეონიძის, შალვა აფხაიძის, ნიკო ლორთქიფანიძეის, ნიკოლო მიწიშვილის, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძის, ლეო ქიაჩელის, გერონტი ქიქოძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, იეთიმ გურჯის და სხვა მწერალთა ლიტერატურული მემკვიდრეობა. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ქართული მწერლობის ამ ეტაპზე, გარკვეულწილად, დომინირებს ის ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ადამიანი, მისი სიცოცხლე, ღირსება და უფლებები უპირველესი ღირებულებები იყო. მეორე მხრივ კი, დასახელებულ მწერალთა შემოქმედებამ ღრმად, ზუსტად და ყოველმხრივ წარმოაჩინა ქართული მწერლობის ახალი კულტურული ორიენტაცია – გეზი ევროპისკენ. ქართული მოდერნისტული ტექსტი წარმოაჩენს კომუნიკაციურ მზაობას, ურთიერთობებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის, მიმდინარეობებისა და განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების არტისტებს შორის. აქ ირღვევა ბარიერები, რომელშიც მოქცეულია ქართული მწერლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მეორე მხრივ კი ვითარდება სამოქალაქო ტექსტი, რაც აგრძელებს მე-19 საუკუნის ქართველ მოღვაწეთა და მწერალთა პუბლიცისტურ ტრადიციებს და განამტკიცებს მათს საზოგადოებრივ პოზიციას.

ვფიქრობთ, ეს მოკლე მიმოხილვაც ქართული ლიტერატურული და ფოლკლორული ნიმუშების წიაღში გამოვლენილი კანონზომიერებებისა ადასტურებს ქართული საზოგადოების მრავალსაუკუნოვან სვლას დემოკრატიული ღირებულებების შეთვისებისა და გააქტიურებისაკენ და ადგენს ცალკეული ეპოქებისათვის ნიშანდობლივ ეთიკურ სტანდარტებს. ვიმედოვნებთ, რომ წიგნში წარმოდგენილი ტექსტუალური მასალა გაამყარებს გამოთქმულ ვარაუდებსა და მოსაზრებებს. ანთოლოგიას არა აქვს სრულყოფილების პრეტენზია, თუმცა ბიბლიოგრაფიაში მითითებული წყაროები უთუოდ წარუძღვება დაინტერესებულ მკითხველს ცალკეულ ავტორთა ნააზრევის სიღრმისეული შესწავლისაკენ.

2 ქართული ზეპირსიტყვიერება

▲ზევით დაბრუნება


2.1 * * * *

▲ზევით დაბრუნება


ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რუსუდან ჩოლოყაშვილი

* * *

ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშებისათვის ნიშანდობლივი არ არის საზოგადოებაში დემოკრატიულ ფუნდამენტურ ღირებულებათა დანერგვისა და განმტკიცებისათვის ზრუნვა, ლიბერალიზმისა და დემოკრატიის იდეოლოგიის პროპაგანდა, მაგრამ ოდითგანვე ხელმძღვანელობდა რა ქრისტიანული მორალითა და ჰუმანიზმის პრინციპებით, მასში გამოსჭვივის იმ ფასეულობათა ერთგულება, რომლებიც მოგვიანებით ცივილიზებული სამყაროს სახელმძღვანელო დოქტრინად იქცა, კერძოდ, ქართული ფოლკლორისათვის არცთუ იშვიათია ისეთ დემოკრატიულ ფასეულობათა ერთგულება, როგორიც არის: ეთნიკური, სოციალური, გენდერული თანასწორობა, რელიგიური შემწყნარებლობა; გვხვდება აგრეთვე მასალები კანონის წინაშე თანასწორობისა და არჩევანის თავისუფლების შესახებ; ჩანს თუ როგორ იაზრებდა ქართველი კაცი ერისა და ადამიანის თავისუფლებას.

მართალია, ქართულ ფოლკლორში დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები არ არის დღევანდელ გააზრებასთან შესაბამისობაში, მაგრამ მკვეთრად ჩანს ის საფუძვლები, რომელნიც უადვილებენ ქართველ კაცს მასთან მიახლოებას.

2.2 გლეხი და ერეკლე

▲ზევით დაბრუნება


ხალხური

გლეხი და ერეკლე

1

ნატახტარ სოფღით გახლავარ,
მდიდრათ განთქმული გლეხიო,
საწყალი კაცის მოყეარე,
მტრების გახლავარ მეხიო.
თქვენის ამალით მენვიეთ,
მიკადრეთ მონა გლეხიო,
თუ ღირხaფლად არ დაგხვდეთ,
თავზე დამატყდეს მეხიო.

2
ტონუაშვილსა მიქებენ,
ბლომათა ჰყავსო ზაქები,
ნავალ და სტუმრათ ვენვევი,
ნუთუ მართლაა საქები?
წყარო: გლეხი და ერეკლე:ხალხური პოეზია: შემდგენელი ვ. კოტეტიშვილი: თნ. "საბჭოთა მწერალი":1961.

2.3 ერეკლეს სტუმარი

▲ზევით დაბრუნება


ხალხური

ერეკლეს სტუმარი

მოდის, მოგალობს
ღიღინებს ნელა,
ფეხებსა ხლართავს.
უყურებს ყველა.
ჰკითხეს: სად იყავ?
-მეფესთანაო,
ისიც კაცია
ჩვენისთანაო.
წყარო: მაია წყნეთელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ. XI: შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. "მეცნიერება": 1984.

2.4 მაია წყნეთელი

▲ზევით დაბრუნება


ხალხური

მაია წყნეთელი

მაიას დაობლება

ადრე მოუკვდა მას დედა,
სოფელ მცხეთაში გაზრდილი,
მამამაც თავი მოიკლა,
ვერ აიტანა ქადილი.

ერეკლესა და მაიას შეხვედრა

შავთვალა, ტანით ბრგე გოგომ
ჩაიცვა ვაჟკაცურადა,
თოფ–იარაღი აისხა,
იქცევა მამაცურადა,
პატარა კახსა ეახლა,
რა კარგი სანახავია!..  
ხირიმი შეატრიალა,
დაბლა დაუკრა თავია...
ვინა ხარ, ძმაო, საიდან,
რომელი გვარის კაცია!
ჰკითხა ბატონმა,
რა იცის, რომ ქალს კაცურად აცვია.
მათე ვარ, შენი ჭირიმე!
მოვდივარ შორის-შორადა,
ჯავრი მჭირს ავკაცებისა,
ცეცხლი მწვავს ერთი ორადა.
მინდა, რომ გეყმო ერთგულად,
წელზე ვატარო ხმალია,
შენი ბრძანებით დავიცვა
ქვრივ-ოხერ, ობოლ-ქალია.
ნეფესა მოეწონება
სიტყვა–პასუხი მათესი,
თავის მახლობლად დანიშნა
გმირი სიკეთის დამთესი.

მაიას ყაჩაღად გავარდნა

უზნეო პირთა ენამა
არ მოასვენა მაია,
და მოაშორეს ნეფესა
გლახაკთ მოსარჩლე დაია.
მათე-მაია დევნილმა
ტყისკენ გასწია მალულად
და ყაჩაღობა დაიწყო,
ხან ცხადლივ, ხანაც ფარულად.
წყარო: მაია წყნეთელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ. XI: შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. "მეცნიერება": 1984.

მაიას დატყვევება და სიკვდილი

დაკოდილი ყაენის დროს
ამბავი ესე მომხდარა, –
სპარსი დაეცა ქართველსა,
დაჰკრეს ბუკი და ნაღარა.
ქალაქ ერევნის ახლოსა
მაია დაატყვევნესა,
არ დაუფასეს გმირობა
სპარსეთში გააგზავნესა.
გულით მაგარი დიაცი
არ შეუშინდა განსაცდელს,
გზაში დახოცა მცველები
და მიაღწია საწადელს...
გახარებული გამორბის,
ესწრაფის მშობელ მხარესა.
უნდა, რომ მალე ეწვიოს
თვით აღმზრდელ არე–მარესა,
მაგრამ უმუხთლა საბრალოს
ტიალმა წუთისოფელმა,
ვერ მიაღწია სახლამდე
უბედურების მნახველმა.
გზაში მოუსწრო სიკვდილმა
ტანჯული სული დალია.
მოუკვდათ ბეჩავ გლეხებსა
მათი დამცველი მაია.
ტიალ მინდორზე ობლადა
მაია ასაფლავია,
ციდან მის საფლავს ანათებს
დღისით მზე, ღამით მთვარეა.
წყარო: მაია წყნეთელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ. XI: შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. "მეცნიერება": 1984., გვ. 69-70

2.5 თინა წავკისელი

▲ზევით დაბრუნება


ხალხური

თინა წავკისელი

თინა წავკისელი ერეკლე მეფეს

შენ გენაცვალე, მეფეო,
შენ გენაცვალე, შენაო,
გიორგი არ მომიშიო,
სულ შეიჯერე თემიო.
მეც მალე დაგეხმარები,
თუ რომ გამიხსნეს ხელიო,
თუ არადა მომაშველეთ
ნახშირფორელი მღვდელიო.
წყარო: თინა წავკისელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ. XI: შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. "მეცნიერება": 1984, გვ. 70

მეფე თინა წავკისელს

თინიავ რამ შეგაშინა,
ნუ შეგეცვალა ფერიო!
შენ დაგვეკარგე, მაგრამა
არვინ არს შენი ფერიო.
წყარო: თინა წავკისელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ. XI: შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. "მეცნიერება": 1984, გვ. 70

2.6 თამრო ვაშლოვნელი

▲ზევით დაბრუნება


ხალხური

თამრო ვაშლოვნელი

თამრო ვაშლოვნელი

ლეკები სულ გავაქციეთ
მთვარიანი ღამითაო,
უკან თამრო გამოუდგა
ჟანგიანი ხმალითაო;
ჩვენცა თამროსა გავყევით,
გვიკვირდა სულ თავადთაო,
ლეკები მთლად გადავრეკეთ,
ვარბენინეთ სხვა გზითაო. .
წყარო: თამრო ვაშლოვნელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ. XI: შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. მეცნიერება: 1984, გვ. 70

თამრო ვაშლოვნელსაო

თამრო ვაშლოვნელსაო,
ვაშლი უდგია თავსაო:
რიგი მწიფს, რიგი ყვავილობს
მისი საფლავის გარსაო.
გარს დამტირებელი არ ჰყავს,
ნეტარება მის გვამსაო
ზედ ანგელოზები ჰფრინვენ
და ჰგალობენ ნანასაო.
წყარო: თამრო ვაშლოვნელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ. XI: შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. მეცნიერება: 1984, გვ. 70

2.7 წუთისოფელი

▲ზევით დაბრუნება


ხალხური

წუთისოფელი

წუთისოფელი რა არი?
აგორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.

საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუაში არი ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.

ყველა ადამის შვილი ვართ,
თუ ქალი იტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.

აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი.
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი?

წყარო: წუთისოფელი: ქართული ხალხური პოეზია: შემდგენელი ელ. ვირსალაძე: თბ. "საბჭოთა საქართველო": 1974, გვ. 42

3 ძველი ქართული მწერლობა

▲ზევით დაბრუნება


3.1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ძველი ქართული მწერლობა

*  *  *

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
დარეჯან მენაბდე

* * *

ისტორიულ-პოლიტიკური და კულტურულ-ლიტერატურული კონტექსტიდან გამომდინარე, ძველ ქართულ ლიტერატურაში დემოკრატიის პირდაპირი გაგების შესაბამისი მასალა, ფაქტობრივად, არ გვხვდება. თუმცა, ესა თუ ის ტექსტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ესმოდათ ძველ საქართველოში დემოკრატიული მსოფლმხედველობისათვის დამახასიათებელი ცალკეული კომპონენტები: ეთნიკური და რელიგიური შემწყნარებლობა, ადამიანის სწრაფვა თავისუფლებისაკენ, გენდერული თანასწორობა და სხვ. ასე, მაგალითად, ქალისა და მამაკაცის უფლებრივი ურთიერთმიმართების შესახებ საინტერესო მასალას იძლევა „შუშანიკის წამება“, სარწმუნოებრივი არჩევანის თვალსაზრისით საყურადღებოა „აბოს წამება“, საერო და სასულიერო ხელისუფლე ბათა ურთიერთობის საკითხი დგას „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, ბედნიერების უფლებასა და სოციალურ ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული პრობლემატიკა მხატვრული ფორმით ასახულია „ვეფხისტყაოსანში“ და ა. შ. დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებული თემატიკა გვხვდება აღორძინების ხანის ქართულ მწერლობაში, კერძოდ, სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებაში. „სიბრძნე სიცრუისაში“ არაერთი მაგალითი მოიპოვება ჩვენთვის საინტერესო პრობლემატიკის შესახებ, კერძოდ, მმართველის უფლებრივი მიმართება მოვალეობასა და პასუხისმგებლობასთან; „დავითიანში“ ჩანს სიტყვის, აზროვნებისა და არჩევანის თავისუფლებასთან დაკავშირებული თემატიკა.

წარმოდგენილი მასალა დემოკრატიის ამა თუ იმ კომპონენტის ისტორიის შესასწავლად უფროა გამოსადეგი და არა იმის საჩვენებლად, რომ შუა საუკუნეების ქართულ ქრისტიანულ ლიტერატურაში წამოჭრილია დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები თანამედროვე გაგებით.

3.2 სიბრძნე სიცრუისა

▲ზევით დაბრუნება


ძველი ქართული მწერლობა

სულხან–საბა ორბელიანი
სიბრძნე სიცრუისა

ლეონ ნადირობდა და ლხინობდა, არას ზრუნევდა. დღესა ერთსა წავიდა ნადირობად. თვით თოხარიკსა ცხენსა შეჯდა. ჯუმბერს ხელთ ქორი შეუსვა, უცხენოდ წინ წაიმძღვანა, საღამომდინ არბენინა, ქორსა და ქორის ნაბულს ადევნა.

მეორეს დღეს მწევრები მისცა ხელთა. მთათა და გორათა არბენინა. ფერხთსაცმელი გასცვივდა და ფეხები დაუსქდა, სისხლმან დენა დაუწყო.

მესამეს დღეს წინ შიკრიკად გამოიმძღვანა. მეტად დაშვრა, მალ-მალ დაეცემოდის, და არ მოეშვა. მანამდინ არბენინა, სადგომს მიიყვანა.

დღესა ერთსა ლეონ გაწყრა ცუდად. შეიპყრა ჯუმბერ უბრალოდ და ერგასი  ჯოხი ჰკრა და დიდად ჰგვემა. სცნა რუქამან, მოვიდა გარისხებული, არაკობა აღარ დაიწყო. მეფეს ეგრე უთხრა: 

ღმერთს მრავლის ღონისძიებით ძე სთხოვე, მან წყალობა მოგივლინა. შენ მიეც ერთსა ღვთის წყრომით აღვსებულსა კაცსა. შეუპყრია, ასი არგანი უკრავს, რა ბრალი ჰქონდა? ეგრე ავად არის, ღამემდინ სულს ვერ მიატანს და ლეონ შენ ძედ ისვი და ჩვენად პატრონად. 

მრავალი ეგევითარი საუბარი წართქვა, ვითა მტერთა წესია: რა დროს დაიცემს, მაშინ ეცდება მტერობასა. 

მეფე ერთობ შეაჭირვა და დიდად განარისხა, რომე ცეცხლისა ალი მისის ჯავრის კვამლსა მიჰრიდებდა, მეტის გაშმაგებისაგან ძრწოდა. რუქა ცეცხლის გზებას უმატებდა და მრისხანემ მეფემ ვაზირი თვისი გააძო. ლეონს კაცი გაუძახა და თრევით მოიღეს. მოკვლას ლამოდა. ეგრე კადრა ლეონ: 

ვერ მომკლავ, მეფეო, ვერა! აჰა საფიცარი შენი, ამ დღისათვინ გამოგართვი, ამას ველოდი და ვიცოდი. მე ეს წინ მედვა. ვერ მომკლავ უსამართლოდ! 

მოეხსენა მეფესა ფიცი და უთხრა რისხვით:

მოვედ და ვისამართლოთ! ლეონ მოახსენა: არა, ჯერეთ მოწყალებისა ქარითა მრისხანებისა ღველფი განაბნივე და სიტკბოსა წყლითა მისი ალი დაშრიტე, და მერმე მეტყოდე! 

სიტყვასა მასა ზედა მოვიდა მეფე ცნობასა, დაწყნარდა და დამშვიდდა.

ლეონ მყოვარ-ჟამ დადუმებითა იდგა. მერმე აუბნა თავისი ბულბულის უტკბესი ენა. ყოველსა კაცსა ასე ეგონა, პირსა იადონი უბუდებსო, ან მერცხალი ჭიკჭიკებსო. თუ რამ იცოდა, რაღას დღისთვის დაეჭირებოდა? მოახსენა:

მეფეო, დიდად ვმადლობ გულისა შენისა სიმდოვრესა და შენსა ეგზომსა სულგრძელობასა. რაზომ აღგაშფოთა კაცობისა მარცხვენელმან და გაუკითხავად არ მამკალ! აწ ესე ბრძანოს მეფობამან თქვენმან: ძე შენი სამეფოდ გინდა, თუცა მწყემსად? მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიან უგვანთა მეფეთა. მწყემსი ხამს ცხოვართათვის იჭირვოდეს, კეთილთა ბალახთა აძოოს, ამოდ ატაროს, დაკოდილი შეუხვიოს და მპარავს არიდოს. ესე თუცა ვერა ყოს, სამწყსო შეუმცირდეს. ეგრევე მეფე ესეთი ხამს: გლახაკთა, მონათა, გლეხთა, მსახურთა, აზნაურთა, თავადთა, დიდებულთა, მეფეთა და ხელმწიფეთა წესი, რიგი, შრომა, ჭირი, მუშაკობა, საქმე, ვაჭრობა, სმა-ჭამა და მიცემა იცოდეს. თუცა ეგოდენ ხანს ფეხზე არა მდგარიყო, რამცა იცოდა მონათა, მსახურთა და მწდეთა ჭირი, თუ ზედგომასა რა გარჯა აქვს? თვით მეფე ზის, უნებს აღდგება, უნებს დაჯდება. მათი სამსახური ვითა სცნას, რას მიიჭირვებენ მისთვის? დღე ყოველ ზე დგანან და დაითმენენ. თუცა შიმშილით არ მომყმარიყო, რამცა იცის, გლახაკთა და უღონოთა შიან, ანუ სხვათა ვისმე საჭმელი აკლს? იგი ყველას კეთილსა სჭამს და სვამს, არ მოიმშევს. არაკად თქმულა: მაძღარი კაცი მომყმარს პურს წვრილად უფშვნეტდა და ზედ დაჰყვედრიდა: რად ღორულად სჭამო! თუცა უცხენოდ სლვა და ფეხშიშვლობა არ გამოეცადა, ბაზიერთა, შიკრიკთა და ყოველთა მკვირცხლთა ჭირნი რითა სცნას, რომლითა სიბრალულითა შეიბრალებდა? იგი მერანთა ანუ თოხარიკთა ცხენთა ჯდეს, გინა ეტლითა ვიდოდეს. არგნისა სიმწარე არ ენახა, რა გამწყრალიყო მონათა ზედა, ებძანა ასისა და ორასისა არგნისა კვრა, სხვათათვის მეტი და სხვათათვის ნაკლები, თვით მცირე სატანჯველი ეგონებოდა. აწ ყოველთა გლახაკთა, უღონოთა და მდაბალთა ჭირნი მისწავებია და ამისა შემდგომად ნახეთ თქვენცა, რა არის სასწავლოდ მისსა? 

ნახა მეფემან და მოისმინა სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი. დიდად მოეწონა და შეინანა, რაცა ლეონისათვის ავი ექმნა, მოეხვია ყელსა: 

რა ვყო, შვილო, მიმძიმს, ავთა კაცთა ენამან და შვილისა სიმწარემან აღმაშფოთა.

 

სიბრძნე სიცრუისა

წყარო: სიბრძნე სიცრუისა : [იგავ–არაკების კრებული] / სულხან–საბა ორბელიანი; [რედ. გაუკეთა და განმარტებები დაურთო ნანა სუხიტაშვილმა; მხატვ. ლევან სილაგაძე], – თბ.: ანბანი, 2009 ("ფავორიტი"). – 116გვ.

3.3 დავითიანი

▲ზევით დაბრუნება


ძველი ქართული მწერლობა

დავით გურამიშვილი
დავითიანი

164
თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,

სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!
მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი:

თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი!

 

165
ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს,

მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,

რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს, -
ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!

 

166
ამ ამბის თქმა გარჩევითა გულმან ამად არ მინება,

ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე მერცხვინება.

მტერს შაესმის, იამების, მოყვარეს კი ეწყინება.
რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება.

167
ტყუილი ვჰთქვა, ჩემი თქმული შეიქნების რა სავარგი?
მართალი ვჰთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი!

კაცს მის მეტი არა აქვს-რა სიკვდილს უკან თან საბარგი,

სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი.

 

168
აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?

კარგს კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცე აქო?
ავს კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო?!

 

169
პირს-ფერობა, უკან ძრახვა არა თქმულა საფარსაგო.

სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო;
ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო,
მაზე სული არ წარვსწყმინდო, რა გინდ ხორცით დავიკარგო.

 

170
მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?

ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.
მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,

ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.
 

171
ამისთანას მკურნალს ვაქებ, მილესევდეს ფაზარ-ხუთოს,

არ თუ მასა, უწამლობით პირში სული ამამხუთოს.

ამისთანას ბატონს ვაქებ, მან ერთი ყმა განახუთოს,
არ თუ ხუთი აღარც ერთ-ქმნას, ასე საქმე თავს მოურთოს.

 

172
მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,

მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!

წამხდენელთა და მბაძველთა კიდევ სხვაც რამ წაუხდების;

ძრახვავე სჯობს საძრახავთა, ძრახვას კაცი მოუფთხვებისეონ

დავითიანის ლექსიკონი
წყარო: დავითიანი : [პოემა] : (სრული ტექსტი) : [სახელმძღვ. საშ. სკოლისათვის და უნ-ტისათვის] / დავით გურამიშვილი ; ნოდარ ნათაძის შესავ. წერილით, განმარტებებითა და კომენტარებით. სასწავლო გამოცემა. თბ. : Carpe diem : [ალექსანდრე ალადაშვილი], 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). 408 გვ. ; 24 სმ.. წიგნს ერთვის ვრცელი ამონარიდი კ. კეკელიძის კომენტარიდან "დავითიანის" 1955 წლის საიუბილეო გამოცემისათვის. კომენტარები: გვ. 385-389. ISBN 978-9941-0-5749-6, 500 ც.

4 XIX საუკუნის ქართული მწერლობა

▲ზევით დაბრუნება


4.1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მაია ნინიძე

XIX საუკუნის ქართული მწერლობა

* * *

ქართული კულტურული კონტექსტის მიერ გათავისებული ზნეობრივი იდეალები, რომელსაც ღირებულებრივად ასაზრდოებდა ქრისტიანობა, XVIII-XIX საუკუნეების ევროპის ლიბერალურ და დემოკრატიულ მოძრაობებს ორგანულად შეეთვისა. საზოგადოებრივი და ლიტერატურული პროცესების გააქტიურება XIX ს. საქართველოში გამოიწვია ჟურნალ-გაზეთების („ცისკარი“, „საქართველოს მოამბე“, „დროება“, „ივერია“, „კვალი“ და სხვ) მომრავლებამ. ამ თვალსაზრისით, ერთი მხრივ, აღსანიშნავია მამა თა (დიმიტრი ყიფიანი, ბარბარე ჯორჯაძე), შვილთა (ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი), მომდევნო პერიოდის მწერალთა და ე.წ. საზოგადო მოღვაწეთა (იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვ.) მხატვრული და პუბლიცისტური მემკვიდრეობა, სადაც განხილული იყო ყველა ის აქტუალური პრობლემა, რასაც თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებებად მოვიაზრებთ (აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლება, გენდერული, ეთნიკური, სოციალური, ეკონომიკური თანასწორობა, შემწყნარებლობა და მისთ.). მეორე მხრივ, ყურადღებას იმსახურებს, თავისთავად, ის ფაქტი, რომ სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ დაბალი სოციალური წრის წარმომადგენლები (იოსებ დავითაშვილი, ეგნატე ნინოშვილი და სხვ.) და ქალები (ბარბარე ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია და სხვ.).

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ XIX ს. 70-იან წლებამდე ლიბერალური და დემოკრატიული იდეების გავრცელების არეალი პეტერბურგის უნივერსიტეტით შემოიფარგლებოდა,

აღნიშნული პერიოდიდან ქართველები, უშუალოდ, ევროპული უნივერსიტეტებისკენ იკვალავდნენ გზას. სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ქართველი ქალები განათლებას იღებდნენ ციურიხის უნივერსიტეტში. მათი მოღვაწეობის შედეგად საქართველოში, XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში დაარსდა არაერთი ორგანიზაცია და პერიოდული გამოცემა, რომელთა მიზანი იყო ქალთა და მიუსაფარ ბავშვთა განათლება და სოციალური გააქტიურება. ქართველი მწერალი ქალები თავიანთ შემოქმედებას უთმობდნენ ისეთი აქტუალური პრობლემების წარმოჩენას, როგორიცაა ბავშვთა, ქალთა, სოციალურად დაუცველთა და, თვით, ცხოველთა უფლებების დარღვევა.

XIX საუკუნის ქართველი მწერლები, საკუთარი გემოვნებისა და შეხედულებებისამებრ, ყურადღებას უთმობდნენ სხვადასხვა ფუნდამენტურ ღირებულებას. მაგ. აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, ეგნატე ნინოშვილი ცნობილია, რომ ძირითადად, ამუშავებდნენ ნაციონალურ და სოციალურ თემატიკას. სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდის სასკოლო პრაქტიკასა და ლიტერატურათმცოდნეობაში მწერალთა ლიტერატურული მემკვიდრეობა, სწორედ, მხოლოდ სოციალურ ჭრილში იყო განხილული. ჩვენი ამოცანაა, წინამდებარე ანთოლოგიით ნათელი მოვფინოთ XIX ს. ქართულ ლიტერატურაში იმ სამოქალაქო ტენდენციებს, თანამედროვე დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც ტოტალიტარული პერიოდის ქართულ ლიტერატურულ პრაქტიკაში შეგნებულად იყო გადაფარული.

4.2 საზოგადო ვალი ერთის ოჯახის შვილებისა

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

დიმიტრი ყიფიანი

საზოგადო ჩვენი სურვილი არის: ყმებს თავისუფლე- ბა მიეცეს, ჩვენ სამაგიერო ფული მოგვეცეს და ადგილ-მამული ჩვენ დაგვრჩეს.

ძველთა დროთაგან ჩვენსა და ჩვენთ ყმათა შორის ისეთი დამოკიდებულება არის დამკვიდრებული, რომელიც დიდად ემსგავსება დამოკიდებულებასა ერთის ოჯახის, ერთის სახლის შვილებისასა. ჩვენს ყმებს ისე კი არ ვიგულებდით, როგორც ჩვენს მონებსა ან ტყვეებსა, ყოველთვის ისე მიგვაჩნდნენ, როგორც თანამშრომელნი და ჩვენთან ერთად შემმუშავებელნი ჩვენის საერთო საჭირნახულოსნი. იმათაც ისე არ ვეგულებოდით, როგორც მაწუხებლები და მტარვალები: ისე მივაჩნდით, როგორც მფარველნი მათნი და საერთო ყოფა-ცხოვრების გამგებელნი. მარადის გაერთიანებული იყო ჩვენს შორის ჭირიცა და ლხინიცა. ერთმანეთის დასაცველად და დასაფარავად ერთად ვათხევდით სისხლსა და ერთი ერთმანეთს ხელს ვუმართავდით ყოველს საქმეში და ყოველს გაჭირვებაში. მართალია, ამგვარს ცხოვრებაში შემოგვეპარებოდა ოდესმე აქა-იქ უსიამოვნებაცა, რომელიც აუცილებელი არის ყოველგვარს ცხოვრებაში, მაგრამ საზოგადო თვისება ჩვენის დამოკიდებულებისა მაინც არასდროს არ შეცვლი ლა ბოროტად ყმათათვის, ამისთვის, რომ არც იმათგან დარღვეულა საზოგადო ვალი თავდადებითის ერთგულებისა ჩვენდა მომართ და ყოველთვის განმწირველნი ყოფი ლან, თავისა ჩვენდა სანაცვლოდ.

ეს ძველებური დამოკიდებულება იყო უმთავრესი მიზეზი, ეს იყო ის ქვაკუთხედი, რომელზედაც ემყარებოდა სიმტკიცე ჩვენის სარწმუნოებისა და შეუმუსვრელობა ჩვენი მტერთაგან, რომელნი გარს გვეხვივნენ და ჰმძვინვარებდნენ საუკუნოებათ მომდინარეობასა შინა.

რადგან აღსასრულებლად უმაღლესის ნებისა ხელვყოფთ ეხლა ჩვენს მკვიდრს მოწყობილობასა შესაშლელად, არ შეგვიძლია გულის სიწრფელით არ ვისურვოთ, რომ ამიერიდან მათ შორის, რომელნი ვართ აქამომდე მფლობელნი მათნი, დამკვიდრდეს ახალი განწყობილება ისეთი, რომ შეესაბამებოდეს ჩვენს მადლობითს გრძნობასა და იმ სიკეთით დაუვიწყებლობას, რომელნი არსებობენ ჩვენ შორის და გვახსოვს ორთავე მხარესა.

ამის გამო ჩვენ გვსურს ისეთი მდგომარეობა მივანიჭოთ ჩვენს ყმებსა, ჩვენს გამომზრდელებსა, ისეთს ყოფა-ცხოვრებაზედ დავაყენოთ, რომ თვით შეიძლებდნენ კეთილად წარმართვას თავის ოჯახობისასა, თავისუფლად განაგებდნენ თავის შრომასა და ჩვენც შევძლებდეთ ჩვენთვის მოვლას ჩვენის საოჯახო საქმეებისას.

ეს აზრი თუ მიღებულ იქნა, განვრცელება მოუნდება, განმარტება, შიგა და შიგ განკანონება, საქმეებიდგან საბუთების გამოკრება და სხვანი. ეს არის მიზეზი, რომ უნდა მიენდოს საზოგადოებისაგან რამდენსამე პირსა ჯეროვანის ქაღალდისა და ახალის დებულების შედგენა

ამ საფუძველზედ, და რა რომ შეადგენენ, მაშინ კიდევ შევჰკრბეთ, ყურადღებით მოვისმინოთ, გულდასმით გავშინჯოთ და, თუ ჭკუაში დაგვიჯდა, მაშინ მოვაწეროთ ხელი და საზოგადოებ სვე წარვუდგინოთ.

1862 წ.

წყარო: საზოგადო ვალი ერთის ოჯახის შვილებისა: ქართული მწერლობა: ტ. 20. თბ. „ნაკადული“: 2003. გვ. 264-268

4.3 თურქმენული ცხენი (ნაწყვეტი)

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

დიმიტრი ყიფიანი

თურქმენული ცხენი (ნაწყვეტი)

ეს მოხდა ჩყკ-სა [1820] ზოგი სპარსეთში და ზოგი თურქისტანში.

ახლა ამ მოთხრობაში მეორე კარია შესაღები. მანამდისინ ამ კარს შევაღებდეთ, როგორ მოითმინოს კაცმა, რომ პატარა ხანს არ შეფიქრდეს. ასაღებდასაღები, გამოსარკვევი და კაცობრივის მსჯელობით შესაწონი საგანი ყოველს საქმეში ურიცხვი არის ხოლმე და ამ მოთხრობაშიაც არის, რასაკვირველია. ამბავი რაც უნდა შემოკლებული იყოს, კაცი თუ ყოველსავე გამოსაკიდებელს გამოეკიდა, შეიძლება ყარამანიანის ოდენი წიგნი დაიწეროს. მაგრამ მე რომ შენი ხასიათი ვიცი, აქ შენს ყურადღებას მარტო ორს საგანზედ მოვითხოვ:

უფლება და სამართალი არის რამე იმ ქვეყანაში თუ არა? რომ ალლაიარის მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მთავრობას მიჰმართოს და იმისგან ითხოვოს სამართალი ამ გვარის მტაცებლობისა? – ეს ერთი.

ნურ-აღასაგან რომ იქ კრინტი არ ამოღებულარა, სხვა ქალებიც ამ მდგომარეობაში არიან იქა, თუ მარტო ამას დაემართა, რაც დაემართა? – ეს მეორე.

დიაღ მართალია, რომ ამ ორი საგნის გამოძიება მაგდენად არაფრად არის საჭირო არც შენთვის, ჩემო უძვირფასესო თეიმურაზ, და არცა ჩემთვისა; მაგრამ ცოდნა ვის მოჰსჭარბებია და აქ რომ ცოტაოდენი ვილაპარაკოთ რამე, ზარალი მაინც ვის რა მოუვა.

მართვა და მსჯელობა, უეჭველია, ყოველს ქვეყანაში არის, მაგრამ იმდენ-ნაირი, რამდენ-ნაირიც ხალხი და საზოგადოობაა ქვეყანაზედ, სხვა და სხვა ტომისა და სხვა და სხვა ჰსჯულისა.

ალლაიარს სპარსეთში მოსტაცეს ცოლი და თურქისტანში გაიყვანეს. სპარსეთში და თურქისტანში, მოგეხსენებათ, თემის მმართველნიც არიან, მაზრისაცა და სოფლისაცა; იმათი დაწყობილებაც
ისე არის შეთანხმებული იქაურს ადგილ-მდებარეობასთან, ქვეყნის ჩვეულებასთან და საზოგადო მსჯელობასთანა, როგორც ყოველგან სხვაგანა. იმათი ხელმწიფობითი წესდებულება და იმათი სამართლის კანონები ქართულს ენაზედ რომ გადმოთარგმნილი წინ გედვას და გულისყურით წაიკითხო, ასე იტყვი,
რას ემართლებიან იმ ქვეყნებსა, ყოველივე დაწყობილება დიაღ კარგი ჰქონიათო. მაგრამ საქმით კანონი უღონოა და ბოროტმოქმედება იქაურის მმართებლობის მოსამსახურეებისა იქამდინ არის გავრცელებული, რომ თვითმნებელობა უძევს საფუძვლად ყოველს მმართველსა და მსაჯულსა. ქვეყნის სიკეთისა და მშვიდობიანობისათვის რომ იქ გულით ჰზრუნავდეს ვინმე, თვითანვე იტყვის: `ერთი კაცმა მკითხოს, მე რაღაზედ ვიცივებ თავსაო~. – ასე იტყვის კაცი, თუ რომ სვინიდისი, ეს ზეციერისაგან მიჩენილი
მოსამართლე, არ დაჰსდუმებია და გული არ გაჰქვავებია. მანამდისინ საზოგადო თვისება არ მოგვაგონდება ადამიანის ხასიათისა, ასე უნდა ვიტყოდეთ: ქვეყანაზედ არა იქნებარა არც სახიერება და სათნოება ისეთი, არცა სიპილწე და სიმყრალე ზნეობითი, რომ კაცს იმისი შეჩვევა გაუჭირდებოდეს. საოცარი ქმნილება
არის კაცი: მფლობელი არის აუარებელის ნიჭისა და, თუ მოიწადინა, შეუძლია ძლიერება უძლეველი და სიწმინდე ანგელოზის შესადარებელი შეიმოსოს. თუ არა და შეუძლია დამდაბლდესცა სულითა და ხორცით უმდაბლეს ყოვლად საზიზღარის ქვეწარმავალისა.

თურქისტანშიაც ისეა ხალხი შეჩვეული მმართველების უსვინდისოებასა და ბოროტ-მოქმედებასა, რომ, ზემოთ რო ვჰთქვით, – `მე რაღაზედ ვიცივებ თავსაო~, – ამასკი აღარავინ იტყვის, სხვა რასმე ღონისძიებას მოიხმარს თავისის წადილის შესასრულებელსა, ისეთს ღონისძიებასა, რომ საზოგადო ზნეობითს გარყვნილებას შეეფერებოდეს.

ალლაიარს რომ თურქისტნის მთავრობისათვის მიემართა, მოურავებისა, დივანბეგებისა, ბეგლარ-ბეგებისა, მსაჯულებისა და მსაჯულთ უხუცესების კარებების ცვეთას მოუნდებოდა თვითანაცა და ყოველი იმისი საცხოვრებელიცა; ამიტომ რომ, – აღორძინდით და განმრავლდითო, – ამის მაგიერად სხვა სიტყვა არის ჩვეულებით ჰსჯულად დადებული იქაურს მოხელეებში: `ისარგებლეთ და იცხოვრეთ, გვასარგებლეთ და გვაცხოვრეთო~. – ალლაიარმა კარგათ იცოდა ეს ჩვეულება ჰსჯულთუმტკიცესი და მიანება დრომდის თავი გულის დამჩაგვრელს თავისს საქმესა.

ახლა, ნურ-აღამ რატომ ხმა არ ამოიღო, ნასრ-ულლა რომ იტაცებდაო.

ნურ-აღა, ნუ დაივიწყებთ ამასა, ქალი იყო და სადაც კი კაცის ბუნებაზედ ყარამანიანის ოდენი წიგნი დაიწერება, იქ ქალის თვისებასა და ქალის მნიშვნელობას არც ოთხი წიგნი ეყოფა ასაწერად და განსამარტებელად.

რაც ამაზედ სხვა და სხვა საქვეყნო ჩვეულებაში სხვა და სხვა აზრი არსებობს, რამდენსამე უმთავრესს აქ მოგახსენებ და იმედი მაქვს, რასაც აქ სხარტულად გამოგიხატავ, ისიც საკმაო იყოს ფილოსოფიურის მსჯელობის შესაფიქრებელად. სადაც წარმართება და კერპთ-თაყვანის-ცემა არსებობს, იქ
ქალისას იტყვიან, იმისთვის არის გაჩენილიო, რომ გულის-თქმა მამრისა, ან ასე ვთქვათ, ბუნებითი მიზიდულება სქესებრი მოიოხებოდეს და შესრულდებოდესო. სხვა არცარა მნიშვნელობა
აქვს იმათში ქალსა და არცარა ღირსება კაცობრივი. ზოგან ისეა ქალი ჰსჯულით დამდაბლებული, რომ დაქვრივებული ცოლი სახმილში თან უნდა ჩაჰყვეს ცოცხალი მიცვალებულს ქმარსა და იმასთან ერთად უნდა დანაცრდეს.

მაჰმადიანები ცოტა უფრო მაღალს ხარისხზედ აყენებენ ქალის მნიშვნელობასა. მართალია, ქალს იმათში არც საზოგადო საუბარში გარევა შეუძლია, სამსჯელო თუ სამეცნიერო ბაასში, და არცარა ქვეყნის გამოსადეგი მოქმედება რამე, რადგან ჭკუა 160 მოკლე აქვსო, ასე ამბობენ და ჰსჯერათ კიდეცა, რასაც ამბობენ; მაგრამ შინაობაში სახლის მართვა და ბატონის ქმრის სიამოვნება ქალსა აქვს მითვისებული. კანონი აღიარებს ქალსა საშინაო მომსახურედ და მემცხედრედ ქმრისათვის, ან ასე ვჰსთქვათ ცოლად (თანაწოლად, თანმწოლად) და კაცს ნება აქვს სამი ერთად იყოლიოს ამ გვარი ცოლი კანონიერად და რამდენისაც რჩენა შეეძლოს, იმდენი უკანონოდ. არც კანონიერთაგანსა და არც უკანონოთაგანს ქმართან ხმა სულ არა აქვს არც შინ და
არც გარეთ; ბძანება ქმრისა უცვალებელი არის.

ქრისტიანენი, სწორეთ ღვთიურის ჰსჯულის აღმსარებლები, ვამბობთ, რომ სული ქალისა თანაჰსწორ არიანო ღვთისა წინაშე. ქალი არის მეუღლე, შეტოლებული მეგობარი კაცისა, იმდენად პატივცემული, რომ ზოგიერთს საქვეყნოს ჩვეულებაში უწინ ისინი იხსენიებიან: დედ-მამა, ცოლ-ქმარი, ცოლ-შვილი, ქალ-ვაჟი.
აღვიარებთ, რომ ქალის ნიჭიერება ხან და ხან გადააჭარბებს კიდეცა კაცის ნიჭიერებასა, და ქალი არის ის ქვა ოთხკუთხედი, რაზედაც ეფუძნება ამ წუთის სოფელში სიამოვნება და ბედნიერება კაცისა და მეგობრობითად წარიმართება ხელი სათნოდ ცხოვრებისათვის.

ქალებზედ ეს არის უმთავრესი მოძღვრება ჩვენი სარწმუნოებისა და სარწმუნოებაზედ დამყარებულის ჩვეულებისა და სხვას არას ჰსჯულში არ არის ქალის მნიშვნელობა ამ სიმაღლემდის
აყვანილი.

მაგრამ ჩვენს ქრისტიანობაშიაც რამდენ-ნაირად არის შეიწროებული თუ გაჰვრცელებული კაცობრივი სამართალი ქალისა, ამას ვინ მოჰსთვლის. ზოგან პატივი შესაბამი ჰსძევს ქალსა; მაგრამ წრე იმის
მოქმედებისათვის არის სახლი, გათხოვებამდინ სამშობლო და გათხოვების შემდეგ საქმრო.
ზოგან გათხოვებამდინ სრულიად არაფერი ნება არა აქვსრა ქალსა და რა რომ ქმარს შეირთავს, მაშინ კი თავისუფალია და წევრი საზოგადოებისა.

ზოგან გათხოვებამდინა აქვს სრული თავისუფლება ქალსა; როგორც ჩვენში საცოლო ყმაწვილი კაცები, ისე იქ გასათხოვარი ქალები თავისუფლებით ჰმსვლელობენ და პატივი ჰსძევთ ისეთი, რომ, მაგალითად, მრთელი ამერიკა რომ მარტო შემოიაროს ერთმა ქალმა, ყოველი კაცი მოსამსახურეა იმისი და ხელის გამმართავი
და დიაღ ძვირად მოჰხდება შეგინება იმის პატიოსნებისა ან დარღვევა იმის კეთილ ზნეობისა, თუ არ შეამცნიეს გავარდნილთაგანი არისო; და რომ ეს ქალი, თავის ნებით და აღრჩევით, ქმარს შეირთავს, იმ დღეიდამ მოკიდებული, თითქმის სულ ხელაღებულია ქვეყნიერებაზედაცა და საზოგადოებაზედაც. ყოველი
ზრუნვა და ყურად-ღება შინაურს საქმეებზედა აქვს მაშინ მიქცეული და შვილების აღზრდაზედ. ევროპიულმა განათლებამ მხოლოდ ამერიკაში დააყენა ქალი ამ საპატიო ხარისხზედ.

1862 w.

წყარო: საზოგადო ვალი ერთის ოჯახის შვილებისა: ქართული მწერლობა: ტ. 20. თბ. „ნაკადული“: 2003. გვ. 18-22

4.4 ორიოდე სიტყვა ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ბარბარა ჯორჯაძე

ორიოდე სიტყვა ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ

პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის;ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდენ ეს თავის ამხანაგი ყოვლისგზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ: შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ, სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო. თითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ, გავქუსლავ ცის კიდემდის, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის-რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველგვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო. გაიფართოვა გზა და დედაკაცი ვითომ ვალდებულებაში ჩააგდო: თუ მე არა, ლუკმას ვერ შესჭამო. მართალია, დედაკაცისთვის თვით ბუნებას არ მოუცია ვრცელი ასპარეზი, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც შეიქმნება დედად და კისრად დააწვება ოჯახის მოვალეობა. მაგრამ გათხოვებამდის კი უნდა ჰქონოდა ქალსაც თანასწორი აღზრდა და მიმართულება, რომ შესძლებოდა თავის თავის ცხოვრება და ქმრის უღელის გაწევა. მამაკაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედაკაცის შრომა, უპირატესობა თვით დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არც არა გესმით, გამოყრუებული და გამოფშუტურებული ხართ, თქვენ თვალებს თავლის ჩინობა არ შეუძლიან, ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი და ვინ მოსთვლის, რა არ უწოდებია კაცს, ამ კაცის სათაყვანებელი არსებისათვის, რომელიც არის დედა, და, ცოლი და ასული. თითქოს ქალი და კაცი განგებას ერთის ძალით და ერთის ბუნებით არ შეექმნას! ის მხოლოდ, როდესაც ქალს ეტრფიალებოდა, მაშინ ამკობდა სიტყვებით: მზე ხარო, მთვარე, ვარდი და ზამბახიო.

ახლა ბრძანეთ, ამგვარ გზაზედ დაყენებული, უსწავლელი და შებორკილი არსება, პირუტყვულ წრეში მყოფი ცუდიც რომ გამოსულიყო, ვინ იყო პასუხისმგებელი? ამოდენი საუკუნოების განმავლობაში ამ გვარად მომდინარეობდა ქალების ვითარება და ყურადღება არავისა ჰქონდა მიქცეული, მხოლოდ კაცთა გამოხსნისათვის განხორციელებულმა უფალმა, ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა: არა არს გარჩევა არცა მამაკაცთა და არცა დედაკაცთაო. მაგრამ რა წრესაც კი პირველად დაადგა კაცი, იმ წრის გადაცილება სჯულის გარდამავლობად მიაჩნდა.

საბრალო ქალებს იმ დაჩაგვრით მაინც ვერ დაუთრგუნეს ნიჭი და გონება: თუ განათლება არ მისცეს, თავიანთ დედაენაზედ მაინც კარგად და საძირკვლიანად შეეძლოთ ნათელი მსჯელობა და საქმიანობა, ვინ იყო მწიგნობრობის პატრონი და წერა-კითხვის გამავრცელებელი ჩვენში, თუ არა ქალი, როდესაც კაცები მამულის დასაცველად თოფიარაღზედ იყვნენ დაყუდებულნი? თუ აქამომდე მოაღწია მდიდარმა ქართულმა ენამ, ქალის მეოხებით მოაღწია.

დღეს კი სხვა ქვეყნებიდან ჩვენშიაც შემოვიდა ახალი დრო განათლებისა და აყვავებისა. ახლა მაინც ჩვენმა კაცებმა დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედაკაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს-რა. ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან, თუკი საქმეს უშველიან რასმე.
წყარო: სორიოდე სიტყვა ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ: ჯორჯაძე ბარბარე: რჩეული თხზულებანი. თბ. „საბჭოთა საქართველო!: 1988

4.5 კაცებს

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ბარბარა ჯორჯაძე

კაცებს

მიკვირს, გულში რათ ჩაგეჭრათ,
კაცთ ქალების მეშურნობა?
როგორც ნივთი დაგიპყრივართ
და არა გაქვთ ჩვენი ნდობა.

სულ გვძრახავთ და სულ გვაძაგებთ,
არც ჭკუა აქვთ, არც გრძნობაო,
რა ესმით, რას გააგონებთ,
რომ არა აქვთ გონებაო.

ქალმა გიხსნათ სატანჯველით,
შეგაერთათ ზეცის ძალსა,
გაგიბრწყინდათ ბნელი ნათლით,
რომ იაროთ გზას უვალსა.

დაცემულნი აღგადგინათ
და იტვირთა თვით ძე ღვთისა,
რომ სამოთხე კვლავ გეპოვნათ
და მოესპო წყევა ისა.

ქალი იყო წმინდა ნინა,
რომ კერპობა დაარღვია,
ქრისტეს მცნება დაგვიდგინა
და ხელთ იპყრო ივერია.

თამარ მეფე, გმირთა-გმირი,
ქართველთ სახელის მომფენი,
ვინც განჰკურნა ქვეყნის ჭირი
და ადიდა ჩვენი ძენი.

მრავლის ტანჯვის მიმღებელი,
ის ქეთევან დედოფალი,
ვით დაიცვა ქრისტეს რჯული
და ეწამა ტურფა ქალი.

ხომ ასეა და რათ გვჩაგრავთ,
რათ გვაყენებთ ამდენს ვნებას?
ძალის-ძალით თვალებს გვიხვევთ
და ცდილობთ ჩვენს დამუნჯებას.

მშობელს დედას, ცოლს და ასულს,
ასე როგორ დაამდაბლებთ?
ცბიერათ ხდით, უწუხებთ სულს,
ბოროტებას მუდამ სწამებთ.

მათ სიტურფეს ჯადოთსახავთ,
მაშ თქვენ რაღათა ტყუვდებით?
რაკი კეკლუც ქალსა ნახავთ,
გადირევით , შეიშლებით.

დარწმუნდით, რომ ამხანაგათ
შევქნილვართ და უნდა ვიყოთ,
მაშ აღგვზარდეთ ზნითაც კარგათ,
რომ ყოველ მხრით სრულნი ვიყოთ.

წყარო: კაცებს: ჯორჯაძე ბარბარე: რჩეული თხზულებანი. თბ. „საბჭოთა საქართველო!: 1988

4.6 პროვინციალური გაზეთები

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ილია ჭავჭავაძე

პროვინციალური გაზეთები

თფილისი, 20 იანვარს.

ერთი უმთავრესთაგანი დანიშნულება ყოველ პროვინციალურ გაზეთისა, როგორც მოგეხსენებათ, ის არის, რომ საზოგადოებასა და თვით მთავრობასაც აცნობოს იმ მხრისა და ხალხისა მდგომარეობა, საჭიროება, ავი და კარგი, იმ ქვეყნის მოთხოვნილება, ლხინი და დარდი, და ერთის სიტყვით, ყველაფერი, რაც კი საზოგადო საქმეებს შეეხება იმ ქვეყნისას, სადაც ეს გაზეთი გამოდის.

ამ დანიშნულების შესრულება პროვინციალურ გაზეთს მით უფრო ადვილად და ქვეყნის სასარგებლოდ შეუძლია, რაც ის უფრო ნაკლებად დამოკიდებულია სხვადასხვა გარეშე მიზეზებისაგან, რაც უფრო მომეტებული ნება აქვს მიცემული, რომ ყოველ საზოგადო დაჭირებაზე და ლხინზე თამამად და მოურიდებლად ილაპარაკოს და სწეროს.

სამწუხაროდ, ხშირად სატახტო გაზეთებიც არ არიან ამგვარს მდგომარეობაში, პროვინციალურ გაზეთებს ხომ იმის ნახევარი დამოუკიდებელობაც არა აქვს მინიჭებული, რაც ზემოხსენებულ სატახტო გაზეთებსა.

უმთავრესი დამაბრკოლებელი მიზეზი შემმფერხავი პროვინციალურ სტამბისა ის გახლავთ, რომ რუსეთში საზოგადოდ ბეჭვდის შესახებ არ არის კარგად გარკვეული, განსაზღვრული კანონები.

აქედამ წარმოსდგება გაურკვევლობა რუსეთის სტამბის მდგომარეობისა. დღეს ერთის თქმის ნებაა, ხვალ არა, ზეგ შეიძლება, მაზეგ კიდევ არა - როგორ უნდა გამოიკვლიოს ჟურნალისტმა გზა ამისთანა მდგომარეობაში?

თვით ჩვენმა უმაღლეს მმართებლობამ იგრძნო ამისთანა მდგომარეობის მოუხერხებლობა და ამიტომაც ამ უკანასკნელის სამის წლის განმავალობაში პეტერბურღის გაზეთებში ხშირად იწერებოდნენ, რომ დანიშნული არისო ცალკე კამისია, რომელსაც ბეჭდვის შესახებ კანონების გამოცემა აქვს მინდობილიო.

მთელი რუსეთი მოუთმენელად მოელის ამ ახალ კანონებს ბეჭდვის შესახებ. ყველას ჰსურს, რომ ახლანდელი გაურკვეველი მდგომარეობა შეიცვალოს და მტკიცე, თუნდაც უფრო სასტიკი კანონები გამოიცეს, მხოლოდ კანონი კი იყოს; იყოს კანონი და ვიცოდეთ, რომ ვალდებულნი ვართ ამ კანონს ვემორჩილებოდეთ.

მაშ, ვინატროთ, რომ რაც შეიძლება მალე შეიცვალოს ახლანდელი მდგომარეობა, განსაკუთრებით პროვინციალურ ჟურნალ-გაზეთებისა, და რაც შეიძლება მალე დამყარდეს იმისთანა წესი, რომელიც ამ ჟურნალ-გაზეთებს ერის ნამდვილ სამსახურის შეძლების ღონეს მისცემს.

[1882 წ.]

პროვინციალური გაზეთები

ნაბეჭდი: 1882 წ., 21 იანვარი, № 14, გვ. 1.

თარიღი: 20 იანვარს.

დაიბეჭდა გაზეთის სარედაქციო გვერდზე, ხელმოუწერლად.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პროვინციაში აქ შეიძლება მთელი საქართველო იგულისხმებოდეს და მის გაზეთებში „დროებაც“, ილია ჭავჭავაძე ამ სტატიაში წამოჭრილი პრობლემით აუცილებლად იქნებოდა დაინტერესებული. ამდენად მისი ავტორობა სავსებით შესაძლებელია.

4.7 კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ილია ჭავჭავაძე

კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია

 

ტფილისი, 26 მაისი

კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება. იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალმდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს. ბუნებითად კანონი ყველასათვის ერთნაირი დავალებაა, ერთნაირი უფლება და როცა იგი ერთს ერთნაირად ექცევა და მეორეს სხვანაირად, მაშინ იგი სხვა არა არის რა, თუ არ რჯულად შექმნილი უპირატესობა ერთისა მეორის წინაშე.

ვერა წესიერად მოწყობილი მოქალაქური ცხოვრება ვერ შეიფერებს ამისთანა უსწორმასწორობას უიმისოდ, რომ თვით ზედ არ გადაეგოს, პირქვე არ დაემხოს და ამიტომაც არ არის ქვეყანაზედ არც ერთი იმისთანა განათლებული სახელმწიფო, საცა ყველას თანასწორობა კანონის წინაშე დედააზრად, სათავედ არ ედვას ყოველს კანონმდებლობას, ყოველს რჯულიერებას. რუსეთის სახელმწიფოშიაც ეს თანასწორობა ყველასი კანონის წინაშე ცხადად გამოთქმულია. განსვენებულის იმპერატორის ალექსანდრე II განსამართლების რჯულდებამ ეს თანასწორობა მტკიცე საფუძველზედ დააყენა რუსეთის იმპერიაში და აწ არსებული და მომქმედნი კანონები ყველას ერთგვარად და განურჩევლად უქადიან მფარველობას და შემწეობასა.

თუმცა რჯულიერება კანონის წინაშე ეგრე გვასწორებს ყველასა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, თვითონ ცხოვრება, რომელსაც ჯერ ვერ აღმოუფხვრია ძირიანად ძველნი ზნენი და წადილნი, ჯერ კიდევ ეურჩება კანონს და დიდი ჰბედავს შებღალვას პატარის უფლებისას მარტო იმ აზრით, რომ მე დიდი ვარ და ის პატარაო.

ამ მავნებელის ზნის აყოლა მიეტევება გაუნათლებელს კაცსა, იმისთანა კაცსა, რომელსაც არ ესმის, რომელსაც ჯერ ვერ მიუგნია, რა დიდი მადლია ქვეყნისათვის, კაცთა საზოგადოების ბედნიერად ცხოვრებისათვის თანასწორობა კანონის წინაშე. ხოლო არ მიეტევება მას, ვინც გარეგანის ნიშნებით მაინც საგულისხმოა, რომ სწავლაში ყოფილა, განათლების შუქი ცოტად თუ ბევრად მოჰფენია და თვის საზოგადოებაშიც იმისთანას მდგომარეობა აქვს, რომ მოეთხოვება სამართლიანი მართებული ქცევა ყველგან და ყველას წინაშე, დიდი იქმნება თუ პატარა.

ყოველივე ეს გვათქმევინა ერთმა შემთხვევამ, რომელიც დღეს ახალს ამბებშია დაბეჭდილი ჩვენს გაზეთში. ერთი იმერელი მოსამსახურე გაუგზავნია თავის პატრონს ფაეტონის მოსაყვანად. დიდხანს ჰცდილა ეს მოსამსახურე, მრავალს მეფაიტონეებს შეჰხვეწნია, მაგრამ არავინ გამოჰყოლია. ბოლოს, როგორც იყო უშოვნია ფაეტონი. იქაც მახლობლად მდგარა სამი სამხედრო წოდების კაცი, ერთს მათგანს უბრძანებია მოსამსახურის მიერ დაჭერილ მეფაიტონესათვის, მე წამიყვანეო, მოსამსახურე უარზედ დამდგარა, ძლივძლივობით ვიშოვე ფაეტონი, ჩემი დაჭერილია და ვერ დაგითმობთო. სამხედრო წოდების კაცს ბევრი აღარ ულაპარაკნია, ფაეტონი წაურთმევია, დაუძახნია პოლიციელისათვის და უბრძანებია, ურჩი მოსამსახურე სადმე გამაცალეო.

ამისთანა ძალმომრეობა ხშირია ჩვენში, მაგრამ იშვიათად გამომჟღავნდება ხოლმე. სამართლამდე რომ მიაღწიოს ამ საქმემ, რასაკვირველია, ამ ძალმომრეობას, მარტო დიდპატარაობისა და მაღალდაბალობაზედ დაფუძნებულს, თავისი შესაფერი მსჯავრი დაედებოდა, მაგრამ საწუხარო ეს არის, რომ დიდმა იცის, პატარა ამაებს არ გამოუდგება და დანაშაული შერჩება დამნაშავესა. უსათუოდ ამისთანა ბოლოც ექმნება ამ საქმესა: მოსამსახურე არ იჩივლებს და ეს ამბავი ჩაილულის წყალს დალევს. ჩვენ კი არ შეგვეძლო ხმა არ ამოგვეღო ამ საგანზედ.

კანონის მიერ მონიჭებული თანასწორობა საჯარო უფლებაა, ერთნაირად კუთვნილი ყველასი და მაშასადამე, ერთნაირად ძვირფასი ყველასათვის. ამიტომაც იგი თანასწორობა ერთნაირად გასაფრთხილებელია, ერთნაირად საქომაგებელი, ერთნაირად დასაცველი, თუ კაცს ცოტა რამ ამ ქვეყნიერობისა შეუგნია და სიყვარული წესიერობისა და რიგიანობისა გულს ჩასახვია. დარღვევა ამნაირის თანასწორობისა თვითვეულის ჩვენგანის უფლების დარღვევაა და ამიტომაც საქებურია გულწყრომა იმისი, რომელმაც ეს ამბავი გვაუწყა ჩვენ გაზეთში დასაბეჭდად და სამართლიანია იგი გულამღვრევაც, რომელიც ამის მოამბეს უგრძვნია ამ ამბავის მოხდენის დროს.

ეგ თანასწორობა, ეგ საჯარო უფლება რომ დაუსჯელად ილახებოდეს, მაშინ ვერავინ კარშიაც ფეხს ვერ გამოჰყოფდა, რადგანაც პატარას დიდი არ დაელევა და დიდს კიდევ უფრო დიდი. ეს რომ ასე იყოს, მაშინ კაცთა საზოგადოება ცნობიერთა არსებათა კრებას კი არ წარმოადგენდა, არამედ შავის ტყის ნადირთა გროვას, საცა ვინც ძლიერია, მართალიც ის არის. ჩვენდა სასიამოვნოდ, ამისთანა ამბებს აწ არსებულნი კანონები არ იწყნარებენ და სანატრელია, რომ არც ამ ზემოხსენებულს შემთხვევაში შეიწყნაროს.

ანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1887 წ., №103, 27 მაისი, გვ.1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება

4.8 რა არის თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ილია ჭავჭავაძე

რა არის თავისუფლება

 

ტფილისი, 25 ივნისი

თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო; ასეთის თვალით უყურებდა თავისუფალებას ძველი რომაელი და ძველი ბერძენიო. ეს ჭეშმარიტი და ზედმიწევნილი მნიშვნელობა თავისუფალებისა ეხლაც ცნობილია და აღიარებული ეხლანდელ მეცნიერთა და სახელმწიფოთაგან. ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა სწორედ ამ ქვაკუთხედზედ უნდა იყოს ამოყვანილი. საცა ეგ არ არის, იმ კაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია, იმიტომ, რომ თვითვეულის სვე-ბედი თვითვეულის ფარ-ხმლით საგერი და სატევია და არა საერთო მფარველობისა და შემწეობისაგან ნათავდებები და დაკუთვნებული. ამ ყოფით ცხოვრება ცნობიერს და ჭკვათამყოფელს სულიერს არ შეუძლიან და თვით იმ კრებულს ჭკვათამყოფელს სულიერთა, რომელსაც ჩვენ კაცთა საზოგადოებას ვეძახით, მიზეზი არსებობისა და ყოველივე მნიშვნელობა ეკარგება და უბათილდება.

ხოლო კაცმა რომ იმისთანა პატივსაცემი და მართალი, ადამიანისათვის თავმოსაწონი თავისუფალება იქონიოს, როგორსაც ბოსსუეტი ამბობს, საკმაო არ არის მარტო არსებობა კანონებისა. კანონი რჯულია ცხოვრებისა და ამიტომაც იგი სამართლისაგან ამოწვდილი ხმალიც არის ურჩთათვის და ფარიც არის საგერად და სახსნელად ჩაგრულთათვის. თუ ხმლობაში კანონს უსამართლოდ ჰხმარობს ვინმე, მაშინ ფარობამ კანონისამ თავი უნდა იჩინოს საგერად. კანონი მაშინ არის კაცთათვის მადლის მიმნიჭებელი, როცა ამ ორნაირს უწმინდაეს მნიშვნელობას მისას ჰპატრონობს თვითონ საზოგადოება, თვითვეული წევრი, თვითვეული კაცი. როცა კანონის სახელით მისევა თუ მოგერიება ჰბღალავს, ჰლახავს გრძნობას მართლიერებისას, მაშინ მე ვიჩაგრები ამისაგან, თუ სხვა, მაინც მოვალე ვარ თავი გამოვიდო, კანონის სახელი ძირს არ დავცე და არ გავაქელვინო, იმიტომ, რომ კანონი ყველასი ფარხმალია და, მაშასადამე, ჩემიცა. აქ სიდიდე საქმისა არაფერს შუაშია. შეიძლება საქმე ჩალის ფასადაც არა ჰღირდეს, მაგრამ გალახული, გაუპატიურებული გრძნობა სიმართლისა კი მაინც ალაპარაკდეს და კანონს გამოესარჩლოს. ეს მარტო მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა სიმართლისა, ეგ ერთადერთი თავდები კაცთა საზოგადოების ბედნიერებისა, ყველას გაღვიძებული აქვს და ყარაულად უდგა თვით კანონს.

სწორედ ესეც არის ყველგან, საცა კი ერთი ამ მხრით საზოგადოებურ ცხოვრებაში წარმატებულია. აი, თუნდა ამისი მაგალითი, რომელიც ჩვენებურს კაცს იქმება სასაცილოდაც არ ეყოს და რომელსაც კი, ჩვენის აზრით, დიდძალი მნიშვნელობა აქვს, იმოდენად დიდძალი, რომ უამისოდ ყოველივე კანონი, რაც უნდა კარგი იყოს, უქმი თამასუქია. ბრესლავში /პრუსიის ქალაქია/ ერთი მდიდარი სოვდაგარია თურმე. მას ეხლახან ჯვარი დაუწერია, პატარძალი შინ მიუყვანია და პოლიციისათვის კი არ შეუტყობინებია, რომ სახლში ახალი ადამიანი დაუბინავებია. პრუსიის კანონებით კი ყოველი პატრონი სახლისა მოვალეა აცნობოს პოლიციას სამის დღის განმავლობაში, თუ ვინმე უცხო კაცი თავის ბინაში დააბაინავა. პოლიციამ ამ კანონის დარღვევისათვის მანათზედ ცოტა მეტი ჯარიმა დააწერა სოვდაგარსა. სოვდაგარმა ჯარიმის გადახდევინება უსამართლოდ იცნა და პოლიციას უჩივლა. სასამართლოში სოვდაგარი ამტკიცებდა, რომ პოლიციას ამ შემთხვევაში ხელი არა ჰქონდა ჯარიმა გადაეხდევინებინა ჩემთვისაო, იმიტომ, რომ კანონში მოხსენებულია, რომ თუ უცხო კაცი დავაბინავე ჩემს სახლში და პოლიციას არ შევატყობინე, მაშინ უნდა გადამხდეს ჯარიმაო; ცოლი კი, არც კანონით და არც საღვთო წერილის ძალით, უცხო კაცად არ ჩაითვლება ქმრისთვისაო. არც სასამართლომ, არც სასამართლოს პალატამ არ შეიწყნარა სოვდაგარის საბუთი და ზემოხსენებული ჯარიმა, სულ ერთი მანათი და ერთი შაური, მჯავრად განუჩინა. სოვდაგარმა მაინც თავისი არ დაიშალა და გადიტანა საჩივარი დიდს სახელმწიფო სამართალში, რომელსაც რეიჰსგერიხტი ჰქვიან.

სასაცილოა განა, მკითხველო, ასეთი დავიდარაბა ერთის მანათის გულისათვის, მერე ვისგან? მდიდარის სოვდაგარისაგან. ჩვენებური კაცი მაშინვე ამოიღებდა ქისიდამ ერთს მანათს და მაშინვე დაამწყრალებდა პოლიციას. მაგრამ აქ საქმე განა მარტო ერთს მანათზეა! რა არის ერთი მანათი სოვდაგარისათვის, ხელის ჭუჭყია, მტვერია და სხვა არაფერი. მაგრამ, აბა, ახლა შიგ ჩაიხედეთ ამ საქმეში, გუნება და ბუნება გაუგეთ, მაშინ სიცილის მაგიერ გრძნობა პატივისცემისა მიგახედებთ ამ სოვდაგარზედ. ცხადია, მდიდარს სოვდაგარს ის კი არ ანაღვლებს, რომ ერთი მანათი ერთმევა, არამედ ის, რომ, მისის აზრით, კანონი და სამართალი ირღვევა და კანონი და სამართალი კიდევ მისის თავისუფლების ციხე-სამაგრე იმოდენად ძვირფასია, რომ განურჩევლად, განუკითხველად ხელს არავის ახლებინებს. აი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქალაქობრივი თავგამოდება, აი ჭეშმარიტი ქველობა კაცთა საზოგადოების წევრისა. ამოდენა დავიდარაბაში, სამს სამართალში საქმის გატარებაში ერთი მანათი კი არა, იქნება ასი მანათიც დაეხარჯოს, მაგრამ იგი, ერისათვისაც იღწვის, მისთვის ყოველს ქონებაზედ უფრო ძვირფასია. კაცმა, მისის აზრით, უსამართლოდ მოაწვდინა მასზედ კანონის ხმალი და იგი იმავ კანონსა თავის კაცურის კაცობის ფასად წინ უყენებს და განკითხვას სამართლისაგან ელის. კაცური, ადამიანური ცხოვრებაც ამას ჰქვიან: ამისთანა კაცთა შორის ყველა შეკრულია ბოროტისათვის და ყველა გზაგახსნილია სიკეთისათვის. თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი.

რა არის თავისუფლება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1887 წ., №129, 26 ივნისი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.

4.9 დედათა ემანსიპაციის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ილია ჭავჭავაძე

დედათა ემანსიპაციის შესახებ

 

ტფილისი, 3 ივლისი

ერთს დროს დიდი და გაცხარებული ლაპარაკი ჰქონდა ევროპიის ლიტერატურას და ნამეტნავად რუსეთისას ეგრეთწოდებულ „დედათა ემანსიპაციის“ თაობაზედ. მომხრენი ამ საქმისა ჰხედავდნენ, რომ ეხლანდელი ურთიერთობა მამათა და დედათა სქესისა ვერ არის სამართლიანად მოწყობილი და აშენებულია უმართლო მოძღვრებაზედ, ვითომ დედაკაცი მამაკაცთა ტყვე და მონა არისო და ამის გამო ბევრში უფლებას თავისუფალის ადამიანისას მოკლებულიაო. ამის მიხედვით დაჩაგრულთა დედათა მომხრენი სწერდნენ და ჰქადაგობდნენ, რომ ქალებს უნდა მიენიჭოთ ყოველივე უფლება, რაც მამაკაცთა აქვთ მინიჭებული, ასე რომ ამ ორ სქესთა შორის ურთიერთობა სამართლიანის თანასწორობით დადგენილ იქმნას კაცთა ცხოვრებაშიო.

ბევრი კარგი რამ ითქვა ამაზედ, ბევრი საბუთიანი „ჰო“ და „არა“ გამომჟღავნდა და ბევრიც უქმი, წინდაუხედავი სიტყვა დაიხარჯა. მაინცდამაინც საბუთი აქვს კაცს სთქვას, რომ ეს საგანი საკმაოდ გამორკვეულია დღეს და თეორიულად მრავალკეცად და გონებადასმით გარჩეული და გაჩხრეკილი. ჩვენ ეს ბუნება და ისტორია ამ ფრიად საყურადღებო საქმისა აქ დღეს ორიოდე სიტყვით მოვიხსენიეთ, იმიტომ რომ აზრად არა გვაქვს ამ საგნის ბუნება და ისტორია დაწვრილებით გამოვიკვლიოთ.

ჩვენ მარტო ის გვინდა ვსთქვათ, რომ ამ თეორიულად საკმაოდ კარგად გარჩეულმა საქმემ საზოგადოების ყურამდე სრულის სავსებით ვერ მიაღწია. ბევრს კაცსა, თუ ქალსა ჰგონია დღესაც რომ აქ მარტო იმაზეა ლაპარაკი, ვითომც ამ ემანსიპაციის საქმეში სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ ქალთა, თუ დედათა მხოლოდ უფლება მიენიჭოთ და იმას კი აღარავინა ჰფიქრობს, რომ არ არის არც ერთი იმისთან უფლება კაცთა ურთიერთობაში, რომელსაც არ მოსდევდეს მოვალეობაცა. მართალია, მამაკაცს ეხლანდელს ცხოვრებაში ბევრი იმისთანა უფლება აქვს, რომელიც სამართლიანად ქალსაც ეკუთვნის, მაგრამ მამაკაცი ამასთანავე მსახურია სახელმწიფოსი, ქვეყნისა, საზოგადოებისა, ოჯახისა და ყოველგვარი მძიმე ტვირთი ადამიანთა რთულის ცხოვრებისა კისრად ადევს. დღეს ქალები რომ იძახიან, - მოგვეცით უფლებაო, ეს ძახილი თუმცა სამართლიანია, მაგრამ ჰრჩება ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა: იმიტომ რომ ყველანი ჰხედვენ, რომ ქალები ბევრწილად უქმნი და უვარგისნი არიან იმ მოკლედ შემოხაზულ წრეშიაც კი, რომელშიაც დღეს იმყოფებიან, და იმ მცირეოდენს მოვალეობასაც ვერ უძღვებიან, რაც დღეს მიზომილი აქვთ საზოგადოებასა, თუ ოჯახობაში.

ეს დღევანდელი უქმობა და უვარგისობა ქალებისა ხელზედ დახვეული აქვთ ყველას, ვინც კი დედათა ემანსიპაციას არ ემხრობა და ეწინააღმდეგება. თითოოროლა მაგალითი საქმითა და გამჭრიახობით გამოჩენილ ქალებისა ამ წინააღმდეგობის საბუთს ბევრს არას არღვევს. ამ მაგალითებს მარტო ბედნიერ შემთხვევად სთვლიან და უფროს-ერთს ქალზედ კი ისევ ის უვარგისობის აზრი ჰრჩება.

ამერიკაში იგრძნეს ქალებმა, რომ ეს ასეა და სამართლიანის ემანსიპაციის მოსაპოვებლად იმას აღარა სჯერდებიან, რომ იძახონ: უფლება მოგვეცითო. იმათ უფრო უკეთესი სახსარი, უკეთესი გზა ამოურჩევიათ. იმათ უფიქრნიათ, რომ ქვეყანას უნდა დავანახვოთ, რომ ჩვენც შეგვიძლიან რადმე ყოფნა ქვეყანაზედ, ჩვენც შეგვიძლიან ყველა მოვალეობას ადამიანისას გავუძღვეთ, ჩვენც შეგვიძლიან არამც თუ ხელით გარჯა, შრომა, საქმის კეთება, არამედ გონებითაც, ჭკვითაც და არც ერთსა და არც მეორეში მამაკაცს არ ჩამოვუვარდებითო. ამ პატიოსანს გაზრახვას შესდგომიან და, როგორც ჰნახავთ, საკვირველის ძლევამოსილობითაც შეუსრულებიათ.

ამის დასამტკიცებლად ჩვენ მოვიყვანთ საოცარს ამბებს, ერთის გერმანულის ჟურნალიდამ ამოკრებილს. ამ ამბების მიხედვით უტყუარად გამოარკვევს კაცი თუ, რის შემძლებელი არის ქალი და რა მონაწილეობას ჰღებულობს იგი ამერიკაში საზოგადო ცხოვრების წარსამატებლად და რარიგად ეცილება მამაკაცს ცხოვრების მოედანზედ, სატეხნიკო სარბიელზედაც კი. ეს ამბები მით უფრო საკვირველია, რომ ქალის გამჭრიახობასა და შემძლებელობას იმისთანა საქმეში გვიჩვენებს, რომელიც დღეს აქამომდე ქალისათვის უფრო ხელმიუწვდომელი ეგონა ადამიანს.

იგი გერმანული ჟურნალი ამბობს: ჩრდილოამერიკის არხივებიდამ ამოკრებილიაო ცნობანი, რომ ქალებს ამერიკაში 1900 პატენტი მიუღიათ მათ მიერ მოგონილ სხვადასხვა მაშინების გამო. ერთი ამ საქმის მცოდნე ამერიკელი უმატებს: ის კი ანგარიშში არ მოგვყავს, რომ ბევრი ქალი დაჰხმარებია მამაკაცს ამისთანა საქმეშიო. ეს ხომ საოცარია და საოცარი, უფრო საკვირველი ის არის, რომ იქაურ ქალებს იმისთანა საქმეშიც გამოუჩენიათ თავი, რომელიც ქალის ცხოვრებაზედ ერთობ შორს არის და ქალის ბუნებას უნდა ეუცხოვებოდეს. მაგალითებრ, ერთს ქალს, გვარად მატერს, ნიუიორკში მოუგონია ტელესკოპი მიწის ქვეშეთისათვის (подземный телескоп), ქალს გვარად მონტგომერს - ფოლადის ჯავშანი საომარ ხომალდისათვის, ქალს გოშამს - ახალგვარი ზარბაზანი, ქალს ბიზელს - წყლისაგან გადასარჩენი ნავი, ქალს ტანნეის - მაშინა ზღვაში დაღუპულ ხომალდების ამოსაღებად და სხვანი. საქალო საქმეშიაც გამოუჩენიათ თავი. მაგალითებრ, ქალს როზენტალს უფრო უკეთესი საკერავი მაშინა მოუგონია, ვიდრე აქამომდე იყო.

ყოველივე ეს, რასაკვირველია, ძლიერი საბუთია „დედათა ემანსიპაციის“ მომხრეთათვის და ამისთანა საბუთს სიტყვას შეუბრუნებს მხოლოდ კერპობა და ჯიუტობა ადამიანისა. არ იქნება ურიგო, რომ ჩვენმა ქალებმაც ყური ათხოვონ ამისთანა მაგალითებს და ხალისი მოიპოვონ ამისთანა მოღვაწეობისა და მოქმედებისათვის.

დედათა ემანსიპაციის შესახებ

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №138, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.

4.10 დედათა საქმე

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ილია ჭავჭავაძე

დედათა საქმე

 

ტფილისი, 12 დეკემბერი

დედათა საქმე, რომელიც ჩვენში მონათლულია ქალების საქმედ დღითიდღე წინ მიდის განათლებულს ქვეყნებში, დღითიდღე მომხრეებსა ჰპოულობს, ძლიერდება და კუთვნილს ადგილს იჭერს ადამიანის ცხოვრებაში. დედათა მხნეობა, სამართლიანის უფლების მოპოვებაზედ მიმართული, აღარა ჰრჩება „ხმად მღაღადებელად უდაბნოსა შინა“ და დღე თითქმის ისე არ გადის, რომ საქმე - რასაკვირველია, განათლებულს ქვეყნებში-კი - ცოტად თუ ბევრად დედათა საქმე ფეხს არ იმაგრებდეს და ცხოვრების სარბიელზედ ცოტცოტაობით მაინც ადგილს არ იპყრობდეს შემდეგის წარმატებისათვის. დედათა სქესმა კაცობრიობის უკეთესთა წარმომადგენელთა თაოსნობით, ღვაწლით და გარჯით უკვე დაიმტკიცა უფლება უმაღლესის სწავლისა და განათლების მიღებისა და ეხლა მარტო ბრმანი და თვალახვეულნიღა ეურჩებიან ამ უფლებას. დედათა სქესმა დაიპყრა ამასთანავე ზოგიერთს სფერაში უფლება სახელმწიფო, თუ საზოგადო სამსახურისა და თუმცა აქ ბევრი რამ კიდევ დაჰრჩენია დასაპყრობად, მაგრამ ეს პირველდაწყებითი ბიჯიც უმნიშვნელო არ არის შემდეგისათვის. იგი უსამართლობა, რომელიც დღეს აქამომდე დედათა სქესს, ამ ნახევარს მთელის კაცობრიობისას, საძიძაოდამ და სამზარეულოდამ გარეთ არ უშვებდა და ამათ გარე არავითარს საქმეში მონაწილედ არა ჰხდიდა, ასე რომ ლუკმაპურის საშოვარის გზასაც არ აძლევდა, დიდხანს ვეღარ გაუძლებს ერთხელ ფეხადგმულს მოძრაობას.

რომ უფრო დიდი ავალა მისცენ ამ მოძრაობას და დედათა სქესს მისი სამართლიანი ადგილი მიეზომოს კაცთა ცხოვრებაში, დედათა საქმე ამ ბოლოს ხანებში იმაზედ მიიმართა, რომ ქვეყნის საქმეთა გამგეობაში და კანონმდებლობაში ხმა მიანიჭოს დედათაცა, როგორც მამაკაცთა აქვსთ მინიჭებული. ამ მხრით ამერიკამ ჯერხანად ყველა ქვეყნებს წინ გაუსწრო და იქ დღეს არამცთუ ვისმე ეხამუშება, რომ მოხელეთა და ქვეყნის საქმეთა გამგებელთა საარჩევნოდ მამაკაცებთან ერთად დედათაც კენჭი იქონიონ, არამედ თითონ დედანიც კი რომ ამორჩეულ იქმნან თუნდ რესპუბლიკის პრეზიდენტადაც, არავინ გაიკვირვებს და იოცებს.

ამ ხანებში ამერიკის ქალაქში, რომელსაც ბოსტონი ჰქვიან, ქალაქის გამგეობის არჩევანები იყო. თუმცა როგორც აქ, ისე სხვაგანაც ამერიკაში, დედათა აქვსთ უფლება არჩევანში მონაწილეობისა, მაგრამ დღეს აქამომდე დედანი ამ უფლებას ბევრს არაფერს დასდევდნენ და არ ერეოდნენ არჩევანებში. ეხლა კი, ამ ბოლოს არჩევანში, თითქმის ყველანი მოსულან და დედათა კენჭის წყალობით დემოკრატები, რომელთაც აქამომდე ხელთ ეპყრათ გამგეობა ქალაქისა, დამარცხებულან და რესპუბლიკელებს გაუმარჯვნიათ. 22.000 დედაკაცი ჩაწერილა, საარჩევანოდ მოსული. ამათ თავისი საკუთარი კომიტეტი ჰქონიათ „ასთა დედათა“. ამ „ასთა დედათა“ კომიტეტს ისე ხერხიანად წაუყვანია არჩევანის საქმე, რომ სწავლა-განათლების საბჭოში და ქალაქის გამგეობაში სულ თავისი მომხრე რესპუბლიკანელები გამოურჩევიათ.

თუმცა ევროპაში ესე საქმეში გამოყენებული უფლება დედათა სქესისა თითქმის არსად მაგალითს არ წარმოგვიდგენს, მაგრამ დედათა სანუგეშოდ უნდა ვსთქვათ, რომ აქაც კი არჩევანის საქმეში აზრი მათკენ არის გადახრილი და ლამის დღესა თუ ხვალ საქმითაც განხორციელდეს. კონსერვატორთა მეთაური სალუსბერი, რომელიც დღეს მთავარმინისტრია ინგლისში, მომხრეა იმისი, რომ დედათა მიენიჭოთ საარჩევანო უფლება. ამას წინათ ლორდი სალუსბერი ყოფილა შოტლანდიაში. ეს მომხრეობა გამოუცხადებია და ყველანი გაუოცებია, რადგანაც კონსერვატორთა მეთაურისაგან არავინ არ მოელოდა დედათა უფლებისათვის გამოსარჩლებას. ედინბურგში უთქვამს, რომ მე ჩემთავად არ ვეურჩები ამ მხრით დედათა ემანსიპაციასაო და „შორს არ არის ის დრო, როცა დედათაც ექმნებათ ხმა ამორჩევისა, როცა ისინიც მიიღებენ მონაწილეობას როგორც ჩვენის ქვეყნის საპოლიტიკო საქმეთა მსვლელობასა და მიმართულებაში, ისეც საპოლიტიკო კაცთა ამორჩევაშიო“. ამისათვის არავითარს დაბრკოლებას არა ჰხედავს მთავარმინისტრი ინგლისისა.

თუ კონსერვატორთა მეთაური ასე ძლეულა დედათა საქმის სამართლიანობითა და ასეთის აზრით გამსჭვალულა ამ საქმის სასარგებლოდ და გასამარჯვებლად, სხვას ვისღა არა აქვს საბუთი სთქვას, რომ შორს არ არის ის დრო, როცა დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ თავისის კუთვნილის ადგილის დასაჭერად. რაკი დედანი კანონმდებლობაში ხმას მოიპოვებენ მისთა მომხრე კაცთა წარმომადგენლობით და ქვეყნის საქმისა გამგებლობის ამორჩევაშიაც მონაწილენი იქნებიან, ამ გზით დიდს ზედმოქმედებას იქონიებენ თვით კანონებ-ზედ, რომელნიც დღეს სჩაგვრენ და ჰხუთვენ დედათა სამართლიანს უფლებას. ამ ზედმოქმედების სიმძიმის ქვეშ შეიცვლებიან ის კანონები და დედათა საქმე წარიმატებს იმოდენად, რამოდენაც შესაძლოა თვით ამ საქმის ბუნებისაგან, იმიტომ რომ განგებ მოგონილი ბორკილი აღარ შეუშლის ფეხს, ამ ბორკილისაგან დახსნილი იქნება და მარტო თავის ბუნებაზედღა დამოკიდებული.

დედათა საქმე

ხელნაწერი: ასლი U №1052, გვ. 859-861.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №262, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

ილიას ავტორობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ წერილი შეტანილია ხელნაწერ კრებულში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ივერიის“ სარედაქციო კომპლექტში წერილს მიწერილი აქვს ილიას ინიციალი „ი“.

წერილი ილიასეულად მიიჩნია და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანა პ. ინგოროყვამ 1946 წ. გამოცემულ ი. ჭავჭავაძის ხუთტომეულში: ტ. III, გვ. 541-542; 1950 წ. გამოცემულ ათტომეულში პ. ინგოროყვას რედაქტორობით: ტ. IX, გვ. 190-192. წერილი გამოცემებში შევიდა ზემოთ მითითებული სათაურით.

4.11 ობლებზე რუნვა დიდი და მძიმე ვალდებულებაა

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ილია ჭავჭავაძე

ობლებზე რუნვა დიდი და მძიმე ვალდებულებაა

 

ტფილისი, 8 დეკემბერი

ერთი დიდი და ფრიად მძიმე ვალდებულება სახელმწიფოსი ის არის, რომ მზრუნველობა, მფარველობა და პატრონობა გაუწიოს იმას, რომელსაც ან ბუნებითად, ან მცირეწლოვანებით, ან უთაურობით მოვლა და პატრონობა თავის თავისა და თავის ქონებისა არ შეუძლიან. ამათ შორის ყველაზედ მეტად გულშესატკივარნი არიან მცირეწლოვანი ობლები, რომელნიც იმ ასაკში არიან, რომ ვერასგზით ვერ გაუძღვებიან ვერც თავიანთს ზნეობითს საჭიროებას, ვერც ქონების მოვლასა და პატრონობას. ამათი უპატრონოდ დაგდება ორნაირს ვნებას უქადის სახელმწიფოს და საზოგადოებას. ჯერ ერთი იმას, რომ, შესაძლოა, კაცი კაცად ვერ დამთავრდეს და სასარგებლო კაცის მაგიერ გაიზარდოს ავი კაცი, უზნეო, უხეირო და ზოგჯერ ავაზაკიცა და ამით გაძლიერდეს ავზნეთა კაცთა რაზმი, რომელსაც დღე და ღამ ებრძვის სახელმწიფო და საზოგადოება წესისა და მშვიდობიანობისათვის. მეორე იმას, რომ ცალკე სიმდიდრე ობლისა, რომელიც საზოგადო ერის სიმდიდრის ნაწილია, შესაძლოა, გაიფლანგოს, გაქარწყლდეს უპატრონობით და ამ გზით ავალა მიეცეს ღარიბთა გამრავლებას, რომელთა შენახვა და გამოკვება ბოლოს სამძიმოდ უხდება სახელმწიფოსაცა და საზოგადოებასაც. ამას აღარ ვიტყვით, რომ ხშირად ეგ სიღარიბე სათავედ უხდება ათასნაირს ავკაცობასა და წარამარობას.

სახელმწიფოს ყველგან საჭიროდ დანახული აქვს და თავის ვალდებულებადაც ცნობილი, პატრონობა მცირეწლოვან ობლებისა და ამისათვის მთელი ნაწილია კანონებისა ამ საჭიროებაზედ გამოჭრილი და მიქცეული. ჩვენშიაც ეგრეა, მხოლოდ არ შეგვიძლიან არ ვაღიაროთ, რომ ამ ნაწილის კანონები ვერა სწვდებიან იმ კეთილს განზრახვას, იმ საქვეყნოდ სასარგებლო სურვილს, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წინ მიუძღვის. ეგ ნაწილი კანონებისა მთელს რუსეთში დაწუნებულია იმ მხრით, რომ კეთილს განზრახვას სახელმწიფოსას საკმაოდ ვერ ემსახურებაო. თუ ეს ასეა შიგნით რუსეთში, საცა ამ კანონთა გამგებელი დაწესებულება, რაც უნდა იყოს, უფრო რიგსა და წესშია ჩაყენებული, მაშ რაღა უნდა ითქვას ჩვენში, საცა არც ეგ რიგია და წესი თავის გზაზედ დაყენებული და საცა ამგვარებში თვითნებობა „აპეკუნებისა“ უფრო მეუფობს, ვიდრე წესი და კანონი. ჩვენში „აპეკაში“ მიღება ობლისა და მისის ქონებისა მომასწავებელია ვაისა და ვაგლახისა და არა სიხარულისა, რომ ობოლს და მის ქონებას პატრონი აუჩინესო, აპეკუნი დაუნიშნესო და აბა სწორედ ეხლა დაიღუპა საწყალი ობოლიო! ამას იტყვიან ხოლმე მართლად გულშესატკივარნი კაცნი.

ამ სახით ეს მშვენიერი და გულშემატკივარი კანონები ობლების მოვლისა და პატრონობისა არამც თუ უქმად არიან ჩვენში, არამედ ხშირად და ძალიან ხშირადაც ვნება მოაქვთ იმათთვის, ვის სასარგებლოდაც დადგენილან. დღეს რუსეთში მთავრობა შესდგომია ამ კანონების შეკეთებას და ისეთის წესების შემოღებას, რომ „აპეკუნები“ მართლა მფარველად და პატრონად ექმნენ ობლებსა და არა მძარცველად და მყვლეფავ-მგლეჯავად. რაკი დღეს ეს საქმე შეცვლისა და შეკეთების გზაზედ სდგას რუსეთში მთავრობის თაოსნობით, ნუთუ მეტი იქნება, რომ ჩვენც ჩვენის მხრით გვეზრუნა, მოგვეფიქრნა რამ ამ საქმის შესახებ. ერთი ჩვენის ქვეყნის საჭიროებაზედ გამოჭრილი პროექტი გამოგვერკვია და წარგვედგინა მთავრობისთვის ყურადღების მისაქცევლად. მთავრობაც დაგვიმადლებდა, თუ საკეთილოდ რასმე ვიტყოდით და ქვეყანაც.

ამ საქმეს რომ თაოსნობა გაუწიონ ჩვენმა მარშლებმა, არა გვგონია მათ მიერ წამოდგენილმა პროექტმა ყურადღება არ მიიქციოს მთავრობისა, მით უფრო, რომ ამგვარებში ადგილის კაცია ყოველგვარი რჩევა და აზრი მთავრობისათვის დიდად სასურველი. მარშლებს იმიტომ ვავალებთ ამას, რომ „აპეკის“ უწესობით ისე არავინა ჰზარალობს, როგორც თავადაზნაურობა, რომელსაც ცალკე თვისთა წევრთა ობლობის გამო და ცალკე სხვადასხვა მიზეზთაგან უფრო ხშირადა ჰხვდება ხოლმე „აპეკის“ ხელში ჩავარდნა და თუ „აპეკის“ საქმეთა უხეირობისაგან ვნება ეძლევა ვისმე, თავადაზნაურობას ყველაზედ მეტი.

ობლებზე რუნვა დიდი და მძიმე ვალდებულებაა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №259, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი გაზ. „ივერიისა“ ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

4.12 წოდებათა თანასწორობა

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ილია ჭავჭავაძე

წოდებათა თანასწორობა

 

ტფილისი, 2 ნოემბერი

ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, ქონებრივი თუ გონებრივი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფელად, დიდპატარაობის გაურჩევლად და გამოუკლებლად ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ჰცდილობს ცხოვრების გზა გაიკვლიოს და ბურთი ბედისა გაიტანოს წუთისოფლის მოედნიდამ ყველამ ერთად საყოველთაოდ. ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღელისა, ცალ-ცალკე ხვნა და მკა, ცალცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავის თავის ხსოვნა და სხვისი დავიწყება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი კრებულია, რომელსაც ერი ჰქვიან.

ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც კაცთა ურთიერთობაში შესაძლებელი იყოს რომელმამე წოდებამ ცალკე ბინა გაიკეთოს, ცალკე ინტერესები შემოიღობოს, შემოიფარგლოს და ამით რაიმე ხეირი და სიკეთე ჰნახოს საბოლოოდ. ამისთანა წყობა და აგებულობა საზოგადოებისა, თუ ერისა, დიდხანს თავს ვერ დაიჭერს და, ვითარცა ქვიშაზედ აგებული სახლი, პირველ ქარის შებერვაზედვე დაიფუშება. ამისი მაგალითი და საბუთი ისტორიაში ერთი და ორი არ არის. ქვეყანაზედ მარტო იმ ერს გაუძლია, მარტო იმ ერს გამოუტანია თავი ათასგვარ განსაცდელისაგან, მარტო იმ ერს წარუმატნია და გაძლიერებულა, რომელსაც თავის დროზედ შეუტყვია და მიუგნია, რომ ერთის რომელისამე წოდების წინ წაწევა არაფრის მაქნისია, თუ დანარჩენი ერიც წინ არ წაწეულა, პირიქით, ერთის წოდების წინ წაწევას დანარჩენის უკან დაწევა მოჰყოლია.

ვერც ერთი ცალკე წოდება ერისა ვერ დაიქადებს, რომ თუ მე კარგადა ვარ, სხვანიც კარგად იქნებიანო. ეს ტყუილი ქადილი იქნება და ამ ტყუილმა ქადილმა ბევრსაც ჩასცხო კიდეც თავში ყველგან, სადაც ამისთანა თავგასულს ტყუილს ადგილი ჰქონია. თუ უწინ ამისთანა ტყუილს ქადილს, ჩვენში თუ სხვაგან, გასავალი ჰქონდა ცოტა თუ ბევრი, ეხლა ამას მაზანდა ძალიან წამხდარი აქვს და სიცილის მეტს კაცს არას მოჰგვრის. ეხლა სულ სხვა დროა და ამ სხვა დრომ სხვა მოძღვრებაც მოიტანა, მოძღვრება მართალი და ჭეშმარიტი. ეხლა ცალკე კაცია, თუ ცალკე წოდება, მარტო ამას უნდა იძახდეს და მარტო იმისათვის უნდა ერჯოდეს გული, რომ თუ სხვანი კარგად არიან, მეც კარგად ვიქნებიო. ვინც დღეს ამას ივიწყებს, ის ივიწყებს საკუთარს თავსა, საკუთარს ბედნიერებას სულიერსა და ხორციელს.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი თავადაზნაურობა ჯერ ამ მოძღვრებას ვერ მისწვდომია და, როგორც ერთი ცალკე წოდება ჩვენის ერისა, ხშირად ცალკე იწევს და ცალკე ითლის. ჩვენ კი ვიტყვით, რომ მისი დღეგრძელობა, კეთილდღეობა, ბედნიერება, სახელი და დიდება სწორედ და მთლად იმაშია, რომ ეს მოძღვრება გულში ჩაიჭდიოს და ერთს წუთსაც გონებიდამ არ მოიშოროს, რომ თუ სხვანი კარგად იქნებიან, მარტო მაშინ იგიც კარგად იქნება. ჭეშმარიტსა და საბოლოვო წარმატებას სათავე აქა აქვს და თუ ჩვენი თავადაზნაურობა ყოველს თავის მეცადინეობას და მოქმედებას ამ მოძღვრებას შეუფერებს და ქვეშ დაუყენებს, სასახელო მიზეზს თავის არსებობისასაც აქ იპოვის. ეხლანდელს დროში მხოლოობითი გზა წარმატებისა თავადაზნაურობისათვის ის არის, რომ ყველას ერთად, გამოურჩევლად, გამოუკლებლად, მოზიარე ექმნას ჭირსა და ლხინში და თავისი ქონებრივი და გონებრივი ღონე არ შეალიოს ამაო ცდას, რომ ცალკე ვიყო და ცალკე ვბედნიერობდეო. ეს ცალკე ყოფნა და ცალკე ბედნიერება შეუძლებელია და ამიტომაც ამაოა ამისათვის ცდაცა. არც ერთს თავადაზნაურობას საბოლოვოდ თავი არ დაუჭერია არსად, საცა კი ამ ცალკე ყოფნასა და ცალკე ბედნიერებას გაჰყოლია. ყველამ ერთად და თვითეულმა ცალკე უნდა იცოდნენ, რომ იგი განუყოფელი ნაწილია მთელის ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელის ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე. არა გონიერმა კაცმა, რა წოდებისაც გინდ იყოს, ეს არ უნდა დაივიწყოს, თუ უნდა თავისი სიკეთე მკვიდრს საფუძველზე დაამყაროს.

წოდებათა თანასწორობა

ხელნაწერი: ასლი U №1052, გვ. 846-848.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №231, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

ილიას ავტორობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ წერილი შეტანილია ხელნაწერ კრებულში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ივერიის“ სარედაქციო კომპლექტში წერილს მიწერილი აქვს ილიას ინიციალი „ი“.

წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1925 წ. გამოცემულ ცხრატომეულში: ტ. VIII, გვ. 112-114, შემდეგ იგი შევიდა პ. ინგოროყვას რედაქტორობით 1945 წ. გამოცემულ ხუთტომეულში: ტ. V, გვ. 79-81; და პ. ინგოროყვას რედაქტორობით 1950 წ. გამოცემულ ი. ჭავჭავაძის ათტომეულში: ტ. VIII, გვ. 312-314. ყველა გამოცემაში წერილს აქვს ზემოთ მითითებული სათაური.

4.13 დავით აღმაშენებელი

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ილია ჭავჭავაძე

დავით აღმაშენებელი

 

ტფილისი, 23 იანვარი

არ ვიცით, სხვა როგორ ჰფიქრობს და ჩვენ კი ისე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს, ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულისფიცარზედ იჭდევს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაჭდევითა, როგორც სარკე, გვაჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისათვის და გაძლიერებისათვის.

უკეთესნი და უდიდესნი მომქმედნი ერისა ხომ სხვა არა არიან რა, თუ არ ერის გულისნადების და წყურვილის გამომეტყველნი და გამახორციელებელნი, რომელნიც ამის გამო თითქო შემოჰქმედობენ, თითქო ჰქმნიან ისტორიასა. ამიტომაც ეს ამისთანა მომქმედნი, ვამბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ერობა ჰსურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით ასაგველად არ გადაუდვია თავი. დავიწყება ამათი, საკუთარის ვინაობის დავიწყებაა, და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავის მშობელი და სიცოცხლის მომნიჭებელი.

გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა სამსახურიც მიუძღვით ჩვენწინა. ისინი ცხოველი მაგალითები არიან მისი, თუ რა სიმაღლემდე შეუძლიან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს. რამოდენადაც დიდბუნებოვანია ამისთანა მომქმედი, რამოდენადაც ეს დიდბუნებოვანობა ხშირია რომლისამე ერის ისტორიაში, იმოდენად უფრო უტყუარი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონის და შემძლებლობის აწყვისათვის. თუ გუშინ იყვნენ ჩემის სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანნი კაცნი, რა მიზეზია, რომ ხვალაც არ გამოჩნდენ, თუ გარემოების იგივეობას ვიგულისხმებთ.

გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებითა და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთვნელსა, თავის ღონეს და შემძლებელობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს. ზოგს დიდბუნებოვანობის შარავანდედითა და თაყვანსა სცემს სასოებითა და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.

„ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროაო, - ამბობს ბრძენი სენეკა, - იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევიძლოთ საკუთარის ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც არამცთუ ჩვენთან ყოფნით გვწურთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცაო.“

ამისთანა ბედნიერი დავით აღმაშენებელია საქართველოს ერისათვის. მის მიცვალების დღე 26 იანვარია. ხოლო საქართველოს ეკკლესია, რომელიც ყოველთვის თავდადებით ჰპატრონობდა ჩვენს ერს და არასდროს დიდებას ერისას დავიწყებას არ აძლევდა, 26 იანვარს აქებს და ადიდებს სახელოვანს დავით მეფეს, რომელსაც უტყუარმა განაჩენმა ერისამ, ეკკლესიის დალოცვითა და კურთხევით, აღმაშენებელის სახელი დაარქვა საუკუნო სახსენებლად. ამ მართლადა დიდებულმა მეფემ ერთად მოუყარა თავი ქართველობას. აოხრებული ქვეყანა ააშენა, მტერი გაუფრთხო და გაუფანტა, და დღეს თუ ჩვენ ჩვენს ბინაზედ ვართ, ეს იქნება იმისი ღვაწლი, იმისი სამსახურიც უფრო იყოს. დიდება სახელსა მისსა!..

ხოლო დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა, არამედ თავის დიდბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნობისა და მართლმადიდებელის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვის ეროვნობისაც და სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი ყოვლადშემძლებელ მბრძანებელად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვა სარწმუნოების ერისა, ამისთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არა ჰზოგავდა, ამისთნა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვის ეროვნობისა, სხვის სარწმუნოებისა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან!

მეტიღა დიდბუნებოვანობა მოეთხოვება განა მეთორმეტე საუკუნის კაცს მაშინ, როცა დღეს, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს საკვირველებად მიგვაჩნია გლადსტონი რომ ირლანდიის ეროვნობას და სარწმუნოებას ესარჩლება იმავე კაცთმოყვარეობით, რა კაცთმოყვარეობითაც დავით აღმაშენებელი სხვა ერს პატივსა სცემდა! ჩვენს მატიანებს თავი დავანებოთ და ვიმოწმოთ სხვა ერის მემატიანენი. ისინიც კი აღტაცებით იხსენიებენ დავით აღმაშენებელს, როგორც კაცს, პატივისმცემელს და შემწყნარებელს სხვა ერისას და სხვა რჯულისას.

სომეხი მათე ედესელი ამბობს:

„დავით იყო წმინდა, კეთილმსახური, სავსე ქველმოქმედებით და მართლმსაჯული. დავითის გარშემო იკრიბებოდა დანარჩენი სომეხთა ნათესავი, რომელთათვის მან დააფუძნა საქართველოში ქალაქი კორი (გორი), სადაც მრავალი ეკკლესია და მონასტერი ააშენა. მიაგო ჩვენს ნათესავს ყოველგვარი ნუგეშის ცემა და შვება“.

ვარდან დიდი სწერს:

„დავითს არავითარი სიძულვილი არა ჰქონდა სომხურის წირვა-ლოცვისა და ეკკლესიისა: იგი ხშირად იდრეკდა თავს ჩვენს ხელქვეშ და ითხოვდა ჩევნს ლოცვა-კურთხევას“.

ეგ კიდევ არაფერი, რომ დავით აღმაშენებელი ასე ექცეოდა სომხებს, რომელნიც, რაც უნდა იყოს, ქრისტიანები იყვნენ და არიან. დიდბუნებოვანი კაცთმოყვარეობა დავით მეფისა მაჰმადიანებსაც მიეფინათ, და მით უფრო ბრწყინვალეა ეს ამბავი, რომ მაჰმადიანები თვით დავით მეფისა და მისის ერის სარწმუნოებას ერჩოდნენ აღმოსაფხვრელად. მაჰმადიანთა მწერალი ალ-აინი აი რასა სწერს;

„დავითს სთხოვეს მუსულმანებმა, რომ ქრისტიანეთ არა ჰქონოდათ ნება მუსულმანებთან ერთად შესვლისა აბანოში და აღეკრძალნა გიაურებისათვის მათი ავად ხსენება. დავითმა ყოველივე ეს თხოვნა აუსრულა. დავითი თავის შვილის დიმიტრითურთ ყოველდღე დადიოდა უმთავრესს მეჩითში, ისმენდა სამეფო ლოცვას და თვით ყორანის კითხვას. დავითი უხვად აძლევდა ფულს ქათიბს და მუაძინებს. მან ააშენა უცხო ტომთათვის ქარვასლები და სადგომი სახლები მოქალაქეთა, სუდიებთა და პოეტთათვის, რომელთაც ულუფას უნიშნავდა. თუ ვინმე ისურვებდა ტფილისის დატევებას, გულსავსებით ხელს უპყრობდა და მგზავრობის ღონისძიებას აძლევდა ფულით. დავითი უფრო მეტს პატივსა სცემდა მუსულმანთა, ვიდრე მთავარნი მუსულმანთანი“.1

ყოველივე ეს დიდსულოვანება და სულგრძელება დავითისა მაშინ არის მომხდარი, როცა ძლევამოსილი იგი მეფე სრულად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, მაშასადამე, ამისთანა პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო იმის დიდბუნებოვან გულს და გონებას უნდა მიეწეროს და არაფერს სხვას. იმას აღარ ვამბობთ, რომ სნეულთა, უღონოთა და საპყართათვის დავითმა ააშენა სამკურნალო, თვითონ ხშირად დადიოდა ამ უბედურთა სანახავად და მოსაკითხავად.

აი ეს დიდებული მეფე რა დიდებულ კაცურ კაცის სახესაც მოგვივლენს თვალწინ და რა თავმოსაწონებელს საბუთს გვაძლევს ხელთა. აი ამისთანა კაცის ხსენებაა გამაცოცხლებელი ერისა და ამისთანა კაცის არხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ერსა, რომელმაც იგი ჰშვა და თავის ძუძუთი გამოჰზარდა. ჩვენმა დამცველმა ეკკლესიამ ეს კარგად იცოდა და ამიტომაც 26 იანვარი დაგვინიშნა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გავიხსენოთ ეს ქართველისათვის თავმოსაწონებელი დიდებული მეფე, დიდებული კაცი.

კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, - ამბობს ჩვენი ერი: - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებელის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ როგორც დიდბუნებოვანმა კაცმა - წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

_________________

1. როგორც ეს ციტატა, ისეც ზემოყვანილნი, ბ-ნ დ. ბაქრაძის შენიშვნიდამ არის ამოღებული.

დავით აღმაშენებლი

ხელნაწერი: ასლი, U №1052, გვ. 802-805.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №17, 24 იანვარი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს - ილიას ნაწერების სრული კრებულის V ტომში ზემომითითებული სათაურით.

4.14 ებრაელთა საკითხზე

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ილია ჭავჭავაძე

ებრაელთა საკითხზე

 

ტფილისი, 12 მაისი

არც ერთს ერს არ გამოუვლია იმდენი სატანჯველი და წამება, რამდენიც ებრაელთა ერს თავს გადაჰხდენია. ამ ოდესმე დიდებულს და სახელგანთქმულს ერს ბედმა ხელიდგან გამოსხლიტა სამშობლო და თვითმყოფელობა და განაბნია იგი მთელის დედამიწის ზურგზე, ჩაათესლა უცხო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდა ყოველგვარი ტანჯვა და წვალება. აზიასა და ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში, ყველგან ერთი და იგივე ბედი სდევნიდა უბედურს ერსა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის ყოველნაირის საშუალებით, რათა თავი დაიცვას და არ გახდეს მსხვერპლი ძულებისა და წამებისა. ამდენი ხანია ეს ერი მოგზაურობს მთელს დედამიწის ზურგზე და ამ ხნის გნმავლობაში არა ყოფილა ისეთი სატანჯველი, რომელიც ებრაელებს არ გამოეცადოს. აბა რომელი საბუთი არ უხმარიათ და ხელზე არ დაუხვევიათ ებრაელთა სადევნელად და საწვალებლად? არ მოიპოვება ისეთი ისტორიული უსამართლოება, რომელსაც ებრაელები არ დაეჩაგროს. სდევნიდნენ ებრაელებს - ვითარცა ერს, სდევნიდნენ - ვითარცა თავისებურისა და განსაკუთრებულის რჯულის მაღიარებელთ, სდევნიდნენ - ვითარცა უსამართლო ეკონომიურის წესწყობილების წარმომადგენელთ და სხვა ერთა ეკონომიურ მჩაგვრელებს. მდევნელები ხან ერთს საბუთს აძლევდნენ უპირატესობას, ხან მეორეს და არასოდეს არ დამცხრალა სიძულილი ებრაელთადმი.

ეხლაც კი, როდესაც ეგოდენს ჰღაღადებენ კაცთმოყვარეობაზე, იმავე საბუთების ძალით სდევნიან იმათ იქაც კი, სადაც თითქოს ადგილი არ უნდა ჰქონდეს სიძულილსა და დაუნდობლობას. ეს რამდენი ხანია ევროპაში არსებობს ეგრეთწოდებული ანტისემიტიური, ესე იგი ებრაელთა მოწინააღმდეგე მოძრაობა, რომელიც სცდილობს რაც შეიძლება მეტად შეავიწროვოს და დასჩაგროს ებრაელნი. ნამეტნავად ავსტრიასა და გერმანიაშია ძლიერი იგი მოძრაობა, ისეთ წრეშიაც კი, რომლისაგანაც ნაკლებად მოსალოდნელი და საფიქრებელი იყო. ჩვენ ვამბობთ ავსტრიისა და გერმანიის მწერლობისა და განათლებულის საზოგადოების ერთს ნაწილზე. ზოგი გაზეთი მუდმივ ებრაელთა წინააღმდეგ იბრძვის; სტუდენტებიც კი, რომლებისაგანაც საფიქრებელიც არ უნდა იყოს რომლისამე ერისადმი სიძულილი, საქვეყნოდ ღაღადებენ და მოქმედებენ ებრაელთა წინააღმდეგ. ამას წინათ ვენაში აკურთხეს ძეგლი გლაზერისა, იუსტიციის მინისტრად ნამყოფისა. გლაზერი გვარტომობით ებრაელი ყოფილა და ამიტომაც, როცა უნივერსიტეტის რექტორმა ფოკელმა დაიწყო ლაპარაკი განსვენებულის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, სტუდენტებმა შეჰქმნეს ისეთი ხმაურობა, რომ უნივერსიტეტის მთავრობა იძულებული გახდა შეეჩერებინა დღესასწაული. სტუდენტები გამოვიდნენ უნივერსიტეტის დარბაზიდგან და, როგორც აღმოჩნდა, უფროს-ერთი ანტისემიტურის მიმართულებისა ყოფილა. ასე გასინჯეთ, ანტისემიტური გრძნობა არ დაცხრა არც მეცნიერების ტაძარში განსვენებულის სახელის წინაშე. გარდა ამისა, ამას წინათ, როცა ასამართლებდნენ შენერერს, ამ უკანასკნელის მომხრეებმა საუკუნოდ აღიარეს, შენერერს რომ ებრძანებინა ჩვენთვის, ებრაელებს თავს დაეცით და ამოსწყვიტეთო, ჩვენ ხმაამოუღებლივ შევასრულებდით იმის ბრძანებასაო.

ანტისემიტიურს მოძრაობას ძალიან დაუფიქრებია გერმანიის მმართველობაცა, ამასა ჰმოწმობენ ზოგიერთი გაზეთები, რომელნიც ლაპარაკობენ ებრაელთა ყოფამდგომარეობაზე. ეს გაზეთები ამბობენ, რომ სხვა ქვეყნებშიაც თანდათან ძლიერდება ანტისემიტიური მოძრაობაო. ამის მიზეზი ეროვნული სიძულილი და რელიგიური ფანატიზმი კი არ არის, არამედ ეკონომიური ძლიერება ებრაელთა კაპიტალისტებისა, რომლების ხელში გროვდება აუარებელი სიმდიდრე საფრანგეთისა, გერმანიისა და სხვა სახელმწიფოებისაო. ამ გარემოებას არა მარტო ეკონომიური მნიშვნელობა აქვს, არამედ პოლიტიკურიცაო, და თუ ებრაელთა ეკონომიურს გაძლიერებას თავის დროზედ არ შევებრძოლენით, კაპიტალი შეიქმნება ყველა სახელმწიფოებზე უფრო ძლიერი და საშიშიო. კაპიტალის ხელში მოიქცევა ბედი და უბედობა ერთა და მეფეთაო. ყველანი იმასა სჩივიან, რომ ანტისემიტიური მიმართულება თანდათან უფრო და უფრო ძლიერდება, ნამეტნავად განათლებულს საზოგადოებაშიო.

რასაკვირველია, ეს გარემოება მეტად საფიქრებელია, რადგანაც განათლებულს საზოგადოებას დიდი გავლენა აქვს ევროპის ყოფა-ცხოვრებაზე. ამ ნაწილს საზოგადოებისას შეუძლიან თავისი კვალი დააჩნიოს ებრაელთა ბედსა და უბედობას.

ებრაელთა საკითხზე

ხელნაწერი: ასლი U №1052, გვ. 833-834

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №98, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წ. გამოცემულ ი. ჭავჭავაძის ცხრატომეულში - ტ. IX, გვ. 192-194; პ. ინგოროყვას რედაქტორობით 1945 წ. გამოცემულ ხუთტომეულში - ტ. V, გვ. 187-189 და 1950წ. პ. ინგოროყვას რედაქტორობით გამოცემულ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულში - ტ. IX, გვ. 248-250. ყველგან წერილი დაიბეჭდა ზემოთ აღნიშნული სათაურით.

4.15 სამართალი და ზღვევა

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ილია ჭავჭავაძე

სამართალი და ზღვევა

ტფილისი, 25 ნოემბერი.

24-ს ნოემბერს ტფილისის სასამართლომ თავისი მსჯავრი დასდო ყოფილს მოწაფეს ტფილისის სახელოსნო სასწავლებლისას ვასილ ივანეს ძეს კაკაბაძეს, ჩამოართვა ყოველივე ღირსება და უნდა გაიგზავნოს კატორგაში ოთხი წლით.

რა თქმა უნდა, რომ ყოველივე დანაშაული კაცისა წინაშე კაცთა და საზოგადოებისა ასე თუ ისე დასჯილ უნდა იქმნას, ესე იგი ყოველივე ბოროტად მოქმედი კაცი უნდა დაყენებულ იქმნას ისე, რომ ვერ შესძლოს ბოროტის ქმნა, თუ მოურჯულებელია, და თუ მოსარჯულებელია - ისე უნდა გარემოცულ იქმნას, რომ მორჯულდეს, გასწორდეს, გაკეთდეს და ისევ პატიოსან კაცად დაუბრუნდეს საზოგადოებას. ჩვენი გულითადი აზრი ის არის, რომ სასჯელი ზღვევა არ იყოს, სამაგიეროს გადახდას არ მოასწავებდეს. ერთიცა და მეორეც, ჩვენის ფიქრით, აუპატიურებს იმ უწმინდესსა და უმაღლეს დანიშნულებას, განკითხვისას, რომელსაც ჩვენ მართლიერებას, სამართალს ვეძახითე და ურომლისოდაც კაცთა და საზოგადოებას, კაცთა კრებულს ერთს წუთსაც გაძლება არ შეუძლიან. მართლიერება, სამართალი, იუ მთელის ერის განწმენდილი სინდისია, მთელის ერის განწმენდილი ნამუსია და როგორ უნდა იკადროს ამ საყოველთაო სინდისმა, ამ საყოველთაო ნამუსმა, ჯიბრში ჩაუდგეს უბედურს შემცოდველსა და „კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ“ მოსთხოვოს. აქ საჭიროა მორჯულება შემცოდველისა და არა ჯვართაცმა და შანთით გლეჯა ხორცისა, ტანჯვა და წვალება.

ერთი უდიდესი მოვალეობა ადამიანისა მსაჯულობაა. მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი, ერთის სიტყვით ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი ადამიანობა. იგივე განხორციელებული ნამუსია და განსახორციელებელი სინიდისია მთელი ერისა, ერის უკეთეს კაცთაგან შეძლებისამებრ განწმენდილი და კუთვნილ სიმაღლეზედ დაყენებული. ეს მთელის ერის ნამუსი, მთელი ერის სინიდისი მაშინ უფრო იტანჯება, მაშინ უფრო იმღვრევა, როცა შემცოდველს უყურებენ როგორც მსხვერპლს ზღვევისას, სამაგიეროს გადახდისას, ვიდრე მაშინ, როცა ცალკე კაცი რაიმე დანაშაულს, რაიმე ცოდვას ჩაიდენს და ამით ასე თუ ისე შეაშფოთებს საზოგადოებას. ეგ სინიდისი, ეგ ნამუსი, სიყვარულით, გულისტკივილით გამკითხველია ცოდვილისა და არა რისხვითა და წყრომით მქნეველია გალესილის ხმლისა. იგი სწუხს ცოდვილის დანახვაზედ და არა ჰხარობს კი, რომ აი მომეცა შემთხვევა ბოროტს ბოროტი მივუწყოვო და ცოდვილი წამებას მივცეო. ამით არის ეგ საყოველთაო სინიდისი ტკბილი, ამით არის საყვარელი, ამით არის მომხიბლველის და სატრფიალო.

[1889 წ.]

სამართალი და ზღვევა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1889წ., 26 ნოემბერი, №252, გვ.1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

სათაური მიცემულია პ. ინგოროყვას მიერ.

ქ.შ.წ.კ.გ.ს. ცალზე, ბოლოში მიწერილია ი. ჭავჭავაძის ინიციალი - „ი“. მწერლის თხზულებათა კრებულში იგი პირველად პ. ინგოროყვამ შეიტანა. მეცნიერის დასკვნას ადასტურებს თ. სახოკიას“ მიერ შედგენილი „ილია ჭავჭავაძის ნაწერთა ბიბლიოგრაფია“ (იხ. ჟურნ. „მაცნე“, 1981წ. №2.).

402.3-4 „...კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ.“ - ცნობილი სახარებისეული ფრაზა: „თვალი თვალისა წილ და კბილი კბილის წილ“- მათე 5.38.

4.16 საგაზეთო შენიშვნები ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზე

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ილია ჭავჭავაძე

საგაზეთო შენიშვნები ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზე

ტფილისი, 16 მაისი/

ხვალ, 18 მაისს, განკითხვის დღეა. განკითხვის დღეა იმისი თუ, - ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ ოთხს წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულისტკივილითა და გულმოდგინებით ჩვენის კეთილდღეობისათვის, ჩვენის ავკარგიანობისათვის.

აქამდე თუ ხმოსნების ამორჩევას საბჭოსათვის ყურს არ ვათხოვებდით და გულგრილად ვეკიდებოდით, დიდი შეცოდება იყო ჩვენ მიერ ტფილისისა და მისთა მკვიდრთა წინაშე. ეხლა სულ სხვა დროა. ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი, ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, - რა მილეთისაც გინდ იყოს კაცი, - მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთნაირის გულისცემითა, ერთნაირის ნატვრითა, რომ ჩვენი დედაქალაქი გამოკეთდეს, გამოფაქიზდეს, მოჯობინდეს, მოჯამრთელდეს. ღმერთმა არა დაიშურა რა ჩვენის დედაქალაქისათვის. ჰაერი, წყალი, ადგილი - ყველაფერი, რითაც ბუნება მოსაწონებლად ჰქმნის ადამიანის საცხოვრებელს, იმოდენად კარგი გვაქვს, რომ ბევრი უცხოელი შემოგვნატრის. თუ რამ ცუდია აქ, და ბევრი რამაც არის ცუდი, სულ იმისი ბრალია, რომ დედაქალაქს შვილობას არ ვუწევთ, გულდადებით არ ვექცევით, სიყვარულით, სიყვარულით არ ვპატრონობთ.

კანონმა ნება მოგვცა ჩვენს დედაქალაქს ჩვენვე მოვუაროთ, ჩვენვე ვუპატრონოთ ამ მხრით. ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს, ხარჯიც ტყუილუბრალოდ არ იქსაქსებოდეს, საქმე ჩვენდა საკეთილოდ კეთდებოდეს და კეთილი დღედადღე ემატებოდეს ჩვენს მშობელს ქალაქსა.

ყველამ ერთად, რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კანონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით ოთხმოცი ამოირჩიეთ თქვენ შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო. და აი ხვალ ამისი განკითხვაა. რომ ჩაუფიქრდეთ, თქვენვე იტყვით ჩვენთან ერთად, რომ ეს სახუმარი საქმე არ არის. ერთი გულმრუდობით აქედ თუ იქით წასული კენჭი შემძლებელია იმისთანა კაცები დასვას საბჭოში, რომ მერე თქვენი მშობელი ქალაქი, თქვენ თვითონ, თქვენი ოჯახი, თქვენი ცოლ-შვილი თავსა და პირს იხოკდეს, - ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, როგორ ამოვირჩიეთ ეს ჩვენი წამწყმედელნი და დამღუპავნიო? იცოდეთ, დიდი ცოდვა-მადლი თანა სდევს არჩევანსა და ვიდრე ხელი კენჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნამუსს, თქვენს სინდისს, თქვენს გულს, თქვენს ჭკუას რამდენჯერმე დაეკითხეთ - ვინ არის ღირსეული და ვინ არა, განურჩევლად დიდისა და პატარისა.

იცოდეთ, თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც თქვენი სიკეთე, თქვენი სიყვარული, თქვენთვის გულშემატკივრობა სულელობად არ მიაჩნია.

თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვენი ცოლ-შვილი და თქვენის ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენს მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრებას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს, რამოდენადაც ყოველივე ეს შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ მდიდარს განგებ არ აკლებდეს ქალაქის ხარჯსა და ხმაამოუღებელს შეუძლებელს განგებვე არ უმატებდეს, და რაც მდიდარს დააკლეს, ღარიბს არ ახდევინონ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენი მიყრუებული უბნები ტალახისა და ტყლაპოებისაგან არა ჰყარდეს და მარტო მდიდართა ქუჩები არა ჰლაპლაპებდეს სიფაქიზითა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ხორაგი, საჭმელ-სასმელი, ქალაქის ბაზარში კარგი და საღი იყოს და თქვენ არ გახდენდნენ, არ გაფუჭებდნენ და ამ მხრით უშიშარ იყვნეთ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ პურს, ღვინოს, საჭმელსასმელს ჩარჩები თუ სხვა ვინმე განგებ მამასისხლად არა ჰხდიდნენ და ამით თქვენ და თქვენს ცოლ-შვილს არ უძვირებდნენ საჭირო საზრდოს და საკვებსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ქალაქის მოხელეებს ხელსა და კალთას არ აფარებდნენ, როცა იგინი არ ვარგანან და ტყუილუბრალოდ სჭამენ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა ჯამაგირების სახითა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ბუნებითად კეთილი ჰაერი თქვენის დედაქალაქისა არ იშხამებოდეს უწმინდურების სიყრალითა და არა გშხამვიდეს თქვენ, თქვენს ოჯახს, თქვენს წვრილშვილსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ წყალი უვნებელი და მოუწყვეტელი გქონდეთ და ამასთანაც, რაც შეიძლება იეფი.

თქვენ გინდათ კაცი, რომ რაკი ხორაგს თუ სასმელს ბაზარში ჰყიდულობთ, დახათრიჯამებული იყვნეთ, რომ წამხდარს და მოწამლულს არ შემოგაპარებენ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენს წვრილშვილებს სწავლა-განათლების გზა და სახსარი მისცეს, გული კეთილს შეუჩვიოს, ჭკუა სჯასა და მოსაზრებასა, რამდენადაც შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თითქმის ორ მილიონამდე ყოველწლივ შემოსავალი ქალაქისა, თქვენგანვე ხარჯად აღებული, თქვენვე და თქვენს ქალაქს საერთოდ ჰხმარდებოდეს გამოზოგვითა და ცოდნითა და არა აქეთ-იქით იქსაქსებოდეს გულდაუდებლობით და უთავდარიგობითა.

ერთის სიტყვით, ბევრი სხვაც არის, მაგრამ ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ესეც საკმაოა, თუ ღმერთმა გვაგონა, და ამაებს მაინც ხვალ შესაფერი კაცები ამოვურჩიეთ.

ამიტომა ვთქვით ზევით, რომ ხვალინდელი დღე სახუმარი დღე არ არის. სიმძიმე და სიდიდე იმ მოვალეობისა, რომელსაც ხვალ კისრად ვღებულობთ და ასე თუ ისე ავასრულებთ, წინ უნდა წაიმძღვაროს ყველამ და ისე მივიდეს კენჭის მისაცემად. აქ ვინც უმტყუვნებს და უღალატებს იმას, რასაც სინიდისი, ნამუსი, კაცური კაცობა ამხელს, იგი უმტყუვნებს, იგი უღალატებს თავისს თავს, თავისის ცოლ-შვილის, ოჯახის ბედნიერებას და კეთილდღეობას.

ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცადკაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა.

იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც.

გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი, და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინიდისი არ გეუბნებათ.

[1897 წ.]

საგაზეთო შენიშვნები ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზე

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1897, № 94, 17 მაისი, გვ. 1-2.

თარიღი: ტფილისი, 16 მაისი.

ეს ხელმოუწერელი მეთაური წერილი გაზ. „ივერიის“ შემდეგ პირველად დაბეჭდა პავლე ინგოროყვამ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის VIII ტომში 1957 წელს სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზე“.

4.17 ახალი კანონპროექტი „უკანონოდ“ შობილთათვის

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ილია ჭავჭავაძე

ახალი კანონპროექტი „უკანონოდ“ შობილთათვის

ტფილისი, 8 თებერვალი

ყველას, დიდი თუ პატარა, გაგონილი აქვს, რომ ერთის დანაშაული, თუ შეცდომა, მეორისათვის გადასახდელი არ არის, და ამ შემთხვევაში შედეგი ცდომისა, თუ ცოდვისა არასგზით არ უნდა მოეხვიოს კისერზე უცდომელსა და უცოდველსა, რაც გინდ მახლობელი იყოს ცდომილისა და ცოდვილისა. ვიმეორებთ, ეს ძირეული კანონი მჯავრდადების სამართლიანობისა დიდმა და პატარამ იცის დღეს, მაგრამ ძნელად იპოვით იმისთანა ქვეყქნას, საცა ეს ძირეული კანონი არ ირღვევოდეს და ცოდვა, თუ ცდომა ერთისა მთელის თავის შედეგით საზღავად არ გახდენოდეს მეორეს. ამის აშკარა მაგალითებს თითქმის ყოველ დღე ვხედავთ. აი ერთი ამისთანა მაგალითი, საცა ეგ უსამართლობა მეტისმეტად აშკარაა, მეტისმეტად საგრძნობა და თვალით დასანახი.

წარმოიდგინეთ შვილები ჯვარდაუწერელი ცოლქმრისა, რა ყოფაში სცვივიან და რა საშინელს გადასახადს ჰხდილობენ მარტო იმის გამო, რომ დაბადებულან სულითა და გულით შეუღლებულთაგან მაშინ, როცა მათი დედ-მამა ჯერ ჯვარდაუწერელნი არიან. არამც თუ კანონი სჯის ქორწინების გარეთ გაჩენილებს მით, რომ დედ-მამის სახელსა და გვარს არ აღირსებს ხოლმე და დედ-მამის ქონებაზედაც ხელს აღებინებს, არამედ თვით საზოგადოებაცა, რომელიც აგრე უბედურად გაჩენილს სტუქსავს, საცა კი მოასწრობს და სამარცხვინო დაღით ჰმოსავს, სამარცხვინო სახელით იხსენიებს და ერიდება, თითქო რაღაც რამ უწმინდურია და ჩირქიანიო. სიცოცხლე ამისთანა საცოდავის გაჩენის დღიდამ სიკვდილის დღემდე მოწამლულია, ჩირქმოცხებული და წარმოადგენს ერთს განუწყვეტელს წამებას, ტანჯვას სულიერად და ხორციელად. სული რადა? იმისათვის რომ მისი დედ-მამა შესცდნენ და თავის დროზე ჯვარი არ დაიწერეს, თუნდ ერთმანეთის სიყვარულით აღსავსენიც იყვნენ და ყოველი პატიოსნებით მოსილნი.

ჩვენ იმას არ გამოვუდგებით, ამისთანა საქციელი დედ-მამისა მართლა ცოდვაა თუ არა და თუნდ რომ ცოდვაც იყოს, ჩვენ მარტო ის გვაკვირებს, შვილებისა რა გადასახადია. მართალია, ამ ცოდვას თუ ცდომას შვილების ციმბირში გადაკარგვა არ მოსდევს, ანუ სხვარიგი დასჯა, სასისხლო სამართალში განჩენილი, მაგრამ ყველა სასჯელზე უარესია იგი ზნეობური „წამება“ და წვალება, რომელიც აუცილებლად თანასდევს საფლავის კარამდის ჯვარდაუწერელ დედ-მამის შვილებს.

კიდევ ვიკითხავთ: რისთვის? შვილები აქ რა შუაში არიან? აშკარაა, აქ ერთის მხრით სცდება კანონი, რომელიც თუ არ სდევნის ეგრედწოდებულ „უკანონოდ შობილს“, სჩაგრავს ხომ, რადგანაც დედმამის სახელსაც კი ართმევს და არაფერს წილს არ უდებს დედ-მამის მემკვიდრეობაში; სცდება თვითონ საზოგადოებაც, რომელსაც ერთხელ და ერთხელ გაზეპირებული ანაბანა ცრუდ მიჩნეულის ზნეობისა აკერია ენაზე და ამის ძალით სრულიად უცოდველს, სრულიად უბრალოს კაცს სამარცხვინო ბეჭედს სცემს შუბლზე, თითქო მართლა მისი ბრალი იყოს, რომ ქვეყანაზედ „უკანონოდ“ გაჩნდა და ნებადაურთველად დაიბადა.

დიდი ხანია დადიოდა ხმა რუსეთში, რომ ამისთანა უსამართლობას ბოლო უნდა მოეღოს და აი ეხლა გაზეთები გვაცნობებენ, რომ მთავრობა შესდგომიათ შეცვალოს ამ ამ შემთხვევისათვის არსებული კანონი და დედ-მამის გზა და სახსარი მისცეს თავისი ღვიძლი შვილი შვილად გაიხადოს. ხმა დადის, ვითომც იუსტიციის მინისტრს უკვე ხელი მიუყვია ამ საქმისათვის და შეუდგენია პროექტი ახალი კანონისა, რომლის ძალითაც „უკანონოდ“ შობილნი კანონიერ შვილებად შესაძლოა ჩარიცხულ იქმნენ. ჯერ დაწვრილებით ეს ახალი კანონი არავინ იცის, ხოლო ზოგადი აზრი ცვლილებისა კი შემდეგი არისო, ამბობენ გაზეთები.

შვილები, დაბადებულნი ქორწინების წინათ იმ დედ-მამისაგან, რომელნიც მერე დაიწერენ ჯვარს, კანონიერ შვილებად იცნობებიან მაშინვე, რაკი მისი მშობლები გვირგვინს იკურთხებენ. ამისათვის საჭიროა მარტო ის, რომ ჯვარის წერის დროს გამოაცხადონ მშობლებმა, რომ ჩვენი შვილია და გვსურს ყოველივე უფლება კანონიერ შვილობისა მივანიჭოთო. ეს ამ წესით უნდა შესრულდეს“ „დაბადების მოწმობაში“ (метрическое свидетельство) დაბადება შვილისა და ის, რომ იგი მათგან შობილია და ხელი მოაწერონ. ეს ხელისმოწერა უნდა შეამოწმონ იმათ, ვინც დამსწრენი და მოწამენი არიან ქორწინებისა და ქორწინების აღმსრულებელმაც მღვდელმა, და ამის შემდეგ ესრედ შედგენილი ხელწერილი „დაბადების წიგნში“ (метрическая книга) გადაიწერება. მოწმობაში, რომელიც ბოლოს მიეცემათ ამ „დაბადების წიგნიდამ“, არ უნდა მოხსენებულ იქმნას, რომ ბაშვი „უკანონოდ“ გაჩენილია.

თუ ვისაც ჰსურს ქორწინების შემდეგ კანონიერ შვილად ჩაარიცხვინოს „უკანონოდ“ ქორწინებამდე გაჩენილი შვილი, იმისათვის ეს წესია განჩენილი თურმე. თხოვნა უნდა შეიტანოს ამისათვის ოლქის სასამართლოში იქ, საცა ქმარი სცხოვრობს, და ამასთან წარდგენილ უნდა იქმნას შვილის დაბადებისა და ჯვარისწერის მოწმობა. სასამართლო, რაკი დარწმუნდება, რომ დედ-მამა მართლა ჯვარდაწერილნი არიან და შვილი სწორედ იმისაგანა ჰყავს ქმარს, ვისზედაც მერე ჯვარი დაუწერია, დაადგენს განაჩენს მასზედ, რომ შვილი კანონიერ შვილად ცნობილი იყოს, მთხოვნელს ამისი მოწმობა მიეცემა და ამ მოწმობის ძალით კანონიერობა შვილისა დაინიშნება „დაბადების წიგნში“.

ჩვენც ვიტყვით ყოველ ამის მაუწყებელ გაზეთთან ერთად, რომ ეს ახალი კანონი სწორედ ღირსია ყოველგვარის თანაგრძნობისა, ნამეტნავად იმ მხრით, რომ გზა „უკანონო შვილის კანონიერად გახდომისა დახლართული არ არის, მარტივია, დაუბრკოლებელი და ადვილად გასავლელი. ესეც დიდი საქმეა.

[1890 წ.]

ახალი კანონპროექტი „უკანონოდ“ შობილთათვის

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1890წ., 9 თებერვალი, №31, გვ.1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

სათაური მიცემულია ჩვენ მიერ.

წერილი შესულია თ. სახოკიას მიერ შედგენილ „ილია ჭავჭავაძის ნაწერთა ბიბლიოგრაფიაში“. (იხ. ჟურნ. „მაცნე“, 1981წ. №2).

თხზულებათა კრებულში პირველად იბეჭდება.

4.18 მოქრთამე მსაჯულებს გლეხისგან

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

აკაკი წერეთელი

ახალი კანონპროექტი „უკანონოდ“ შობილთათვის

გულქვაო, დროა აწ გვითხარ:
როდემდის უნდა გვაწვალო?
ვინა ხარ? სიდან მოსულხარ?
ან რა სჯულის ხარ, მტარვალო?..

კისერს გვხეხ მძიმე უღელით,
გვაყრუებ მაღლისა ხმითა,
და ქრისტეს, ქრისტეს სახელით,
ქრისტიანი ჰგმობ საქმითა!
იუდას კანონით ჰსაქმობ!
პილატებრ გვაძლევ ჩვენ ზავსა
და ჯვრის სახელით ჯვარსა ჰგმობ:
ჯვარს აცვავ ჯვრისა მმოსავსა.

ჩვენს კანზედ ჩვენივე სისხლით
კანონი დაგიწერია!
პილატებრ იბან შენ ხელს წყლით
და ხორცს გვგლეჯ, ვითა ძერია!..

ჯერ ჩვენის ხორცითა ძღები,
სისხლით იკლავ წყურვილსა
და ჰფიქრობ: ვითა „უძღები“,
მერე ვიქმ ღვთისა სურვილსა!..

მაგრამ შენს კანონს არა ჰგავს
კანონი იმ ჯვარცმულისა:
არ გაათეთრებს ტყვილად შავს,
ხარბი არ არის ფულისა!

მაღლით ხმა გვესმის: „ითმინე,
გლეხო, შენ გიხსნის უფალი!“
გეძახის მსაჯულს: „ისმინე,
გამოახილე შენც თვალი!“

„ძმა ძმას ნუ აღრჩობ ძმის ხელით,
კაენის შავ გულისთქმითა და ქრისტეს,
ქრისტეს სახელით,
ნუ ჰგმობ იუდას საქმითა!..“

1864 წ.
წყარო :მოქრთამე მსაჯულებს გლეხისგან: აკაკი: თხზულებათა სრული კრებული. ოც ტომად. ტ. 1. (ლექსები: 1836-1880): თბ. „ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა: 2010: გვ: 77-78

4.19 ვედრება

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

აკაკი წერეთელი

ვედრება

ძმაო მკითხველო! ძმობას გაფიცებ,
კაცი რომ ნახო შენ დაცემული,
თუ რად დაეცა მიზეზს ნუ ეძებ!
შენი ვალია, შეგტკივდეს გული!

შეგტკივდეს, მაგრამ ესეც უნდა სცნა,
რომ დაცემული არის ორგვარი:
ერთს ჰსურს ადგომა, უნდა თავის ხსნა,
და მეორე კი გდია, ვით მკვდარი!

ერთი მოელის კაცთაგან შველას:
ებრძვის თვის დამცემს, რაც შეიძლება;
მეორე ვერ გრძნობს ამაებს ყველას
და მტერს პირუტყვებრ ემორჩილება!

პირველს თუ შეხვდე, შრომა უკურთხე,
ხელი მიეცი, წამოაყენე,
და მეორეს კი ზედ დააფურთხე!
იტირე, მაგრამ ზურგი უჩვენე!

...........................

შემდეგი აზრი თქვას აქ წერტილმა
რადგან ჩემს კალამს, არა აქვს ნება
უნდა პირუტყვებრ ჩავიწყვიტო ხმა,
თორემ ჩემს ბატონს ეს ეწყინება.

უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით,
გულს თუ დამადგა ვერც დავახველო,
ამას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით!
"ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო"!

864 წ.
წყარო: ვედრება: აკაკი: თხზულებათა სრული კრებული. ოც ტომად. ტ. 1. (ლექსები: 1836-1880): თბ. „ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა: 2010: გვ: 80

4.20 მინდა რამ ვთქვა

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

აკაკი წერეთელი
მინდა რამ ვთქვა

მინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა,
უსამართლოდ ალაგმულმა?
ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ
შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა!

მე ამ ლაგამს წავიძრობდი,
არ მაქვს უცხოს მორიდება;
მაგრამ რა ვქნა, რომ ხელმარჯვედ
ჩემივე ძმა მეჭიდება!

იმის აზრი სულ სხვა არის
და სულ სხვას გრძნობს ჩემი გული;
მე სხვა რამე მენატრება, -
მაგას ჯილდო, ანუ ფული!

ეჰ, რა მეთქმის? მირჩევნია
უხმოდ მოვკლა გრძნობა გულში
და არვის კი არ მივყიდო
არც ჯილდოში და არც ფულში!..

1880 წ.
წყარო: მინდა რამ ვსთქვა: აკაკი: თხზულებათა სრული კრებული. ოც ტომად. ტ. 1. (ლექსები: 1836-1880): თბ. „ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა: 2010: გვ: 323

4.21 „ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

აკაკი წერეთელი
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“

მსურს, რომ ქვეყანა გულში მივიკრა
და გახსნილი მაქვს ყველასთვის გული!
დაბადებიდან თან ჩამესახა:
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“.

მაგრამ მერე რა? ვიღას-ღა უნდა
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“?
დღეს სუყველგანა და ყველასათვის
კუჭია მხოლოდ გამეფებული.

ძალმომრეობა და მტაცებლობა
კანონი არის და სამართალი.
ვინც დამარცხდება-ის მტყუანია,
ვინც გაიმარჯვებს-ის კი მართალი!

აი, ხომ ხედავთ, ჩემზე რომ მოდის?
სახლიკაცია და მეზობელი...
უნდა ჩემს სახლ-კარს დაეპატრონოს
და ზედ დამაკლას ჩემი მშობელი.

ნუთუ სკვითი კი არ მეყოფოდა,
ახლა რომ მოდის კიდევ სხვა მეხი?
ჩემს მიწა-წყალზე ჰსურს დაესახლოს
და მოიმაგროს სამკვიდროდ ფეხი!

ვხედავ, ვუყურებ, მაგრამ მე მარტოს
არ მაქვს საბრზოლო ძალი და ღონე...
ვიწვევ მოძმეებს დაუფარავად
და არვინ არის მათში გამგონე.

მაშ, რას მიშველის გულგახსნილობა,
დამშვიდებული რომ არ მაქვს სული
და რად ვატარო?მ ვისთვის და რისთვის,
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“?

1908 წ
წყარო: „ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული: აკაკი: თხზულებათა სრული კრებული. ოც ტომად. ტ. 1. (ლექსები: 1836-1880): თბ. „ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა: 2010: გვ: 594

4.22 სპარსელი ქალის „იავნანა“

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

აკაკი წერეთელი
სპარსელი ქალის „იავნანა“

დღესა სცვლის ღამე, ღამეს - დღე,
ბნელეთს მზის სხივი ნათელი,
ზაფხულს ზამთარი და ზამთარს -
გაზაფხულისა დამცველი;
სიკვდილს _ სიცოცხლე, სიცოცხლეს -
კვალად სიკვდილი გამქვრელი...

არ იქმნა, ჩემი ვარსკვლავი
ვეღარ გამოჩნდა ცაზედა,
უბედოს ბედის მწერლისგან
ცა არა მხურავს თავზედა,
თითქოს მონად ვარ შობილი
მსოფლიოს მთას და ბარზედა!

ერთად შენ მყევხარ ნუგეშად,
ნაჭერო ჩემის გულისა,
მონა-დედისგან შობილო,
გზა-ხიდად სიყვარულისა;
შენც ნუ დამტოვებ და გქონდეს,
ცნობა რამ სიბრალულისა!

ნანინა, ნანა! პატარავ,
ჯერ ყრუ-მუნჯი ხარ მძინარე,
არ იცი ჩვენი დუხჭირი
ცხოვრება _ ავად მდინარე;
არ იცი შენსა მშობელსა,
მამა რარიგ ჰყავს მცინარე!..

მე გშობე, უნდა გაგზარდო, _
ყურში გაწვეთებ ამასა:
არ იყო მხეცი ნადირი _
არ დაემზგავსო მამასა:
მეც მიცან ადამიანად,
არ გნუკავ მხოლოდ ჭამასა.

ცხოვრება წარმავალია,
მე კი ისევე ისა ვარ,
პირ ახვეული, ”ჭკვა-მოკლე”,
თითქო პირუტყვი ”ძროხა ვარ”...
ყოველგან გამორჩეული,
აჩრდილის მზგავსად დავდივარ!..

ნანაო, ნანა პატარავ,
ჯერ თუმც მუნჯი ხარ, მღიმარე,
გამოიზრდები, გაიცან
ჩვენი ცხოვრების მდინარე,
იკითხე, როდემდის ვიყვნეთ
ბნელ-უკუმეთში მძინარე!..

ერთ კერძ ყმა, იქით ბატონი;
მჩაგვრელი,  -  იქით ჩაგრული,
ენას რო ძალით გვგლეჯავენ,
თვით ენა - პირით დართული,
იკითხე: ისე რამა გვქნა
ცხოვრების შიგან ჩართული!..

მე ჰარამხანა მარგუნეს,
მომიკლეს გული მდომისა,
მონა ვარ მამიშენისა,
ჟინი აქვს გამორჩომისა.
აზრ-გუნებას კი მიყალბებს
რცხვენის გვერდს ჩემი დგომისა.

ჩადრში ვარ გამოხვეული,
ყველასგან გარიდებული,
ლოგინის მსხვერპლი... მშრომელი
ძროხასთან დაბადებული.
ღვთისა ქმნილება, სწორისგან
უმართლოდ დაბადებული!

ნანა, ნანინა პატარავ,
იცან რათა ვარ მწუხარე
ძუძუს გაწოვებ, იზარდე,
გახდი მშობელის მომხმარე
ქალ-ვაჟის გასასწორებლად
ხმა შემოსძახე მქუხარე!

1908 წ.
წყარო:"სპარსელი ქალის ”იავნანა” წერეთელი აკაკი (გურჯიოღლის ფსევდონიმით"):  ჟურნალი "ნიშადური": 1908. #46 გვ.4-5

4.23 ძმობა, ერთობა და სიყვარული

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

აკაკი წერეთელი
ძმობა, ერთობა და სიყვარული

მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

საერთშორისო მტკიცე კავშირი,
ეს არის ქრისტეს სწავლა და მცნება,
საყოველთაო, სამარადისო, -
და არ საწუთო სიზმარ-ოცნება.

ვისაც ესა სწამს წრფელის განზრახვით
და ჭეშმარიტად არს გამსჭვალული,
მას შეერგება ციურ მანანად
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

ვინც გაიძახის ცარიელ სიტყვებს
და გულში სულ სხვა აქვს დამარხული,
ამაო არის მისი ნათქვამი:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვინც მხოლოდ სიტყვით გაიძახოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

1911 წ.
წყარო:"ძმობა, ერთობა და სიყვარული” წერეთელი : რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად: ტ. 1 (ლექსები, თარგმნილი ლექსები): თბ.  "საბჭოთა საქართველო" 1988. გვ. 623

4.24 რასაც დასთეს, - იმას მოიმკი (ფანტაზია)

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ნიკო ნიკოლაძე
რასაც დასთეს, - იმას მოიმკი (ფანტაზია)

ჩვენი ქუთაისელი კორესპონდენტი რომ არ დამხმარებოდა, სწორეთ სიცოცხლე გამიჭირდებოდა! ამ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდა კაცი ქალაქში ისე, რომ ერთსა და იმავე საგანზე – „ოჯახის სიწმინდეზე“ - არ გაეგონა ლაპარაკი. ვინიცობაა, ერთი ღერი სამთლის ყიდვა რომ დასჭირდებოდა კაცს, მედუქნე ნაყიდ სამთელს ქაღალდში უიმისოთ არ გაუხვევდა, რომ არ ეთქვა:

- მამავ, ამისთანა ხათაბალა გინახავს? ჰმ ცოლიც... წაგერთოს და შენ თითონაც დანაშაული გამოდიოდე შენ ტოლში!..

ვისთანმე რომმ ძლიერ საჭირო საქმე გქონოდათ და (საკუთრათ ამისთვის მისულიყავით, თქვენ საქმეს იქით მიაგდებდა და უსათუოთ ცოლქმრობაზე ლაპარაკს ჩამოგიგდებდათ ამ სიტყვებით

- კაცმა ცოლი... წაგართოს, და გეუბნებოდენ დასთმეო, ეს რა ცეცხლია!..

კადრილის თამაშში, ან იარალიაში, ქალისთვის ტაროსის მყუდროებაზე ლაპარაკი რომ დაგეწყოთ, ის უწინდელივით კი არ გიპასუხებდათ:

– „დიახ, დღეს უცხო დარი გახლავსო“, არა, ის დაღონებული, შეშინებული ხმით შემოგჩივლებდათ

- თქვენმა სიცოცხლემმ, ეს საშინელება რამეა...

ასე გაშინჯეთ, იმ დღეს, როცა ფაეტონში ვჯდებოდი, იმერელმა მეფაეტონემ ის კი არ მკითხა საით მიბრძანებთო, — ცხენებს გამწარებულათ შოლტი გადაჰკრა, მძიმეთ ამოიოხრა, მობრუნდა ჩემსკენ და დამწვარი გულით მითხრა:

- წეიპილწა, ბატონო, ქვეყანა, სუნთლათ წეიპილწა...

თქვენი მტერიი იყოს, რაც მე ამ ნაირმა ლაპარაკმა თავი მომაბეზრა: კაცს სულ ერთნაირი ლაპარაკით თავის ტვინი წაღებოდეს, და არ იცოდეს კი რაზედ არის ლაპარაკი, - მეტი უბედურება რაღა იქნება!

ხანდისხან, ისეთ ნაირ მდგომარეობაში ჩაუყენებივართ ამ უცოდინარობას, რომ ტანზე ერთი ჩაფი ოფლი გარდამსხმია. ერთ ალაგას, შესვლის უწინ მომაძახეს: „თქვენ ხომ იმ აზრისა ხართ, რომ ოჯახი წმინდათ დაცული უნდა იყოსო?“ ჩემდა საუბედუროთ, მე თავის მოწონება მოვინდომე, და წამოვროშე:

„დიახ, დიახ, ოჯახი ტაძარი არის მეთქი კაცისთვის“. – უნდა გენახათ, ამ სიტყვებზე რა ნაირათ დააღეს პირი ჩემმა მოსაუბრეებმა... სახლის პატრონი ერთხანს გაჩუმებული იჯდა, მაგრამ რაკი შენიშნა რომ ჩემი სიტყვა იმის სტუმრების საწყენათ დარჩა, ადგა, მკლავში ხელი გამიყარა, კუთხისაკენ გამასეირნა და ყურში ჩამჩურჩულა:

- ეგ რაა თქვი, შე ოხერო? შენ იმას გეუბნებოდენ, რომ ოჯახი დაცული იყოსო, შენ კი როშავ, საყოველთაოთ კარდაღებული უნდა იქნესო!

მაშინ რომ მე ენა ჩავიკვნიტე, დღეიმდინაც დასისხლიანებული მაქვს, ღმერთს გეფიცებით. – ოჰ, მჭერმეტყველობავ, რამდენი კაცი უღვთოთ დაგიღუპავს შენ!...

მას აქეთ მე თავი ვერსად გამომიყვია შიშით, რომ აი, ეს არის, ოჯახზე ლაპარაკს დაიწყებენ მეთქი. ერთ ხანს ამ ნაირ მუსაიფობის მიზეზი მინდოდა გამომეძებნა, მაგრამ, მთასა და ბარს მოვედევი, და მაინც ვერა ვიპოვე რა... მერე მინდოდა იმისთანა პასუხები დამემზადებინა, რომ არც აზრი რამ ჰქონოდათ, არც მნიშვნელობა, და თან კი მსმენელისთვის თავბრუ დაესხათ.

გამოვძებნე ამ ნაირი ფრაზებიც, მაგალითად: „ოჯახი არის ლამპარი, რომელიც კაცს სიცოცხლის გზას უნათებს“, ან „ოჯახი კერაა, რომელიც დაღალულ კაცს ათბობს და ღონეს აძლევს“. მაგრამ, როცა ერთ ალაგას ამ საგანზე ლაპარაკი ჩამოვარდა, მე ჩემი ფრაზების გამოთქმა სირცხვილით ვეღარ გავბედე, — ვაი, თუ ვინმემ თუთიყუში დამიძახოს-მეთქი... ამას შემდეგ რაღა უნდა მექნა? ისევ შინ უნდა დავმჯდარიყავი და საზოგადოებისათვის თავი დამენებებინა. მეც ასე მოვიქეცი.

წყარო: რასაც დასთეს, - იმას მოიმკი! : ნიკოლაძე ნიკო : თხზულებანი: ტ. 2 (1870 - 1871: თბ.) "საბჭოთა საქართველო" 1988: გვ. 623

* * *

სწორეთ სამი დღე ქუჩაში თავი არ გამომეყო, როცა „დროებას“ თავისი ქუთაისელი კორესპონდენტის წიგნი მოუვიდა („დროება“, #18), რომელშიაც ეწერა: „შესანიშნავი არ არის ის გარემოება, რომ ამ მოკლე ხანში სამ ქმარს გაექცნენ თავიანთი კანონიერი ცოლები, და სხვებს წაყვნენ? შესანიშნავი არ არის ის გარემოება, რომ სამი ქმარნი დარჩნენ ხელ-ცარიელები?“

ეს ამბავი რომ წავიკითხე, არხიმედივით დავიღრიალე: „გავიგე!“ თურმე ეს ყოფილა საგანი აქაური მუსაიფობისა.

* * *

„ქმრებს კანონიერი ცოლები გაექცნენო“. თურმე ამ ამბავს შეუძრავს ჩვენი საზოგადოება, თურმე ამას შეუწუხებია და შეუშინებია ჩვენი მხდალი ვაჟკაცები და დარდიმანდი ქალები...

* * *
როცა რამე მაწუხებს, და თავის დამშვიდება მიძნელდება, ერთ მშვენიერ, გამოცდილ საშუალებას ვხმარობ, რომელიც ერთ წამში სევდას მიკლავს და მხიარულ ქეიფზე მაყენებს. თუ ძალიან დამიმადლებ, მკითხველო, გასწავლი ამ საშუალებას: იქნება-დღეს არ იყოს, ხვალ — შენც დაგჭირდეს მისი ხმარება.

როცა საქმე გაგიჭირდეს, ან ცუდი ამბავი რამ შეიტყო, მაშინვე თავში ეს აზრი გაიტარე: „უარესიც შეიძლებოდა თქო“. რაკი ამ აზრს გაიხსენებ, დარწმუნებული იყავი, რომ სევდა შენ ვეღარას დაგაკლებს.

* * *

მაგალითად ვთქვათ, — ჩვენ საზოგადოებას, იმ სამწუხარო აზრის შეტყობის დროს რომ ეფიქრა, აი, ასე: „ქმრებს კანონიერი ცოლები გაქცევიათ; ეს ცუდი საქმეა, მაგრამ შეიძლებოდა, რომ ცოლებს კანონიერი ქმრები გარეთ გამოერეკათ,- და ეს უარესი იქნებოდა“, ამის შემდეგ ცოლების გაქცევის ამბავი ასე აღარ შეაწუხებდა.

* * *

- მართლაც ხომ შესაძლებელი საქმეა, ცოლმა რომ ქმარი გარეთ გააგდოს? შესაძლებელი კი არა, ამბობენ ამისთანა მაგალითიც სადღაც მომხდარა თურმე. აბა წარმოიდგინეთ ეხლა იმ ქმრის მდგომარეობა, რომელიც ერთ წვიმიან, ზამთრის საღამოს, თითქმის პერანგის ამხანაგის ამარა, ცოლს გარეთ გამოუსტუმრებია. ამასთან შედარებით, მიბრძანეთ, რა უშავს იმ ქმარს, რომელიც ერთ მშვენიერ დილას თავის საკუთარ ლოგინში იღვიძებს და თავის გვერდით ცოლს ვეღარ პოულობს?

* * *

მართალია, ეს უკანასკნელი მდგომარეობაც უსიამოვნო რამ არის, მაგრამ...

„მაგრამ რაო?“ მკითხავს მკითხველი.

* * *

ცოლ-ქმრობასთან, და საზოგადოთ კაცისა და ქალის ერთმანეთთან დამოკიდებულებისთანა ახირებული საქმე, ჩემ დღეში არა მინახავს რა. როცა კაცი, ვთქვათ, ჩექმას ყიდულობს, იმას აზრშიაც არ მოსდის მოსთხოვოს ნაყიდ საქონელს, რომ ქუდობა ან ჩოხობა გაუწიოს: თუ ნაყიდი ჩექმა ჩექმათ არგია, მსყიდველი გამყიდველის მამის სულს ლოცავს ჩექმის ჩაცმის დროს. სახედნი ხარი რომ იყიდოს კაცმა, იმ მიზეზით კი არ დაიწუნებს, რომ საჯდომ ცხენათ არ ვარგაო: ოღონდ ხარმა იხაროს, მის პატრონს მეტი არა უნდა რა. აგრე ფიქრობს კაცი ყოველგვარ საგანზე, ცოლის გარდა.

* * *

საცოლო კაცი, ჩვენში — როგორც სხვაგანაც-მდიდარ და შემძლე ქალს ეძებს. ქალის ამორჩევის დროს, ის იმას კი არ კითხულობს, თუ რა ნაირი ხასიათისაა ქალი, ან რა ჩვეულებაები აქვს, ან რა და რა იცის, რისი მომხერხებელია, არა. ის კითხულობს-მზითვათ რა მოზდევსო, მის დედმამას ვინა ყავს ნათესავი და მეგობრებიო, რა ნაირ შველას და დახმარებას უნდა ველოდე მე ამ ნათესავებთაგანო. ქალის ხასიათი, შნო, სილამაზე, სწავლა, გონება-ეს საგნები ვის აგონდება. საქმე მზითევია, ნათესავობაა. სილაზათე, ხასიათი, სწავლა, — გინდ კარგი ჰქონდეს ქალს, გინდ ავი, სულ ერთია.

* * *

ასეა საქმე. მოდის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ქალი ჯერ იქმნება თვალითაც არ უნახავს, და ეუბნება ქალის დედ-მამას: მე ესა და ეს კაცი ვარ, ამოდენა მამული მაქვს, ადგილიც კარგი მიკავია, გვარითაც ხეირიანი ვარ,ერთი სიტყვით კოტრი ვაჭარივით თავს იქებს, და ბოლოს ამბობს: თქვენი ქალი მომეცით. თან ამტენი და ამტენი მზითევი გამოატანეთ, და მე კარგათ დავარჩენ იმას და ჩემ ოჯახსაცო.

ამაზე მოხდება ვაჭრობა-სიმამრი მზითვის დაკლებას სცდილობს, სიძე, რასაკვირველია, მომატებასა. ბოლოს საქმე რიგდება. ახალგაზდებს დიდი ცერემონიით ჯვარს სწერენ და ისტუმრებენ...

* * *

ეხლა ეს მიბრძანეთ, რა ხმა აქვს ამოსაღები ახალგაზდა ქმარს, თუ მისი ცოლი უხეირო და ყოფაქცევო ბაიყუში გამოდგა, ან და რა პირით მოსთხოვოს იმან ცოლს სიყვარული და ერთგულობა? ცოლის ამორჩევის დროს, ის სიმდიდრეს და შემძლე ნათესავებს ეძებდა, - ჯვრის დაწერის შემდგომ კი სიყვარული და ჭკუა გაახსენდა ყმაწვილს... აფერუმ!

* * *

გასაკვირველი შუბლის კანი უნდა ჰქონდეს იმ ქმარს, რომელიც ამ ნაირათ ნათხოვ ცოლს სიყვარულს და ერთგულობას მოსთხოვს. ერთიც ვნახოთ, ცოლმა უპასუხა: - კაცო, ჭკუა ტყეში ხომ არ გაგიშვია? შენ მე ხომ არ მოგწონებივარ, ჩემი მზითევი მოგეწონა; ჩემთან ხომ არ გქონია საქმე, - ჩემი მზითვის პატრონთან გქონდა; შენ მის მოწონებას, მის დათანხმებას და შოვნას სცდილობდი, და არა ჩემსას. ეხლა ეს ჩემი მზითევი ხომ მიგიღია, ჩემთან რაღა ხელი გაქვს?

* * *

რა უნდა უთხრას მაშინ ქმარმა? ამისთანა მდგომარეობაში, ის დგება და ამბობს: „ცოლ-ქმრობა კაცის სიცოცხლის განმანათლებელი ლამპარიაო“.

* * *

„ცოლქმობა კაცის სიცოცხლის განმანათლებელი ლამპარია?“ თუ ასეა და, მარტო დღეს უნდა გაახსენდეს კაცს ეს ლამპარობა? თუ კაცი სიცოცხლის გასანათებლათ ლამპარს ეძებდა. რაღა ეშმაკათ ცდილობდა, რომ ლამპარი მაინც და მაინც შავი ფულით ყოფილიყო გატენილი, და რატომ იმაზე არ მიაქცია თავისი უმთავრესი ყურადღება, რომ ლამპარს თავის ალაგას სამთელი ან ჭრაქი ჰქონოდა?

* * *

„ცოლქმრობა კაცის სიცოცხლის განამნათლებელი ლამპარია!“

კაი და კეთილი, მაგრამ ეს ჯვრის დაწერის უწინ უნდა გახსენებოდა კაცს. თორემ უჭრაქო ლამპარი ათასიც რომ აწვალო, ის სინათლეს მაინც ვერ გამოიღებს. სინათლე არც მაშინ გამოჩნდება, თუგინდ ისიც ბევრი აწვალო, ვინც ამ უჭრაქო ლამპარს სხვა რამე ჭურჭლათ ხმარობს...

* * *

„ლამპარი“, ჩემო ბატონებო, ძალიან ნაზი საქონელია. ის ძლიერ ოსტატურ გაკეთებას, მოვლას და შენახვას თხოულობს. თუ თქვენ გინდათ, რომ ის დიდ ხანს და ნათლათ გინათებდესთ, გამოახილეთ თვალი და ეცადეთ, რომ გამკეთებლებმა და მომვლელებმა ლამპარი თავიდანვე არ წაახდინონ და წვერ-ულვაშიანი ბავშვების სათამაშოთ არ გახადონ. თორემ როცა ჭრაქის დასადგამი ალაგი გავარდნილი ექნება ლამპარს, გვერდები ჩაჭყლეტილი და შუშები დანტვრეული, მაშინ ბევრიც რომ აწვალოთ, ვერათ გამოიყენებთ: რამდენჯერაც უნდა ჩაანთოთ შიგ სამთელი, ის ან ქვეშ გავარდება, ან ათას მხრიდგან გამკვრელ-გამომკვრელ ქარს ვერ გაუძლებს და დაივსება...

* * *

აქამდი, მკითხველო, მე ცოლ-გაქცეულ ქმრებზე გემუსაიფებოდი. მოდი ეხლა ორიოდე სიტყვა იმ ქმრებზედაც ვთქვათ, რომელთაც მათ და საუბედუროთ, ცოლები არ სცილდებიან.

* * *

არიან თურმე ზოგიერთი იმისთანა ყმაწვილები, რომელთაც წეღან აწერილ-ნაირათ შეურთავთ რამდენიმე ათასი თუმანი, და თან მახინჯი ცოლიც წამოუყვანიათ. უშრომოთ ნაშოვნ ფულს, რასაკვირველია, ჯიბეში ან ყუთში დარჩენა ეძნელება. ამის გამო იმათი მზითვიც მალე გაფლანგულა, ქაღალდში ვარ, თუ ცხენებში ან ქალებში, — სულ ერთია. და ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ ახალგაზდას ხელში მახინჯი ცოლი და დახვრეტილი ჯიბე შერჩენია.

* * *

როცა ამ გვარ ყმაწვილების წინ გაქცეულ ცოლებზე ჩამოვარდება ლაპარაკი, უნდა გაიგონოთ მაშინ რა ოხვრა ამოდის იმათ გულიდგან, და დაინახოთ, რა სიხარბე გამოჟღავის იმათი თვალებიდგან. — „ღმერთო! ივედრებიან ისინი გულში, ერთი იმ დღეს მაღირსე, რომ ჩემი ცოლიც ვისმეს მოეტაცოს, თუ მაინც და მაინც მისი სიკვდილის ღირსს არ გამხდი!“ – და რაც მათ გულში გრძნობა და სიმხურვალე ჩარჩენილა ყმაწვილობიდან, სულ ერთიანათ ამ ოხვრაში ამოდის.

ამბობენ, ვითომ ერთ ამ გვარ ყმაწვილებთაგანს იმ დღეს კიდევაც ეთქვას, მის წინ რომ გაქცეულ ცოლებზე

ლაპარაკობდნენ: | - უბედურ კაცს ცხენი გაექცევა, და ბედნიერს ცოლიო!

* * *

მაგრამ, დაილოცა ღვთის სამართალი! აგრე სჩანს, რომ მზითვით დახარბებულ ქმრებს, ვისაც ლამაზი და შნოიანი ცოლი შეხვდენია, იმას ცოლი თითქმის მეორე დღეს ექცევა; და ვისაც მახინჯი ბაიყუში რგებია, იმან ცოლი, ამ სოფელში კი არა, მგონია საიქიოსაც ვეღარ მოიშოროს თავიდან.

1870 წ.
წყარო: ეკლესია და სახელმწიფო : ნიკოლაძე ნიკო : თხზულებანი: ტ. 2 (1870 - 1871: თბ.) "საბჭოთა საქართველო" 1960: გვ. 61-67

4.25 ეკლესია და სახელმწიფო

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ნიკო ნიკოლაძე
ეკლესია და სახელმწიფო

ამ უკანასკნელი წლის განმავლობაში ყველაზე უფრო შესანიშნავი მოვლენა ის ბრძოლაა, რომელიც ეხლაა ატეხილი, სახელმწიფოს, ესე იგი, სამოქალაქო განწყობილებას და საეკლესიო წესს შუა. რაკი 1864 წლის პაპის „მსოფლიო ეპისტოლემ” (ენციკლიკამ) და 1870 წლის მსოფლიო კრებამ თითქმის ყველა ის აზრები შეაჩვენა, რომელზედაც დამყარებულია ეხლანდელი სამოქალაქო და სახელმწიფო წესი (მაგალითად, დეპუტატების ამორჩევა, სახელმწიფო საქმეების კონტროლი, სამოქალაქო ქორწინება, რწმუნებების თავისუფლება და სხვ. და სხვ.) - დაიწყეს სახელმწიფო კანონების უარყოფა და საკუთარი წესების შემოღება. სხვა და სხვა სახელმწიფოებში განხეთქილების მიზეზები სხვადასხვა იყო, მაგრამ საქმე კი ყოველგან ისე რიგად წარიმართა, რომ სამოქალაქო მთავრობამ ღვდლებს შენიშვნა მისცა (თქვენი მოქმედება კანონს და კონკორდატს არ ეთანხმებაო). ამ შენიშვნაზე ღვდლებმა ყოველგან პასუხად გამოაცხადეს, რომ „კანონი კაცების ხელითაა შედგენილი და ჩვენ კი ხვთის მემკვიდრის შეუცდომელი პაპის ბრძანებას ვემორჩილებით და ნებას ვასრულებთო. ჩვენ ყოველ იმ კანონს უარვყოფთ, რომელიც პაპის ნებას არ ეთანხმებაო”.

უეჭველია, რომ ამნაირ მდგომარეობაში სახელმწიფოს ან თავის კანონების ძალა უნდა დაევიწყნა და სამღვდელოების ყურმოჭრილი ყმა უნდა გამხდარიყო (ასე მოიქცა საფრანგეთში ტიერის მთავრობა), ანა და კანონების ძალა უნდა დაეცვა და სამღვდელოება უწინდელ მდგომარეობაში უნდა დაეტოვებინა, კანონებისთვის უნდა დაემორჩილებია. ასე მოიქცა გერმანია და შვეიცარია.

ეს საქმე ძლიერ ძნელი და გავლენიანია ხალხის მომავალი ბედისა და მდგომარეობისათვის, და ამის გამო ამ საგანზე ორიოდე სიტყვის თქმა ღირს. უწინდელ დროში სამღვდელოებას თავისი საკუთარი შემოსავალი და მამულები ჰქონდა. ამ მამულების და შეძლების უმეტესი ნაწილი სამღვდელოებამ იმითი შეიძინა, რომ დაბერებულ უმეცრების, მომაკვდავების, გამოჩერჩეტებული ქალების და დაბრმავებული კაცების შეშინებულ გონებას საიქიოს და ჯოჯოხეთის სურათებს უხატავდა და ეუბნებოდა: თუ საიქიოს ნეტარება და ჯოჯოხეთის გადარჩენა გინდათ დიდ ძალი ფული და მამული შესწირეთ ეკლესიასო. დაშინებული, ავადმყოფი, გამოტვინებული გონება (თავისი) ცოდვების გამოსაყიდველად, გლეხებს, (მამულებს...) სწირავდა რომის პაპის სასარგებლოდ. სამღვდელოება იმდენად გაძლიერდა და გამდიდრდა, რომ სახელმწიფოს ტოლი და მტერი შეიქნა. საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ ამ უმსგავსობას ბოლო იმით მოუღო, რომ საეკლესიო მამულები სახელმწიფოდ ჩარიცხა და სამღვდელოებას სამაგიეროდ ჯამაგირი გაუჩინა. ეს გადაწყვეტა იმნაირად (საზეიმო) გამოდგა, რომ მთელმა ევროპამ ამ მაგალითს მისდია და — თითქმის ყოველგან, სამღვდელოებას მამულები ჩამოერთვა და ჯამაგირი დაენიშნა, ისე რომ თვით რუსეთშიაც და კავკასიაშიც მოაწია ამ გაწყობილებამ.

მაგრამ ამ უკანასკნელ დროებში ეს გაწყობილება ბევრს აღარ მოსწონს. ლიბერალურ-რესპუბლიკური პარტია ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ როდი უნდა აძლიოს

ჯამაგირი სამღვდელოებასო: ვისაც სწამს მღვდელის ქადაგება, ვისაც მისი ლოცვა სჭირია და საჭიროდ მიაჩნია, იმან თვითონ აძლიოს ხარჯი მღვდელსაო. თორემ მღვდლები ფულს კი სახელმწიფო ხაზინიდან იღებენ და თან სახელმწიფო კანონების წინააღმდეგ ქადაგებენ, თანამედროვე საზოგადოების დამხობას ცდილობენ და სახელმწიფო ფულით სახელმწიფოს სამი საუკუნით უკან დახევას ეძებენო. ამასთანავე ის ნაწილი სამღვდელოების, რომელსაც თავისი სარგებლობა გამჭრიახათ ესმის, ამბობს: - „ჩვენ ჯამაგირს როდი ვთხოულობთ, თავისუფლება მოგვეცით რაც გვინდა ის ვიქადაგოთო, როგორც გვსურს - ისე ვმართოთ ჩვენი სასწავლებლები და . . . . .) ეკლესიას დაუბრუნეთ მამულების შეძენის უფლება, რომელიც იმას რევოლუციის დროს გამოცემულმა კანონმა მოუსპო და ჩვენ კმაყოფილი ვიქნებითო“. აი, ეს ორი მიმართულება თხოულობს ეკლესიის და სახელმწიფოს განცალკავებას. -მეორე მიმართულება კი ეხლანდელ წესს იცავს და ამტკიცებს, ერთის მხრით (ზოგიერთი რესპუბლიკელები), რომ მამულების შეძენის უფლება რომ მივცეთ სამღვდელოებას, ის ისევ ისე გაძლიერდება როგორც 1789-მდე იყო; უფრო სჯობია სამღვდელოება ჯამაგირით ალაგმოთ და კანონების მორჩილებას ვაიძულოთო. (და, მეორეს მხრით, სამღვდელოების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ჯამაგირი ჩვენ გვერგება როგორც იმ მამულების სანაცვლო), რომელიც 1790-ში წაგვართვესო.

თუ ჯამაგირების (მოცემა არ გსურთ) ის მამულები დაგვიბრუნეთო.

აი, ესაა ეხლანდელი ბრძოლის ასპარეზი.

თვითონ ბრძოლა კი თანდათან უფრო და უფრო ცხარდება და შიგ ბევრი ახალი საფუძველი და იარაღნი გამოაქვთ მებრძოლებს. შესანიშნავია იმათში ის წესი, რომელიც ჟენევის მართებლობამ გამოძებნა, სამღვდელოების ამორჩევა მრევლისაგან. როცა, ღვდელის ამორჩევის დროს თითოეულ კანდიდატს მისი შეხედულების და რწმუნებების გამოთქმა და დამტკიცება დასჭირდება, მაშინ რწმუნების საქმეებში უფრო დიდი ეჭვიანობა და ანალიზი ფეხს შეადგამს, და უეჭველია, ეს ბევრ დაბრმავებულს თვალს აუხელს, ბევრ ამაოთ მორწმუნეობას მოსპობს, ბევრ უსაფუძვლო გავლენას ბოლოს მოუღებს. მაგრამ ამ (ცხელებაზე) და საზოგადოთ ეკლესიების განხეთქილებაზე სხომის მოვილაპარაკოთ.

1873 წ.
წყარო: ეკლესია და სახელმწიფო! : ნიკოლაძე ნიკო : თხზულებანი: ტ. 2 (1870 - 1871: თბ.) "საბჭოთა საქართველო" 1963: გვ. 176-178
 

4.26 სადღეისო ჭირვარამი

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ნიკო ნიკოლაძე
სადღეისო ჭირვარამი

„ქალთა მოძრაობამ“, - რომლის ინიციატივა რუსეთში ეკუთვნის ასე უდროოდ დაღუპულ და ასე ცუდად დაფასებულ მ. ლ. მიხაილოვს, რუსეთის საზოგადოება არაჩვეულებრივად სასიამოვნო სახით წარუდგინა ევროპას. მაშინ, როცა საფრანგეთში, ინგლისში ან გერმანიაში, მიუხედავად ჩვენი საუკუნის უკეთილშობილესი მოაზროვნეების მეცადინეობისა, აზრი ქალის შრომაში გათანასწორებისა და თანასწორუფლებიანობისა, ქალებსაც კი უაზრო ქიმერად ეჩვენებათ, რუსმა ქალებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში და პირველ რიგში დგანან იმ ქალთა შორის, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო. მათმა ბრწყინვალე წარმატებებმა, რასაც მიაღწიეს ბეჯითი შრომით, მიუხედავად დაცინვისა, უწმაწური სიტყვებისა, უკან დევნისა და ცილისწამებისა, ევროპაში მათ შეუქმნა სრულიად დამსახურებული რეპუტაცია, რომლის სხივებს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა მთელი რუსეთის საზოგდოებაზე. ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე უკეთეს და მტკიცე გამარჯვებად, რამაც ევროპის საზოგადოება აიძულა მომავალში პატივისცემით მოეპყრას რუს ხალხს...

მაგრამ ქვეყანაზე ჯერ არ ყოფილა და, ალბათ, არც არასოდეს იქნება ისეთი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც არ ახასიათებდეს უკიდურესობები, არ გაეტაცოს გარეგნულ მხარეს, არ გადაემლაშებიოს და არ ჩავარდნილიყოს „სასაცილო“ მდგომარეობაში. თავისთავად იგულისხმება, რომ ქალთა მოძრაობასაც რუსეთში თავი დაეღწია მისგან. იყო მასში სასაცილო, ჰქონდა ნაკლი, იყო შემთხვევები ფირმის არსად მიღებისა, იყო კერპთაყვანისმცემლობა შეკრეჭილი თმებისა და ლურჯი სათვლეებისადმი, მაგრამ საქმის კარგი მხარეების დაუნახველობა ამ წვრილმანებისა და რუსი ქალის პირველი ნაბიჯების უხერხულობის გამო, საპატიებელი მხოლოდ ახლომხედველ და ქარაფშუტა ადამიანებისათვის. დრომ, რომელიც ასწორებს ხორკლებს და მარადიულობას და უკვდავებას მხოლოდ იმას ანიჭებს, რაც მართლა სასარგებლოა, საჭირო და მიზანშეწონილია, რაც შეეფერება კაცობრიობის ბუნებრივ ზრდას და მოთხოვნილებას, განაჩენი გამოუტანა „ქალთა მოძრაობის“ ფორმასაც და არსსაც. არსი დარჩა და იმის და მიხედვით თუ როგორ ხდება იმ ხელოვნური დაბრკოლებების აღმოფხვრა, რომლებიც შეჰქმნა მასების უმეცრებამ და ”კონსერვატორების“ დახავსებულობამ, ეს მოძრაობა სულ უფრო და უფრო სერიოზულ სახეს ღებულობს, რაც გამოიხატება ქალების მისწრაფებაში სოლიდური წოდებისა და დამოუკიდებელი შრომისაკენ. ხოლო იმ დროის გარეგნული მხარე, როცა ამ მოძრაობას ჯოგური, მაიმუნური ხასიათი ჰქონდა, თანდათან ქრება და ეგუება ყოველი იმ ქალის ინდივიდუალობას, რომელიც განათლებისაკენ ისწრაფის. ჩვენ ვეღარ ვხედავთ ჟორჟ ზანდის მსგავსად მამაკაცის შარვალში გამოწყობილ ქალებს, რომელთაც დამოუკიდებლობის უდაო ნიშნად ქუჩაში თავდაყირა სიარული მიაჩნიათ... სამაგიეროდ ჩვენ უფრო ხშირად ვხვდებით ქალებს, რომლებიც არაფრით არ გამოირჩევიან თანამედროვე ქალის ტიპისაგან, მაგრამ რომლებიც გულმოდგინედ შრომობენ მეცნიერებისათვის და თვითგანვითარებისათვის...

შარშანდელი ომის დროს მთელმა რუსეთმა საქმეში დაინახა ეს ქალები, რომლებზედაც ადრე ავტორიტეტული ადამიანები ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ ისინი ევროპაში გარყვნილებისათვის უფრო მოხერხებული საშუალებების გამო დაეთრევიანო (თითქოს სახლში ვინმესთვის ძნელია გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრება). დაინახა ეს ქალები რუსმა ჯარისკაცმაც, რომელიც ჯერ კი არ დაავადებულა ბატ. კატკოვის ტყუილით და ბატ. სუვორინის ჭორებით. ჯარისკაცმა დაინახა, თუ რა შრომისუნარიანობა და რა უსაზღვრო თავგანწირვა გამოავლინეს ამ ქალებმა და ათი ათასობით დაჭრილმა და ავადმყოფმა რუსმა ჯარისკაცმა საყოველთაო და ერთხმად მიღებული განაჩენი გამოიტანს, რითაც ეს ქალები თითქმის წმინდანებად მონათლეს. ბატ. კატკოვებისა და სუროვინების სამარცხვინოდ, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე დასცინოდნენ ამ ქალებს, ახლა ეს განაჩენი ამ ცილისმწამებლების გაზეთებმაც გადაბეჭდეს. მაგრამ ეს კიდევ არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რასაც მათ შესახებ მთელ რუსეთს მოსდებენ ომში დაჭრილები და დაავადებულები, როცა თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან. ჩვენ არ ვიცით რას მოჰყვებიან ათი წლის მანძილზე რუსული ქოხების ჭერქვეს ეს „ჭირვარამს გამოვლილი ადამიანები“ სხვა ადამიანებზე, რომლებიც ომში ნახეს. მაგრამ ისინი რომ ბევრჯერ გაიმეორებენ - რუსი ექიმი ქალი დაჭრილებისა და ავადმყოფების ყველაზე უკეთესი მფარველი ანგელოზი იყოო, ეს არც ჩვენთვის და არც ბატ. კატკოვების და К-სათვის არავითარ ეჭვს არ იწვევს...

ამ გმირი ქალებიდან ბევრი დაიღუპა და სიცოცხლე შესწირა სამშობლოს... მაგრამ მათ დაამტკიცეს, თუ რამდენი სიცრუე იყო იმათ სიტყვებში, ვინც ქალის განათლების წინააღმდეგი იყო და ახლა, როგორც ცნობილია, ამ ქალების წყალობით ქალთა განათლების საქმე უდაოდ მოგებულია...

........Дело прочно,

Когда под ним струится кровь!

აქამდე ვინ არ იცოდა, თუ რამდენი ჭეშმარიტი გმირობა უნდა გამოეჩინათ ამ ქალებს სამშობლოს წინაშე, რომ თავიანთი ვალი მოეხადათ ბრძოლის ველზე და ჰოსპიტალში... შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ქალი, რომელიც უანგაროდ წირავდა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაჭრილების ტანჯვის შემსუბუქებას, უკიდურეს შემთხვევაში, შეურაცხყოფისაგან, ცილისწამებისაგან და სიცრუისაგან მაინც იქნებოდა დაზღვეული. ქალი ხომ ფულისათვის არ მიდიოდა ომში, რა უნდა მიეცა მისთვის წითელ ჯვარს? არც დიდებისათვის მიდიოდა, რადგან ყველა უცნობი დარჩა, არც ჯილდოსათვის, რადგან ჯილდო რაც სჭირდებოდა და მიუწვდომელიც იყო მისთვის... მაშ რა მიიღეს მათ?

წაიკითხეთ „ობროზის“ დღევანდელ ნომერში უბედური კ. ს. ნეკრასოვის წერილი,რომელიც გადმოვბეჭდეთ „მოსკოვსკი ობოზრენიედან“ და თქვენ დაინახავთ, თუ რამდენი სიმწარის გადატანა მოუხდათ ამ ქალებს და რა ადმიანებთან ჰქონდათ საქმე!..

ხედავდე ყოველდღე თავგანწირულ ქალიშვილს, დახრილს დაჭრილი ჯარისკაცების სასიკვდილო სარეცელზე, ხედავდე რამდენი ზნეობრივი ტანჯვის გადატანა უხდებოდათ მათ ამ ჯარისკაცთა ტანჯვის ყურების დროს, რომელთა დანახვაზე ამ სტრიქონების ავტორს,მამაკაცს და ისიც ჯანმრთელ მამაკაცს, დაუკარგავს გრძნობა, ხედავდა ყოველივე ამას, ვამბობ მე და მიეძალო ასეთ ქალიშვილს ეროტიული წინადადებებით, ამისათვის ცოტაა იყო „ეშმაკი“, როგორც ამას უბედური ნეკრასოვი ამბობს, - ამისათვის უბრალო ცხოველი უნდა იყო.

და აი როგორი ფორმით წარმოგვიდგებიან ის ადამიანები, რომლებიც ყვიროდნენ ზნეჩვეულებათა გარყვნაზე იმის გამო, რომ ქალი ისწრაფვოდა ესწავლა რამე მხოლოდ იმისათვის, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა კეთილსინდისიერი და უანგარო სამსახური გაეწია რუსი ხალხისათვის!

1878 წ
წყარო: სადღეისო ჭირვარამი : ნიკოლაძე ნიკო : თხზულებანი: ტ. 5 (1877 - 1878: თბ.) "საბჭოთა საქართველო" 1966: გვ. 499-501
 

4.27 რაღაც-რაღაცეები რაღაც-რაღაცეების შესახებ (ნაწყვეტი)

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ნიკო ნიკოლაძე
რაღაც-რაღაცეები რაღაც-რაღაცეების შესახებ
(ნაწყვეტი)

ჩვენი პუბლიცისტების და მათი ორგანოებისათვის ზედგამოჭრილია ასეთი ანდაზა: „სანამ არ დაუქუხებს-გლეხი პირჯვარს არ გადაიწერს“. „მოვლენათა კუდში ჩანჩალი“ მათთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. მხოლოდ „გვერდში ჩანგლის გაყრას“ შეუძლია აიძულოს ისინი ამოძრავდნენ, გარკვეული მანძილი ჩორთით გაირბინონ. მაგალითისათვისშორს წასვლა არ მოგვიხდება. ამ ცოტა ხნის წინათ მოსკოვის ერთ-ერთ ყოველკვირეულ ჟურნალში დაიბეჭდა რამდენიმე ნაწყვეტი მიმოწერიდან განსვენებული სტუდენტის ნეკრასოვასი, რომელიც ფერშლად მუშაობდა რომელიღაც ლაზარეთში დუნაის გაღმა. გამოქვეყნებული ნაწყვეტები საკმაოდ საინტერესოა და ფარდას ხდიან იმ ამბავს, თუ რა მდგომარეობაშია ფერშალი ქალები ბრძოლის ველზე... „მამაკაცებს აქ ადამიანური აღარაფერი შერჩათ და ნამდვილ ქაჯებად გადაიქცნენ“ - წერდა იგი 17 სექტემბერს ფრატეშიდან. „მზად არიან მოაწყონ მთელი ჰარემები და თავი სულთანად იგრძნონ. ახლა მე მესამე თავხედი უნდა მოვიშორო თავიდან. და ეს მესამე სხვა არავინაა, თუ არა ჟდანკო. მე მხოლოდ ამისთვის მივატოვებდი ფრატეშტს, რადგან როცა ჟინმოუკვლელნი მიდიან, შემდეგ ათასგვარ საზიზღრობას სჩადიან. სწორედ ასეთი საზიზღრობა ჩაიდინა სტუდენტსკიმ (ქირურგი პრედგომიტი) იგი არ უშვებს არც ერთ ქალს, უნდა ყველას მოგლიჯოს ერთი ბღუჯა თმა. მე ძალზე აღშფოტებული ვიყავი, როცა ერთმა ჩვენმა სტუდენტმა ქალმა მიამბო, რომ იგი მას სხვადასხვა ბინძური წინადადებებით მიმართავდა, ერთხელ კი პირდაპირ ეცა, კოცნა დაუწყო და გაჰყვიროდა: „მაშ თქვენ არ გინდათ?!“ და ასეთი აღშფოთებული ფაქტები იმის ღირსიც არ გახდა, რომ „საკითხად“ დასმულიყო. ამ ამბავს მხოლოდ ერთადერთი ორგანო „ნედელია“ გამოეხმაურა. მათ საჭიროდ სცნეს შეხებოდნენ ეგრეთ წოდებულ ქალთა საკითხის მტკივნეულ ადგილს. სხვა ორგანოები კი ამ ამბავს მხოლოდ იმიტომ გამოეხმაურნენ, რომ განსვენებული ნეკრასოვა მანიაკად გამოეცხადებინათ.

ეს წერილები, ალბათ, ბევრმა წაიკითხა. წაიკითხეს და, როგორც ხდება, გვერდზე გადასდეს. იქნებ ოდნავ მაინც ამოძრავდა გამოკვლევის გაუბედავი გრძნობა, იქნებ სულის სიღრმიდან დაიძრა დავიწყებული, საყოფაცხოვრებო წვრილმანებით შეზღუდული, მაგრამ ოდესღაც ძვირფასი, მღელვარების გამომწვევი თუნდაც „მწარე“ საკითხები... შეიძლება! ყველაფერი ხდება-ისეთი უგვანო მოვლენებიც კი, რაზედაც წერდა ნეკრასოვა და, როგორც დავინახეთ, ამგვარი მოვლენებისადმი გულგრილი დამოკიდებულებაც...
ზოგიერთი, ალბათ, ამ ამბავს ბუნებრივად მიიჩნევს და საბუთად სქესის თავისებურებას მოიყვანს, რაც თითქოს საშუალებას არ აძლევს მამაკაცს ქალების დანახვისას დაივიწყონ ეს თავისებურება. ზოგიერთ ქალს თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ჰგონია - მამაკაცებით გარშემორტყმული ციხესიმაგრეა და ამავე დროს უნდა, რომ მასზე უფრო ენერგიული იერიში მიიტანონ, რათა სასურველი კაპიტულაცია არც ისე სამარცხვინო გამოჩნდეს. ასეთი ქალისათვის სიყვარული „ნეტარების მომენტისათვის“ ბრძოლაა და მამაკაცის ცდას არა თუ ბუნებრივად, არამედ სასიამოვნოდაც მიიჩნევს... ამგვარი ქალი, რა თქმა უნდა, მედგრად არ მოიგერიებდა იერიშებს, არ გამოიტანდა სახალხოდ, მასში იმ წამსვე აღმოჩნდებოდა მოღალატე,-ნაზი, სიტკბოების მოყვარული გული და, თუ თვითონ ქალი არა, ეს გული ჩააბარებდა მტერს ციხესიმაგრის გასაღებებს, გახსნიდა კარებს და ციხესიმაგრის მფლობელი ჩუმჩუმად გააბამდა მაცდუნებელ სიყვარულს სამხრეთის ცისა და კვიპაროსების ქვეშ, როცა ირგვლივ ქვემეხების სროლა ისმის და ძმები იხოცებიან...
მართლაცდა რა გასაკვირია, თუ მამაკაცს სხვანაირად ვერ წარმოუდგენია ქალთან თანამშრომლობა თუ არა თანაცხოვრებით, თუ ყოველთვის ისწრაფვის დაუახლოვდეს მას არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც. სისხლის, ყვირილის, ჭრილობის შეხვევის მეტი არაფერია და უეცრად გამოჩნდება „შავგრემანი ან ქერა მაცდური ქალი“. როგორ არ გამოიყენო შემთხვევა, როგორ არ ისარგებლო მისი სისუსტით, გამოუცდელობით, წუთიერი გატაცებით და, რა თქმა უნდა, სხვა ამგვარი შესაძლებლობით. ხოლო თუ ამის გამო ჩვენი უმანკო საზოგადოება გაწყდება, ეს ხომ გამეორება იქნება უნ ფაპ პროსტიტუციისა საერთოდ. შეიძლება აღმოჩნდეს პატიოსანი ადამიანი, რომელიც „თავგანწირულ გმირს“ სახეში შეაფურთხებს, მაგრამ რა მოხდა? მოიწმენდს და განაგრძობს „სამსახურს“. თუ მათ ზურგს შეაქცევს ყველა პატიოსანი ქალი, ამგვარი გმირები გაურბიან და თითქოს ეშინიათ კიდეც მათი, და თუ ბრძოლის ველზე ქალებს მათი სქესისათვის დამახასიათებელი „სამსახური“ სთხოვეს, ეს მხოლოდ შეცდომით, რადგან ნამდვილი „სუსტი“ ქალები მათ მახლობლად არ იყვნენ. ხოლო თუ თავს ვერ შეიკავებ და, რომელიმე საბედისწერო შემთხვევის გამო, საბრალდებულო სკამზე აღმოჩნდები - ფული იყოს და ყველაფერი კეთილად დასრულდება: არსებობს სპეციალური ხალხი და სპეციალური, შემამსუბუქებელი, გამამართლებელი გარემოება: სამხრეთის მდიდრული ცა, აღგზნებული ნერვები, გახურებული თავი, ქალის სილამაზე, ურთიერთობის შესაძლებლობა... და საქმე მოგვარდება-გმირი მზადაა ახალი საგმირო საქმეებისათვის. გარემოებათა დასახელება და არგუმენტების მოყვანა შეიძლება ყველა დარგიდან, პოეზიიდანაც კი! წყეულო არგუმენტებო! რატომ ხართ მუდამ ძლიერის მხარეზე?

შეიძლება პრესამ... მაგრამ რა უნდა გააკეთოს პრესამ ყალბი თანაგრძნობითა და ხელოვნური აღშფოთებით? აღშფოთების გამოთქმა და მხოლოდ აღშფოთების გამოთქმა... ამას იქით იგი არ მიდის...

განა ეს სიმართლე არაა? განა ჩვენ მხოლოდ აღშფოთებას არ გამოვთქვამთ ყველა მოხერხებულ შემთხვევაში? განა ჩვენი პუბლიცისტიკა აღშფოთებათა გრძელი რიგი არაა? დაუშვით შეცდომა. გამოვთქვამ აღშფოთებას. გვინდა გამოვასწოროთ როგორმე, მაგრამ რაღაც არ გამოგვდის. ერთ შეცდომას მეორე, კიდევ უფრო ძნელად საპატიები, შეცდომა მოვაყოლეთ, და ისევ აღშფოთება ბოლოს. როგორც ამბობენ, საბოლოოდ გავებით, და კვლავ აღშფოთება ბოლოს. როგორც ამბობენ, საბოლოოდ გავებით, და კვლავ აღშფოთება. ჩვენ აღშფოთებული ვიყავით (ამ ცოტა ხნის წინათ) თურქებით, სერბებით, ჩერნიაევით, ჩვენი მოხალისეებით, მოწყალების დებით, ჩვენი ფინანსისტებით, საკუთარი თავით, კოგანით, გორვიცითა და K-ით, ინგლისელებით, ავსტრიელებით, ბისმარკით, სულთანით, რუმინელებითა და ბერძნებით. რა მოგვიტანა ამ აღშფოთებამ?
რაა ამის მიზეზი?...

საბრალო რუსო ქალო! შენ, ეს ესაა გამოხვედი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე. ჯერ რამდენიმე გაუბედავი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწარი ჩვენს სისიხლით მორწულ, ტალახიან ასპარეზზე და რამდენი მწარე წუთის გადატანა მოგიხდა, რამდენი სიცრუე, ცილისწამება, დაცინვა, ლანძღვა, ნარეხცი წყალი ამოდინდა ყველა სოროდან და ბუნაგიდან და მორჩილ, დახრილ თავზე გადაგესხა! ყველა ჯურის ციტოვიჩები ახლაც ცდილობენ იძულებული გაგხადონ საკუთარი სხეულით იცხოვრო... ოჯახის სულისშემხუთავი და პირადი ინტერესების სფეროდან გამოსვლას აქამდე გიხშობს მამაკაცის ხვევნა. შენ ადამიანი ხარ, მაგრამ არვის არ სურს შეეგუოს ამ აზრს, რომ მხოლოდ ძუ არა ხარ. მთელი ძალღონით ეძებ პატიოსნური მოღვაწეობის ასპარეზს, ისინი კი ცდილობენ თავს მოგახვიონ დამცველი და მფარველი, მაგრამ მე ვფიქრობ, შენ უკვე შეიცანი შენი და მისი ნამდვილი როლი.

1878 წ
წყარო: რაღაც-რაღაცეები რაღაც-რაღაცეების შესახებ (ნაწყვეტი) : ნიკოლაძე ნიკო : თხზულებანი: (დ. გამეზარდაშვილის რედაქციითა და შემიშვნებით)ტ. 7 (1878 - 1888: თბ.) "საბჭოთა საქართველო" 1966: გვ.26-311

4.28 რასაც დასთეს, - იმას მოიმკი (ფანტაზია)

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

იაკობ გოგებაშვილი
რასაც დასთეს, - იმას მოიმკი (ფანტაზია)

 ბათუმის სკოლის შესახებ

ერთი უპირველესი საქმე, რომელსაც "წერა-კითხვის საზოგადოება" შეუდგა ამ ათის წლის წინად, იყო სახალხო სკოლის დაარსება ბათუმში. განზრახვა, რომელმაც გამოიწვია ამ სკოლის დაფუძნება, მდგომარეობდა იმაში, რომ ახლად შემოერთებული მაჰმადიან ქართველთა შვილები მიეზიდნა, პირველ-დაწყებითი განათლება მიეცა მათთვის, გაემართნა ქართულს წერა-კითხვაში, მათის შუამავლობით შემდეგში გაევრცელებინა აჭარა-ქობულეთში ქართული წიგნის ცოდნა და ამ გზით განეახლებინა კავშირი ღვიძლთა ძმათა შორის, რომელნიც ულმობელმა ბედმა ერთმანეთს გაჰყარა წარსულს სუკუნეებში ათასის წლის ძმურის ისტორიის ცხოვრებისა და ერთად მოქმედების შემდეგ.

სკოლის დანიშნულება დიაღ მაღალი და მიმზიდველი იყო, და "წერა-კითხვის საზოგადოებას" არ დაუზოგავს არაფერი, რათა ბათუმის სკოლა ამ დანიშულებას მოსწეოდა.

საზოგადოება იყო ღარიბი ფულით, მაგრამ ამ სკოლაზედ-კი სწევდა იმოდენა ხარჯსა, რომლის გაღებას მხოლოდ მდიდარი საზოგადოება გაჰბედავს... სკოლის სახლში აძლევდა იმდენს, რომ ამ ფულით მთელს სამაგალითო სკოლას შეინახავდა სხვა ადგილას; მასწავლებელს ჰქონდა დანიშნული იმოდენა ჯამაგირი, რომელიც არც ერთს პირველ-დაწყებითს სკოლის მასწავლებელს არ ეძლევა ჩვენში. მასწავლებლად წესდებოდნენ განვითარებულნი, მხნენი და სწავლების ოსტატობაში დახელოვნებულნი კაცნი. წიგნები და სხვა სამოსწვლო ნივთეულობა თავის დროზედ უხვად ეგზავნებოდა. საზოგადოებამ ამას ისიც დაუმატ, რომ იმავე თავითვე გაამწესა მაჰმაის სჯულის მასწავლებელი მოლა და მას წელიწადში ჯამაგირად დაენიშნა ოცდ-და-ოთხი თუმანი ფული, რომელიც არც ერთს პირველდაწყებითი სკოლის სჯულის მასწავლებლებს ჩვენს ქვეყანაში არ ეძლევა. ამასაც არ დასჯერდა გამგეობა საზოგადოებისა. რათა გაეადვილებინა სოფლებიდან ჩამოყვანა მაჰმადიანთ ბაშვების სკოლაში სასწავლებლად, მან თავისი ფასით დაიქირავა და დღემდინ ქირაობს თავშესაფარს სადგურს აჭარა-ქობულეთის ქართველთა შვილებისათვის და ამ სსგურის გამგეობა და პატრონობა მიანდო ყურანის მასწავლებელს მოლას. საერთოდ რომ ვსთქვათ, "წერა-კითხვის საზოგადოებას" ბათუმში სკოლის შენახვაზედ მის დაარსებიდან აქამომდე დაუხარჯავს 20,000 მანეთზედ მეტი. კარგი მშობლიური ზრუნვა გახლავთ, განა?

ხოლო ნაყოფი სრულიად არ შეეფერება ამოდენ ხარჯსა და ზრუნვას. ის დანიშნულება, რომელის გულისთვისაც ჰხარჯავდა ძლიერ ხელმოკლე საზოგადოება იმოდენა ფულსა, რომ იმითი მთელს ხუთს და ექვსს სკოლას აწარმოებდა და გაუძღვებოდა სხვა ადგილებში, განუხორციელებელი, მიუხწეველი შეიქმნა ბათუმში. მაჰმადიან ქართველთა შვილები, რომლეთათვის უმთავრესად დაარსდა, არსებობდა და არსებობს ბათუმის სკოლა, თითო-ოროლობით შემოდიოდნენ და შემოდიან ამ სკოლაში, ასე რომ მათი ნამდვილი რიცხვი თითქმის არც ერთს წელიწადს თოთხმეტზე ზევით არ წასულა მთელის ათის წლის განმავლობაში. ყოველმა ცდამ, რომ ამ გვარს მოწაფეების რაოდენობას ემატნა წლითი-წლობით, ამაოდ ჩაიარა. ამაზედ უარესიც მოხდა: ბოლოს წლებში მაჰმადის სჯულის მოწაფეთა რიცხვმა მეტად იკლო. ნაცვლად წინანდელის თოთხმეტისა, ამ ჟამად სწავლობს მხოლოდ შვიდი მაჰმადიანი მოწაფე ბათუმის სკოლაში.

ს თითო-ოროლა აჭარა-ქობულელიც სწავლას ბეჯითად არ ეკიდებოდა და არც ეხლა ეკიდება. ხშირად აკლდებოდნენ და აკლდებიან გაკვეთილებსა, სცდებიან სწავლას მაშინაც, როდესაც ქრისტიანების დღესასწაულებია და მაშინაც, როდესაც მაჰმადიანთა უქმეები სდგას. ამის გამო ესენი სკოლის ყოველს განყოფილეაბში ძალა-უნებურად ცალკე განყოფილებას შეადგენენ. ცხადია, რომ ამან ძლიერ უნდა დააბრკოლოს სწავლის ჯეროვანი მსვლელობა მთელს სკოლაში და შეამციროს წარმატება ქრისტიანი ქართველებისაც.

ნათქვამიდან არავის არ გაუჭირდება გამოიყვანის ის დასკვნა, რომ ბათუმი შეუსაბამო ადგილი აღმოჩნდა მაჰმადიან ქართველთა შორის განათლების გავრცელებისათვის. თითონ ბათუმში ძალიან მცირედ სცხოვრობენ როგორც ბეგები, ისე დაბალი წოდების მაჰმადიანი ქართველები, ხოლო სოფლებიდან ჩამოყვანა შვილებისა ძლიერ უძნელდებათ. მიუცილებლად ის გარემოებაც მოქმედობს აქა, რომ ბათუმის სკოლაქში ქართველი მაჰმადიანები იძულებულნი არიან ერთად ისწავლონ ქრისტიან ქართველებთან. პირველთა სიმცირეზედ დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს მათ მშობელთა შიშსა, ვაი თუ ერთად ყოფნამ და სწავლამ ქრისტიან ბავშვებთან ჩვენ შვილებში მაჰმადიანობა შეარყიოსო.

ცხადია, რომ ბათუმში სკოლის დაარსება შეცდომა იყო და დიდიც. ხოლო ეს არ ესაყვედურება გამგეობას "წერა-კითხვის საზოგადოებისას". შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია და, ღმერთს გარდა, უსაქმო ძილისგუდა. ვინც ჰმოქმედობს, იღწვის, შეცდომას ვერას დროს ვერ ასცდება. გარნა გონიერი მომქმედი, შეიგნებს რა თავისს შეცდომას, ჯიუტურად როდი შეჩერდება მასზედ, იგი სცდილობს, რაც შეიძლება მალე გაასწოროს თავისი შეცდომა და საქმე კეთილად წარმართოს. სწორედ ამ გვარად იქცევა გამგეობა "წერა-კითხვის საზოგადოებისა". მას უკვე მოუწადინია მაჰმადიან ქართველთათვის დაარსოს ცალკე სკოლა და ადგილად ამოურჩევია ქობულეთი. თავდარიგსაც უკვე შესდგომია. ამ კეთილის განზრახვის განხორციელება ახლა თითონ ქობულეთელებზედ არის დამოკიდებული. უმთავრეს ხარჯს - ჯამაგირს მასწავლებლისას, სკოლის ავეჯეულობის გაკეთებასა და წიგნების გზავნას სკოლაში, ყოველ შემთხვევაში, თითონ "წერა-კითხვის საზოგადოება" იკისრებს. დანარჩენს მცირე ხარჯს: მოლის ჯამაგირსა და სახლის ქირას ქობულეთი უნდა გაუძღვეს. სადაც-კი საქართველოში სკოლაა, სოფელი იხდის ორმოცამდე თუმანს წელიწადში, და ქობულეთს ნუ თუ ამის ნახევრის გადახდა გაუძნელდება!...

ხოლო ქობულეთში სკოლის დაარსება იქნება პირველი ნაბიჯი "წერა-კითხვის საზოგადოების" მოქმედებისა მაჰმადიან საქართველოში. ამას უნდა მოჰყვეს მეორე ნაბიჯი გამართვა სკოლისა აჭარაში, მაგალითად, ქედაში. მეორე ნაბიჯს უნდა მოჰყვეს შემდეგი ნაბიჯები, რათა საზოგადოება მოეწიოს თავის წადილსა: - განათლების მოფენას სამხრეთ-საქართველოში და განახლებას ძმურის კავშირისას ჩვენსა და აჭარელ-ქობულეთელთა შორის ეროვნულს ნიადაგზე...

1892 წ.
წყარო: ბათუმის სკოლის შესახებ : გოგებაშვილი იაკობ : რჩეული თხზულებანი ხუთ ტომად: ტ. 2. თბ. "განათლება" 1990: გვ.59-62

4.29 დაბალი ღობე ერთა შორის

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

იაკობ გოგებაშვილი
დაბალი ღობე ერთა შორის

"მზე და მთვარე რომ ჩემსკენ იყვნენ, ვარსკვლავებს სულაც არ შევეპოვებიო", ძველად უთქვამს ჩვენს ქართველებსა და თავისი ცხოვრებაც თანახმად ამ ანდაზისა მოუწყვიათ. წინანდელი ქართველი არც ერთს ვარსკვლავს ნებას არ მისცემდა წაერთმია მისთვის რომელიმე უფლება, მზისა და მთვარისაგან მონიჭებული. რასაც-კი მას ხელმწიფე და კანონი არგუნებდა, მტკიცედ, შეუპოვრად იცავდა, თუნდა მთელი გუნდი მოხელეებისა მოწადინებული ყოფილიყო ხელიდგან გამოეგლიჯა მინიჭებული უფლება და დაებრიყვებინა.ახლა რაღასა ვხედავთ? სრულიად წინააღმდეგს სურათსა: ყოველს ბჟუტა ვარსკვლავს შეუძლიან ხმა ამოუღებლივ წაართვას ჩვენის დროის ქართველს უფლება, ნაბოძები მზისა და მთვარისაგან, დაიბრიყოს იგი, დაბალ ღობედ გახადოს და ქელოს. და განა მარტო ვარსკვლავსა? რომელსამე უკანასკნელს ცთომილსა, მოკლებულს საკუთარს სინათლესა და ძალასა, ადვილად შეუძლიან ესევე ოინი დაგვიწიოს.

როცა რომელიმე უფლება უმაღლესი სახელმწიფოს ძალის მიერ ჩამორთმეული აქვს ადამიანსა, ან მთელს ერსა, და ესენი იძულებულნი არიან დაემორჩილნონ თავისს ბედსა, ეს უძლურებას და არაფრობას მორჩილისას როდი მოასწავებს, თუნდაც ეს ჩამორთმევა უსამართლოდ მომხდარიყოს. მოგეხსენებათ, რომ ძალა აღმართსაცა ხნავსო და ლომსაც ჰბოჭავსო. გარნა ამის გამო არც აღმართი იქცევა დაღმართად, არც ლომი – კურდღლად. მაგრამ თუ ადამიანი, ან ხალხი სიტყვა-ამოუღებლივ, ქედ-მოდრეკით ემორჩილება დაბალი ღობის ბედსა, რადაც, წინააღმდეგ კანონისა, გაუხდიათ იგი წვრილ-ფეხობა მოხელეებსა, ეს იმისი უტყუარი ნიშანია, რომ მონობას, ყურმოჭრილს ყმობას შეუპყრია საზოგაროების სული და გული, ამაზედ მომაკვდინებული სენი აღარ იქმნება ერისათვის, ეს სწორედ განგრენაა, მჭამელაა, საშინელი შინაგანი ავადმყოფობა, რომელიც ხალხს ათანასწორებს წირით შეპყრობილ პირუტყვ-ნახირთანა, და ემუქრება გაუქარწყლოს მას ყოველი მომავალი.

თუ ხალხს სადმე მკურნალნი მოეპოვება, ამ სენის განკურნას უნდა მოანდომონ მათ თავისი მთავარი ცოდნა და ძალა. თუ გულშემატკივარნი, გულ-მხურვალე მოღვაწენი ჰყავს, ამ დამღუპველის ნაკლის მოსპობაზედ უნდა ზრუნავდნენ უპირველესად ყოვლისა. თუ ერს ჰყავს მწერალნი, გულისა და ჭკუის პატრონნი, მათ დაუძინებლივ უნდა გამართონ ღაღადება ამ საშინელის სატკივრის წინააღმდეგ.

რას სჩადიან ჩვენი ერის მკურნალნი, მოღვაწენი, მწერალნი? იქცევიან ისე, როგორც შეჰფერის გულ-მხურვალე და გაბედულ მოღვაწეთა, თუ იგინი მოგვაგონებენ საარაკო ყვავსა და ახირებულს სკვითსა. ყვავს თურმე თვალებსა სთხრიდნენ და ის წამწამებსა ნანობდა, თვალის ჩინს კი არ სჩიოდა, წამწამების გადარჩენას ევედრებოდა. სკვითს თავს აგდებინედნენ და მდუღარე ცრემლსა ღვრიდა, რაზედ? თავზედ? სრულიადაც არა. მას გულს უკლავდა მხოლოდ თმების დაკარგვა, თავი კი სრულიადაც არა. ამას გულს უკლავდა მხოლოდ თმების დაკარგვა, თავი კი სრულიად დავიწყებული ჰქონდა.

ჩვენი მოქმედნი დასნი მოგაგონებთ სწორედ ამ ყვავსა და სკვითსა, მათ საარაკო საქციელსა. უმთავრესნი ნაკლნი ჩვენის არსებობისა, დამჩაგვრელნი პირობანი ჩვენის ცხოვრებისა, დიდნი ნაღველნი მივიწყებულნი არიან, უყურადღებოდ დატოვებულნი, ზურგ-შექცეულნი. ჩვენი უნარი, ნიჭი და ძალა უნდება წვრილმანს რამეებსა, უმნიშვნელო საგნებსა, ჩინჩხვარ-მინჩხვარსა. ნამდვილი მიზეზები ჩვენის დამხობისა ხელშეუხებელნი რჩებიან, - წვრილმანს შედეგებს, და მხოლოდ მათ, მიუპყრიათ ჩვენი ყურადღება. შიგნეული ავადმყფობა და მისი წამლობა არავის არ აფიქრებს, არავის არ აწუხებს; გარეგანი ძიძიბოები და მათზედ მალამოს წაცხება – აი ჩვენი უმთავრესი საქმე, ჩვენი დიდი ღვაწლი. საითკენაც უნდა მიიხედო, ყოველი მხრიდგან თვალში გეჩხირება გულსაკლავი ჩხირ-კედელაობა, ნაცარ-ქექიობა. და ყველაზედ სავალალო ის არის, რომ ამ ნაცარ-ქექიობას და ჩხირ-კედელაობას დიდს საქმეთა ვსთვლით, დაუფასებელ ღვაწლადა ვრაცხთ სამშობლოს წინაშე...

ჩვენ ვითმენთ ხმა-ამოუღებლივ, ლაჩრად, ამისთანა მდგომარეობას ბევრის მხრივ, რომლის მსგავსი მთელს ხმელეთზედ ძვირად მომხრადა და იშვიათად გაგონილა. ვითმენთ მაშინ, როდესაც შეგვეძლო მათი თავიდან აცილება, რადგანაც, ვიმეორებ, ჩვენი დამჩაგვრელი გარემოებანი უმთავრესად დაბადებულან და არსებობენ ხელმწიფისა და კანონის წინააღმდეგ.

სად თქმულა და გაგონილა, რომ ხალხს, რომელიც თავისივე ფულით თხოულობს სასულიერო პურსა და გონებრივს ნათელსა, აჩეჩებდნენ ხელში ქვასა და სიბნელესა, აშორებდნენ ღმერთსაცა და განათლებასაცა, არჩენდნენ მას ორ-წყალ შუა და აველურებდნენ, წინააღმდეგ პირდაპირი კანონისა. გადაიკითხეთ უმთავრესი წესდებულება შესახებ სახალხო სკოლების მოწყობილობისა რუსეთის იმპერიაში უცხო ტომთა შორის, რომელიც კანონად სდებს მშობლიო ენაზედ სწავლებას ყველა საგნებისას პირველ დაწყებითს სკოლებში, გაიხსენეთ კავკასიური სამოსწავლო გეგმა, შედგენილი ადგილობრივი მზრუნველისაგან და დამტკიცებული ნამესტნიკისაგან, წაიკითხეთ სასკოლო გეგმა, გამოცემული უწმინდესის სინოდისაგან ქართულის სამრევლო სკოლებისათვის, შემდეგ ინახულეთ რავდენიმე საერო და სამრევლო პირველ-დაწყებითი სკოლები, მიაქციეთ ყურადღება, თუ ერს, რა ენაზედ და როგორ ასწავლონ, და თქვენ დარწმუნდებით, რომ კანონის სურვილი, რათა ხალხს, თანახმად მისსივე მოთხოვნილებისა და კანონისა, ეძლეოდეს გონებრივი პური, არა სრულდება და ნაცვლად ამ პურისა, ჩინოვნიკურს წვრილფეხობას ხალხთან მოაქვს მოუნელებელი ქვა და ჰხდის ამ ხალხს სულის სიმშილის მსხველპლად.

სად თქმულა და სად გაგონილა, რომ სახელმწიფოში ყველა ჯურის სარწმუნოება, ყველა გვარი ეკლესია, ქრისტიანული, თუ არა ქრისტიანული, სარგებლობდეს სრული თვითმართველობით და მწყემსებად ჰყავდეს თავისივე ღვიძლი შვილნი, ხოლო ამ უფლებას მოკლებული იყოს მთელს სახელმწიფოში მატრო ერთად ერთი ერი, ნებაყოფლობით შეერთებული სახელმწიფოსთან, ერთმორწმუნე მთავარ-ხალხის, და ერთგული მიმდევარი პოლიტიკურის ერტობისა. ჩავიდეთ ქვევით. რომელ ენაზე ისწავლება საღმთო სჯული მთელს რუსეთის საბრძანებელში ქრისტიანთა და არა ქრისტიანთა შორის? მიუცილებლად დედა-ენაზე გამოუკლებლივ. ვინ არიან აქ მომძღვარნი? ღვიძლი შვილები იმ ერისა, რომლის ძენი და ასულნი იზრდებიან ამ სასწავლებლებში. ჩვენში? საღმთო სჯულს ასწავლიან სლავიანურს-რუსულს ენაზე და ასწავლიან იმისთანა უცხო პირნი, რომელნიც მოკლებულნი არიან ყოველს კავშირს საქართველოს ერთან. და ამ უკიდურესი უსამართლობის წინააღმდეგ როდისმე აღიმაღლოს ხმა ან ჩვენებურმა ეპისკოპოზებმა და სამღვდელოებამ, ან თავად-აზნაურობამ და ან ქართველმა ოჯახობამ? არასოდეს, რატომ? ეწყინებათო.

სად მომხდარა, თქვენი ჭირიმე, ამისთანა მასხარად აგდება ენისაცა და ერისაცა, რომ ს ა შ უ ა ლ ო ს ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ში მშობლიო ენის ერთად ერთს სახელმძღანელოდ იყოს ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი? თვრამეტის წლის განვითარებულს ვაჟკაცებს ასწავლიდნენ, აღეჭვინებდნენ იმ პირველ დაწყებითს წიგნსა, რომელიც მათ გაუთავებიათ, როცა შვიდი-რვა წლის ბაღანანი ყოფილან? ხომ ყოვლად მოუფიქრებელი ამბავია? აბა ეხლა მიბრძანდით მოსე ხონელის სამშობლოში, შედით იქაურს საოსტატო სემინარიაში, დაესწარით ქართულის ენის გაკვეთილებსა და თქვენ დარწმუნდებით, რომ ერთად-ერთი ქართული წიგნი, რომელიც იქ იხმარება ყველა კლასებში, არის "დედა-ენა" და ესეც თურმე ებევრებათ, ერთი ორად უნდა შემოკლდესო. და ამ სამარცხვინო სისტემის განმახორციელებელი გახლავთ არა რომელიმე გადამთიელი, არამედ ნიჭიერი და განვითარებული ქართველი ბ-ნი უთურგაური, რომელიც ბოლოს წლებში სავსებით გაიჟღინთა ჩინოვნიკური ზედ-მეტი ერთგულებით და გახდა ყურმოჭრილი ყმა სამოსწავლებო ბიუროკრატიისა?

და სად თქმულა და გაგონილა, რომ დროებითი დამოკიდებულება გლეხთა და მემამულეთა შორის დაუსრულებლად დამოკიდებულად გადაქცეულიყოს, ორივე მხრის სატანჯველად, საზარალოდ და ერთმანეთის მტრობის გასაძლიერებლად? ჩვენში კი ამას ვხედავთ 1864 წლიდან, წინააღმდეგ ხელმწიფის სურვილისა და კანონის მოთხოვნილებისა.

სად მომხდარა და სად ნახულა, რომ ღირსეული პასუხით უკუქცეულ არ ყოფილიყოს ამისთანა ბრიყვული იერიში რომელისამე ერის წინააღმდეგ: წარსულს წელში რუსეთიდან ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში ოფროსი მღვდელი სამხედრო ნაწილისა მ. ჟელიაბოვსკი. როცა პეტერბურგში დაბრუნდა, მოახდინა კრება სამხედრო სამღვდელოებისა და უთხრა: უმთავრესი ნაკლი კავკასიის სამხედრო სამღვდელოებისა ის არის, რომ მათ შორის ქართველი მღვდლებიც ურევიანო. მართალია იგინიც ჩვენი სარწმუნოებისანი არიან, მაგრამ თავისი საკუთარი თვისებანი აქვთ, იქმნება არა ცუდნიცა (დახეთ თავაზიანობასა!), მაგრამ, ყოველს შემთხვევაში, ჩვენი ფარიდგან არ არიან (”не из нашего стада”). ამიტომ, უპირველესად ყოვლისა ეს შეცდომა უნდა იქმნას გასწორებული, ქართველი მღვდლები დათხოვნილნიო. ეს სიტყვა დაბეჭდილ იქმნა სამხედრო სასულიერო ჟურნალში და იქიდგან დაიბეჭდა სხვა რუსულს პერიოდულს გამოცემებში, მაგალითად: ”Церковныя Ведомости”. დაუპირდაპირეთ ამას სხვა-და-სხვა დროს წარმოთქმულნი უზენაესნი სიტყვანი, მეტადრე საბადურის სიტყვა, რომელშიაც თვითმპყრობელმა აღიარა, რომ მისს გულში რუსებსა და ქართველებს სწორი ადგილი უჭირავთ და მათ ერთმანეთში არ არჩევს, და შეიგნეთ, რომ მღვდელი ჟელიაბოვსკი თამამად და კადნიერად გვართმევს მას, რაც უზენაესს ნებას მოუნიჭებია ჩვენთვის.

ად თქმულა და გაგონილა, რომ დაბალმა მოხელეებმა ერს მოჰგლიჯონ ღვიძლი ნაწილი, მთელი მხარე, გაჰყარონ შეხორცებულნი ერთად ღვთისა და ბუნების ნებით, გასწყვიტონ ათასის წლის ძმური კავშირი, ორივ მხრის შესასუსტებლად და ჩასაყლაპავად, და უბრძანონ მთელს მხარესა, კარგა ბლომს ნაწილს ქვეყნისასა: აღარ გაიხსენო შენი ნათესაური დამოკიდებულება და ძმური ურთი-ერთობა დედა-ქვეყანასთანა, ილაპარაკე მხოლოდ შენს შინაურს კილოზედ, ზურგი შეაქციე შენს მთავარს დედა-ენასა, და დაივიწყე იგი, გადააგდე იქით მშობლიური ანბანი, შენი მონაწილეობით მოგონილი, უარჰყავ სამშობლო ლიტერატურა, რომლის სალაროში არც ერთს ძმაზედ შენ ნაკლები არ შეგიტანია, გააუქმე შენი საღმთო მეტყველება, რომელთანაც შეხორცებულია შენი სარწმუნოება, დაივიწყე შენი ათასის წლის ისტორიული არსებობა და გადაიქეც ველურ ხალხად, რომელმაც ყველაფერი თავიდგან უნდა დაიწყოსო. განა უმაგალითოა და ყოვლად შეუძლებელი სხვაგან სადმე ეს ამბავი? ჩვენში? გაიხსენეთ, რაც შავი ზღვის პირად სამეგრელოში ხდება ეს რავდენიმე წელიწადია და შეუძლებელი სხვაგან ჩვენ შორის განხორციელებული ამბავი გამოდგება.

სად თქმულა და გაგონილა... მაგრამ სად ჩამოვთვალოთ ყოველგვარი ჩვენი დაბრიყვება, ქელვა, მიწასთან გასწორება, კადნიერად ჩამორთმევა და გაქარწყლება ბევრის ჩვენის კანონიერის უფლებისა?!

ჭირს მოვლა უნდა, დაბრიყვებას ღირსეული კანონიერი წინააღმდეგობა, შავს ბედს ბრძოლა. მაგრამ სად არის ფხიზელი და მოუღალავი დაცვა დათრგუნული უფლებებისა ქართველთა მოღვაწეთა მიერ? სად არის მხურვალე და დასაბუთებული ღაღადება ჩვენს მწერლობაში? სად არის ხმა-ამაღლებული ქადაგება, მიმართული დასაკმაყოფილებლად ჩვენთა უმთავრესთა მოთხოვნილებათა?

არსად.

მხდალი, დაძაბუნებული მონებივით შევსცქერით ჩვენს დამცირებასა, ჩვენს აბუჩალაკად აგდებასა, ჩვენს დაბალ-ღობედ გადაქცევასა. მართალია, ვსჩივით, ხშირად ვსჩივით, მაგრამ სად? ჩვენს გულში და ოთხკედელ შუა. როგორ? ჩურჩულით, ტუტუნით და დიდი სიფრთხილით, რომ ჩვენ კანონიერს ჩურჩულს არავინ მოჰკრას ყური და მორჩილი მონის მაგიერად ადამიანად არ ჩაგვთვალოს.

მეკალმენი რაღას ჩავდივართ? იმასვე. ან არაფერსა ვსწერთ, და თუ ვსწერთ, წვრილმან რამეებზედ, უმნიშვნელო საგნებზედ. უმთავრესნი ჩვენი მოთხოვნილებანი, დიდნი ვარამნი, ან სრულიად მივიწყებული გვაქვს, ან შევეხებით ხოლმე მხოლოდ ხანდახან, როცა ბრმა შემთხვევა მოიტანს, ისიც შევეხებით ხოლმე გაკვრით და კილოკავად. წამწამებზედ და თმებზედ დაუსრულებელი ბაასის გაბმა ვიცით, ხოლო თვალები და თავი კი მუდამ გვავიწყდება. და არც კი გვრცხვენიან, რომ ამ გვარი ჩვენი ყვავური, თუ სკვითური, ქცევით ჩვენ საზოგადოებას-კი არ ვაფხიზლებთ, უფრო მეტად ვაძინებთ, ვაუძლურებთ.

და ამ გვარს ჩვენს სამარცხვინო და დამღუპველს ქცევას როდი ვაბრალებთ ჩვენს სილაჩრეს, ჩვენის გრძნობისა და აზრის სიუძლურეს, უნარის უქონლობას. ეს მართალი იქნებოდა და სიმართლე კი ჩვენ თვალებსა გვწვავს. თავზედ ვახვევთ ჩვენს საკუთარს ბრალს სხვა რასმე, სახელდობრ-ესრედ წოდებულს ჩვენზედ დამოუკიდებელს გარემოებასა. კაი სამსახურს გვიწევს ეს “გარემოება”. სწორედ გასაძევებელ თხად გვყავს გადაქცეული. როგორც ძველი ურიები ამორჩეულს მამალს თხას მიაყრიდნენ ხოლმე ტყეში, რომ იგი მგელს, მათ მაგივრად, დაესაჯა, ისე ამ “დამოუკიდებელს გარემოებას” ვახვევთ თავზე ჩვენს სიგლახეს და სილაჩრესა. ცბიერებაა, მოტყუებაა. ღირსეულს და დასაბუთებულს დაცვას რომელიმე კანონიერის უფლებისას არას დროს წინ ვერ გადაეღობება ეს “ დამოუკიდებელი მიზეზი”, და თუ გადაეღობება, მისი თავიდან აცილება და გზის გაკვლევა არც ისე ძნელია თავისი ერის უფლების მარჯვე დამცველისათვის.

გნებავთ ამისი შეუვალი და შეურყეველი საბუთი წარმოგიდგინოთ? ჩვენდა სამარცხვინოდ და სავალალოდ, ჩვენში ბლომად მოიპოვებიან ქვეშმძრომნი სულიერნი, რომელნიც ჩვენს წინაშე მხურვალე მამულიშვილის, 96 პრობის პატრიოტის როლსა თამაშობენ, და სხვაგან კი ყოველს ჩვენს საუნჯეს, ყოველს ჩვენს ეროვნულს უფლებას ძირს უთხრიან, ჩინების და ჯილდოს გულისათვის. და როდესაც ეს საძაგელნი არსებანი ჩვენთან მოდიან და როსკიპული ღრეჭით ხელს გვაწვდენენ, მათ სულ-მოკლე მონასავით ხელს ვართმევთ და მეგობრულად ვექცევით. ამით ჩვენ ხელებს ვიტალახიანებთ, თავს ვიმცირებთ და ვირცხვენთ. ქვემძრომებს ვაქეზებთ მოღალატეობაში, პატიოსან მოღვაწეთ გულს ვუკლავთ და საზოგადოებას გახრწნილებაში ვაგდებთ. რომელი ჩვენზედ დამოუკიდებელი მიზეზი გვეღობება წინა, რომ ამ ქვემძრომებს მივუწყოთ ის, რისაც ღირსნი არიან: ხელი კი არ მივსცეთ, მოვატრიალოთ, ჯერვანი პანჩურებით დავასაჩუქროთ და ჩვენი წრიდგან სამუდამოდ გავაზეოთ ეს საზიზღარი კეთროვანნი. ვიმეორებ, რომელი დამოუკიდებელი გარემოება გვიშლის აქ ღირსეულად, ადამიანურად მოვიქცეთ?

დროა, დიდი ხანია დროა, ბოლო მოეღოს ამ ფრიად სათაკილო და დამამხობელს ჩვენს მდგომარეობასა. დროა, მონურს ლაჩრობას ზურგი შევაქციოთ და ადამიანური უნარი გამოვიჩინოთ. დროა გავაჩაღოთ დაუღალავი, ფხიზელი დაცვა ყოველის ჩვენის დათრგუნულის უფლებისა, საარსო მოთხოვნილებისა, გავაჩაღოთ არამარტო ჩვენს ენაზედ, არამედ სახელმწიფო ენის ლიტერატურაშიაც, გავაცნოთ ჩვენი გაჭირვებული მდგომარეობა დაწინაურებულს დასს რუსეთისას, დავიხმაროთ იგი და დავიბრუნოთ ღირსეული სახელი და ადგილი კავკასიონის ერთა შორის. დროა დაბალი ღობის მდგომარეობა სამარცხვინოდ მივიჩნიოთ ყველამ და მაღალ ღობედ ჩვენს გადაქცევას მხნედ და გაბედვით ვემსახუროთ.

დროა, თორემ ზეგ და მაზეგ გვიან-ღა იქმნება.

წყარო: დაბალი ღობე ერთა შორის: გოგებაშვილი იაკობ: რჩეული თხზულებანი ხუთ ტომად: ტ. 2: თბ. "განათლება" 1990: გვ. 102-109
 

4.30 დღევანდელი მომენტი ქართველთა და სომეხთა ეკლესიისა (წერილი რედაქციისადმი)

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

იაკობ გოგებაშვილი
დღევანდელი მომენტი ქართველთა და სომეხთა ეკლესიისა (წერილი რედაქციისადმი)

რა გაუზომელი განსხვავებაა ორს საეკლესიო წესწყობილებაში. ბიუროკრატიულსა და ავტონომიურში. ამის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს დღევანდელი მომენტი ქართულის და სომხურის ეკლესიისა...

წელიწადზე მეტია, რაც საქართველოს სამღვდელოება და სამწყსო იბრძვის მოიპოვოს თვითმმართველობის უფლება სარწმუნოების სფერაში, აღადგინოს საარჩევნო წესი, განახორციელოს ის თავისუფლება სინდისისა, რომელიც არსებობს ყველა დაწინაურებულს ქვეყანაში და რომელიც ბოლოს ხანს გამოცხადებულ იქმნა თვით უკანდარჩენილ რუსეთშიც კი. მაგრამ სრულიად ამაოდ, უნაყოფოდ.

როგორც სატახტო ქალაქიდან იტყობინებიან, ეხლაც ჰბედავენ ძველებურის წესით მოუვლინონ საქართველოს ეკლესიას ბიუროკრატიული მეთაური, სინოდის მიერ გამწესებული.

რად ხდება ესა? - რასაკვირველია, იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესიას ჰყავს ბატონად და მბრძანებლად უცხო მამინაცვალი, სატახტო ბიუროკრატიის მიერ დანიშნული და მისი ერთგუღი მოსამსახურე...

აქვე, ჩვენს გვერდით, ჩვენს მეზობლად არსებობს მეორე ადგილობრივი ეკლესია, ეკლესია სომეხთა. მას პატრონობს ღვიძლი მამა, არჩეული სომხის ხალხის მიერ და ნახეთ, რა სწრაფად, რა ადვილად მიანიჭა მან თავისს სამწყსოს ის საუნჯე, რისთვისაც ამაოდ იბრძვიან დღემდის საქართველოს შვილნი. ამ დღეებში სომეხთა კათალიკოსმა გამოსცა კონდაკი ანუ ბრძანება, რომლითაც იგი ანიჭებს თავის სამწყსოს უფლებას ამოირჩიოს თავის ნებით და სურვილით ეპისკოპოსებიც, მღვდლებიც და მთელი სასულიერო კრებულიც. სომხობა, როგორც მკითხველს მოეხსენება, საქმის ხალხია. აქაც ეს ძვირფასი თვისება გამოიჩინა მან. სიტყვა მაშინვე საქმედ აქცია. სომხის ეპისკოპოსებმა დათხოვნის ქაღალდი შეიტანეს და დაუყოვნებლივ მისცეს თავის სამწყსოს შეძლება – ამოირჩიოს ეპისკოპოსებად ისინი, ვინც მას უფრო ღირსეულად მიაჩნია... აი ღირსეული და მისაბაძავი საქციელი.

ვიმეორებთ, ქართველობამ მოანდომა ბევრი დრო, ბევრი შრომა ამ უფლების მოპოვებას: მაგრამ წადილს ვერ ეწია, რადგან სასულიერო ბიუროკრატიის მუხრუჭით არის გაკავებული. სომხობამ კი, რომელიც მოშორებულია ამ მუხრუჭს, ერთი ხაზის მოსმით მოიპოვა ეს ძვირფასი უფლება.

დიაღ, ძვირფასი უფლება.

საარჩევნო წესი ძვირფასია ჯერ იმით, რომ ჩინებული ნაყოფი მოაქვს: ერი ირჩევს საუკეთესო შვილთ საქმის კეთილად წარმართვისათვის, მაგრამ მეორე სიკეთე კიდევ უფრო დიდია. არჩევნები საუკეთესო სკოლაა ერის გამოღვიძებისათვის, გონების განვითარებისათვის, კულტურის გაძლიერებისათვის, საზოგადო მისწრაფებათა აღორძინებისათვის. კიდეც ამიტომა სძულს საარჩევნო უფლება ბიუროკრატიას, რომელიც სულ იმას ცდილობს და ნატრობს, რომ ხალხი მუდამ სთვლემდეს, მუდამ ბურანსა და ძილში იყოს, არასოდეს არ გამოიღვიძოს და მონურად ემსახუროს ბიუროკრატიასა.

საარჩევნო უფლება ეკლესიის სფერაში სომხობას მიანიჭებს მეტს სიფხიზლეს, მეტ გამჭრიახობას, მეტს მზრუნველობას საერთო ინტერესებისათვის და გადაიქცევა მშვენიერ მოსამზადებელ სკოლად საპოლიტიკო არჩევნებისათვის, რომელთაც ახლა უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა დროთა ბრუნვამ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკანასკნელს მოსაზრებას დიდი გავლენა უნდა ჰქონოდა კონდაკის გამოცემაზე სომეხთა კათალიკოსის მიერ... - ქართველობას მართებს ახლა უფრო მეტის გაბედულობით და შეუპოვრობით იბრძოლოს საარჩევნო უფლების მოპოვებისათვის საეკლესიო სფერაში. იგი არ უნდა მოსტყუვდეს, ქართველის დანიშვნით ქართულის ეკლესიის მეთაურად. ჩინებული ქართველიც რომ დანიშნონ, არ უნდა შეიწყნაროს: თვით ბიუროკრატიული პრინციპი დანიშვნისა გამრყვნელია, დამაძინებელია, როგორც მოგახსენეთ. გარდა ამისა დღეს თუ რიგიანს ქართველს დანიშნავენ, ხვალ ჯაშუშს წამოასკუპებენ კათალიკოსის ტახტზე. დანიშნული ყოველთვის დამნიშვნელის ნებას მისდევს, ამორჩეული ამომრჩეველთა სურვილსა და სიკეთეს ემსახურება... - არა, ბედი ჩვენის ეკლესიისა, მისი ასავალ-დასავალი უსათუოდ ჩვენის ხალხის ხელში უნდა იყოს და აქ ბიუროკრატიას არაფერი არ უნდა ეკითხებოდეს. თვით ხალხი უნდა ირჩევდეს მეთაურს თავის ეკლესიისას, კათალიკოსს, ეპისკოპოსებს, მღვდლებს, მთელს საეკლესიო კრებულს, როგორც ამას თხოულობდა ჩვენი სამღვდელოება, სამწყსო და პირადად ჩვენ. არა გვგონია, რომ მთელს საქართველოში მოიპოვებოდეს იმისთანა ადამიანი, რომელიც ამ საარჩევნო პრინციპს არ თანაუგრძნობდეს. მაგრამ აქ უბრალო თანაგრძნობა საკმარისი არ არის. საჭიროა მთელმა ქართველობამ მედგრად მოითხოვოს ეს ძვირფასი უფლება და მტკიცედ გამოაცხადოს, რომ თუ იგი უფლება არ დაგვიბრუნდება, არ დაგვეთმობა, მთელი ქართველობა ზურგს შეაქცევს და უარჰყოფს მართლმადიდებლობას, რომელიც სწორედ შავ-ჭირად ევლინება მას და უშლის მოიპოვოს სრული თავისუფლება სინიდისისა, დამოუკიდებლობა ეკლესიისა, დაამყაროს მისი მართვა-გამგეობა დემოკრატიულს საფუძველზე, რომლითაც მეტ ნაკლებობით სარგებლობენ ამ ჟამად რუსეთშიაც კი ჩვენი მეზობლები - სომხები და სხვა სარწმუნოების ხალხი... - რასაკვირველია, განმარტებული დემოკრატიზაცია ეკლესიისა არ არის უკანასკნელი ეტაპი ევოლუციისა სარწმუნოების სფერაში. ეს დემოკრატიზაცია გაივლის კიდევ არა ერთსა და ორს სადგურს, ვიდრე მიაღწევდეს უკანასკნელ იდეალურს თავისუფლებას სინიდისისას...

ბოლოს, არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ საარ- ჩევნო უფლების გამეფება ეკლესიის სფერაში ძლიერ დაეხმარება ამავე პრინციპის გამეფებას პოლიტიკურ სფეროშიაც. ერი, რომელიც ირჩევს მთელს სამღვდელოების კრებულს, დიაკვნიდან კათალიკოსამდე, დღეს, თუ ხვალ მოითხოვს, რომ მისს ხელშეუხებელს უფლებას შეადგენდეს სახელმჭიფო მომსახურეთა არჩევანი მამასახლისიდან დაწყებული სამეფოს მეთაურამდე.

1906 წ.
წყარო: დღევანდელი მომენტი ქართველთა და სომეხთა ეკლესიისა. (წერილი რედაქციისადმი) გოგებაშვილი იაკობ: რჩეული თხზულებანი ხუთ ტომად: ტ. 2: თბ. "განათლება" 1990: გვ. 111-114

4.31 მამის მკვლელი (ნაწყვეტი)

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ალექსანდრე ყაზბეგი
მამის მკვლელი (ნაწყვეტი)

XVI

დილის ათი, თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც ყველაფერი გათავდა, დახოცილები წაიღეს დასამარხად, სისხლი მიწით მოამშრალეს, და ამ სისხლის ღვრის ნიშნად მარტო გადამწვარი სახლის ბოძები იდგა, რომელიც ადგილ-ადგილ დარჩენილიყო, შეტრუსვილიყო. ხალხი მიდიოდ-მოდიოდა, შესდგებოდა, ოხვრით მოიგონებდა ვაჟკაცთ ვაჟკაცურს სიკვდილს და მერმე, გართული ისევ თავიანთის საქმით, ივიწყებდა შემაძრწუნებელს მოგონებას.

ნაჩალნიკი ის-იყო შინ მივიდა, სადაც ხევის დიამბეგიც მიიწვივა, როდესაც იმასთან შევარდა პოლიციელი და მოახსენა:

- თქვენო მაღალკეთილშობილებავ, კაცი მოჰკლეს.

- სადა?

- მოხევეების უბანში.

- ეგ-ღა გვაკლდა ამოდენა შრომის შემდეგ! - უსიამოვნოდ წარმოსთქვა იმან და დაუმატა: - ვინ კაცი?

- იქ ერთი მოხუცებული გლახაკი გახლდათ.

- გლახაკი?! ვის მოუკლავს, ეჭვი არავისზედ გაქვს?

- როგორ არა....ეს ორი დღეა, რაც იმის ქალი ჩამოვიდა. ამბობენ, ცუდი ყოფაქცევისა გახლდათო... ის იყო თავის მამასთან, ერთს ოთახში ეძინათ და დღეს დილით მოხუცი თავის სახლში თავ-შუაზედ გაჩეხილი ვიპოვეთ.

- უეჭველია, თითონ ქალს მოუკლავს, - გარდასწყვიტა ნაჩალნიკმა.

- თუ თითონ არა, ეცოდინება მაინც - ვინ მოჰკლა!

- ოსები არიან?

- არა, მოხევეები.

- მოხევეები?! - გაკვირვებით იკითხა დიამბეგმა.

- დიაღ, - მისცეს პასუხი.

- სახელად რა ჰქვიან ქალს?

- ნუნუ.

- ნუნუ? - გაკვირვებით იკითხა დიამბეგმა და მაშინვე დაუძახა გირგოლას, რომელიც ის-იყო იქ მოვიდა.

- ვინ ნუნუა, თავის მამა რომ მოუკლავს? წადი შეიტყვე.

- მე კიდეც გავიგე, ჩემი რძალი გახლავს, - დაღონებით უპასუხა იმან.

- თითქო შენი რძალი წყალში დაიხრჩო?

- მეც აგრე მეგონა, მაგრამ აქ თურმე ყოფილა.

- შენ სადღა იყავ აქამდინ?

- დახოცილებს ვუყურებდი.

ამ დღიდგან დაიწყო გამოძიება, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ნუნუ, გარყვნილი და ცუდი ყოფაქცევისა, მოვიდა თავის მამასთან, რომელსაც გლახაკობით დიდი ფული ჰქონდა მოგროვილი, მოჰკლა მამა და ფული თავის საყვარელს მიაბარა, რადგანაც აქამდინ არ ამბობს, თუ რა უყო ეს ფული. თუმცა თითონ ნუნუ ამბობდა: „წარსულს ღამეს მე და მამაჩემი გათენებამდისინ ვისხედით. ბოლოს ძილმა თავი მოგვჭრა და, როდესაც მეორე დღეს გამომეღვიძა, მზეს კარგად მოევლო, გლეხების სადილობა იქნებოდა. ოთახში ბნელოდა და მე მეგონა - მამას კიდევა სძინავს და, რომ არ გამეღვიძებინა, წყნარად გავედი კარებზედ, დავიბანე პირი და იქ დავჯექი რამდენსამე ხანს, მაგრამ, რაკი მამა არ იღვიძებდა, შევედ სანახავად, როდესაც ახლოს მიველ, ფეხებთან ტალახი ვიგრძენ. მე რამდენჯერმე დავუძახე მამას, მაგრამ ხმა არ გამცა და ხელით მინდოდა გამეღვიძებინა. რა ხელი მივაკარე, ვიგრძენ, რომ სველი იყო, დავიხედე ხელზედ და სისხლში მქონდა მოსვრილი! შეშინებულმა ჩამოვგლიჯე ფანჯრიდგან ჭილობი და ვაგლახად დავრწმუნდი, რომ მამაჩემი ვიღაცას მოეკლა“.

ასე ამბობდა, ასე ლაპარაკობდა საბრალო ქალი, მაგრამ ვინ დაუჯერებდა იმას, სად, ან ვინ იყო მოწმე?.. „ეჭვი არ არის, რომ ნუნუ მამის მკვლელია!“ - იძახდნენ ნაჩალნიკი, გამომძიებელი, ხალხი და მსაჯულნი.

ერთს დღეს ვლადიკავკასის ქვევით ბაზარში აეშენებინათ რაღაცა ფიცრის ესტრადა და ზედ აემართათ დაჭრელებული ბოძი, რომელზედაც მსხვილის ასოებით ეწერა: „სამარცხვინო ბოძი“. ხალხი გროვდებოდა აქ და ხმამაღლა ჩათვლით კითხულობდა ამ სიტყვებს. „რა არის ეს ბოძი, რა იქნება აქ?“ წამდაუწუმ მოისმოდა ხალხში, რომელსაც თანდათან ემატებოდნენ ახლადმოსულნი და რაღაცა მღელვარებაში შედიოდნენ.

ბევრმა არ იცოდა, რა უნდა მომხდარიყო აქ, მაგრამ მაინც მოელოდა ბოლოს, როდესაც ხალხი შეინძრა, მოისმა ბარაბანის ხმა და დაიძახეს: „მოჰყავსთ, მოჰყავსთ!“

ყველა იქით მიბრუნდა, საიდგანაც ბარაბანის ხმა მოისმოდა, და მაყურებელთ თვალწინ წარმოუდგათ რაღაცა უცნაურად გაკეთებული მაღალი პოვოსკა, რომლის ზევითაც ვიღაცა დედაკაცი უკუღმა იჯდა ტუსაღის ტანისამოსით; ჯვარედინად გადავლებული ჰქონდა ღვედები, რომელთაც გულზედ ეჭირათ ფიცარი ზედ-წარწერით: „მამის მკვლელი“!

თითონ ტუსაღს იქამდინ ჩამოვარდნოდა გულზედ თავი, და თავსახვევი წამოჰფაროდა თვალებზედ, რომ სახე არ უჩანდა. ჯალათი, პირუტყვულის და მოღიმარის სახით, გვერდს უჯდა და ეოხუნჯებოდა ქალს. ბოლოს, იმან მკაცრად გადასწივა ხელსახოცს, გადაუღო უკან თავი, და ხალხმა დაინახა ფერწასული, გონებამიხდილი ქალი, რომლისთვისაც მწუხარებას და სატანჯველს შესაზარად დაემახინჯებინა სახე. აშკარადა სჩანდა, რომ ის ვეღარასა ჰგრძნობდა, რადგანაც, რა ჯალათმა ხელი მოაშორა თავს, ის ისევ ყინწმოწყვეტილსავით გულზედ ჩამოუვარდა.

პოვოსკა გაჩერდა ესტრადას წინ და ქალი ჩამოათრიეს, რადგანაც სიარულის თავი აღარა ჰქონდა, აიყვანეს ესტრადაზედ და ისე მიაკრეს ბოძს, რომ ზეზედ მდგომს ემსგავსებოდა.

- ქუდები! - დაიძახა ერთმა და ყველამ მოიხადა ქუდები. სამხედრო წოდების ხალხი გამოიჭიმა და მარჯვენა ხელი მიიტანა ქუდებთან. ნაკერ მუნდირში გამოვიდა ვიღაცა კაცი და დაიწყო გარდაწყვეტილების კითხვა, რომელიც ხალხს აუწყებდა, რომ „ნუნუ მამის მოკვლისთვის საუკუნოდ იგზავნება ციმბირში, მადნებზედ სამუშაოდ“...

ხალხში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ბუზის გაფრენას გაიგონებდით. გაყუჩდა ყველაფერი, თითონ ნიავიც კი შესწყდა, თითქოს თავის ხმაურობით ეშინოდა დაეშალა ხალხის სმენისთვის. ყველას გული წარმოუთქმელადა სძგერდა და რაღაცა შემაწუხებელს მდგომარეობაში იყო. ამ საერთო სიჩუმეში გამოვიდა მოხუცებული, თეთრის წვერით, მღვდელი, შემოსილი შავის სამოსელით; იმას ხელში ეჭირა ჯვარცმა და დაღვრემილი, ფერმიხდილი და შეწუხებულის სახით მივიდა უბედურთან. ყველანი მოშორდნენ.

- ნინო! - ჩასძახა მღვდელმა: - ნინო! - განიმეორა იმან და მოჰკიდა ხელი.

ქალი შეჰკრთა, გაახილა თვალები, აიღო ცოტათი თავი და მიხრწნილის ხმით ძლივს წარმოსთქვა:

- წყალი, ცოტა წყალი, ღთის გულისთვის!

იმას დაალევინეს წყალი და ისევ მოშორდნენ.

- შვილო! შენ ახდილი გაქვს ყოველი უფლება, შენ ცოცხლებს აღარ ეკუთვნი... მოინანიე შენი ცოდვა, რომ ზეციერმა მამამ შეგინდოს.

- რა ცოდვა? - დაფანტვით წარმოსთქვა ნუნუმ და მწარის ღიმილით დაუმატა: - ჰო, მე ხომ მამა მოვკალ, მე მამის მკვლელი ვარ!..

- მითხარ აღსარება, რა გაწუხებს?.. მე მლოცველი ვიქნები შენი სულისთვის, მე შეგავედრებ ზეციურს მამას, რომ მოგიტევოს ყოველისფერი.

ამ სიტყვებზედ ნუნუ თითქოს მოცოცხლდა.

- ჯვარი მომეც. - მიუშვირა იმან ხელები.

მღვდელმა მიაწოდა ჯვარი და ნუნუს რაღაც ცეცხლით თვალები აენთო; ის მისწვდა ჯვარს, მიიკრა ტუჩებზედ და საკმაოდ მაღლა, თუმცა ხმის კანკალით, წარმოსთქვა მდუღარების ფრქვევით:

- ვფიცავ გულთამხილავს ზეციერს მამას, ვფიცავ ამ წმინდა ჯვარცმას, ვფიცავ ჩემს ნამუსს, ვფიცავ იაგოს სულს, - მე დამნაშავე არა ვარ!

ამ სიტყვების შემდეგ ის გაჟრჟოლდა, ძალზედ მიიკრა ჯვარი ტუჩებზედ, გაიჭიმა, დაიხრიალა და მოეშვა ისევ. ხელები ჩქარა ჩამოუქანდნენ, და მღვდელმა მიაშველა ხელი, რათა ჯვარი ძირს არ დაცემულიყო. ის დააცქერდა საცოდავს წამებულს და მთრთოლარე ხმით წარმოსთქვა: „განუსვენე, უფალო, მხევალსა ამას შენსა"! გადიწერა პირჯვარი და მოშორდა.

როდესაც ჯალათი მივიდა, გახსნა შეკრულობა, ნუნუ მუხლებმოჭრილსავით დაეცა ძირს: მწუხარებას და სირცხვილს ვეღარ გაუძლო იმისმა გულმა, და უკანასკნელმა მღელვარებამ ბოლო მოუღო!..

მაშ ვინ იყო გლახას მომკვლელი?.. მსაჯულნი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქალი, და ხალხში კი ეჭვი შევიდა.

მეორე-მესამე დღეს, ამ შემთხვევის შემდეგ, ფუთხუზის ტყესთან გამალებული ტროიკა მოდიოდა, რომელსაც მიჰყვანდა ხევის დიამბეგი და გირგოლა. ისინი ლაპარაკობდნენ წარსულს შემთხვევაზედ, მაგრამ გირგოლა, რომელიც გაფითრებულიყო, თავს არიდებდა და უგუნებოდ უპასუხებდა. ის დაესწრო ნუნუს სიკვდილს, და კაცობრიულმა გრძნობამ გაუარა გულში. ამ დღიდგან ის მოსვენებას ვეღარ ჰპოულობდა და ყველგან ნუნუს სახე ეჩვენებოდა. ამ რამდენიმე დღეში ის ისე ჩამომდნარიყო, ისე შეწუხებულიყო, რომ ადამიანი ვეღარ იცნობდა.

- რა მოგივიდა, ავად ხომ არა ხარ! - ჰკითხა დიამბეგმა.

- ჰო, შეუძლოდ გახლავარ რასმე.

- ნუ გეშინიან, აი მივალთ შინა და მალე მტერი მომიკვდეს, მალე იუნკრობა მოგიტანინო.

- შენი წყალობა მომცეს ღმერთმა, - რაღაცა უგუნებოდ უპასუხა იმან.

ისინი გვერდი-გვერდს ისხდნენ, რადგანაც წინ სხვა ყაზახი უჯდათ. გირგოლამ ვერ გაათავა უკანასკნელი სიტყვები, როდესაც ტყიდგან გამოვარდა თოფი, გახვრიტა დიამბეგი, რომელიც გადმოვარდა ტროიკიდგან და გვერდში დასჭრა გირგოლა, რომელმაც გაიგონა ხმა:

- მე ვარ კობა! ორნივ მე განაცვალეთ იაგოს!

- ამ სიტყვებით ის გაჰქრა, როგორც მოჩვენება, რომ თავის დღეში აღარ გამოჩენილიყო; მკვდარი დიამბეგი და სასიკვდილოდ დაჭრილი გირგოლა კი წაიღეს შინ ცოცხალ-მკვდარი, მიიტანეს სტეფანწმინდანში, სადაც დააწვინეს. პირველი იმისი სიტყვები იყო მღვდლის მოკითხვა, რომელიც იმ წამს მოვიდა.

ყველანი გამოვიდნენ, მარტონი დარჩნენ მოძღვარი და მოწაფე.

გირგოლა წარმოუდგენელს აღშფოთებაში იყო, როდესაც მოძღვარი მიუახლოვდა, ამოიღო ზიარება და იმის შიშით, რომ უზიარებელი არ მომკვდარიყო, უნდოდა მაშინვე მიეღებინებინა წმინდა საიდუმლო.

- ღირსი არა ვარ, მამაო!

- შენს მდგომარეობაში ყველა ქრისტიანი ღირსია, შვილო.

- არა, სანამ აღსარებას არ გეტყვი, არა... ჰო, თუ ღმერთმა შემაძლებინა ყველას თქმა! ვგრძნობ, რომ სიკვდილი მიახლოვდება.

- სასიკვდილო რა გჭირს, შვილო?.. მაგრამ აჩქარდი, მოინანიე, ღმერთის გულუხვობას ვინ მისწვდება, ის მოგიტევებს, ის გაპატიებს.

გირგოლა კარგა ხანს წვალობდა, და ბოლოს ძლივს დაიწყო: - იაგოს მე მოვუგონე ქურდობა, მე განგებ შევწამე ცილი, რადგანაც ნუნუ ჩემთვის მინდოდა... ეხლაც მე გავაწყვეტინე იაგო და მისი ამხანაგები... ნუნუს მამაც მე მოვკალ და ქალს კი გადავაბრალე... ილოცე, ილოცე, მღვდელო, ჩემის სულისთვის, ილოცე!..

- ჰო, შვილო!.. ვილოცავ, ვილოცავ...

- როგორა გგონია - ღმერთი მაპატიებს?

- ღმერთი მოწყალეა, ღმერთი დიდია!..

- გააგებინე ყველას, რომ მთხოვარა გლახას მკვლელი მე ვარ, რომ ნუნუს ბრალი არა ჰქონდა მის სიკვდილში... მე დასამალად არ გეუბნები აღსარებას... როდესაც იაგოს და მის ამხანაგებს ცეცხლი წავუკიდეთ... მე... გულმა ვეღარ მომისვენა... წაველ გლახას სახლში... ქალსაც და მამასაც ეძინათ... მე მინდოდა ორნივ მომეკლა... მაგრამ ვიფიქრე... ერთი წუთის წვალება განა გადამიხდიდა მთელი სიცოცხლის სატანჯველს?.. მე მიყვარდა ნუნუ... ო-ო, როგორ მიყვარდა.. იმან უარმყო, იმან სხვა ირჩივა ჩემს თავს... მე თავმოყვარე, თავმომწონე ვიყავ... ვეღარ გავუძელ სატანჯველს...მაშინ... მაშინ ვიფიქრე, რომ მამა... მამა მომეკლა... გამოვპარულიყავ და იმის სიკვდილი ქალისთვის დაებრალებინათ... იმას გააწვალებდნენ, გასტანჯავდნენ, და მეგონა - ეს დამაკმაყოფილებდა... მაგრამ... აი, რა დღეში ჩავვარდი... სიცოცხლე არ მენანება, მაგრამ საიქიოს, საიქიოს რა პირით წარვსდგე?.. - ამ სიტყვებით ის ჯერ მიილუშა, მერმე წამოიძახა: - აგერ!.. აგერ გლახა! არ მასვენებს, ის მომდევს; თვალები მოუქცევია ჩემკენ!.. ნუ მიყურებ, ნუ მიყურებ, ნუ მიყურებ! - თანდათან სუსტდებოდა გირგოლა და ბოლოს მწარე ქვითინად გარდაექცა...

იმან გაკმინდა ხმა, გადავარდა ლოგინზედ და რამოდენიმე ხანი ისე თავდავიწყებაში იყო; ბოლოს, წამოიწივა, გადაისო შუბლზედ მთრთოლარე ხელი, გადიწმინდა ჭირის ნაკადული და წყნარად წარმოსთქვა:

- ღმერთო, რა რიგად ვიტანჯები!.. - და მიუბრუნდა მოძღვარს: - მერგება ზიარება?

მღვდელმა მიუტანა პირთან კოვზი.

- მიიღე, შვილო, გერგება და კიდეც დაგამშვიდებს.

- მამაო! - ერთბაშად წამოიძახა იმან: - მაშ ღირსი ვარ?.. მომეც, - წაიწია მღვდლისაკენ, მაგრამ ერთბაშად გაიძაბა, წასწვდა გულს, ყელს, თავს და გადავარდა უკან.

- ნუნუ!.. გლახა!.. მიშვე... მიშველე! - და სიტყვები ხრიალად გარდაექცა....

კიდევ ერთი გაბრძოლება, გაზმორება, დახრიალება ყელში - და გირგოლა გათავდა...

წყარო: მამის მკვლელი : [რომანი] ყაზბეგი, ალექსანდრე, 1848-1893. თბილისი : პალიტრა L, 2018 (შპს "კოლორი")

4.32 ალუდა ქეთელაური

▲ზევით დაბრუნება


4.32.1 I

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
ალუდა ქეთელაური

მაცნე მოიდა შატილსა:
- ქისტებმა მოგვცეს ზიანი,
დაგვიწიოკეს მწყემსები,
ავნია, ავი-ზნიანნი.
ალუდა ქეთელაური

 
კაცია   დავლათიანი, დავლათიანი - იღბლიანი, სვებედიანი, ღვთისგან დალოცვილი.

საფიხვნოს თავში დაჯდების,
სიტყვა მაუდის
გზიანი;

ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა, -  
სცადა
ფრანგული  ფხიანი.  

 ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი!
ქისტებს წაუსხამ ცხენები,

საფიხვნო - ადგილი ან ნაგებობა სოფელში, სადაც თავს იყრიან და ბაასობენ, საკაცო ხელსაქმეებს აკეთებენ.
გზიანი - გონივრული, გამოსადეგი, გარემოების შესაბამისი.

ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა - მთაში გავრცელებული წესის თანახმად, მოკლულ მტერს ხელს სჭრიდნენ, სოფელში გამარჯვების ნიშნად მოჰქონდათ და ქავის კარზე (ქავი - ქვის მაღალი გალავანი, სადაც მტრის მარჯვენას აკრავდნენ.) აკრავდნენ, რაც მეტი მარჯვენა ამშვენებდა ქავ-ციხეს, მით უფრო სახელიანი იყო მისი პატრონი.

ფრანგული - ხმალია ერთგვარი. ფხიანი -კარგად გალესილი.

ალუდაისიც ფთიანი.

 გუმან აქვ,   გადაავლიონ

გუმან აქვ - უნდათ, სურვილი აქვთ, ფიქრობენ. გადაავლიონ - გადაატარონ.

არხოტის   თავი მთიანი,

გადაბერტყინონ ნალითა

არხოტი - პირიქითი ხევსურეთის ერთ-ერთი თემია მდ. ასას ხეობაში.

 ქუჩი მთებისა ცვრიანი.

ეს რო ალუდამ გაიგო,
თოფს დაუპირა ტალიო;  
აისხა იარაღები,

გააფხავიდის  ხმალიო;

ქუჩი - თმასავით წმინდაღერიანი ბალახია, იზრდება კლდეებში, ხრიოკ ადგილებში.

ტალი - კაჟი, თოფს დაუპირა ტალიო - მოცვეთილ კაჟს, ტალს ნაპირები ჩამოამტვრია, რათა ბევრი ნაპერწკალი დასცვენოდა დაცემინების დროს.

გააფხავიდის - გალესა, ფხა დაუყენა.

 

გაუშინჯიდის ვადანი,
ხმალს არ მაუტყდეს ტარიო.
ცისკრის ხანია, მტერს მისდევს
კლდის შავარდენი ჩქარიო.

გათენებისას  ჭიუხში 

ჭიუხი - წვეტიანი კლდე (ვაჟა), კლდოვანი მთა.

შურთხმა   დარეკა ზარიო,

ძაღლებს-კი სძინავ თეოზე
ჯერ არ გაშლილა ცხვარიო.

მალე შააგდო ალუდამ

ქისტების ნავალს თვალიო.

შურთხი - ფრინველი ქათმისებრთა ოჯახიდან, გარეგნობით ინდაურს ჰგავს, სტვენს, ბინადრობს ალპურ ველებზე.

თეო - ადგილი ცხვრის ბინის გარშემო, სადაც ძაღლები დარაჯობენ.

შააგდო თვალი - თვალი მოჰკრა, დაინახა.

მარჯვედვე გადაეწია,
თოფმა გაიღო ჩქამიო:
ერთს
ქურდ-კანტალას  ღილღველსა  

ცუდი დაუდგა წამიო;
გადავარდება ცხენზეით,
ქურდ-კანტალა - ქურდბაცაცა. ღილღო - ღლიღვების (მთიელი ინგუშების) საცხოვრებელი ადგილი ასას ხეობაში, ხევსურეთის საზღვართან.

 

ყელ-თავქვე  ეკიდებისა;
ნატყვიარი სჭირს ბეჭის თავს,
ზედ ცეცხლი ეკიდებისა;
ამხანიგ-მოკლულ ღილღველი
ჩახმახსა ეზიდებისა.
ყელთავქვე - თავდაღმა.

 

გამასტყვრა   მუცალის თოფი,-
კლდის პირი დაიშლებოდა,
ნაძოძი ტყვიის ალუდას
კალთაში ჩაეშლებოდა.
- არა გჭირსაა, რჯულ-ძაღლო?! -
მუცალი ეუბნებოდა.
- ნუ გგონავ, მჭირდეს, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა.
ხმა ალუდაის თოფისა
ჭეხასა ჰგვანდა ცისასა.
- არ მოგხვდაუა, რჯულ-ძაღლო? -
ისევ ეძახის იმასა.
- მუცალს არა სჭირს, რჯულ-ძაღლო, -
ნამტვრევს მაშლიდა კლდისასა...
- ოჰო, ქუდ გაუხვრეტია,
წვერებსა სტუსავს თმისასა.
- მაღლა დაგიცდა, ბეჩავო,
გამასტყვრა - ხმა გამოიღო (გამოსროლილმა თოფმა).

 

კენჩხას  არა სჭირს ძვლისასა.

გამოსტყვრა მუცალის თოფი,

კენჩხა - თავის ქალა (ვაჟა).

.

ტყვია ჩქამს იზამს მქისესა,
გაუტეხს ქეთელაურსა
საპირის-წამლეს რქისასა.
- არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! -

მქისე - უსიამოვნო

 

ზედაც დაჰვედრებს  იმასა.
- არა სჭირს, არა, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა,
გამმარჯვედ ჯვარი დაჰყვების,
ძალს შაახვეწებს ღვთისასა.
გულს არ ჰხვდა, ნუ გეგონების,
ამტვრევდა წამლის ქისასა.
დაჰვედრებს - მუქარით, ნიშნის მოგებით ეტყვის.

 

რაკი სრევაზე მიდგება,
ჯავრს არც მე შავჭამ მტრისასა.
შატილიონის ნასროლი
ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა.
- არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! -
შამაუჭყივლებს ქისტასა.
- გულში მჭირს, გულში, რჯულ-ძაღლო,
სრევა - სროლა.

 

ვაჰ ცდასა მუცალისასა!
ძმაც ხო მამიკალ, მეც მამკალ,
რა ვუთხრა მადლსა ღვთისასა?
მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია
წვანეს ბალახსა მთისასა.
ერთიც ესროლა ალუდას,
ხანს არა ჰკარგავს ცდისასა.
თოფიც ალუდას გაუგდო,
ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა:
- ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
სიტყვა გაუშრა პირზედა,
დაბლა გაერთხა მიწასა.
ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
თავით დაუდვა ხანჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,
ცდა - ბრძოლა.

 

გულზედ ძეგლიგი დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: ცოდვა არიო;
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედაც გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო,
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს,
ძეგლიგი - კაჟიანი თოფი.

 

ნუმც ხარობს ქავის  კარიო,
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!
სიგძივ გაჰხურა ნაბადი,
ზედ გადაადვა ფარიო.

4.32.2 II

▲ზევით დაბრუნება


მზემ აიწია ცაზედა,
ნისლებმ  დაწირეს  ხევები
დაწირესეს - მიატოვეს.
მისჯარებიან ცის კიდეს
კავკასიონის დევები.
აშლილან სანადიროდა
ფრაშ-ფრაში - უშნო, დუნე ფრენა.
ქორებ, ფრინველთა  მლევლები;
სოვნი არწივებს მასდევენ,
მუქთად ჭამისთვის მხლებლები.
ჯიხვნი მაებნენ მყინვარსა,
მადლი რქათ ადგა ღვთისაო.
ხევი-ხევ შამოყრანტალებს
ყორანი ავის ხმისაო:
~მამკვდარა ქისტი მუცალი,
თვალნ უნდა ვსჭამნე ყმისაო,
გულ-ღვიძლი ამოვარიდო,
კალთა დავხურო მხრისაო”.
შატილს ჯერ არ ჩასწდომია
შუქი შუადღის მზისაო,
არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,
ცა ახურია კლდისაო.
ყმა მოიდოდა გორი-გორ,
არ ეწონება თავია;
პირს დასწოლია ნისლები,
გულით ნადენი, შავია.
მლევლები - მჟლეტელები, მსპობელები; დალევა - მოსპობა.
სოვნი - სვავნი.
ტახტაზე დაუკიდებავ
მუცალის ძმისა მკლავია,
ტახტა - უნაგირის კეხის ამოწეული ნაწილები წინ და უკან.
ვერცხლით მორთული ბაზალა, - ბაზალა - თოფია (ვაჟა).
ეგ ხოროსნული ხმალია. ხოროსნული - ხორასანში (სპარსეთის მხარეა) გაკეთებული.
მეება ჭიუხიანსა,
სადაც იმედას ქავია
 

ზაფხულს თოფის ხმას იყურებს,

ზამთარ ჩამუდის ზვავია.

იყურებს - ისმენს.

ბევრჯელ მაასწრო დელგმამა, დელგმა - დიდი წვიმა, თავსხმა.

ჰყეფდა ყორანი შავია.

დაჰფამფალებდა თავზედა
გაუმაძღარი სვავია,

 
დაჰფამფალებდა - დაჰფარფატებდა, უშნო ფრენით უვლიდა თავზე.
ვერვინ , მაჰრივა იღბალი
ვერავინ უყვა ავია.
ურჯულოს ხელებსავ ადნობს
ზედ მზის სხივები მწვავია
მაჰრივა იღბალი - აჯობა იღბლით, დაამარცხა.
გველმა ვერ გასჭრა ლიბოი
დღესაც ცოცხალი არია.
ზოგჯერ ავდარი დადგება,
ოგჯერ მზე ბრწყინავს, დარია.
რა უყვათ, ბევრი უნახავ
ულვაშ-აშლილი მკვდარია!
ბევრჯელ წასულა საჭალოდ
დახოცილთ სისხლის ღვარია;
შაუღებია წითლადა
გველმა ვერ გასჭრა ლიბოი - გადმოცემის თანახმად, გველის მიერ ლიბოს გაჭრა ან ლიბოში გველის გაჩენა უბედურების ნიშანია. აოხრებული, ამოწყვეტილი ოჯახის საძირკველში იბუდებს გველი. ლიბო - საძირკველი.
ავი  არდოტის  წყალია.
ვისაც მტერობა მასწყურდეს,
გააღოს სახლის კარია,
სისხლ დაიგუბოს კერაში,
თვითანაც შიგვე მდგარია.
ღვინოდაც იმას დაჰლევდეს,
პურადაც მოსახმარია.
პირჯვარი დაიწეროდეს
არდოტი - სოფელია პირიქით ხევსურეთში.
მითამ  საყდარში არია.
სისხლშია ჰქონდეს ქორწილი,
იქ დაიწეროს ჯვარია,
დაიპატიჟოს სტუმრები,
დაამწკრიოდეს ჯარია.
სისხლში დაიგოს ლოგინი,
გვერდს დაიწვინოს ცალია
ბევრი იყოლოს შვილები,
ბევრი ვაჟი და ქალია;
იქვე საფლავი გათხაროს,
იქ დაიმარხოს მკვდარია.
შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შაარჩენს გვარია.
შატილს გადმოდგა ბანებზედ
ხევსურთ ქალი და რძალია,
გამეეგებნენ ალუდას
ძმა, ძმისწულები სამნია.
ბევრს უნდა ამბის გაგება,
ბევრნი მოვიდნენ სხვანია.
მიულოციან ალუდას:
- სახელიანიმც ხარია!
ბებერი ჰკითხავს უშიშა
ალუდას ამბავს ცდისასა.
უამბობს ქეთელაური
ამბავს ღილღველის მგლისასა:
~აქით წასულმა, უშიშავ,
კვალი შავაჭერ მთისასა,
მოკლედავ გადავეწივე.
ნავალ დავატყვე ქვიშასა.
ორნ იყვნენ, თოფი ვიხმარე,
წვერს ვერ ვუწვდენდი ხმლისასა.

მითამ 
- ვითომ.

 

იმ ცხონებულსა მუცალსა,
რკინა სდებიყო გულადა!
- რას ამბობ? ქისტის ცხონება
არ დაწერილა რჯულადა.
- მით ვაქებ ვაჟკაცობასა,
არ იყიდება ფულადა.
სამ მე ვესროლე. სამ - იმან,
მესამით დავასრულია.
მკერდზე ნაკრავმა ტყვიამა
იმ ცხონებულსა მუცალსა - ცხონება, ქრისტიანული რწმენით, ადამიანის სულის ხსნაა, რაც ქრისტესთან შეერთებას ნიშნავს, ეს კი მაჰმადიანისთვის შეუძლებელია.
გაუნაძოძა გულია. გაუნაძოძა - დაუფლითა, დაუგლიჯა. ნაძოძი - ნაგლეჯი, ნაფლეთი.
ნატყვიარს ბრძამით  იფევდა,
ისრე დალია სულია.
სულს არ აცლიდა ამოსვლას,
კიდევ მიხსენა რჯულია.
ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?!
ვერ გავიმეტე მუცალი
მარჯვენის მოსაჭრელადა,
გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
~დაე დააკლდეს სახელსა,
მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.
ბრძამიი - მთის მცენარეა ურობალახასავით (ვაჟა). ბალახია, რომელიც ზამთარშიც მწვანეა (ა. შანიძე).
ხევსურთა ახალ-უხლები
გადაიქციან ტყემლადა,
ავად შაჰხედნეს ალუდას,
ახალუხლები - ახალგაზრდები, ახალგაზრდობა.
 შაუძრახნიან ხმელადა:  
~მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ,
რა ხარ სიცრუის მთქმელადა;
ხმელადა - უხეშად, უკმეხად.
აიხსენ  გველის-პირული,  
დიაცთ გადუგდე ცხემლადა;
ფარი - ქსლის ჩასაბეჭავად
გველისპირული - ხმლის ეპითეტია.
ხირიმ    -  გაუდვან გარადა;
დამბაჩა გამოადგებისთ
საბრუნლად, თითისტარადა!
გამოჰქცევიხარ ქისტიშვილს,
გადუქცევიხარ ქალადა.
მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ,
უკვენ მისდევდი მა რადა?!”
ზურგი აქციეს ალუდას
პირითა ჯავრიანითა;
თავ-თავის სახლებს მიჰმართეს
ხირიმი - ყველაზე კარგი ძველებური, კაჟიანი თოფია (ოდესღაც ყირიმიდან შემოტანილი). გარა - რგვალი ხე, სიგრძით ადლ-ნახევარი, რომლზედაც ქსოვის დროს ნართს ახვევენ.  ერთი გარაა მოძრავი, მეორე - უძრავი (ვაჟა).
ჭერხოთით   კარიანითა.
გაწირეს ქეთელაური
ჭერხო - ხევსურული სახლის მეორე სართული. ჭერხოთი - ჭერხოს გავლით.
გულითა ნარიანითა, ნარიანი გული - დაბოღმილი, დანაღვლიანებული გული. ნარი - ეკლიანი ბუჩქი.
სახელსა ალუდაისას
იძახდენ ბრალიანითა,
შატილს მინდიაც მოიდა
ზერდაგით  რვალიანითა,
ზერდაგი - კარგი ცხენის ეპითეტი (სპარ. ზარდაგი -  მუქი ყვითელი). რვალი - ბრძოლაში ტანის დასაცველი საფარველი.
წელზე ნარტყამის ფრანგულით,
მკლავითა ფარიანითა,
თორმეტის ქისტის მამკლავი
შუბითა ტარიანითა.
ირემს ჰგავ მინდის წითლაი
შუბლითა მთვარიანითა.
ალუდას აუგს ეტყოდენ
სიტყვითა შხამიანითა.
იწყინა, შუბლი დაკეცა
ნაოჭით ზარიანითა.
- ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს
ენითა ქარიანითა.
ადვილად მტერი მოგიკვდესთ,
ადვილ გავიგო მართალი.
ბევრ დაღონება არ გვინდა,
ერთი დღის მეყოს საგძალი,
გზა-კვალი არ ამერევა,
ყოველ მხრივ ვიცი სავალი,
დღესავ მოგივათ მინდია,
 
 მანამ დაბრძანდეს მრავალი.
ქუსლი ჰკრა, წითლა გამალდა,
ნიავქარივით მავალი.
მანამ დაბძანდეს მრავალი! - მრავალი (მრავადანი) - ვარსკვლავთა ხომლი.

4.32.3 III

▲ზევით დაბრუნება


დაბნელდა, წყალნი ტირიან,
კალთა გვეხურვის ღამისა;
 
დროა ვარსკვლავთა ჟიკჟიკის, ფრაშ-ფრაში - უშნო, დუნე ფრენა.
მკვდართ სულთ საფლავით გამოსვლის.
დრო მათ სიმღერის წყნარისა.
დევნი გამოვლენ კლდიდამა,
ხევ-ხუვში ეხეტებიან.
ყველამ ივახშმა და ახლა
საძილედ ემზადებიან.
- პურ მიირთვიო, - ალუდას
და-დედან ეხვეწებიან.
- მე პურ არ მინდა, დედაო,
მკვდართ სულთ საფლავით გამოსვლისსს - ხალხის რწმენით, ღამის წყვდიადში სულები საფლავებიდან ამოდიან, თავისუფლდებიან, მოძრაობის უნარს იძენენ, აჩრდილებივით დადიან დედამიწაზე - ცრურწმენით.
გული შამეკრა  რადამე,
წუხელ ცუდ სიზმრები 
ვსინჯე,
რიგში ვიყოდი სადამე.
წინ გვედვა მიცვალებული,
ხევსურნ 
შაწყენის ისხდენა.
რადამე - რატომღაც.
სინჯვა - ცქერა, ყურება.
რიგი - მიცვალებულის ხარჯი, ქელეხი.
ვიყოდი - ვიყავი.
შაწყენით - დამწუხრებით.
სალაშქროდ დამზადებულნი,
ზოგნი კარებზე იდგენა.
მენაც იქ ვიყავ, ვტიროდი,
როგორც წესია კაცისა.
გუმანი მქონდა სალაშქროდ,
ხანიც მოვიდა წასვლისა.
 
ერთს წამს ხელ ვინამ დამტაცა,
ტარი ჩამიდვა ხანჯრისა.
შავხედენ, მუცალი იყო,
ტანთ ეცვა ჯაჭვი რვალისა,
გულზე ემჩნივა ნიშანი
მე-დ იმის ბრძოლის წამისა,
ეფინა ნატყვიარშია
ლეგა საფევი ბრძამისა,
კლდედ იდგა, გაუტეხლადა,
ცრემლ არ ჩამოსდის თვალისა.
~მინდა სიკვდილი, არ ვკვდები,
მამკალო, მითხრა ხვეწნითა.
თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი,
მე-კი წავიდე ქვეყნითა,
დაძეღით, ხევსურთ შვილებო,
ლაშქრობით, ხმლების ქნევითა”.
დავჯე, ჯამ ვინამ დამიდგა,
კაცის ხორც იყო წვნიანი,
ვსჭამდი, მზარავდა თუმცა-ღა
კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი.
რასა ვსჩადიო, ვსჯავრობდი,
უმსგავსი, შაჩვენებული.
ვინამ - ვიღაცამ.
"ჭამეო, რამამ  მიძახა,
ნუ ჰხდები გაშტერებული:
კიდევ მიმირთვით ალუდას
წვენ ხორცი გაცხელებული”.
მიმატეს კაცის ულვაშით
წვენ-ხორცი შანელებული...
სიზმართ დამტანჯეს, იმით ვარ
გუნება-აღელვებული.
რამამ - რაღაცამ.

4.32.4 IV

▲ზევით დაბრუნება


თენდება, მთის წვერნ დაწითდენ,
ნისლნი აგროვდენ მთებზედა.
დგება, იღვიძებს სოფელი,
მგზავრი მიდ-მოდის გზებზედა.
სოვნი სამგზაგროს წავიდენ,
მთა-ბარს მაავლეს თვალია;
 
რამდენს  ფრაშ-ფრაშში  არიან,
ცას ვერ გაავლეს კვალია!
ვინ მოდის წითლის ცხენითა,
გამაიარა წყალია?
- მოხველ მშვიდობით! - მინდიას
ფრაშ-ფრაში - უშნო, დუნე ფრენა.
ხევსურთა შაუძრახნიან. -
რა მაიტანი ამბავი? -
შორითვე დაუძახიან.
შაუძრახნიან - შეეხმიანებიან.
- ახლებო, სისხლით გიფუისთ,
სჭრითა და ჰკერავთ გულითა,
გულს ათრევინებთ გონებას,
თავს აჭრეინებთ ცულითა,
ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა
მის ვაჟკაცურის რჯულითა!
ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,
გული-დ გონება ძმანია.
მართალი არი ალუდა,
თავს არ დამექცნენ ცანია!
თუ არა გჯერათ, ქისტისა,
აი, მოჭრილი მკლავია.
სისხლი გიფუისთ - სისხლი გიდუღთ.
ენა ქარქაშში გეჭიროსთ,
ადვილ ნუ იტყვით სიტყვასა,
ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე,
არა ვარგაო, იმასა!
ხელი ალუდას მიართვის:
- წაიღ, მიაკარ ქავადა!
- თუ ხელის მოჭრა მდომიყო,
გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?
ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,
ენა ქარქაშში გეჭიროსთ - ენა პირში დაატიეთ; გადატ. დაუფიქრებლად ნუ ლაპარაკობთ.
საქმე მოგირთავ ავადა;
რაად მინდარის,ვერ მიხმლობს,
საქმე მოგირთავ - საქმე მოგიგვარებია.
რაად მინდარის? - რად მინდა?
არ გამოდგება ფარადა;
მთაში წავიღო, არ მითიბს,
არც მარგებს 
თივის კავადა 
თივის კავი - ბოლომოკაუჭებული, თოკმობმული ჯოხი, იხმარება თივის, ტვირთის შესაკრავად.
წაიღე, თუ გწამ უფალი,
ნუღარ მაჩვენებ თვალითა.
კაის ყმის მარჯვენა არი,
გული მეწვება ბრალითა.
რაად სწყრებიან ხევსურნი,
 
რადა ტყვრებიან ჯავრითა?! ტყვრებიან - სკდებიან
მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი
მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!
"წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა”.
ვაი ეგეთას სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა!
.

4.32.5 V

▲ზევით დაბრუნება


ჟამი მოვიდა საუფლო.
ხალხი 
ხატობას დიოდა:
უნდა აცნობონ   
ბატონსა
ვისაც-კი რამა სტკიოდა.
მოქუჩდა ქალი და კაცი

ჟამი საუფლო; - უფლის, ხატობის დრო.

ხატობას - ხატში. ჯვარი, ხატი ხთიშვილების სახელით ცნობილ ზეციურ არსებათა ზოგადი სახელწოდებაა. ეს სახელწოდებანი გადატანითი მნიშვნელობით სამლოცველო ნაგებობათა კომპლექსის აღსანიშნავადაც იხმარება (ვ. ბარდაველიძე). ბატონი  - ხატს ფშაველი ეძახის ბატონს, ანუ ღვთიშვილს, თავის თავს - ყმას.

 
სახვეწრით ცხვრით და ხარითა;
მიართმევდიან ბატონსა
სახვეწარს 
ბეღლის კარითა.
ეს ვინ-ღა მოდგა, ნისლივით,
სახვეწარი - იგივეა, რაც სამხვეწრო - ვისიმე სულის მოსახსენებლად ან წყალობის გამოსათხოვად ხატისათვის მირთმეული ძღვენი.

ბეღლის კარი - ადგილი ბეღლის წინ (ბეღელი - შენობა ხატში, სადაც ხატის პური, ლუდი და მისთ. ინახება

 

თითბრით  ნაზიკის  ხმალითა?
ხევის ბერს აძლევს მოზვერსა,
დადგა დახრილის თავითა.
- ვის ამწყალობნებ, ალუდავ,
ნაზიკი - მორთული, მოკაზმული (ვერცხლით, თითბრით).
ამა კურატით  შავითა?
ჰკითხავს ალუდას ხუცესი
გადაწეულის მკლავითა.
დიდია ჩვენი ბატონი -
კურატი - უღელდაუდგმელი ხარი, რომელიც სამსხვერპლოდაა შეწირული (ა. შანიძე).
გუდანის ჯვარი თავითა,
საყმონიც ძლიერნი ჰყვანან,
ღვთითა და ღვთისა ძალითა.
კარგი ყმა უყვარს ბატონსა,
წყალობა ემეტებისა;
გუდანის ჯვარი - მთავარი ღვთაება პირაქეთ ხევსურეთში, საერთო-სახევსურეთო რელიგიური ცენტრი. აქ უნდა გადაწყვეტილიყო საერთო საკითხები, რაც მთელი ხევსურეთისთვის მისაღები იქნებოდა. გუდანის ჯვარი მოლაშქრე ღვთიშვილია, მეომარია, ეს მისი ძირითადი ფუნქციაა.
ვაჟკაცნი  იმედიანნი
ჩვენს ბატონს ებედებისა.
მითხარ სახელი, ვის სწირავ,
იმასამც შაეწირება.
იმედიანნი - საიმედონი.
ხანჯარს აიძრობს, დიდების
სათქმელად დაეღირება.
- ეგ სამხვეწროა, ბერდიავ,
ძოღან მოკლულის ქისტისა.
მუცალს ეტყოდენ სახელად,
მაუნათლავის შვილისა.
კარგადაც დამიწყალობნე,
გამიმეტებავ მისთვინა,
დიდება - მსხვერპლის შეწირვის დროს ხევისბერის მიერ წარმოთქმული ლოცვა.
როგორც უნდომლად მოკლულის
თავის ლამაზის ძმისთვინა.
- გაურჯულებულს არჯულებ,
უნდომლად - ძალაუნებურად, უნებლიეთ, უსურვილოდ.
შენ ეგ არ შაგიხდებისა,
ქისტისად საკლავის დაკვლა
კარგად არ მოგიხდებისა.
მამით არ მოდის ანდერძი,
პაპით და პაპის-პაპითა,
გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ,
ურჯულოვდები მაგითა;
ეშმაკს ნუ მისდევ... ეგ სიტყვა
როგორ ამოგცდა ბაგითა?!
რამდენ სხვა მაჰკალ, შენს ქავზე
არ შეგიხდებისა - არ მოგიხდება, არ დაგშვენდება, არ გეკადრება.
ხელებ ჯღრდესავით ჰკიდია.
ზოგი ლეკისა, სხვა ქისტის,
მარჯვენეების ხიდია;
ციკანიც არვის დაუკალ,
განღამც კურატი დიდია.
როგორ ვახვეწო უფალსა
ძაღლი, ძაღლების ჯიშისა,
მანამ სჯობს, ცანი დამექცნენ,
ზურგი გამისკდეს მიწისა,
ან თუ ზღვამ დამნთქას უძირომ,
სადილი ვსჭამო ქვიშისა!
ფერი ედება ბერდიას,
ფერი სხვა-რიგის შიშისა.
ჯღრდე - აჩხორილი, ერთმანეთში არეული, მიხერგილი.
-  ზღვენსა ნუ გამიმსუბუქებ,
მადლი თუ გწყალობს ღვთისაო,
ყმა ვარ მეც გუდანის ჯვრისა,
ხევსური თქვენის წყლისაო,
მითომ ერთნი ვართ, ბერდიავ,
მცხოვრებნი ერთის მთისაო.
- ტყუილად სცდები, ალუდავ,
ტყუილად იცვეთ პირსაო.
გაჯავრდა ქეთელაური,
ფერი დაიდვა მგლისაო;
ხელი დაიკრა ფრანგულსა,
შუქი ამოხდა მზისაო.
უქნივა მოზვერს ქედზედა,
თავი მიგორავს ძირსაო.
თან შაეხვეწა ბატონსა,
ნუ შამიცოდებ შვილსაო,
ზღვენი - ძღვენი, ხატისთვის მირთმეული შესაწირი.  ზღვენი - ძღვენი, ხატისთვის მირთმეული შესაწირი.
ალლადა ჰქონდეს მუცალსა,
მაგ მოუნათლავ გმირსაო.
ბერდია ჯაგარაშლილი
ხალხისკე იზამს პირსაო.
- გაგონილაა, - იძახდა, -
ასრე აგდება რჯულისა:
ალლად - ალალი იყოს.
საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა,
მამხსენე ქისტის სულისა,
ხალხო, მინდარის გავიგო
პასუხი თქვენის გულისა.
დაჯარდით, ხევსურთ შვილებო,
ყველანი - დიდნი, მცირენი, -
სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ
ალუდას სახლის დირენი;
ნუ დაინანებთ, ექმნენით
ცოლ-შვილის ამატირენი
საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა - თემის ადათ-წესის თანახმად, მხოლოდ ხევისბერს შეეძლო ხატობისას ხატში მიყვანილი საკლავის დაკვლა. 
მოკვეთილ  იყოს, სხვა ქვეყნის მოკვეთა - თემისა და სოფლის წევრის გაძევება რაიმე მძიმე დანაშაულისათვის. თემისა და სოფლისაგან მოკვეთილი იძულებული იყო, დაეტოვებინა მამაპაპეული მიწაწყალი. თემი წევრს მოიკვეთდა რამე მძიმე დანაშაულის: ჯვრის ღალატის, ჯვრიდან რამის მოპარვის, სამშობლოს ღალატის გამო.
ცა-ღრუბლის შანამზირები. შანამზირები - შემაცქერალი.
ცეცხლი მიეცით საძნოვარს, -
ცასა სწვდებოდეს ალები,
სათემოდ გამოირეკეთ
ცხვარი, ძროხა და ხარები.
შატილს ცოლ-შვილი უტირეთ,
საძნოვარი - ადგილი, სადაც ძნის ზვინები დგას, - საძნე..
გუდანს - შინშნი  და ქალები; ; შინში - დეიდაშვილი
შასმულებმ ხევსურთ შვილებმა
მაიმარჯვიან ფარები,
უნდა სცან ქეთელაურსა,
კაპასად ჟღერენ რვალები.
ჯარად დამსხდართა ხევსურთა
თავზედ წაადგა ბალღები,
ერთს ხელში დაუჭერია
მარჯვენის ნახრავ ძვალები.
- ვაჟნო, ვინდომებ თქვენთვისა
წყალობას ბატონისასა,
შასმული - ნასვამი, მთვრალი.
საკარგყმო დამალეინეთ,
მოგიტანთ ხელსა მტრისასა.
საკარგყმო - კაი ყმის ჯილდო. განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიძღვნილი საჩუქარი, სადღეგრძელო, მისართმევი სასმისი, ლუდიანი საწდე, ცხვარი და მისთ.
ყორანს მიჰქონდა ბრჯღალითა,
ყურეს 
უმარჯვდა კლდისასა.
ბრჯღალი - ბრჭყალი, კლანჭი.
უმარჯვდა - უმიზნებდა, შესაფერის ადგილს ურჩევდა.
იმ დროსა ვსტყორცნე ისარი
ლაღად მიმავალს ცისასა;
მართალ გამოდგა 
ნასრევი,
ნასრევი - ნასროლი
ყორანს უვლიდა ფრთისასა;
კლანჭით გაუშვა ნადავლი,
გადმეესრია მიწასა.,
გადმეესრია - გადმოისროლა, გადმოტყორცნა.
- მუცალის მარჯვენა არი,
მიზეზი ხევსურთ რჩევისა, -
წყრომით იტყოდა მინდია, -
მიზეზი იმათ წყევისა;
მე მივუტანე ალუდას,
ფერი დავადევ წყენისა;
რო არ მიიღო ალუდამ,
სიღრმე ვაჩვენე ხევისა.
- წაიღეთ, - ამბობს ბერდია, -
ტოტი ურჯულოს ძაღლისა,
არა ვართ ხევსურთ შვილები
ყმანი ეშმაკის, ალისა.
ძაღლს მიუგდიან საჭმელად
ხელი მუცალის მკლავისა.
პირი არ ახლო ქოფაკმა,
მორთო ღმუილი ბრალისა.
ხევის ბერ იტყვის ბერდია:
- ხევსურნო, ნახეთ თვალითა:
ძაღლი ძაღლის ძვალს არ სტეხსო,
თქმულია იმავ თავითა.
ქისტის მარჯვენას ბალღები
დაბლა ათრევენ კავითა.
..

4.32.6 VI

▲ზევით დაბრუნება


თოვლი სთოვს, ქარი ბობოქრობს,
ყელებ შაკრულა მთებისა;
 

ჩამოდის ხევად ზოვები, ზოვები - ზვავები.
მიუნაქრია ერთიან
ვიწრო სავალი გზებისა.
ვის მასწყენია სიცოცხლე,
გზას ის ვინ გაუდგებისა?
წინ მიდის მგზავრი, მიჰკვალავს,
მიუნაქრია - მიუნამქრია.
ხუთიც უკვენა ჰყვებისა.
სიმშილით შაწუხებული
მთას ღმუის ჯოგი მგლებისა.
~კარგს ნურას ჰნახავთ, ხევსურნო,”
ერთი დიაცი სწყრებისა.
~ავაჰმე, ჩვენო სახ-კარო,
ქვა-ქვაზე აღარ დგებაო,
ციხეზე, ჭერხოს ბოძებზე
ეხლა ყოვები სხდებაო”.
დედა ეტყოდა ალუდას:
- შვილო, იარე ნელაო,
შენთან ვერ გავძლებთ ვერც მენა,
ვერც შენი ცოლი ლელაო,
უკვენა ჰყვებისა - უკან მიჰყვება.
ბალღები აგვიბოჟირდა,
ხელ-ფეხ დაგვიზრა 
ძნელაო.
აგვიბოჟირდა - აგვიწიოკდა, აგვიხმაურდა. ძნელაო - მეტისმეტად..
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო!
ნეტავ არ დასჭირდებაა
ხევსურთა შენი შველაო?!
ვის რა წყალ-ჭალა გვისტუმრებს
 
სად რა-რა დავილევითა? დავილევითა - ამოვწყდებით.
უბინო უსახ-კარონი
სხვაკანაც დავიწყევითა.
ვეღარ მიუვალთ ჩვენს სახ-კარს,
გაღმა შატილის ხევითა.
თავის მიწა-წყლის გაწირვა
ძნელი ყოფილა მეტადა;
 
მამაკვდავს დავფერებივარ,
გონი გამხდია რეტადა.
მუხლებ არ მამდევს, გულშია
ბნელი ჩამიდგა სვეტადა.
ვაჰ, მამა-პაპის საფლავნო,
კლდენო, დამდგარნო მწვეტადა!
ჯავრობით ეტყვის ალუდა:
- დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა,
მოდით, მამყევით, ვიდინოთ,
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა,
ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,
ნუ გადიქცევით ცეტადა!
ერთხელ მაუნდა ალუდას,
ერთხელ მობრუნვა თავისა:
~მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამახარელნო თვალისა!
მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,
გულში ამშლელო ბრალისა!
მშვიდობით, ჩვენო ბატონო,
ყმათად მიმცემო ძალისა!”
გაწირეს მგზავრთა სამუდმოდ
წყალი და მიწა თავისა.
შტერად დამდგარან მთის წვერნი,
დავფერებივარ - დავმსგავსებივარ.
ისმის ხვივილი ქარისა.
გადვიდნენ, ქედი გადავლეს,
თხრილი აღარ ჩანს კვალისა.
ერთი მაისმა შორითა
მწარე ქვითინი ქალისა.
ხვივილი - ხმაური.

4.32.7 ობლების სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
ობლების სიმღერა

ნიადაგ ვივლით კარი-კარს,
ნიადაგ აგიტირდებით;
მშიერ-ტიტველნი, ბეჩავნი
ნიადაგ აგიბირდებით;
უმწეო-უპატრონონი
ნურავის გაგიკვირდებით!
ფეხნი გვქონ ეკლით ნაშაშრნი,
თმები გაგვბმია ბირკებით.
კაცნი ვართ, თქვენი ჭირიმე,
ნურავის გაგიკვირდებით!
მამა ლაშქარში მოგვიკლეს,
დედა ტყვედ წაიყვანესა, –
წაგვართვეს ლეკის შვილებმა,
დაღისტანს გადიყვანესა.
გაგვიტიალეს სახლ-კარი:
ბინად გვაქვს ტყე და ველია,
საბნად ფოთოლი გვეხურვის,
ლეიბად გვიგავ ლელია.
ნურავის გაუკვირდება,
ძმაო, ობლობა ძნელია!..
ვარამმა გული შეჭამა,
ძალ-ღონე გამოგველია!
არა ჩანს ჩვენი პატრონი, –
ობლების დამფარველია.

1888
წყარო: ობლების სიმღერა: ვაჟა-ფშაველა: ჟურნ. "თეატრი" 1888. №46-47

4.32.8 ფიქრები (ხოლერის გამო)

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
ფიქრები (ხოლერის გამო)

ვგონებ შაჰ-აბაზის შემოსევამაც არ ააყაყანა ისე საქართველო, როგორც ხოლერის გაჩენამ. ხოლერა სიკვდილის მომასწავებელია და ჩვენ ხომ სიცოცხლის მეტის-მეტად მოყვარულნი ვართ და ანკი რას არ აგვაყაყანებდა. მართლაც, ვინც ანა-ბანა არ იცოდა, ახლა ისწავლა, რომ ხოლერაზედ რამ მოიწეროს გაზეთში. ვისაც გაზეთი მხოლოდ ყუთით გაუგონია, განაღამც წაეკითხოს, ან დაეწეროს რამ, დღეს კორესპონდენციას სჩალხავს და ჰგზავნის გაზეთში დასაბეჭდად. ესეც კაი საქმეა. თუ ხოლერა არა, თქვენი მტერი, თავის დღეში კალამს არ აიღებდა ხელში. ხოლერა ჭირია სხეულისა, სიცოცხლის მტერი და, რა თქმა უნდა, ცოცხალს თვალებს გაახილებინებს, აალაპარაკებს. ეს საკვირველიც არ არის. ამიტომ ცოცხალნი ღონისძიებას ეძებენ, როგორმე თავიდან აიცდინონ, წამალი მოუძებნენ; ვისაც წამლის იმედი არა აქვს და არც ის უწყის, რომ თავი და თავი წამალი ხოლერისა სისუფთავეა და ზომიერება ყველაფერში, სხვა ღონე არ დარჩენია, უნდა გაიქცეს და ტურასავით ტყეში დაიმალოს, თავის ქოხ-მახს, თავის სარჩო-საბადებელს სტოვებს ღვთის ანაბრობაზე და გარბის; იმას-კი აღარა ფიქრობს, რომ ერთი და იგივეა, მგელი შესჭამს, თუ მგლის შვილი. ესეც რაც არის-არის, მადლობა უფალს. ეს მე არ მიკვირს, საკვირველი უფრო სასტიკი, უფრო მავნებელი. ნეტავი ერთს დღეს მაინც ამ მეორე ხოლერამ ისე ააყაყანოს ხალხი, როგორც ეს ბაცილა-ბაქტერიების დედა აყაყანებს ქვეყანას ამ სამი-ოთხის თვის განმავლობაში. ერთის მხრით რომ იფიქროს კაცმა, იმას დაასკვნის, რომ ალბათ სხვა არაფერი არა უწირს რა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და იმიტომ არავინა ყაყანებს. არავინ რას ამბობს, მაგრამ ამგვარი ფიქრი ტყუილი ფიქრი გამოდგება. მაშ სხვა ხოლერა არ ბდობს ჩვენში და არ გვმუსრავს?!

აბა გადავავლოთ ჩვენს მხარეს თვალი, აბა კარგად დავუკვირდეთ ჩვენს გარემოებას, ჩვენს წამხდარს საქმეს, თუ მართლა უარესის ხოლერით არ ვიყოთ ავად. ამ ხოლერას ვერ უპოვნეთ ვერსაიდან წამალი, იმაზედ არც სისუფთავე სჭრის, არც დეზინფექცია. აბა ხოლერა, ნამდვილი ხოლერა ეს გახლავთ. ეს ისეთი ხოლერაა, რომ განა ორი ათასსი ათასს მოჰკლავს და ათასი გადარჩება?! არა, ყველას იმსხვერპლებს, მთელს ერს მუსრს გაავლებს. რატომ ამ ხოლერაზედ არა ყაყანებს, არა ჰღაღადებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოძმე? იქნება ის ხოლერა არსად არსებობდეს და მე მეჩვენებოდეს მარტო?

არა, არსებობს, მაგრამ იმდენი ვერა ჰხედავს იმას, ამ “ბაცილების” დედას, და იმდენი ხმაურობა, ჟრიამული იმიტომ არც ისმის ამ მეორე ჯურის ხოლერაზედ.
ათასი უსამართლოდ დაჩაგრული დღევანდელ ჩვენის ცხოვრების გარემოებათაგან, იგივე ხოლერის მსხვერპლი, მისგან მოკლული არ არის?


მოვიგონოთ ასი-ათასობით უმეცარნი, უსწავლელნი, უბირნი, ცხოვრებას რომ ეთრევინებიან, სცხოვრობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ათენ-აღამონ, იგივე ხოლერისაგან მოკლულნი არ არიან?! მაგალითები შორს წაგვიყვანენ და, ვგონებ, ოცი თაბახიც არ ეყოფა იმათ ჩამოსათვლელად მეფელეტონეს, განაღამც ერთი გაზეთის ფელეტონი, და ამიტომ მეც თავს დავანებებ და მხოლოდ მკითხველსა ვსთხოვ ამ გზით იფიქროს და თვითონაც მრავალი წარმოუდგებოდა თვალწინ.


დიაღ, ბატონებო, ასე გახლავსთ. საცა უსამართლობა მძვინვარებს, საცა აჯამობა დაყიალობს, საცა უაზრობა და უგრძნობელობაა, ნამდვილი ხოლერაც იქა ბუდობს. მიკვირს და ვფიქრობ: თუ ეს სიცოცხლის მომსპობი ხოლერა გვაყაყანებს მეთქი, ის ხოლერა, რომელიც კაცს ცოცხალს მკვდრადა ჰხდის, რატომ არაფერს გვათქმევინებს, ხმას არ ამოგვაღებინებს ისეთის ჭექა-ქუხილით, როგორც პირველი ჯურის ხოლერა?! რად მინდა ისეთი სიცოცხლე, რომ ვგრძნობდე თავის სიკვდილს, მკვდარი ვარო, ვამბობდე? აქ არის ხოლერა, აქა!

ამ წინაზედ ჩემის მეგობრის წერილი მომივიდა. ხოლერა ჩვენც გვესტუმრებაო, მწერდა, იქნება მეც მიმსხვერპლოს და ეს ჩემი წერილი უკანასკნელი_ღა იყოსო. სიკვდილი სიკვდილიაო, მაგრამ რად უნდა მოვკვდე ისე, რომ ჯერ არაფერი გამიკეთებია, ჩემის ქვეყნისათვის არაფერი მირგიაო. ამ სიტყვებმა დამაფიქრა, მართლაც, ესეც ერთი უმადურობა უნდა იყოს წუთისოფლისა: გაისტუმროს ისეთები, ვისაც რამ შეუძლიან არგონ ქვეყანას, ვისავ გული ერთი-ორად სტკივა სიკვდილის დღეს, ვკვდები და კი არაფერი გამიკეთებიაო, არაფერს კეთილად მოსაგონებელს არა ვსტოვებ წუტისოფელშიო. სიკვდილი ხომ სიკვდილია, და ამ ფიქრის გამო, სიკვდილს მეორე სიკვდილიც ზედ ერთვის.

დღეს შევიტყვე, რომ ჩემი მეგობარი ხოლერას გადარჩენია, არც ტყეში გაქცეულა დასამალად, როგორც სხვები გარბოდნენ თხებივით, და ვნახოთ ერთი, რა საქმეს დაიწყებს ქვეყნის სასარგებლოდ. თუ მართლა გააკეთა რამ, ნეტავი ჩემს ორსავ თვალებს და, თუ ტყუილი აღთქმა გამოდგა, მაშინ პირველი მე ვიტყვი, ნეტავი ხოლერას გადაეტანე, რაკი მაგისთანა უკეთური გამოხვიდოდი-მეთქი. მაშინ ასკარად დავრწმუნდები, რომ ჩემს მეგობარს მარტო ქვეყნის მოტყუილება სდებია გულში და “უკანასკნელად” იმიტომ სწერდა წერილს, რა არის ის წერილი, თუ ვინიცობაა ჩემს მეგობარს ხოლერა შეიწირავდა. მე გაზეთში გამომექვეყნებინა: აი, რასა მწერდა ესა და ეს, რა წადილი ჰქონდა გულში და რა საქმე გვიყო ამ წყეულ-შეჩვენებულმა ხოლერამ, რა კაცი დაგვაკლოვო. სხვა ან-კი რა მეთქმებოდა?! ესეც სახელია, მაგრამ წუთისოფლისათვის მოპარული, დაუმსახურებელი, არამი სახელი.

დღეს ერთი ხოლერა მიიპარება, თითქმის გაიპარა კიდეც; გვრჩება მხოლოდ მეორე ჯურის ხოლერა და ახლა იმას ვებრძოლოთ, იმის წამალიც მოვსძებნოთ, იმაზედაც ვიფიქროთ: გაზეთებმაც დროა პირველს თავი დაანებონ და მეორეს მიაპყრან თვალი, იმ ჩუმ-ჩუმად მძრომელს, რომელიც სისხლს არ აჩენს, მაგრამ მკვდრებს კი ამრავლებს. ეგები ესეც მოვიშოროთ თავიდამ. მაშინ ვნახოთ, თუ სიტყვა ხოლერა, როგორც მისი წარმომადგენელი, არ აღიგავოს, არ ამოიფხვრას დედამიწის ზურგიდამ. აქაც საჭიროა ყაყანი და იგივე ყაყანი; მასთან ერთად ხელებისა და ტვინის ფათურიც, თორემ მარტო ცარიელს ყაყანში არაფერი მოიხვეტება, როგორც კალიისაგან განადგურებულს მიწაზე.

წყარო: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუტ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 124-126

4.32.8.1 ფიქრები

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
ფიქრები (ხოლერის გამო)

 ფიქრები

უნდა ვიფიქრო, ვინაიდგან ფიქრი აღკრძალული არ არის: ფიქრი სხვაა, საქმე სხვაა, შუა უძევს დიდი ზღვარი. ღმერთმა დაიფაროს ფიქრისთვისაც, რომ სასჯელი იყოს დაწესებული, ათასში ერთი თუ გაჰბედავდა ფიქრს, თორემ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი დაემსგავსებოდა იმ ლოდებს, ჩემ პირდაპირ ბექიდგან რომ გამოიყურებიან გამტკნარებულნი, გალულუჩებულნი, საწყლად, ბეჩავად. შესრულდა ორმოცი წელი, რაც მე იმათ შევჩერებივარ, ან კი საით ავცდები?

რა წამსაც სახლის კარებში თავს გამოვყოფ, თვალებში ისინი მეცემიან. დიაღ, შევჩერებივარ მე იმათ, ისინი – მე და აბა, არ იქნა, ერთხელ ხმა-კრინტი არ დაუძრავთ... საშინელებაა!.. მაგრამ ვითმენ იმიტომ რომ, რაც უნდა ვეცადო, ლოდებს ხმას ვერ ამოვაღებინებ, ენას ვერ ჩავუდგამ. ბრაზი კი მომდის, ღვთისა წინაშე, და ამიტომ იმათ მაგივრად მე მოვყვები ყბედობას, ვითომ ისინი ლაპარაკობენ, რა არის, მინდა რომ იუბნონ და ამითი ჩემს თავს მევე ვატყუებ. მეც სწორედ ისე მემართება, როგორც ოდესმე ერთს ხევსურს დაჰმართნია: ძმობილმა სიზმარში ფრანგული (ხმალი) აჩუქა და ეს უარზედ დადგა: „არ მი ეგ, რად მი (მინდა)?! მაგას დავითფერულ (ხმალი) მირჩევ მე!’’ ისე ხმამაღლა განაცხადა უარი, რომ თავის ყვირილზე გამოეღვიძა და, რა ნახა თავისი თავი უნუგეშოდ დარჩენილი, შემოიკრა თავში და პირში, რა მინდოდა, ხმალი ჩამომერთვაო. ადგა და ხელმეორედ დაიძინა, იმედი ჰქონდა, იმავე სიზმარსა ვნახავ და ხმალსაც ვიშოვიო. მაგრამ ამაოდ, სიზმარი აღარ განმეორდა. რატომ, თავის მოტყუებაც კარგია, როცა იგი სიამოვნებასა ჰგვრის ადამიანს, მაგრამ საკეთილოდ თუ სავალალოდ, ეს თქვენ თითონ განსაჯეთ, ჭკვათამყოფელი ადამიანი თავს ტყუილით არ დაუწყებს კვებას, სინამდვილეს პასუხს მისცემს.

სინამდვილე რაღა ხილია?

-სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ის, რასაც თვალით ნამდვილად ყველა ვხედავთ და რაც ყურით გვესმის; ისიც კი უნდა ჩაითვალოს სინამდვილედ, რასაც ნახულისა და გაგონილის გამო ვგრძნობთ. მაშასადამე, სინამდვილეა – ცხოვრება ჩვენი და მისი პირობანი, აგრეთვე ისინი, ვისაც ჩვენ ვხედავთ, ვისთანაც ჩვენ ასე თუ ისე დამოკიდებულება გვაქვს, და თვით ბუნება გარემო ჩვენსა. რა თქმა უნდა, ნამდვილია, რომ ჩვენ ქართველები, ერი ვართ და როგორი მერე? ამის პასუხად ისეთს ვერას ვიტყვით, რომ ან ჩვენ თვითონ არგვეთქვას და არვამბობდეთ თავის თავზედ, ან სხვას, უცხოელს, გარეშე ადამიანს არ ეთქვას ჩვენზედ. სიმართლე და სინამდვილე კი ის იქნება, ვთქვათ, – ქართველებს ისეთი ავი ზნე არაფერი გვჭირს, სხვა ერსაც არა სჭირებოდეს, ან არა სჭირდეს, მაგრამ იმათ არსებობას, სიცოცხლეს და ბედნიერს მომავალს არც ერთი ჭკვიანი ადამიანი არ უარჰყოფს. ჩვენ კი, აწმყოსაგან გამწარებულნი, ეჭვის თვალით, უსასოოდ შევყურებთ მომავალს, ქართველი ერი დაბერდაო. ამისთანა აზრი განა ჭკუისა და ცოდნის ნაყოფია?

- სრულიადაც არა. მაშ რისა, ან ვისი ბრალია? ჯერ ერთი, იმისა, რომ ყველაფერს, რასაც წიგნიდან ამოიკითხავს კაცი, დაიჯერებს აუწონ-დაუწონავად და მეორეც იმისა, წაკითხულს სწორედ ვერ გაიგებს. მოგეხსენებათ მეცნიერმა ოგუსტ კონტმა, ერის სიცოცხლე შეუდარა ადამიანის სიცოცხლეს და სთქვა – ერი იმავე ხანებს გამოივლის სიცოცხლისას, რასაც ადამიანი თავის გაჩენის დღიდგანო, ე.ი. სიყმაწვილეს, სიჭაბუკეს, დავაჟკაცებას და სხვადასხვ. ხოლო კონტს არსად არ უთქვამს, რომ ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ, უ ს ა თ უ ო დ ყველა ერს ს ი ბ ე რ ე დ ა ს ი კ ვ დ ი ლ ი მოელისო. კიდეც რომ ეთქვა, განა უნდა დავიჯეროთ? განა კონტებმა, კანტებმა და სპენსერებმა, რომ სისულელე წამოროშონ, ვინაიდგან კაცნი ვართ, რის გამოც ბევრჯელ შევცდებით და მოვტყუვდებით, ჩვენ იმათ პირიდგან ამოსული ბაჯაღლო ოქროდ უნდა მივიღოთ?! განა სპენსერი არ მოტყუვდა ადამიანის სხეული საზოგადოებრივს სხეულს რომ შეუდარა და შეუბადლა, რათა გაემართლებინა, პირნათლად გამოეყვანა ქვეყნის თვალში მონარქიული ბურჟუაზიული წეს-წყობილება? („საფუძველნი სოციოლოგიისა’’), მაგრამ არც ერთმა ჭკუა-გონების პატრონმა ნასწავლმა არ მიიღო ეს შებადლება ბაჯაღლო ოქროდ. ბოლოს იპრიანა ღმერთმა და თითონ სპენსერმავე სხვა თავის თხზულებაში („განვითარება პოლიტიკურ დაწესებულებათა’’) უარჰყო ეს აზრი.

ერის სიბერეს და სიკვდილს ისინი დაიჯერებენ მარტო, ვინც ცხოვრების პირობების გარეშე სხვა რაღაც უხილავს ძალას ჰხედავენ, რომელიც არც ცაში და არც დედამიწაზედ არ არსებობს და ჟამთა ბრუნვის სივრცეშია ვითომ გაბნეული, ან კიდევ სადმე წიგნში სწერია, რატომ ღრმად არ უნდა ვიყვნეთ დარწმუნებულნი, რომ ერი მუდამ ცოცხალია და არც მოკვდება, ვიდრე მისი ყოფა–ცხოვრების პირობები მაცხოვრებელის თვისებანი არიან? რომელ ერსაც ეს კარგად ესმის და სასიცოცხლო პირობებს იცავს, ინახავს, იგი მუდამ ცოცხალი, ბედნიერი, ჯან-ღონით სავსეა, იმას არც სიბერე მოეკიდება, არც სიკვდილი. რომის იმპერიაო, გაიძახიან, დაბერდა და დაეცაო. დაბერდა ოღონდაც, მაგრამ სხვამ ხომ არ დააბერა იგი, არამედ თავი თვისი თითონ დააბერა და დააუძლურა. ყველა ერსაც ესევე დაემართება, უკეთუ იგი სიცოცხლის წყაროს არ ეწაფება, თავისის ცხოვრებისათვის გამოსადეგს ვითარებას არ შეჰქმნის და, თუ აქვს, არ ინახავს, მაგრად არ უჭიდია ხელი. ეს დღესავით, მზესავით ნათელია, აშკარაა.

ინტელიგენციას ან კი რა უფლება გვაქვს - ჩვენს სიცოცხლით სავსე ერს ამისთანა შეუფერებელი განაჩენი დაუდგინოთ ასე თამამად, კადნიერებით?! ვისი დახასიათებაც გინდა, ჯერ უნდა იმას კარგად იცნობდე, მისი გარემოება, ავი და კარგი შეგნებული გქონდეს, რომ განაჩენიც სამართლიანი გამოდგეს, ჩვენთვის კი ეს ჭეშმარიტება საჭირო არა ყოფილა. ამ ლაყე, შხამიანს აზრს კარგად რომ ჩავუკვირდეთ, ღრმად მოვთხაროთ და ფესვები ამოვუჩინოთ, მხოლოდ იქ ვიპოვნით მიზეზს ამ უკეთურის განაჩენისას... მოვთხარეთ კიდეც და იცით, იქიდგან რა ხმა და სამდურავი მოისმის: ამოდენა ვიშრომეთ, ვიღვაწეთ და არ იქნა ქართველ ერს თვალები ვერ ავახილებინეთო. ყველა ჩვენგანსა ჰგონია, დიდი და ბევრი რამ გავაკეთე საქვეყნოდ და არსად მოიტანა ნაყოფი, - ღვაწლი და შრომა ჩემი დაიკარგა უქმადაო, თორემ ამდენი სხვა ქვეყანაში რომ მეშრომა, იმასაც გავაბედნიერებდი და ჩემს თავსაცაო. ამ უხამსის განაჩენის მიზეზი და სათავე, თუ გნებავთ, აქედგან იწყობა. ცოტა შევჩერდეთ და ჩვენსავ თავს დავეკითხოთ: მართლაც რა გავარიგეთ, რა გავაკეთეთ ქართველმა ინტელიგენციამ საქვეყნოდ, საერთოდ? თუ მე მკითხავთ, გულახდილად გეტყვით - არაფერი. ინტელიგენციამ ჯერ ის ვერ შევიძელით გვესწავლებინა ერისათვის (ხალხისათვის), რომ მთელი „რჯულ-საქრისტიანო“ არაა საქართველო, - ვერ ვასწავლეთ, რა არის, რასა ჰქვიან მამული, სამშობლო... დეპოები სადმე დაარსდა, თავის „რეჩებით“ ისინიც ინტელიგენციამდე დაღუპა. კეთილ ნიადაგზედ სადმე არსდება საზოგადოება და თუ ღვარძლი გამოერია იქ, იცოდეთ, რომ ეს ინტელიგენციისავე უნარი უნდა იყოს. ნამდვილ სახელად ინტელიგენციას ის ჩაეთვლება, რომ გაზეთები და წიგნები მის მეოხებით საკმაოდ იბეჭდება და არავინ კი არ კითხულობს, ან საიდგან და როგორ უნდა წაიკითხოს კაცმა წიგნი, თუ კითხვა არ ეცოდინება?! აი, როგორი ამშენებლები ვყევართ ჩვენს ქვეყანას! ჩვენი დიდი ღვაწლი განიზომება იმ გარემოებით, რომ ამდენი ლიტერატურული ჰაიჰუით, ბევრი-ბევრი რომ ვთქვათ, 1500 მკითხველი შევიძინეთ სამ მილიონ ქართველთაგან და ისიც უეჭველად, ცოტად თუ ბევრად, ინტელიგენტები... დანარჩენი ქართველობა, ერი, მდაბიო ხალხი, რომელიც არის ჭეშმარიტი ძალა ჩვენის ქვეყნისა, დაგვრჩა ღობეს გარეთ, არც ჩვენ გავეცანით, არც ისინი გავიცანით და ვერც ჩვენი ხმა მივაწვდინეთ იმათ. ეხლა კაბინეტში ვსხედვართ და გულ-მკერდს ვიმჯიღავთ: აფსუს, ჩვენო ამაგო!.. მახლას, მახლას! ჩვენ ინტელიგენციასაც სწორედ ის ემართება ამ შემთხვევაში, რაც მე დამემართებოდა, ამ თხოვნით რომ მომემართა: თქვენი ჭირიმე, ძმებო, რაც შეიძლება მალე, დაწვრილებით, მარეხის ამბები მაცნობეთო!

რა გგონიათ, ჩვენმა ინტელიგენციამ მარეხისა მეტი იცის, ვიდრე თავისის ქვეყნისა და ხალხისა? განა ეს ღვაწლი კმარა ინტელიგენციისათვის? განა ამის მეტი არ მოეთხოვება ინტელიგენციას? ყველგან და ყოველთვის ერის ძალა ინტელიგენცია ყოფილა და იქნება, იგი ბელადია, სარდალი და, ხომ მოგეხსნებათ, სარდლის ნიჭსა და მოხერხებაზეა დამოკიდებული გამარჯვება, მტრის დამარცხება. არა აქვს ჩვენს ინტელიგენციას გარკვეული საერთო პროგრამა და გეგმა მოქმედებისა, უამისოდ კი ყოვლად შეუძლებელია გაკეთდეს რამ თვალსაჩინო. ჩვენი ყოფა-ცხოვრებაც სწორედ ერთს პროგრამას და ერთს გეგმას მოქმედებისას ჰსაჭიროებს. ეს ვერ შევიგენით, ვერ გავიგეთ დღესაქამომდე. ასევე იქნება მომავალშიც, თუ ჩვენს ხალხს, მის ცხოვრებას არ შევიგნებთ, არ გავიცნობთ კარგად, - მანამდე ვერც საერთო მოქმედების პროგრამას შეიმუშავებს ინტელიგენცია, არც ჩვენის ერის სიბერისა და სასიკვდილოდ განმზადების ეჭვები გამოუვა თავიდან, - მანამდე არც მდურვას ქართველის ერის გულგრილობა-დაუდევრობის გამო ექნება დასასრული. მერომ მკითხოთ, როგორც ბევრად თუ ცოტად მცოდნეს ჩვენის მდაბიო ხალხის და ჩვენის ცხოვრებისა, - რომელი უფრო სინდისიერად ასრულებს თავის მოწოდებას, თუ მოვალეობას, უკანასკნელი გლეხი, თუ თავმომწონე რომელიმე ინტელიგენტიო? გლეხი-მეთქი, გიპასუხებთ. ამით ღმერთმა დამიფაროს სწავლა-განათლების მგმობელი ვიყო, არა, მაგრამ ასეა დღეს და მოდი რას იზამ. რადაო? იკითხავთ. იმიტომ, მოგახსენებთ, რომ უბირი გლეხი თავის ცოდნას, თავის გამოცდილებას, თავის ძალ-ღონეს არა ჰზოგავს, დილიდგან მოყოლებული საღამომდე წელებზედ ფეხს იდგამს, რომ აცხოვროს თავი და ცოლ-შვილი, გაუძღვეს ამასთანავე ათასნაირს ხარჯს და სხვ. ეტყვის მკითხავი, სადმე ხატისას - კურატით უნდა მიხვიდე და ილოცოო, იმდენს იწოწიალებს, იმდენს თავში ქვას იხლის, ტანზე პერანგს აღარ შეირჩენს, საითაც იქნება, თუ თითონ არა ჰყავ, იყიდის, და ხატ-ღმერთთან კი პირშავად არ გამოვა, და არც თავის სინდისთან არის პირშავი, რის გაკეთებაც შეუძლიან, აკეთებს; როგორც ეხერხება თავის ხშირად ყალბი გრძნობის დაკმაყოფილება, ისე აკმაყოფილებს; რაც აზრი და რწმენა აქვს, იმისდაგვარად შესაფერად იქცევა, და ეს მას სრულ ადამიანად ჰქმნის. რა ვუყოთ, მართალია, მისსავე სუფრაზე რომ ჩვენის ქვეყნის - საქართველოს სადღეგრძელო დაჰლიო, ვითარცა ინტელიგენტმა და თამადამ, იგი ასე განიმეორებს „გაუმარჯოს რჯულ-საქრისტიანოსაო!“ ჩვენებურ ტვინფრატუნა კოსმოპოლიტებს (ნუ გიკვირთ) არ გეგონოთ კი, რომ ეს კოსმოპოლიტობით მოსდიოდეთ, ვინადგან რჯულ-საქრისტიანო ქვეყნის ერობაზედ დიდია და თითქმის მთელ განათლებულ ქვეყნებს შეიცავს, არამედ იმის გამო ემართება, რომ არა აქვს არავითარი ცოდნა თავისის ქვეყნისა და საქართველოს გარეშე ვერ წარმოუდგენია „რჯულსაქრისტიანო“, სულ სათათრეთი ჰგონია...

ჩვენი ინტელიგენტიღა?! ჰმ! რა ვქნათ და რა ვთქვათ?! რამდენსა სტყუის იგი თავის საკუთარ ღმერთთან, თავისის აზრისა და გრძნობის წინაშე, ამა თუ იმ მიზეზისა გამო, ჩემთვის სულ ერთია, და რომ სტყუის, ეს უეჭველად ასეა, თითონაც კარგად უწყის და არც იუარებს, ხშირად თავსაც დროსა და გარემოების მიზეზით ჰმართლულობს... ამას აზრი და გრძნობაც ვრცელი აქვს, იდეალებიც დიდი, მაგრამ იმის მეათასედსაც ვერ აკეთებს, რასაც ჰგრძნობს და ჰსაზრობს. ეს მოვლენა შეგნებულ ადამიანისათვის ყოვლად აუტანელია, მტანჯველი და იგი ჰქმნის ჩვენებურს ინტელიგენტს ნახევარ ადამიანად, უბედურს, ცხოვრებისაგან უკმაყოფილოს, პესიმისტს. მე ამას ვიკმარებ და დანარჩენის განსხვავების აღმოჩენა ინტელიგენტის და მდაბიო კაცის შესახებ, მკითხველო, თქვენთვის მომინდვია. იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ეს უკანასკნელი ერის ნივთიერსიმდიდრის შემოქმედია დაფეხიც არმოუსხლეტია, მაგრად უდგა სამშობლო მიწა-წყალსა და მამა-პაპის კერაზედ. იმას თუ ჩირაღდანი კარებზედ არ მიუტანე, იმისთვის სოფლიდგან ქალაქში არ გამოიქცევა, იმდენად თავს არ შეიწუხებს და მამა-პაპური სანთლით, კერაზე დანთებულის ცეცხლით იოლად გამოვა. სკოლაში რომ შვილი მიაბაროს, სრულიადაც არა ჰფიქრობს იმას, რა მეთოდით, წესით ასწავლიან იმის შვილს და რამდენის

თვის უკან დააწყებინებენ უცხო ენაზე სწავლას... ენა, სამშობლო, მან ანდით იცის და არა გონებით, ამიტომ მას არ ძალუძს რიგიანად ან ერთს გაუწიოს პატრონობა, ან მეორეს... როგორმე რომ მოხდეს და ერთს პატიოსან დღეს მისი შვილი სკოლიდგან ისეთი განსწავლული დაბრუნდეს, ინჩიც აღარ ესმოდეს ქართულისა და უცხო ენაზედ კი გამაშირებით საუბრობდეს, შვილის ასეთი გარდაქმნა იმითი თუ დააღონებს, რომ ვეღარაფერს გააგონებს და ვეღარც რას შვილის ნათქვამიდგან გაიგებს, სხვაფრივ კიდეც გაუხარდება, დიახ, გაუხარდება, რადგან არ იცის, რა შედეგი მოსდევს ამისთანა შვილის ყოლას, იგი ძალიანაც კმაყოფილი დარჩება, რადგან მეზობლები იტყვიან: „ეჰე, ჩვენ დემეტრეს როგორი ნაჰწავლი შვილი გამოსვლია, ქართულ სულ ვეღარ ლაპარაკობსო“. ასე გახლავთ, თუმც შეიძლება ზოგიერთმა არც კი დაიჯეროს, ნება აქვს, მე კი მაინც იმას ვიტყვი, რაც ვიცი და რაც ჩემის ყურით გამიგონია. დიაღ, დემეტრე ისე ჰფიქრობს, რომ ქართულის სწავლება ქართველი ბავშვისათვის სრულიადაც საჭირო არ არისო, რადგან იცის, ვითომ და ნაცოდნზე დროს დაკარგვა მეტ, უქმ შრომად მიაჩნია, თორემ განა სძულს, ან ეჯავრება თავისი ღვიძლი ენა.

ყველა ეს უვიცობის, უმეცრების ბრალია, რაშიაც თვით ინტელიგენციასაც წილი უძევს. რა მიგიციათ, რასა სთხოვთ, ამაზე მეტი ხათაბალა იქნება?! რაც ცოდნა და გამოცდილება მამაპაპამ უანდერძა გლეხკაცობას, ამან კარგად შეინახა: საცა ვენახი ხარობს, მშვენივრად შემუშავებული ვენახი აქვს; საცა საქონლის მოშენებას უწყობს ადგილი ხელს - საქონელი ჰყავს მოშენებული და, ხვნა-თესვას თუ ვიტყვით, რიყესა და კლდეზედაც სულადი, პური მოჰყავს. არც ერთს ახალს საშუალებას, თუ მანქანას არ უფრთხის იგი, როცა დაინახავს მის სარგებლობას - ვენახების შეწამლვა, ახალის ჯურის გუთნების შეძენა, ყველგან გახშირებულია, როგორც კახეთში, ისე ქართლში და სხვ. საწყალმა არ იცის ბევრი რამ და ყველაზედ მეტად ის, რითაც ჩვენ უფრო თავს შეგვაყვარებდა ეს - ინტელიგენციის სულიერი მისწრაფება, მისი იდეალები... მარტო თავადაზნაურობა არ არის ერის ძალა და ისინი თუნდა დიდიდგან დაწყებული პატარამდე საუკეთესო აზრებით, გრძნობით გაიმსჭვალნენ, საუკეთესოდ იმოქმედონ, მაინც ვერაფერს გავხდებით, უკეთუ მდაბიო ხალხიც ბანს არ მისცემს... რას აკეთებენ მღვდლები? სოფელი არ არის, მღვდელი არ იყოს და რა დასაჯერებელია, ნამდვილმა მოძღვარმა 5-6 მოწაფე ვერ შეიძინოს, ისე ვერ გამოაღვიძოს ისინი, რომ ჰქონდეთ წადილი წიგნის, გაზეთების კითხვისა, ქვეყნიერობისა რომ გაეგებოდეთ?! ჩვენ ამას ვერა ვხედავთ. ან კი საით დავინახავთ იმას, რაც არა სჩანს სადმე.

წყარო: ფიქრები: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუტ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ.
 

4.32.8.2 ფიქრები (ხოლერის გამო)

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
კოსმოპოლიტიზმი და კაპიტალიზმი


ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმიეწინააღმდეგება .კოსმოპოლიტიზმს მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით", „მეფე ლირით" ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით" და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის,

ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905 წ.
წყარო: კოსმოპოლიტიზმი და კაპიტალიზმი: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუტ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 213-215
 

4.32.8.3 ბიუროკრატის ჩივილი

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
 ბიუროკრატის ჩივილი

საწყალი ბიუროკრატია! ყველამ ყბად აიღო და ლამის იგი წყალს წააღებინონ. ვინ იცის, რას არ აბრალებენ საცოდავს! მანჯურიაში დამარცხდა რუსის მხედრობა და ზღვაზე ფლოტი გაუნადგურეს იაპონელებმა რუსებს. რადა? რა შუაშია ბიუროკრატია? გემები აკლდა როჟესტვენსკის? ზარბაზნები და ტყვიაწამალი? იქნებ, სურსათი არა ჰქონდა, ან ქვანახშირი? ყველაფერიც ბევრი ჰქონდა, იმავე ყბადაღებულ ბიუროკრატიის წყალობით. ახლა ჯამაგირს არ იკითხავთ? როჟესტვენსკის წლიურად ტოგოზე ოცჯერ მეტი ჯამაგირი ჰქონდა. რისთვის? რადა? იმიტომ, რომ უფრო ერთგული ყოფილიყო სამეფო ტახტისა და თავის მადლიანის სამშობლოს მთავრობისა; უფრო უნდა წაქეზებულიყო, მეტი მხნეობა, მეტი ერთგულება, მეტი მამაცობა გამოეჩინა.

ნუთუ ბიუროკრატიას ის ცოდვად, დანაშაულად უნდა ჩაეთვალოს, რომ მოსამსახურე პირთა გულს იგებს, ამხნევებს კარგის ჯილდოს და კაი ჯამაგირების ძლევით? არა და არა. სტყუის, სცდება, ვინც წინააღმდეგს იტყვის და იფიქრებს, ნუთუ მეტმა ჯამაგირმა, მეტმა ყურადღებამ მთავრობისამ თავის ქვეშევრდომისადმი უნდა წაახდინოს და დააქვეითოს ადამიანი? როგორ შეიძლება? რა სათქმელია!

ან ჯარისკაცებს რა უჭირთ? არა ჰშიათ, არა სწყურიანთ; მუკდენში საწყობები ფეხსაცმელებით სავსე დარჩა და თვით რუსის ლაშქარმა წაუკიდა ცეცხლი, სალდათები კი ფეხშიშველები დაიარებოდნენო. ესეც ბიუროკრატიის ბრალიაო! ღმერთო, შემიწყალე, სად ფეხსაცმელები, სად ბიუროკრატია?! ეგ ერთი კაცის, რომელიმე პოლკის უფროსის ბრალია და არა მთელის ბიუროკრატიისა. იქნება, ბრალად არც კი ჩაეთვალოს თვით იმ პოლკის უფროსს ასეთი საქციელი. ვინ იცის, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა იგი? რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ჰზოგავდა, ინახავდა წაღებს საბოლოოდ და ამით ხაზინას მფარველობას უწევდა? ნუთუ დაზოგვა, სარისტიანობა ვისგანმე დასაძრახისია? ხალხს, სწორედ, ტვინი გადაუბრუნდა!..

ყველაზე მეტად კიდევ ეს მაოცებს და მაკვირვებს: დამდგარან და საჯაროდ გაიძახიან: იაპონელები იმიტომ გვამარცხებენ, ჩვენი ჯარისკაცი გაუნათლებელია, შეუგნებელი, არა აქვს საკუთარი „მე“, საკუთარი მოსაზრება, ბრმად ემორჩილება უფროსის ბრძანებას, კვდება უფროსი და კვდება მისი ვინაობაც, იბნევა, აღარ იცის, რა ქნას, როგორ მოიქცესო. იაპონელი ჯარისკაცი სულ სხვაა: ნასწავლი, თვითცნობიერებით აღჭურვილი, ამიტომ თუნდაც უფროსი მოკვდეს ბრძოლის დროს, იგი საქმეს არ წაახდენს, რადგან იცის, რა გააკეთოს, როგორ მოიქცესო და სხვა. ამისთანეებს სწერენ და ლაპარაკობენ.

მიკვირს, რაც ღირსებად უნდა ჩაეთვალოს ჩვენ ჯარისკაცს, ის ქვეყანამ ცოდვად მიიჩნია; თვითცნობიერებამოკლებული, სამსახურისათვის თავდადებული, უფროსის მაღმერთებელი, უფროსის სიტყვის ამსრულებელი უკრიტიკოდ, უსიტყვოდ და მამაცი… მეტი ღირსებაღა იქნება ჯარისკაცისა? შეიძლება კიდევ მეტი რამ მოვითხოვოთ? ხოლო უფროსს უნდა ესმოდეს, როგორ მოიხმაროს ეს ძალა, და ნუთუ უფროსებმა არ იციან არაფერი? ესეც ხომ ტყუილია. ჯარისკაცს სწავლა-მეცნიერება რად უნდა? არაფრად. თუ მკითხავთ, განათლება კიდეც აწყენს, რადგან განათლება ლმობიერ გრძნობებს უვითარებს ადამიანს. ჯარისკაცის ღირსება ორია უმთავრესი და უაღრესი: მამაცობა და მორჩილება. მორჩა და გათავდა. დანარჩენი სულ ტყუილია, – დედაბრების ჭორებია. ჩვენი ჯარისკაცი რომ განათლებული იყოს, უფრო უარესობა დაგვემართებოდა.

ან ვის უნდა გაენათლებინა? ბიუროკრატიას რა საქმე აქვს განათლებასთან? ჩვენ გვაბარია ჩვენი საქმეები, აუარებელი ქაღალდები, მისაწერ-მოსაწერი, გასაგზავნ-გამოსაგზავნი და სხვადასხვა. მოჰყოლიან უსირცხვილოდ და ამასაც ბიუროკრატიას აბრალებენ. და განა მარტო ჯარისკაცთა გაუნათლებლობის მიზეზად გვხადიან? არა! განათლების სისტემის უვარგისობას გვიკიჟინებენ. განსვენებული ივანე სერგეის ძე ტურგენიევი ჭკვიან კაცად იყო ცნობილი და ისე გადაყრუვდა საზღვარგარედ ხეტიალით, რომ ჩვენი სწავლა-განათლების სისტემა შემდეგის ფორმულით გამოხატა: „ტემნა ვოდა ვოობლაცეხო“. რა თქმა უნდა, რაკი იმან დაჰგმო ჩვენებური სწავლა-განათლება, სხვა, წვრილფეხობანი უარესს იზამდნენ.

აბა, რა დააშავა ჩვენმა სწავლა-განათლებამ, ერთი მიბრძანეთ? მინისტრის ალაგას – მინისტრი გვყავს, გუბერნატორისა – გუბერნატორი, მაზრის უფროსისა – მაზრის უფროსი, მღვდლისა – მღვდელი, მასწავლებლისა – მასწავლებელი, დიაკვნისა – დიაკვანი, მამასახლისისა – მამასახლისი და სხვა. ვინ იცის, ცაზე ვარსკვლავი არაა იმდენი, რაც სამსახურის სხვადასხვა საფეხურია, და ყველა საფეხურზე ათასი ადამიანია გამოჭიმული. მეტიღა გულმოდგინება და პატრონობა შეიძლება? ეს კიდევ ცოტაა: ნასწავლები კიდევ იმდენი რჩება გარედ, უადგილობის გამო…

„ხალხს განათლება აკლია: სკოლები უნდა გამრავლდეს, ჯარზე კი არა, სწავლა-განათლებაზე უნდა იხარჯებოდეს, რაც შეიძლება მეტი ფული…“ – გაიძახიან ლიბერალები და ჭეშმარიტებას კი თვალს არიდებენ, არ უნდათ დაინახონ იგი. დიაღ, ჭეშმარიტებას, რომელიც ამისა ზემორე აღვნიშნე. ვინც ისწავლა, იმათთვისაც აღარ არის კანცელარიებში „ვაკანსია“ და ახლა ზედმეტი განათლებული, ბოგანო ბრბო შევქმნათ, რომელსაც გულში არსებული წესწყობილების მიმართ სიძულვილის მეტი არაფერი ექმნება?! რაღა ვუთხრა ამ გონებადამთხვეულს ხალხს, ღმერთმანი, არ ვიცი. ნეტავი ღვთისა ძალითა, ყველას ჩემსავით ესმოდეს საქმის ვითარება და მაშინ ვნახავდით, თუ ეს მღელვარება ხალხისა და დრტვინვა არ მოისპობოდა. რა ქნას კაცმა, ძალათი ხომ თავის კეფას ვერ გადუხსნი კაცსა და თავის აზრებს ვერ ჩაულაგებ. ეს რომ შეიძლებოდეს, ქვეყანაზე ერთბაშად ბედნიერება დამყარდებოდა. რამდენიმე მეამბოხე, ქვეყნის დამღუპველი, სახელმწიფოს მტერი… მაშინ სულ სხვა იქმნება, მაშინ ჩემს აზრთან მოვა ყველა; მაშინ ვეღარავინ გაჰბედავს წინააღმდეგობას, ბოროტი აზრების ქადაგებას…

ხეპრე, ტეტია, ვიღაც ოჩოპინდრე გლეხი წამომდგარა, მთელ თვეობით პირდაუბანელი, იმის ხელში ნაჭერი პური ადამიანისაგან არ შეიჭმევა, და გაიძახის: „ჩვენ თანასწორნი უნდა ვიყვნეთო. შენც კაცი ხარ, მეცაო, ორივე ღმერთმა გაგვაჩინა ერთი და იმავე ლაფტალახიდანაო“. ერთი ჰკითხეთ, როდის ვიყავით თანასწორნი, რომ ახლა ვიყვნეთ? სად თავადი, სად გლეხი. სად დამსახურებული კაცი, სად ტეტია, რომელმაც თავის სახელისა და გვარის ქაღალდზე დაწერაც არ იცის.

მამული რაც მეტი გაქვს, უნდა გამიყო, რადგანაც მეც წილი მიდევს. შენც ქართველი ხარ, მეც, დედამიწა კი ჩვენ მამაპაპათა სისხლით მორწყულია: „საცა ერთი თავადი კვდებოდა, იქვე ათი და ასი გლეხი სდებდა თავსაო“. ოჰ, ღმერთო ჩემო! მოდი და ღმერთი ნუ გაჯავრდება, ნუ გაგვიწყრება? ხელმწიფეს ვღალატობთ, ღმერთსა ვგმობთ. აი, რის ბრალია ჩვენი დამარცხება შინა და გარეთ… ნუთუ ეს ასწავლა ბიუროკრატიამ ქვეყანას? პირიქით, ვგონებ, რომ ამის მთქმელს და მქადაგებელს სდევნიდა და სინსილას უქრობდა. დღეს ვინ არს ან ერთის, ან მეორის ერთგული? იგივ და იგივ ბიუროკრატია. ერთი მხოლოდ იგია პირნათელი ღმერთთან და მეფესთან. რა გინდა, შე კაი კაცო. იყავ ნიბლიასავით განაბული, იცხოვრე თავმდაბლად და ვნახოთ, თუ ღმერთი არ გიშველის და შენზე ხელს აიღებს!.. მე დღეს სამსახურს გარეთა ვარ. ორმოცდაათი წელი ვემსახურე ხელმწიფეს ერთგულადა და ერთხელ არ მახსოვს ჩემი უფროსისაგან „ზამეჩანიე“ მიმეღოს. რადა? მათა, რომ, თუმცა ახალგაზდა კაცი ვიყავი, სამსახური როცა დავიწყე (ოცი წლისა), იმ თავითვე მესმოდა, რით მოვიგებდი უფროსის გულს, ფეხს როგორ წავდგამდი წინ. რასაც მიბრძანებდნენ, სიტყვის შეუბრუნებლად ვასრულებდი: „დაწერე!“ – მზად იყო. „დაჰკა!“ – მზად იყო. „დაიჭი!“ – მზად იყო. ასე ამგვარად, დღეს კაცი დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი გახლავარ, ქვეყანა კაცს მეძახის და ხელმწიფის მოწყალება „პენსიაცა“ და ორდენებიც მაქვს.

1905 წ.
წყარო: ბიუროკრატის ჩივილი: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუტ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 210-212
 

4.32.8.4 შავ-ბნელი ამნები

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
შავ-ბნელი ამნები

ქართლში ძალიან გახშირებულია „პოლიტიკურ“ დამნაშავეთა შეპყრობა...ვიზედაც ცოტა რამ ეჭვია, ყველას მიერეკებიან. არც ძევა, არც კვლევა. უნდა ნახოთ თავის თვალით ეს „დამნაშავენი“, რომ კარგად შეიგნოთ დღევანდელი დღის ვითარება: მენახშირე, მეურმე, ჩამოწეწილ-ჩამოგლეჯილი ხალხი, რომელთაც ოდესმე სადმე უთქვამთ გვშიანო, და ამ თქმისათვის დღეს პასუხისგებაში არიან მიცემულნი, როგორც „ბუნტოჩიკები“, როგორც საზოგადოების მავნებელი პირნი. არავითარი ცოდნა იმათ არა აქვთ, გარდა იმისა, რასაცა გრძნობენ, და განა არ მოგეხსენებათ, სიმშილ-წყურვილ-სიტიტვლე და სიცივე ყოველ სულიერ არსებას უსიამოვნებას აგრძნობინებს…

რასაკვირველია, ზემორე აღნიშნულ ჯურის „დამნაშავეთა“ შორის მოჰყვნენ ისეთნიც, რომელთაც გონება საკმაოდ აქვთ განვითარებული და ამ მშიერ-ტიტველს ხალხს თანაუგრძნობენ, - ებრძვიან, ჰკიცხავენ გამეფებულ შავ ძალებს. ზოგი მათგანი მხოლოდ მწერლობით, გაზეთის საშუალებით ებრძვის იმათ, ჰგმობს ზოგიერთ ადამიანთ დროების შეუფერებელ ქცევისათვის...შეურაცხყოფილნი შურს იძიებენ, დროებაც ხელს უწყობს, მირბიან და საცა ჯერ არს აცხადებენ: „ესა და ეს პირნი არიან ქვეყნის ამრევნი, კომიტეტს წევრნი, ყუმბარების მკეთებელნი, ყალბის ფულის მომჭრელნი; ვინცა კვდება, სულ იმათი ბრალია, ისინი აგულიანებენ მკვლელებს და, თუ ისინი არ გააძევეთ, ქვეყანა არ დაწყნარდებაო, და სხვადასხვა. მაბეზღრობენ და იმდენად უგუნურნი გახლავან, რომ ჰგონიათ, - ამისთანა „გაძევებით“ მოისპობა უკმაყოფილება ხალხში, მშიერი გაძღება და ტიტველი შეიმოსება და იმათ აღარავინ დაჰსახავს თავის გაბეჩავების მიზეზად. აი, სადამდე მიდის დღეს ბობოლების უგუნურება!.. მე თვითონ ვიცი ერთი ამისთანა მაგალითი: ერთი სოფლის მასწავლებელი გახდა მსხვერპლი სწორედ ამისთანა სულმდაბლობისა და უმსგავსობისა. ამ მასწავებელმა გაკიცხა გაზეთში მემამულენი, იმათი ყოფაქცევა. უკანასკნელთ შეურაცხყოფილად იგრძნეს თავიანთ თავი და საცა ჯერ იყო, გაჭიმეს კარგი გრძელი და მსუქანი „დანოსი“, რომელსაც მათთვის სასიამოვნო შედეგი მოჰყვა...

ვინც მიჰყავთ, ხომ მიჰყავთ, და ვინც აქ რჩება, იმათი ყოფა-მდგომარეობა სულ მთლად აუტანელია. იმათ „ეგზეკუცია“ უყენიათ. გლეხებს, დაწიოკების გარდა, ასე აშნებენ და ამშვიდებენ, თუ არ წახვედით ამ საათში და მემამულეს მოსახნავი არ მოუხანით, დასაფარცხი არ დაუფარცხეთ, თქვენს ცოლებს კაზაკებს დაურიგებენო!.. აი, როგორ, რა საშუალებით სურთ მოარიგონ გლეხები და მემამულენი, - რა წამალს იძლევიან დღევანდელ გამწვავებულ მდგომარეობის სალბუნებლად... გლეხები ქედს იხრიან, ან რა ეთქმით, რას გახდებიან წინაშე ხმლისა და ხიშტისა, მაგრამ ახლა შიგ, ღრმად ჩაიხედეთ ხალხის გულში, - იქ რა ამბები ხდება, რა თესლი ითესება!.. ამის შემდეგ ან მემამულემ რა პირით უნდა იცხოვროს სოფლად და ან გლეხებს რა გული უნდა ჰქონდეთ იმაზე? ეს თქვენ განსაჯეთ და ის სახელი დაარქვით, როგორიც მოუხდება და შეეფერება ხალხის ამისთანა დამშვიდებას. დღეს ქართლის ხოვრება მეტისმეტად ამღვრეულია მებადურთა სალხენად, სასიხარულოდ, ხოლო თევზების საუბედუროდ. როდის უნდა დაიწმინდოს ეს მღვრიე წყალი, ნუთუ ძალმომრეობის მეტი სხვა საშუალება არ მოიპოვება? ნუთუ მხოლოდ მათრახია ერთადერთი წამალი, ამღვრეულოის დამწმენდელი...

საკვირველი ის არის, რომ „ცირკულირება“ კარგი გამოდის. კითხულობ და ცოტაოდნად წყლულზე მალამო გედება, ვინაიდან ურჩევს იგი და აფრთხილებს მოხელეებს: ფრთხილად მოიქეცით, საქმის გაურჩევლად, გამოუძიებლად ნუ იჭერთ, ხალხს ნუ ატუსაღებთ, ნუ სჯითო; იარაღს, თუ საჭირო არაა, ნუ იხმარებთო და სხვა. კარგი და პატიოსანი, მაგრამ ეს ვეღარ კარგი, რომ ცირკულიარის ხმა მხოლოდ ქაღალდზე გაისმის და ცხოვრებაში იმის ნატამალიც არ მოიძევება, იგი თითქოს არც კი სადმე არსებობდეს; რჩევა ცირკულიარისა რჩება ხმად მღაღადებელისა უდაბნოსა შინა და ყველა ადმინისტრატორი ისე იქცევა, ვითარცა ხანი თვის სამფლობელოში... დიახ, სიტყვა სხვაა, საქმე - სხვა მათ შუა უზარმაზარი ჯურღმულია... არა, ტყუილად ვინმე მოელის ნდობის მოპოვებას იმ დრომდე, ვიდრე სიტყვასა და საქმის შორის არ დამყარდება სრული თანხმობა, - ვიდრე ადმინისტრაციის მოქმედება არ იქნება მიმართული ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ. ხალხი, მართლა ბრმა და ყრუ ხომ არ არის, ვერ იცნოს თავისი კეთილისმყოფელი, თავის მოყვარე და მტერი ერთმანეთში აურიოს...

არა, ნუ ჰგონიათ, უნდა ამოიძრონ თავიდან ეგ ფიქრი, რომ ხალხის მოტყუილება ადვილი მოსახერხებელი იყოს. შეიძლება ხალხი დროებით დაიმორჩილონ, მაგრამ ეს არ იქნება სამუდამოდ...

1905 წ.
წყარო: შავ-ბნელი ამბები: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 215-217

4.32.8.5 რა არის თავისუფლება?

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
რა არის თავისუფლება?

ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ, არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე ჰსმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს.

მაშასადამე, უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. ორს ტერმინს რომ სულაც თავი დავანებოთ და მხოლოდ მესამის ძალა, ე.ი. რას ჰქვიან თავისუფლება, ის შევიგნოთ, ესეც კმარა, რადგან ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობა-ერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამა-გლეჯას და მგლობას; მგლების ბანაკი ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით ცხვრის ფარა, საცა ნავარდობენ მგლები... საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ? ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის?... თუ შეუძლებელია, მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შაერთება, რადღა ვყვირით, რად ვიძახით ამ ძმობა-ერთობას? ვიძახით და უნდა ვიძახოთ, მაგრამ მგლებს ხომ არ ვეძახით, არამედ დაქსაქსულ-დაფანტულს, დაწიოკებულს ცხვრებს, რომ მოუყარონ თავითავს, შაერთდენ, მოიფიქრონ როგორ მოუარონ თავისთავს, რათა მგლების საჭმელ ლუკმად აღარა ხდებოდნენ, უნდა გამოძებნონ საფარი და გზა სავალი... მგლებს ამ დროს იქ რა ესაქმებათ? ამ დაძახილზე ისინი თითქოს ყურსაც იყრუებენ, არც მოვლენ, ხოლო თავისიანებს, გაგიმარჯოსთ, რომ მგლებიც კი ძმობა-ერთობას უქადაგებენ. თუ ასე არ მოიქცნენ, ხომ დაეკარგათ ძალა და ცხვრებმა სათითაოდ, თუმც ამ უკანასკნელთ არა აქვთ გაალმასებული კბილები, გაათავეს რქებით და ჩლიქებით?! ძმობა ხომ იმას მოასწავებს, როცა ერთს მგელს გაუჭირდება, მეორე უნდა მიეშველოს. ეგრეთვე თუ ცხვარი-ცხვარს.

მაგრამ, მაგარი ის არის, რომ მგლებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა, როგორც ცხვრებს, რადგან თვითეულს მგელს საკმაო ძალა აქვს ცხვრებთან საბრძოლველად, - ძალა, რასაკვირველია, ფიზიკური, რომელსაც ისინი ხმარობენ ცხვრებზე. ცხვრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალაა...

დღესნამდის ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც, ხოლო ვინც მგლები არიან, ეს თქვენც კარგად იცით. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვირბეოდით და ამ რბევა-ცარცვამ გვაფიქრებინა მიგვემართნა ერთობისათვის, ერთი პირი, ერთი ფიქრი მოგვეპოვა და ამით შაგვეძინა ძალა... ჩვენ მოვისურვეთ თავისუფლება: განუკითხავად არ ეჭამა და ეპარსა ჩვენი თანამოძმენი მოსისხლე მხეცებს... ჯერჯერობით ამაში გამოიხატება ჩვენი წადილი თავისუფალი სიცოცხლისა, რომ ძალმომრეობას გზა მოვტაცოთ და თანდათან სრულიადაც მოვსპოთ იგი.

თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.

იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა ისაკუთრებს? მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისა სდუღს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა; მინდა ჩემი საკუთარის ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი და უარს მეუბნებიან; და სხვ. და სხვ...

არ მინდა ვილოცო ის მშვენივრად მორთულ-მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ჰლოცულობ.

იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! - სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას შევმუსრო ისინი... როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ, მაშინ ვარ მონა, არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი, უფრო საზიზღარი, ვიდრე მონაა. არა, მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!..

არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდისმე ერი გადაჭრით, თავ-გამოდებით „სიკვდილი ან სიცოცხლე“ (ე.ი. თავისუფლება)?! - იტყვის და ამბობს კიდევაც, ამას ჩვენის თვალით ვხედავთ. აშკარად ვგრძნობთ ყველანი... მაშასადამე, სჩანს მისმა მძულვარებამ მგლებისადმი უკიდურესობამდე მიაღწია. თუ ეს ფაქტია, ნამდვილი მოვლენა, მაშინ იცოდეთ, სიკვდილი აღარ შეგვაშინებს, მაშინ ყველა მზად იქნება თავი დასდოს თავისუფლებისათვის და გამარჯვებაც უსათუოა. ამიტომ, ვიმეორებ. ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად, ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით, გულით და გონებით მტარვალნი და მტარვალობა. ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლიან მედგრად იბრძოლოს და არ დაზოგოს სიცოცხლე თავისუფლების მოსაპოვებლად.. და რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვა: თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურების მეტი? - არაფერი. კიდეც იმიტომ არის, რომ უბედურად ჰგრძნობს თავის თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება. წამრთმეველნი სარგებლობენ ამ ნაყაჩაღარის ბედნიერებით მხოლოდ ცოტახანს, რადგან ცხოვრების ლოღიკის წყალობით ეს ნადავლი, მოპარული ბედნიერება მტაცებელთათვის უბედურებად ხდება. გადაავლეთ თვალი მთელს რუსეთს და ჩვენს ქვეყანას, აშკარად დაინახავთ, რომ ეს ასეა. დღეს ხალხი იბრუნებს იმას, რაც წაართვეს და წართმეული გახლავთ, მოკლედ რომ ვსთქვათ, ბედნიერება - წამრთმეველი დღეს ტირის, ხოლო გაცარცული მღერის, მხიარულობს, რადგან დანაკარგს პოულობს. წართმეულს იბრუნებს. თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან. როდისა დგება ეს ბოლო ჟამი? - სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს, როცა თავის ყოფა-მდგომარეობის აუტანლობასა ჰგრძნობს და ჰხედავს, გაიცნობს იმ შავ ძალებს, რომელთაც წაართვეს ბედნიერება, - სძულს ისინი უსაზღვროდ; სწორედ მაშინ ცდილობს შემუსროს თავის დამმონებელნი...

რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? - თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, - არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის. მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი ათასნაირს ჯაჭვ-ბორკილებს სჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავში სცემენ კვერებს და საღრჩობელის ბოძებს სდგამენ... ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულს შხამ-ნაღველს, საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს, იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ჰვნებს, ვინც თავისუფლებას ჰპარავს, ართმევს ხალხს და ჰსურს იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა: „ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო“.

ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტვრია.

მაშასადამე, თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი, ყველა წოდება იქნება თავისუფალი, ე.ი. ბედნიერი... თავისუფლება და ბედნიერება სინონიმებია.

ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებობისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.

წყარო: რა არის თავისუფლება?: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 412-415

4.32.8.6 სადღეისო წერილი მეგობართან

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
სადღეისო წერილი მეგობართან


მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი - ისინი ხომ მამაკაცები არიან - ”კაი ბიჭობად”, “გულ-მაგრობად” არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდგან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შ ე ბ რ ა ლ ე ბ ა, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე, სად არის ეს შებრალება?! კაცი ძვალტყავად ქცეული გემუდარება, გეხვეწება: “კაცო, ღმერთი-რჯული, მთელი ერთი კვირაა მშიერი ვარ, სული ამოდის. ეს არი ვკვდები, წყალობა მოიღეო!” მე და შენ იმას ყურს არ ვათხოვებთ და ჩვენს ქცევას გავამართლებთ სხვადასხვა ფილოსოფიურის მოსაზრებით; გამოვჩხრეკთ ხრიკიანს მოძღვრებას და იმის წყალობით წინაშე ქვეყნისაც თავს გავიმართლებთ და თავის თავთან ხომ მართალნი ვართ და მართალნი. მაგრამ დედაკაცი ამას არ იზამს, ერთ გროშს მაინც მიაწვდის... მრწამს მე ეს და ამიტომ მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში, ისე სამსახურში... შენ როგორც გნებავს, იფიქრე; საჭიროა გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ...

ჰოი დედანო,
მარად ნეტარნო!

მეგობარო! მრწამს სიფლიდე დიპლომატიისა: როგორც უბეში გველი არ დაინდობა, ისე დიპლომატია, ავს აკეთებს თუ კარგს, მაინც ფლიდია მაინც. აი, ამას წინად რომ გამობრძანდა და წინ წამოიმძღვარა კაცთმოყვარეობა და... შეარიგა რუსეთი და იაპონია. რა იყო მიზეზი: კაცთმოყვარეობა, თუ სხვა რამე? მრწამს, რომ არა, აქ კაცთმოყვარეობა სათვალთმაქცო სიტყვაა, მიზეზი სულ სხვაა - ყველა დააფიქრა იაპონიის გაძლიერებამ. ყველა ჰგრძნობდა, რომ თუ ხარბინთანაც გაიმარჯვებდა იაპონია, რაიც მოსალოდნელი იყო, მაშინ ყველას, თვით ამერიკასაც, თითი უნდა მოეკაკვა იაპონიის წინაშე. არა გჯერა, რომ ეს ასეა? გამარჯვებული იაპონია კაი სიტყვებით, კაი რჩევით დასაჯეს და არანაკლები წილი ამ საქმეში უდევს თვით მოკავშირე ინგლისს. ამ რჩევაში აშკარად, ცხადად ერთი მხოლოდ ისა სჩანს: რუსეთს რაც ლახტი მოჰხვდა ეგ ეყოფა, და შენც, პატარა იაპონიავ, ძლიერ წინ ნუ გაიწევ, ნუ გაჰღონიერდები, რათა ჩვენც არ მოგვახვედრო იგივე ლახტიო.

დიაღ, მწრამს, რომ ყოველ ერს ჯერ თავისი თავი ენიაზება, თავისთვის უნდა კეთილი, თავის საქმეების მოწესრიგება ე. ი., როგორც ხალხი ამბობს: ყველა თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისათვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავადაც გამოადგება იგი. მხოლოდ ერთს ნაწილს ქართველებისას არა სწამს, რომ ეს ასეა და ესენი გახლავან “დასელები”, რომელნიც ქადაგებენ სხვა გავაბედნიეროთ, გავაძლიეროთ და ამით ჩვენც ძლიერნი შევიქნებითო. მოიგონე დასელების მოძღვრება დემოკრატიულ ცენტრალიზაციისა. გაძლიერებულის რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა! ნუთუ ძლიერი მეზობელი არ არის საშიში უძლურისათვის?! ნუთუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება გაძლიერებულს რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... ძლიერს ბატონს უძლური ბატონი სჯობია დამონებულთათვის. ვისა ჰშურს ძლიერება რუსეთისათვის? აგრეთვე არავის, ოღონდ წვრილს ერებსაც ჰქონდეს მიცემული საშუალება ამავე გაძლიერებისა... დღეს მთელი ქვეყანა ამას გაიძახის: დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გვინდა მოვიპოვოთ საღსარი ბედნიერების, სიმართლის მისაღწევად. მე კი ჩემად მრწამს, და შენც, ვიცი, არ იუარებ, რომ უხეირო დეცენტრალიზაცია სჯობია საუკეთესოდ მოწყობილს ცენტრალიზაციას. ეს რომ ასე არ იყოს, არც სპენსერები დაამჯობინებდნენ. (იხ. სპენსერის თხზ. “განვითარება პოლიტიკურ დაწესებულებათა”).

ვის არა სწამს, რომ მხოლოდ სრული თვითმართველობა გააბედნიერებს ხალხს, გაჰზრდის მის ენერგიას, გამოიწვევს და ააყვავებს მასში დამალულს ახალს ძალებს? - რომ აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას?! - რომ დედაენაზე სწავლება სრულჰყოფს, ზრდის, ავითარებს ყოველმხრივ მოზარდ თაობას?! ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი ოთხია და არა ოცი.

წყარო: სადღეისო წერილი მეგობართან: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1964. გვ. 412-415

4.32.9 ობლების სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
ობლების სიმღერა

ნიადაგ ვივლით კარი-კარს,
ნიადაგ აგიტირდებით;
მშიერ-ტიტველნი, ბეჩავნი
ნიადაგ აგიბირდებით;
უმწეო-უპატრონონი
ნურავის გაგიკვირდებით!
ფეხნი გვქონ ეკლით ნაშაშრნი,
თმები გაგვბმია ბირკებით.
კაცნი ვართ, თქვენი ჭირიმე,
ნურავის გაგიკვირდებით!
მამა ლაშქარში მოგვიკლეს,
დედა ტყვედ წაიყვანესა, –
წაგვართვეს ლეკის შვილებმა,
დაღისტანს გადიყვანესა.
გაგვიტიალეს სახლ-კარი:
ბინად გვაქვს ტყე და ველია,
საბნად ფოთოლი გვეხურვის,
ლეიბად გვიგავ ლელია.
ნურავის გაუკვირდება,
ძმაო, ობლობა ძნელია!..
ვარამმა გული შეჭამა,
ძალ-ღონე გამოგველია!
არა ჩანს ჩვენი პატრონი, –
ობლების დამფარველია.

1888
წყარო: ობლების სიმღერა: ვაჟა-ფშაველა: ჟურნ. "თეატრი" 1888. №46-47

4.33 ფიქრები (ხოლერის გამო)

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
ფიქრები (ხოლერის გამო)

ვგონებ შაჰ-აბაზის შემოსევამაც არ ააყაყანა ისე საქართველო, როგორც ხოლერის გაჩენამ. ხოლერა სიკვდილის მომასწავებელია და ჩვენ ხომ სიცოცხლის მეტის-მეტად მოყვარულნი ვართ და ანკი რას არ აგვაყაყანებდა. მართლაც, ვინც ანა-ბანა არ იცოდა, ახლა ისწავლა, რომ ხოლერაზედ რამ მოიწეროს გაზეთში. ვისაც გაზეთი მხოლოდ ყუთით გაუგონია, განაღამც წაეკითხოს, ან დაეწეროს რამ, დღეს კორესპონდენციას სჩალხავს და ჰგზავნის გაზეთში დასაბეჭდად. ესეც კაი საქმეა. თუ ხოლერა არა, თქვენი მტერი, თავის დღეში კალამს არ აიღებდა ხელში. ხოლერა ჭირია სხეულისა, სიცოცხლის მტერი და, რა თქმა უნდა, ცოცხალს თვალებს გაახილებინებს, აალაპარაკებს. ეს საკვირველიც არ არის. ამიტომ ცოცხალნი ღონისძიებას ეძებენ, როგორმე თავიდან აიცდინონ, წამალი მოუძებნენ; ვისაც წამლის იმედი არა აქვს და არც ის უწყის, რომ თავი და თავი წამალი ხოლერისა სისუფთავეა და ზომიერება ყველაფერში, სხვა ღონე არ დარჩენია, უნდა გაიქცეს და ტურასავით ტყეში დაიმალოს, თავის ქოხ-მახს, თავის სარჩო-საბადებელს სტოვებს ღვთის ანაბრობაზე და გარბის; იმას-კი აღარა ფიქრობს, რომ ერთი და იგივეა, მგელი შესჭამს, თუ მგლის შვილი. ესეც რაც არის-არის, მადლობა უფალს. ეს მე არ მიკვირს, საკვირველი უფრო სასტიკი, უფრო მავნებელი. ნეტავი ერთს დღეს მაინც ამ მეორე ხოლერამ ისე ააყაყანოს ხალხი, როგორც ეს ბაცილა-ბაქტერიების დედა აყაყანებს ქვეყანას ამ სამი-ოთხის თვის განმავლობაში. ერთის მხრით რომ იფიქროს კაცმა, იმას დაასკვნის, რომ ალბათ სხვა არაფერი არა უწირს რა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და იმიტომ არავინა ყაყანებს. არავინ რას ამბობს, მაგრამ ამგვარი ფიქრი ტყუილი ფიქრი გამოდგება. მაშ სხვა ხოლერა არ ბდობს ჩვენში და არ გვმუსრავს?!

აბა გადავავლოთ ჩვენს მხარეს თვალი, აბა კარგად დავუკვირდეთ ჩვენს გარემოებას, ჩვენს წამხდარს საქმეს, თუ მართლა უარესის ხოლერით არ ვიყოთ ავად. ამ ხოლერას ვერ უპოვნეთ ვერსაიდან წამალი, იმაზედ არც სისუფთავე სჭრის, არც დეზინფექცია. აბა ხოლერა, ნამდვილი ხოლერა ეს გახლავთ. ეს ისეთი ხოლერაა, რომ განა ორი ათასსი ათასს მოჰკლავს და ათასი გადარჩება?! არა, ყველას იმსხვერპლებს, მთელს ერს მუსრს გაავლებს. რატომ ამ ხოლერაზედ არა ყაყანებს, არა ჰღაღადებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოძმე? იქნება ის ხოლერა არსად არსებობდეს და მე მეჩვენებოდეს მარტო?

არა, არსებობს, მაგრამ იმდენი ვერა ჰხედავს იმას, ამ “ბაცილების” დედას, და იმდენი ხმაურობა, ჟრიამული იმიტომ არც ისმის ამ მეორე ჯურის ხოლერაზედ.
ათასი უსამართლოდ დაჩაგრული დღევანდელ ჩვენის ცხოვრების გარემოებათაგან, იგივე ხოლერის მსხვერპლი, მისგან მოკლული არ არის?


მოვიგონოთ ასი-ათასობით უმეცარნი, უსწავლელნი, უბირნი, ცხოვრებას რომ ეთრევინებიან, სცხოვრობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ათენ-აღამონ, იგივე ხოლერისაგან მოკლულნი არ არიან?! მაგალითები შორს წაგვიყვანენ და, ვგონებ, ოცი თაბახიც არ ეყოფა იმათ ჩამოსათვლელად მეფელეტონეს, განაღამც ერთი გაზეთის ფელეტონი, და ამიტომ მეც თავს დავანებებ და მხოლოდ მკითხველსა ვსთხოვ ამ გზით იფიქროს და თვითონაც მრავალი წარმოუდგებოდა თვალწინ.


დიაღ, ბატონებო, ასე გახლავსთ. საცა უსამართლობა მძვინვარებს, საცა აჯამობა დაყიალობს, საცა უაზრობა და უგრძნობელობაა, ნამდვილი ხოლერაც იქა ბუდობს. მიკვირს და ვფიქრობ: თუ ეს სიცოცხლის მომსპობი ხოლერა გვაყაყანებს მეთქი, ის ხოლერა, რომელიც კაცს ცოცხალს მკვდრადა ჰხდის, რატომ არაფერს გვათქმევინებს, ხმას არ ამოგვაღებინებს ისეთის ჭექა-ქუხილით, როგორც პირველი ჯურის ხოლერა?! რად მინდა ისეთი სიცოცხლე, რომ ვგრძნობდე თავის სიკვდილს, მკვდარი ვარო, ვამბობდე? აქ არის ხოლერა, აქა!

ამ წინაზედ ჩემის მეგობრის წერილი მომივიდა. ხოლერა ჩვენც გვესტუმრებაო, მწერდა, იქნება მეც მიმსხვერპლოს და ეს ჩემი წერილი უკანასკნელი_ღა იყოსო. სიკვდილი სიკვდილიაო, მაგრამ რად უნდა მოვკვდე ისე, რომ ჯერ არაფერი გამიკეთებია, ჩემის ქვეყნისათვის არაფერი მირგიაო. ამ სიტყვებმა დამაფიქრა, მართლაც, ესეც ერთი უმადურობა უნდა იყოს წუთისოფლისა: გაისტუმროს ისეთები, ვისაც რამ შეუძლიან არგონ ქვეყანას, ვისავ გული ერთი-ორად სტკივა სიკვდილის დღეს, ვკვდები და კი არაფერი გამიკეთებიაო, არაფერს კეთილად მოსაგონებელს არა ვსტოვებ წუტისოფელშიო. სიკვდილი ხომ სიკვდილია, და ამ ფიქრის გამო, სიკვდილს მეორე სიკვდილიც ზედ ერთვის.

დღეს შევიტყვე, რომ ჩემი მეგობარი ხოლერას გადარჩენია, არც ტყეში გაქცეულა დასამალად, როგორც სხვები გარბოდნენ თხებივით, და ვნახოთ ერთი, რა საქმეს დაიწყებს ქვეყნის სასარგებლოდ. თუ მართლა გააკეთა რამ, ნეტავი ჩემს ორსავ თვალებს და, თუ ტყუილი აღთქმა გამოდგა, მაშინ პირველი მე ვიტყვი, ნეტავი ხოლერას გადაეტანე, რაკი მაგისთანა უკეთური გამოხვიდოდი-მეთქი. მაშინ ასკარად დავრწმუნდები, რომ ჩემს მეგობარს მარტო ქვეყნის მოტყუილება სდებია გულში და “უკანასკნელად” იმიტომ სწერდა წერილს, რა არის ის წერილი, თუ ვინიცობაა ჩემს მეგობარს ხოლერა შეიწირავდა. მე გაზეთში გამომექვეყნებინა: აი, რასა მწერდა ესა და ეს, რა წადილი ჰქონდა გულში და რა საქმე გვიყო ამ წყეულ-შეჩვენებულმა ხოლერამ, რა კაცი დაგვაკლოვო. სხვა ან-კი რა მეთქმებოდა?! ესეც სახელია, მაგრამ წუთისოფლისათვის მოპარული, დაუმსახურებელი, არამი სახელი.

დღეს ერთი ხოლერა მიიპარება, თითქმის გაიპარა კიდეც; გვრჩება მხოლოდ მეორე ჯურის ხოლერა და ახლა იმას ვებრძოლოთ, იმის წამალიც მოვსძებნოთ, იმაზედაც ვიფიქროთ: გაზეთებმაც დროა პირველს თავი დაანებონ და მეორეს მიაპყრან თვალი, იმ ჩუმ-ჩუმად მძრომელს, რომელიც სისხლს არ აჩენს, მაგრამ მკვდრებს კი ამრავლებს. ეგები ესეც მოვიშოროთ თავიდამ. მაშინ ვნახოთ, თუ სიტყვა ხოლერა, როგორც მისი წარმომადგენელი, არ აღიგავოს, არ ამოიფხვრას დედამიწის ზურგიდამ. აქაც საჭიროა ყაყანი და იგივე ყაყანი; მასთან ერთად ხელებისა და ტვინის ფათურიც, თორემ მარტო ცარიელს ყაყანში არაფერი მოიხვეტება, როგორც კალიისაგან განადგურებულს მიწაზე.

წყარო: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუტ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 124-126

4.34 ფიქრები

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
ფიქრები (ხოლერის გამო)

 ფიქრები

უნდა ვიფიქრო, ვინაიდგან ფიქრი აღკრძალული არ არის: ფიქრი სხვაა, საქმე სხვაა, შუა უძევს დიდი ზღვარი. ღმერთმა დაიფაროს ფიქრისთვისაც, რომ სასჯელი იყოს დაწესებული, ათასში ერთი თუ გაჰბედავდა ფიქრს, თორემ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი დაემსგავსებოდა იმ ლოდებს, ჩემ პირდაპირ ბექიდგან რომ გამოიყურებიან გამტკნარებულნი, გალულუჩებულნი, საწყლად, ბეჩავად. შესრულდა ორმოცი წელი, რაც მე იმათ შევჩერებივარ, ან კი საით ავცდები?

რა წამსაც სახლის კარებში თავს გამოვყოფ, თვალებში ისინი მეცემიან. დიაღ, შევჩერებივარ მე იმათ, ისინი – მე და აბა, არ იქნა, ერთხელ ხმა-კრინტი არ დაუძრავთ... საშინელებაა!.. მაგრამ ვითმენ იმიტომ რომ, რაც უნდა ვეცადო, ლოდებს ხმას ვერ ამოვაღებინებ, ენას ვერ ჩავუდგამ. ბრაზი კი მომდის, ღვთისა წინაშე, და ამიტომ იმათ მაგივრად მე მოვყვები ყბედობას, ვითომ ისინი ლაპარაკობენ, რა არის, მინდა რომ იუბნონ და ამითი ჩემს თავს მევე ვატყუებ. მეც სწორედ ისე მემართება, როგორც ოდესმე ერთს ხევსურს დაჰმართნია: ძმობილმა სიზმარში ფრანგული (ხმალი) აჩუქა და ეს უარზედ დადგა: „არ მი ეგ, რად მი (მინდა)?! მაგას დავითფერულ (ხმალი) მირჩევ მე!’’ ისე ხმამაღლა განაცხადა უარი, რომ თავის ყვირილზე გამოეღვიძა და, რა ნახა თავისი თავი უნუგეშოდ დარჩენილი, შემოიკრა თავში და პირში, რა მინდოდა, ხმალი ჩამომერთვაო. ადგა და ხელმეორედ დაიძინა, იმედი ჰქონდა, იმავე სიზმარსა ვნახავ და ხმალსაც ვიშოვიო. მაგრამ ამაოდ, სიზმარი აღარ განმეორდა. რატომ, თავის მოტყუებაც კარგია, როცა იგი სიამოვნებასა ჰგვრის ადამიანს, მაგრამ საკეთილოდ თუ სავალალოდ, ეს თქვენ თითონ განსაჯეთ, ჭკვათამყოფელი ადამიანი თავს ტყუილით არ დაუწყებს კვებას, სინამდვილეს პასუხს მისცემს.

სინამდვილე რაღა ხილია?

-სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ის, რასაც თვალით ნამდვილად ყველა ვხედავთ და რაც ყურით გვესმის; ისიც კი უნდა ჩაითვალოს სინამდვილედ, რასაც ნახულისა და გაგონილის გამო ვგრძნობთ. მაშასადამე, სინამდვილეა – ცხოვრება ჩვენი და მისი პირობანი, აგრეთვე ისინი, ვისაც ჩვენ ვხედავთ, ვისთანაც ჩვენ ასე თუ ისე დამოკიდებულება გვაქვს, და თვით ბუნება გარემო ჩვენსა. რა თქმა უნდა, ნამდვილია, რომ ჩვენ ქართველები, ერი ვართ და როგორი მერე? ამის პასუხად ისეთს ვერას ვიტყვით, რომ ან ჩვენ თვითონ არგვეთქვას და არვამბობდეთ თავის თავზედ, ან სხვას, უცხოელს, გარეშე ადამიანს არ ეთქვას ჩვენზედ. სიმართლე და სინამდვილე კი ის იქნება, ვთქვათ, – ქართველებს ისეთი ავი ზნე არაფერი გვჭირს, სხვა ერსაც არა სჭირებოდეს, ან არა სჭირდეს, მაგრამ იმათ არსებობას, სიცოცხლეს და ბედნიერს მომავალს არც ერთი ჭკვიანი ადამიანი არ უარჰყოფს. ჩვენ კი, აწმყოსაგან გამწარებულნი, ეჭვის თვალით, უსასოოდ შევყურებთ მომავალს, ქართველი ერი დაბერდაო. ამისთანა აზრი განა ჭკუისა და ცოდნის ნაყოფია?

- სრულიადაც არა. მაშ რისა, ან ვისი ბრალია? ჯერ ერთი, იმისა, რომ ყველაფერს, რასაც წიგნიდან ამოიკითხავს კაცი, დაიჯერებს აუწონ-დაუწონავად და მეორეც იმისა, წაკითხულს სწორედ ვერ გაიგებს. მოგეხსენებათ მეცნიერმა ოგუსტ კონტმა, ერის სიცოცხლე შეუდარა ადამიანის სიცოცხლეს და სთქვა – ერი იმავე ხანებს გამოივლის სიცოცხლისას, რასაც ადამიანი თავის გაჩენის დღიდგანო, ე.ი. სიყმაწვილეს, სიჭაბუკეს, დავაჟკაცებას და სხვადასხვ. ხოლო კონტს არსად არ უთქვამს, რომ ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ, უ ს ა თ უ ო დ ყველა ერს ს ი ბ ე რ ე დ ა ს ი კ ვ დ ი ლ ი მოელისო. კიდეც რომ ეთქვა, განა უნდა დავიჯეროთ? განა კონტებმა, კანტებმა და სპენსერებმა, რომ სისულელე წამოროშონ, ვინაიდგან კაცნი ვართ, რის გამოც ბევრჯელ შევცდებით და მოვტყუვდებით, ჩვენ იმათ პირიდგან ამოსული ბაჯაღლო ოქროდ უნდა მივიღოთ?! განა სპენსერი არ მოტყუვდა ადამიანის სხეული საზოგადოებრივს სხეულს რომ შეუდარა და შეუბადლა, რათა გაემართლებინა, პირნათლად გამოეყვანა ქვეყნის თვალში მონარქიული ბურჟუაზიული წეს-წყობილება? („საფუძველნი სოციოლოგიისა’’), მაგრამ არც ერთმა ჭკუა-გონების პატრონმა ნასწავლმა არ მიიღო ეს შებადლება ბაჯაღლო ოქროდ. ბოლოს იპრიანა ღმერთმა და თითონ სპენსერმავე სხვა თავის თხზულებაში („განვითარება პოლიტიკურ დაწესებულებათა’’) უარჰყო ეს აზრი.

ერის სიბერეს და სიკვდილს ისინი დაიჯერებენ მარტო, ვინც ცხოვრების პირობების გარეშე სხვა რაღაც უხილავს ძალას ჰხედავენ, რომელიც არც ცაში და არც დედამიწაზედ არ არსებობს და ჟამთა ბრუნვის სივრცეშია ვითომ გაბნეული, ან კიდევ სადმე წიგნში სწერია, რატომ ღრმად არ უნდა ვიყვნეთ დარწმუნებულნი, რომ ერი მუდამ ცოცხალია და არც მოკვდება, ვიდრე მისი ყოფა–ცხოვრების პირობები მაცხოვრებელის თვისებანი არიან? რომელ ერსაც ეს კარგად ესმის და სასიცოცხლო პირობებს იცავს, ინახავს, იგი მუდამ ცოცხალი, ბედნიერი, ჯან-ღონით სავსეა, იმას არც სიბერე მოეკიდება, არც სიკვდილი. რომის იმპერიაო, გაიძახიან, დაბერდა და დაეცაო. დაბერდა ოღონდაც, მაგრამ სხვამ ხომ არ დააბერა იგი, არამედ თავი თვისი თითონ დააბერა და დააუძლურა. ყველა ერსაც ესევე დაემართება, უკეთუ იგი სიცოცხლის წყაროს არ ეწაფება, თავისის ცხოვრებისათვის გამოსადეგს ვითარებას არ შეჰქმნის და, თუ აქვს, არ ინახავს, მაგრად არ უჭიდია ხელი. ეს დღესავით, მზესავით ნათელია, აშკარაა.

ინტელიგენციას ან კი რა უფლება გვაქვს - ჩვენს სიცოცხლით სავსე ერს ამისთანა შეუფერებელი განაჩენი დაუდგინოთ ასე თამამად, კადნიერებით?! ვისი დახასიათებაც გინდა, ჯერ უნდა იმას კარგად იცნობდე, მისი გარემოება, ავი და კარგი შეგნებული გქონდეს, რომ განაჩენიც სამართლიანი გამოდგეს, ჩვენთვის კი ეს ჭეშმარიტება საჭირო არა ყოფილა. ამ ლაყე, შხამიანს აზრს კარგად რომ ჩავუკვირდეთ, ღრმად მოვთხაროთ და ფესვები ამოვუჩინოთ, მხოლოდ იქ ვიპოვნით მიზეზს ამ უკეთურის განაჩენისას... მოვთხარეთ კიდეც და იცით, იქიდგან რა ხმა და სამდურავი მოისმის: ამოდენა ვიშრომეთ, ვიღვაწეთ და არ იქნა ქართველ ერს თვალები ვერ ავახილებინეთო. ყველა ჩვენგანსა ჰგონია, დიდი და ბევრი რამ გავაკეთე საქვეყნოდ და არსად მოიტანა ნაყოფი, - ღვაწლი და შრომა ჩემი დაიკარგა უქმადაო, თორემ ამდენი სხვა ქვეყანაში რომ მეშრომა, იმასაც გავაბედნიერებდი და ჩემს თავსაცაო. ამ უხამსის განაჩენის მიზეზი და სათავე, თუ გნებავთ, აქედგან იწყობა. ცოტა შევჩერდეთ და ჩვენსავ თავს დავეკითხოთ: მართლაც რა გავარიგეთ, რა გავაკეთეთ ქართველმა ინტელიგენციამ საქვეყნოდ, საერთოდ? თუ მე მკითხავთ, გულახდილად გეტყვით - არაფერი. ინტელიგენციამ ჯერ ის ვერ შევიძელით გვესწავლებინა ერისათვის (ხალხისათვის), რომ მთელი „რჯულ-საქრისტიანო“ არაა საქართველო, - ვერ ვასწავლეთ, რა არის, რასა ჰქვიან მამული, სამშობლო... დეპოები სადმე დაარსდა, თავის „რეჩებით“ ისინიც ინტელიგენციამდე დაღუპა. კეთილ ნიადაგზედ სადმე არსდება საზოგადოება და თუ ღვარძლი გამოერია იქ, იცოდეთ, რომ ეს ინტელიგენციისავე უნარი უნდა იყოს. ნამდვილ სახელად ინტელიგენციას ის ჩაეთვლება, რომ გაზეთები და წიგნები მის მეოხებით საკმაოდ იბეჭდება და არავინ კი არ კითხულობს, ან საიდგან და როგორ უნდა წაიკითხოს კაცმა წიგნი, თუ კითხვა არ ეცოდინება?! აი, როგორი ამშენებლები ვყევართ ჩვენს ქვეყანას! ჩვენი დიდი ღვაწლი განიზომება იმ გარემოებით, რომ ამდენი ლიტერატურული ჰაიჰუით, ბევრი-ბევრი რომ ვთქვათ, 1500 მკითხველი შევიძინეთ სამ მილიონ ქართველთაგან და ისიც უეჭველად, ცოტად თუ ბევრად, ინტელიგენტები... დანარჩენი ქართველობა, ერი, მდაბიო ხალხი, რომელიც არის ჭეშმარიტი ძალა ჩვენის ქვეყნისა, დაგვრჩა ღობეს გარეთ, არც ჩვენ გავეცანით, არც ისინი გავიცანით და ვერც ჩვენი ხმა მივაწვდინეთ იმათ. ეხლა კაბინეტში ვსხედვართ და გულ-მკერდს ვიმჯიღავთ: აფსუს, ჩვენო ამაგო!.. მახლას, მახლას! ჩვენ ინტელიგენციასაც სწორედ ის ემართება ამ შემთხვევაში, რაც მე დამემართებოდა, ამ თხოვნით რომ მომემართა: თქვენი ჭირიმე, ძმებო, რაც შეიძლება მალე, დაწვრილებით, მარეხის ამბები მაცნობეთო!

რა გგონიათ, ჩვენმა ინტელიგენციამ მარეხისა მეტი იცის, ვიდრე თავისის ქვეყნისა და ხალხისა? განა ეს ღვაწლი კმარა ინტელიგენციისათვის? განა ამის მეტი არ მოეთხოვება ინტელიგენციას? ყველგან და ყოველთვის ერის ძალა ინტელიგენცია ყოფილა და იქნება, იგი ბელადია, სარდალი და, ხომ მოგეხსნებათ, სარდლის ნიჭსა და მოხერხებაზეა დამოკიდებული გამარჯვება, მტრის დამარცხება. არა აქვს ჩვენს ინტელიგენციას გარკვეული საერთო პროგრამა და გეგმა მოქმედებისა, უამისოდ კი ყოვლად შეუძლებელია გაკეთდეს რამ თვალსაჩინო. ჩვენი ყოფა-ცხოვრებაც სწორედ ერთს პროგრამას და ერთს გეგმას მოქმედებისას ჰსაჭიროებს. ეს ვერ შევიგენით, ვერ გავიგეთ დღესაქამომდე. ასევე იქნება მომავალშიც, თუ ჩვენს ხალხს, მის ცხოვრებას არ შევიგნებთ, არ გავიცნობთ კარგად, - მანამდე ვერც საერთო მოქმედების პროგრამას შეიმუშავებს ინტელიგენცია, არც ჩვენის ერის სიბერისა და სასიკვდილოდ განმზადების ეჭვები გამოუვა თავიდან, - მანამდე არც მდურვას ქართველის ერის გულგრილობა-დაუდევრობის გამო ექნება დასასრული. მერომ მკითხოთ, როგორც ბევრად თუ ცოტად მცოდნეს ჩვენის მდაბიო ხალხის და ჩვენის ცხოვრებისა, - რომელი უფრო სინდისიერად ასრულებს თავის მოწოდებას, თუ მოვალეობას, უკანასკნელი გლეხი, თუ თავმომწონე რომელიმე ინტელიგენტიო? გლეხი-მეთქი, გიპასუხებთ. ამით ღმერთმა დამიფაროს სწავლა-განათლების მგმობელი ვიყო, არა, მაგრამ ასეა დღეს და მოდი რას იზამ. რადაო? იკითხავთ. იმიტომ, მოგახსენებთ, რომ უბირი გლეხი თავის ცოდნას, თავის გამოცდილებას, თავის ძალ-ღონეს არა ჰზოგავს, დილიდგან მოყოლებული საღამომდე წელებზედ ფეხს იდგამს, რომ აცხოვროს თავი და ცოლ-შვილი, გაუძღვეს ამასთანავე ათასნაირს ხარჯს და სხვ. ეტყვის მკითხავი, სადმე ხატისას - კურატით უნდა მიხვიდე და ილოცოო, იმდენს იწოწიალებს, იმდენს თავში ქვას იხლის, ტანზე პერანგს აღარ შეირჩენს, საითაც იქნება, თუ თითონ არა ჰყავ, იყიდის, და ხატ-ღმერთთან კი პირშავად არ გამოვა, და არც თავის სინდისთან არის პირშავი, რის გაკეთებაც შეუძლიან, აკეთებს; როგორც ეხერხება თავის ხშირად ყალბი გრძნობის დაკმაყოფილება, ისე აკმაყოფილებს; რაც აზრი და რწმენა აქვს, იმისდაგვარად შესაფერად იქცევა, და ეს მას სრულ ადამიანად ჰქმნის. რა ვუყოთ, მართალია, მისსავე სუფრაზე რომ ჩვენის ქვეყნის - საქართველოს სადღეგრძელო დაჰლიო, ვითარცა ინტელიგენტმა და თამადამ, იგი ასე განიმეორებს „გაუმარჯოს რჯულ-საქრისტიანოსაო!“ ჩვენებურ ტვინფრატუნა კოსმოპოლიტებს (ნუ გიკვირთ) არ გეგონოთ კი, რომ ეს კოსმოპოლიტობით მოსდიოდეთ, ვინადგან რჯულ-საქრისტიანო ქვეყნის ერობაზედ დიდია და თითქმის მთელ განათლებულ ქვეყნებს შეიცავს, არამედ იმის გამო ემართება, რომ არა აქვს არავითარი ცოდნა თავისის ქვეყნისა და საქართველოს გარეშე ვერ წარმოუდგენია „რჯულსაქრისტიანო“, სულ სათათრეთი ჰგონია...

ჩვენი ინტელიგენტიღა?! ჰმ! რა ვქნათ და რა ვთქვათ?! რამდენსა სტყუის იგი თავის საკუთარ ღმერთთან, თავისის აზრისა და გრძნობის წინაშე, ამა თუ იმ მიზეზისა გამო, ჩემთვის სულ ერთია, და რომ სტყუის, ეს უეჭველად ასეა, თითონაც კარგად უწყის და არც იუარებს, ხშირად თავსაც დროსა და გარემოების მიზეზით ჰმართლულობს... ამას აზრი და გრძნობაც ვრცელი აქვს, იდეალებიც დიდი, მაგრამ იმის მეათასედსაც ვერ აკეთებს, რასაც ჰგრძნობს და ჰსაზრობს. ეს მოვლენა შეგნებულ ადამიანისათვის ყოვლად აუტანელია, მტანჯველი და იგი ჰქმნის ჩვენებურს ინტელიგენტს ნახევარ ადამიანად, უბედურს, ცხოვრებისაგან უკმაყოფილოს, პესიმისტს. მე ამას ვიკმარებ და დანარჩენის განსხვავების აღმოჩენა ინტელიგენტის და მდაბიო კაცის შესახებ, მკითხველო, თქვენთვის მომინდვია. იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ეს უკანასკნელი ერის ნივთიერსიმდიდრის შემოქმედია დაფეხიც არმოუსხლეტია, მაგრად უდგა სამშობლო მიწა-წყალსა და მამა-პაპის კერაზედ. იმას თუ ჩირაღდანი კარებზედ არ მიუტანე, იმისთვის სოფლიდგან ქალაქში არ გამოიქცევა, იმდენად თავს არ შეიწუხებს და მამა-პაპური სანთლით, კერაზე დანთებულის ცეცხლით იოლად გამოვა. სკოლაში რომ შვილი მიაბაროს, სრულიადაც არა ჰფიქრობს იმას, რა მეთოდით, წესით ასწავლიან იმის შვილს და რამდენის

თვის უკან დააწყებინებენ უცხო ენაზე სწავლას... ენა, სამშობლო, მან ანდით იცის და არა გონებით, ამიტომ მას არ ძალუძს რიგიანად ან ერთს გაუწიოს პატრონობა, ან მეორეს... როგორმე რომ მოხდეს და ერთს პატიოსან დღეს მისი შვილი სკოლიდგან ისეთი განსწავლული დაბრუნდეს, ინჩიც აღარ ესმოდეს ქართულისა და უცხო ენაზედ კი გამაშირებით საუბრობდეს, შვილის ასეთი გარდაქმნა იმითი თუ დააღონებს, რომ ვეღარაფერს გააგონებს და ვეღარც რას შვილის ნათქვამიდგან გაიგებს, სხვაფრივ კიდეც გაუხარდება, დიახ, გაუხარდება, რადგან არ იცის, რა შედეგი მოსდევს ამისთანა შვილის ყოლას, იგი ძალიანაც კმაყოფილი დარჩება, რადგან მეზობლები იტყვიან: „ეჰე, ჩვენ დემეტრეს როგორი ნაჰწავლი შვილი გამოსვლია, ქართულ სულ ვეღარ ლაპარაკობსო“. ასე გახლავთ, თუმც შეიძლება ზოგიერთმა არც კი დაიჯეროს, ნება აქვს, მე კი მაინც იმას ვიტყვი, რაც ვიცი და რაც ჩემის ყურით გამიგონია. დიაღ, დემეტრე ისე ჰფიქრობს, რომ ქართულის სწავლება ქართველი ბავშვისათვის სრულიადაც საჭირო არ არისო, რადგან იცის, ვითომ და ნაცოდნზე დროს დაკარგვა მეტ, უქმ შრომად მიაჩნია, თორემ განა სძულს, ან ეჯავრება თავისი ღვიძლი ენა.

ყველა ეს უვიცობის, უმეცრების ბრალია, რაშიაც თვით ინტელიგენციასაც წილი უძევს. რა მიგიციათ, რასა სთხოვთ, ამაზე მეტი ხათაბალა იქნება?! რაც ცოდნა და გამოცდილება მამაპაპამ უანდერძა გლეხკაცობას, ამან კარგად შეინახა: საცა ვენახი ხარობს, მშვენივრად შემუშავებული ვენახი აქვს; საცა საქონლის მოშენებას უწყობს ადგილი ხელს - საქონელი ჰყავს მოშენებული და, ხვნა-თესვას თუ ვიტყვით, რიყესა და კლდეზედაც სულადი, პური მოჰყავს. არც ერთს ახალს საშუალებას, თუ მანქანას არ უფრთხის იგი, როცა დაინახავს მის სარგებლობას - ვენახების შეწამლვა, ახალის ჯურის გუთნების შეძენა, ყველგან გახშირებულია, როგორც კახეთში, ისე ქართლში და სხვ. საწყალმა არ იცის ბევრი რამ და ყველაზედ მეტად ის, რითაც ჩვენ უფრო თავს შეგვაყვარებდა ეს - ინტელიგენციის სულიერი მისწრაფება, მისი იდეალები... მარტო თავადაზნაურობა არ არის ერის ძალა და ისინი თუნდა დიდიდგან დაწყებული პატარამდე საუკეთესო აზრებით, გრძნობით გაიმსჭვალნენ, საუკეთესოდ იმოქმედონ, მაინც ვერაფერს გავხდებით, უკეთუ მდაბიო ხალხიც ბანს არ მისცემს... რას აკეთებენ მღვდლები? სოფელი არ არის, მღვდელი არ იყოს და რა დასაჯერებელია, ნამდვილმა მოძღვარმა 5-6 მოწაფე ვერ შეიძინოს, ისე ვერ გამოაღვიძოს ისინი, რომ ჰქონდეთ წადილი წიგნის, გაზეთების კითხვისა, ქვეყნიერობისა რომ გაეგებოდეთ?! ჩვენ ამას ვერა ვხედავთ. ან კი საით დავინახავთ იმას, რაც არა სჩანს სადმე.

წყარო: ფიქრები: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუტ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ.
 

4.35 ფიქრები (ხოლერის გამო)

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
კოსმოპოლიტიზმი და კაპიტალიზმი


ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმიეწინააღმდეგება .კოსმოპოლიტიზმს მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით", „მეფე ლირით" ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით" და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის,

ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905 წ.
წყარო: კოსმოპოლიტიზმი და კაპიტალიზმი: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუტ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 213-215
 

4.36 ბიუროკრატის ჩივილი

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
 ბიუროკრატის ჩივილი

საწყალი ბიუროკრატია! ყველამ ყბად აიღო და ლამის იგი წყალს წააღებინონ. ვინ იცის, რას არ აბრალებენ საცოდავს! მანჯურიაში დამარცხდა რუსის მხედრობა და ზღვაზე ფლოტი გაუნადგურეს იაპონელებმა რუსებს. რადა? რა შუაშია ბიუროკრატია? გემები აკლდა როჟესტვენსკის? ზარბაზნები და ტყვიაწამალი? იქნებ, სურსათი არა ჰქონდა, ან ქვანახშირი? ყველაფერიც ბევრი ჰქონდა, იმავე ყბადაღებულ ბიუროკრატიის წყალობით. ახლა ჯამაგირს არ იკითხავთ? როჟესტვენსკის წლიურად ტოგოზე ოცჯერ მეტი ჯამაგირი ჰქონდა. რისთვის? რადა? იმიტომ, რომ უფრო ერთგული ყოფილიყო სამეფო ტახტისა და თავის მადლიანის სამშობლოს მთავრობისა; უფრო უნდა წაქეზებულიყო, მეტი მხნეობა, მეტი ერთგულება, მეტი მამაცობა გამოეჩინა.

ნუთუ ბიუროკრატიას ის ცოდვად, დანაშაულად უნდა ჩაეთვალოს, რომ მოსამსახურე პირთა გულს იგებს, ამხნევებს კარგის ჯილდოს და კაი ჯამაგირების ძლევით? არა და არა. სტყუის, სცდება, ვინც წინააღმდეგს იტყვის და იფიქრებს, ნუთუ მეტმა ჯამაგირმა, მეტმა ყურადღებამ მთავრობისამ თავის ქვეშევრდომისადმი უნდა წაახდინოს და დააქვეითოს ადამიანი? როგორ შეიძლება? რა სათქმელია!

ან ჯარისკაცებს რა უჭირთ? არა ჰშიათ, არა სწყურიანთ; მუკდენში საწყობები ფეხსაცმელებით სავსე დარჩა და თვით რუსის ლაშქარმა წაუკიდა ცეცხლი, სალდათები კი ფეხშიშველები დაიარებოდნენო. ესეც ბიუროკრატიის ბრალიაო! ღმერთო, შემიწყალე, სად ფეხსაცმელები, სად ბიუროკრატია?! ეგ ერთი კაცის, რომელიმე პოლკის უფროსის ბრალია და არა მთელის ბიუროკრატიისა. იქნება, ბრალად არც კი ჩაეთვალოს თვით იმ პოლკის უფროსს ასეთი საქციელი. ვინ იცის, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა იგი? რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ჰზოგავდა, ინახავდა წაღებს საბოლოოდ და ამით ხაზინას მფარველობას უწევდა? ნუთუ დაზოგვა, სარისტიანობა ვისგანმე დასაძრახისია? ხალხს, სწორედ, ტვინი გადაუბრუნდა!..

ყველაზე მეტად კიდევ ეს მაოცებს და მაკვირვებს: დამდგარან და საჯაროდ გაიძახიან: იაპონელები იმიტომ გვამარცხებენ, ჩვენი ჯარისკაცი გაუნათლებელია, შეუგნებელი, არა აქვს საკუთარი „მე“, საკუთარი მოსაზრება, ბრმად ემორჩილება უფროსის ბრძანებას, კვდება უფროსი და კვდება მისი ვინაობაც, იბნევა, აღარ იცის, რა ქნას, როგორ მოიქცესო. იაპონელი ჯარისკაცი სულ სხვაა: ნასწავლი, თვითცნობიერებით აღჭურვილი, ამიტომ თუნდაც უფროსი მოკვდეს ბრძოლის დროს, იგი საქმეს არ წაახდენს, რადგან იცის, რა გააკეთოს, როგორ მოიქცესო და სხვა. ამისთანეებს სწერენ და ლაპარაკობენ.

მიკვირს, რაც ღირსებად უნდა ჩაეთვალოს ჩვენ ჯარისკაცს, ის ქვეყანამ ცოდვად მიიჩნია; თვითცნობიერებამოკლებული, სამსახურისათვის თავდადებული, უფროსის მაღმერთებელი, უფროსის სიტყვის ამსრულებელი უკრიტიკოდ, უსიტყვოდ და მამაცი… მეტი ღირსებაღა იქნება ჯარისკაცისა? შეიძლება კიდევ მეტი რამ მოვითხოვოთ? ხოლო უფროსს უნდა ესმოდეს, როგორ მოიხმაროს ეს ძალა, და ნუთუ უფროსებმა არ იციან არაფერი? ესეც ხომ ტყუილია. ჯარისკაცს სწავლა-მეცნიერება რად უნდა? არაფრად. თუ მკითხავთ, განათლება კიდეც აწყენს, რადგან განათლება ლმობიერ გრძნობებს უვითარებს ადამიანს. ჯარისკაცის ღირსება ორია უმთავრესი და უაღრესი: მამაცობა და მორჩილება. მორჩა და გათავდა. დანარჩენი სულ ტყუილია, – დედაბრების ჭორებია. ჩვენი ჯარისკაცი რომ განათლებული იყოს, უფრო უარესობა დაგვემართებოდა.

ან ვის უნდა გაენათლებინა? ბიუროკრატიას რა საქმე აქვს განათლებასთან? ჩვენ გვაბარია ჩვენი საქმეები, აუარებელი ქაღალდები, მისაწერ-მოსაწერი, გასაგზავნ-გამოსაგზავნი და სხვადასხვა. მოჰყოლიან უსირცხვილოდ და ამასაც ბიუროკრატიას აბრალებენ. და განა მარტო ჯარისკაცთა გაუნათლებლობის მიზეზად გვხადიან? არა! განათლების სისტემის უვარგისობას გვიკიჟინებენ. განსვენებული ივანე სერგეის ძე ტურგენიევი ჭკვიან კაცად იყო ცნობილი და ისე გადაყრუვდა საზღვარგარედ ხეტიალით, რომ ჩვენი სწავლა-განათლების სისტემა შემდეგის ფორმულით გამოხატა: „ტემნა ვოდა ვოობლაცეხო“. რა თქმა უნდა, რაკი იმან დაჰგმო ჩვენებური სწავლა-განათლება, სხვა, წვრილფეხობანი უარესს იზამდნენ.

აბა, რა დააშავა ჩვენმა სწავლა-განათლებამ, ერთი მიბრძანეთ? მინისტრის ალაგას – მინისტრი გვყავს, გუბერნატორისა – გუბერნატორი, მაზრის უფროსისა – მაზრის უფროსი, მღვდლისა – მღვდელი, მასწავლებლისა – მასწავლებელი, დიაკვნისა – დიაკვანი, მამასახლისისა – მამასახლისი და სხვა. ვინ იცის, ცაზე ვარსკვლავი არაა იმდენი, რაც სამსახურის სხვადასხვა საფეხურია, და ყველა საფეხურზე ათასი ადამიანია გამოჭიმული. მეტიღა გულმოდგინება და პატრონობა შეიძლება? ეს კიდევ ცოტაა: ნასწავლები კიდევ იმდენი რჩება გარედ, უადგილობის გამო…

„ხალხს განათლება აკლია: სკოლები უნდა გამრავლდეს, ჯარზე კი არა, სწავლა-განათლებაზე უნდა იხარჯებოდეს, რაც შეიძლება მეტი ფული…“ – გაიძახიან ლიბერალები და ჭეშმარიტებას კი თვალს არიდებენ, არ უნდათ დაინახონ იგი. დიაღ, ჭეშმარიტებას, რომელიც ამისა ზემორე აღვნიშნე. ვინც ისწავლა, იმათთვისაც აღარ არის კანცელარიებში „ვაკანსია“ და ახლა ზედმეტი განათლებული, ბოგანო ბრბო შევქმნათ, რომელსაც გულში არსებული წესწყობილების მიმართ სიძულვილის მეტი არაფერი ექმნება?! რაღა ვუთხრა ამ გონებადამთხვეულს ხალხს, ღმერთმანი, არ ვიცი. ნეტავი ღვთისა ძალითა, ყველას ჩემსავით ესმოდეს საქმის ვითარება და მაშინ ვნახავდით, თუ ეს მღელვარება ხალხისა და დრტვინვა არ მოისპობოდა. რა ქნას კაცმა, ძალათი ხომ თავის კეფას ვერ გადუხსნი კაცსა და თავის აზრებს ვერ ჩაულაგებ. ეს რომ შეიძლებოდეს, ქვეყანაზე ერთბაშად ბედნიერება დამყარდებოდა. რამდენიმე მეამბოხე, ქვეყნის დამღუპველი, სახელმწიფოს მტერი… მაშინ სულ სხვა იქმნება, მაშინ ჩემს აზრთან მოვა ყველა; მაშინ ვეღარავინ გაჰბედავს წინააღმდეგობას, ბოროტი აზრების ქადაგებას…

ხეპრე, ტეტია, ვიღაც ოჩოპინდრე გლეხი წამომდგარა, მთელ თვეობით პირდაუბანელი, იმის ხელში ნაჭერი პური ადამიანისაგან არ შეიჭმევა, და გაიძახის: „ჩვენ თანასწორნი უნდა ვიყვნეთო. შენც კაცი ხარ, მეცაო, ორივე ღმერთმა გაგვაჩინა ერთი და იმავე ლაფტალახიდანაო“. ერთი ჰკითხეთ, როდის ვიყავით თანასწორნი, რომ ახლა ვიყვნეთ? სად თავადი, სად გლეხი. სად დამსახურებული კაცი, სად ტეტია, რომელმაც თავის სახელისა და გვარის ქაღალდზე დაწერაც არ იცის.

მამული რაც მეტი გაქვს, უნდა გამიყო, რადგანაც მეც წილი მიდევს. შენც ქართველი ხარ, მეც, დედამიწა კი ჩვენ მამაპაპათა სისხლით მორწყულია: „საცა ერთი თავადი კვდებოდა, იქვე ათი და ასი გლეხი სდებდა თავსაო“. ოჰ, ღმერთო ჩემო! მოდი და ღმერთი ნუ გაჯავრდება, ნუ გაგვიწყრება? ხელმწიფეს ვღალატობთ, ღმერთსა ვგმობთ. აი, რის ბრალია ჩვენი დამარცხება შინა და გარეთ… ნუთუ ეს ასწავლა ბიუროკრატიამ ქვეყანას? პირიქით, ვგონებ, რომ ამის მთქმელს და მქადაგებელს სდევნიდა და სინსილას უქრობდა. დღეს ვინ არს ან ერთის, ან მეორის ერთგული? იგივ და იგივ ბიუროკრატია. ერთი მხოლოდ იგია პირნათელი ღმერთთან და მეფესთან. რა გინდა, შე კაი კაცო. იყავ ნიბლიასავით განაბული, იცხოვრე თავმდაბლად და ვნახოთ, თუ ღმერთი არ გიშველის და შენზე ხელს აიღებს!.. მე დღეს სამსახურს გარეთა ვარ. ორმოცდაათი წელი ვემსახურე ხელმწიფეს ერთგულადა და ერთხელ არ მახსოვს ჩემი უფროსისაგან „ზამეჩანიე“ მიმეღოს. რადა? მათა, რომ, თუმცა ახალგაზდა კაცი ვიყავი, სამსახური როცა დავიწყე (ოცი წლისა), იმ თავითვე მესმოდა, რით მოვიგებდი უფროსის გულს, ფეხს როგორ წავდგამდი წინ. რასაც მიბრძანებდნენ, სიტყვის შეუბრუნებლად ვასრულებდი: „დაწერე!“ – მზად იყო. „დაჰკა!“ – მზად იყო. „დაიჭი!“ – მზად იყო. ასე ამგვარად, დღეს კაცი დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი გახლავარ, ქვეყანა კაცს მეძახის და ხელმწიფის მოწყალება „პენსიაცა“ და ორდენებიც მაქვს.

1905 წ.
წყარო: ბიუროკრატის ჩივილი: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუტ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 210-212
 

4.37 შავ-ბნელი ამნები

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
შავ-ბნელი ამნები

ქართლში ძალიან გახშირებულია „პოლიტიკურ“ დამნაშავეთა შეპყრობა...ვიზედაც ცოტა რამ ეჭვია, ყველას მიერეკებიან. არც ძევა, არც კვლევა. უნდა ნახოთ თავის თვალით ეს „დამნაშავენი“, რომ კარგად შეიგნოთ დღევანდელი დღის ვითარება: მენახშირე, მეურმე, ჩამოწეწილ-ჩამოგლეჯილი ხალხი, რომელთაც ოდესმე სადმე უთქვამთ გვშიანო, და ამ თქმისათვის დღეს პასუხისგებაში არიან მიცემულნი, როგორც „ბუნტოჩიკები“, როგორც საზოგადოების მავნებელი პირნი. არავითარი ცოდნა იმათ არა აქვთ, გარდა იმისა, რასაცა გრძნობენ, და განა არ მოგეხსენებათ, სიმშილ-წყურვილ-სიტიტვლე და სიცივე ყოველ სულიერ არსებას უსიამოვნებას აგრძნობინებს…

რასაკვირველია, ზემორე აღნიშნულ ჯურის „დამნაშავეთა“ შორის მოჰყვნენ ისეთნიც, რომელთაც გონება საკმაოდ აქვთ განვითარებული და ამ მშიერ-ტიტველს ხალხს თანაუგრძნობენ, - ებრძვიან, ჰკიცხავენ გამეფებულ შავ ძალებს. ზოგი მათგანი მხოლოდ მწერლობით, გაზეთის საშუალებით ებრძვის იმათ, ჰგმობს ზოგიერთ ადამიანთ დროების შეუფერებელ ქცევისათვის...შეურაცხყოფილნი შურს იძიებენ, დროებაც ხელს უწყობს, მირბიან და საცა ჯერ არს აცხადებენ: „ესა და ეს პირნი არიან ქვეყნის ამრევნი, კომიტეტს წევრნი, ყუმბარების მკეთებელნი, ყალბის ფულის მომჭრელნი; ვინცა კვდება, სულ იმათი ბრალია, ისინი აგულიანებენ მკვლელებს და, თუ ისინი არ გააძევეთ, ქვეყანა არ დაწყნარდებაო, და სხვადასხვა. მაბეზღრობენ და იმდენად უგუნურნი გახლავან, რომ ჰგონიათ, - ამისთანა „გაძევებით“ მოისპობა უკმაყოფილება ხალხში, მშიერი გაძღება და ტიტველი შეიმოსება და იმათ აღარავინ დაჰსახავს თავის გაბეჩავების მიზეზად. აი, სადამდე მიდის დღეს ბობოლების უგუნურება!.. მე თვითონ ვიცი ერთი ამისთანა მაგალითი: ერთი სოფლის მასწავლებელი გახდა მსხვერპლი სწორედ ამისთანა სულმდაბლობისა და უმსგავსობისა. ამ მასწავებელმა გაკიცხა გაზეთში მემამულენი, იმათი ყოფაქცევა. უკანასკნელთ შეურაცხყოფილად იგრძნეს თავიანთ თავი და საცა ჯერ იყო, გაჭიმეს კარგი გრძელი და მსუქანი „დანოსი“, რომელსაც მათთვის სასიამოვნო შედეგი მოჰყვა...

ვინც მიჰყავთ, ხომ მიჰყავთ, და ვინც აქ რჩება, იმათი ყოფა-მდგომარეობა სულ მთლად აუტანელია. იმათ „ეგზეკუცია“ უყენიათ. გლეხებს, დაწიოკების გარდა, ასე აშნებენ და ამშვიდებენ, თუ არ წახვედით ამ საათში და მემამულეს მოსახნავი არ მოუხანით, დასაფარცხი არ დაუფარცხეთ, თქვენს ცოლებს კაზაკებს დაურიგებენო!.. აი, როგორ, რა საშუალებით სურთ მოარიგონ გლეხები და მემამულენი, - რა წამალს იძლევიან დღევანდელ გამწვავებულ მდგომარეობის სალბუნებლად... გლეხები ქედს იხრიან, ან რა ეთქმით, რას გახდებიან წინაშე ხმლისა და ხიშტისა, მაგრამ ახლა შიგ, ღრმად ჩაიხედეთ ხალხის გულში, - იქ რა ამბები ხდება, რა თესლი ითესება!.. ამის შემდეგ ან მემამულემ რა პირით უნდა იცხოვროს სოფლად და ან გლეხებს რა გული უნდა ჰქონდეთ იმაზე? ეს თქვენ განსაჯეთ და ის სახელი დაარქვით, როგორიც მოუხდება და შეეფერება ხალხის ამისთანა დამშვიდებას. დღეს ქართლის ხოვრება მეტისმეტად ამღვრეულია მებადურთა სალხენად, სასიხარულოდ, ხოლო თევზების საუბედუროდ. როდის უნდა დაიწმინდოს ეს მღვრიე წყალი, ნუთუ ძალმომრეობის მეტი სხვა საშუალება არ მოიპოვება? ნუთუ მხოლოდ მათრახია ერთადერთი წამალი, ამღვრეულოის დამწმენდელი...

საკვირველი ის არის, რომ „ცირკულირება“ კარგი გამოდის. კითხულობ და ცოტაოდნად წყლულზე მალამო გედება, ვინაიდან ურჩევს იგი და აფრთხილებს მოხელეებს: ფრთხილად მოიქეცით, საქმის გაურჩევლად, გამოუძიებლად ნუ იჭერთ, ხალხს ნუ ატუსაღებთ, ნუ სჯითო; იარაღს, თუ საჭირო არაა, ნუ იხმარებთო და სხვა. კარგი და პატიოსანი, მაგრამ ეს ვეღარ კარგი, რომ ცირკულიარის ხმა მხოლოდ ქაღალდზე გაისმის და ცხოვრებაში იმის ნატამალიც არ მოიძევება, იგი თითქოს არც კი სადმე არსებობდეს; რჩევა ცირკულიარისა რჩება ხმად მღაღადებელისა უდაბნოსა შინა და ყველა ადმინისტრატორი ისე იქცევა, ვითარცა ხანი თვის სამფლობელოში... დიახ, სიტყვა სხვაა, საქმე - სხვა მათ შუა უზარმაზარი ჯურღმულია... არა, ტყუილად ვინმე მოელის ნდობის მოპოვებას იმ დრომდე, ვიდრე სიტყვასა და საქმის შორის არ დამყარდება სრული თანხმობა, - ვიდრე ადმინისტრაციის მოქმედება არ იქნება მიმართული ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ. ხალხი, მართლა ბრმა და ყრუ ხომ არ არის, ვერ იცნოს თავისი კეთილისმყოფელი, თავის მოყვარე და მტერი ერთმანეთში აურიოს...

არა, ნუ ჰგონიათ, უნდა ამოიძრონ თავიდან ეგ ფიქრი, რომ ხალხის მოტყუილება ადვილი მოსახერხებელი იყოს. შეიძლება ხალხი დროებით დაიმორჩილონ, მაგრამ ეს არ იქნება სამუდამოდ...

1905 წ.
წყარო: შავ-ბნელი ამბები: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 215-217

4.38 რა არის თავისუფლება?

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
რა არის თავისუფლება?

ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ, არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე ჰსმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს.

მაშასადამე, უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. ორს ტერმინს რომ სულაც თავი დავანებოთ და მხოლოდ მესამის ძალა, ე.ი. რას ჰქვიან თავისუფლება, ის შევიგნოთ, ესეც კმარა, რადგან ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობა-ერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამა-გლეჯას და მგლობას; მგლების ბანაკი ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით ცხვრის ფარა, საცა ნავარდობენ მგლები... საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ? ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის?... თუ შეუძლებელია, მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შაერთება, რადღა ვყვირით, რად ვიძახით ამ ძმობა-ერთობას? ვიძახით და უნდა ვიძახოთ, მაგრამ მგლებს ხომ არ ვეძახით, არამედ დაქსაქსულ-დაფანტულს, დაწიოკებულს ცხვრებს, რომ მოუყარონ თავითავს, შაერთდენ, მოიფიქრონ როგორ მოუარონ თავისთავს, რათა მგლების საჭმელ ლუკმად აღარა ხდებოდნენ, უნდა გამოძებნონ საფარი და გზა სავალი... მგლებს ამ დროს იქ რა ესაქმებათ? ამ დაძახილზე ისინი თითქოს ყურსაც იყრუებენ, არც მოვლენ, ხოლო თავისიანებს, გაგიმარჯოსთ, რომ მგლებიც კი ძმობა-ერთობას უქადაგებენ. თუ ასე არ მოიქცნენ, ხომ დაეკარგათ ძალა და ცხვრებმა სათითაოდ, თუმც ამ უკანასკნელთ არა აქვთ გაალმასებული კბილები, გაათავეს რქებით და ჩლიქებით?! ძმობა ხომ იმას მოასწავებს, როცა ერთს მგელს გაუჭირდება, მეორე უნდა მიეშველოს. ეგრეთვე თუ ცხვარი-ცხვარს.

მაგრამ, მაგარი ის არის, რომ მგლებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა, როგორც ცხვრებს, რადგან თვითეულს მგელს საკმაო ძალა აქვს ცხვრებთან საბრძოლველად, - ძალა, რასაკვირველია, ფიზიკური, რომელსაც ისინი ხმარობენ ცხვრებზე. ცხვრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალაა...

დღესნამდის ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც, ხოლო ვინც მგლები არიან, ეს თქვენც კარგად იცით. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვირბეოდით და ამ რბევა-ცარცვამ გვაფიქრებინა მიგვემართნა ერთობისათვის, ერთი პირი, ერთი ფიქრი მოგვეპოვა და ამით შაგვეძინა ძალა... ჩვენ მოვისურვეთ თავისუფლება: განუკითხავად არ ეჭამა და ეპარსა ჩვენი თანამოძმენი მოსისხლე მხეცებს... ჯერჯერობით ამაში გამოიხატება ჩვენი წადილი თავისუფალი სიცოცხლისა, რომ ძალმომრეობას გზა მოვტაცოთ და თანდათან სრულიადაც მოვსპოთ იგი.

თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.

იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა ისაკუთრებს? მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისა სდუღს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა; მინდა ჩემი საკუთარის ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი და უარს მეუბნებიან; და სხვ. და სხვ...

არ მინდა ვილოცო ის მშვენივრად მორთულ-მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ჰლოცულობ.

იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! - სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას შევმუსრო ისინი... როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ, მაშინ ვარ მონა, არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი, უფრო საზიზღარი, ვიდრე მონაა. არა, მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!..

არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდისმე ერი გადაჭრით, თავ-გამოდებით „სიკვდილი ან სიცოცხლე“ (ე.ი. თავისუფლება)?! - იტყვის და ამბობს კიდევაც, ამას ჩვენის თვალით ვხედავთ. აშკარად ვგრძნობთ ყველანი... მაშასადამე, სჩანს მისმა მძულვარებამ მგლებისადმი უკიდურესობამდე მიაღწია. თუ ეს ფაქტია, ნამდვილი მოვლენა, მაშინ იცოდეთ, სიკვდილი აღარ შეგვაშინებს, მაშინ ყველა მზად იქნება თავი დასდოს თავისუფლებისათვის და გამარჯვებაც უსათუოა. ამიტომ, ვიმეორებ. ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად, ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით, გულით და გონებით მტარვალნი და მტარვალობა. ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლიან მედგრად იბრძოლოს და არ დაზოგოს სიცოცხლე თავისუფლების მოსაპოვებლად.. და რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვა: თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურების მეტი? - არაფერი. კიდეც იმიტომ არის, რომ უბედურად ჰგრძნობს თავის თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება. წამრთმეველნი სარგებლობენ ამ ნაყაჩაღარის ბედნიერებით მხოლოდ ცოტახანს, რადგან ცხოვრების ლოღიკის წყალობით ეს ნადავლი, მოპარული ბედნიერება მტაცებელთათვის უბედურებად ხდება. გადაავლეთ თვალი მთელს რუსეთს და ჩვენს ქვეყანას, აშკარად დაინახავთ, რომ ეს ასეა. დღეს ხალხი იბრუნებს იმას, რაც წაართვეს და წართმეული გახლავთ, მოკლედ რომ ვსთქვათ, ბედნიერება - წამრთმეველი დღეს ტირის, ხოლო გაცარცული მღერის, მხიარულობს, რადგან დანაკარგს პოულობს. წართმეულს იბრუნებს. თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან. როდისა დგება ეს ბოლო ჟამი? - სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს, როცა თავის ყოფა-მდგომარეობის აუტანლობასა ჰგრძნობს და ჰხედავს, გაიცნობს იმ შავ ძალებს, რომელთაც წაართვეს ბედნიერება, - სძულს ისინი უსაზღვროდ; სწორედ მაშინ ცდილობს შემუსროს თავის დამმონებელნი...

რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? - თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, - არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის. მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი ათასნაირს ჯაჭვ-ბორკილებს სჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავში სცემენ კვერებს და საღრჩობელის ბოძებს სდგამენ... ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულს შხამ-ნაღველს, საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს, იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ჰვნებს, ვინც თავისუფლებას ჰპარავს, ართმევს ხალხს და ჰსურს იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა: „ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო“.

ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტვრია.

მაშასადამე, თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი, ყველა წოდება იქნება თავისუფალი, ე.ი. ბედნიერი... თავისუფლება და ბედნიერება სინონიმებია.

ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებობისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.

წყარო: რა არის თავისუფლება?: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 412-415

4.39 სადღეისო წერილი მეგობართან

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ავაჟა-ფშაველა
სადღეისო წერილი მეგობართან


მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი - ისინი ხომ მამაკაცები არიან - ”კაი ბიჭობად”, “გულ-მაგრობად” არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდგან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შ ე ბ რ ა ლ ე ბ ა, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე, სად არის ეს შებრალება?! კაცი ძვალტყავად ქცეული გემუდარება, გეხვეწება: “კაცო, ღმერთი-რჯული, მთელი ერთი კვირაა მშიერი ვარ, სული ამოდის. ეს არი ვკვდები, წყალობა მოიღეო!” მე და შენ იმას ყურს არ ვათხოვებთ და ჩვენს ქცევას გავამართლებთ სხვადასხვა ფილოსოფიურის მოსაზრებით; გამოვჩხრეკთ ხრიკიანს მოძღვრებას და იმის წყალობით წინაშე ქვეყნისაც თავს გავიმართლებთ და თავის თავთან ხომ მართალნი ვართ და მართალნი. მაგრამ დედაკაცი ამას არ იზამს, ერთ გროშს მაინც მიაწვდის... მრწამს მე ეს და ამიტომ მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში, ისე სამსახურში... შენ როგორც გნებავს, იფიქრე; საჭიროა გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ...

ჰოი დედანო,
მარად ნეტარნო!

მეგობარო! მრწამს სიფლიდე დიპლომატიისა: როგორც უბეში გველი არ დაინდობა, ისე დიპლომატია, ავს აკეთებს თუ კარგს, მაინც ფლიდია მაინც. აი, ამას წინად რომ გამობრძანდა და წინ წამოიმძღვარა კაცთმოყვარეობა და... შეარიგა რუსეთი და იაპონია. რა იყო მიზეზი: კაცთმოყვარეობა, თუ სხვა რამე? მრწამს, რომ არა, აქ კაცთმოყვარეობა სათვალთმაქცო სიტყვაა, მიზეზი სულ სხვაა - ყველა დააფიქრა იაპონიის გაძლიერებამ. ყველა ჰგრძნობდა, რომ თუ ხარბინთანაც გაიმარჯვებდა იაპონია, რაიც მოსალოდნელი იყო, მაშინ ყველას, თვით ამერიკასაც, თითი უნდა მოეკაკვა იაპონიის წინაშე. არა გჯერა, რომ ეს ასეა? გამარჯვებული იაპონია კაი სიტყვებით, კაი რჩევით დასაჯეს და არანაკლები წილი ამ საქმეში უდევს თვით მოკავშირე ინგლისს. ამ რჩევაში აშკარად, ცხადად ერთი მხოლოდ ისა სჩანს: რუსეთს რაც ლახტი მოჰხვდა ეგ ეყოფა, და შენც, პატარა იაპონიავ, ძლიერ წინ ნუ გაიწევ, ნუ გაჰღონიერდები, რათა ჩვენც არ მოგვახვედრო იგივე ლახტიო.

დიაღ, მწრამს, რომ ყოველ ერს ჯერ თავისი თავი ენიაზება, თავისთვის უნდა კეთილი, თავის საქმეების მოწესრიგება ე. ი., როგორც ხალხი ამბობს: ყველა თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისათვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავადაც გამოადგება იგი. მხოლოდ ერთს ნაწილს ქართველებისას არა სწამს, რომ ეს ასეა და ესენი გახლავან “დასელები”, რომელნიც ქადაგებენ სხვა გავაბედნიეროთ, გავაძლიეროთ და ამით ჩვენც ძლიერნი შევიქნებითო. მოიგონე დასელების მოძღვრება დემოკრატიულ ცენტრალიზაციისა. გაძლიერებულის რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა! ნუთუ ძლიერი მეზობელი არ არის საშიში უძლურისათვის?! ნუთუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება გაძლიერებულს რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... ძლიერს ბატონს უძლური ბატონი სჯობია დამონებულთათვის. ვისა ჰშურს ძლიერება რუსეთისათვის? აგრეთვე არავის, ოღონდ წვრილს ერებსაც ჰქონდეს მიცემული საშუალება ამავე გაძლიერებისა... დღეს მთელი ქვეყანა ამას გაიძახის: დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გვინდა მოვიპოვოთ საღსარი ბედნიერების, სიმართლის მისაღწევად. მე კი ჩემად მრწამს, და შენც, ვიცი, არ იუარებ, რომ უხეირო დეცენტრალიზაცია სჯობია საუკეთესოდ მოწყობილს ცენტრალიზაციას. ეს რომ ასე არ იყოს, არც სპენსერები დაამჯობინებდნენ. (იხ. სპენსერის თხზ. “განვითარება პოლიტიკურ დაწესებულებათა”).

ვის არა სწამს, რომ მხოლოდ სრული თვითმართველობა გააბედნიერებს ხალხს, გაჰზრდის მის ენერგიას, გამოიწვევს და ააყვავებს მასში დამალულს ახალს ძალებს? - რომ აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას?! - რომ დედაენაზე სწავლება სრულჰყოფს, ზრდის, ავითარებს ყოველმხრივ მოზარდ თაობას?! ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი ოთხია და არა ოცი.

წყარო: სადღეისო წერილი მეგობართან: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები). თბ. "საბჭოთა საქართველო". 1964. გვ. 412-415

4.40 უსინათლო ლექსო

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ეკატერინე გაბაშვილი
უსინათლო ლექსო

I

ლექსო ხუთი წლის იყო, როდესაც ყვავილი დაერია ბერიკიანთ დიდ ოჯახს. ექვსი კვირის განმავლობაში დიდი თუ პატარა სულ ჭერეხებივით ელაგენ ლოგინში. რასაკვირველია, ლექსოც არ გადურჩა ამ საშინელ სენს, რადგანაც ისიც, როგორც მთელი ოჯახი, ყვავილს აუცრელი იყო. ავადმყოფობის პირველსავე დღეს ისეთი საშინელი სიცხე მისცა ლექსოს, რომ გონება დაეკარგა და მოჰყვა ბოდვას; სახეზე შავი ალმური ასდიოდა და ხელებს აქეთ-იქით აწყვეტდა.

იმისი დედა მელანო გაშრა მწუხარებისაგან, მაგრამ რას გააწყობდა, კალთაზე გადიწვინა თავისი ერთადერთი ბიჭუნა და თვალებში ჩაჰყურებდა დღე და ღამე. ავადმყოფი არცა სჭამდა, არცა სვამდა და მხოლოდ გულსაკლავად გმინავდა.

მარტის ნახევარი იყო, - ქარი, წვიმა, თოვლი სულ ერთმანეთში ირეოდა და კორიანტელს ადენდა დედამიწას. ბერიკიანთ ფარღალალა ხის დარბაზში მარტის გიჟი ქარი თავისუფლად ნავარდობდა და ყვავილით ავადმყოფებს სენს უფრო უძნელებდა. ერთ კვირაში ხუთი ბავშვი დაასაფლავეს ამათ ოჯახიდან; მელო თრთოდა შიშით და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გულში იკრავდა ლექსოს, რომ ესეც არ წაერთმია ყმაწვილების მუხთალს მტერს, ყვავილს.

ლექსო მთლად დასივდა, ტიკჭორასავით გაიბერა და სულთმაბრძოლი შეიქნა. მელანო თითქმის ნუგეშდაკარგული იყო ლექსოს გამობრუნებაზე, მაგრამ მექვსე დღეს ბავშვს ყვავილი დააყარა; დააყარა და რა დააყარა; ნემსის კუნწი აღარ დაეტეოდა იარებშუა. ყელი, ენა, თვალები რა არის, თვალებიც კი გამოეტენა ყვავილის წყლულებით.

მელომ იავნანას მოუხშირა და იმის იავნანა უფრო მოთქმას მიაგავდა, ვიდრე სიმღერას, - თვალებიდან შეუწყვეტელი მდუღარება სდიოდა დედას და შვილის უგრძნობელ სახეზე სცვიოდა.

მეთოთხმეტე დღეს ლექსო გამობრუნდა; სიცხე გამოელია და შიმშილი იგრძნო.

მელო სიხარულისაგან მთლად აკანკალდა და საჩქაროდ ჯამით რძე მოურბენინა. ლექსომ ჯამი ვერ დაინახა, ხელების პოტინი დაიწყო და სუსტი ხმით წამოიკნავლა: - დედა, სანთელი აანთე, ბნელა, - და თან ცდილობდა თვალები გაეხილა, მაგრამ ტყუილად - იმის ქუთუთოები ერთმანეთზე შეწებებულიყო, იარას შიგნიდან ემუშავნა და თვალის სინათლე მოესპო პატარა ბიჭისათვის.

- შვილო, ვერა ხედავ? ვაი შენს მშობელს! - საშინლად შეჰკივლა საწყალმა მელომ და ჯამი ხელიდან გავარდა.


II

გაზაფხული დადგა. მზემ თავისი სხივების სითბოთი ააყვავა არე-მარე. ტყე ფოთლით შეიმოსა, მინდორში ჯეჯილები ბიბინებდა და ზღვასავით მწვანედ ღელავდა. გუთნისდედის ოროველა და ფრინველთა ჭიკჭიკი ერთმანეთს ბანს აძლევდა. წყლის რუები, ღელეები, ზამთრისაგან გაყინული და შემდგარი, გალხვნენ, წყლით აივსნენ და სიხარულით მირბოდნენ. ისე მიეჩქარობდნენ, თითქოს, დიდი ხნის შეჩერების შემდეგ, უნდათ ბინას მალე მიაღწიონო.

სოფლის ხალხი გამომზევდა გარეთ, დათბა, მუშაობა დაიწყო, მხოლოდ საცოდავი, ორთავ თვალით დაბრმავებული ლექსო ვეღარ ეღირსა გაბრწყინებული ბუნების ნახვას. ხელმოკიდებული გამოიყვანდა ხოლმე დედა ლექსოს დერეფანში და ცრემლით სავსე თვალებით ეტყოდა: “აქ იჯექ, შვილო, უჩემოდ არ ადგე, თორემ წაიქცევი და იტკენ რასმე”.

ლექსო იჯდა უძრავად და მხოლოდ თავის ყურმახვილობას ატანდა ძალას; მალე მიეჩვია იმისი სმენა ყოველგვარ ხმაურობის გარჩევას. არ გამოეპარებოდა არც ჭრიჭინას ჩირიკი, არც ბეღურას ჭიკჭიკი, არც ფოთლების შრიალი, არც დუდუნა პატარა რუისა, რომელიც მათ კარებზე ჩამოწკრიალებდა და მხიარულად მიეშურებოდა თავის გზისაკენ.

მაგრამ ლექსო დიდხანს არ დაემორჩილა დედის დარიგებას და ცოტ-ცოტად დაიწყო სახლის გარშემო ბოტიალი; ბოსტანი, სათუთუნე, კალო-საბძელი მალე იპოვა და იქ ჯერ დიდი სიფრთხილითა და შემდეგ სრულიად თავისუფლად დაიწყო სეირნობა. შემდეგ სოფელთან ახლო მდებარე ტყეშიაც გადავიდა; იქ ლექსო გულაღმა გაწვებოდა ხოლმე მწვანეზე და მთელი საათობით ისმენდა მაღალი ხეების წვეროების რხევას, ფოთლის შრიალს და ათასგვარ საიდუმლო ხმებს ტყისას.

დათავთავებულ ყანებში გორვაც ძალიან უყვარდა ლექსოს და არც ყვავილებით მორთულ ველს აუვლიდა ისე, რომ კარგა ხნით შიგ არ ჩამჯდარიყო და თითის წვერებით არ ეძებნა ბალახებ შუა სურნელოვანი ია და ღრინჭოლას ტკბილი ღერო.

III

ათი წლის იყო ლექსო, რომ იმისი დედა, მელანო, გარდაიცვალა. დარჩა უბედური ბრმა უპატრონოდ და ობლად, მოაკლდა სამუდამოდ ტკბილი სიტყვის მთქმელი და მოალერსე მშობელი. იმისი ბიძის ცოლები საოჯახო საქმეებს და თავის ქმარ-შვილსაც ძლივს უძღვებოდნენ და პატარა ობოლი იყო ღვთის ამარად; არც არავინ დამბანი და არც არავინ დამკერებელი და დამრეცხი ჰყავდა.

ლექსოს ისედაც ძლიერ უყვარდა მარტოდმარტო სიარული და დედის სიკვდილის შემდეგ თითქმის მთელ დღეებს ატარებდა ტყე და ველში და შინ მხოლოდ პურის საჭმელად თუ შემოვიდოდა. მისი უსაქმურობა ოჯახს, რასაკვირველია, თვალში ეჩხირებოდა, მაგრამ ხმამაღლივ კი საყვედურს ვერავინ ეუბნებოდა. უფროსი ბიძა, გოგია, ყოველთვის მისი მოსარჩლე იყო და “ღვთის შვილის”* წყენას არავის დაუთმობდა.

- ღვთის შვილია, ღვთის შვილი, ჩემი ლექსო, ხელი არავინ ახლოთ! - სასტიკად ეტყოდა ხოლმე თავისი ბოხი ხმით დედაკაცებს გოგია და თავზე ხელს დაუსვამდა ორთავ თვალით უსინათლო ობოლს.

ერთ შემოდგომის დღეს სოფელ წაბლოვანში სავაჭრო მოიტანა ქალაქელმა ვაჭარმა, დარჩომ, და ბერიკიანთსა ჩამოხტა. საღამოზე, როდესაც სტუმარი და მასპინძელი კერის გარშემო ვახშამს შემოუსხდნენ, ვაჭარმა კუნჭულში შენიშნა პატარა ბრმა და იმისი ვინაობა იკითხა.

- ეგ პატარა ჩემი ძმისწულია, ორთავ თვალით ბრმაა და ობოლი, უბედური, - ამოოხვრით მიუგო გოგიამ ვაჭარს. ვახშამს შემდეგ ვაჭარმა გოგია კარზე გაიხმო და უთხრა:

- მაგოდენა ბიჭი აგრე ტყუილუბრალოდ რას გიგდიათ სახლში? ჭამის მეტს რას გიკეთებთ? მოდი, მე მომეცით მოჯამაგირედ, ტყუილი მჭამელიც მოგაკლდებათ და ცოტაოდენ ფულსაც ჩაგიჩხრიალებთ ჯიბეში.

- ორთავ თვალით ბრმამ რა მოჯამაგირეობა უნდა გაგიწიოს?

- მაგისი მე ვიცი, - ეშმაკურად გაიღიმა ვაჭარმა. —მე სიყმაწვილეში საზანდარი ვიყავი. კარგი სიმღერა და ჩონგური ვიცი. ერთ თვეში ისეთი სიმღერა და თარი ვასწავლო მაგ უსინათლოს, რომ ვინც გაიგონებს, თქვას, გიცხონდა ოსტატი-მასწავლებელიო.

- მერე თარი და ჩონგური მოჯამაგირეს რაში უნდა გამოაყენებინო? - ყეყეჩივით ეკითხებოდა გოგია დარჩუას.

- რაში უნდა გამოიყენოს? მაგას მერე შეიტყობ. ახლა მოდი ხელი ხელს დაჰკარი და შენი ძმისწული მე მომე. პირველ წელიწადს ხუთი მანეთი მოგცე, მეორეს - თუმანი, მერე - ორი თუმანი. ამასთან, ისე ჩავაცვა, ისე, რომ შენი მოწონებული. სულ წაღით და ჩექმებით ვატარო. ჰო, კიდევ პირობაც მოგცე, რომ გამოჩენილ ექიმს ვაჩვენო და თვალებიც ავახელინო.

- მართლა!? ოო, თუ მაგ საქმეს გვიზამ, ღმერთიც დაგიმადლებს და კაციცა. რას ამბობ, ადამიანო, თუ მაგ სიკეთეს დაგვავალებ, ჯამაგირი კი არა, ყმად გაგიხდი მაგ ერთ ბიჭსა და ის არი.

- მაშ, მაშ! ნამდვილად თვალებს ავახელინებ.

ასე, ამრიგად გოგია დაჰყვა ვაჭარს და ლექსოს ბედი სამუდამოდ გადაწყვიტა.

IV

ჩუღურეთის ბოლოში, იქ, სადაც ქალაქის ეს ნაწილი თავდება და იწყება ავლაბარი, ნახევარზე დანგრეულ ალიზის სახლში ცხოვრობს ვაჭარი დარჩო მარტირუზიანი. დარჩო სხვადასხვა ვაჭრობას ეკიდება, მაგრამ როგორღაც ბედი ხელს არ უმართავს და იმისი საქმეები ძლიერ უგვაროდ მიდის. ბრმა ლექსოს დანახვაზე წაბლოვანში, დარჩოს თავში ერთმა ფიქრმა გაუელვა და კიდეც შეუდგა იმის ასრულებას. ამან მოიფიქრა: ოთხ-ხუთ ბრმა ბიჭს შევაგროვებ, ვასწავლი სიმღერასა და ჩონგურსა და გავგზავნი ქალაქის სხვადასხვა უბნებში საგლახაოდ... და თავისი ახალი ხელობა ლექსოთი დაიწყო.

V

საწყალი სოფლელი ბიჭი, თავისუფლად აღზრდილი ბუნების უმანკო მკერდზე, ძნელად ემორჩილებოდა დარჩუას განზრახვას; ამას არც სიმღერა უნდოდა და არც ჩონგური, მაგრამ ძალა აღმართსა ხნავსო, რომ იტყვიან, ისე მოუვიდა უბედურ ლექსოს. პირველ გაკერპებაზე მისჯოხეს, მეორეზე - მთელი დღე მშიერი დატოვეს მესამეზე - კიდევ გასჯოხეს, კიდევ მშიერი დასტოვეს და ისიც მოტყდა, დაემორჩილა ბედისწერას.

დილით, ექვს საათიდან რვამდის, მთელს უბანში გაისმოდა დარჩოს ბოხი, დაჟღლილი ხმა და ლექსოც, ცრემლით სავსე თვალებით, იმეორებდა ოსტატის ნათქვამ კილოს. რვიდან კი ლექსო და დარჩუას უმცროსი შვილი გიქუა გაუდგებოდნენ ხოლმე ქალაქის დიდ ქუჩებს და დღეში ორმოც კარს მაინც მოივლიდნენ თავიანთი ჩონგურით.

შევიდოდნენ თუ არა გიქო და ლექსო რომელსამე ეზოში, ჯერ იმას შეიტყობდნენ, იქ რა ხალხი ცხოვრობდა, და მერე იმ ენაზე მომართავდა ლექსო თავის ჩანგსა. სასაცილო იყო, რომ სატირელი არ ყოფილიყო, ლექსოს უცნაური რუსული და უფრო სასაცილო - დამახინჯბული სომხური სიმღერა.

თავდახრილი, გაყვითლებული და შემკრთალი ლექსო ააკანკალებდა, როგორც თავისი ჩონგურის სიმებს, ისე თავის უთავბოლო და გაუგებარ ბაიათებს, და ყოველთვის ცდილობდა მალე შეეწყვიტა თავისი ნაძალადევი სიმღერა; მაგრამ გიქო გვერდში წაჰკრავდა მუჯლუგუნს და ისიც ჭყაოდა, ჭყაოდა იქამდე, მანამ სახლის პატრონი არ შეიბრალებდა უბედურ მომღერალს და არ გადმოუყრიდა გროშებს.

ასე დაწანწალებდნენ საღამომდის ეს საცოდავი ბავშვები და მხოლოდ ორ-სამ კაპეიკს თუ დახარჯავდნენ და გაბედავდნენ რითიმე დანაყრებას. საღამოზე დარჩო გულმოდგინედ გადასთვლიდა ხოლმე ლექსოს შეგროვილ გროშებს და, რაც უნდა კარგი დახლი დამდგარიყო, მაინც უსაყვედურებდა ბავშვებს, ფულის გაფლანგვას და ქურდობას დასწამებდა.

VI

ლექსო დიდხანს იყო სოფელში თავისუფლად და ისეთნაირად უყვარდა მინდვრის სიო, ტყის მყუდროება, წყაროს ანკარა, გემრიელი წყალი და გუთნისდედის სევდიანი სიმღერა, თავისი სოფლის გაშლილი არე-მარე, რომ ქალაქში გადმოსახლებამ ზნეობით მთლად დააძაბუნა. საშინელი იყო იმისი მდგომარეობა უფრო მით, რომ ლექსოს დაახლოებითაც ვერ წარმოედგინა, თუ სად იყო, რა ერტყა გარშემო და რარიგ ხალხში ტრიალებდა.

ქალაქის მუდმივი მოძრაობა და გმინვა აშინებდა, უგულო და მუდამ მტუქსავი სახლის პატრონები თავზარს სცემდნენ; მუდმივი, შეუწყვეტელი სიმღერა და კარი-კარ წანწალი სრულიად ძალას ართმევდა იმის, ჯაფის შეუჩვეველ, სხეულს. შემოდგომა და ზამთარი, როგორც იყო, საცოდაობით გააჩანჩალა ლექსომ და ზაფხულში კი სრულიად მოსწყდა. მის ზნეობრივ ტანჯვასა და წუხილს თავისი სოფლისათვის, დაემატა ტფილისის საშინელი სიცხე, სულის შემხუთველი ჰაერი, დუბელა, ნადგომი წყალი და თიბათვეში, ორმოცის კი არა, ორი კარის მოვლაც აღარ შეეძლო.

თუმცა დარჩო ბევრს ცემდა, გიქო ბევრს უყვიროდა და სიარულის დროს წინ ეწეოდა, მაგრამ მოძრაობა ლექსოსთვის შეუძლებელი შეიქნა და, როგორც ძირში მოჭრილი ხე, ისე დაეცა.

ლექსოს არც სიცხე ჰქონდა, არც ახველებდა, არც მუცელსა და თავს იტკივებდა, მაგრამ მთლად კი დადნა: მაგარ, მხარბეჭგაშლილ სოფლელი ბიჭის მაგივრად მუმიად იქცა; ეგდო დარჩუას სარდაფში, ერთს ნოტიო კუნჭულში, პატარა ხალიჩის ნაგლეჯზე, ლოგინის მაგივრად, და დღითი დღე უახლოვდებოდა სამარეს.

VII

დარჩომ რომ ნახა ლექსოს ამგვარი უიმედო მდგომარეობა, შეშინდა - იცოდა, გოგია არ აპატიებდა ამ დანაშაულს და საჩქაროდ დაიბარა ქალაქში.

თუმცა სოფლად გაცხარებული მუშაობა იყო, ჭირნახული მთლად შემოსატანი და გასალეწი ჰქონდა გოგიას, მაგრამ ყველას თავი დაანება და საჩქაროდ გამოეშურა თბილისისაკენ.

გოგიას სინდისი ძლიერ სტანჯავდა, რომ თავისი “ღვთის შვილი” ვიღაცა მაწანწალა ვაჭარს ანდო და გზაში ფიქრობდა, რომ ლექსოს ცოცხალს მივუსწროო. - ვაიმე, შვილო, თუ მშიერმა, მწყურვალმა და ხელმეორედ დაობლებულმა უცხო სახლში ვერ გასძლე და დამიჭლექდი!

ლექსომ იმ ღამეს, რა ღამესაც ბიძა უნდა ჩამოსვლოდა, საამური სიზმარი ნახა: ვითომ იმისი დედა მელანო კევრზე მოკეცილი იჯდა, კალთაში თავის ლექსოს თავი ედო და ტკბილი ხმით იავნანას ეუბნებოდა. ხარები ოდნავ მიათრევდნენ კევრს და საღამოს ნიავი სასიამოვნოდ უწეწდა ლექსოს ქოჩორს და უგრილებდა ოფლიან მხარ-ბეჭს. გოგიამ დაინახა რძლის ამგვარი ცუღლუტობა და თავისი ბოხის ხმით დაუშტიალა: მელანია, მელანია! ხარები გარეკე, კევრზე კი ნუ დაგეძინება, ხომ ხედავ, მზემ რა რიგად გადაიწიაო!

ლექსომ ამ სიტყვებზე გამოიღვიძა, წამოხტომა მოინდომა, მაგრამ სისუსტისაგან დაბარბაცდა და ძირს დაეცემოდა, რომ, ის იყო, რკინიგზიდან მოსულ გოგიას არ შეემაგრებინა.

- რა იყო, შვილო, რისა შეგეშინდა? - ტკბილი ალერსით უთხრა ბიძიამ ლექსოს და მხურვალედ გულში ჩაიკრა.

- ბიძია, ბიძია, შენა? მოხველ?.. - და ლექსო უღონოდ გოგიას გულზე დაეშვა.

- ნუ გეშინია, ჩემო ბიჭუნავ, ყოჩაღად იყავ, ღონე მოიკრიბე და ხვალვე ჩვენ ლამაზ წაბლოვანში წაგიყვან.

1890
წყარო: უსინათლო ლექსო: გაბაშვილი ეკატერინე: მოთხრობები (შემდგენელი იოსებ ბოცვაძე) თბ.; „ნაკადული“. 1983. გვ. 47-54

4.41 მაგდანას ლურჯა

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ეკატერინე გაბაშვილი
მაგდანას ლურჯა

მაგდანა ჯერ ძლიერ ყმაწვილი დედაკაცი იყო, როდესაც ქმარი მოუკვდა და ოთხი უსუსური ბავშვი ხელზე ულუკმაპუროდ დარჩა. ერთადერთი ძროხა, რომელიც ამის ბავშვებს ზაფხულობით ლუკმას უსველებდა, ქმრის დამარხვას მოუნდა და სხვა სანუგეშებელი ქვეყანაზე აღარა გააჩნდა რა. რა ექნა უბედურს ქვრივს? რითი გამოეკვება თავისი ობლები? სოფელი “მწირი”, სადაც მაგდანა ცხოვრობდა, იმისთანა უნაყოფო, უწყალოდ მოტიტვლებულ მინდორზე მდებარეობს, რომ იმის მცხოვრებნი დიდის ვაი-ვაგლახით შოულობენ დღიურ ლუკმას. და, აბა, ამგვარი მეზობლები რა ხელს გაუწვდენდნენ წვრილშვილს, უვაჟკაცოდ დარჩენილ ოჯახს.

ამ უბედურ და ბუნების მხრით განწირულ სოფელს მხოლოდ ერთი ბედნიერება სჭირდა: ქალაქზე ძლიერ ახლო იყო და იქ მცხოვრებნი გლეხები ამ ქალაქში შოულობდნენ სამუშაოს, ბაზარს გასასაღებლად, თუ რამ ნაწარმი გააჩნდათ გასასაღებელი. მაგდანასაც ამ სიახლოვემ უჩვენა გზა და ხელი მიჰყო იმისთანა საქმეს, რომელიც ძლიერ მძიმე და თითქმის აუტანელი იყო მისთვის. მაგრამ რას გააწყობდა, როდესაც ოთხი ბავშვის ტირილი: “დედა, პური, დედა პურიო!” - დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევდა და მშობელს გულს უფათრავდა.

მაგდანა სულ ერთი კვირის დაქვრივებული არ იყო, როდესაც მძიმე შავებში გახვეული, მაწვნის ქილებით ცალ მხარეზე და კარგა მოდიდო რძის კოკით მეორე ხელში, გაემგზავრა ქალაქისაკენ.

რძეს მაგდანა ყიდულობდა თავის მეზობლებისაგან, საღამოობით აყენებდა მაწვნად და მეორე დილაზე გაუთენებლივ გაუდგებოდა ხოლმე გზას. იქ, “იარმუკის” თავში, ტროტუარზე დაჯდებოდა, მოიხსნიდა თავის მძიმე ტვირთს, ჩამოამწკრივებდა სუფთად დახეხილ მაწვნის ქილებს, რძის ლიტრებს და თავჩაღუნული ელოდა მუშტარს.

პირველში საშინლად იტანჯებოდა საცოდავი ქვრივი, რომ ისე აშკარად, გაშლილ მოედანზე იჯდა ახალი მგლოვიარე, შავებით მოსილი და გამვლელ-გამომვლელს იწვევდა საყიდლად, მაგრამ მალე შეეჩვია, მყიდველებს ღიჭინიც კი დაუწყო, მეტადრე მაშინ, როდესაც მის გვერდით სხვა ბევრი ქვრივ-ოხრებიც გამოიჭიმა მაწვნის ქილებით, რძის ლიტრებით და მის ვაჭრობას შეეცილნენ.

მაგდანა იმდენს შოულობდა ამ ვაჭრობით, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო და ცარიელი ლუკმა მაინც მიეწვდინა თავის ობლებისათვის.

თუმცა სოფელი “მწირი” ქალაქიდან სულ ხუთ-ექვს ვერსზე იყო მოშორებული, მაგრამ ამ მცირე მანძილის გავლაც დღეში ორჯერ, მძიმე ბარგით ზურგზე, ისე სწყვეტდა საბრალო დედაკაცს, რომ ბევრჯერ შინ დაბრუნებული მაგდანა ორი-სამი საათით უღონოდ ეგდო დერეფანში და თავს დასჩხაოდნენ თავისი პატარები. მუდმივმა მძიმე ტვირთის ზიდვამ მარჯვენა მხარი ჯერ დაუიარავა და შემდეგ ისე დაუკოჟიჟდა, რომ ყოველი ბარგის აკიდებაზე მაგდანა სიმწარით ცრემლებს ჰყრიდა და უღონოდ წაიჩოქებდა ხოლმე, მაგრამ შემდეგ წამს პირჯვარს გადაიწერდა და გაუდგებოდა გზას.

დედის დაბრუნებამდე ოჯახს პატრონობდა მაგდანას უფროსი გოგო, თორმეტი წლის სოფო და ჩინებულადაც პატრონობდა. მანამ პატარა და-ძმას ეძინათ, დაჰგვიდა დარბაზს, კოკებს აავსებდა დილის წყლით, წიწილ-კრუხს საზრდოს მისცემდა და, როცა პატარები გაიღვიძებდნენ, დაჰბანდა ხელ-პირს, დახეხდა სახვალიოდ საჭირო რძის ჭურჭელს და პატარა ბავშვით ხელში გავიდოდა ბანზე. იქ მზის გულზე ჩუმად ჩხირკედელაობდა დედის დაბრუნებამდე. ქალაქიდან მომავალი გზა ამათი სოფლის წინ კარგა მანძილზე იყო გაშლილი და შემდეგ დაღმართში იკარგებოდა: დაინახავდა თუ არა დედას პატარა სოფო აღმართზე ამოსულს, ძირს დასვამდა თავის პატარა დას, სირბილით მიეგებებოდა დედას, ჩამოართმევდა ცარიელ ქილებს, ნაყიდ ხორაგს და ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა მშობელს ტვირთს.

მაგდანას აუტანელი გაუხდა ჯაფა ზაფხულში. მკათათვის მზის მწვავე სხივები ულმობლად სწვავდა საცოდავს თავ-პირს, ცეცხლს უკიდებდა მუდამ ფეხშიშველობით დაფათრულ ფეხებს და ერთი-ორად უგრძელებდა მანძილს; მაგდანა წამდაუწუმ ისვენებდა გზაზე. ბევრჯერ დაღალულ-დაქანცულს კიდეც მიეძინებოდა ჩრდილოში და საღამომდე ძლივს მიაღწევდა ხოლმე თავის სოფელს. რძის ყიდვა, ადუღება, მაწვნების შეყენება უგვიანდებოდა და ერთ პირს დაძინებასაც ვერ მოასწრებდა, რომ მამლები იყივლებდნენ, და ისევ ხელახლად გზას უნდა გასდგომოდა. ამის გამო ყოველდღე ქალაქში სიარული შეუძლებელი შეიქნა და ობლების საზრდომაც იკლო. სოფო და დედა ნახევარზე მშივრები იყვნენ და თავის წილ ლუკმას პატარებს უზოგავდნენ.

მარიამობის თვეში, ერთ საშინელ ცხელ დღეს, მაგდანა ჯანმიხდილი, საშინელი ქშენით და ოფლში გაწუწული ავიდა იმ აღმართზე, საიდანაც სწორე გზა იწყებოდა სოფლამდე, და ძალიან გაუკვირდა, რომ სოფო ჩვეულებრივ არ მოეგება და შიშით გული გადმოუქანდა.

- ვაიმე, შვილებო! - გულში ხელი ჩაიკრა და თითქმის სირბილით მიიჭრა სახლში. იმისი შვილები და სოფლის გოგო-ბიჭები დერეფანში დიდი ღრიანცელით თავს რაღაცას დასტრიალებდნენ; მაგდანამ მისწი-მოსწია ბავშვების გროვა და გაოცებული შედგა: მიწაზე დაცემული სახედარი იწვა, კისერი საცოდავად გადაეგდო და მძიმედ ქშინავდა, მაგდანას სახეზე ღიმილმა გადაჰკრა და ბავშვები მირეკ-მორეკა. შემდეგ დიდის გულისხმიერებით გაუსინჯა სახედარს წელი, ფეხები და რა დარწმუნდა, რომ სახედარს მოტეხილი არა აქვს რაო, უფრო ტკბილად გაიღიმა.

- დედა, იცი, მიხას ეგ ვირი გზის ნაპირას ენახა; დამიძახა და რის ვაი-ვაგლახით მოვაგდეთ შინამდინ. ის იყო უნდა დამება და ბალახზე წავსულიყავ, რომ საცოდავი დატორტმანდა და ძირს დაეცა. მე ყვირილს მოვყევი, გოგო-ბიჭები შემოცვივდნენ და აი ზედ დატანებაზედ შენც მოხვედი.

- ოჰ, შვილო, თუ სახედარი გამობრუნდა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს! აბა, წადი ჩქარა ბატონიანთ სათივეში, ღობის გვერდებში მიგლიჯ-მოგლიჯე მწვანე, სულ ნორჩი ბალახი და საჩქაროდ მოირბინე.

მაგდანას სულ დაავიწყდა, რომ დაღალულ-დაწყვეტილი იყო და საჩქაროდ სახედრის მოვლას შეუდგა. გაათბო წყალი, გადაგლეჯილი და დაიარავებული ზურგი მოჰბანა, ნავთში გავლებული ჩვარი დააფარა, შეკრული კრიჭა გაუხსნა და ცივი წყალი ჩაასხა. შემდეგ მარილმოყრილი ლუკმა ჩაუდო და გადასავსავებული პირუტყვი მოაბრუნა. ამასობაში სოფოც მოვიდა მწვანე ბალახით დატვირთული და ვირს ალერსით წინ დაუყარა.

ორი კვირის შემდეგ, როდესაც სახედარმა იმდენად მოიხედა, რომ შეეძლო ტვირთის აკიდება, მაგდანამ ერთიორად მეტი რძე იყიდა, ერთიორად მომეტებული მაწონი შეაყენა, მეზობლებისაგან ორი დიდი გოდორი ითხოვა, გადაჰკიდა თავის ბედაურს, შიგ მჭიდროდ ჩააწყო თავისი ქილები და გაუდგა ქალაქის გზას. დღეს ვერავინ იცნობდა მაგდანას, ისე გაღიმებული, ბედნიერებით სავსე იყო იმისი შეხედულება. ჩვეულებრივ ტვირთქვეშ მოხრილი კი აღარ მიბობღავდა, არა, ამაყად აბიჯებდა და მხიარულად შესცქეროდა თანაშემწე - ლურჯა სახედარს და მის გარშემო სიხარულით მხტუნავ თავის ბავშვებს.

- დედა, დღეს ხომ უფრო ადრე ჩახვალ ქალაქს? - ღიმილით ეკითხებოდა მაგდანას მისი პატარა მიხა.

- რასაკვირელია, შვილო, ადრე კი არა, ერთიორად ადრე ჩავალ და შუადღემდე იქნება კიდეც მოვბრუნდე.

- რას ამბობ, დედა, შუადღემდე! იქნება საღამომდინაც ვერ მორჩე მაგოდენა მაწვნის გაყიდვას; მთელი სოფლის ქოთნები მათხოვნინე წუხელ, - უთხრა სოფომ დედას.

- გაყიდვისა კი აღარ მეშინიან, ამ ოთხ-ხუთ დღეში, შვილო, იმოდენა ხალხი გავიცანი, იმდენი მუშტარი ვიშოვე, რომ ფიქრი არ არის, მალე დავაცარიელებ მაგ დიდ გოდრებს. მერე ვერა ხედავ, რა ცხელ დღეს იჭერს? მაწვნის მეტს რას შესჭამს ამ პაპანაქებაში ვაჭარი კაცი?! ახლა კი დაბრუნდით, შვილო, დაიღლებით.

- არა, დედი, არა, დაღმართამდის მიგაცილებთ და იქიდან გიყურებთ, როგორის გოგმანით წავა ჩვენი ლამაზი ლურჯა. რა ლამაზი თვალები აქვს, დედა, შავი, ჭკვიანი! მაგრამ ისევ ისე დაღონებული კი გამოიცქირება, როგორც მაშინ, დავარდნილი რომ ვიპოვეთ. ახლა ხომ აღარა შიან, დაღონებული რაღად არის?

- რა ვიცი, შვილო, ვირის ჯიში აგრეა, სულ დაღონებულნი არიან ვირები, თავს მაღლა თავის დღეში არ აიღებენ. მაძღრობა ვირს მარტო კუნტრუშზედ ეტყობა, და განა არა ნახე, გუშინ ჩვენი ლურჯა მინდორზედ როგორ კუნტრუშობდა?

- ხა,ხა,ხა, როგორ დაკუნტრუშობდა გოგიანთ ვირებთან! - გადაიხარხარეს პატარებმა, - მანამ მოხვალ, დედი, იმდენ ბალახს მოვუტანთ, იმდენს, რომ სულ შიგ ჩაიფლოს ჩვენი ლურჯა, - ხტუნვით და აღტაცებით შესჭიკჭიკებდნენ მაგდანას შვილები.

მართლაც, მაგდანას ღმერთმა მოჰხედა, სახედრის წყალობით იმისი საქმე კარგად წავიდა; რძისა და მაწვნის გარდა, მაგდანამ ხანდახან კვერცხს და ქათამსაც დაუწყო ყიდვა. მაგდანა ყოველთვის პატიოსნად ვაჭრობდა, რძეს და მაწონს წყალს არ ურევდა, ჭურჭელი, სოფიოს წყალობით, ყოველთვის მშვენივრად ჰქონდა დახეხილი და ამის გამო მუდმივი მუშტარი ბევრი გაიჩინა ქალაქში. გარდა ამისა, რომ მაგდანასგან ვაჭრობდნენ, იბრალებდნენ კიდეც იმის ობლებს და აძლევდნენ იმათთვის ნახმარ ტანისამოსს, ფეხსაცმელს.

შემოდგომამდე მაგდანამ დღიურ ლუკმას იმდენი გადაარჩინა, რომ შეეძლო ცოტაოდენი საწვრიმალო ეყიდნა და, როდესაც სოფლის საქონელი გაშრა და რძე აღარ იშოვებოდა, საწვრიმალოს ყიდვა დაიწყო; მიეკედლა ერთ მეწვრიმალე ხნიერ დედაკაცს, იმასთან სანახევროდ სავაჭრო იყიდა, წამოჰკიდა თავის სახედარს და წავიდნენ მთიულებში სავაჭროდ. ამ ვაჭრობით ორი-სამი ტომარა ფქვილი მოუმზადა საზამთროდ შვილებს, სახედარს - ბზე და ცოტაოდენი ქერი. ახლა კი დაისვენა, დაუბრუნდა თავის შვილებს, ცეცხლი ააბოლა თავის კერაზე. ზამთრის დიდ ღამეებში მაგდანა ცეცხლის პირას იჯდა განუშორებელი მატყლის წინდით ხელში და თან თავის შვილებს უამბობდა ქალაქის ამბებს, თავის თავგადასავალს, თავის ვაჭრობის უცოდინარობას პირველში.

- გამოცდილება კარგი ყოფილა, შვილო, - დარბაისლურად მიუბრუნდებოდა ხოლმე მაგდანა თავის ჭკვიან გოგონა სოფოს, - პირველად რომ მაწვნით ვაჭრობა დავიწყე, ყველა მასხარად მიგდებდა, ყველა ცდილობდა ჩემზე წინ წამდგარიყო, რათა უფრო მალე გაესაღებინა თავისი სავაჭრო და მე კი, ბეჩავი, ჩუმად აბუზული, უკან ვრჩებოდი. ბევრჯერ მტრობით ავმა სულებმა მიწა გადამიყარეს მაწვნებზე. ბევრჯერ განგებ დამეჯახნენ და დამაქცევინეს, მაგრამ მეც თვალი გავახილე, მეც მივხვდი, რომ ყველაფერში გამარჯვება სიმარჯვესა და სიმხნევეზეა და ხმა ამოვიღე. მივიძარ-მოვიძარ. მეტადრე როცა მომაგონდებოდა, რომ თქვენ აქ უპატრონოდ, მშივრები, ტიტვლები ეყარენით, ცეცხლი მომედებოდა ხოლმე გულზე და მაშინ ვინ იყო ჩემი წინ წამომდგომი. მე ყველაზე წინ გავრბოდი, მე ყველას უფრო მომეტებულად შევღიჭინებდი, რომ ჩემი რძე-მაწონი ეყიდნათ და ლუკმა ამით ვიშოვე.

ნააღდგომევს, როდესაც სოფელში ისევ გახშირდა წველა, მაგდანამ გაამზადა თავისი ბედაური, თავისი მაწვნის ქოთნები და გაუდგა ქალაქის გზას. მხიარულად მიერეკებოდა თავის ლურჯას და თანაც ღიღინებდა. მაგდანას გული იმედით იყო სავსე: “სააღდგომოდ შვილები ვერაფრით გავახარე, თითო ჩითის პერანგიც ვერ ჩავაცვი და ახლა მაინც ვუყიდი რასმე. სოფოს, ჩემს იმედს, ჩემს ჭკვიან გოგონას, წითელ ფოსტლებს ამოვუტან. ენაცვალოს დედა, მე შენ გითხრა, ჩემს პატარებს უჩემობას შეამჩნევინებს: ისე დაჰგურგურებს, როგორც კარგი დამზნილი დედაკაცი... ჩემს ვაჭრობას უფრო მოუმატებ, იქნება ორიოდე გროში მივაგდო სოფოს სამზითვოდ. დერეფნის შუა ბოძი ძლივს იმაგრებს გასაყარ ხესა. იმასაც გამოცვლა უნდა”...

ამ ფიქრებში გართული მაგდანა მიუახლოვდა ქალაქს. ის-ის იყო მზემ თავი ამოჰყო და მშვენივრად გააჩაღა ვერის ბაღები, პატარა ვერის მომჩქეფარე წყალი და უზარმაზარ სარკესავით აალაპლაპა მტკვრის მდორედ მოძრავი ზემოთა პირი. ახლად გამოღვიძებული ქალაქის ხმაურობა გუგუნივით მოისმოდა, შეშის ურმები, აგურის პოვოსკები, ფურგუნები ერთიერთმანეთში ირეოდა; მებაღეები მწვანილით დატვირთული სახედრებით, მერძევე დედაკაცები კოკებით, კინტოები თაბახებით თავზე მიეშურებოდნენ, გარბოდნენ, რომ ბაზარში არ დაგვიანებოდათ. მაგდანამაც ორიოდე სახრე გადაჰკრა თავის ლურჯას და ფეხი ააჩქარებინა.

მაგდანა რომ ვერის აღმართს ავიდა, იმის პირდაპირ საშინელის სიჩქარით გამორბოდა მთელი ჯოგი სახედრებისა. იმათი პატრონი, მთლად შემურული მენახშირე, მშვენიერ იორღა ჯორზე იჯდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიერეკებოდა. ერთმა ვირმა წამოჰკრა გვერდი მაგდანას მაწვნის გოდორს და მთლად შეარყია. მაგდანა გაანჩხლდა და მენახშირეს წყევლა დაუწყო: “კისერი მოგტყდეს, კისერი, შე ღვთის მუხანათო! რაზე დამღუპე და დამაქციე! დოსავით გათქვეფილი მაწონი ვიღასთან უნდა მივიტანო?”

მენახშირემ მხოლოდ ახლა მოიბრუნა კისერი ამისაკენ და უცბად შედგა, საჩქაროდ გადმოხტა ჯორიდან და მაგდანასთან მიიჭრა: “დედობილო, ნუ კი იწყევლები ემანდა და, აბა მიბრძანე, ეგ სახედარი შენ ვინ მოგცა”.

მაგდანას მუხლები მოეკვეთა, პირზე მკვდრისფერი გადაედო და ხმის კანკალით ძლივს წაილუღლუღა:

- მინდორში დავარდნილი ვიპოვე, სული ამოსდიოდა და მოვაბრუნე.

- “დავარდნილი, სული ამოსდიოდა”, - გააჯავრა მენახშირემ მაგდანას. - ვინ გეხვეწებოდა მოაბრუნეო? მინდორში მე იმისათვის კი არ მივანებე თავი, რომ შენ მოგეპარა! სხვა სახედრებს ჩამორჩა, მე მეჩქარებოდა და თავი იმიტომ დავანებე; მეორე დღეს ტყიდან უნდა ჩამომევლო, წამეყვანა და რა გაგიშვია, რას ეძებ? თურმე რომ შენ მიგიჩქმალავს, შე არამზადავ, შენა, ახლავე მომე, თორემ ეგ არის შუაზედ გაგგლიჯე!.. მოხსენ ეგ შენი ქოთნები, თორემ ლუკმა-ლუკმა დაგიმტვრევ! “სუდში” წაგათრევ და ქურდობისთვის ციხეში დაგალპობინებ!..

მაგდანამ დაინახა, რომ ობლების საზრდო, იმედი ხელიდან ეცლება, საშინლად გააფთრდა, გოდრებს ზედ გადაეფარა, წივილ-კივილს მოჰყვა და, რაც ჯანი და ღონე ჰქონდა, იგერიებდა გაცოფებულ მენახშირეს.

- ვერ წამართმევ, ვერა! ეს ჩემი ნაპოვნია, ჩემი გამოკვებილია ზამთარში, ჩემი შვილების ნუგეში ეს არის, ვერ წამართმევ! მომეცალე, მომეცალე, თორემ თვალებს გამოგაწიწკნი, თავს აქ მოვიკლავ და არ დაგანებებ კი!

- იქით, იქით! ხელი აიღე, თორემ ეს არის მოთმინება დავკარგე! შენისთანებმა უნდა მაჯობონ, შე მასხარავ? იქით-მეთქი, გეუბნები! ცოდვაში არ ჩამაგდო, წიწილასავით არ წაგახრჩო! ნაპარავი ვიპოვე, შე არამზადავ, შენა, და კიდეც მიძალიანდები? რატო სირცხვილით თვალი არ გისკდება და დედამიწაზე არ დავარდები! იქით, იქით-მეთქი!

- არა, არა! ჩემი ცოცხალის თავით არ დაგანებებ. ჩემია, ჩემი, არ მომიპარავს. განა, ურჯულოვ, შენ თვითონ არ იცი, რომ არ მომიპარავს? მთელმა ქვეყანამ იცის, “ტარშინა”-მამასახლისთან გამოცხადებული მაქვს. ღმერთმა აჩუქა ჩემს ობლებს და შენ უნდა წამართვა? არა, ვერ წამართმევ, ვერა!

მაგდანას თავშალი გადაუვარდა, თმები ჩამოეშალა და გაეწეწა, პირზე მკვდრის ფერი დაედო, შუბლზე ცივი ოფლი ჩამოსდიოდა, იმის მუდამ წყნარ ხმას მრისხანება მიეცა, მკლავს - საშინელი ძალა, და ყმაწვილს, ლომივით მენახშირეს, კინაღამ აჯობა.

ამასობაში პოლიცია გაჩნდა, ჩხუბის მიზეზი გამოიკითხა და მენახშირე ამ სიტყვებით გაისტუმრა: წართმევა არ იქნება, წადი, სუდში იჩივლე, იქ გაარჩევენ საქმეს და, სახედარი ვისიც არის, იმას მისცემენო.

მაგდანამ სული მოიდგა, თავშალი მოიხვია, ტანისამოსი გაისწორა და თავჩაღუნული და შემკრთალი, რომ ამოდენა ხალხმა ამის გაანჩხლება დაინახა, იარმუკისაკენ წავიდა.

მშვენიერი, წყნარი, მთვარიანი ღამეა. მაგდანა თავისი ოთხი შვილით ვახშამს მოსჯდომია ეზოში, წინ პურჩაყრილი მაწვნით სავსე ტაფა უდგათ, მაგრამ კი არავინ სჭამს. იმათ მოშორებით, ბაკის ღობესთან გამობმული ლურჯა კი მადიანად ახრამუნებს მწვანე ბალახს. მაგდანა მწარედ ჩაფიქრებული შესცქერის მთვარეს და თვალები ცრემლებით ევსება. ვინ იცის, რითი გადაწყდება ხვალ იმისი საქმე. წაართმევენ ერთადერთ სახსარს ცხოვრებისას - ლურჯას, თუ შეიბრალებენ ამის წვრილშვილს და არ გასწირავენ? ოხ, ღმერთო, სად არის შენი სამართალი! მომხედე მე საცოდავს, ჩემს საბრალო ობლებს! განა ლურჯა მართლა ჩემი არ არის? განა მართლა მე და ჩემი შვილები ამის მოვლაში და საზრდოს ზრუნვაში არ ვიყავით!.. რო წაგვართვან, რაღა გვეშველება! ისევ უნდა წელში მოვიხარო და ოთხფეხ პირუტყვსავით ზურგით უნდა ვზიდო რძე და მაწონი! ოხ, ოხ, ღმერთო, ღმერთო! შენ იყავი ჩემი მფარველი - და მაგდანას გადმოსცვივდა მწარე მდუღარება.

- დედა, რათა სტირი? - უთხრა დედას გულამომჯდარმა სოფომ, - იქნება “სუდებმა” ჩვენ გვარგუნონ, წინადვე გულს რად იხეთქავ?

- დედა, მოდი, მე ზედ შემსვი, - ტირილითვე უთხრა მიხამ, - და მანამ არ მომკვლენ, ძირს არ ჩამოვალ.

- შე საწყალო, შენა! მანამ არ მომკლავენო! შენ რა ხარ, შვილო, რომ შენი მოკვლა რა იყოს? პანტასავით იქით გადაგისვრიან და ბევრსაც გირტყამენ.

- მაშ, მოდი, დედა, მთიულებში წავიყვანოთ და იქ დავმალოთ, - იმედს არ ჰკარგავდა პატარა მიხა.

- დედა, პური ჭამე, გეთაყვანე, ღმერთი მოწყალეა! გუშინ ნოზაძიანთ ნინიკა ამბობდა: მთელი სოფელი უმოწმებს, რომ მკვდარი მოაბრუნაო. მაგდანას დამალვით ხომ არ დაუმალავს, საქვეყნოდ “ტარშინას” გამოუცხადა, რომ თუ ზამთარში გამოვკვებავ, მერე აღარავის დავანებებო. ან ვის გაუგონია დავარდნილი სახედრის უკან დევნაო, ეგ გზა სულ მენახშირეებით არის გათელილი, მაგის მეტი რა გვინახავსო? დავარდნილი სახედრები ბევრი გვიპოვნია, ბევრი მოგვიბრუნებია, მაგრამ პატრონს ხმაც არ ამოუღიაო.

- ეგ მეც ვიცი, შვილო, მაგრამ, ვინ იცის, “სუდიები” “კანცელარიაში” რა ქეიფზე იქნებიან, ვისას უფრო გაიგონებენ. მენახშირე ფულით არის გატენილი, მე უბედური გლახა ვარ და გლახისას ვინ რას შეიწყნარებს.

- არა, დედილო, არა, ჩვენ ლურჯას ვერავინ წაგვართმევს, - ქვითინით წამოხტა პატარა მიხა და მივარდა სახედარს: - არა, ლურჯავ? შენ ნუ წაჰყვები იმ ოხერ მენახშირეს, ნუ წაჰყვები, შენი ჭირიმე! - და ამ სიტყვებთან ერთად ორივე ხელით შემოეხვია ლურჯას კისერზე.

მეორე დღეს მაგდანამ თავზე ხელი გადაუსვა თავის ლურჯას, დიდხანს ჩასცქეროდა ტკბილ, დაღონებულ თვალებში და თავი გაიქნია: —განა ასეთი იყავ ამ რვა თვის წინათ? განა ასე გიბზინავდა აქა-იქ ამოგლეჯილი შენი ლურჯი ბალანი, ჩემო ლურჯავ? განა მენახშირე ისევ ისე არ გადაგაძრობს ჩემს მორჩენილ ბეჭებს? ნეტა ლაპარაკი მაინც იცოდე, რომ შენა გკითხონ, თუ ვის აირჩევდი პატრონად. - ლურჯაც თითქოს გრძნობდა თავის განსაცდელს და, რაც შეეძლო ზედ ეკვროდა თავის პატრონს.

მაგდანამ კარგად მოუარა თავის ბედაურს, კურტანიც კი აღარ დაადგა, რომ ყველას ენახა, რა რიგად იყო მოვლილი მისი ლურჯა. კისერზე თოკი გამოაბა და, რომ შვილების ტირილი და ვაგლახი აღარ ენახა, გაუთენებლივ გაუდგა გზას. ჯერ სოფლის “კანცელარიაში” ჩამიჩუმიც არ იყო, რომ მაგდანა თავისი სახედრით იქ გამოცხადდა.

სოფო, მიხა და ორი პატარა მთელი დღე ბანზე ისხდნენ. არც ერთს იმათგანს მთელი დღე ხმა არ ამოუღია. თითქმის არა უჭამიათ რა და მხოლოდ გზას გასცქეროდნენ. მზემ კარგად გადაიწია და მაგდანა კი არსად ჩანდა.

ბავშვები სასოწარკვეთილებას მიეცნენ. სოფო, რაც ძალი და ღონე შერჩა, კიდევ ნუგეშსა სცემდა პატარებს. თუმცა თვითონ მთლად კანკალებდა მოუთმენლობით.

მზე ჩავიდა და აგერ გზის პირად გამოჩნდა მაგდანას შავი თავშალი. კიდევ ერთი წამი და მაგდანა, წელში გაშლილი, პირმოღიმარი, თოკით ხელში ლურჯას წინ მოუძღოდა და თავისი მოწმეებით გარშემოხვეული მოუახლოვდა სოფელს. მაგდანას შვილები სახედრის დანახვაზე მთლად გადაირივნენ: ტიროდნენ, იცინოდნენ, ხტოდნენ, გარბოდნენ, უკან ბრუნდებოდნენ და ისევ გარბოდნენ. ბოლოს ოთხივე წივილ-კივილით ვირს მოეხვივნენ, ჰკოცნიდნენ, ზედ ახტებოდნენ და უალერსებდნენ.

- კარგით, შვილო, კარგით! ხომ ხედავთ, ლურჯა ჩვენ გვარგუნეს. სოფო, შვილო, გაიქე სახლში, ცეცხლი გააჩაღე, ამ პატიოსან მოწმეებს უნდა გავუმასპინძლდე.

მაგდანა თავის მოწმეებს გულუხვად დაუხვდა. ღვინო და არაყი ბლომად მიართვა, კარგი ჩასუქებული დედალიც დაუკლა და შუაღამემდის იმის ერდოდან, წუხანდელი ტირილის მაგივრად, ჰარიარალეს ხმა ამოდიოდა.

1890
წყარო: მაგდანას ლურჯა: გაბაშვილი ეკატერინე: მოთხრობები: თბ.; „საბჭოთა საქართველო“. 1983. გვ. 47-54

4.42 ხატაური ჩემია!

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ეკატერინე გაბაშვილი
ხატაური ჩემია!

სვიმონიანთ ეზოში გაზაფხულის ერთს მშვენიერ დილას საიდგანღაც გამოღონღიალდა პატარა, გამხმარი, ტურტლიანი, თვალებ¬ამოწირპლული კატის კნუტი. შიმშილისაგან ძლივს დალასლასებდა. ივანიანთ სამზარეულოდგან მწვადის სუნი ეცა და იქითკენ გაემართა, მზარეულს საცოდავად შეჰკნავლა, მოწყალება სთხოვა. მზარეულმა ქაფქირი მოუღერა და ეს საცოდავი მშიერი კარში გაუძახა.

კნუტი მეორე მეზობლის ღია ფანჯარასთან აკნავლდა. დიასახლისმა საშინელი, მწუხარე, მისუსტებული კნავილი რომ გაიგონა, ფანჯრიდგან გამოიხედა, მაგრამ წირპლიანი, ტუტყიანი კნუტი რომ დაინახა, ზიზღით გააფურთხა და შეჰყვირა:

- აცხა, აცხა, შე ოხერო! იქით დაიკარგე, ქეციანი იქნები...

ციცუნა ახლა სხვა ღია კარს მიადგა, მაგრამ იქაც დაუტატანეს და გამოაგდეს. თავჩაღუნული, შეწუხებული, შიმშილისაგან ილაჯგაწყვეტილი დაჯდა უკანა ფეხებზედ შუა ეზოში და საშინელი კნავილი გააბა.

მაღლა აივანზედ პატარა მარო იდგა, გემრიელი ნაზუქის ყუას ძმუძნიდა და აქეთ-იქით იცქირებოდა, თან რაღაცას ღიღინებდა. კნავილზედ დაბლა ჩაიხედა, დაინახა საბრალო მშიერი არსება და თავისის ბავშვურის გულით მიხვდა იმისს მწუხარებას. საჩქაროდ მოუტეხა ნახევარი თავისის ყუისა და გადაუგდო.

კნუტი გიჟივით მივარდა ლუკმას. ფაცაფუცით, თითქმის დაუღეჭავად გადაყლაპა და ისევ შეჰკნავლა თავისს პატარა მოწყა¬ლეს.

მარო მზარეულ დედაკაცთან გაექანა, პატარა ხორცის ნაჭერი სთხოვა კატისთვის. დედაკაცმა გადახედა ‘‘ქეციანს’‘ და დაუტატანა:

- აცხა, აცხა! შე ოხერო!

მერე მარიკოს დარიგება მისცა:

- ხელი არ ახლო, ხელი არ ახლო, გენაცვალე, თორემ კატისა¬გან ხელებზედ ქეცი გადაგედება, შენც ქეციანი შეიქნები და ახლო აღარავინ მოგეკარება!

მარო დაღონდა, ქეცის გადადებამ შეაშინა და შინ შებრუნდა.

მეორე დილით ‘‘ქეციანი’‘ კიდევ აკნავლდა სვიმონიანთ ეზოში, კიდევ ყველამ შეთათხა და უმოწყალოდ გააგდო. მარომ კი ვერ მოითმინა, დედის და მზარეულის ჩუმად ერთი დიდი ნაჭერი, გუ¬შინდელი სადილის ნარჩენი, შემწვარი ხორცი გამოიღო განჯინიდან და საბრალო მშიერს გადაუგდო.

კნუტი ხორცის დანახვაზედ სიხარულით გადაირია. მოიტაცა და ისე დაბღუჯა, თითქო ართმევს ვინმეო, ბრჭყალებში მოიგდო, თვალები გიჟსავით დააჭყიტა, აიბურძგნა, ფხუკუნ-ბღუილი დაიწყო, უკან-უკან დაიწია და მერე საშინელის სისწრაფით სახლის სახურავზედ შეხტა და თავისის ძვირფასის ნაშოვნით მიიმალა.

მესამე დღესაც ეწვია ციცუნა ეზოს, მაგრამ ახლა სხვას აღარავის მიმართა, _ პირდაპირ აივნის წინ ჩაცუცქდა და კნავილი დაიწყო. მარო მალე გამოვიდა და თავისის მოწყალე ხელით სავსე ლამბაქი რძე და ქადის ნატეხი გამოუტანა.

მთელი ორი კვირა კნუტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს აკნავლდებოდა და მაროც მაშინვე საზრდოთი იქ გაჩნდებოდა.

პატარა ქეციანი გასუქდა, თეთრი და მოწითალო ზოლებიანი ბეწვი დაეწმინდა, წირპლიანი თვალები სრულებით მოეწმინდა. თავჩაღუნული აღარ იყო და, სუსტი ლასლასის მაგივრად სულ კუნტრუში დაიწყო; მაროს დანახვაზედ გაექანებოდა, შეახტებოდა, დაუწყებდა თამაშობას, კრუტუნით მიუს-მოუსვამდა თავს მაროს ხელებზედ და თვალებში შეაჩერდებოდა ხოლმე სიხარულით გაბრწყინვებულის მწვანე თვალებით.

მაროს ჯერ ეშინოდა ქეცის შეყრისა, მორიდებით იყო, ვერ ბედავდა ხელში აეყვანა. მაგრამ კატის ალერსმა მალე დაავიწყა სიფრთხილე. კატა და ბავშვი დიდად დამეგობრდნენ. ციცუნა ახლა უფრო ხშირად მოდიოდა, მერე აღარც კი იმალებოდა სახლის სახურავში და ერთს მშვენიერ დღეს მაროს ოთახშიაც კი გაბედა შესვლა.

მარომ სიყვარულით აიყვანა ხელში, ყელზედ ლურჯი ლენტი შეაბა, მაგიდაზედ ლამბაქით რძე დაუდგა და იმისს სლაპა-სლუპით რძის თქვლეფას სიხარულით შეჰყურებდა. მერე ძაფზედ დახვეული ქაღალდი გამოაბა, გაუქნივ-გამოუქნია. კატა წამოხტა, გამოეკიდა ქაღალდს, დაიჭირა,

მერე მაღლა ააგდო თათებით და ისევ დაიჭირა. იმისი ყველა მოძრაობა ისეთი ცქვიტი და მოხდენილი იყო, რომ მარო ხმამაღლა ხარხარებდა.

- რა ამბავია, რა გახარხარებს, გოგონაჯან! - ამ სიტყვებით შევიდა მაროს ოთახში დედა და თვითონაც პირს ღიმილი მოუვიდა მშვენიერი ხატაურის ცელქობაზე.

- რა კარგი ციცუნიაა, რა მშვენიერი ზოლები აქვს, სწორედ ვეფხვსა ჰგავს! ვინ გაჩუქა, გენაცვალოს დედა?

- ხატაური ჩემია! მე თვითონ ვიპოვნე, მოვარჩინე! ხედავ, დედაჯან, ქეციანი აღარ არის, აღარც თვალები სტკივა! ახლა ხომ შეიძლება ყოველთვის ჩემთან იყოს?!

- ‘‘ქეციანი!’‘ ნუთუ ეგ ის წირპლიანი, მოთხუპნული კნუტია, მთელ ეზოს რომ კნავილით აბეზრებდა თავს?

- ის არის, დედა, ის! ხომ ხედავ, როგორ გავასუქე, როგორ გავახარე. ახლა აღარ კნავის, აღარ დალასლასებს! სულ ხტის, თამაშობს, მალაყებს გადადის. არა, ჩემო ფისო, ჩემო ციცუნია?! აბა, ერთი ჰეი, გელდი. აბა, ერთი! _ შეჰყვირა მარომ, ძაფგამობმული ქაღალდი გადაუგდო და ციცუნიაც შეხტა, შეითამაშა, გაიქც-გამოიქცა, გადმოხტ-გადახტა და თავისი კეკლუცი მოძრაობით და ქესკუმობით მაროსთან ერთად იმის დედაც გაახარა.

დედამ შვილი გულში ჩაიკრა და ტკბილი ალერსით წაუტუტუნა:

- ღმერთმა ქნას, ჩემო მშვენიერო, რომ ბოლომდის შეგრჩენოდეს ეგ მოწყალე გული!

1906
წყარო: ხატაური ჩემია!: გაბაშვილი ეკატერინე: მოთხრობები (შემდგენელი იოსებ ბოცვაძე) თბ.; „ნაკადული“. 1983. გვ. 152-154

4.43 პატარა მეგობრები

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ეკატერინე გაბაშვილი
პატარა მეგობრები

პატარა, ოდნავ განათებულ ოთახში ჩამიჩუმი არ ისმის. მხოლოდ კუთხეში მიკუნჭულს რკინის ღუმელში ფიჭვის ნაფოტებს გაუდის ტკაცატკუცი და იმავე ღუმელზედ ნელ-ნელა ჩიფჩიფებს პატარა ქვაბით დადგმული წყალი. ღუმელის გვერდით, იატაკზედ, მოკეცილი ზის ათისა თუ თერთმეტი წლის პატარა ბიჭი და. ცალს ხელზედ თანდაყრდნობილს, გულიანად სძინავს; დიდი ხნის დაუბანელი ლოყები ატრუცული აქვს სიცხით. გამურულს შუბლზე ოფლი წამოსდგომია და ამ ოფლზედ აქა-იქ მიჰკვრია ჩამოწეწილი ჭუჭყიანი თმა, ჭუჭყიანი პერანგის საყელო ჩამოხსნია, ძალზედ გაცვეთილის ახალუხის გულისპირი აქა-იქღა აქვს შეკრული.

ღუმელის პირდაპირ ტანტზედ გაშლილს ლოგინში ზის პერანგისამარა თერთმეტი წლის კოტე, ამასაც ცალს ნელზედ აქვს თავი დაყრდნობილი და დამტერებით უყურებს თავის პირდაპირ მჯდომს არსებას. კოტეს შავს. ჭკუით სავსე თვალებში რაღაც ჭმუნვა, რაღაც არაბავშვური ფიქრიანობა და ნაღველი გამოჰკრთის, თითქო ვიღაცას რაღაც უნდა ჰკითხოს, თითქო ის კითხვა, რომელიც მის თვალებში გამოიხატება, დიდი ხნიდგან არის აღძრული და დიდი ხნიდგანვე დაუკმაყოფილებელი, და ამიტომაც უფრო დაჟინებული და მწვავი...

„ანდროს სუყოველთვის მჯდომარეს, ჩაცმულს სძინავს“,- ფიქრობს კოტე. - სადილს კი ყოველთვის ხელდახელ, ფეხზედ მდგომი სჭამს. მე არ მინახავს. დამჯდარს წინ ჩაყრილი საჭმელი სდგომოდეს, ყოველთვის

ძაღლივით სთქვლეფავს. ჭუჭყიანს მათლაფებზედ რასაც მოახელთებს. ანდრო ყოველთვის დაღალული და ქანცგანყვეტილია, ანდროს ფეხები ამ ცივ ზამთარშიაც ისევე ტიტველი და დაფარულია ღობე-ყორეზედ სიარულით, როგორც ზაფხულში, ისევ ჭუჭყიანი ხელი და პირი, ისევ გაუკრეჭავი ჭუჭყიანი, ჯაგრის მინაგვარი თმა, დაგლეჯილი ტანსაცმელი... რადა, რისთვის არის ასე მიგდებული ეს კარგი, ჭკვიანი, მალხაზი, ყოველთვის გამგონი ბიჭუნა?"

„ანდროს სუყოველთვის მჯდომარეს, ჩაცმულს სძინავს“,- ფიქრობს კოტე. - სადილს კი ყოველთვის ხელდახელ, ფეხზედ მდგომი სჭამს. მე არ მინახავს. დამჯდარს წინ ჩაყრილი საჭმელი სდგომოდეს, ყოველთვის

ძაღლივით სთქვლეფავს. ჭუჭყიანს მათლაფებზედ რასაც მოახელთებს. ანდრო ყოველთვის დაღალული და ქანცგანყვეტილია, ანდროს ფეხები ამ ცივ ზამთარშიაც ისევე ტიტველი და დაფარულია ღობე-ყორეზედ სიარულით, როგორც ზაფხულში, ისევ ჭუჭყიანი ხელი და პირი, ისევ გაუკრეჭავი ჭუჭყიანი, ჯაგრის მინაგვარი თმა, დაგლეჯილი ტანსაცმელი... რადა, რისთვის არის ასე მიგდებული ეს კარგი, ჭკვიანი, მალხაზი, ყოველთვის გამგონი ბიჭუნა?"

- ანდრო, ბიჭო, ანდრო! – მისმა მეორე ოთახიდგან გაჯავრებული ხმა კოტეს დედის ტასიასი.

- ანდრომ ძილში გაიგონა ეს კარგად ცნობილი ხმა, შეიშმუშნა, ხელი ჩამოიღო თავქვეშიდგან, შეუმაგრებელმა თავმა აქეთ-იქით ქინდერა დაიწყო, მაგრამ სრულებით კი ვერ გამოერკვა ძილიდგან.

- ანდრო, ანდრო, შე წუწკის შვილო, არ გესმის? - ფეხაკრეფით შემოვიდა ტასია ოთახში, მიუახლოვდა პატარა ბიჭს და ჯანჯღარი დაუწყო: - ადექ, ადექ! უმსგავსო, ლენო კამეჩო...

- ახლავე, ახლავე, ქალბატონო, ახლავე... დუდუნებდა ჯერ ძილიდგან გამოურკვეველი ანდრო: ახლავ...

- რა ახლავე, რას დუდუნებ, შე გულმკვდარო, - ჩურჩულითვე ჩასდუდუნებდა დაკუზული ტასია. — ვერა ჰხედავ. ფეჩთან ნაფოტი აღარ არის! შემოიტა, რაღას უყურებ, ოთახი რომ გაცივდეს, ხომ დაგიყენე თვალები... - ნაფოტი... ნაფოტი... დიახ, დიან, ახლავე გიახლები, — და თან ზლაზვნით წამოდგა საცოდავი ბავშვი, თვალების ფშვნეტით კარებისაკენ წაბარბაცდა.

- უი, ქა! ეს რა ამბავია? - შეჰყვირა ტასიამ გაოცებით, როდესაც ლოგინზედ მჯდომი კოტე გაარჩია, - დამიდგეს თვალები, რომ მეგცივდა, პერანგისამარა რომ ზიხარ? საბანი მაინც წამოისხი. მე ხომ არ გაგაღვიძე. ჩემო ძვირფასო? მოუკვდეს თავი მაგ ოხერ ბიჭს, კაცი გონებაში ვერ ჩააგდებს, იმის ღვიძებაში შენც გით მოგაღვიძე.

- მე კი არ მეძინა, მაგრამ ის რად გააღვიძე? ისე ტკბილად ეძინა! დღეს ძრიელ დაიღალა, იმოდენა წყალი მოიტანა ამ სიცივეში, იმოდენა შეშა შემოვიდა ოთახებში.

- მაშ ფეჩი გამქრალიყო? მაშ ოთახი გაციებულიყო, შეგცივნოდა ნაბანევს?

- დედა. ანდროს დედა არა ჰყავს? - პატარა ხნის სიჩუმის შემდეგ შეეკითხა კოტე დედას.

- რაში გეკითხება, გენაცვალე, ჰყავს თუ არა? დღი" ძინე, ხვალ ახალი წელიწადია, უნდა ადრე ადგე, ახალი ტანისამოსი ჩაიცვა. მისალოცად წახვიდე ნათესაობის, თუმცა ჯერ პატარა ხარ, მაგრამ ჩემი ვაჟკაცი შენა ს. და უთუოდ ვაჟკაცობაც უნდა გასწიო, მტერს და მოფერ რეს დაენანო.

- თუ დედა ჰყავს, ჩეენსა რად არის ეგ საცოდბეო?!

- ქა, რას ჩამაცივდი! დედა არა ჰყავს და და არა ჰყავს?! მერე რო ჰყავს? ჩვენთან ურიგო ყოფა, რომ დედასთან წავიდეს? რა აკლია? მე შენ გითს, მშიერ-მწყურვალია. ბევრი ჭამით მუცელი პირთან ის მოქცეული

- მუცელი ციებისაგან აქესო დასიებული. გუში ნინუამ მითხრა. რატომ ხინას არ ასმევთ? რატომ ექიმს არ უჩვენებთ?

- კარგი, კარგი, თუ ღმერთი გწამს! შენებურად ნუ დაიწყებ, თორემ კიდეც გათენდება და მე კი ათასი საქმე მაქვს ჯერ გასაკეთებელი. აი, შენი ტანისამოსი, აქ მუთაქაზედ გილაგია. ყველაფერი საგანგებოდ არის შეკერილი, წმინდა მაუდისაა, გაუფრთხილდი, შენ გენაცვალე. უკანასკნელი გროშები გამოვჩხრიკე, რომ ბენ ჩინებულად მომერთე.

ანდროს სახვალიოდ აქვს რამე?

დიდება შენთვის, ღმერთო რა დაგემართა, ბიჭო, რა ყელში გაგეჩხირა ანდრუა, შენი რა საქმეა, აქვს თუ არა!

ახლებს რომ ჩავიცვამ, ძველებს იმას მივცემ, - ენდრებით შეჰნედა კოტემ დედას, - თითქმის სულ ბიტეელია.

- როგორ თუ მისცემ? მაშ, საშინაოდაც და საგარეოდ) ახლები უნდა გაიხადო? რას ამბობ, ბიჭო, რას? ხომ არ გადაირიე. გაჩუმდი, დაიძინე, თორე გავჯავრდები და ხვალ აღარაფრით დაგაბერებ; მერე რაები, რაები მაქვს ერთვის მომზადებული, რომ იცოდე! — თითის ქნევით ბრა ტასიამ თავის საყვარელს, ერთადერთს ნუგეშს არა კოტეს და მერე ოთახში გავიდა.

* * *

კოტეს პატარა თავში აღძრული ფიქრები კი ისევ ოქრებადვე დარჩა. პირიქით მიემატა კიდევ ის ფიქრი, თუ სად არის აქამდის პატარა ანდრო ამ საშინელს სიცივეში და ან ბნელაში სად უნდა აეკრიფა ნაფოტი, „მერე ჩვენს უშველებელს ეზოში, მარტოდმარტო, შუაღამისას! შარშან არ იყო, მგელმა ლეკვი მოიტაცა ჩვენს კარებზედ? ანდროც რომ მგელს მოეტაცნოს?“ - უცებ გაუელვა თავში კოტეს, სწრაფად წამოხტა ტიტლიკანა და ფეხშიშველა კარებისკენ გაექანა, ოდნავ გამოაღო და ეზოში გაიხედა; იქ საშინელი ქარი ჰქროდა და აბორიალებდა წუხანდელს მოსულს თოვლს. ცა და დედამიწა ერთმანეთისაგან აღარ ირჩეოდა. მთელი არემარე გამოურკვეველ ბურუსში იყო გახვეული.

- ანდრო, ანდრო! - დაიძანა კოტემ ხმადაბლა და მეორე ოთახის კარებისაკენ იხედებოდა, რომ დედას გაეგონა და არ გასჯავრებოდა. მაგრამ ანდროს ხმა საით არ მოისმა.

- ანდრო, ანდრო, ანდრო... - ცოტა ხმას მოუმ კოტემ. - მოდი, ნაფოტი საჭირო არ არის, მოდი, მოდ მგელმა არ მოგიტაცოს, მოდი... მოდი... იი...

- რა ამბავია? რა გაყვირებს? - სანთლით ხე შემოვარდა გულგახეთქილი ტასია და კინაღამ ში წაიქცა. როდესაც გაღებულს კარებში ტიტე ფეხშიშველა, სიცივისაგან აძაგძაგებული თავისი შე დაინახა.

- დამიბრმავდეს თვალები, რას ვხედავ ამას , გაგაგიჟა, ყმაწვილონ გაგონილა და თქმულა, მატონ კაცი ხარ და ვერა გრძნობ, რომ ტიტველა სფ89 ყინვაში? მოდი ჩქარა, ჩქარა ლოგინში ჩანექ. დაიხე ჩათბი, თორემ ახლავე გაგაციებს. რაღა უნდა ვქნა ახლა რომ ავად გახდე? - წუწუნებდა ტასია, მძლავრად მოავლო ხელები კარებში გაქვავებულს კოტეს და ლოგინისაკენ დაუწყო წევა. - ანდროს მგელი მეჭამს... ის კი არ გაცივდება? სამი საათია კარშია, ვინ იცის, კიდეც გაიყინა. დედა, დაუძახე, დაუძახე, თორემ მანამ ის არ მოვა. ლოგინში არ ჩაეწვები, — ჯიუტობით იმეორებდა კოტე და კარებიდგან ფენს ბრ იცვლიდა. - რად გააგდე, დედა, ამ საშინელს სიცივეში, რად? ღმერთი ხომ გაგვიწყრება!..

- ღმერთო, მაცხოვარო! ეს რა დაემართა ამ ბავშვს დღესა, რა სიყვარული და ჯავრი ჩაუვარდა იმ ოხერ. გადამთიელ ბიჭისა, გენაცვალეთ! გინახავთ ამისთანა საქმე? მოდი, დაწექი, დაიხურე და გეფიცები, ახლავე გაეგზავნი დედაკაცს დასაძახებლად. რისა გეშინია, პირფელი ხომ არ არის იმისთვის კარში გასვლა, ყოველღამე აზიდავს ბოსლიდან ნაფოტს, რაღა ამაღამ შესჭამს მგელი. დანელი. გენაცვალე, დაწექი, შენი ჭირიმე, თორემ იშით გავგიჟდები. ხედავ, რა რიგ გაკანკალებს?

- კარგი, დავწვები, დავიხურავ, ოღონდ ჩქარა წადი, ლე შემოაყვანინე, – კანკალით და მუდარებით ეხვენედა კოტე დედას.

- ნავალ, წავალ, ოღონდ შენ კარგად მყავდე და თუნდ კიდეზედ გადავარდები, - თქვა ტასიამ და საჩქაროდ გავიდა.

* * *

მალე ეზოში ერთი ალიაქოთი შეიქმნა,ნინო დედაკაცმა ფანრით ხელში მუხლებზედ მოსულს თოვლში ვერსად იპოვნა პატარა ანდრო. დიდის ვაი-ვაგლახით მიაღწია ბოსლის კარებამდის ბიჭები დააღვიძა და იმათის დახმარებით, კერის ჩირაღდნებით ხელში, შეუდგა ძებნას.

- აქეთ, ბიჭო, — ყვიროდა ერთი, - აი, ეს შავად რას ამოუყვია თავი?

- ეგ ზის ნამორა, შე ჩერჩეტო, - უკიჟინებდა მეორე ბიჭი.

- აი ეს რაღაა? - სახლის კუთხესთან მიგროვილს თოვლზედ უთითებდა მეორე.

- ეგ არეული კირი აგროვია, რით ვერ დაიხსომე, - უსაყვედურებდა ნინო დედაკაცი კეტით შეიარაღებულს მეორეს და თან წუწუნებდა:

–ვაი ჩვენი ბრალი, სხვისი შვილი სნეის სახლში ეს არის. საცოდავი ობოლი, ვინ იცის, გაიყინა კიდეც სადმე დაუდგეს თვალი იმის დედას, შეურცხვეს დედობა, რომ მეორედ გათხოვდა და ბავშვები გუგულის ბარტყებივით სხვათა კარიათ დაარიგა.

- აი, ეს ვერანა ესა! - შეჰყვირა პავლია ბიჭმა: - ხედავთ სად მიყუჟულა! სითბოსთვის კი მიუგნია. ბუხრის ბანთან მიმჯდარა და სძინავს.

მართლა და მუშტისოდენად მოკუნტულიყო პატარა ანდრო. პირი და გულ-მუცელი თბილის კედლისთვის მიეყრდნო და ზურგი კი ქარბუქისთვის მიეშვირა. ნელები მჭიდროდ გადაეჭდია გულზედ, თავი მუხლებშუა ჩაედო და გაქვავებულივით იყო დანეეული.

- ანდრო, ანდრო! ბიჭო ბიჭო, ადექ, ადექ, გაიღვიძე, სახლში წამო, - ჩაჰყვიროდნენ ბიჭები და დედაკაცები, მაგრამ ის უნძრევლად იდო და ოდნავი სუნთქვაღა ჰმოწმობდა, რომ ჯერ სიცოცხლე მისი არიყო შეჩერებული.

- ხელში აიყვანეთ, ხომ ხედავთ, გათომილია, სახლში შევიყვანოთ, დავზილოთ, უთუოდ გაყინული აქვს სისხლი, – სთქვა ნინომ და გაუძღვა წინ ბიჭებს.

მოსამსახურეების ხმაურობაზედ კოტე კიდეე ზეზედ წამოიჭრა და მოჰყვა ღრიალს: - მომკვდარა, მგელს დაუგლეჯია? საწყალი, საწყალი! მიჩვენეთ, მიჩვენეთ, რა მოსვლია? - და კარებში მიეჭრა ბიჭებს, თვალებდახუჭული და უძრავი ანდრო რომ დაინახა, უფრო შეჰკრთა, კანკალმა აიტანა.

გენაცვალეთ, მიშველეთ, შემიბრალეთ, - კიოდა ტასია და თან, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შვილს ლოგინისკენ მიათრეედა. - დაწექი, დაწექი, დანყნარდი, თუ გინდა, რომ იმასაც ვუპატრონოთ, იმასაც ყური ვუგდოთ, თორემ ახლავე ბოსელში გავგზავნი და შენს თავს ბიჭებს შევაკვრევინებ და ისე ჩაგაგდებ ლოგინში. ღმერთო ჩემო, ეს რა დაემართა დღეს ამ ყმაწვილს? ვინ გადამირია ასე ჩემი ჭკვიანი ბიჭუნა? ვინ ასწავლა დედის უარშიობა?

- აი, დავწვები, დავწვები, აღარც კი გავინძრევი, ოღონდ კი ის მოაბრუნეთ. საწყალი, საწყალი!.. სად არის მაგის დედა?! - სლუკუნებდა კოტე და თან საბანში ენვეოდა. - სად არის უბედური, რომ დედაჩემივით ისიც არ ჰპატრონობს თავის ანდროს? მაგრამ განა დედა მხოლოდ თავის შვილს უნდა უპატრონობდეს? განა ჩემი ოსტატი ნინო დედა არის ჩემი, რომ ისე მიფრთხილდება, ისე მიალერსებს, ისე მააზიზებს? წამდაუწუმ მკითხავს: „ხომ არ გცივა. კოტე? ხომ არ გშიან. კოტე? ხომ არ დაიღალე?“ რად არის ნინო ისე კეთილი, ისე სათნო..." - განუწყვეტლივ ეკითხებოდა თავის თავს ნერვებაშლილი კოტე და თან გაფაციცებით ყურს უგდებდა ანდროს მობრუნებას.

ანდრო ღუმელნი იწვა დოზაკზედ და ორ-ორი დაჩოქილი მძლავრი ბიჭი გაყინულს ხელ-ფეხს უზილავდა. ნინო კოვზით პირში წვეთ-წვეთ არაყს აწვეთებდა. ერთ საათს შემდეგ ანდრომ თვალები აახილა, მიიხედ-მოიხედა და გარშემო იმოდენა ხალხი რომ დაინახა, შერცხვა და წამოვარდნა დააპირა. მაგრამ მუხლებში საშინელი ტკივილი იგრძნო და ტირილი დაიწყო.

- მადლობა ღმერთს, ტირის, - თქვა ნინომ, — ახლა ფიქრი აღარ არის. ახლა თქვენ წადით, შვილო, - უთხრა ბიჭებს. ანდროს იქვე საბანი მიახურა, ღუმელს შეშა მიუმატა და თავის მინებებულს საქმეს მიაშურა.

კოტე საბანდახურული ინვა. ტასიას ეგონა, სძინავსო, და დაშოშმინდა, პირჯვარი გადასწერა და ისიც საქმეზე წავიდა. პატარა ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

კოტეს კი არ ეძინა. მთლად თრთოდა, ვერას გზით ვე• ღარ გათბა; ძვლები მთლად ემტვრეოდა, თავის სიმძიმეს ჰგრძნობდა. ცოტაოდნად მარცხენა გვერდში ჭვალიც ადგა, მაგრამ დედის შიშით ხმას ვერ იღებდა და ჩუმად, საბანქეემ, იფშვნეტდა გაყინულის ხელ-ფეხის თითებს.

- თითქმის რიჟრაჟი იყო, როდესაც ტასია მორჩა საახალწლო სამზადისს და ოთახში შემოვიდა დასაძინებლად. ფეხაკრეფით მივიდა ღუმელთან, ლამპას დასწია, ცეცხლს კიდევ მოუმარჯვა და უნდოდა კოტეს გვერდზედ მოსწოლოდა, მაგრამ საშინლად შეჰკივლა და თავში ხელი შემოიკრა: ვაი შენს დედას! რაღა ვქნა ახლა, რაღა წყალში გადავვარდე!“

კოტეს საშინელი სიცხე ჰქონდა.იმის გაღებულის პირიდგან სტვენის მაგვარი სუნთქვა ამოდიოდა და ბავშვი მოუსვენრად ჰგმინავდა.

* * *

ნათლიღება დღეა. თუმცა მზე სდგას, მაგრამ ძლიერ კი ჰყინავს. სქლად დადებულ თოვლს ფეხქვეშ სულ ჭრიალ-გრიალი გააქვს. მთელი სოფელი ფენზედ სდგას. დიდი და პატარა ემზადება წყლის კურთხევაზედ ნასასელელად. დართული ქალი და რძალი მოუთმენლად ელიან კარზედ ოჯახის საქმეებში შეგვიანებულს დედამთილს, რომ იმისის წინამძღოლობით გაუდგნენ გზას, შეუერთდნენ საერთო პროცესიას. პატარა გოგო-ბიჭების კიჟინი, ხტუნვა, ხარხარი ზარივით გაისმის გაყინულს ჰაერში.

- ბიჭო, ანდრო, არ მოხვალ წყალზედ? - მოისმა ხმა ტასიას ეზოში.

- სუთ, სუთს ჩურჩულით აჩუმებს მყვირალ ბიჭებს ნინო, — განა არ იცით, რომ კოტე ავად არის? რა გაყვირებთ? ანდროსაც ფენები დააძრა და კუტად არის.

პეტრე მღვდელი თავისის დიაკვნით და კოჭლი მნათეთი სულ სირბილით მიდის მდინარისკენ. ხალხი უკან მისდევს. პატარა მდინარე „ჩხრიალას“ ორთავ ნაპირი ხალხით არის სავსე. ყველა წინ იწევს, ყველას უნდა დაინანოს, თუ როგორ ჩაუშვებს მღვდელი ჯვარს წყალში. პეტრე მღვდელმა გაათავა ლოცვა და დიდის მოწიწებით, ნამდვილის სარწმუნოებით და თაყვანისცემით დაიჩოქა გაყინულ წყალზედ ამოჭრილ ორმოს ნინ და სამჯერ ჯვარის გამოსახვით წყალში ჯვარი გაავლო. შემდეგ წელში გაიმართა და ლოცვა-კურთხევით აიაზმით ხალხი ასხურა. ხალხმა სიხარულის კიჟინა შეჰქმნა. რამდენიმე თოფი და დამბაჩა დაიცალა. ბავშვები და დედაკაცები ჩარექებით, ბოთლებით ხელში მისცვივდნენ ყინულში ამოჭრილს ორმოს და დაუწყეს ნაკურთხი წყლით ავსება. საშინელი წაკვრა-ნატანა შეიქნა. სიცივისაგან გალურჯებული ხალხი მირბის, მორბის, ფეხებს აპრაკუნებს. ერთმანეთს ენლებიან და ხარხარებენ.

ერთის სიტყვით, მთელი სოფელი აღტაცებულია. ყოველი ცალ-ცალკე და სუყველანი ერთად მხიარულად ეგებებიან დიდებულს დღესასწაულს. ყოველი კაცის ოჯახში ლხინია გაჩაღებული, უღარიბესსაც კი სუფრა აქვს გაშლილი და მღერის მხიარულად. | მარტო ტასიას ოჯახია მოღრუბლული და გაჩუმებული. იმისს არემარეზედ ჩამიჩუმი არ ისმის. ყველანი ფენაკრეფით შედიან და გადიან. ჩვენს ნაცნობს ოთახმი ხომ სამარისებური სიჩუმეა და მის საიდუმლოებით მოცულს მყუდროებას აორკეცებს მაცხოვრის ხატის წინ ანთებული სადღესასწაულო კელაპტარი. ტასია სულგანაბული, ფერმიხდილი, მწუხარებით გარინდებული უყურებს ექიმს, რომელიც გულდასმით ყურს უგდებს პატარა კოტეს ფილტვების მოძრაობას. დედის გული თითქმის გაჩერებულია, იმის სიცოცხლე ახლა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რას იტყვის ექიმი_ კოტეს მორჩენისას.

ტასია ნანიაშვილისა სულ ოცის წლის ყმაწვილი ქალი იყო, როდესაც ქმარი მოუკვდა და ობლად დარჩა ორის წლის კოტე. თაეისი ყმანეიღქაღობა ტასიამ ამ ობლის აღზრდას შესნირა. იმის მამულის მოვლას და პატრონობას. და აი, ეხღა. როდესაც ხელი მოემართა, შვილი იმ დრომდე მოპყარა. რომ სასნაეღებეღში მისცა, დარნმუნდა, რომ ჩინებული ყმანეიღი დადგა და რიგიანი ნიჭი გამოიჩინა სნაელაში. ხელიდგან ეცლება. - რაღად მინდა მე სიცოცხლე. რაღად? - ეეითხება ვაებით ტასია თავისს თაეს და დარნმენემულიც არის. რომ უკოტეოდ თაეს არ იცოცხლებს.

აი, ექიმი მორჩა თავის საქმეს, ადგა, წელში გასწორდა, ნელ-ნელა ჩაიდო უბეში ფილტვების გასასინჯი ლულა, ტასიას თვალები ერთი-ორად გადიდდნენ. ცნობისმოყვარეობით სული შეუგუბდა. ტვინი კინაღამ შეერყა. ექიმი კი ხმას არ იღებდა. დაკვირვებით უყურებდა ბავშვის ჩამომხმარს, მაგრამ გამონაკვთულს სახეს. მავი, გიშერივით ხუჭუჭა თმა, გონიერს შუბლზედ ჩამოწენილი, ყმაწვილის ფერმკრთალს, ლამაზს სანეს ეშხით ავსებდა და ამშვენებდა, თითქოს ექიმი ამ მგრძნობიერს სანეს თვალს ვერ აშორებდა და მისი დედა კი დაავიწყდა.

- ბატონო ექიმო... - ძლივს ამოსთქვა ტასიამ, - რას იტყვით... რას?

ექიმი შეჰკრთა, მაშინვე მიჰხედა, რომ აქ სიჩუმე უადგილო იყო და სწრაფად უთხრა დედას:

- ღმერთი მოწყალეა! იმედია, ბავშვი აიტანს ამ მძიმე ავადმყოფობას. მხოლოდ სიფრთხილე, სიფრთხილე დიდი გმართებთ. არ გაცივდეს, არ გაჯავრდეს, კარგად სჭამოს, სწავლას შემოდგომამდის ვეღარ შესძლებს. • მერე ოთახი დაათვალიერა ექიმმა და ღუმელს გვერდით მჯდომარე ანდრუა რომ დაინახა, ბრძანა: — ამას აქ რა უნდა? გაიყვანეთ. ოთახში სუფთა ჰაერი უნდა იყოს, აქ ავად მყოფის გარდა ნურავინ დაიძინებს. ღუმელში დღე და ღამ ცეცხლი ენთოს. დღეს ან ხვალ სიხცე გამონელდება. ოფლი მოუვა და უფრთხილდით, არ შეიქციოს, გესმით? არ შეიქციოს, თორემ მორჩენა შეუძლებელი იქნება, – სასტიკის კილოთი დაუმატა ექიმმა და გამოემშვიდობა ტასიას.

- ფენები მოსძრა ანდროს... სანყალი...საწყალი... ვაი, ვაი, სტკივა, ხელი არ ახლოთ... ნელი... - ნაწყვეტნაწყვეტად ბუტბუტებდა კოტე სიცხეში. — დედა, ნელი არ ახლო... სტკივა, სტკივა...

- არა, გენაცვა, არა, ხელს არ ვახლებ, თავზედ დავისვამ, ხელით ვატარებ, მეორე შვილი ის იქნება ჩემი. ოღონდ შენ იყავ კარგად, თვალი აანილე, გონს მოდი, ერთი შენებურად შემომხედე და ჩემი მკვდარი გული გააცოცხლე, — ჩასჩურჩულებდა ტასია აღტაცებულის სიყვარულით თავის პირმშოს, - ოღონდ ხმა გამე და დღეიდგან ანდროს გავაბატონებ ჩემს სახლში, მეორე შვილად მივიჩნევ, ვასწავლებინებ...

— კოტემ თითქო გაიგონა დედის ვედრება, იმის აღთქმადა უცებ თვალები აახილა. დედას გადახედა. გაიღიმა. რაღაც წაიბუტბუტა და ისევ მირულდა.

- ოჰ, მაცხოვარო! - შეჰყვირა ტასიამ სიხარულით და ხატწინ მუხლებზედ დაეცა: — გევედრები, მაპატიე ყოველი ჩემი შეცოდება, უსამართლობა და კოტე მომირჩინე და აქ, შენ წინ, ფიცს ვდებ, დღეიდგან ყოველი ობოლი შევიწყნარო, ყველა გაჭირვებულს ნუგეში ვცე, ყოველ დავრდომილს..."

- დედა, მშიან, სადა ხარ? - ჩაიჩურჩულა კოტემ, - ანდრო აქ არის?

- აქა ვარ, კოტეჯან, აქა - სინარულით შეჰყვირა ჩვეულებრივ ღუმელთან მოკუნტულმა ანდრომ, რომელიც ნათლად გრძნობდა, რომ მისი მფარველი ანგელოზი კოტე იყო და მხოლოდ კოტეს წყალობით გადაურჩა სიკვდილს. კოტეს წყალობით შეიმოსა, გასუფთავდა და განცხრომით წევს თბილს ოთახში, და მოთმინებით მოელის იმ დღეს, როდესაც მოძრული ხელ-ფენი მოურჩება და თავის მეგობართან შესძლებს თამაშობასა და მადლობის გადახდას.

ტასიამ მომეტებულის გულმხურვალებით აღაპყრო ხელები და დღეიდგან ჩინებული დედა კარგ დედაკაცად გარდაიქცა.

1916 წ.
წყარო: პატარა მეგობრები: გაბაშვილი ეკატერინე: მოთხრობები (შემდგენელი იოსებ ბოცვაძე) თბ.; „ნაკადული“. 1983. გვ. 94-103

4.44 Title

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნის ქართული მწერლობა

ანასტასია ერისთავ-ხოშტარია
 დედები

I
გაციაგებული დილა იყო. ღრუბლები მისცურავდნენ ცაზე, რომელიც აქა-იქ ლაჟვარდ ზოლებად დასერილიყო. დროდადრო მზე გამოიჭიატებდა, მაგრამ ისევ მალე იმალებოდა ღრუბლებში, ბუნებას უნდოდა ცრემლებით დაღვრილიყო, მაგრამ თითქო რიღასიც რცხვენიანო, ვერ ბედავდა.

ქალაქი ჩვეულებრივად ხმაურობდა, ღელავდა, ქუჩები ხალხით ავსილიყო. დესიკო მიდიოდა ქვაფენილზე წყნარათ. გახუნებულ მოსასხამის კალთებს მალ-მალ წინა სწევდა, თითქო ცდილობდა მთელი თავისი არსება მოსასხამში ჩაემალა. დესიკოს მიმზიდველი, გამხდარი სახე მოქანცულიყო, რაღაც ნაღველს ხატავდა. ხშირათ შრიალით ჩამოუვლიდნენ ახალგაზრდა უზრუნველი ქალები, კოხტათ გამოწყობილი ყმაწვილები, ამაყათ გამომყურე მდიდრები, წელში მოხრილი დაავადებულნი, სნეულნი. დესიკო არავის უყურებდა, იმას არავისთვის სცალოდა.

მაგრამ აგერა დესიკოს ყურში შეესმა აბრეშუმის კაბის შრიალი, თავ აიღო, რომ სული მოეთქვა და მოქანცულის თვალებით შეაჩერდა მშვენიერის ჟუჟუნა თვალებს. მშვენიერის ჟუჟუნა თვალებიც დაკვირვებით უყურებდნენ დესიკოს, დასცურავდნენ მის გახუნებულ მოსასხამზე. მშვენიერს წარბებშუა გაუკეთდა ოდნავათ შესამჩნევი ნაკეცები, ლამაზმა ტუჩებმა გარშემო ჩრდილი შემოიყენეს, დესიკომ ცხადათ ამოიკითხა მის თვალებში: „ვითომ შენც რამე ხარ ამ ქვეყანაზეო?..“

ამ დროს მშვენიერს წამოეწია კოხტა ყმაწვილი კაცი, ქალმა კეკლუცათ მიიღო მისი სალამი. დესიკომ კვალად შეხედა მშვენიერს და მისმა თვალებმაც უსიტყვოთ გადასცეს მაგიერი პასუხი: „მებრალები, საცოდავო, რომ ცხოვრებას არ იცნობ!“

კვალად სურათი სურათმა შესცვალა, შთაბეჭდილებანი მოქუჩდნენ და ერთმანეთში გაურკვევლად აირივნენ.

დესიკო უკვე მიახლოებოდა ქალაქის ბაღს. შეუხვია ქვაფენილიდან.

დესიკომ იგრძნო, რომ თითქო ცოტათი შემსუბუქდა, ფეხქვეშ ეგებოდა რბილი, ფხვიერი დედამიწა, რომელიც ბილიკებათ მიდიოდა მწვანე ქუჩებსა და მაღალ ხეებშუა. ბუჩქებს გარს ევლებოდნენ წვრილი მავთულები, რომელნიც იფარავდნენ ათასფრად გამომყურე ყვავილებს შეხებისაგან. ხეებქვეშ სკამებზე მოსჩანდნენ ახალგაზრდანი, ზოგან დარბაისელნიც. დესიკო აქეთ-იქით იყურებოდა, ეძებდა ცარიელ სკამს, მაგრამ ადგილი დაჭერილი იყო.

- რა დროს დასვენებაა! ისინი ყოველთვის ქვევით ბაღში არიან ხოლმე, - გაიფიქრა დესიკომ და გადაიარა ქუჩა, რომელიც შუაზე ჰყოფდა ბაღს. მართლაც აქ სკამებზე ჩამწკრივებულნი იყვნენ ქალები, რომლებიც გამვლელ-გამომვლელს შესჩერებოდნენ.

- დესიკომ ფეხს აუჩქარა. მივიდა ერთ სკამთან, რომელზედაც ცარიელი ადგილი დარჩენილიყო და დაჯდა. დაღალვისგან გული ასდი-დასდიოდა, ხელსახოცით ოფლს იწმენდავდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა. აგერა დესიკომ მოხედა ქალებს და ღიმილით ჰკითხა: - თქვენში მოსამსახურეთ ხომ არავინ დგება?

ყველანიც ვეძებთ ადგილს, - მოისმა პასუხი. დესიკომ ჩამოათვალიერა ქალები.

- თქვენ როგორი მოსამსახურე გნებავთ: მზარეული,. მოახლე, მოსარეცხე, თუ ყმაწვილების მომვლელი? - ჰკითხა ბოხი ხმით ერთმა შავკაბა შუახნის ქალმა, რომელსაც სახე ჭარხალივით გასწითლებოდა, ცხვირის ნესტოები ბურნუთით გამუროდა.

- მე მინდა იმისთანა, რომ რაც საჭირო იქნება, ყველაფერი გამიკეთოს, სადილი მომიმზადოს, სარეცხი დამირეცხოს, ოთახები დამილაგოს, - უპასუხა დესიკომ.

- ყმაწვილები გყავთ?

- მყავს.

- რამდენი?

- ორი.

- დიდები თუ პატარები?

- უფროსი ხუთი წლისაა, უმცროსი სამისა. ბავშვებს მე თვითონ ვუვლი. მარტო მაშინ თუ დაიჭერს მათზე თვალს, როდესაც რამე საქმისთვის მომიხდება სადმე წასვლა.

- ჯამაგირს რას იძლევით? - ჰკითხა კვალად შავკაბა ქალმა და სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა.

- თუმანს.

- მაგდენი საქმე და თუმანი? ... თავი მოსაკლავი ვის აქვს!. ოხერი თუ იქნება ვინმე, თორემ მაგ ფასში ვინ დაგიდგებათ?

ამის გაგონებაზე სხვა ქალებმა სახე აარიდეს დესიკოს და იქით მიბრუნდნენ.

- მაგას რათ ამბობ, ჩემო დედა, ყველას თავისი ანგარიში აქვს. ვისთვისაც სასარგებლო არ არის ამ ფასში წამოსვლა, რასაკვირველია, არ წამოვა, მაგრამ ყველა ხომ შენებურათ არა სჯის? თვეში თუმანი არც ცოტაა, რო აგრე სუბუქათ დაიჭირე. ვისაც როგორც უჭირს, ისე უღირს! - დაუმატა დესიკომ და გადახედა ქალებს.

დესიკოს არ მოსწონდა შავკაბა ქალი და გადასწყვიტა, კიდევაც რომ წამოჰყოლოდა, არ აეყვანა და ახლა სხვებს მიმართა.

არც ერთის აქ მყოფის შეხედულება დესიკოს გულს არ იკარებდა. რომელნიც უფრო ყმაწვილები იყვნენ ფერ-უმარილისაგან სახე ულაპლაპებდათ, ტუჩები შეეღებათ, თავიდან მოსახვევი გადასცურებოდათ და შუბლზე გამოჩენილი ხუჭუჭები გადმოწეწოდათ. მათი თვალები ხშირად იხედებოდნენ იმ მხრისკენ, საითაც ახალგაზრდა ბიჭები შეგროვილიყვნენ და ერთმანეთში ლაზღანდარობდნენ. ეტყობოდათ, ისინიც ადგილების მძებნელნი იყვნენ და ცუდოობის გამო ლაპარაკით თავს იქცევდნენ.

- შენ რაღას აკეთებ აქ? - მიუბრუნდა დესიკო ახალგაზრდა ქალს, რომელიც საშინლად გამხდარიყო, სახეზე სიკვდილის ფერი დასდებოდა.

- ესეც ადგილს ეძებს... მიატანეს აქეთ-იქიდან ქალებმა.

- ადგილსო? მერე სად შეუძლია ადგილზე დადგომა, როდესაც ავადმყოფია?

- მე ავათ აღარა ვარ, ქალბატონო, მოვრჩი. ორი დღეც იქნება, რაც საავადმყოფოდან გამოვეწერე! - დაილაპარაკა სუსტის ხმით ქალმა და ვედრებით შეხედა დესიკოს, თითქო სთხოვდა აეყვანა. დესიკოს შეეცოდა და თანაგრძნობით ჰკითხა:

- რითი იყავი ავათ?

- ალბათ გავცივდი - უპასუხა ქალმა.

სხვა ქალებმა პირზედ ხელი აიფარეს, თითქო სიცილს იკავებდნენ. დესიკო მიხვდა, რომ სნეული ქალი სტყუოდა. მის თავს სხვა უფრო სახიფათო იყო და თვალი მოაშორა, ის დარწმუნდა, რომ ამ სკამზე მისთვის არც ერთი გამოსადეგარი არ იყო და ადგა ზეზე.

თხუთმეტი მანეთი მობოძეთ და მე წამოგყვებით, - შეევაჭრა ისევ შავკაბა ქალი.

- არა, არა! საჩქაროთ მიატანა დესიკომ და მოშორდა სკამს.

- შენისთანა გახუნებულ ქალბატონისაგან მეტსაც არ უნდა მოელოდეს ადამიანი, - მოესმა უკანიდან, მაგრამ დესიკომ ყური არ ათხოვა ამ სიტყვებს და სხვა სკამთან მივიდა, მაგრამ სხვა ქალებმაც იცოტავეს დესიკოს ჯამაგირი.

- თუ გნებავთ, მოახლეთ წამოვალ, - უთხრა ტუჩების კვნეტით ახალგაზრდა ქალმა.

- ჯერჯერობით ერთი დედაკაცი მეყოლება და მერე ამ ცოტა ხანში ძიძის შოვნაც დამჭირდება, - განაგრძო დესიკომ.

- ძიძაც დაგჭირდებათ? - იკითხა მეორე ქალმა, რომელიც აქამდის ხმას არ იღებდა.

- ჰო, დამჭირდება, - მიუგო დესიკომ.

- მაშ მე წამოგყვები, ქალბატონო, - სთქვა ისევ იმ ქალმა და წყალში გაიმართა.

- მე ეხლა ძიძას არ ვეძებ...

- არა, ქალბატონო, წინანდელ პირობაზე გიახლებით.

- შენ მისდევ, ნატო? - გაოცებით შეეკითხნენ ქლები და უკმაყოფილოდ შებღვირეს.

- მარტო წასვლა კი არ არის. საქმე პირობის შესრულებაა.

- თუ ვიკისრებ, კიდევაც შევასრულებ, - უპასუხა მკვახედ ქალმა და ისევ მიუბრუნდა დესიკოს, რომელსაც გული მოსდიოდა ქალების მეტიჩრობაზე.

- ბავშვი ხომ არ არის, თავის საქმე თვითონ უფრო არ იცის!.. რაკი თქვენ არ გინდათ წამოსვლა, სხვას რაღათ უშლით? - მოუთმენლად ჰკითხა დესიკომ.

- ჩვენ რა... ჩვენ რა გვენაღვლება! წაიბურტყუნეს დედაკაცებმა.

- მაშ ყველაფერი შეგიძლიან გამიკეთო თვეში თუმნათ?- ჰკითხა ნატოს დესიკომ.

- ყველაფერი.

- ბილეთი ხო გაქვს?

- მაქვს.

- მაშ წავიდეთ.

-აი გიახლებით, - უპასუხა მორჩილებით ნატომ, წამოდგა, შალი გაისწორა და გამოჰყვა.


II


- დედა მოვიდა, დედა!

- რა მოგვიტანე, დედიკო?

ჟრიამულით გამოეგებნენ ბავშვები დესიკოს.

- არაფერი, შვილო, ბაზარში არ ვყოფილვარ! - უთხრა ღიმილით დესიკომ.

- უი, და, და, და! .. რა მარგალიტი ყმაწვილები გყოლიათ, გენაცვალე ქალბატონო!

- შესძახა ნატომ.

ბავშვებმა რომ უცხო დედაკაცი დაინახეს, შერცხვათ და უკან გადგნენ.

- უჰ, დავიღალე! - სთქვა დესიკომ და მოქანცული დაეშვა ტახტზე.

-აქ ბინადარი მცხოვრები ბრძანდები, ქალბატონო, თუ დროებით ჩამობრძანებულხარ? - იკითხა ნატომ და თვალი მოავლო ოთახს.

- კარგა ხანია, რაც აქა ვართ. ჩემი ქმარი სახაზინო პალატაში მსახურობს.

- კაი სრული, ნათელი ოთახები კია, რას აძლევთ!

- თვეში ხუთ თუმანს.

- რამდენი თვალია? - აღარ ჩერდებოდა ნატო.

- სამი, - მოკლეთ უგებდა პასუხს დესიკო, რომელიც ამ წუთებში ლაპარაკის გუნებაზე არ იყო. - წაიყვანეთ, შვილო, ნატო სამზარეულოში, საბედას უთხარით დროზე სადილი დააჩქაროს, საცაა მამაც მოვა, მანამ მეც ცოტათი დავისვენებ, - მიუბრუნდა ღიმილით დესიკო შვილებს.

- მართლა, აბა ერთი წავიდეთ, გენაცვალეთ, ვნახო ჩემი საქმე რა არის, რომ ბარემ ხელი მოვკიდო, - მიატანა ნატომ.

- ლაპარაკი ძალიან ჰყვარებია, სხვაში თუ რამე ხეირი აქვს. - გაიფიქრა დესიკომ და წამოწვა ტახტზე.

- აქ წამო, მოდი აქ, აგერა ჩვენ სადა გვძინავს!..ტიტინებდა სამი წლის თიკა, ნატოსთვის კაბაში ხელი ჩაევლო და მიჰყავდა. მეორე ბავშვიც სიცილით უკან მისდევდა. ნატო შეიყვანეს ფართო ოთახში, სადაც საწოლები ჩამწკრივებულიყო.

- აი ამაში არჩილსა სძინავს, აქ მე, აქ დედასა, აქაც მამასა.

- მართლა, გენაცვალე! იშ, იშ, რა მშვენიერი დივნებია, და, და, და! .. მე არ ჩამაწვენთ?

- ჩაგაწვენთ!..თავს უქნევდა თიკა. ბავშვები ახლა სამზარეულოსკენ გაუძღვნენ ნატოს.

- საბედ, ამას შეხედე... აი დედამ ვინ მოიყვანა... - შესძახა არჩილმა.

ხანში შესულმა ქალმა, რომელიც ხორცსა კეპავდა, მოიხედა და გაიღიმა.

- რაღა გიშავთ! ხვალის იქით მეც ვეღარ დავდგებოდი... კაი დროს მოგესწროთ,

- სთქვა მან და აუყენა დანებს კაკუნი.

- შენ რისთვის მიდიხარ? - ჰკითხა ნატომ და ჩამოჯდა სკამზე.

- სახლში მიბარებენ, უფროსი შვილი ავათ გამხდომია.

- დროებით მიდიხარ თუ? - ჰკითხა კვალად ნატომ?

- რაკი წავალ, იქიდან ვიღა გამომიშვებს. ეხლა საქმის დროა.

- ქალაქში გაჩვეული სოფელში როგორღა გასძლებ?

საბედამ გაოცებით შეხედა ნატოს.

- ჩემ სახლში ვერ გავძლებ?.. ჩემ სახლში რომ ნაცარი ვშუშო, სხვის კარებზე ნაზუქების ჭამას მირჩევნია. ამ ოჯახის გარდა მე ჯერ არსად არა ვყოფილვარ, ღმერთმა აცოცხლოთ, პატიოსანი ხალხია, თვითონ ქალბატონი ჩვენი მხრელია, მაგრამ მაინც ჩემ სახლში მირჩევნიან. ჩემი პატარა ბიჭის პალიას დანახვა მთელ ქვეყნათ მიღირს, - სთქვა საბედამ და სიამოვნებით გაიღიმა. - შენ სადღაური ხარ, ქალო? - ჰკითხა ბოლოს საბედამ, როდესაც დაინახა ჩაფიქრებული ნატო.

- მე?.. სოდან ვარ.

- ბეჩა და ჩვენი მეზობელი ყოფილხარ. რომელ ოჯახიდან?

ნატო დაიბნა, კარგა ხანს ვერ ახერხებდა სიტყვის თქმას.

- ანდრუაშვილიანთაგან, - ბოლოს წარმოსთქვა მან.

- რა ვქნა, ვერ მომიაზრებია... მე იქაურებს თითქმის ყველას ვიცნობ... ჩვენ სოფელში ხშირათ ჩამოდიან ხოლმე.

- მე კაი ხანია რაც აქა ვარ... ბარე... ბარე ათი წელიწადი იქნება. რაი ჩემს სოფელს მოვშორებივარ, - სთქვა ფიქრიანად ნატომ და გვერდზე გაიხედა.

- მას აქეთ მოჯამაგირეთ დადიხარ?.. მაგისთანა ყმაწვილ ქალს ან ქმარი არა გკითხულობს, ან შვილი?.. არა გვანებიან ჩემ მოხუცებულ კაცსა. ეხლაც ლამის კბილით შემჭამოს, მეჩხუბება, სხვასთან რათა ხარო...

- ქმარი?.. განა ყველას ქმარი ქმარია!.. ჩემმა ქმარმა დიდი ხანია ხელი აიღო ჩემზე და აღარც კი იცის, სადა ვარ. რაში ვეკითხები, სწორე გითხრა, ეხლა აღარც მე მეკითხება, დაუმატა ნატომ და მძიმეთ ამოიოხრა.

- შვილები არა გყავს?- ჰკითხა საბედამ და გაკვირვებით მიაჩერდა ნატოს.

- ერთი ბიჭი მყავს და ისიც მამასთან არის.

- ის მაინც აღარ გაგონდება?

- ეჰ, ჩემო დაო, სადაც ჩემთვის სიკეთე არ არის, იქ ყველას თვალებიც გამოხეთქია, - უპასუხა ნატომ იმნაირ ხმაზე, თითქო ამითი უნდოდა მოესპო ეს უსიამოვნო ბაასი.

ბავშვებს მოსწყინდათ დედაკაცების ლაპარაკი, გამოვიდნენ აივანზე და დაიწყეს თამაშობა, ამასობაში სადილობაც მოახლოვდა, საბედამ სუფრა გაშალა; მიიშველია ნატოც, ნატოსთვის ბევრი ჩიჩინი საჭირო არ იყო, ეტყობოდა, სამსახური კარგათ იცოდა.

- ეს დედაკაცი მარჯვე ჩანს, მაგრამ როგორღაც ამისი შეუფერებელი სისრულე თვალში მეჩხირება... ესეც ხომ ქალბატონივით მძიმეთ არ არის?.. ფიქრობდა საბედა და კვალათ დაკვირვებით მისჩერებოდა ნატოს.


III
საბედა იმ დღესვე წავიდა. დარჩა დესიკო ნატოს ამარა, რომელმაც ჩინებული მზარეულობა გამოიჩინა და ბავშვებსაც ეფერებოდა.

დესიკო დამშვიდდა, დარწმუნდა, რომ ნატოსაც არა უშავდა რა, მაგრამ რაც დრო მიდიოდა, ნატოს სახე უნაღვლიანდებოდა და ხშირად ოხრავდა. დესიკომ შეამჩნია ეს ცვლილება. ნატო თანდათან დაზანტდა და წინანდელის ხალისით ვეღარ ჰკიდებდა საქმეს ხელს.

- ნატო, ავათა ხარ? - ჰკითხა ერთ საღამოს დესიკომ, როდესაც ბავშვებმა დაიძინეს.

ნატო შეკრთა, ფერმა გადაჰკრა, მაგრამ მაინც მივიდა ქალბატონთან და ჩაჯდა მის გვერდით.

- ეჰ, ქალბატონო, არც კარგათა ვარ, - სთქვა მან ნაღვლიანათ და მძიმეთ ამოიოხრა.

- მე დიდი ხანია გატყობ, რომ კარგა არა ხარ. ღამე ცუდათ გძინავს?..

- ათასი დარდი და ვარამი რა ძილს გააჩერებს ჩემთან. ქალბატონო!.. თქვენ როდის მოელით მორჩენას? - ჰკითხა მან შემდეგ და ნიდაყვზე სახე დაანდო.

- მე?..მალე..ამ ცოტა ხაში...

- თქვენა ბრძანეთ, ძიძა უნდა დავიჭიროო?

- ჰო, საუბედუროთ რძე არ დამყვება ხოლმე და რა მეტი ღონეა!.. ნაღვლიანათ უპასუხა დესიკომ.

- მაშ..მაშ, ქალბატონო, მე დაგიდგებით ძიძათ! გაუბედავათ წარმოსთქვა ნატომ.

- შენ ძიძათ?! განა შენც მძიმეთა ხარ?! ჰკითხა გაოცებით დესიკომ.

- დიახ, მაგრამ.. ეჰ, ქალბატონო, აღარ შემიძლიან მოვითმინო, რომ ჩემი გაჭირვება არ გითხრათ, - განაგრძო ნატომ. - მძიმეთ იყავი და აქამდის არ მითხარი!.. ეგ კარგათ ვერ მოგივიდა, ჩემო ნატო, - უსაყვედურა დესიკომ.

- დალოცვილო, მერე ამითი რა გავაფუჭე? საქმეს ხომ გიკეთებ. მელოგინეს მოგივლი, ბავშვებს მივხედავ და სხვაც ამაზე მეტს რას გასიამოვნებდა?

- ეგეები როგორ უნდა შესძლო?.. შენ თვითონ რომ მოინდომო, მე როგორ უნდა გაგსარჯო, თუ მე არ შემიძლიან არაფრის გაკეთება, შენც ხომ ჩემს მდგომარეობაში ხარ?

- იი, შენ კი გაიხარე, ქალბატონო! შენი საქმე და ჩემი ერთი არ არის. შენთანაც რომ არ ვიყვე, გულხელდაკრეფილს ვინ დამსვამს?.. საქმე უდნა გავაკეთო, სანამ...ლოგინში ჩავეგდებოდე.

- როდის ელოდები მორჩენას?-ჰკითხა შიშით დესიკომ, რადგან წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა სწორედ საჭირო დროს დარჩენილიყო მარტოთ.

- ამ თვეს გავიყვან. ფიქრი ნუ გაქვს ნურაფრისა, ე ლოგინიდან კი აგაყენებ და მერე რაც უნდა მომივიდეს.

- სად აპირებ მორჩენას? თუ ჩემი იმედი გაქვს, ხომ ხედავ, რომ თვითონაც რა გაჭირვებაში ვარ... დაიწყო ნაწყვეტ-ნაწყვეტათ დესიკომ და თან თვითონვე ეძნელებოდა გაჭირვების დროს დახმარების უარის თქმა...

განა მე თვითონ არ ვიცი, ქალბატონო, მაგითი როგორ შეგაწუხებ, მაგრამ სიტყვით ერთ რამეში კი უნდა დამეხმარო.

სთქვი...თუ კი შემიძლიან, დიდის სიამოვნებით.

- გენაცვალე, ქალბატონო, არ შეიძლება მომიხერხო, რომ მშობიარეების სახლში უფულოთ მომალოგინონ... გამიგონია, საწყლებისთვის არის ის სახლიო, და ჩემზე საწყალი ვინღაა?

- რატომ. ერთი ნაცნობი ბებია ქალი მყავს და მოველაპარაკები, მაგრამ, საკვირველია, შენმა ქმარმა როგორ გამოგიშვა მაგ მდგომარეობაში მყოფი გარეთ?

- დაუმატა დესიკომ და შეხედა ნატოს.

- ეჰ, სადღა მყავს ქმარი ან სხვა ვინმე!.. წყალსა და მეწყერს უზიდნიათ ჩემი ცოდვით. ბარე ხუთი წელიწადია, რაც ჩემი ოჯახი თვალით არ დამინახავს, იმ უბედურათ სატარებელმა გამომაგდო. სამი წელიწადია ერთ კაცთან ვცხოვრობ აქ, ქალაქში... ერთი შვილი იმასთან მყავს. ახლა მეორეზე რომ დავმძიმდი, მანაც სახლში აღარ დამაყენა, - დაუმატა ნატომ და თვალებში ცრემლები მოერია. დესიკო თანაგრძნობით უყურებდა ნატოს.

- ახლა რა უნდა ჰქნა, შე საწყალო?.. ჰკითხა მან.

- ქალბატონო, მართალია, რომ თავშესაფარში ბავშვებს მიაგდებენ ხოლმე ჩემისთანა გაჭირვებულები და ისინიც ზრდიან?- ჰკითხა ნატომ.

- მართალია, მაგრამ შენთვის მაინც სამძიმო იქნება.

- რა, გენაცვალე?..

- ის, რომ შენთვის სამუდამოდ დაიკარგება ბავშვი, აღარ გეცოდინება ვისთან არის, ან როგორია!

- ეჰ, დალოცვილო, აბა თუ ჩემ ხელში დარჩა, ვინ იცის რა სანუკვრებს არ გამოულევ. ე ჩემ ხელშიაც კარგი არა დაეყრება და აზირ ის არა სჯობიან, არ ვიცოდე იმათ ხელში რა მოუვა? ერთი შვილი პირველ ქმართან დამიტოვებია, მეორე მეორე კაცთან და თუ კი უიმათოთა ვძლებ, ეს რაღა ნატვრის თვალი იქნება! ნეტაი კი მომიხერხდებოდეს, თორემ მაგაზე არ შევწუხდები, - სთქვა ნატომ და ამოიოხრა.

- რას ამბობ, ტანო, მაგას?!-შესძახა დესიკომ.

ნატომ შეხედა ქალბატონს, რომელსაც წარბები შეჰკროდა, ლოყები დასწითლებოდა, სახეზე აღშფოთება ეტყობოდა.

- გული რას გეუბნება?-კვალად დაეკითხა დესიკო.

- გულიც იმას მეუბნება, რასაც სიტყვებით ვამბობ... - დაუდევრათ უპასუხა ნატომ.

- ნატო, იმათ ხომ ხედავ!-შესძახა აღელვებით დესიკომ და ხელი გაუწვდინა იქით, საიდანაც მოისმოდა მშვიდობიანი სუნთქვა ბავშვებისა.

- ორი შვილი მყავს, მესამესაც ახლა ველი; შეიძლება კიდევაც თან გადავყვე, მაგრამ მე მაინც უიმათოთ ერთ დღესაც ვერ ვიცოცხლებ. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ვიყვე უიმათოთ?..

- არ გაგჭირვებიათ და იმიტომ.

- რაც უნდა გამიჭირდეს, ლუკმაც რომ არა მქონდეს, მაინც ჩემს შვილებს გულიდან ვერ მოვიხსნი და მათთან ერთად შიმშილით მოვკვდები.

- თქვენი საქმე სხვაა, ქალბატონო? დარცხვენით წარმოსთქვა ნატომ.

- რა სხვა?განა შენც ჩემისთანა ქალი არა ხარ, განა შენც დედა არა ხარ?..

- ეჰ, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა და რა ვქნა..

- ამ წუთამდის მეცოდებოდი, მაგრამ ახლა...-ვეღარ გაათავა სიტყვა დესიკომ და აღელვებისაგან ხმა ჩაუწყდა.

- განა ახლა კი საბრალო არა ვარ? -ყრუთ ჩაილაპარაკა ნატომ და ჩაჩუმდა. როდესაც დესიკომ გაიგონა მისი უკანასკნელი სიტყვები, შეჩერდა, გულშივე ჩაიბრუნა სათქმელი სიტყვა.

- მე შემეძლო არა გამემხილა რა, მაგრამ როდესაც დაგინახე, რომ კეთილი იყავ, მეგონა მართალს რომ გეტყოდი, უფრო შემიბრალებდი და დამეხმარებოდი...

- წარმოსთქვა ნატომ. დესიკო ღელავდა, ვიღარას ამბობდა. მაგრამ ბოლოს კარგა სიჩუმის შემდეგ უფრო ლმობიერად მიმართა ნატოს.

- ვთქვათ, კიდევაც დაგეხმარე და თავშესაფარში მიგიღეს, მერე რას აპირებ?..

- ბავშვს იქ მივიყვან და თუ მიმიღებ, ძიძათ მოვალ შენთან.

- ოჰ, არა?.. მე შენ ძიძათ არ გამომადგები!..-შესძახა აღშფოთებით დესიკომ.

- რატომ? ძიძებს მაინც თან არ მოჰყავთ გასაზრდელებთან თავიანთი შვილები.

- ისინი შვილებს თავის ოჯახში სტოვებენ და ქუჩაში არა ჰყრიან?

- თქვენა გგონიათ ყველანი?

- ალბათ.

- არა, ქალბატონო, ბევრი მათგანი სტყუის, იგონებს, ისევე იქცევა, როგორც მე... იმათ იყვანენ იმიტომ, რომ სტყუიან და მე კი, რაკი მართალი ვთქვი, უარს მეუბნები?.. მაგრამ თქვენი ნებაა, რახან თქვენ არ ამიყვანთ ძიძათ, სხვასთან არ წავალ და ისევ იმასთან დავბრუნდები...

- ვისთან?..ჰკითხა დესიკომ.

- ჩემ საყვარელთან, - დამშვიდებით უპასუხა ნატომ.

- როგორ?!-შესძახა შეშფოთებით დესიკომ.-შენ კიდევ მიდიხარ იმასთან, ვინც გაგაუბედურა და არ შეგიცოდა?..ვისი წყალობით შვილს ქუჩაში აგდებ?.. ან მიგიღებს კია?..

- უბავშვოთ მიმიღებს. რა ვქნა, ქალბატონო, მაინცდამაინც რომ სთქვას კაცმა, არც მე ვარ იმასთან სულ პირნათელი.

- როგორ?

- ეს ბავშვი მისი როდია?

- მაშ ვისია?

- მე თვითონაც არ ვიცი, რომელია მისი მამა.

- ღმერთო, ეს რეები მეყურება? დაღუპული, უბედური ყოფილხარ და მართლაც საცოდავი ხარ. რო იცოდე, ნატო, მაგ ცხოვრებას რა საშინელი ბოლო მოსდევს?.. თვითონვე შეძრწუნდები!..

- რაც იქნება იქნება. ალბათ, ბედი ასეა და რას ვიზამ!-კვლავ გაიმეორა ნატომ და სახეზე დაუდევრობა გამოეხატა.
მათი ლაპარაკი შეწყდა, რადგან ამ დროს დათიკო შემოვიდა ოთახში. მთელ ღამეს არ მოუსვენია დესიკოს. მუდამ თვალწინ უდგა ნატო და მაზე ფიქრობდა. სწყევლიდა იმ შემთხვევას, რომელმაც ის დესიკოს სახლში შემოიყვანა და მის საშინელ საქციელში თითქო უნებური თანამოზიარე გახადა.

- მაშ უნდა დავეხმარო?..უნდა დავეხმარო, გზა გავუწმინდო, რომ ყველა ეს სისაძაგლე მოახდინოს?! ოჰ, არა, არა! მე ნება არა მაქვს! ძალზე სძგერდა, კვნესოდა დესიკოს გული. წამს თვალწინ წარმოუდგა უბედური ჩვილი ყრმა, რომელიც ქუჩაში სადმე კუთხეში იყინება, წარმოუდგა უზრუნველი ნატო, გარეული გარყვნილ ხალხში...

„განა უფრო არ უნდა შემიბრალო?!" ჩაესმა ამ დროს ყურში ნატოს ხმა და დესიკო კიდევ უფრო აღშფოთდა.

- არა, მე მას ხვალვე დავითხოვ! ფულს ვაჩუქებ, მაგრამ მაინც დავითხოვ! იმეორებდა დესიკო თავის გულში.

- თავშესაფარში რომ ვერ შევიდეს, რას იზამს?.. შეიძლება კიდევაც მოჰკლას, დაარჩოს და ისე გაინთავისუფლოს თავი მისგან!.. -ამ გახსენებაზე დესიკოს გონება მთლად აერია და შეშინებული საჩქაროთ დაუბრუნდა იმავე აზრს, რომ როგორმე თავშესაფარში ადგილი უშოვოს.

ტანჯვა-წამებას გამოვლილი დესიკო ლოგინში იწვა. ერთი კვირა იყო, რაც მას ვაჟი შეძენოდა, ქმარ-შვილი გარს ეხვია, ხელს უწყობდნენ, რომ ავადმყოფისთვის მოვლა არ დაეკლოთ. ნატო იქ აღარა სჩანდა, დათიკომ ბევრი ცდის შემდეგ მოუხერხა ნატოს თავშესაფარში შესვლა და ფულიც აჩუქა. დესიკომ ძლივს შვებით ამოისუნთქა, როცა ნატო წავიდა.

აგერა დესიკოს წინ დგას ჭრელ შალში შეხვეული ლამაზი, თვალჟუჟუნა ქალი. მას გვერდით მოსდგომია მაღალი, უშნო, უხეში შავგრემანი კაცი, რომლის შავი თვალები მოუსვენრათ იყურებოდნენ შუბლქვეშ.

- მაშ ეგრე? უსათუოდ თორმეტ მანეთს თხოულობთ?-წარმოსთქვა სუსტის ხმით დესიკომ.

- რა ვქნათ, ქალბატონო, ამასაც იმიტომ ვაშორებ ოჯახს, შვილს, რომ სახლში ორიოდ გროში შევიტანო და ხელი მოვინაცვლო. ბავშვის ამყვანსაც საძიძური უნდა, მანდედგან აბა რა დაგვრჩება?-ამბობდა კაცი და ხელებდაჭდობილი უყურებდა დესიკოს. ქალი გაჩერებული იდგა და მალ-მალ წითლდებოდა, თვალებს ძირს ხრიდა. -ახალი ძუძუს პატრონია, თორმეტ მანეთშიაც თქვენი ხათრით ვაყენებ, მეზარება უკან წაყვანა, თორემ, რომ გავიყვანო კიდეც, იმედი მაქვს კაი თხუთმეტს მომცემენ, -განაგრძობდა ის.

დესიკო და დათიკო გაჩუმებულები უსმენდნენ; გრძნობდნენ, რომ მართალს ამბობდა, რადგან ძიძას ყოველთვის კაი ფასი ჰქონდა, მაგრამ სამი ხელი ტანისამოსი და თვეში თორმეტი მანეთი ძალიან ებევრებოდათ. კარგი ვაჭრობის შემდეგ ნონემ, ასე ერქვა ძიძის ქმარს, მაინც არ დაუკლო და მეტი ღონე არ იყო, სხვაფრივ უნდა შევიწროვენულიყვნენ და მართა აეყვანათ.

- რა გაეწყობა, დარჩეს!..-უთხრა დათიკომ.

- ძალიან კარგი, შენი ჭირიმე, მაგრამ ორი თვისა წინდაწინ უნდა მიბოძოთ,

- შეეხვეწა ნონე.

- კარგი, მოგცემ! ახლა წადი სამზარეულოში, ცოტა დაისვენე და პურიც ჭამე,

- უპასუხა დათიკომ. ნონემ თავი დაუკრა და გავიდა ოთახიდან.

ძიძამ მოიხსნა შალი და ღიმილით წავიდა პაწაწა ბავშვის სანახავად.

- კეთილი იყვეს ჩემი ხელის მოკიდება, წარმოსთქვა მართამ და აიყვანა ხელში მძინარე ბავშვი, თან თვალები აემღვრა, ტუჩები აუთრთოლდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და კვალად გაიღიმა.

- პირველი გამოსვლაა შენი კარზე, მართა?-ჰკითხა ღიმილით დესიკომ.

- დიახ, გენაცვალე, უპასუხა ქალმა და ამოიოხრა.

- ბავშვი პატარა გყავს?

- სამი თვისაა, წარმოსთქვა მართამ, მთლად გაწითლდა და თავი ჩაღუნა. ახლა კი თვალებში ცრემლები წამოადგნენ.

დესიკომ შენიშნა, რომ სამძიმო იყო მისთვის ოჯახის მოგონება და არჩია გაჩერებულიყო. ნონეს გულუხვათ გაუმასპინძლდნენ და დიდი კმაყოფილი იყო, რომ ამისთანა კარგი ადგილი უშოვა ცოლს.

- აბა თქვენ იცით, ქალბატონო, თუ მართას კარგათ შეინახავთ, ეგეც ცუდი ხასიათისა არ არის და იმედი მაქვს გასიამოვნებთ, - წარმოსთქვა ნონემ, როდესაც გამოსათხოვრათ ოთახში შემოვიდა.

- მაგაზე ნუ სწუხარ, ჩემო ნონე, მართა ჩვენთან ისე იქნება, როგორც თავის ოჯახში, არა გაუჭირდება რა,- უთხრა დესიკომ და ნონეც გავიდა ოთახიდან. მართა ქმარს გაჰყვა სამზარეულოში.

- ნონე, მაშ შენ ორი თვის ჯამაგირს თხოულობ?-ჰკითხა დათიკომ, რომელიც აგრეთვე შემოვიდა სამზარეულოში.

- დიახ, ბატონო, ამ ორ თვეში ვეღარ ჩამოვალ და ამ თავშივე ოჯახს რამეს შევმატებ, უპასუხა ნონემ, რომელსაც სიხარბისაგან თვალები გაუბრწყინდნენ. გულხელდაკრეფილი მართა ნაღვლიანათ შესჩერებოდა დათიკოს, როცა ეს ხელში უთვლიდა ნონეს ოცდახუთ მანეთს. ნონეს კი სიამოვნების ღიმილი მოსდიოდა ტუჩებზე, ცოლს არც კი უყურებდა.

- აბა, მართა, ჭკვიანათ იყავ, არ იდარდო, თორემ რძე დაგაკლდება,-უთხრა ნონემ ცოლს, როდესაც დათიკო გამოვიდა.

- ნონე, ჩემი შაქრო დამიკოცნე, გაუფრთხილდი...წარმოსთქვა მართამ და თვალებზე ხელსახოცი მიიფარა.

- შენ ჭკვიანად იყავ, შაქროს არაფერი უშავს.იქ არა ვართ მე და დედაჩემი!..მშვიდობით...დაუმატა ნონემ, ჩამოართვა მართას ხელი და აჩქარებით გამოვიდა.

თვალცრემლიანი მართა შებრუნდა ოთახში. დესიკო ხედავდა მართას მწუხარებას და გულში უხაროდა, რომ ეს ნატოსთანა არ იყო.

- მაინც ხომ არ აგცილდებოდა ძიძათ გამოსვლა, მართა, სჯობიან, რომ ჩვენთან მოხვედი; მართალია, შენ შვილს ვერ ხედავ, მაგიერათ ქმარი მალ-მალ შეგატყობინებს მის ამბავს.შენც ფულს მოუყრი და ოჯახს გაახარებ. სახლში გამოცდილი დახედული ადამიანი გეგულება და რა გაწუხებს! ეუბნებოდა დესიკო. მართა ამ სიტყვების ზეგავლენით თანდათან მშვიდდებოდა.

- მე შენ ლამაზ კაბას გიყიდი, საცვლებს შეგიკერავ, სუფთად ჩაგაცმევ, შეესმოდა მართას დესიკოს მომხიბლავი სიტყვები და მართა კიდევაც იღიმებოდა.

დესიკომ აუსრულა თავისი დანაპირები; როგორც კი შესძლო კარზე გამოსვლა, რაც საჭირო იყო, ყველაფერი უყიდა. მართას მაინც ფარული ნაღველი არ შორდებოდა, თვალწინ განუშორებლათ უდგა თვისი სახლ-კარი, პატარა შაქრო. პაწია, ახლათ დაბადებული ბავშვი ვერ ავიწყებინებდა ექვსი თვის გაფუნჩულ შაქროს, რომელსაც ხელში ძლივს იმაგრებდა, მერცხალივით ფართხალებდა, ჭყივილით დედის გულს ახარებდა.


V
მართა ოსის ქალი იყო. ოჯახი, რომელმაც მართა რძლათ მოიყვანა, სხვებზე ღარიბათ ცხოვრობდა, თუმცა მართას ქმრის გარდა სახლში ორი ვაჟკაცი კიდევ ტრიალებდა. მეზობლები სავსენი იყვნენ საქონლით, სპილენძეულობით, ამათ კი ორი უღელი ხარის მეტი არ უჩნდათ და კიდევ ცხრა წლის ბიჭს ათიოდე თხა დაუდიოდა მინდვრად. - ჩვენი ბარაქა იმ ოხერმა ურადმა თან გაიტანა. რა ყევარი ხარკამეჩი დაგვაკლდა და კიდევ ვინ იცის, როდის დაგავრჩებით!..იტყოდა ხოლმე ბაბედა, მართას დედამთილი.

- უფროს რძალში უღელი ხარი და ერთი საარაყე ქვაბი წაიღეს, ახლა ზამთარში და შემოდგომაზე კიდევ ტატეა დასაქორწინებელი... იმას საიდგანღა გამოვუძებნოთ!.. ე კაცები რასაც ხნამენ და თესენ, საჭმელადაც არა გვყოფნის!დაუმატებდა ბაბედა და საყვედურით გადახედავდა ორივე რძალს, რომელნიც ამ დროს ოჯახში ფუსფუსებდნენ. მეტადრე უფროს რძალს, მაიკოს, ხშირად ხვდებოდა საყვედური.

- რის მაქნისია, გენაცვალეთ! შვილი მაინც გასჩენოდა, ძიძათ წავიდოდა და სახლში რასმეს შემოიტანდა!..

ამ სიტყვების გაგონებაზე მაიკო მძიმეთ ამოიოხრებდა და ხმას კი არ გაიღებდა. ხუთი წელიწადი იყო, რაც რძლათ მოსულიყო და რახან აქამდის შვილი არ გასჩენოდა, მერეც იმედი აღარა ჰქონდა. თვითონ მაინც სწუხდა თავის უბედურობას, მაგრამ წუხილით ვერას აწყობდა.

- ადე, ქალო, წისქვილში წადი, ტომრით ფქვილი მოიტა!..-მოუბრუნდებოდა მას უკმეხათ ქმარიც, თვითონ კი ცეცხლაპირას ზარმაცათ წამოწოლილი ჩიბუხს აბოლებდა.

მაიკო ხედავდა, რომ არც ქმარი იყო მისით კმაყოფილი. მართა ხედავდა ყველაფერ ამას და შიშით გული უძგერდა, ვაითუ ისიც უშვილო გამომდგარიყო და მით თავზე ოჯახის რისხვა დაეტეხა.

მალე მართას შიში გაიფანტა, ის უკვე მოელოდა შვილს და სახლში მყოფებმაც დაუწყეს ფერაობა.

- მართა ძიძით უნდა წავიყვანო, თვეში ათ-თორმეტ მანეთს, თავათ მეტსაც ავიღებ. კაცო, ეხუმრები, თვეში თორმეტი მანეთი რომ შემოვიდეს ოჯახში!.. ამაყათ იტყოდა ხოლმე ნონე. უმცროსი ძმები ღიმილით ეთანხმებოდნენ, მარტო მაიკოს ქმარი ხმას არ იღებდა, შურით გადახედავდა მართას და შემდეგ გაბღვერდა მაიკოს, რომელიც დამნაშავესავით კერასთან მოკუნტულიყო.

მართას გონება დიდხანს არ ჩერდებოდა ქალაქში წასვლაზე. ის კმაყოფილი იყო მით, რომ ოჯახი მას სწყალობდა და მომავალს მორჩილებით მოელოდა.

გავიდა დრო. მართა დედა გახდა, თავდავიწყებით დახაროდა ძვირფას, პაწია არსებას, მაგრამ, რაც უფრო დრო გადიოდა, გული მოუსვენრათ უშფოთავდა...

- ძიძათ რომ წავიდე, ხომ თავი უნდა დავანებო ჩემ პაწია შაქროს!..-ამ გახსენებით მართას გული მწვავეთ გაისერებოდა.არა, არ შემიძლიან!..მე უშაქროოთ ვერ გავძლებ...დაუმატებდა მართა და მაგრა მიიკრავდა გულში შვილს. რა ოხრათ დავარჩენ ფულს!..ფული კი არა, სიცოცხლეც არ მინდა უჩემბიჭოდ; არა, ნონეს ვეტყვი, რომ არ წამიყვანოს,ამბობდა გულში მართა.

ზამთარი ილეოდა, მაგრამ სუსხი მაინც წინანდელი შერჩენოდა და გარემოს ჰყინავდა. დიდი ჭდეულში შუა ადგილზე ცეცხლი ენთო, მთელი ოჯახი გარს შემოსხდომოდა, კაცებს თავი მოეყარათ, ბაბედა ჩოხის შალსა ჰქსოვდა და თან ფეხით აკვანს არწევდა. ამ დროს კარმა გაიჭრიალა, ოთახში შემოვიდნენ წელში მოხრილი მაიკო და მართა, რომელთაც ზურგზე წამოეკიდათ შეშის ვეება გუდურები და ხვნეშით დაჰყარეს კუთხეში. ქალებს სიცივისაგან სახე დალურჯებოდათ.

- ცივაა!..კანკალით წარმოსთქვა მართამ და თამამათ გადავიდა ცეცხლისკენ. მაიკო კი მოკრძალებით, შეუმჩნევლად მიუჯდა მართას გვერდით და დაიწყეს ხელების თბოდა.

- უფრო თბილათ ჩაიცვამდი, ქალო, - მიუბრუნდა ბაბედა აკანკალებულ უმცროს რძალს, მაიკოსთვის კი არც კი შეუხედია. ამ დროს შაქრომ აკვანში დაიტირა და მართაც გაუბრუნდა.

- ნეტა ჩქარა გავიდეს ეს ოხერი თვეც, მოუთმენლათ სთქვა ნონემ.

- ზაფხული კარგია, ზამთარში მუშა ტყუილათ სცდება... დაუმატა მეორე ძმამ.

- გაზაფხულდება თუ არა, მე და მართა ქალაქისკენ გავწევთ სთქვა ნონემ.

ამის გაგონებაზე მართა შეკრთა და ქმარს მიაჩერდა, მას თითქო კიდევაც დავიწყებოდა, რომ ძიძათ უპირებდნენ წაყვანას.

- ნეტაი შენა, მართა, რომ ქალაქში მიდიხარ! რო იცოდე, რამდენ რამეს ნახავ, რარიგათ ანებივრებენ ძიძას, რა ტანისამოსს აცმევენ! სხვა მოსამსახურესავით კი არ არის აგდებული, ძიძა ქალბატონზე ნებიერია, დაილაპარაკა ბაბედამ და ძაფს გასწია.

- მართა მე ერთ საახალოხეს გამომიგზავნის.

- მე ქუდს...გაისმა ბიჭებში.

მართა შეინძრა. მიაჩერდა პატარა შაქროს, რომელსაც ოდნავათ პირი გაეხსნა და უზრუნველათ ეძინა.

- მაშ ქალაქში მივდივარ!..შაქროს თავს ვანებებ? გაიფიქრა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, მაგრამ საჩქაროთვე მოიწმინდა, რომ იქ მყოფთ არ შეენიშნათ. შემკრთალმა მართამ გადახედა მათ, მაიკო დაღონებული შემოჰყურებდა რძალს, უსიტყვოთ შენატროდა, მართას გულმა კი კვალად დაიკვნესა და ცრემლებმა წამწამები დაუსველეს.

- შაქრო მაშინ ხუთი თვისა იქნება, რძესაც კარგათა სჭამს,-სთქვა ბაბედამ.

ნონეს არც კი შეუხედნია მართასთვის, ის წინ-წინ ანგარიშობდა ძიძობაში აღებულ ფულს და მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა.

- ნონემ რომ ხელიც არ გაანძრიოს, მაინც გაუჭრებლად იცხოვრებს...მართა ახალგაზრდაა, უშვილო არ გამოადგა და დიდხანს, დიდხანს ივლის ძიძათ...ამ გახსენებით ნონემ ალერსით გადახედა ცოლს, რომელიც თვალებძირსდახრილი დაღონებული იჯდა.

აგერა მართა დარჩა ქმართან მარტოდ. მართა მოვიდა ქმართან, მხარზე დაადო ხელი და შეხედა თვალებში.

- ნონე, წარმოსთქვა მან, ნონე, ნუ წამიყვან ქალაქში...სახლში დამტოვე ჩემ შაქროსთან...მართას ხმა უკანკალებდა, ცრემლებსა ჰყლაპავდა.

ნონემ გაოცებით შეხედა ცოლს.

- რატომ, მართა?.. შენი ქალაქში წასვლა ჩვენთვის ძალიან საჭიროა, უთხრა ძალდატანებულის სიმშვიდით ნონემ.

- მე უშაქროოთ ვერ გავძლებ, ნონე, შაქროც უჩემოთ იდარდებს.

- ნუ სულელობ..შაქროს ბევრი გაეგება..პაწიაა, არც კი დაახსოვდები...შენც ასე გაჭირვებაში არ იქნები, როგორც აქა ხარ.. ემანდა, კაბა არა გაქვს რომ ჩაიცვა, ეუბნებოდა ნონე.

- მე საქმე არ მაშინებს, ნონე არც სიღარიბე. დღეის იქით უფრო მოვუმატებ საქმეს, თავს გავსწირავ, ოღონდ..ქალაქში ნუ წამიყვან...განაგრძობდა ვედრებას მართა.

- დარჩები და შენც მაიკოზე უარესი დღე დაგადგება. ყველა მოგიძულებს, იქნება სახლიდანაც გაგაგდონ, ჩემს გარდა სხვებიც არიან ოჯახში...უთხრა უკმაყოფილოთ ნონემ.

მართამ იგრძნო, რომ ნონესთან ვერას გახდებოდა და დაიწყო ტირილი.

- რა დიდხანს შენ იქნები ძიძათ, წლისთავზე ისევ სახლში მოხვალ, იქნება უფრო ადრეც. ახლა სოფელში რო დარჩე, პაპანაქება სიცხეში მინვრათ უნდა დაიწვა, არ გირჩევნიან ქალბატონივით ოთახში იყვე?..

ნონეს სიტყვები ცივადა ხვდებოდნენ მართას გულს და უფრო აკვნესებდნენ. მართა ჩამოეცალა ქმარს. ახლა ის ფარულად შესთხოვდა ღმერთს, რომ ზამთარი ხელახლა დაბრუნებულიყო, გასასტიკებულიყო, მაგრამ ამის ჯიბრზე დღეები გარბოდნენ, თოვლი დნებოდა, ჰაერი თბებოდა, გაზაფხული ახლო იყო.

- ზეგისთვის მოემზადე ქალაქში წასასვლელად! ..- უთხრა ნონემ ერთხელ ცოლს, როდესაც შემოვიდა სახლში. მის ხმაში უფრო ბრძანება იხატებოდა. მართა გაფითრდა და სახე გვერდზე მიიღო.
- გესმის თუ არა!.. მოემზადე-მეთქი!..შესძახა ახლა კი წყრომით ნონემ და სახეზე მხეცური მეტყველება გამოეხატა.

მართა შეშინდა და მოუბრუნდა ქმარს.

- მესმის... ყრუდ წარმოსთქვა მან.

- ჰოდა, გესმოდეს რასაც გეუბნებიან!

- მაიკო, ჩემი შაქრო გებრალებოდეს, მოვალ და მერე მე ვიცი მაგიერი პატივისცემა! -ეუბნებოდა წასვლის დროს თვალცრემლიანი მართა რძალს.
- ფიქრი ნუ გაქვს, მართა, მე შენს შაქროს გავუფრთხილდები. შენ მშვიდობით იყავი და გული გაიმაგრე...თანაგრძნობით ეუბნებოდა მაიკო და თვალებიდან ცხარე ცრემლსა ღვრიდა; გრძნობდა, რომ ურძლოთ ცხოვრება ერთიორად აუტანელი იქნებოდა მისთვის.

- ნახვამდის, მართა! შეესმოდა აქეთ-იქიდან, მართაც მათ ცივათ აძლევდა პასუხს,თითქო ყველანი შესძაგებოდნენ. აგერა მართა მივიდა აკვანთან, რომელშიც შაქროს ეძინა, მართას მუხლები აუკანკალდნენ და მძინარე ბავშვს დაემხო გულზე. გაისმა გულშემზარავი ქვითინი, რომელსაც ხმას აძლევდა ბავშვის განწირული ტირილი.

- მართა!.. გამოდი დროზე!.. მრისხანეთ შემოსძახა გარედან ნონემ. მართამ რამდენჯერმე აკოცა შეშინებულ-ატირებულ ბავშვს და მოშორდა...

მეორე დღეს მართა ქალაქის ბაღში იჯდა, საიდანაც მალე წაიყვანეს დესიკოსთან.

VI
დესიკო თანდათან მოღონიერდა და ოჯახი წინანდელ რიგზე მოაწყო. ავადმყოფობის დროს როგორც ბავშვებს, ისე თითოეულ საგანს დაჰკლებოდათ მისი თავდაუზოგავი ზრუნვა-მოვლა.

დესიკო ღარიბი დედ-მამის შვილი იყო, შესჩვეოდა შრომას, სანაქებოდ დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და დიდი დროც არ გასულა, რაც დათიკო ქამიშვილს მისთხოვდა.

დესიკო თავს ბედნიერადა სთვლიდა, ქმრის ოჯახში სრული თავისუფალი იყო და დათიკოც თვალ-წარბში შეჰყურებდა და თავს ევლებოდა. კმაყოფილი დესიკო სულაც არ ფიქრობდა მასზე, თუ მცირე ჯამაგირი ოდესმე აგრძნობინებდა მათ რაიმე გაჭირვებას.

- გაჭირვება რას ქვიან?..კაცი თუ ირჯება და მუქთახორა არ არის, როგორ უნდა გაუჭირდეს?! ფიქრობდა ის.

დესიკოს პირველ წელიწადშივე გაუჩნდა შვილი. მას მოჰყვა მეორე, მესამე, კიდევ ზედ დაერთო უძუძურობა და დესიკომ ნაღვლიანათ დახარა თავი ძირს.

ბევრჯერ დააპირა შესულიყო რაიმე სამსახურში და შვება მიეცა ოჯახისთვის, მაგრამ როდესაც წარმოიდგენდა თავის შვილებს უცხოების ხელში, შეკრთებოდა და წუთს გაუფრთხებოდა ამ მოსაზრებას. ბევრჯერ უნახავს მოახლეების ხელში ჩაცვივნული ბავშვები როგორ ისჯებოდნენ და რა უწესო საქციელების მოწამეთ ხდებოდნენ. ჯერ კიდევ ქალიშვილობაში დესიკო ჰკიცხავდა იმ დედას, რომელიც აგრე რიგად არ აქცევდა ყურადღებას შვილებს, განზე იყურებოდა პირადის სიამოვნებისთვის.

- ღმერთმა ნუ ქნას, შვილი ვისმეს ჩავუგდო ხელში, მე თვითონ აღვზრდი ისე, რომ სხვისთვის მაგალითი იყვეს-ხშირად უთქვამს ეს და ნუთუ დღეს კი ისე უნდა მოიქცეს, როგორც იქცევიან მისგან გაკიცხული დედები!..არა! ვერ იზამს დესიკო ამას. სხვაფრივ გაიჭირვებს საქმეს, თითქმის საზრდოსაც მოვიკლებ, ჩასაცმელს, ყოველგრავ სიამოვნებას, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ქმარ-შვილთან შედარებით და ოჯახიდან კი გარეთ არ გავალ...

დესიკოს გაგიჟებით უყვარდა შვილები, დღე თუ ღამ მათთვის ფიქრობდა, კიდევაც დავიწყებოდა, თუ შვილების გარდა კიდევ სხვა არსებობდა რამ, მთელი დღეები სახლში ტრიალებდა, ძიძის დახმარებით ოჯახს უვლიდა, ხარშავდა საჭმელს, ოთახებს ალაგებდა, ჰკერავდა, შემდეგ ჩაუჯდებოდა შვილებს, უამბობდა ზღაპრებს, წიგნებს უკითხავდა...ბევრჯერ დაღალვისაგან სახეზე ოფლი ასკდებოდა, სხეული თხოულობდა დასვენებას, მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა და შრომას განაგრძობდა. დესიკოს გულსა და გონებაში ღრმად ჩასწვდენოდა დედობრივი მოვალეობა, იცოდა, რა ფაქიზად, სათუთად უნდა მოჰქცეოდა ბავშვის ნორჩ, წრფელ გონებასა და ხშირად ოხრავდა, როდესაც გრძნობდა, რომ უსაშუალებობა ბევრნაირათ უკანა სწევდა მის მისწრაფებას შვილების აღზრდის შესახებ, მაგრამ მაინც არ ტყუვდებოდა და კვალად გამხნევებული დაუმატებდა:

- არა უშავს რა! ღმერთი მოწყალეა!..საკმარისია შვილები შევაჩვიო პატიოსან შრომას, მოთმინებას, დანარჩენი ღვთით ყველაფერი კარგათ იქნება...

- ბედნიერი დედა ხარ, დესიკო, მფარველი ანგელოზი თავს გადგია და გიფარავს ათას განსაცდელისაგან. გაიხსენე ნატო, თუნდ მართა, წარმოიდგინე მათი მდგომარეობა...შესჩურჩულებდა ხშირად გონება.

- ღმერთმა იმ დღეს ნუ მომასწროს, რომ იმათ დღეში ჩავვარდე როდისმე! თუ ჩემ ქმარ-შვილს არ უყურებ, რათ მინდა სიცოცხლე! უიმათოთ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნიერებას?-დაუმატებდა დესიკო, ამაყად აიღებდა თავს და მიმოიხედავდა, გადახედავდა შვილებს. შემდეგ გასწევდა იმ ოთახში, სადაც ეზინა პაწია სოსოს. დესიკო კარგა ხანს აღტაცებით დასჩერებოდა მას, გონებას გამოეპასუხებოდა:

- ვინა სთქვა, რომ მე ღარიბი ვარ?..არა, სცდებიან, მე ღარიბი არა ვარ...მე მდიდარი ვარ მით, რომ დედა ვარ...ბედნიერი დედა!..

უცბათ დესიკოს სახეზე აღტაცებისაგან ზრუნვის ჩრდილი შემოერეოდა და ყურში ჩასჩურჩულებდა.

- იბრძოლე, იშრომე, ვიდრე შენ მოვალეობას შეასრულებდე!..ვიდრე შენი შვილები აუგებენ ქვეყანას სიყვარულის, სათნოების, მეცნიერების ტაძარს...

დესიკოს აღტაცებულ გულ-გონებას მოენატრებოდა, რომ მისი შვილები ასულიყვნენ მაღალ მწვერვალზე; მათ ფერხთაქვეშ ტანჯვით სული დაელიათ, გახრწნილიყვნენ შური, მტრობა, ძალმომრეობა და უზნეობა, მეორეს მხრივ უღრუბლო ცაზე დიადათ ამოსულიყო მზე და უჩვეულო ბრწყინვალე სხივებში შეეხვია ტანჯული ქვეყანა!..


VII
მართა შეეჩვია ახალ მდგომარეობას. ბავშვები უზრუნველად ეტიტინებოდნენ და დროებით გულიდან აშორებდნენ ჯავრსა და ვარამს. მეზობლებს სოფლიდან ხშირათ მოჰქონდათ სახლის ამბავი. სიცხეს უჩვევი მართა ცხელ ზაფხულისაგან პირველში მომეტებულად შეწუხდა, მაგრამ მერე და მერე იმასაც თითქო შეეჩვია.რძე კარგი ჰქონდა, ბავშვი ჯანსაღი იყო. დესიკოც აფასებდა მართას ღირსებას და მეტ პატივსა სცემდა. ამასობაში ზაფხული ილეოდა, ნონემ ჩამოუტანა შაქროს მშვიდობის ამბავი, მაგრამ ოჯახს ცოტა ზარალი მოსვლოდა, მაიკო ვიღაცას გაჰყოლოდა და სადღაც გადაღუპულიყო. მართას ძალიან დაენანა რძალი, რომელთანაც შეჩვეული იყო და რომელიც, როგორც ესმოდა, შაქროს ყურს კარგად უგდებდა.

- ის თუ იქ არ იქნა, ოჯახი დაიღუპება, არა? დედაჩემი არც კი აგებინებს შაქროს უდედობას, ეუბნებოდა ნონე.

მართას შურდა, რომ მის შვილს სხვა დაჰპატრონებოდა.

- წინანდელი სულ ვალს მოუნდა, არც კი ეყო,- უპასუხა ცოტა დარცხვენით ნონემ.

- მაშ მაგითი მაინც შეიტანე რამე სახლში. ჩემ შაქროს ქუდი წაუღე, - დაუმატა მართამ.

ორი კვირის შემდეგ მართა სტიროდა, ხელში ეჭირა უმცროსი მაზლის წერილი, რომლიდგანაც გაეგო, რომ ნონეს როგორც წინანდელი, ისე მერე აღებული ფული სულ მთლად გაეფანტა და ხუთიოდ მანეთის მეტი არ აეტანა შინ. ბავშვიც ტიტველი დარჩენილიყო და სთხოვდა მისთვის მაინც დროზე გაეგზავნა ტანისამოსი.

- რახან მაგისთანა უბედური ყოფილა, ფულს ნუღარ მიცსემ, დაიტოვე და შენ თვითონ წაიღე,- ამშვიდებდა დესიკო, მაგრამ მართას ნაღველი ამითი არ მსუბუქდებოდა, რადგან იცოდა, რო ნონეს დაბრიალებული თვალები და მოღერებული მუშტები ადვილათ არ აპატიებდნენ წინააღმდეგობას. მეტი ღონე არ იყო, უნდა დამორჩილებოდა მართა თავის ბედს.

დადგა შემოდგომა და დესიკოც ფრთხილათ ცოტ-ცოტათი აჩვევდა პატარას რძესა და ფუას, მაგიერათ ძუძუს ჯერს უკლებდა ისე, რომ ბავშვი შეუმჩნევლად გადადიოდა საჭმელზე.

- ერთი თვის უკან, ჩემო მართა, სოსოს ძუძუ აღარ დასჭირდება, -უთხრა დესიკომ მართას, რომელსაც ჯერ ეწყინა. მაგრამ როდესაც გაახსენდა, რომ მალე სახლში წავიდოდა შვილს ნახავდა, გულმა სიხარულისაგან უწყო ძალზე ძგერა.

- მაშ ჩემ შაქროსთან წავალ!!..-ხშირათ ფიქრობდა მართა და ამ სურვილს დღედაღამ თავს ევლებოდა.

- მართა, ნონე მოვიდა! - დაუძახა არჩილმა ერთხელ, როდესაც მართას ჩვეულებრივათ ხელში ეჭირა სოსო და აივანზე დადიოდა. მართას სიამოვნებისაგან სახე შეუწითლდა და წავიდა ოთახისკენ, რომ ბავშვი დედისთვის მიეცა.

- ოჰ, ნონე, რა ამბებს იტყვი?..გულის ფანცქალით შეეკითხა სამზარეულოში სკამზე ჩამომჯდარ ქმარს მართა და ხელი ჩამოართვა.

- მშვიდობას.

- შაქრო რასა იქს?

- რა უშავს, ფეხზე დარბის.

- უი, და, და,და!..ნეტაი კი ახლა იქა მქნა და!..- შესძახა აღტაცებით მართამ.

- შენ როგორღა ხარ?..- საჩქაროთ მიატანა ნონემ, რომ მართას აღარაფერი ეკითხა სახლზე, რომელიც ისეც მოსწყენოდა.

- მე, რა მიშავს...

- ძუძუ ხომ სამყოფი გაქვს?..

- ძუძუ?..ძუძუ ეხლა მაგდენი აღარა სჭირდება ბავშვს, რადგან საჭმელზე გადაჰყავთ.

- რაო?..მაშ ძუძუს აღარ აძლევ? - შესძახა ნონემ, რომელსაც სახეზე შიში და უკმაყოფილება დაეტყო.

- ვაძლევ, მაგრამ იმდენს აღარა. დღეში მარტო ორ ჯერს ვაწოვებ. ქალბატონი ამბობს, ერთი თვის შემდეგ სულ აღარ უნდა ძუძუო.
- გადირიე, დედაკაცო? მერე ხომ გაშრი?..- შესძახა ნონემ, რომელიც არ მოელოდა ასეთ ამბავს. წამოვარდა ზეზე, გაჩუმდა რამდენსამე ხანს და შემდეგ, თითქო თავს ძალა დაატანა დამშვიდებულიყო, თავშემაგრებით უთხრა ცოლს:
- მაშ შენ საქმე აღარა გქონია, უნდა წამოხვიდე!

- საქმე?! საქმე როგორ არა მაქვს?.. ჯერ ხომ კიდევ ვაძლევ ძუძუს?..უპასუხა შემკრთალმა მართამ.
- მართა!..შენ თუ ძუძუ გაგშრობია, იცოდე მოუკლავი არ გადამირჩები!.. - დაუმატა ნონემ, რომელსაც სიბრაზისგან ფერმა გადაჰკრა სახეზე.

მართამ თავი ჩაღუნა. ის თითქო კიდევაც გრძნობდა, რომ წინადებურათ რძე აღარა ჰქონდა და ამ ერთი თვის შემდეგ ხომ, რასაკვირველია, უფრო დააკლდებოდა. მართა ვერ მიმხვდარიყო, რად უნდოდა ნონეს, რომ მართას რძე არ გაშრობოდა. აქედან ხომ სახლში წავიდოდა და შაქრო კი დიდი იყო. ახლა მას ძუძუ აღარა სჭირდებოდა!..

-ქალბატონი და ბატონი აცოცხლა ღმერთმა! - წარმოსთქვა ნონემ, როდესაც ოთახში შემოვიდა, უკან მოსდევდა გაფითრებული მართა.

დესიკოს ხელში ხტოდა სოსო, ჭყროპინებდა, დათიკო კი მისჯდომოდა მაგიდას და რაღაცას სწერდა. მათ რომ დაინახეს ნონე, გაუღიმეს, მოიკითხეს.

- ბატონო, შენი ჭირიმე, მართლა მართა თქვენთვის აღარ არის საჭირო?..- იკითხა ნონემ და მორჩილებით ხელები დააჭდო ერთმანეთს, თუმცა მისი აღშფოთებული თვალები სულ წინააღმდეგს აცხადებდნენ.

- ვინ გითხრა, რომ საჭირო არ არის? ბავშვი ჯერ კიდევ ძუძუსა სჭამს, -უპასუხა დამშვიდებით დესიკომ.

- თუკი საჭმელს აძლევთ, ძუძუ იმდენი რაღად დასჭირდება?..იკითხა კვალად ნონემ.

- მართალია, მაგრამ ძუძუს უცბად არ ვაშვებინებ ხოლმე, ერთი თვის შემდეგ მართა თავისუფალი იქნება.

- დალოცვილო და მანამ ხომ კიდევაც გაშრება!..

- შეიძლება.

- მერე ცოდო არ არის, ახალი ძუძუ რომ გაშრეს?.. ჩვენი ცოდო რათ გინდათ?...

ცოლ-ქმარმა გაოცებით შეხედეს ერთმანეთს, თითქო ვერ მიმხვდარიყვნენ ნონეს ლაპარაკს.

- რა ცოდო, რას ამბობ, კაცო?..ჩვენ მართა ძიძათ დაგვიჭერია და მანამა გვყავს, სანამ საჭიროა. მგონი ჩვენ პირობას არ გადავსულვართ!..-უთხრა დათიკომ.

- მართალსა ბრძანებ, შენი ჭირიმე, მაგრამ მეშინიან ძუძუ არ გაუშრეს, თუკი არ გაუშრება, რა მენაღვლება, ერთი თვეც იყვეს...მერეც წავიყვან.

- მაგის პირობას ვერ მოგცემთ, რომ ძუძუ არ გაუშრეს. ბავშვს ხელმეორეთ აღარ დავაბრუნებთ ძუძუზე და, რასაკვირველია, რძე შედგება, როდესაც ბავშვი აღარ მოსწოვს...- უთხრა დესიკომ.

- კარგი, შენი ჭირიმე, თქვენ კარგადა ბრძანდებოდეთ, მაგრამ რახან ასეა საქმე, სჯობს ახლავე წავიყვანო ჩემი ცოლი.

- რაო?.. რა დროს წაიყვანაა, კაცო, როდესაც ჯერ ძიძობა არ გაუთავებია?.. - შესძახა დათიკომ და წამოდგა ზეზე, დესიკოსაც წყენა დაეტყო.

- ძიძის წაყვანა არც აგრე ადვილია, ჩემო ნონე,-ახლა კი გულმოსულმა დათიკომდა წამოდგა ზეზე, დესიკომ და მთლად გაწითლდა.

- დალოცვილო, ჩემი ცოლი ჩემი ნებაა, ხომ არ გიყიდიათ!..თუ ძიძათ გინდოდათ, ხომ ძიძათაც იქნებოდა ახლა, რაღასთვის უნდა გაჩერდეს და ტყუილათ ძუძუ გაიშროს?..

- აგრე ძალიან რათ უფრთხილდები მაგის ძუძუს?..

სახლში არ მიგყავს?..

- სახლში რომ წავიყვანო, რა უნდა გამირიგოს!..აი ახლაც შემომხვდა დალალი დედაკაცი, რომელმაც მკითხა, ძიძა ხომ არ იცი, ადგილია და თხუთმეტ მანეთს იძლევიანო...

ამის გაგონებაზე სასოწარკვეთილებაში შესული მართა უიმედოდ დაეშვა სკამზე და ანგარიშმიუცემლად იწყო პირდაპირ ყურება...ის თითქო ვეღარას ხედავდა, ყურს უგდებდა ძალზე აკვნესებულ გულს, რომელიც შინისკენ ეწეოდა. მას ხელიდან ეცლებოდა დიდი ხნის ნატვრა: შაქროს ჯერ კიდევ ვერ ნახავდა!...

- ეს სხვაა, თუ ადგილზე აყენებ, რასაკვირველია, ახლავე გიჯობს წაიყვანო,-უთხრა დათიკომ, რომელსაც სიბრაზემ გაუარა და კარგა ფიქრს შემდეგ გადასწყვიტა, რომ არა ღირდა აქ ძალის გამოჩენა.- რას იტყვი, დესიკო, წაიყვანოს?..ჰკითხა მან ცოლს.

- წაიყვანოს, მაინცდამაინც სოსოსთვის ძუძუ ძალიან საჭირო არ არის, -უპასუხა დესიკომ.

- მართა, მაშ წაყე შენ ქმარს. თავისუფალი ხარ...- უთხრა დათიკომ მართას და არც კი შეხედა. დესიკო კი დაკვირვებით უყურებდა გაჩუმებულ მართას, რომელსაც თუჩები უთრთოდა, თვალები ძირს დაეხარა...მაგრამ როდესაც გაიგონა დათიკოს უკანასკნელი სიტყვები, მან აიღო მაღლა თავი და განწირულებით მიაჩერდა ქმარს, რომელიც შუბლშეკრული იდგა.

- ნონე, მე ახალ ადგილზე არ წამოვალ...თუ წამიყვან, სახლში წამიყვანე, თუ არა და ისევ აქ დავრჩები!..- წარმოსთქვა მან ათრთოლებულის ხმით და უფრო გაფითრდა...

ნონემ გაოცებით შეხედა ცოლს, თითქო უკვირდა, არ ეჯერა, თუ მართა უბედავდა წინააღმდეგობის გამოცხადებას...

ნონეს თვალებმა საშიშრათ გაიელვეს, მან ტუჩები მაგრა მოკუმა და ხმა არ გასცა, ცხადათ ეტყობოდა, ღელავდა და ცდილობდა თავს მორეოდა, დამშვიდებულიყო..

- გაგვისწორდით, ბატონო, თუ გვერგება რამე..გვიბოძეთ..ნაწყვეტ-ნაწყვეტად დაილაპარაკა ნონემ...

- ჯამაგირი წინდაწინ გქვთ წაღებული, ათი მანეთი კიდევ გერგებათ...უთხრა ცივათ დათიკომ და გადასცა ფული ნონეს, რომელიც ნელ-ნელა, ზანტად გამოვიდა ოთახიდან...მართა იდგა დესიკოს წინ და ცხარე ცრემლით სტიროდა.

- შენ გენაცვალე, ქალბატონო, ჩემგან ნუ გეწყინება...მე რომ შემეძლოს, დავრჩებოდი, სანამ საჭირო ვიყავი, მაგრამ რა ვქნა მე უბედურმა...მეგონა აქედან სახლში წამიყვანდა...ვეღირსებოდი შვილის ნახვას...მაგიერათ კიდევ სადღაც მიმათრევს...ეჰ, ვითომც მეც დედა ვარ! ვითომც მეც შვილი მყავს!...ქვითინებდა მართა...

- ნუ წაჰყვები ახალ ადგილზე, თუკი რ გინდა...ნუთუ შენც ადამიანი არა ხარ, მართა? ნუთუ შენც უფლება არა გაქვს, რომ შენი თავი დაიცვა?!ნუ წაჰყვები, მაგიერად სახლში წადი... ამბობდა გულმოსული, აღშფოთებული დესიკო, რომელსაც თანაგრძნობის ცრემლები უკრთოდნენ თვალებში.

- ვინ გამიგონებს?..ქვითინებდა მართა...ნონე კი მოუთმენლად ელოდა კარებზე მართას, რომ დროზე ან ახალ ადგილზე წაეყვანა, ან კარდაკარ ეტარებინა.

1908 წყარო: დედები: ერისთავი-ხოშტარია ანასტასია: თხზულებანი: ტ. 3(მოთხრობები, მოგონებები): თნ. „საბჭოთა საქართველო“ 1961: გვ. 164-192

5 XX საუკუნის ქართული მწერლობა

▲ზევით დაბრუნება


5.1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

მაია ჯალიაშვილი

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს გასაბჭოებამდე გაგრძელდა ქართული ლიტერატურის ის ტრადიცია, რასაც XIX საუკუნეში 60-იანელთა და შემდგო- მი თაობების მწერალთა და მოღვაწეთა ლიტერატურულ მემკვიდრეობაში დაედო საფუძველი. ადამიანი მისი სიცოცხლე, ღირსება და უფლებები უპირველეს ღირებუ- ლებად რჩებოდა, განურჩევლად რასისა, სქესისა, ეკონომიკური მდგომარეობისა, რელიგიური აღმსარებლობისა, განათლებისა თუ სოციალური კუთვნილებისა.

ერთ-ერთ უმთავრეს ტენდენციად XX საუკუნის დასაწყისში გამოიკვეთება განსხვავებული კულტურული სივრცის აღიარება და პატივისცემა. ეს საკითხი მოტივუ- რად გასდევს ქართველი მოდერნისტი მწერლების პუბლი ცისტიკასა და მხატვრულ ტექსტს. კულტურული სივრცე იხსნება და იქმნება ევროპულ ლიტერატურულ და სამო ქალაქო პრაქტიკებთან უშუალო კომუნიკაციის მზაობა.

მიხეილ ჯავახიშვილის წერილში „დამოუკიდებელი სასამართლო“ გაანალიზებულია ასპექტები, რომლე ბიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი სასამართლოსა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს. გენდერული თანასწორობის პრობლემის გადა ჭრის გზებია აღწერილი მიხეილ ჯავახიშვილის წერილში „ქალთა მოძრაობის ისტორიიდგან“. არჩილ ჯორჯაძის გ მოკვლევაში „ქალის სევდა“ ძირისძირამდეა გაჩხრეკილი და არსობრივადაა გაანალიზებული ქალთა უფლებების დაცვის აუცილებლობა პიროვნებისა და სახელმწიფოს სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის.

ადამიანის, ღირებულების, აღიარება ფორმულასავით გამოიკვეთა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველაში „დადიანის ასული და მათხოვარი“. ამავე პრობლემას სხვა ასპექტით წარმოაჩენს მიხეილ ჯავახიშვილი მოთხრობაში „ჩანჩურა“. ავტორი ყურადღებას უთმობს განსხვავებულთა სოციალური გარიყვის მოვლენას, რაც განმსჭვალულია იმ ეგზისტენციალური თუ სამოქალაქო პათოსით, რომ თითოეული პიროვნება ღირებულია, როგორც თავისთავადი და განუმეორებელი ქმნილება.

წინამდებარე ანთოლოგიაში შევეცადეთ, წარმოგვედ- გინა ის ტექსტები, რომლებიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს დემოკრატიული პროცესების განვითარების სურათს ქარ თული ლიტერატურის აღნიშნულ პერიოდში.

5.2 ქალის სევდა

▲ზევით დაბრუნება


არჩილ ჯორჯაძე

ქალის სევდა

ქართულ მწერლობაში ქალის შესახებ ლაპარაკი ფრიად იშვიათი მოვლენაა. და როდესაც ეს ლაპარაკი ამ საგანზე ჩამოვარდებოდა ხოლმე, იგი ყოველთვის სასტიკად განსაზღვრულ კალაპოტში ტრიალებდა. ეს კალაპოტი იყო - ქალის უფლებრივი მდგომარეობა და ამ უფლებრივ მდგომარეობის გაუმჯობესების საჭიროება. ხოლი ამ საგანს სხვა მხარეც აქეს. ამ ორთსამი ნლის ნინად გრიგოღ რობაქიdე შეეხო საკითხს სნორედ აშ სხვა მხრიდან. ჩვენი საზოგადოებისთვის ქალთა საკითხის ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ ნიადაგზე დაყენება სრულიად ახალი საგანი იყო. იგი, თუმცა ეჭვის თვალით, მაგრამ ყურადღებით უსმენდა რობაქიძის ლექციებს სქესისა და სიყვარულის შესახებ და ჩვენმა ინტელიგენციამ თითქოს იგემა ამ ხასიათის საკითხების მნიშვნელობა. მას სჯა-ბაასის სურვილიც აღეძრა.

დიაღ, სურვილი ჩაფიქრებისა და სჯა-ბაასისა აღძრულია, მაგრამ უნდა გამოვტყდე, ამ საგანზე საჯაროდ საჯაროდ ლაპარაკი მაინც ფრიად ძნელია. ძნელია იმიტომ, რომ ჩვესებური საზოგადოებრივი ფსიქიკა მეტისმეტად ზერელეა, მეტის-მეტად ყალბად მორცხვია და ამასთანავე, მიუხედავად თავის რადიკალური მიდრეკილებისა, საარაკოდ კონსერვატიული და ტრადიციების მოთაყვანეა. მეორეს მხრივ, ქალთა საკითხი დღეს ჩვენში დაახლოვებით იმ წერტილზეა დაყენებული, რა წერტილზედაც იგი წარსული საუკუნის მესამოცე წლებში რუსეთში იდგა.

დიდი ხანი არაა, რაც ქართველმა ქალმა ოჯახურ ინტერესებს გადააბიჯა და საზოგადოებრივ ცხოვრებას დაეწაფა. დიდი ხანი არ არის ის დრო, როდესაც ქალი საქმის მოლოდინში სახლიდან გასვლას ვერ ჰბედავდა, როდესაც შრომა და დამოუკიდებელი ეკონომიური მდგომარეობა ცარიელი ოცნება იყო ქალისთვის.

უკანასკნელ 15-20 წლის განმავლობაში ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა ჩვენში. ახლა ჩვენს განათლებულ წრეებში „მომუშავე ქალი“ ჩვეულებრივი მოვლენაა, ახლა მას თავისი საქმე და თავი საკუთარი ინტერესი აქვს, ახლა იგი ასე თუ ისე, ნივთიერად ოჯახთან დაკავშირებული აღარ არის და ამიტომ ახლა ის „ქალის უფლებაზე“ დიდი ხალისით აზროვნებს. _ ამ უკანასკნელ მოძრაობის დროს, ქალთა საკითხი ჩვენში უფრო გართულდა და მომწიფდა. თუ ოცი წლის წინ ჩვენი ქალის სურვილი და ნატვრა – მუშაობა, ადგილი სამსახური იყო, ახლა მისი სურვილი და ნატვრა უმაღლეს სწავლა-განთლებისკენაა მიპყრობილი.

თუ წინად თითებზე ჩამოსთვლიდით უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლე ქართველ ქალებს, ახლა მათი რიცხვი შესამჩნევლად გაიზარდა და ამ გარემოებასაც თავისი შე“ დეგი მოჰყვა. ჩვენს ქალებში ახალი ფსიხიური ატმოსფერა გაჩნდა და მანაც თანამედროვე ქალის სულიერი დრამა განიცადა.

მაგრამ ამ ახალ „ფსიხიკასა“ და მასთან დაკავშირებულ სულიერ კრიზისს, ჯერ ხნობით, ჩვენში მკაფიოდ გამოსახულ საზოგადოებრივ მოვლენის ადგილი არ დაუჭერია.

გაცილებით უფრო აშკარად და ნათლად ჩანს ის ძველი ფემინისტური ხასიათის მისწრაფებანი და სიმპატიები, რომელნიც ქართველ ქალის დღევანდელი სოციალური მდგომარეობის სულიერ ფიზიონომიას უფრო ეგუებიან. ყველა ამას რომ მხედველობაში ვიღებ, არვითარი იმედი არა მაქვს, ჩვენებურ ქალთა წრეებში თანაგრძნობის გახმაურება გამოიწვიონ ჩემმა აზრებმა ქალისა და ქალთა საკითხის გამო.

რა არის ქალთა საკითხის ძარღვი და აზრი?

ძველის ძველი ამბავია, ქალის უკმაყოფილება, გოდება და ჩივილი. ქალის მიერ დამოუკიდებელ ინდივიდუალობის მოპოვების სურვილია. ქალი შეჰკრეს, შებოჭეს, მას სული შეუხუთეს. დღეს იგი შურს იძიებს — ღირსების აღდგენა ჰსურს, ჰსურს თანასწორობა და თავისუფლება ბრძოლით გატაცებული, იგი ხან აღფრთოვანებულია, ხან მოღლილი და მოქანცული, საკუთარის უილაჯობის წინაშე ქედმოხრილი. სულის მშვიდობიანობისა და სიმთელის მოპოვების გულისთვის ქალს თითქოს კულტურის დაძლევაც კი სწადია: იგი ანგრევს მონოგამიურ ოჯახს, მოწადინებულია აღმოფხვრას გულიდან სექსუალობა, მაგრამ მიწიერ ზრახვათა მიერ დამონებული, იგი სქესთა აღრევის დროშა აღმართავს, პირს „ცოდვისა“ და ტრფიალისკენ იბრუნებს. ტრფიალების ნეკტარი ათრობს, თავბრუს ახვევს, ოცნებათა სამეფოში იტაცებს. სინამდვილე და აწმყო კი უფრო უმწარდება და გარემო უფრო უბნელდება. და ქალი ისევ დასვენებულია, შფოთვა და ღელვა კვლავინდებურად არ ასვენებს მის გულს.

- აი „უვერტიურა“ იმ მუსიკალური დრამისა, რომელიც თანამედროვე ქალის გულშია აღბეჭდილი, ვამბობ მუსიკალური დრამისა, რადგან აქ ადამიანი განიცდის იმგვარ ფსიხიურ მომენტებს, რომელთაც მუსიკალური განცდის ემოციასთან აქვთ ნათესაობა. აქ აღფრთოვანება სასოწარკვეთილებასთან არის გადაწნული. აქ ტრაღიკული უილაჯობაა აუცილებლობის წინაშე და აქ ყოველივე ღრმა საიდუმლოებაა. თანამედროვე ლიტერატურა ამ დრამის მოტივებით არის აღსავსე. | და ეჭვს გარეშეა, ისე არავის უმუშავნია ქალთა საკითხის გაღრმავებისა და გარკვევისთვის, როგორც დიდებულ იბსენს. ხელოვნურ კალმის მოსმით და ფსიხოლოგიურ ანალიზის შემწეობით მან მოგვცა თანამედროვე ოჯახის ნამდვილი სურათი და გვანახვა, საიდან წარმოსდგება, რაგვარ ფსიხიურ მოტივებისგან იქმნება ის ხშირად უხი ლავი მწუხარება, რომელიც აიძულებს ქალს ქმართან ბრ ძოლას და ხშირად ოჯახის მიტოვებასაც... - ამ მხრივ იბსენის „ზღვის ქალი“ ნამდვილი შედევრია აი ელლიდას და ვანგელის (ქმარის) დიალოგი.

ელლიდა. შენ რასაკვირველია, შეგიძლიან აქ დამტოვო, ამისათვის უფლებაცა გაქვს და საშუალებაც. და, რა თქმა უნდა, ასედაც მოიქცევი, მაგრამ ჩემ გრძნობებს, ყველა ჩემს აზრებს და უძლეველ მისწრაფებასა და სურვილებს — ყველა ამას ვერ შეჰბოჭავ. ისინი მარადის გამიტაცებეს და წამოიღებენ იმ უცნობ სამეფოში, რომლისთვისაც მე დაბადებული ვიყავი და რომლის შესავალი კარები შენ გამომიხურე.

ვანგელ. (ნაღვლიანად ვიცი, ვიცი, ელლიდა. თანდათან ხელიდან მიცურდები. შენი მისწრაფება უსაზღვროებისა, მარადობისა... და მიუწდომელისადმი ბოლოს და ბოლოს წყვდიადით ჰმოსავს შენს სულსა. | ელლიდა. ვგრძნობ თითქოს შავი ფრთები შეუმჩნევლივ დაჰქრიან ჩემს ზევით. | ვანგელ. მაგრამ ეს არ მოხდება. სხვა გზა უნდა ავირჩიოთ. მე ჩემი სიტყვა უკან მიმაქვს და ჩვენს ქორწინების პირობას ვარღვევ. შენ შეგიძლიან ეხლა სრულიად თავისუფლად აარჩიო ის, რაცა გსურს. ელლიდა. (გაკვირვებული) მართალია, მართალია ეგ, რაც მითხარ? წრფელის და წმინდის გულით მელაპარაკები?

ვანგელ. დიაღ, ჩემს დანაღვლიანებულ გულის სიღრმიდამ გეუბნები ამას... | ვანგელ. მაშ ეხლა შენ ჩემთან, ჩემ სახლთან და ოჯახთან აღარაფერი გაკავშირებს. ეხლა შეგიძლიან შენი სიცოცხლე შენს საკუთარს კალაპოტში ჩააყენო, რადგან ეხლა თავისუფლად შეგიძლიან შენი საკუთარის პასუხისმგებლობით აარჩიო, რაც გინდა, ელლიდა.

ელლიდა. (აღელვებული) თავისუფლად და საკუთარის პასუხისმგებლობით! საკუთარის პასუხის-მგებლობით! ჰო, ეს განახლების მომასწავებელია. (გემიდამ ზარის რეკა 6 სმის). | უცნობი. გესმის ელლიდა, უკანასკნელი ზარვიამოდი (რაღა!

ელლიდა (მობრუნდება). არასოდეს ამის შემდეგ თქვენ ღარ გამოგყვებით... თქვენ ჩემზე აღარავითარი ძალა

აღარ გაქვთ. თქვენ მკვდარი ხართ ჩემთვის. თქვენი შიში აღარა მაქვს. და თქვენი მომხიბვლელობაც გამიქარწყლდა... (უცნობი მიდის).

ვანგელ. ელლიდა, შენი სული ზღვას მაგონებს. ტალღები ხან ერთად გროვდებიან, ხან – შორს იფანტებიან, საიდან დაგებადა ეს ახალი გადაწყვეტილება? ელლიდა. ოჰ, ნუ თუ არ გესმის, რომ ჩემში ღრმა ცვლილება მოხდა და უნდა მომხდარიყო იმ მომენტიდან, როგორც კი არჩევანის თავისუფლება მომენიჭა. ვანგელი. ის უცნობი ქვეყანა კი აღარ გიზიდავს?

ელლიდა. არ მიზიდავს, არც მაშინებს. მე ეხლა შეძლება მომეცა ჩამეხედნა მასში, მე შემეძლო ამერჩია იგი, ამიტომ უარის თქმაც შემიძლიან მასზედ.

ვანგელ. ახლა თითქოს მიგიხვდი... შენი დიდი სე" ვდა ზღვისადმი, შენი მისწრაფება იმ უცნობისაკენ ეს იყო მხოლოდ შენში გაღვიძებული მოთხოვნილება თავისუფლებისა...

ელლიდა. ოჰ, ჩემო ძვირფასო ვანგელ, ეხლა შენ და გიბრუნდები. ეხლა შემიძლიან დავბრუნდე. იმიტომ რომ ეხლა მოვალ შენთან თავისუფლად, საკუთარი ნებით და საკუთარის პასუხის მგებლობით... | ელლიდა ბედნიერი ქალი ყოფილა. მას ბედმა გაუღიმა, მას შეხვდა იმისთანა ქმარი, რომელიც მიუხვდა გულის წადილს. აქ, თუ გნებავთ, დრამაც არ არის, არამედ დრა, მის შესაძლებლობა. აქ თავისუფალ ნების (ინდეტერმინის მის) პრობლემა საკვირველის სინათლითაა წამოყენებული თანამედროვე ოჯახი გალიაა, რომელშიაც მომწყვდეული - ქალი. ამ გალიაში ქმარიცა ზის. ხოლო კარის გასაღები ქმარს აბარია. როცა უნდა სტოვებს გალიას. დადის და სტკბება თავისუფლებით და როდესაც ცოლიცა სთხოვს კარის გასაღებებს, იგი გაოცებული და განრისხებულია. კანონი მის მხარეზეა, ნივთიერი შეძლებაც მის ხელშია და განა საკვირველი არ არის, რომ ოჯახიდან გასასვლელ კარების გასაღებსა სთხოვენ!

ვანგელი, არა-ჩვეულებრივი, იშვიათი კაცია. მან ცოლს კარი ფართოდ გაუღო. და როდესაც ცოლმა ნახა, რომ მას თავისუფლება მიენიჭა, ძალას არავინ ატანდა და მასზეა დამოკიდებული წასვლაც, დარჩენაც, იგი აღარ მიდის, აღარ ეხალისება ოჯახის დატოვება, რადგან აქ ამ ოჯახში იგი თავისუფალი წევრია და არა ყურმოჭრილი მონა. მაგრამ ქმარს რომ ძალაც დაეტანებინა და არჩევის თავისუფლება არ მიენიჭებინა ელლიდასთვის, ამ შემთხვევაშიაც იგი ვერ შეჰბოჭავდა მის სულიერ პიროვნებას, რადგან გარეგნულ საშუალებით იგი ვერ მოჰხრიდა მის ნებას, ვერ შესცვლიდა მის აზრს და გრძნობას. იგი მაინც თავისუფალი იქნებოდა, თავისუფალი – თავის შემეცნებაში, ხოლო იგი თავისუფლება დანაღვლიანებული და დასევდიანებული იქნებოდა. დაგუბებული მწუხარება და უკმაყოფილება კი ადვილად საბაბად დრამატიულ მოქმედებისა. გაცილებით უფრო ცუდს პირობებში იყო ჩაყენებული იმავ იბსენის ნორა. ნორა რვა წლის განმავლობაში სცხოვრობდა ქმართან და მისი ცხოვრება თითქმის ბედ(წიერიც იყო. ხოლო თანდათან გამოაშკარავდა მისთვის, რომ ქმარი ფრიად ვიწრო ანგარიშის კაცი და ეგოისტიური პიროვნება იყო. ნორა რწმუნდება, რომ მისი ქმარი, გელმერ, სრულებით არა ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც უყვარდა მას. შენიშნა აგრეთვე, რომ იგი სათამაშო ტიკინისავით იყო ქმრის ოჯახში.

„მე ვიყავი შენი ტიკინა-ცოლი, ისე როგორც მამიჩემის სახლში ტიკინა-ქალიშვილი ვიყავი“, ეუბნება იგი ქმარს. და ჩემი შვილები ჩემი ტიკინები არიან. მე მე სიამოვნებოდა, როდესაც მეთამაშებოდი, როგორც ჩემს შვილებს ესიამოვნებოდათ ჩემი თამაში მათთან. აი ჩვენი ცოლქმრობა როგორი იყოვო“. დაებადა თუ არა ამგვარი აზრი ნორას, მისი ოჯახი ში დადგომა შეუძლებელი გახდა. თავის თავს მათხო" ვარს უწოდებს, რომელსაც ასმევდნენ, აჭმევდნენ, ტანთაცმევდნენ და იგი სამაგიეროდ ართობდა და ახალი სებდა თავის მფარველს.

ოჯახი გარყვნილების ასპარეზად ხდება, როდესაც შიგ ჩამქრალია სიყვარული, სქესობრივი ურთიერთობა, სიყვა" რულის წყაროს დაშორებული, მტრობისა, მარტოობისა და გათახსირების იარაღად იქცევა, და რამდენი ოჯახის იმ ხასიათისა, სადაც „კანონიერი“ მრუშია გამეფებული და სადაც ჩვეულებრივ მოვლენად ხდება ის, რაც სიყვარუ ლის გატაცებით და აღფრთოვანებით თუ გამართლდება | გელმერმა ვერ გაიგო ნორას ფსიხიური მდგომარეობა, და მათ შორის შეტაკება აუცილებელი იყო.

„როგორ, შენ გავიწყდება ცოლის და დედის მოვალე" ობა, შესძახა გაჯავრებით ქმარმა. „მე მაქვს სხვა, უფრო / ძვირფასი და სამღვთო მოვალეობა. მოვალეობა საკუთარ პიროვნებისადმი“. – უწინარეს ყოვლისა, შენ ცოლი და დედა ხარ. - ეგენი მე აღარ მჯერა. მგონია, უწინ, რეს ყოვლისა, მეც ადამიანი ვარ, როგორც შენ. ყოველ შემთხვევაში უნდა გავხდე ადამიანად. ვიცი, უმრავლესობა შენს მხარეზე იქნება, წიგნებშიაც შენ გაგამართლებენ. ხოლო მე აღარ მაკმაყოფილებს ის, რასაც უმრავლესობა ლაპარაკობს და რასაც სწერენ წიგნებში. მე თვითონ უნდა ყოველივე ავწონ დავწონო და მოვისაზრო“. – მაშ აღარ გიყვარვარ, განცვიფრებით ეკითხებოდა თავის თავში შეყვარებული კმაყოფილი ადამიანი? „თავი და თავი სწორედ ის არის, რომ აღარ მიყვარხარო“, უპასუხებს ნორა. და ნორა შორდება ქმარს და შვილებს, შორდება იმ განზრახვით, რომ თავისი თავი ხელმეორედ აღზარდოს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. თქვენ თანაუგრძნობთ მას, თქვენი გული მისკენ არის მიმართული, მაგრამ ამასთან რაღაც ეჭვი გაქვთ და რიღაცის შიში გაწუხებთ. ნორა მომზადებულია პროტესტისთვის, ხოლო მოუმზადებელია ახალ ცხოვრებისთვის, დამოუკიდებელ ცხოვრებისთვის და მას ეკლიანი გზა ექნება გასავლელი.

ელლიდამ, ნორამ და მათთან ერთად მრავალმა თანამედროვე ქალმა გაბედულად წამოაყენეს პიროვნების, ღირსების და დამოუკიდებლობის საკითხი. მაგრამ, უნდა ვსთქვათ, რომ ამ საკითხის წამოყენების დროს ყოველივე ნათელი და გარკვეული არა სჩანს. - რომელ პიროვნებაზეა აქ ლაპარაკი? კონკრეტულად არსებობენ ქალები და კაცები, ვაჟები და დედა-კაცები. ინდივიდუალობა და პიროვნებაც არის ქალური და კაცური, ადამიანური, ონტოლოგიური პიროვნება, რომელშიც სქესი არ არსებობს, რადგან თეორიულად იგია სინთეხი და არა გაყრა და გათიშვა ქალურისა და კაცურისა, ემპირიულ სინამდვილის პირობებში ეს ონტოლოგიური პიროვნების განყენებული ცნებაა, არ განსხეულებული აბსტრაქციაა. — მაშ, როდესაც პიროვნების აღდგენის შესახებ არის ლაპარაკი, საჭიროა ვიცოდეთ, რომელი პიროვნებაა მხედველობაში – ქალური, კაცური თუ ონტოლოგოური, ემპირიულ სინამდვილეში არ არსებული ადამიანური პიროვნება? მართალია, ქალის და კაცის ინდივიდუალობას ბევრი რამა აქვთ საერთო, ამიტომაც ეკუთვნიან ისინი „ადამიანთა“ გვარს, მაგრამ გვავიწყდება, რომ უფრო მეტი სხვა" დასხვაობაც სუფევს მათ შორის.

ამრიგად, გასარკვევი საგანია, თუ რაგვარი ინდივიდუალობა და პიროვნება აქვს დასახული იმ ქალს, რომელიც გათავისუფლებისკენ მიისწრაფვის. ეს საკითხი დღემდე გამოურკვეველი რჩება. და სწორედ ეს გარემოებაც ხდება ერთ-ერთ დამაბრკოლებლად ქალთა საკითხის გადაწყვე" ტის დროს. თვით ქალებს რომ ჰკითხოთ ამის თაობაზე, უმეტეს შემთხვევაში გარკვეულ პასუხს ვერ მიიღებთ, ქა ლის კერძო ცხოვრებას, მის ინტიმურ ურთიერთობას ადამიანებთან რომ დააკვირდეთ, ერთ პასუხს ამოიკითხავი) ქალის აზროვნებისა და ლაპარაკს თუ დააკვირდი 1 მეორე პასუხს გაიგებთ. განათლებული ქალი კაცურ განათლებისადმი მიისწრაფვის. სიყვარულში კი ქალურ ტემპერამენტს იჩენს. ერთის მხრივ, ნების გამარჯვება ის ძლევამოსილება, მეორეს მხრივ კი, ნების დამორჩილება, მისი გაქარწყლება მამაკაცის ნებაში.

_ იქნება სთქვათ, რომ ეს ძველი გადასული წესია ქალობისა. ახალი ქალის ტემპერამენტი აქტიურია, სეტ || გამარჯვებით დაგვირგვინებული და სხვა მისთანა, მაგრკონკრეტულ სინამდვილეში, რომელიც აღბეჭდილი და განსხეულებულია ლიტერატურაშიაც, სქესობრივ ურთიერთობაში ქალი ერთი ინდივიდუმი და პიროვნებაა, თავის განსაკუთრებულის თვისებებით, კაცი კი მეორე ინდივიდუმი, აგრედვე თავის განასაკუთრებული პიროვნებით. ამაზედაც შეიძლება სთქვათ, დღემდე ასე იყო, ყოველივე ეს აღზრდის, ისტორიულ და სოციალურ პირობების ნაყოფია და როგორც აღზრდა და პირობები გამოიცვლებიან, ქალის ტემპერამენტიც სხვა იქნებაო. აღზდას და პირობებს, რა საკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების შემუშავებაში, მაგრამ არის საზღვარი, სადაც ადამიანზე აღზდის და პირობების გავლენა არა სწვდება. ძირითადი განსხვავება სქესობრივ ტემპერამენტისა ქალისა და კაცის მეტად თვალსაჩინოა. ინტელექტუალური და საზოგადოდ შემოქმედებითი ნიჭის თავისებურებაც ამ სქესობრივ ელემენტზეა დამყარებული, ე.ი. სქესობრივად აქტიური ტემპერამენტი ინტელექტუალურადაც აქტიურია.

თუ დაჰკვირვებიხართ მტკიცე ხასიათის მქონე ქალის პიროვნებას, შეამჩნევდით, რომ ქალის „სიმტკიცე“ კაცის სიმტკიცეს არა ჰგავს. რატომ? იმიტომ, რომ ქალსა და ვაჟს შორის ღრმა სქესობრივი განსხვავებაა, მაშინ, ქალის სიმტკიცე, გაბედულება, პირდაპირობა და შეუპოვრობა მსხვერპლად ეწირება სხვა ძალას, უფრო მტკიცეს და უფრო დიადს, როდესაც ქალს თავისი „ძალა“ იმიტომ უნდა, რომ ამ „ძალით“ სხვა გააძლიეროს უფრო მეტად, როდესაც ხედავთ, რომ მტკიცენი და მაგარნიც ისეთისა(თავგანწირულობით აძლევენ თავს მამაკაცს, რომელიც მათ უყვართ და რომ ეს მამაკაცნი ეუფლებიან ქალს, რო" მელიც მათ უყვართ, ადვილად გასაგები ხდება, რომ თავი და თავი პრობლემა სქესთა ურთიერთობისა ამ მორჩილე" ბა-მფლობელობის თვისებების გამორკვევაშია...

იბსენი ამ საკითხის გადაწყვეტაში არ ჰყოყმანობს, მისი ქალები, ძლიერი ხასიათის ქალები „ქალურად“ არიან ძლიერნი და ქალურადვე სწყვეტენ ამ საკითხს. მოიგონეთ დრამა „გოლგოლანდის სარდლები“ და გაბედული, შეუპოვარი, ბოროტი, მტკიცე და სანტიმენტალობას მოკლებული იორდისი. ომი, სისხლი, გამარჯვება – აი რა ჰხიბლავს მას. როდესაც გასათხოვარი იყო, ეუბნებოდა გმირ-სარდლებს, რომელნიც მის მამის სასახლეში იყვნენ, - იმ ვაჟკაცს გავყვები და მისი ვიქნები, ვინც შეებრძოლება და მოჰკლავს მის საწოლ ოთახის კარებთან) მიბმულ დათვს, რომელიც სდარაჯობდა ქალწულს. თავის ხანმოკლე სიცოცხლის დროს ბევრი ძალმომრეობა და უსამართლობა ჩაუდენია იორდისს. ერთ-ერთმანეთზე ასისინებდა ვაჟკაცებს, მისი გული იქითკენ იყო, ვინც ყველაზე მეტად გაითქვა სახელი ცარცვა-გლეჯით ის მკვლელობით. გმირ სიგურდს ეუბნება:

„… მე შენ წაგაქეზებ ბრძოლაში გასასვლელად, მინი რომ გმირობა გამოიჩინო, რათა შენი სახელი დედამიწაზე გაითქვას და სახელოვანი გახდეს. გვერდით გედგები ავდარსა, ზღვასა თუ ხმელეთზე შენს მეომრებთან ერიკი/ მინდა განვიცადო საფრთხე და მწუხარება. და როდესაც შენს სიკვდილის შემდეგ შენს საქებრად სიმღერს შესთხზავენ, ყველას და ყველგან მოაგონდებათ სიგური | და მასთან განუყრელად იორდისი“.

ქალს არ ჰსურს სახელის გათქმა თავის თავისთვის. იგი კმაყოფილია იმ კაცის დიდებით, რომელიც უყვარს. იორდისი ამბობს: | „ჩემს დანიშნულებას ცხოვრებაში ნათლადა ვხედავ: უნდა ვეცადო, რომ მთელს ქვეყანაში გაითქვას შენი სახელიო“. ასეთი ხასიათისაა ქალური სიმტკიცე. შესძლებენ თუ არა „ფემინისტები“ ამ ხასიათის ფსიხოლოგიის ძირითად შეცვლას, აი საკითხი, რომელსაც ჯეროვნად არ უკვირდებიან ისინი. - ამ მხრივ რომ შევეხოთ საგანს, აშკარად გამოჩნდება ქალთა საკითხის გადაწყვეტის სიძნელე. ერთის მხრივ, ქალი მთელის თავის არსებით მიისწრაფვის ნივთიერ და სულიერ დამოუკიდებლობისაკენ, მეორეს მხრივ კი, ისევ ძველებურად, პირვანდებულად მზად არის მისცეს თავისი თავი სხვას, ე. ი. მზად არის თავისი პიროვნება, სულიერი დამოუკიდებლობა ჩააბაროს იმას, ვინც უყვარს, ვისაც შეჰყურებს როგორც ღვთაებას, როგორც ზეკაცს, თავისზე დიდს, ძლიერს, ყოვლად შემძლე გმირს. - ეს თითქმის ერთგვარი რელიგიური სულის კვეთებაა, სურვილი ვიწრო ინდივიდუალობისა გაფართოვებისა და შთანთქვისა სხვა დიდ არსების წიაღში, რათა ამ დიდს არსების მეოხებით აღმოჩნდეს სიცოცხლის ძლიერება, მისი სისრულე და უკვდავება. აქ მოსჩანს ღრმა მეტაფიზიკური საფუძველი სიყვარულისა – სიყვარულისა, რომელიც უკვდავების გრძნობას ჰბადავს გულში და აბედვინებს ადამიანს ემპირიულ საზღვრების გადალახვას. ხოლო ამასთან ეს წყურვილი საკუთარის პიროვნების გაშლისა სხვა პიროვნების წიაღში ის დამაბრკოლებელ გარემოებაა, რომელიც ხელს უშლის, კონკრეტულ სინამდვილეში, ქალის აქტივობის, კაცისებურ აქტივობი გამტკიცებას და განვითარებას და ამასთან ერთად იმავ კონკრეტულ სინამდვილეში აბრკოლებს მი: ინტელექტუალურ შემოქმედების გაფურჩქვნას. | ქალმა, თანამედროვე ქალმა, ძლიერ კარგად იგრძნო ეს უცნაური წინააღმდეგობა და მან განიზრახა ამ წინა აღმდეგობის მოსპობა და გაუქმება. თუ თავი და თავს დაბრკოლება განთავისუფლებისათვის“ სქესობრივი ორ განიზაციაა და ის ფსიხოური თვისებები, რომელნიც ა ორგანიზაციაზე აღმოცენდნენ, საჭიროა, რამდენადაც მე საძლებელია, ცვლილების შეტანა ამ სფერაში. საჭირო, დაძლევა სქესობრივობისა, რადგან აქ სქესობრივობა: ჩანასკული ადამიანთა დამონების კვანძი. და საჭიროა მასთან ერთად დაძლევა დედობრივ ინსტინქტისა (ალდო" სი), რომლის განვითარებაც ასე ხელს უწყობს ქალის შე" ბოჭვას. და აი ქვეყნად იშვა ახალი ტრაგედია, - ტრაგედია დედობისა და სიყვარულისა. არ გვინდა დედობა გვინდა სიყვარული. დედობა გვამცირებს, სიყვარული გვამაღლებს დედობა მიწასთან გვაბამს, სიყვარულო ცისაკენ გვიზიდავს. ასეთია ფსიხოლოგიური დასაწყისი და კვანძი ამ ტრაგედიისა. და საყურადღებო ის არის, რომ ეს ღრმა მეტაფიზიკური დასაბამი და მიზეზი დედობისა და xxxები რულს შორის კონფლიქტის გაჩაღებისა, ხშირად იკარგეს და ჰქარწყლდება და ნაცვლად სიყვარულისა და დედობის ტრაგიკულ შეურიგებლობისა, დღეს მეტის ხაზ-გასმა ლობით და გაბედულობით მოსჩანს კონფლიქტი სექსუ ალობასა და დედობის შორის. ეს ბუნებრივად მოჰხდ: რადგან ემპირიულ პირობებში, სიყვარული აუცილებლი სექსუალობის ტერმინებში ისახება და ამ სექსუალობაში ხშირად ჩაწნულია სხივები წმინდა სიყვარულისა. მოხდა ეს აგრეთვე იმიტომაც, რომ სექსუალობის გამარჯვებით ოჯახი მარცხდებოდა და ოჯახის დამარცხებიდან კი უნდა გამოსულიყო ქალის განთავისუფლება.

ქალმა ბრძოლა ოჯახს გამოუცხადა, რადგან მას თავის თავზე გამოუცდია, თუ რა ფასი და ღირსება აქვს თანამედროვე მონოგამიას. ძველს დროში მონოგამია ადამიანთა თვალში იდეალად ისახებოდა. მონოგამია საბოლოვო გამარჯვება იყო პირვანდელ სქესობრივ კომუნიზმზე. თანამედროვე ოჯახი თანდათანობით ირკვევოდა და ვითარდებოდა. საგვარეულო და თემობრივი წესი ეტაპები იყვნენ ოჯახის ტრანსფორმაციისა ჯგუფობრივი სქესთ-ურთიერთობა პოლიგამიის და პოლიანდრიის გზით აღწევს მონოგამიამდე. ამ ისტორიულის თვალსაზრისით მონოგამია უფრო მაღალი ფორმა იყო სქესობრივ ურთიერთობაში.

მაგრამ ოჯახის ტრანსფორმაციასთან ერთად საკუთრების ევოლუციაც სწარმოებდა. პირვანდელი ეკონომიური კომუნიზმიც თანდათან კერძო საკუთრების სისტემად იქცევა. ამ საკუთრებაზე დამყარდა ოჯახი. გამოირკვა თუ არა პატრის პოტესტას სისტემა (მამის უფლება, უკეთ: მამასახლისობა), საკუთრების გამგებლობაც ამ „პოტესტას“ ირგვლივ დამკვიდრდა მამაკაცთა სასარგებლოდ.

ასე რომ, სოციალური თვალსაზრისით, დღევანდელი ოჯახი იმგვარ კავშირს წარმოადგენს, სადაც იურიდიული, პოლიტიკური და ნივთიერი უპირატესობანი თანაბრად არ არის განაწილებული. ეს უთანასწორობა განსაკუთრებულის სიმწვავით მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში აღმოჩნდა, როდესაც საკუთრების მნიშვნელობამ შესამჩნევად აიწია და მისი ადგილი საზოგადოებრივ ბრძოლაში თვალ-საჩინო გახდა. ამა ქვეყნის ბატონებად „მესაკუთრენი“ გახდნენ და ქალიც, საკუთრებას მოკლებული და ეკონომიურად დამონებული იმავ მესაკუთრის კუთვნილებად შეიქმნა. ასე მოხდა საზოგადოების მაღალ სართულებში, ხოლო მუშათა წრეებში კაპიტალის გავლენა ოჯახს და ქალის ბედზედ უფრო ძლიერი იყო. ქარხნის სახით მან დაარღვია ოჯახი და ქმარიც და ცოლიც ცალცალკე დაისაკუთრა. ამგვარად, თანამედროვე ოჯახში, მონოგამიაში, ქალი ყოველგვარ უფლებას მოკლებული არსებაა. და აი ეს არის ის ნიადაგი, რომელზედაც აღმოცენდა თანამედროვე ფემინიზმი და სოციალისტური სისტემის ის მოძღვრება, რომელსაც ქალთა საკითხის გადაწყვეტა სოციალურ საკითხის გადაწყვეტასთან აქვს დაკავშირებული. და ამიტომ, ეჭვს გარეშეა, რომ ფემინიზმსა და სოციალიზმსაც იმდენად აქვთ მნიშვნელობა, რამდენადაც ისინი მოახერხებენ და გააუქმებენ იმ უფლებრივ და ეკონომიურ უთანასწორი რობას, რომელიც დღევანდელ ოჯახის და საზოგადო ცხოვრების დამახასიათებელ თვისებად ჩაითვლება. ასეთია, ასე ვთქვათ, ნივთიერი გარემო, რომელშიც სცხოვრობს თანამედროვე ქალი და გასაკვირველი არ არის, რომ ფემინისტ ქალთა რიცხვი თანდათან იზრდება და მათ მიერ დაწყებული ბრძოლაც მწვავდება (სუფრაჟიზმი ინგლისში). მაგრამ სახეში მისაღებია ჩვენი დროის ფსიხოლოგიური, ფილოსოფიური და რელიგიური ატმოსფერაც. დღეს როგორც ევროპასა ისე რუსეთში, თვალსაჩინოდ იზრდება ერთგვარი მიმართულება ფილოსოფიისა, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ როგორც რენენსანი ქრისტიანობაწარმართობისა. ნიცშეს გავლენა ჯერ კიდევ ძლიერია, განსაკუთრებით რუსეთში, სადაც მოაზრენი ცდილობენ ნიცშეს ამორალიზმის ქრისტიანობაში ჩაქსოვებას, და მით ისტორიულ ქრისტიანობის ნანგრევებზე ახალ–ქრისტიანობის აღორძინებას. ამ მიმართულების მოაზრეთ შესამჩნევი გავლენა აქვთ თანამედროვე რუსეთის ახალგაზრდობაზე. ნიცშეს გავლენით გააცოცხლეს წარმართული მითოლოგია, განსაკუთრებით ყოველივე ის, რაც დიონისეს და ბაქნიურ ორგიაზმს ეხება. მეორეს მხრივ, დოსტოევსკის, ვლ. სოლოვიევის, სერგ. ტრუბეცკოის და სხვა რუს-ფილოსოფოსთა ტრადიციების გამოცოცხლებით, ონტოლოგიური და მისტიკური აზროვნება გააცხოველებს და თითქმის ახალი სული შთაბერეს. ამ ორ მიმდინარეობიდან წარმართობისა და ქრისტიანობის, სულისა და ხორცის სინთეზი წარმოიშვა. თუ გინდათ გაიგოთ თანამედროვე სქესობრივი აღვირაშვებულობის აზრი და მისი თეორიული გასამართლება, ამ ახალ რელიგიურ ფილოსოფიას უნდა გადაჰხედოთ. | ბერდიაევის აზრით, მაგალითად, „სული“ და „ხორცი“. (плоть) არ ეწინაარმდეგებიან ერთმანეთს, როგორც ეწინააღმდეგება სული ნივთიერებას. ფიზიკური -ფსიხიურს.

„ხორცი ამა სოფლისა, - ამბობს იგი, - სექსუალიზმი, საზოგადოებრივობა და მიწიერი კულტურა. სქესობრივი სიყვარული და ორგიაზმი - ყოველივე ეს იმგვარადვე „ნუმენია", პირვანდელ მეტაფიზიკოსებური რამ, როგორც სული და ცა... სექსუალიზმის და ორგიასტულ ხორცის ფესვები ემპირიულ, ფიზიკურ და მატერიალურ სამეფოში არ არიან ჩაყრილნი. არამედ ტრანსცენდენტალურში.. „მინა“ ფერს იცვლის, ნივთიერ კანონს აღარ დაემყარება განთავისუფლდება დროსა და სივრცისაგან. „ნორციც“ფერ იცვლის, იქნება არა-ფიზიკური, ხოლო სისხლმჭარბობით (полнокровавая). სექსუალური, მისტიკო-აეხორციანი ( мист-сладострастная) და მარადიული, განთავისუფლებული ყოველგვარ მატერიალურ საზღვრებისაგან... ხორცს კი არ არის წყევლა კაცობრიობისა, მისი პირვანდელ გახრწნილობა, არამედ მონურ შებოჭვასა და საზღვა დადებულობაში. არა ნორმალობა ხორცისა მის ორგია სიცოცხლის სისრულეში ო არ არის, არამედ ! სიღარიბეში, ვიწროობაში და ხორციელ სიცოცხლე დასრულებაში (в конечности)... ხორცში ის კი არ უნ იყოს ძლეული, რაც მასში არსია, (бытие). არამედ, რაც მასში არარაობაა (необитие). ასკეტიური რელი ბუდიზმი ძველი თუ თანამედროვე, ისტორი: ქრისტიანობის მიდრეკილება მონოზნობისაკენ, რევიუ რომელიც ბრძოლას უცხადებს სიცოცხლეს და ... სიკვდილს, არსს და არა არარაობას, ჩვენი რელ არ არის... ფსევდო-ქრისტიანულმა ასკეტიზმმა, სპირიტუალიზმმა მოშხამეს ადამიანის სული და ხორცი,გარყვნეს იგი ცოდვის შემეცნებით. სქესის სიცოცხლე რაღაც სამარცხვინო ჭუჭყიანი რამ გახდა, მოჰკლეს დიდი რელიგიური ოცნება ხორცის, სიყვარულის, სიცოცხლის მეჯლისის სიწმინდის შესახებ... სქესობრივი სიყვარული რელიგიის გარედ დარჩა, უკურთხავი შეიქმნა. ბედის ანაბარაზე მინებებული... ადამიანი, რომელიც ძველებურ ყაიდაზე არის მორწმუნე ქრისტიანი) კბილწავს საყვარელ ქალს და თვითონაც იბილწება. რადგან ყოველი ავხორცობად (сладострастие), დაცემად, სისუსტედ და კაცობრიობის წყევლად მიაჩნია... და სხვა. (О новом религиозном сознаниию) მომყავს „Вопросы жизни-დან, № 9. ცალკე წიგნადაც არის). ამ ფილოსოფიის გარჩევაში, ამ ჟამად, რა თქმა უნდა. ვერ შევალთ, ხოლო ამკარა ია, რომ ამ ხასიათის მოძღვრების გავრცელება იმ დროს, როდესაც ასე მომწიფდა სქესობრივი საკითხი და როდესაც ყოველ ნამქეზებელ სიტყვას დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა სქესობრივ ურთიერთობის განვითარებისათვის, აშკარაა, რომ სხვა გვარ მოვლენათა შორის ეს იდეიური მიდრეკილებაც უნდა იყოს მიღებული მხედველობაში აღძრულ საკითხის განმარტების დროს. მით უფრო, რომ ამავე დროს ფესვი მოიკიდა მატერიალურ-ევდემონისტური ხასიათის გემოვნებამაც. რომელიც, რაც გინდა სთქვან „ხორცის ფერიცვალების“ მიმდევრებმა – ასე უახლოვდება ახალ რელიგიურ ფილოსოფიის იმ მოძღვრებას, რომელიც სქესის საკითხს ეხება. დასავლეთ ევროპაში ამავე დროს სრულიად განთაუთრებული მიმართულება მიიღო სიტყვა-კაზმულმა მწერლობამ. გაისმა ძლიერი პროტესტი კულტურის წინააღმდეგ, გაისმა მოწოდება პირვანდელ მთლიანობის მოპოვებისა და ვნებათა თავისუფალ შეთამაშების სასარგებლოდ. ალღოსა და სტრიქონს პატივი დაუბრუნდა. კულტურით ალაგმული ადამიანის გრძნობადი ბუნება აუჯანყდა დისციპლინას, აიყარა ჯაჭვი, რომლითაც იყო შებორკილი, და ახლად განთავისუფლებული, პირვანდელი ძალა დაიბრუნა. „ველურობამ“ მხრები გაშალა და ნადირულის სიხარულით დაეწაფა ტრფიალსა და სიამოვნებას. ამ ატმოსფერაში, ამ სულიერ კრიზისის ხანაში, თანამედროვე ქალს თავისი საკუთარი საქმეების მოწყობა და მოგვარება მოუხდა. გრძნობათა ქარტეხილით გარე“, მოცული, საზოგადო ასპარეზიდან განდევნილი, ოჯახით სულშეხუთული და გულ-ნატკენი ქალი ხსნას ეძებს, სი“ ცოცხლის ქარიშხალის ფერხულში ებმება, ტრადიციას, რწმენას, ჩვეულებას თავიდან იცილებს და შეუმჩნევლად, ხოლო აუცილებელ თანდათანობით, ახალ სულსა და ახალ სულიერ განცდას ითვისებს, სიცოცხლის ახლად ნაპოვნ წყაროს ეწაფება და მით თითქოს იარაღს ისხამს და ცხოვრებაში სავალ გზას იადვილებს. კნუტ ჰამსუნის ედვარდა („პან“), აშკარაა, ამ ახალ სულიერ თვისებით დაჯილდოვებული ქალია. მასში თითქოს შეთანხმებულია მოქმედებასთან სურვილი და აზრი. ხოლო ამავე დროს იგი უნდობლო და თავის ნებიანი არსებაა. ედვარდას მოსწონს ლეიტენანტ გლანი, გლანსაც ძლიერად შეუყვარდება ქალი და ამ რომანს რომ ჩაუფიქრდეთ, აშკარად იგრძნობთ, რომ ეს ჩვეულებრივი ქალ-ვაჟთა ტრფიალი არ არის. ერთ ყრილობაზე, საზოგადოების თვალწინ, ედვარდა მიუახლოვდება გლანს, რაღაცას ეტყვის, მოულოდნელად გადაეხვევა, გულზე მიეყრდნობა და ტკბილად ტუჩებს დაუკოცნის. ეს მოხდება გაცნობის პირველ დღეებშივე. გაკვირვებული და დარცხვენილი კაცი ჩუმად ჰკითხავს ქალს, რა დაემართა და რატომ იქცევა ასე უცნაურად ედვარდა ხმა მაღლა უპასუხებს: „არაფერია, არაფერი. ასე მომინდა, უმნიშვნელო საქმეაო“.

ედვარდას საჭიროდ არ მიაჩნია თავის გრძნობის დამალვა და უკვირს გლანის მორცხვობა. გლანს, რომელსაც მოსწონს ეს უცნაური ქალი და რომლის გულსაც მისი ბუნება ენათესავება, ერთბაშად ვერ შეუთვისებია ქალის ხასიათი; იგი წყრომით ეპყრობა, როდესაც საზოგადოების წინაშე მის გადამეტებულ უდარდელობას და მოურიდებლობას ჰხედავს. ერთხელ, როდესაც ქალის ქცევა საერთო ყურადღებას იწვევდა, შეუტყია: „ეშმაკმა წაგიღოთ, აღარ გაჩუმდებითო!“

ედვარდას გაუკვირდა, უგემურად გაიღიმა და დარცხვენით გაიცინა. მაგრამ ქალი არ ისვენებს. ძილი გაუკრთა. ღამე დასტრიალებს ქოხს, სადაც, ტყის მახლობლად, სცხოვრობდა გლანი. და გლანის შეკითხვაზე პირდაპირ ეუბნება. „ჰო, მე ვიყავი. თქვენს ახლოს კიდევ ერთხელ მოვედი, თქვენ მე მიყვარხართ“.

- როგორც ჰხედავთ, ახალი მოტივია. ჩვეულებრივი თავის შეკავება და მორცხვობა ახალგაზრდა ქალისა ცრუ მორწმუნოებად და გადაბირებულ ჩვეულებად ისახება. ედვარდა. თითქოს სძლია ქალური პასივობა და მკითხველიც იფიქრებს, აი ლიტერატურული დახასიათება იმ ახალი ქალისა, რომელმაც გარდაჰქმნა პასივური სულის კვეთება შველის ქალისაო. მაგრამ საქმე ასე როდია. მის უნდა ვსთქვათ, რომ ედვარდა იცვლება, არა, უკეთ ვსთქვათ, მოქმედების მსვლელობაში თავის ხასიათის ახალ თვისებებს იჩენს. ჩვენს წინ ორი ახალგაზრდა არსებაა, გლანი და ედვარდა, რომელთაც, თითქოს, შეეძლოთ ერთმანეთის სიყვარული, ხოლო რომელნიც ერთმანეთს აწვალებენ, დასცინიან და ხშირად ბოროტად სტანჯავენ. ედვარდა ვერ გათხოვდება ისე, როგორც ჩვეულებრივად სთხოვდებიან ახალგაზრდა ქალები. მას სურვილი აქვს აირჩიოს კაცი, რომელიც მოეწონება. მაგრამ იგი ამ კაცს ვერ აირჩევს. მისი სიყვარული თავისებურია, იგი ერთბა შად თავს იჭერს და ზურგს უბრუნებს იმას, ვინც თითქოს უყვარს და ვისთვისაც კოცნასაც კი არ დაიშურებს. ეს არ არის გულის ასუყვება ვნებიან და თავდაუჭერელ ქალისა, ედვარდა უბიწოა. მასში ვნება და სექსუალობა მხოლოდ პოტენციალურადაა ჩასახული. ედვარდა, ასე ვთქვათ, ჯიუტი ქალია. ეს პირვანდელ ქალისაგან ნაანდერძევი. თვისებაა, იმ პირვანდელ ქალისაგან, როდესაც სქესთა , შორის გამწარებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო გამართული. კნუტ ჰამსუნი, სხვა ტიპების შემუშავების დროს, უკლი ანვითარებს ამ პირვანდელ და ამასთან ახალ ქალის სახლი ებსაც. მისი ტერეზიტა, რომელზედაც ქვემოდ გვექნება ლაპარაკი, სავსებით ეწაფება სტიქიონს და მის სულიერ სიღრმეში უკვე ნათლად ჩანს ის კვალი სქესთ-შეტაკების დროიდან დარჩენილი, როდესაც ქალის გული სექსუალობის გაღვიძებასთან ერთად, შურის-ძიების გრძნობითაც იმსჭვალებოდა. ვიაჩ. ივანოვის ერთ საყურადღებო ეტიუდში საგულისხმო ცნობებსა ვპოვებთ სქესთა ურთიერთობაზე, რამდენადაც ეს ცნობები ელლინთა მითოლოგიაში დარჩენილა. უძველესი თქმულებანი, - ამბობს ვიაჩ. ივანოვი, - პირველ ყოფილ სქესთა შორის არსებულ ბრძოლას ააშკარავებენ. ლამოსის ქალიშვილები ხანჯლებით ერევიან კაცებს. ორხომენის ქურუმი მახვილით სდევნის ქალებს... დანაიდები ჰკლავენ იმ კაცებს, რომელნიც მათზე ძალას ხმარობენ და მათ თავებს ლერნუს ტბაში აგდებდნენ... ერთმა დამ (დანაიდებისამ) სიცოცხლე აჩუქა თავის ქმარს, რადგან მან დაიცვა მისი უბიწოება... ლიკურგი მენადებს ეძგერება, მაგრამ მათის ძალმომრეობის მსხვერპლად თვითონვე ხდება. არტემიდას კერძის წინაშე სპარტაში სწკეპლავენ ეფებებს. დიონისეს სალოცავთან ალეაში ახალგაზრდა ქალებს ჰშოლტავდნენ. გაშოლტვა ადამიანთა მსხვერპლის შეწირვის მაგიერ შემოიღეს. ეჭვს გარეშეა, ქურუმული მკვლელობა ერთი სქესის წარმომადგენელის მიერ მეორის მიერ თავის ფესვებით სქესთა შორის არსებულ ბრძოლის ხანას აღწევს... ამაზონები გაზაფხულზე აიყრებოდნენ ხოლმე თავიანთ ბანაკებიდან და ორგიასტული განზრახვებით შეეყრებოდნენ მეზობელ ტომთა ვაჟკაცებს. ამ საშუალებით მათი გვარი არა სწყდებოდა. დაბადებულ ქალებსა ზრდიდნენ, ვაჟებს კი ხოცავდნენ, ან თავიანთ საზღვრებიდან აძევებდნენ და სხვა-და-სხვ. (penMrMa MOHAca, მომყავს ჟურ. მომყავს „Вопросы жизни-დან, № 6, 1905 წ. არის ცალკე წიგნადაც „По звездам“). ყოველივე ეს იმდენადაა საყურადღებო, რამდენადაც მითებსა და ხალხის რწმენაში, ხშირად პოეტურ და რელიგიურ აღფრთოვანების სახით, აღიბეჭდება ხოლმე სინამდვილეში არსებული ფაქტები, დღეს დამოწმებული და შესწავლილი გენეტიურ სოციოლოგიის მიერ. აი რა ხასიათის მოვლენას ენათესავება ედვარდას და მის მსგავს ქალთა სულის კვეთება. მასში არ არის წყურვილი სისხლისა, რომლითაც ამაზონი-ქალი აღინთებოდა, ხოლო მასში დარჩენილა, თუ ახლად გამოფხიზლებულა გულქვაობა და უნდობლობა მითოლოგიურ ქალიშვილებისა. ძველ ბრძოლაში გავარჯიშებული სითამამე გამოჰყოლია, ხოლო მის ქალწულებრივობას ორგიაზმის ძალა ჯერ კიდევ არ ეკარება მაგრამ ქალები, რომელთა შესახებ ქვევით ვილაპარაკებთ, ამ ორგიაზმითაც განიმსჭვალებიან და თვალწინ გადაგვეშლება წარსული, განვლილი ხანა კაცობრიობის სიცოცხლისა ახლად აღორძინებული და აყვავებული თანამედროვე ქალის გულში. სურათი შესაზარია, ხოლო ღირსია დაკვირვებისა და შესწავლისა. ატავისტური გრძნობების გამოღვიძება ზოგიერთ ისტორიულ მომენტში თავდებია აწინდელ სულიერ განცდათა უვარგისობისა, წინამორბედია ახალ ფსიხიკის შეთვისებისა და ახალ სიცოცხლის აღორძინებისა. ძნელი სათქმელი არ არის, რომ ამ ჟამად სწორედ ამ ხასიათის მოვლენის წინაშე ვდგევართ. აშკარაა, რაც დღეს ქალის გულში ჰხდება, ღრმა კრიზისის მაჩვენებელია და მძიმე სევდიან სულის კვეთების მომასწავებელია. | როგორც ვთქვი, კნუტ ჰამსუნის ტერეზიტა „ცხოვრების დრამიდან“, განვითარებაა ედვარდაში ჩასახულ ფსიხიურ თვისებათა. ტერეზია უკვე ვნებით და ავხორც გრძნობებით აღსავსე ახალგაზრდა ქალია. ვინც კი თვალში მოუვა, ეკავშირება ფიზიკურად. ტერეზია სექსუალობით ძლეული ქალია, ხოლო მისი სექსუალობა არ არის სასიხარულო. მის სულის სიღრმეში დაბუდებულია დიდი სევდა და ეს სევდა აძლევს მის ხასიათს და მის სიცოცხ ლეს ტრაგიკულ ელფერს.

ტერეზიტა მდიდარ მემამულის ქალიშვილია. დრამის პირველივე მოქმედებიდან ვტყობილობთ, რომ ტერეზიას კავშირი აქვს თავის მამის მოჯამაგირე - მუშასთან, გეიერთან. ეს კავშირი ქალს უკვე მოწყენილი აქვს. იგი ეუბნება გეიერს: „აღარ მინდა. გესმის (ფეხით აბრაგუნებს), აღარ მოხვიდე“. გეიერის შემდეგ ყურადღებას აქცევს ტელეგრაფის მოხელეს იენს სპირს. სურვილებ-აშლილი კაცი მოსვენებას არ აძლევს და ტერეზიტა, მობეზრებული კაცის მუდარით, ეუბნება მოარშიყეს: „ჰო, ჰო, იენს სპირ, ძალიან შესაძლებელია, რომ დამტანჯოთ და ბოლოს დაგნებდეთ, მაგრამ რომ იცოდეთ, რანაირად მეზიზღებით“. როგორც მოსალოდნელი იყო აქაც საქმე თავდება იმით, რომ ტერეზიტა დაუახლოვდება ამ ადამიანსაც, რომელიც ეზიზღებოდა. მაგრამ ეს ტერეზიტასთვის ისევე ადვილი იყო, როგორც კავშირის გაწყვეტა და სწყვეტს კიდევაც. იენს სპირი ეუბნება: „როდესაც მიახლოვდებით, როგორც წითელი ვარდი ისე ინთება ჩემში ცოდვა. მე მინდა გფლობდეთ, მუდამ მინდა გფლობდეთ“. ტერეზიტა - „მე კი აღარ მინდა“. სპირი - „არა, გინდათ, მუდამ შეგევედრებით ამას“. ტერეზიტა - (ფეხის ბრაგუნით) „აღარ მინდა-მეთქი“. და ათავებს რა საქმეს ამ პროვინციალურ დონჟუანთან, გადაეკიდება თავის პატარა ძმების მასწავლებელს, სწავლულს და ცოტა არ იყოს გამოყრუებულ კარენოს. კარენო, წიგნებში და ფოლიანტებში ჩაფლული, თითქოს არა ჰგავს ამ ქვეყნის ადამიანებს და იპყრობს ახალგაზრდა ქალის ყურადღებას. მაგრამ აქაც სასოწარკვეთილებით ბოლოვდება მათი ურთიერთობა. და ტერეზიტა ნაზ თვალებით ლმობიერად დაჰყურებს ინჟინერ ბრეგეს, კუზიან და ავადმყოფ კაცს. კარენოს, რომელსაც თავბრუ დაასხა ქალმა და შეაყვარა თავი, ეუბნება წარბშეუხრელად: „თქვენ იმისთანა არა ხართ, როგორიც მეჩვენებოდით. წინადაც გითხარით, თქვენ ისეთივე კაცი ხართ, როგორც ყველა დანარჩენი, საძაგელ და სულელურ ბიწიერებით გამსჭვალული. თქვენ მომწყინდით“. - მაშ რა გიყვართ იმ ინჟინერ ბრეგეში? ეკითხებოდა გამწარებული სწავლული მიჯნური: „ადვილად შესაძლებელია, რომ იმისი კუზი. ან ის, რაც ჩემ გულს ესიამოვნება“, უპასუხა ქალმა. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ინჟინერ ბრეგეს ბედი სხვანაირად დატრიალებულიყოს, დადგა დრო და ამ ინჟინერსაც შემდეგი ეუწყა: „გეუბნებით, არა. ნუღარ ჩამაცივდებით. ეს როგორ მოგივიდათ თავში, რამ გაფიქრებინათ, რომ საყვარლად გამოდგებით", „მე მგონია, შემიძლიან, ევედრება ინჟინერი, რო) პატიოსნურად მიყვარდეთ“. „ამას მე არ ვეძებდი, თავის დღეში არ ვეძებდი ამას“, მკვახედ გააწყვეტინებს სიტყვას ტერეზიტა.

ასეთია ტერეზია. რომ ჩააცქერდეთ მის დაღონებულ თვალებს და მის დასევდიანებულ გულს, დარწმუნდებით, რომ თქვენ თვალწინგარყვნილი, ფუქსავატი ქალი არა სდგას. მის მოქმედებას გარყვნილობის დაღი აკრავს, ხოლო მისი სული შეწუხებულია, იმითი კი არა, რომ უბიწობა დაჰკარგა, არამედ იმიტომ, რომ რიღაცის და ვიღაცის ძებნაში იგი ნელ-ნელა ქვედა-გრძნობების ძალას დაემორჩილა და მისი „მსხვერპლი“ თითქოს უსაგნო და უაზრო გახდა. ერთ ბერ კაცს, რომელიც ცოდვაზე ელაპარაკებოდა, ეუბნება: „ოჰ, ღვთის მონავ, მე არა ვცოდავ, მე ვიღაცას ვემონები. მთელ მსოფლიოში დავდივარ და ვეძებ მას“. და გეცოდებათ ეს ქალი, ძმურის სიყვარულით გიყვართ, გინდათ დაეხმაროთ, უშველოთ, მაგრამ ამაოა ყოველი თქვენი შველა და ყოველი თქვენი თანაგრძნობა. ქალის გული უკვე მოშხამულია. რაც გინდ გულწრფელი და ღრმა იყოს მისი სულიერი უკმაყოფილება და მისი ძებნა ახალის სიცოცხლისა, მისი „ხორცი“ უკვე აღზნებულია, აჯანყებული, მისი სექსუალობა აღშფოთებული, მისი ნევრიული სისტემა აშლილი, რადგან „ბუნების“ კანონის გადალახვა ადვილი არ არის. ამ გადალახვის შედეგებს ადრე თუ გვიან ადამიანმა ანგარიში უნდა გაუწიოს და ქალიც უწევს უკვე ანგარიშს და იგი გამოისახება იმაში, რომ მიუხედავად წარმართულ დროშის აფრიალების და „ხორცის“ განთავისუფლებისა, მისი სული წყვდიადით არის მოცული და მას სიმშვიდე და მოსვენება აღარ ეკარება. ტერეზიტას, მის ხასიათს და მოქმედებას რომ აკვირდებით, არ შეგიძლიანთ არ აღმოაჩინოთ, რომ აქ უკვე დედობის და სიყვარულის პრობლემაში ჩაქსოვილია ძლიერად განვითარებული სექსუალობა და დედობის წინააღმდე გალაშქრებულია არა მარტო ტერეზიტას გულის სიღრმე ში ჩამარხული მარადის სიყვარულის წყურვილი, არამე "სექსუალობაც, რომელსაც ამაოდ სწადია სიყვარულის მაგიერობა გასწიოს და ქალის გული დააკმაყოფილოს. როდესაც დედობის მოვალეობაზე ხელს იღებს ღმერ თის ან სხვა უზენაეს მოსაზრების გულისათვის, აქ გაუ გებარი არაფერია. მიწიერ ბედნიერების მსხვერპლად შეწირვა თავის თავად გასამართლებელი საბუთია ამგვარ მოქმედებისათვის. მაგრამ როდესაც ეწაფებიან ამ ბედნიერებას და ამასთან ანთავისუფლებენ თავს ყოველგვარ მოვალეობისაგან, რომელსაც აკისრებს ადამიანს სიცოცხლე, აქ ყოველივე გარკვეული და ნათელი აღარ არის. ამ საკითხში უნდა შეიტანოს სინათლე თანამედროვე ქალმა, და ეს კი ადვილი საქმე არ არის. ის, რამაც ხელი ააღებინა ქალს დედობაზე და რამაც გააქცია იგი ოჯახიდამ, მოსათმენი გარემოება არ არის. დედობაში და ოჯახობაშია მოჭედილი ხუნდები, რომლითაც საუკუნოებით შეიკრა ქალის თავისუფლება. დედობრივი ინსტინქტი თითქოს აფოლადებდა და ამაგრებდა შემხუთველ და ბარბაროსულ ოჯახურ ფორმებს. მეორეს მხრივ, სიყვარული, თუნდაც, სექსუალური, რომელიც მაცდურ და წარმტაც ილუზიებს უბედავს გულში ადამიანს, სიყვარული, თვით სექსუალურ ფორმებში გამოსახული, მარტოობის მხიბლავ დაძლევად ეჩვენება მას და ჰპირდება სიცოცხლის სისრულეს და მარადისობას. და ეს სექსუალური სიყვარული კი დიდ გან“ საცდელშია, როდესაც მას დააკისრებენ დედობის მოეა“ ლეობას და შებოჭვენ წვრილმან, პრაკტიკულ ცხოვრების და ოჯახობის ტირანიით. დედობასთან ამ სიყვარული კავშირიც მოდუნებულია, მით უფრო, რომ ფრიად საეჭვა გახდა ის ტრადიციული შეხედულება ქალზედ, ვითამ იგ დედობრივ ინსტიკტის განსხეულებაა, ვითამ სექსუალურ გრძნობებს მის ბუნებაში მეორე ხარისხოვანი ადგილი უჭირავთ და ვითამ ქალი დღე და ღამ მხოლოდ იმაზედ ჰფიქრობს, რომ როგორმე შვას და აღზარდოს ბავშვი, ბინძურ ძონძების რეცხვაში გაისიოს და გაიწითლოს თითები და ულეველ საკერავის საქმიანობაში დაივსოს თვალები. დიაღ, ქალის „სიკეთის და ღვთისნიერების“ შესახებ ძველ ხასიათებს გასავალი აღარ აქვს. მართალია, მამაკაცი გარყვნილების აუზად ითვლებოდა და დღესაც ითვლება. დონჟუანები, ლოველასები და თანამედროვე სანინები და მიხაილოვები (არციბაშევის რომანში) კაცის გაუმაძღარ სექსუალობის მატარებელი ტიპები იყვნენ და არიან. სინამდვილე „ცოდვისა“ კაცისათვის ანვითარებდა კაცში ლოველასებურ გრძნობებს და განზრახვებს. მეორეს მხრივ სიძნელე ამავ საქმეში დედათა სქესისათვის ქალს საზღვრებში იჭერდა და აქედამ საუკუნოებით შემუშავდა სქესობრივი აღვირაშვებულობა ერთისა და თავშეკავება და რიდი მეორისა. მაგრამ, დახე მუხთლობას, დღეს აღმოჩნდა სხვა რამეც, ის, რის დანახვა ზოგიერთებს არ უნდათ. აღმოჩნდა, რომ ქალსაც შეუძლია ლოველასობაც, დონჟუანობაც და სანინობაც. აღმოჩნდა, რომ რაკი დედობა უშლიდა ქალს, ქალმა დედობა უარჰყო და ტრფიალს და სიამოვნებას დაეწაფა, უსაზღვრო ტრფიალს და უძღებს სიამოვნებას. მართლაც, ვინა სთქვა და დაამტკიცა, რომ სექსუალურ გრძნობებს ქალის ცხოვრებაში მეორე ხარისხოვანი ადგილი ეჭიროთ. შეიძლება არ დაეთანხმოთ იმათ (ვეინ-ინგერს, მაგალითად), ვინც ამტკიცებს, რომ ქალის ბუნების დამახასიათებელი თვისება იყო, არის და იქნება მისი სექსუალობა. ამ აბსოლუტურის ფორმით შეგიძლიათ უარყოთ ქალის სექსუალობის საკითხი, მაგრამ ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ წარსული და აწმყო სოციალური და ოჯახური პირობები განსაკუთრებულად ხელს უწყობდნენ ქალში სექსუალობის განვითარებას და მის ფსიხიკაში ამ სექსუალობის ჩაქსოვებას. როდესაც ადამიანს ყოველგვარი სამოქმედო და სავარჯიშო ასპარეზი გამოკეტილი აქვს, გასაოცარი არ უნდა იყოს, რომ მასში სექსუალემოციანალური მხარე იღვიძებს და ხვდება სიცოცხლის საძირკვლად. მართალია, ქალის სექსუალობა შებორკილი იყო ოჯახით, საზოგადოებრივ წესით და ჩვეულებით, მართალია, რომ იგი მასში პოტენციალურად ჰბუდობდა, ხოლო არ შეიძლება არა ვსთქვათ ისიც, რომ ზოგიერთ ისტორიულ მომენტებში ქალი ჰლახავდა ჩვეულების მოთხოვნას და მის მიერ შებოჭილ ბორკილებს უკუაგდებდა. ასე იყო ძველ საბერძნეთის ისტორიის ერთს ეპოქაში, როდესაც გეტერიზმის სახით მოხდა არა მარტო ინტელექტუალური განთავისუფლება ქალისა, არამედ სექსუალურიც. ასე არის დღესაც, როდესაც პოტენციალურად მყოფ ქალის სექსუალიზმს ფართო სავარჯიშო მოედანი გადაეშალა თვალწინ. ასე რომ, როდესაც ქალმა წამოაყენა პრობლემა - სექსუალობა თუ დედობა და სექსუალობისაკენ გაიწია და ზურგი უბრუნა დედობას, აქ იგი უცნობ ნიადაგზე არა სდგებოდა თავის პოტენციალურად მყოფ სექსუალობას მხოლოდ გასავალი გზა მისცა. საგულისხმოა, როგორ ისახება ეს მოვლენა, ქალის სექსუალობის განთავისუფლებისა, თანამედროვე ლიტერატურაში. გადავხედოთ ისევ ამ დოკუმენტებს, სადაც აღბეჭდილია ადამიანის ხორცის და სულის ტრაგედია. ტერეზიტას სექსუალობა, როგორცა ვნახავთ, წარბშეუკრელი და სევდიანი სექსუალობაა. მაგრამ არის სექსუალობა, სადაც თითქმის არავითარი უკმაყოფილება და მწუხარება არ იმალება, სადაც იგი ავხორც ბუნების გაუმაძღრობაა მარტოოდენ და აქედან გამოწვეულ უკმაყოფილების ამ სიხარულის გამომხატველი. ამ მხრივ საინტერესოა ზოგიერთი ახალი მოთხრობა და რომანი რუსულ ლიტერატურისა. ალექს. ტოლსტოის კატენკა (იხ. მოთხრობა „Сватовство“ Шиповник 13), არამც თუ არავითარ თანაგრძნობას არ უბადავს მკითხველს, ზიზღსაც იწვევს მის გულში. მომრიგებელ-შუამავლის გონება-განუვითარებელი ქალი, ჯანსაღი და ბიწიერებით აღსავსე, მოუსვენრად ცხოვრობს, რადგან, ვნებით ამღვრეული სისხლი მის გულს და ხორცს მყუდროებას არ აძლევს. იგი არავითარ საშუალებას არ ერიდება მრუშის დასაკმაყოფილებლად. ფიზიკური კავშირი აქვს ავადმყოფ და გამოჩერჩეტებულ ძმასთან. მოთხრობის ზოგიერთ ადგილიდან სჩანს, თუმცა ბუნდოვანად, რომ ეს ქალი მამასთანაც არის დაკავშირებული. სახლში იწვევს სოფლის „სტაროსტას“, მასთან ერთად ქეიფობს და მრუშობს დორბლიან ძმის თანდასწრებით. ერთის სიტყვით, ეს ქალი ყოველ მამაკაცს სექსუალურის თვალით უყურებს და მზად არის დაჰნებდეს არა მარტო მას, ვინც მას მოინდომებს, არამედ ვისაც იგი თვითონ მოინდომებს. თავსამტვრევი საგანი არ სჩანს ამ მოვლენაში, ავნუსხოთ იგი მხოლოდ ფაქტიურ სინამდვილის მხრივ. არციბაშევის ჟენია უკანასკნელ რომანში („У последней черты“ земля № 5), ეშხიანი, ვიწრო, წითელ-ფერის კაბაში გამოწყობილი არტისტი ქალია. ჟენიასთვის ტრფიალი და სიყვარულის თამაში ახალი ამბავი არ არის. მიხაილოვი (სანინის ვარიაცია) მოსწონს, მაგრამ ადვილად არა ნებდება, იმიტომ კი არა, რომ რასმეს იცავდეს, ან რაიმე სწამდეს, არამედ მას უყვარს ჟინი, აღმგზნებელი და სისხლის აღმვრეველი თამაში. იგი აწვალებს მიხაილოვს და ამასთან კი თვითონ უფრო ემონება ეშხის ძალას. მიხაილოვი, გაცოფებულია სიბრაზით და ავხორცის აშლილობით. ერთ შეხვედრის დროს, როდესაც ჟენია ჩვეულებრივად იკლაკნებოდა და იგრიხებოდა, მიხაილოვი სწვდა მას წკეპლით, რომელიც ხელში ეჭირა და გაშმაგე“ ბულად ცემა დაუწყო, გაუხურა ხელები, მხრები და ზურგი. ჟენია ერთბაშად მიყუჩდება, ცხვარსავით მოდუნდება და უვარდება მიხაილოვს ხელში, რომელიც მხეცურად! იპყრობს მას. აშკარაა, აქ გადაჭარბებულ სექსუალობას“ თან გაქვთ საქმე. ძველი მოტივი სქესთ შორის ბრძოლისა ! თანამედროვე პირობებში მიდუნებულია. და აი მის გა“ მოსაცოცხლებლად წკეპლა ყოფილა საჭირო. ბიწიერებას წკეპლაც ანიჭებს თურმე მეტ სიტკბოებას. მეტის ყურადღების ღირსია ჟენია ალ. რემიზოვისი (Крестовые сестры, Шип.12) რემიზოვი ფატალისტ-პესისიმისტია. ცოდვა, უბედურება, გლოვა და ტირილი — აი სი რათი ამა სოფლისა. დამნაშავე კი არ არის. (Никого нельзия обвиноватить). მისი გმირებიც ასეთი ფატალისტ-პესიმისტებია. ჟენია, უბადრუკი საცოდავი ქალია. რა არ გადაჰხდა მ თავზედ, მაგრამ ბრალს არაფერში არავის არ სდებს. დამნ შავე მე თვითონ ვარ, თუ უბედურებას განვიცდიო. არც ერ კაცს, ვინც კი შეჰხვედრია, ისე არ გაუვლია მის გვერდი რომ მასზედ ძალა არ ეხმარა. თუმცა ტანჯვით და გულის ტკივილით, მაგრამ ყველას ნებდებოდა, თავის ღვიძლ ძმასაც რატომ უნდა დაემდუროს ძმას და გაჰკიცხოს იგი? ბევრ ემუდარებოდა, ეხვეწებოდა, ხელი არ ეხლო მისთვის, მაგრა არა შეისმინა-რა. და არ შეისმინა იმიტომ, რომ არაფერი ეყურებოდა და არაფერს ამჩნევდა, იმიტომ რომ დაბრმავდა. დაბრმავდა იმიტომ, რომ მასში (ქალში) იყო რაღაც დამაბრმავებელი. და ჟენია ყველას ამართლებდა, მხოლოდ თავის თავს ჰკიცხავდა იმიტომ, რომ მასში იყო რაღაც, რაც აბრმავებდა და აყრუებდა იმათ, ვინც მასზედ ძალას ხმარობდა („За какую то свою слепяшую и оглашаюшую, которая бросала на нее“). ასე რომ თითქოს ამ დანაშაულობის და ცოდვის გულისათვის არის საჭირო შელახვა ადამიანის პიროვნებისა, თითქოს მისთვის ეს შელახვა პიროვნებისა ის სასჯელი იყო, რომელსაც უნდა დაჰმორჩილებოდა. მაგრამ, ეს „სასჯელი“ თვით ჟენიასთვისაც ხანდისხან „სასიხარულო“ იყო. როდესაც იგონებდა, როგორც ციგანოვმა (ახალგაზრდა ტეხნიკოსი, რომელსაც ეხმარებოდა საპროპაგანდო საქმეებში) გააუპატიურა იგი და ამ გარემოებას ადარებდა იმ დღეს, როდესაც მასზედ ძმამ იხმარა ძალადობა, მათ შორის დიდ განსხვავებას ხედავდა. („ведь ничего не было в братинин вечер с тем цигановским оласным и радостным вечером“). მაშ სა ხიფათო ყოფილა ამ ხასიათის „მსხვერპლი“, და „დასჯა“! ეგ იმასა ჰგავს, რომ ვინმე უნახავ ცეროდინა კაცუნას ხელში ტკბილეულობა ჩაუვარდეს, ისუნსლებოდეს და საქვეყნოდ კი გაიძახოდეს, ეგ ჩემი დასჯა და მსხვერპლიაო. არა, ათასჯერ არა. აქ მსხვერპლს ადგილი არა აქვს. სექსუალურ ორგაზმს მსხვერპლის ხასიათი იმ ორგანულ ხანაში ჰქონდა, როდესაც რელიგია და ცხოვრება ერთი და იგივე აქტი იყო ადამიანისათვის, როდესაც ორგაზმი რელიგიის მოთხოვნილებად იყო აღიარებული (დიონისეს კულტი). და ჩვენს დროში ამ ხასიათის სექსუალობას რელიგიურ მსხვერპლის ფერი არც აქვს, არც შეიძლება რომ ჰქონდეს. ამიტომ არ შეიძლება არა ვსთქვათ, რომ გაცილებით ნაკლებ პროტესტს და ზიზღს იწვევს სექსუალობა იქ, სადაც იგი არ იმალება, არ იმოსება სავანეში, სადაც იგი ამაყობს თავის ურცხვობით და მედიდურობს თავის აღვირაშვებულობით (ვედეკინი ლული, მაგალითად). აქ ნამდვილი ორგიაზმია, ხოლო ორგიაზმი თანამედროვე, ორგიაზმი დაობლებულ სულისა, რომელიც სცოდავს და ამ ცოდვაში დროებით შვებას ჰპოვებს. ამ დაობლებულ სულს სწყურია მუდმივი, განუწყვეტელი და შეუჩერებელი „ცოდვა“, რათა მუდმივი და უშრეტელი წყარო ჰქონდეს შვების მოპოვების და სულის დამშვიდებისათვის. აქ შევჩერდეთ. ხელში საკმარისი მასალა გვიჭირავს ამ ჟამად. და ჩვენც შეგვიძლიან ახლა მწყობრი ხასიათი მივცეთ აქ აღძრულ საკითხებს და მათს ნათელ საყოფაც კიდევ რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვათ. უკანასკნელ მსჯავრის დასადებად, საჭიროა დავუბრუნდეთ იმას, საიდანაც დავიწყეთ - ქალი უკმაყოფილების და პროტესტის ფსიხოლოგიური ევოლუციის მოთხრობის ისტორიას. ჩვენ ვნახეთ, რომ დასაწყისშივე აღმოჩნდა ბუნდოვანობა, რადგან ნათლად არ იყო გარკვეული საითკენ უნდა გაწეულიყო ქალთა პროტესტის მოძრაობა და რაგვარ პიროვნების შექმნასა და მოპოვებისათვის უნდა ყოფილიყომიმართულიამმოძრაობის აზრი. ჩვენ ვნახეთ, რომ ქალმა შეიგნო ღრმა კავშირი, რომელიც არსებობს სექსუალურ ორგანიზაციასა და ინტელექტუალურ შემოქმედების ძალთა შორის და მოინდომა ინტელექტუალურ განთავისუფლების გულისათვის სექსუალურ ურთიერთობის შეცვლა და გადასხვაფერება ქალ-ვაჟთა შორის. ამ ნიადაგზე აღმოცენდება ერთის მხრივ, მისტიური წყურვილი სექსუალობის დაძლევისა, მეორეს მხრივ, საჭიროება პირვანდელ ადამიანის ფსიხიურ თვისებების გამოცოცხლებისა, სქესთა შორის არსებულ ბრძოლის გამოღვიძება და სექსუალურ ორგაზმის და თავაშვებულობის დაკანონება. ყველა ამას რომ ვადევნებდით თვალყურს, ვნახეთ, რომ ქალის წინ წარმოსდგა დედობის პრობლემა და მან გადასწყვიტა, რომ დედობა უშლის და აბრკოლებს ქალის განთავისუფლების საქმეს. და აი, განთავისუფლებული ოჯახობისაგან, უღონო მისტიკური მოწოდების წინაშე, და ვნებათა ქარცეცხლში გახვეული, ქალმა იგრძნო, რომ მოჯადოებულ წრეში ჩავარდა, სადაც იხშობა და იფლობა მისი ოცნება და საუკეთესო სულის ზრახვა, ასეთია მოკლედ თანამედროვე ქალის ტრაგედია. და მკითხველი აშკარაა იკითხავს, ყველა კარგი, მაგრამ გასავალი გზა უნდა იყოს, შეუძლებელია დარჩენა ამ მოჯადოვებულ წრეში, შეუძლებელია ამოდენა ტანჯვის და დამცირების ატანა, გზა ხსნისა აუცილებლივ უნდა იყოს აღმოჩენილიო. აღმოვაჩენთ თუ არა გზას, არ ვიცი, ხოლო ცდით კი უნდა ვეცადოთ.

დამცირების ატანა, გზა ხსნისა აუცილებლივ უნდა იყოს აღმოჩენილიო. აღმოვაჩენთ თუ არა გზას, არ ვიცი, ხოლო ცდით კი უნდა ვცადოთ.

დედა-აზრი, ძარღვი საკითხისა, პიროვნების განთავისუფლებაა. როგორც ვნახეთ, აქ სამი გზაა ქალის წინაშე. პირველი გზა - კაცური პიროვნების და ინტელექტუალურ კულტურის მოპოვებაა. ამ გზით სწარმოებს ფემინისტურ მოძრაობის სვლა. კაცსა და ქალს შუა არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს. სქესთა გათანასწორება იდეალია. მაგრამ ფემინიზმის ოცნებას არავითარი ნიადაგი არა აქვს. უფლებრივი გათანასწორება არ მოასწავებს პიროვნებათა გათანასწორებას. როგორცა ვსთქვი, ხელს უშლის სექსუალური ორგანიზაციის და ფსიხიკის სხვა და სხვაობა, ვინაიდან ინტელექტუალური აქტივობა და სექსუალური პასივობა ერთი-მეორეს ეწინააღმდეგებიან, მეორე გზა - ქალური პიროვნების გაღრმავება და მასში ძებნა თვით-გამორკვევის თვისებისა. არც ამ გზით სიარული ანიჭებს ქალს დამოუკიდებელ პიროვნების ძალას, რადგან აქაც უცვლელი რჩება ქალის ტემპერამენტი და პასივობა და მაშასადამე უცვლელი დარჩება მისი ინტელექტუალური ტემპერამენტიც. ამგვარადვე უცვლელი რჩება მორჩილება“ მფლობელობის ხასიათი ქალ-ვაჟთა სექსუალურ დამოკიდებულებაში. მაგრამ აქ არის ერთი გარემოება, რომელიც მისაღებია მხედველობაში. როგორც ვნახე, სრულიად უიმედოა რაციონალურ და დიალექტიკურ აზროვნების ნიჭის შეძენა ქალის მიერ. მაგრამ „ცოდნა", ფილოსოფიური ცოდნა მარტოოდენ რაციონალური არ არის, არამედ ირაციონალური და ინტუიტივურიც. ქალი, რომლის სექსუალური ორგანიზაცია ხელს უწყობს მასში ინსტიკტის განვითარებას, გაცილებით უფრო ახლო სდგას ინტუიტივიზმთან, ვიდრე დიალექტიკასთან. ინტუიტივიზმი ეგუება ქალის ფსიხიკას და სულიერი კულტურის ნაკლულევანება მას შეუძლიან სწორედ ამ თვისებების განვითარებით აინაზღაუროს. მაგრამ ეს მხოლოდ ნახევრად სწყვეტს ქალის განთავისუფლების საკითხს. ამით იგი ვერ დაკმაყოფილდება და ამიტომ საჭიროა მესამე გზის გამონახვა და შესწავლა. მესამე გზა - სქესობრივობის დაძლევა და სექსუალობის ალაგმაა. ეს არის მეტაფიზიკურრელიგიური გადაწყვეტა საკითხისა. მეტაფიზიკური ხასიათი სიყვარულისა არამც თუ არ ეწინააღმდეგება სექსუალობას და სქესობრივობის დაძლევის საჭიროებას, ხელსაც უწყობს მას. ეს სიყვარული დაშლაა საზღვარ-დადებულ ინდივიდუუმისა და აღდგენაა სრულ და მარადიულ პიროვნებისა, რომელშიაც, ასე ვთქვათ, ძლეულია სქესთა-განცალკების თვისებანი და დამთავრებულია სინთეზი უკვდავ პიროვნებისა. ეს გზა მეტაფიზიკური ფილოსოფიისა და რელიგიური აღრთოვანებისა მომხიბლავი და შესაძლებელი გზაა რელიგიურ მსოფლმეხდველობით აღჭურვილ ადამიანისათვის და თეორიულად მაინც ერთადერთი გზა არის ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის. მაგრამ, ვიმეორებ, საკითხის ამ გზით გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ რელიგიურ და მეტაფიზიკურ აზროვნებისათვის და სულიერ განწყობილებისათვის. ხოლო ვინც ამ მსოფლმხედველობით გამსჭვალული არ არის, მისთვის უსიცოცხლო და მკვდარია ყოველი სიტყვა და მოწოდება ამ ფილოსოფიისა. მით უფრო მკვდარი და უსიცოცხლოა, რომ მისი საბოლოვო განხორციელება ემპირიულ სიწამდვილეში შეუძლებელია და რომ ამ ფილოსოფიის გამარჯვება მოასწავებს ფიზიკურ სიცოცხლის სიკვდილს. ასე რომ ამ გზით ივლიან ისინი, ვისაც აღარ ჰხიბლავს ამა ქვეყნის მომხიბლავი ძალა, ვის თვალშიც წაშლილა ფერადი სურათი ყვავილებით მორთულ მდელო-ველებისა და ვის გულშიაც ამ სოფლიური სიყვარულის სიმღერა აღარაფერს ეუბნება. — მაშ, როგორც ვხედავ, იტყვის გაკვირვებული მკი| თხველი, ამ დედამიწის ზურგზე ხსნის გზა არა ყოფილა.

მკითხველზე ნაკლებად გაკვირვებული არც მე ვარ, მაგრამ განა ახალი ამბავია, რომ „სოფელმან სოფლის-მყო|ფი ყოველი დასვა ცრემლთა დენად“. ქალი, ერთი მომქმედია იმ ტრაგედიისა, რომელსაც სიცოცხლეს უწოდებენ. მეორე მომქმედი პირი კაცია. და ნურვინ იტყვის, რომ კაცის მდგომარეობა ამ ტრაგედიის წინაშე სახარბიელო და სანუკვარი რამ იყოს. ულმობელი „აუცილებლობა" სდარაჯობს ორთავეს. „გასრულდება მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა“... „გადაჰხდეს, განვლეს სოფელი, ნახეს სიმუხთლე ჟამისა! ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა მამისა“.

კარგი ნუგეშია, თქვენმა მზემ, მოგვძახებს გაჯავრებული მკითხველი. ნუგეში გნებავთ? ნუგეშით ოცნებაა, ილუზიაა, რომელიც ასე ეთვისება ადამიანის გულს. ნუგეში აღფრთოვანება და პოეზიაა, ის, რამაც ! ათქმევინა ნესტან-დარეჯანს, როდესაც მიჯნურისათვის მზად იყო მაღალ კლდიდამ უძირო უფსკრულში გადაჩეხვა და იქ სიკვდილის მოპოვება. იგი სწერს ტარიელს, „ღმერთსა შემვედრეო... დღისით და ღამით ვხედვიდი მზისა ელვასა კრთომასა. მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან ხარ მისი წილი... მუნა გნახო, მადვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი. თუ სიცოცხლე მქონდა მწარე, სიკვდილიმცა მქონდეს ტკბილი. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა“. აქაც დაძლევაა მიწიერ ვნება-სურვილებისა, დაძლევაა მარტოობისა და მოპოვება სრულ პიროვნებისა. აქ ნეოპლატონიკოსებური ზიარებაა ერთის სულისა მეორეში. ნუგეში თუ გნებავთ, აქ არის, ამ ოცნებაშია. და თუ ეს ნუგეში ჩვენს გულს ბევრს არას ეუბნება, ვიქონიოთ გაბედულება და ავიკიდოთ ზურგზე ყველა თავის ვალდებულობით ის მძიმე ტვირთი, რომელსაც სიცოცხლეს უწოდებენ. ამნაირი ტვირთი, რომელსაც სიცოცხლეს უწოდებენ. ამნაირი ტვირთი მიწიერი სიყვარულიცაა. ვისაც არ შეუძლია სექსუალობის დაძლევა, მან უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, რომელიც აქედამ გამომდინარეობს. და ეს სავალდებულოა ორთავესთვის, კაცისა და ქალისათვის. ქალის პასუხისმგებლობა, დღევანდელ პირობებში, უფრო მძიმეა კაცის პასუხისმგებლობაზე. ხოლო სიმძიმე არ არის საბუთი პასუხისმგებლობის უარყოფისათვის. მაგრამ ყველა აქედამ სრულიად არ გამომდინარეობს თანამედროვე მონოგამიური ოჯახის დაცვის საჭიროება. ამ ოჯახში ქალის დამცირება გამოწვეულია, სხვათა შორის, იმ გარემოებით, რომ მონოგამიური ფორმის ოჯახი საუცხოვოდ ეგუება კერძო საკუთრების პრინციპებზე დამყარებულ თანამედროვე სოციალურ წყობილებას. და რამდენადაც სამართლიანი და მართებული ბრძოლაა ამ | წყობილების წინააღმდეგ სოციალურ ასპარესზე, იმდენად მართებულია იგივე ბრძოლა ოჯახურ ფორმების გაუმჯო ბესობისათვის. ამ მხრივ მოსალოდნელია ნაწილობრი გაუმჯობესობა ქალის მდგომარეობისა. ვამბობთ, ნ წილობრივი, რადგან თვით კომუნისტური წესიც კი ვე დასძლევს ყველა იმ დაბრკოლებათ, რომელთ შეს ნებ ზემოდ გვქონდა ლაპარაკი. გარდა ამისა იგი წეს წინააღმდეგ ზოგიერთ მოაზრეთა სურვილისა. სავალდ ბულოდ არ გამოიწვევს კომუნისტურ ოჯახის დაარსება ამას წინ აღუდგება ის არსებითად „მონოგამიური“ ნასი თი სიყვარულისა, რომელსაც ვერ მოეპყრობიან ნივთი რების მსგავსად და კომუნისტურად ვერ გაანაწილები საზოგადოების წევრთა შორის.

აქ ვათავებ. მე ვცდილობდი ქალთა საკითხის გათვალისწინებას ფილოსოფიურ-ფსიხოლოგიურის საზრისი ჩვეულებრივად მას სოციალურის მხრივ ეხებიან და მით განუმარტავად სტოეებენ ამ საკითხის ძირითად აზრს. არ ვკადნიერდები და არა ეფიქრობ, რომ გასარკვევ საგანს სავსებით მოვფინე ნათელი. ჩემი აზრი იყო მხოლოდ მეჩვენებინა ამ პრობლემის სიძნელე და სირთულე ( აგრეთვე ის, რომ ზერელე აზროვნება ამ საქმეში მავნებელია როგორც თვით ქალებისთვის ისე კულტურის წინსვლელობისათვის.

1911 წ
წყარო: ქალის სევდა. ჯორჯაძე არცილ: წერილები (შემდგ. აკაკი ბაქრაძე): თბ. „მერანი“ 1989. გვ. 649-677)

5.3 ჩანჩურა

▲ზევით დაბრუნება


მიხეილ ჯავახიშვილი
ჩანჩურა

I

ბოლოს, ბევრი წვალების და ლაპარაკის შემდეგ, პოლიციის ბოქაულმა აღმოაჩინა, რომ ოცდასამი წელიწადია რაც პოლიციელი პეტროვი ბაზარში მსაახურობს, იქვე ცხოვრობს და არც კი სცოდნია ჩანჩურას ნამდვილი გვარი და სახელი.

მუნჯი ჩანჩურა იქვე იდგა და ფიქრობდა:

-რა ვქნა, ეს სად მომიყვანეს, ან რა უნდათ ჩემგან!

ჩანჩურას წლოვანება, სარწმუნოეაბ, ტომი და ხელობა ბოქაულისა და პეტროვისათვის საუკუნო საიდუმლოებად დარჩა.

როდის და რომელ ქალაქიდან ან სოფლიდან გადმოსახლდა? უცოლოა თუ ცოლიანი? იქნება შვილებიცა ჰყავს? იქნება სამხედრო ბეგარაც არ მოუხდია ერთადლიან ჩანჩურას? ან იქნება ჯერ შარშანდელი ხარჯიც არ გადაუხდია წონით ფუთ-ნახევრიან გლახას.

აბა საიდან უნდა გაეგო ეს საიდუმლოება პეტროვს, როდესაც ამისთანა სიბრძნე მხოლოდ ყოვლად ძლიერსა და ყოვლის მცოდნე პასპორტს უნდა სცოდნოდა, რომელიც ჩანჩურას არ აღმოაჩნდა!

ეს კიდევ არაფერია:ის როგორღა მოხდა, რომ ოცდასამი წელია რაც ჩანჩურა ქალაქში ცხოვრობს და პოლიციის დავთრებში ჯერ ჩაწერილიც არ ყოფილა?!

და ასეთის უკანონობით გაბრაზებულმა ბოქაულმა დაადგინა:, “ცნობის ტომისა, გვარისა და სარწმუნოების კაცი “ჩანჩურა”-გადასახლებულ იქნას თავის სამშობლოში”.

მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, როცა თვითონვე გაიგო თავისი დადგენილობის უაზრობა, წარწერა წაშალა და ისევ პეტროვს მიუბრუნდა: გაანთავისუფლე, მაგრამ თვალ-ყური ადევნე, და თუ კიდე მოიტაცოს ხორცი, მაშინვე აქ მომიყვანე.შენ კი ფრთხილად იყავი, თორემ…ეგრე როგორ შეიძლება!ეს სამსახური კი არა, ეგ…ეგ…ოცდასამი წელიწადი!წადი, მაგრამ გაფრთხილდი!

ჩანჩურამ ერთი საათის წვალებისა და ბოქაულის ლაპარაკიდან, რასაკვირველია, ვერაფერი გაიგო.

მოღიმარე და გახარებული ჩანჩურა პაწაწინა და ჩქარის ნაბიჯით ისევ ბაზრისკენ მიცუნცულებდა.დიდისა და ნელის ნაბიჯით წინ მიუძღოდა და თან ჰფიქრობდა:

გამაგდებენ, უეჭველად გამაგდედენ, ან უარეს უბანში გადმიყვანენ. - და მაშინვე გადსწყვიტა: - რაც უნდა მიყონ, თუნდ მომკლან, სულ ერთია, ამაღამ ერთი ქურდი ან “სიცილისტი” უნდა დავიჭირო. არ დავიძინებ, ორ დღე-ღამეს არ დავიძინებ და დავიჭერ.

II

როდის და საიდან გაჩნდა ბაზარში ჩანჩურა-არც ერთმა ბებერმა ყასაბმა არ იცის, მაგრამ მთელი ბაზარი იცნობს მუნჯ ლილიპუტს.

ჩანჩურას ცემა-ტყეპა, მის დილიდან საღამომდე ბაზარში ხეტიალი, თორმეტი წლის არტუშასთან და იმის მეგობარ ძაღლ-მურასთან მუდმივი ჩხუბი ყასბებისთვის ისეთივე ყოველდღიური ამბავია, როგორც სალდათები, დედაკაცები, მზარეულები, მათი მოტყუება წონაში და პოლიციელ პეტროვის ყვირილი.

ყველა ყოველდღე ჰხედავს მობუზულ ჩანჩურას.

მას მუშტის ოდენა მელოტი თავი აქვს.უწვერ-ულვაშო, დაღმეჭილი, ნაოჭებიანი და მიწის ფერი პირსახე.პატარა, ლობიოს ოდენა, ღრმად ჩამძვრალი, ზოგჯერ ნატირალი, უფრო ხშირად კი მოღიმაღე თვალები.მაჯის სისქე, პირსახე უფრო შავი და გამხმარი კისერი.სამი გოჯის სიგრძე და ყავისფერი ტიტველა ფეხები და ათნაირი ფერის ძონძებისგან შეკერილი შალვარი, რომელიც იმდენად მოკლეა, ისედაც ჯუჯა ჩანჩურას მუხლებამდე ძლივსღა სწვდება.

არტუშას მეგობარი მურა-ძაღლი ჩანჩურას შალვარს საშინლად ემტერება ამიტომ შალვრის პატრონს იმის დაკერებაზე ბევრი დრო ეკარგრება.ჩანჩურამ ძალიან კარგად იცის, რომ უშალვროდ გარეთ გასვლა არ შეიძლება, რადგან მის მეორე და მურაზე უარესი მტერი პოლიციელი პეტროვი მათრახით დაედევნება და ბაზრიდან გააგდებს.ეს კი ჩანჩურასთვის უდიიდესი სასჯელია, რადგან, ჯერ ერთი, ვინ იცის, ბაზრის იქით არის რამე თუ არა, და თუნდაც იყოს, უეჭვეკლია, ყასბები, მაინც არ იქნებიან, და რომ იყვნენ კიდევაც, ისინი ჩანჩურას არ იცნობენ და, მაშასადამე, არც გულ-ღვიძლის ნაჭრებს მისცემენ.

ერთხელ ჩანჩურას ვიგაცამ ორი დაგლეჯილი დაა დამპალი ქალაამანი აჩუქა, მაგრამ იმავე საგამოს მურამ წაართვა.მას აქეთ ჩანჩურასავით არავის არაფერი უჩუქებია, თუმცა არა:ერთ დროს ჩანჩუდრას ქუდის მსგავსი ტყავის ნაგლეჯიც ჰქონდა, ისიც ნაჩუქარი, მაგრამ.. .არა, ის საძაგელი მურა, რაღა სულ ჩანჩურას ტყავეულობას, კანჭებსა და შალვარს ემტერება!

არც მურა და არც პეტროვი ისე ძლიერ არ აწუწუნებენ ჩანჩურას, როგორც ერთი ბებერი ყასაბის -დარჩოს 12 წწლის ბიჭი-ეშმაკი არტუშა.

ერთხელ – ჩანჩურამ, რათქმა უნდა, არ იცის, რამდენი წლის ან დღის წინათ მოხდა ეს ამბავი, – ერთხელ ჩანჩურამ ჩვეულებრივად ცხვრის ფილტვის მოტაცება განიზრახა. ბებერი ყასაბი დარჩო დახლთან იდგა და პურსა სჭამდა.ჩანჩურამ ფილტვი აიღო, უბეში ჩაიდო, მობრუნდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ ამ დროს... სწორედ ამ დროს საიდანღაც საძაგელი არტუშა ამოძვრა, ჩანჩურას გზა გადაუღობა, დიდი საყასბო დანა მოუქნია და...

მას შემდეგ ჩანჩურას ათის მაგივრად რვა თითი ღა დარჩა.

III

ბაზარში ყველაზე ადრე ჩანჩურა გამოდის და ყოველ დღე მხოლოდ იმას ხედავს, რომ დუქნებში დილით აუარებელი ხორცი აწყვია. მერე ყასბები ამოდენა ხორცს ნაჭერნაჭრად სჭრიან და ვიღაც ვიღაცეებს ურიგებენ. საკვირველი ის არის, რომ ყასბები ჩანჩურასავით კი არ უტყაპუნებენ თავში, არამე თავაზიანად დუქანსი შეჰყავთ, ხორცის უშველებელ ნაჭრებსაც აძლევენ და ზრდილობიანადაც ისტუმრებენ.

მართალია, ვიღაც-ვიღაცეები ყასბებს სამაგიეროდ შავსა და თეთრს “ჟესტის” ნაჭრებს აძლევენ, მაგრამ მაინც საკვირველია, რად უნდათ ყასბებს ეს “ჟესტის” ნაჭრები? ჩანჩურას კარგად ახსოვს, რომ ერთხელ იმანაც იპოვნა ქუჩაში ასეთი თეთრი, მრგვალი ნაჭერი, მაგრამ მეპურე სიმონამ წაართვა და სამაგიეროდ თეთრი პურის დიდი ნაჭერი მისცა.

ოჰ, ის თეთრი პური! მას აქეთ ჩანჩრას მისი გემო არ უნახავს. საკვირველი არ არის, რომ არტუშაც სწორედ ისე იქცევა, როგორც სხვები, მაგრამ მურას რაღა ღმერთი გაუწყრა, რომ ჩანჩურას გარდა არავის ფეხებსა და შალვრებს არ ემტერება!

ჩან ჩურას რამდენჯერმე უნახავს, რომ ვიღაც-ვიღაცეებს მურასთვის კარგებიც წაუთაქებიაც, მაგრამ ძაღლს იმათზე კბილები არ უხმარია.პირიქით, ისეთ ტირილსა და წკმუტუნს მოჰრთავდა, რომ მისი მეტოქე ჩანჩურასაც კი შეიბრალებდა ხოლმა და ღიმილით მასთან ნუგეშის მისაცემად მივიდოდა. მაგრამ სხვის ჯავრს უმადური მურა ყოველთვის ისევ ჩანჩურაზე ამოიყრიდა ხოლმე.

სანამ ბაზარში ხალხი ირევა, ჩანჩურა ქუჩის თავში დადის. ბოლოში გასვლა საშიშოა, რადგან პეტროვი ყოველთვის იქა სდგას, და თუ ჩანჩურა დაინახა, უეჭველად გამოუდგება, მათრახის ქნევას დაუწყებს და ყვირილ-მუქარით ერთ ალიაქოთს ასტეხს: -ია ტე პაკაჟუ! ია -ა-ა ტე პაკაჟუ-უ-უ-უ!-და მათრახის ქნევით ნახევარ საათობით დასდევს მშიერ ჩანჩურას. მაგრამ არშინნახევრიან ჩანჩურას, მადლობა უფალსა, მარდი ფეხები აქვს! ჩანჩურას ტრორუარზე გავლა პეტროვისგან სასტიკად აკრძალული აქვს.ჩანჩურამ ისედაც იცის, რომ ხალხში გარევა არ შეიძლება, ამიტომ ყოველთვის შუა ქუჩაზე დადის.ამის გამო მეეტლეებისა და მედროგეებისაგან ყოველდღე მრავალი შოლტი ჰხვდება, მაგრამ ამას ჩანჩურა ყრადღებას არ აქცევს, რადგან, ალბათ, მას შოლტიც ისევე ესაჭიროება, როგორც ყასაბის მუშტები, პატარა ბიჭების სილები, პეტროვის მათრახი, მურას კბილები და არტუშას ათასნაირი ოინები. როცა შუადღე გადადის და ყასბები ხორცის , , დარიგებას”ათავებენ, მაშინ ჩანჩურას დროც მოდის. ჩანჩურას ერთი მსხვილი და წვეტიანი მავთული აქვს.ყასბებმა ამ შამფურის წართმევა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ამაოდ:ჩანჩურა თავს მოიკლავს და ამ შამფურს არავის დაუთმობს.ეს შამფური ჩანჩურას შუადღემდეე სადღაც აქვს დამალული, შუადღის შემდეგ კი ბაზარში გამოაქვს, რომელიმე დუქნის წინ აიტუზება და დამნაშავის ღიმილით, მურასებური წკმუტუნით ყასაბს თავის მოსვლას ატყობინებს თუ ღიმილით და წკმუტუნით ვერას გაჰხდა, შამფურს ნელ-ნელა ფანჯარაში შეაპარებს, .ხორცის რომელსამე ნაჭერს ჩხვეტას დასუწყებს და თან-და -თან წკმუტუნსაც მოუმატებს. თუ ყასბი კარგ გუნებაზეა, ჩანჩურას კისერში ხელს წაავლებს, ციბრუტივით დაატრიალებს, ორიოდესაც წაუთაქებ და სამაგიეროდ ფილტვის პაწაწინა ნაჭერს მიუგდებს.

ჩანჩურა ამ ნაჭერს დამპალ ჩვარში გაახვევს, უბეში ჩაიდებს და მეორე ყასაბს ეწვევა.თუ კარგი დარია და კარგი ვაჭრობაც იყო და, მაშასადამე, ყასბებიც კარგ გუნებაზე არიან, ყველანი მუშტით ან სილით მიესალმებიან, სამაგეროდ ფლტვის ნაჭრებსაც მისცემენ და გაისტუმრებენ.მაგრამ , რადგან ერთსა და იმავე დროს კარგი ვაჭრობაც და კარგი დარიც იშვიათია, ამიტომ ჩანცურაც თავის პატარა მუცელს ძალიან იშვიათად აძღობს. როცა ჩანჩურა ათიოდე ფილტვის ნაჭერს შეაგროვებს, მაშინვე შინისკენ წასასვლელად დაემზადება, მაგრამ…

არა, რაღა სწორედ ამ დროს გადუდგებიან ხოლმე წინ გახარებულ ჩანჩურას არტუშა და მურა!ჩანჩურამ, რასაკვირველია, კარგად იცის რა განსაცდელიც მოელის იმის დღევანდელ სადილს.ამიტომ არტუშას და მურას დანახვაზე მაშინვე ქვეით გაიქცევა.მაგრამ საშინელი სისწრაფით მოელვარე ფეხის გულებს კვალ-და -კვალ მისდევენ არტუშა, მურა, მისი მხიარული წკმუტუნი , ყასბების ხარხარი და პეტროვის ჭექა:

-Я те покажу! ია ტე პაკაჟუ! Я те покажу!

ჩანჩურან იცის, რომ არტუშას და მურას ვერსად წაუვა, ამიტომ ცოტა ხნის შემდეგ მტვრიან ქუჩაზე პიქვე დაეცემა და ორივე ხელით ჩვარში გახვეულ ფილტვის ნაჭრებს ებღაუჭება, მაგრამ ამაოდ:არტუშა ზურგზე დააჯდება, მურა-კისერზე.ცოტა ხანს შეისვენებენ.შემდეგ არტუშა სულგანაბულ ჩანჩურას გულაღმა გადმოაბრუნებს, ხელებს დაუჭერს და თავის მეგობარს განკარგულებას მისცემს:

- მურკა, იშჩი!იპოვე!

მურაც ჩანჩურას პირდაპირ უბეში ეცემა, დაუწყებს კბენას, კაწვრას და, ცოტა ხნის შემდეგ, გამარჯვების ნიშნად ჩვარში გამოხვეულ ნადავლს ზევით მოარბეინებს. ყასბები გამარჯვებულსა და ამაყად მომავალ მურას სიცილ-ხარ-ხარით და ტაშით აჯილდოებენ, ხოლო დაღონებულსა და თვალცრემლიან ჩანჩურას აქეთ-იქიდან უყვირიან:

- ჰაი შე მართლაც და ჩანჩურავ, შენა!

- ი პატარა ძაღლმა როგორ გაჯობა, შე საწყალო, შენა?

ჩანჩურა მტვერსა და ცრემლებს იწმენდავს და მეორე დღემდის ხორცის თხოვნას ვეღარ ჰბედავს.

არტუშა ჩანჩურას დიდ ცხვირსაც ძალიან ემტერება, ხშირად მოღიმარე ჩანჩურას ცხვირში ხელს წაავლებს, დუქნიდან დუქნამდე დაჰყავს და წვრილი ხმით გაჰკივის:

- მოწყალება მიიღეთ!..ღმერთმა დიდხანს გაცხოვროს, გაგზარდოთ…ღმერთმა გადღეგრძელოთ, ღმერთმა ჩანჩურას ხნისა მოგყაროთ…მოწყალება მიიღეთ!საწყალ ჩანჩურას სამი დღეა არაფერი უჭამია.მოწყალება მიიღეთ!

- ღმერთი მოგცემს, ღმერთი!-უპასუხებენ ზოგიერთები.ზოგნი კი ისევ ფილტვის ნაჭრებს აძლევენ, მაგრამ რა ჰქნას საწყალმა ჩანჩურამ:საძაგელი მურა იქვე დარბის და არტუშაც ცოტა ხნითაც არ ჰშორდება.

ზოგჯერ კიდევ ჩანჩურას გრძელ კანაფს გამოაბავს ყელზე, ბაზარში დაჰყავს, ტაშს უკრავს და მღერის:

- ჰაი მაიმუნ, მაიმუნ!ოინ მაიმუნ!

ჩანჩურაც თამაშობს: ორივე ხელს მაგლა იშვერს და, და ერთ ადგილას ტრიალებს, პატარა ფეხებს აქეთ-იქით იქნევს და განუწყვეტლივ იღიმება. მურა კი ჩანცურას გარშემო უვლის, მხიარულად წკმუტუნებს, ყეფს, უკან ფეხებზე სდგება და „სლუჟს“ აკეთებს.

ყასბები ტროტუარზე დგანან, პატარა ბიჭები”ცირკს დასდევენ, ყველანი ხარხარებენ და ჰყვირიან:

- მალადეც, ჩანჩურ!მალადეც, მალადეც!

ჩანჩურას ესმის ქება და უფრო ცდილობს:ხტის, სწკმუტუნებს და თავი პაწაწა ხელ-ფეხს უფრო მეტის სიფიცხით იქნევს.

„ცირკი“ რომ გათავდება, გახარებული მურა წითელი ხორცის ნაჭრებს შეექცევა, დაღონებულ-დაგლილ ჩანჩურა კი იქვე სდგას, მურას შურით შესცქერის და ტუჩებს აცმაცუნებს.

IV

ჩანჩურას მტრების გარდა მეგობრებიცა ჰყავს.აი, მაგალითად, მეპურე სიმონა ჩანჩურას მეგობარი რომ არ ყოფილიყო, განა თავის თბილ სათონეში ყოველ ღამე დასაძინებელ ადგილს მისცემდა? განა დღეში რამდენჯერმე თბილ წყალს დაალევინებად და ქვასავით გამხამარ პურს აჭმევდა?

ჩანჩურას კარგად ახსოვს ის დრო, როცა სიმონა ერთი დაგლეჯილი ტომარა აიღო, თავისა და ხელების ამოსაყოფად ორივე კუთხე და შუა გული ამოუჭრა, შიგ ჩანჩურა ჩასვა და ახალი ტანისამოსი ბაზარში გაისტუმრა.

მართალია, ჩანჩურასაგან ნაშოვნი ხორცის უმეტეს წილს სიმონა სჭამს, მაგრამ სად ათიოდე ფილტვის ნაჭერი და სად ფიცრულსათონეში ღამის გათევება!

ამ ცოტა ხანს ბაზარში დიდი სასწაული მოხადა.ერთი კვირა იქნება, რაც არტუშა და მურა ჩანჩურას დაუმეგობრდნენ.არტუშას ყოველ საარმოს მურა და ჩანჩურა სადღაც მიჰყავს და უკან მხოლოდ ერთი ან ორი საათისშემდეგ ბრუნდებიან.მურა ყოველთვის წინ მიდის და პირით ხელსახოცში გამოკრულიფილტვი მიაქვს .უკან არტუშა და მოღიმარე ჩანჩურა მისდევს.

არტუშას არავინ ეკითხება, სად ან რად დაჰყავს თავისი მეგობრები.ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ახალ , , შტუკას” ჰნახავს და ამიტომ მოთმინებით უცდის არტუშას , , ცირკს”.

სამი დღეა რაც ჩანჩურა აღარც ხორცსა თხოულობს და აღარც სიმონას გამხმარ პურსა სჭამს.მხოლოდ ჩვეულებრივად ქუჩაში დახეტიალობს და საღამომდე ახალ მეგობრებს უცდის.

V

ზაფხულის ცხელი დღე იყო.

ყასბებმა ისადილეს, იქაურობა მოჰგავეს, ტროტუარები მორწყეს და მოსვენებას მიეცნენ.ზოგი დუქანში სთვლემს, ზოგი ისევ მუშტარს ელოდება, ზოგნი კი დუქნების წინ დამსხდარან და ცალი ყბით მოპირდაპირე ყასბებს ეკლაპარაკებიან.მთელ ბაზარში მოძრაობა შეწყდა.ყველა ისვენებს, იშხლართება და მაძღრად ამთქნარებს.

უცებ ქუჩის ბოლოს რაღაც ხმაურობა და სიცილი გაისმა.დუქნების წინ რამდენიმე ყასბის ბიჭმა გაირბინა.

- ცირკი!ცირკი!- დაიძახეს აქეთ- იქიდან და ეს ამბავი უმალვე მთელ ბაზარს მოედო.ხალხი ქუჩდება.

ცოტა ხნის შემდეგ ბებერი ყასბებიც დაიძრნენ.ქუჩის ბოლოს ხმაურობამ და სიცილმა იმატა.ყველა იქით გარბის, საცა უკვე ასიოდე კაცი შეგროვილა, შუაში ჩანჩურა, მურა და არტუშა ჩაუყენებიათ და იცინიან, ხარხარებენ, ჰყვირიან.

გაცხარებული არტუშა აქეთ- იქით დარბის, შამფურს იქნევს და გაჰკივის:

- განი! განი!განი!

როცა ხალხმა განი მისცა, არტუშამ ქუდი მოიხადა და ყველას ჩამოუარა.

- თითო შაური!თითო შაური!აბა, ჰა, მოწყალება მოიღეთ.თორემ ოთხი დღეა ჩანჩურა მშიერია.თიტო შაური ჩამოდით, თითო შაური!

აქეთ- იქიდან შაურიანები და ორ- კაპიკიანები ბლომად ცვიოდა არტუშას ქუდში.ჩასუქებული და სიცხისგან გაწითლებული ყასბები ტროტუარზე იდგნენ და, თუმცა ჯერ არავინ იცოდა ახალი, , შტუკა”, მაინც ყველანი წინდაწინვე იცინოდნენ და ყვიროდნენ:

- არტუშ, იმედი არ გამიცრუო, თორემ, ღმერთმანი, შენ მაგივრად ჩანცურას ვცემ, აი!

არტუშამ ჯიბიდან წითელი სისხლიანი ფილტვი ამოიღო, ორად გასჭრა, ქუდში ჩაიწყო და ტროტუარზე ჩამოჯდა.

სანამ არტუშა ფილტვსა სჭრიდა, მურა იმის წინ იდგა, ტუჩებს ილოკავდა, კუდს იქნევდა, მოუთმენლად ტოკავდა და წკმუტუნებდა.

ჩანჩურას ორივე ხელით პატარა და ღრმად ჩამძვრალი ეჭირა, ტოკავდა, ჰკანკალებად, იცინოდა და თავის წვრილსა და სრულიად მისუსტებულ ხმას

ათასნაირად უქცევდა.მისი სიცილის მაყურებლებიც თავს ვერ იმაგრებდნენ და გულიანად ხითხითებდნენ.

არტუშამ ფილტვის ერთი ნახევარი აიღო და დაიძახა :

- აბა, მურა, ყოჩაღად იყავი, თორემ თავდაყირა დაგკიდავ!

მურა ერთი ნახტომით ჩანჩურას ამოუდგა და უფრო უარესად დაიწყო ტოკვა, კუდის ქნევა, წკმუტუნი და კუდის ქნევა წკმუტუნი და ყეფა.

ჩანჩურამ დაიმკლავა, სიცილი შეწყვიდა, ერთი ფეხი წინ წასდგა და არტუშას ისევ ჩააცქერდა, თითქოს ცსადაცაა გადახტება და მოპირდაპირეს ერთი დარტყმით ძირს დასცემსო.

ხალხი მიხვდა , , შტუკას”, დაიძრა და ყვირილ – ხმაურით წამოვიდა.

- ჩანჩურ, მაგრა დადექ!მაგრა დადექ!

- ყოჩაღად იყავ, ყოჩაღად, შე დალეულო, შენა!

- ჩანჩურ არ შემარცხვინო თორმ ვაი შენი ბრალი!

ჩანჩურამაც, თითქო წაქეზება გაიგო, თავის მომხრეებს კბილები დაუკრიჭა, თვის დაქნევით გამარჯვების იმედი მისცა და ფეხი შეიცვალა.

- მურა, შე პატრონ ძაღლო, შენა! - პირდაპირ ცხვირში ეცი მაგ ჩანჩურას, მაგას!

- ისე სთეთქვე ეგ ჩანჩურას, რომ სულ თავბედი იწყევლოს!

მურამ გაიგო, რომ იმას ჩანჩურაზე მეტი მომხრე ჰყავდა და უფრო გაგულადდა.

- მურა ჩემი ფალავანია! – დაიძახა არტუშამ.

არტუშას ფალავანი ერთ ადგილზე შეხტა.

- ჩანჩურა ჩემი ფალავანია!

- მურა ჩემია!მურა ჩემია!

- ჩანჩურა ჩემია, ჩანჩურა! - ჰყვიროდა ხალხი და ყვლა სიცილით და ხელების ქნევით ამხნევებდა და აქეზებდა თავის ფალავანს.ზოგიერთებმა ნიძლავიც დასდეს.

- მურა!- დაიძახა არტუშამ და ის ხელი, რომელშიც ფილტვი ეჭირა, მაღლა ასწია.

მურა უკანა ფეხებზე ჩაცუჩქდა, არტუშას დააცქერდა და გაშეშდა.

ყვირილი და სიცილ- ხარხარი ერთი წამით შეწყდა.

არტუშამ ხელი აიქნია, ფილტვის ნაჭერი ჰაერში ააგდო და დაიყვირა: - მურა, შეხტა!

მურამ ისკუპა თვალის დახამხამებაზე ჩანჩურას მხარზე მოაჯდა, მერე იქიდანაც ნახევარი ადლის სიმაღლეზე შეხტა, მაგრამ უკანვე გადმოვარდა.

ფილტვი, ჩანჩურა და მურა ერთად დაეცნენ მიწაზე, იმავე წამს ბრბომ ჰაერში შეანძრია.

მურა და ჩანჩურა მტვერში გორაობენ, ფართხალებენ და გაცხარებით იბრძვიან.ფილტვის ნაჭერის ერთი ნახევარი მურას უჭირავს პირში, მეორე ნახევარი და თვითონ მუირა კი- ჩანჩურას, რომელსაც ერთი ხელი მურასთვის ყელში წაუჭერია და მის დახრჩობას ცდილობს , მეორე ხელით კი ფილტვს თავისკენ ეწევა. - არიქა, ჩანჩურ არიქა!

- დაახჩე, ჩანჩურ, დაახჩე, დაახჩე!

- ზეზე ადექი, შე ჩანჩურავ, შენა!

- ა- აპა- პა- პა!ადგომა არ შეიძლება, არ შეიძლება!

მურა, შე პატრონ ძაღლო, შენა!

არ გაუშვა, არ გაუშვა!

ყველანი ჰკივიან, წინ მიიწევენ, იგინებიან, ხელებს იქნევენ, ერთმანეთზე, იწევენ და ერთმანეთს იჭერენ.ერთ ბიჭს პირში ოთხი თითი ჩაუდია, `მტვერში ამოგორებულ ჩანჩურას და მურას გარშემო ურბენს, და რაც ძალი და ღონე აქვს, უსტვენს.

განი, განი, განი!- სჭყივის არტუშა თან ციბრუტივით ტრიალებს ბურთივით დახტის და ჩანჩურას მომხრეებს შამფურივით ფეხებში სცემს.

- ნუ იცემები თორემ სუ კბილებს ჩაგამტვრევ!

- ნელა შე ვირთაგვა, შენა!

- არტუშ, დაჰკა!არტუშ, დაჰკა!- აქეზებენ მურას მომხრენი და არტუშაც გაორკეცებული სისწრაფით დარბის, შამფურს ელვასავით იქნევს და ხრინწიანი ხმით ჰყვირის:

- უკან, უკან, უკან!აბა, განი, განი, განი!

მურა თანდათან სუსტდება.ყვირილმა იმატა.ყასბებს მეტის სიცილისაგან თვალები დაეხუჭათ, ჩვრებივით ჩამოვებული ლოყები აუწითლდათ, ძარღვები დაეჭიმათ და მთელი ტანი უფამფალებთ.მთელი ბაზარი ჰგრგვინავს და ზანზარებს.პატარა ბიჭი მებრძოლთ ისევ გარშემო ურბენს და უსტვენს.იქვე ჩანჩურას და მურას მომხრენი ჩხუბობენ.გამარჯვებამ თითქოს ჩანჩურასკენ გადაიწია.

- არ გაუშვა!არ გაუშვა!

- ჰა ა- აი შე სამგლევ, შენა!

- ჰარიქა, ჩანჩურ, ჰარიქა, ჰარიქა!

მურამ ფილტვის ნაჭერს პირი გაუშვა.ძაღლის მომხრეებმა კიჟინა დასცეს და წინ წაიწიეს.ჩანჩურამ მტვერში ამოსვრილ ხორცს ხელი დასტაცა და თავის პირისაკენ გააქანა.

მურა გაკაპასდა, გაცეცხლდა, გაწიწმატდა.ერთი ნახტომით ჩანჩურას ზედ თავპირზე დააჯდა და ხორცის მეორე ნახევარს ეცა.

- უ- უჰ , შენი ჭირიმე, შენი!

- ჩანჩურ, შეჭამე, შეჭამე, შე უბედურო, შენა!

- ცხვირში ეცი , ცხვირში, მაგ ჩანჩურას, მაგას!

მურამ თავის მომხრეთა ბრძანება გაიგო, ფილტვს პირი გაუშვა და ჩანჩურას ეცა.ჩანჩურას ფილტვი ისევ პირში ეჭირა და გორაობდა, ხან პირქვე ხან გულაღმა წვებოდა, ორივე ხელით თავპირს იფარებდა და მხიარულად წკმუტუნებდა.მურა გარშემო ურბენდა.კბილებს აწკაპუნებდა, წინა ფეხებით თავპირს აკაწრავდა და ჰყეფდა. მალე მურა და ჩანჩურა თავიანთ გორაობით და ფართხალით აყენებულ მტვერში გაეხვივნენ.ყასბებმა სიცილს ვეღარ გაუძლეს.

- ვაიმე დე - და!

- მოვკვდი..მიშველეთ!..

- ო- ო- ო, შე ეშმაკო შენა, შენა!

- ჩანჩურ, შენ გაგიწყრეს ჩემი გამჩენი, აჰა!

- განი, განი, განი!

- მურა, შენ გენაცვალე, შენა!

- ჩანჩურ, შე უბედურო, შენა!დაახჩე რაღა ეგ წუწკი, ეგა!

ყველანი აირივნენ, ატოკდნენ, შეჯგუფდნენ და მებრძოლთ ერთი ადლი ადგილიღა დაუტოვეს.

მტვერი გაიფანტა და ფალავნები ისევ გამოჩდნენ.ჩანჩურა გულაღმა იწვა, ორივე ხელი მურასთვის წაეჭირა, ფეხებს იქნევდა, ფართხალებდა ჰღმუოდა.მურა ჩანჩურას გულზე აჯდა და მისი დიდი ცხვირი კბილებით ეჭირა.ფილტვი იქვე მტვერში ეგდო.ხალხმა ყიჟინა დასცა და წინ წაიწია.

- აჯობა!აჯობა!გააშველეთ!- დაიყვირა უმეტესობამ და გასაშველებლად გაიწია.

- ჯერ არა!ჯერ არა!

- ვერ აჯობა, ვერა!- ყვიროდნენ ჩანჩურას მომხრენი, მაგრამ ვიღაცამ მურას ხელი დავლო, ჩანჩურას ცხვირს ძლივს ააგლიჯა, პირსისხლიანი ფალავანი ჰაერში აისროლა და მიაძახა:

- მურას გაუმარჯოს!ურა - ა- ა- ა!

- ურა- ა- ა- ა- ა! ურა- ა- ა- ა!- ჰგრგვინავდა ხალხი და შიშისაგან შეშლილ მურას ზევით ისროდა, ჰაერში იჭერდა და ისევ ისროდა.

გამარჯვებულნი ზევით წამოვიდნენ.წინ პატარა ბიჭები მორბოდნენ, ზოგნი კიდევ ძალზედ მოკუზულიყვნენ, პირში თითები ჩაედოთ, ხალხში თაგვებივით დაძვრებოდნენ და უსტვენდნენ.იმათ ერთი პატარა ბიჭი მისდევდა, რომელსაც ტალახში ამოსვრილი ფილტვი ნადავლივით თავზე დაედო და ნელი და ამაყი ნაბიჯით მიდიოდა.გამარჯვებული არტუშა წინ მიუძღოდა, ლოტბარივით შამფურს იქნევდა და ხრიწიანი ხმით მღეროდა:

- მოვდივართ, მოგვი- ი- ხარიან, მოგვყავს წითელი მურ- ააო- ო.

VI

ბოლოს დამარცხებული ჩანჩურაც წამოდგა, ყურიდან, შუბლიდან, ცხვირიდან და ხელებიდან სისხლი თქრიალით ჩამოსდიოდა.მტვრით და სისხლით შეთხუპნილი სახე უფრო დაღმიჭა.თვალებიდან ცრემლების მსგავსი რამ წამოედინა და ყელიდან ტირილის მსგავსი რამ ამოხდა.

ჩანჩურას ერთმა ხელი ჰკრა, თავში ჩაარტყა და ზიზღით მიაძახა:

-ჰაი, შე უბედურო, შენა!

- ერთი კიდევ, ერთი კიდევ ჩაარტყი ჩემ მაგივრადაც მაგ ჩანჩურას, მაგას! - მიაძახა მეორემ. თავბრუდახვეული ჩანჩურა ხუთიოდე ნაბიჯზე გადავარდა.

მერე ხელმეორედ წამოდგა, თვალებიდან და ტუჩებიდან სისხლისა და ცრემლის ტალახი მოიწმინდა და ყვირილ-ხარხარით და სიმღერით მიმავალი ხალხი რომ დაინახა, თავის სიცოცხლეში პირველად ამოიიხრა ადამიანურად. - ურა-ა! ურა-ა! - ისმოდა ქუჩის ბოლოში.

ურას ძახილი, არტუშას სიმღერა, ბიჭების სტვენა და გამარჯვების კიჟინა ჩანჩურას მომხრეებს შურსა და ჯავრს ჰგვრიდა. ჩანჩურა კი ცრემლებს იწმენდდა და მურასავით წკმუტუნებდა.

ქუჩის კუთხიდან უცებ პეტროვი გამოვარდა და იმოდენა ხალხი რრომ დაინახა, საჩქაროდ ისევ სახლს მიეფარა და ხანგრძლივი ძლიერი სტვენა ასტეხა. ცოტა ხნის შემდეგ ისეთივე სტვენა მეორე მხარეს განმეორდა. მერე მესამე და მეოთხე ადგილიდანაც პასუხი გასცეს. რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციელნი პეტროვის წინამძღოლობით ხალხისკენ მირბოდნენ. ხალხი ჯერ გაჩუმდა , მერე ალაპარაკდა და ისევ სიცილ-ხარხარით ასტეხა. Господа, расходись! расходись! - ჰყვიროდა შეშინებული პეტროვი, და როცა ერთ ადგილზე გაშეშებული ჩანჩურა დაინახა, მათრახის ქნევით და მუქარით პირდაპირ მისკენ წამოვიდა.

- Я те покажу, - Я-а те покажу, Это тынакуралесильб шут окаянный!

ჩანჩურა გასაქცევად მიბრუნდა, მაგრამ იმისკენ მომავალი პოლიციელი რომ დაინახა, ქუჩის მეორე მხარეს გადაირბინა, თავი დაჰღუნა და იქით გაიქცა, საცა ლაპარაკით და სიცილით ხალხი იშლებოდა.

პეტროვი ჩანჩურას გამოუდგა. ხალხმა რომ გამოქცეული “ფალავანი” დაინახა, კიჟინი დასცა და ხარხარით წინ გადაეღობა.

-ჰარიქა, მურა! ჰარიქა, მურა! -დაიძახა ვიღაცამ და ჩანჩურამ ერთხელ კიდევ იგრძნო მურას გამარჯვებული კბილები.

ჩანჩურამ თავი უფრო დაბლა დაჰღუნა, თავპირზე ხელები აიფარა და შიგ შუა ხალხში შევარდა, მაგრამ ყაზბების მუშტებმა მაშინვე გამოატრიალეს. ჩანჩურამ უკან გამობრუნება სცადა, მაგრამ იქვე რომ პეტროვი და მისი მათრახი დაინახა, უკანასკნელი ძალღონე მოიკრიბა, მუშტების შუაგულში შევარდა, წრე გაარღვია და, თავდახრილი, პატარა ქუჩაში შეგორდა, მაგრამ…

მაგრამ იმავე დროს მკერდში ისეთი ძლიერი ტკივილი იგრძნო რომ…

შემდეგ რა მოხდა – ვეღარაფერი გაიგო.

ხალხმა ერთხმად დაიგმინა. ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ყველანი იქით გაიქცნენ, საცა ორი დიდი ცხენის ქვეშ ჩანჩურა შავი კუნძივით გორაობდა.

ცხენები ჯერ შესდგნენ , შემდეგ ერთ ადგილზე ტოკვა დაიწყეს, მერე გაიწიეს და ფქვილით სავსე დროგი ჩანჩურაზე გადაატარეს.

ხალხი ერთ ადგილას შეკუმშდა და სდუმდა.მათ შუა ჩანჩურა მტვერსა და სისხლში ფართხალებდა, იგრიხებოდა ჰყმუოდა.

დამარცხებულ ჩანჩურას გვერდით გამარჯვებული მურა ჩაცუცქებულიყო და თავის მტერს გაოცებით დასცქეროდა.

შემდეგ ხალხიც ალაპარაკდა და აყაყანდა.

ცოტა ხნის შემდეგ პეტროვიც მოვიდა.

Господа, расходись! Ну, чтотут интересного? Ну расходись! - მშვიდობიანად ურჩევდა მშვიდობის მცველი და ხან ერთსა და ხან მეორეს სუსტად მათრახს ჰკრავდა. ერთმა პოლიციელმა მედროგე და იმისი ცხენები პოლიციაში წაიყვანა.პეტროვმა და მეორე პოლიციელმა ჩანჩურა ასწიეს, ეტლში ჩასდეს და სადღაც გაისტუმრეს.მიმავალ ეტლიდან ცოტა ხანს კიდევ მოისმოდა ჩანჩურას მისუსტებული წკმუტუნი, შემდეგ ყველაფერი მისწყდა.

ათი წუთის შემდეგ პეტროვი მშვიდობიანობის ნამდვილ დამრღვევს - მურას დასდევდა. ნამდვილი დამნაშავე პეტროვს გარშემო ურბენდა, ეთამაშებოდა, მხიარულად ჰხტოდა, ჰყეფდა და პეტროვის გასაბრაზებლად ზოგჯერ წინ უცუცქდებოდა, „სლუჟს“ უკეთებდა. პეტროვი დამნაშავეს ზანტად დასდევდა, მათრახს უქნევდა და ღიმილით ემუქრებოდა:

- Ну, поимаю же я тебя! Тогда берегись! И отдую же я tтебя! Вот отдую!

ხალხი ისევ გულიანად იცინოდა და თავის საყვარელ ფალავანს უფრო და უფრო აქეზებდა.

- ყოჩაღ, მურა!მალადეც, მურა!

- უკბინე, უკბინე, მურა! ცხვირში ეცი, ცხვირში!

მურაც დახტოდა, ყეფდა და ისევ „სლუჟს“ აკეთებდა.

VII

მეორე დღეს პეტროვი ბოქაულმა დაიბარა და უთხრა:

-გუშინ საავადმყოფოში ვიღაც ჩანჩურა მოკვდა. ამბობენ ვითომ ის კაცი შენს უბანში ცხოვრობად, ამიტომ შენი მოვალეობაა დღესვე გაიგო ჩანჩურას ნამდვილი გვარი, სახელი, ხელობა, სარწმუნოება, ტომი და… ცოლიანი იყო თუ უცოლო, ან… და რა რამე თუ არა, ისიც გაიგე, საიდანაც და როდის ჩამოვიდა ის ჩანჩურა ჩვენს ქალაქში და… არც მისი წლოვანება დაგავიწყდეს. ყველაფერი დაწვრილებით დაწერე და დღესვე მომიტანე, წადი. დაღონებული პეტროვი ბაზრისკენ მიდიოდა და ჰფიქრობდა:

- ახლა კი ნამდვილად გამაგდებენ, უეჭველად გამაგდებენ, თუ ამაღამვე ორი ქურდი ან ერთი „სიცილისტი“ არ დავიჭირე, დილაზე ნამდვილად გამაგდებენ, უეჭველად გამაგდებენ.

1903 წ.
წყარო: ჩანჩურა. ჯავახიშვილი მიხეილ: თხზულებანი 8 ტონად. ტ. 1.(მოთხრობები, მოგონებანი): თბ. „საბჭოთა საქართველო“ 1969: გვ. 37-49.

5.4 ქალთა მოძრაობის ისტორიიდან

▲ზევით დაბრუნება


მიხეილ ჯავახიშვილი
ქალთა მოძრაობის ისტორიიდან

მეცხრამეტე საუკუნეში ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოთა დემოკრატიზაციამ ცოტად თუ ბევრად ფრთა შეაკვეცა ხეპრულ ძალის ბატონობას და სამართლიანობის პრინციპს სახელმწიფოში უფრო მეტი ადგილი და მნიშვნელობა მისცა, ვიდრე მას ჰქონდა წინა საუკუნეებში. ამ დემოკრატიზაციამ დიდი ცვლილება და გაუმჯობესება შეიტანა დედაკაცის მდგომარეობაშიაც. ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებამ ალაგ-ალაგ უტოპისტების მოლოდინსაც კი გადააჭარბა და ზოგიერთ სახელმწიფოში (ამერიკის ზოგიერთ შტატებში, ავსტრალიის ფედერაციაში) ქალებსაც ისეთივე პოლიტიკური უფლებანი მიანიჭა, როგორც მამაკაცებს.

დედაკაცის მდგომარეობის ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, ნათლად დავინახავთ, რომ დღემდის მიზეზი დედაკაცის დაბეჩავებისა იყო უფლება ძლიერისა. ძლიერის უფლება არც დღეს მოსპობილა და არც ამ ახლო მომავალში მოისპობა. მაგრამ ის კი ცხადია, რომ თანდათან სამართლიანობა ამარცხებს ძალის უფლებას და, იმედია, ერთ დროს სრულიად მოსპობს მას.

პირველი სერიოზული აგიტაცია ქალთა სასარგებლოდ ეკუთვნის დიდებულ საფრანგეთის რევოლუციას. ამერიკის განმათავისუფლებელ მოძრაობის მაგალითით აღფრთოვანებულმა საფრანგეთის ქალმა კარგად ისარგებლა რევოლუციის დროს საერთო გატაცებით და ხმამაღლა მოითხოვა თავისი ადამიანური უფლებანი. დედაკაცებიც აჰყვნენ მამაკაცების მაგალითს და შეადგინეს საკუთარი ''დეკლარაცია დედაკაცის უფლებათა'', დაარსეს საკუთარი კლუბი და ენერგიულად შეუდგნენ აგიტაციას. ქალთა მოძრაობას მხარს უჭერდა იმ დროის შესანიშნავი ფილოსოფოსი კონდორსე, რომელიც მის შესახებ სწერდა: ''რომელ პრინციპისა და რომელ უფლების ძალით სჩაგრავენ დედაკაცს რესპუბლიკურ სახელმწიფოში? საერო წარმომადგენლობა ნიშნავს მთელი ერის წარმომადგენლობას. მაგრამ განა დედაკაცი ერის ნაწილი არ არის? ლაპარაკობენ, ვითომ დედაკაცებისა და მამაკაცების პოლიტიკური გათანასწორება დედაკაცს ოჯახს მოაშორებსო. შორიდან ეს საბუთი თითქო მართალია, მაგრამ ნამდვილად იგი ერთ გროშადაც არა ღირს. ეს საბუთი სრულიად არ შეეხება იმ ქალთა აუარებელ ჯარს, რომელიც არც გათხოვილნი არიან და არც საკუთარი ოჯახი აქვთ. მაგრამ თუ ზემოხსენებულ საბუთს სამართლიანად აღვიარებთ, მაშინ ამავე საბუთის ძალით ქალებს უნდა ავუკრძალოთ მოსამსახურეობა და ვაჭრობა-მუშაობა, რადგან ვაჭრობაც და ქარხნებში მუშაობაც, ქალს საკუთარ ოჯახს აშორებს!''

ნაპოლეონის დროს ქალთა მოძრაობა მიყუჩდა, ხოლო რესტავრაციამ იგი თითქმის სულ მოსპო. წარსულ საუკუნის შუა წლებში, ეგრედ წოდებულ ქალთა ემანსიპაციის ხანაში, ლიტერატურაში ხელახლად აღიძრა ქალთა მოძრაობაზე ლაპარაკი. მწერალი ქალი ჟორჟ ზანდი, ლაბულე და ლეგუვე მძლავრი დამცველები იყვნენ დედაკაცის უფლებისა. მაგრამ მეორე რესპუბლიკის დროს, ნაპოლეონ III-ის გავლენით, ისევ მიყუჩდა აგიტაცია ქალთა სასარგებლოდ. მეორე იმპერიის დროს ქალთა მოძრაობა მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ დაარსდა რამდენიმე საქალებო ''კურსები'' (ეხლანდელი გიმნაზიები), რომელთაც შესამჩნევი სარგებლობა მოუტანეს საფრანგეთის ქალებს, რომელნიც იმ დრომდის მხოლოდ იეზუიტურ მონასტრებში იღებდნენ განათლებას.

ინგლისს პირველობა ეკუთვნის ქალთა მოძრაობის ისტორიაში. ჯერ კიდევ მე-XVII საუკუნეში ''რობინზონ კრუზოს'' ავტორმა დანიელ დეფოიემ გამოსცა შესანიშნავი პამფლეტი ქალების უფლებათა დასაცავად, რომელმაც დიდი აყალ-მაყალი და მითქმა-მოთქმა ასტეხა მთელ ინგლისში. მას აქეთ მოძრაობა ხან სუსტდებოდა და ხან ძლიერდებოდა, მაგრამ გარკვეული კალაპოტი მიიღო მხოლოდ წარსულ საუკუნის მეოცე წლებში, როდესაც, ხანგრძლივ რეაქციის შემდეგ, ლიბერალიზმმა გაიმარჯვა და ქალთა საკითხიც ხელმეორედ გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. მესამოცე წლებში ქალთა მოძრაობა გამარჯვების გზას დაადგა; გამოვიდა სპეციალური ჟურნალი, რომელიც დღესაც გამოდის, და დაარსდა კერძო საქალებო სასწავლებლები. მე-70 წლებში დაარსდა უმაღლესი საქალებო სასწავლებელი, განსაკუთრებული საზოგადოებანი, რომელთაც სქესთა პოლიტიკურ თანასწორობის მოპოვება ჰქონდათ მიზნად, და საზოგადოებრივი აზრი შესამჩნევად გადიხარა ქალებისაკენ. ქალთა მოძრაობას დიდი სარგებლობა მოუტანა განთქმულმა ფილოსოფოსმა და ეკონომისტმა ჯონ სტიუარტ მილლმა, რომელიც ლონდონის საქალებო საზოგადოების თავმჯდომარედ ითვლებოდა. მეოთხმოცე წლებში ქალთა მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა. გათხოვილ ქალების უფლებები გაფართოვდა, საზოგადოებრივ და ადგილობრივ დაწესებულებებში დედაკაცმაც შესდგა ფეხი.

ამერიკაში ქალთა მოძრაობამ პირველად თავი იჩინა განმათავისუფლებელ მოძრაობის დროს. ამერიკის განთქმულ რევოლუციაში დედაკაცს დიდი წილი უდევს. რევოლუციის გათავების შემდეგ, როდესაც დაიწყო ხანა აღორძინებისა და სახელმწიფოს მოწყობისა, ქალები არ დაივიწყა მხოლოდ ნიუ-ჯერსის შტატმა, რომელმაც საერთო წარმომადგენელთა არჩევაში დედაკაცსაც ისეთივე უფლებები მიანიჭა, როგორიც მამაკაცს ჰქონდა. სხვა შტატები ასე შორს არ წავიდნენ და ცოტაოდენ რეფორმებით ჩააჩუმეს ამერიკელი ქალები. მხოლოდ ეს იყო დროებითი ჩაჩუმება, ვინაიდან ქალთა მოძრაობა ამერიკაში შემდეგაც არ დამცხრალა. გამუდმებულ ბრძოლით ამერიკელმა ქალმა XIX საუკუნეში ისეთი უფლებები მოიპოვა და იმდენად გაიუმჯობესა თავისი მდგომარეობა, რომ ევროპიელი ქალი გაცილებით შორს ჩამორჩა მას და დღესაც ვერ დასწევია თავის ამხანაგს.

სამწუხაროდ, ადგილი ნებას არ გვაძლევს დაწვრილებით განვიხილოთ დედაკაცის მოქალაქეობრივი უფლებანი, რომელნიც შესამჩნევად განსხვავდებიან ერთმანეთისგან სხვა და სხვა სახელმწიფოებში. მარტო გერმანიის კანონმდებლობამ შეიმუშავა ასამდე მაგალითი ქონებრივ ურთიერთობისა მეუღლეთა შორის. საზოგადოდ შეიძლება ითქვას, რომ წარსულ საუკუნის მეორე ნახევრის დამდეგამდის დედაკაცი გათხოვების შემდეგ ჰკარგავდა ყოველგვარ უფლებას. იმ დროს ინგლისში ქმარი და ცოლი იურიდიულ ერთეულს წარმოადგენდენ. ქმარს ნება არ ჰქონდა ცოლისთვის ეჩუქებინა რამე, ან რაიმე ხელშეკრულება დაედო მასთან, რადგან თავის თავთან ხელშეკრულების დადება არ შეიძლებაო. თუ ქალი გათხოვებამდის ვალს დაიდებდა, გათხოვების შემდეგ ეს ვალი ქმარს უნდა გაესტუმრებინა. ერთის სიტყვით ცოლის პირპვნება იურიდიულად გაუქმებული იყო ქმრის უფლებებით. შემდეგში, 1870 და 1882 წლების კანონებით, დედაკაცის მდგომარეობა ინგლისში არსებითად შეიცვალა. ის კანონები, რომელნიც დედაკაცის უფლლებს ზღუდავდენ, თანდათან გააუქმეს და ქმარიანი დედაკაცი ქმრის მზრუნველობისგან გაანთავისუფლეს. საგულისხმო ის არის, რომ დედაკაცი არა თუ გაანთავისუფლეს, - ქმართან შედარებით, უპირატესობის მქონეც გახადეს. მაგალითად: თუ გასათხოვარმა ქალმა ვალი დაიდო, გათხოვების შემდეგ მისი ქმარი მოვალეა ეს ვალი გაისტუმროს. ამავე დროს თუ ქმარს ვალი დაედო, მევალე იმის ცოლის ქონებას ხელს ვერ ახლებს, თუნდაც დამტკიცდეს, რომ ვალი ოჯახის საჭიროებისთვის იყო აღებული, მაშასადამე, ცოლიც სარგებლობდა ნასესხით.

ასევე შესამჩნევი ცვლილებები მოხდა ამერიკისა, ავრსტრალიისა, კანადისა, შვეიცარიისა და იტალიის დედაკაცთა მდგომარეობაში. უკანასკნელ 50 წლის განმავლობაში ყველგან დიდი ნაბიჯი წარსდგა წინ დედაკაცმა და შესამჩნევად გააუმჯობესა თავის სასარგებლოდ კანონები შესახებ ქონებრივ ურთიერთობისა მეუღლეთა შორის.

აგიტაცია დედაკაცის პილიტიკურ უფლებების შესახებ ყველაზე ადრე ისევ ინგლისში დაიწყო. 1867 წელს ინგლისის პარლამენტმა განიხილა ჯონ სტიუარტ მილლის მიერ შეტანილი წინადადება ქალთა პოლიტიკურ უფლებების შესახებ და 196 ხმის უმეტესობით წინადმდეგ 73 ხმისა უარჰყო იგი. 1892 წელს პარლამენტმა ხელმეორედ განიხილა ეს საკითხი და ისევ უარჰყო ქალთა უფლების გაფართოვება, მაგრამ ქალთა მომხრე აღმოჩნდა 179 კაცი, წინააღმდეგი კი მხოლოდ 202. 1897 წელს პარლამენტი მესამედ დაუბრუნდა ამ საკითხს. კანონპროექტის ხელმეორედ გადასინჯვის დროს უმეტესობამ 71 ხმით მიიღო ბილლი, მაგრამ სხვა და სხვა მიზეზების გამო, კანონპროექტის მესამედ წაკითხვა არ მოხდა და ბილლი კანონად ვერ გადაიქცა. ინგლისელი ქალი დღესაც მონაწილეობას არ იღებს საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ სხვა გვარად სასოფლო, სამოქალაქო და საგრაფოების არჩევნებში იგი მამაკაცთან გათანასწორებულია. მას მინიჭებული აქვს აქტივური და პასივური საარჩევნო უფლება, ე. ი. შეუძლიან აირჩიოს და არჩეულ იქმნას. ეჭვს გარეშეა, რომ დღეს თუ ხვალ ინგლისელი ქალი პოლიტიკურად ყოველ მხრივ გაუთანასწორდება მამაკაცს და პარლამენტში ისეთსავე ძალას მოიპოვებს, როგორიც დღემდის მამაკაცებს ეკუთვნოდა.

ამ მხრით ინგლისს არც ნორვეგია ჩამორჩება. ნორვეგიელ ქალს შეუძლიან მონაწილეობა მიიღოს მრავალ სამოქალაქო და საზოგადოებრივ დაწესებულების არჩევნებში. პარლამენტმა რამდენჯერმე განიხილა საკითხი შესახებ იმისა, რომ დედაკაცსაც მიეცეს უფლება პარლამენტის (სტორტინგის) არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და ხმის უმეტესობით დაადგინა დედაკაცის და მამაკაცის პოლილიკურ უფლებების გათანასწორება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კანონად ვერ გადაიქცა, რადგან ნორვეგიის კონსტიტუციით ასეთ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა პარლამენტის 2/3-ის თანხმობა.

ამ საქმეში საფრანგეთი და გერმანია ძალიან ჩამორჩენ ინგლისსა და ნორვეგიას. გერმანიაში კანონით დედაკაცს პოლიტიკურ კრებებსა და მიტინგებზე დასწრებაც კი აკრძალული აქვს.

ქალთა უფლებების გაფართოვების მხრივ ყველა ქვეყნებს წინ გაუსწრო ავსტრალიის ფედერაციამ. 1893 წელს ავსტრალიის ქალებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა პარლამენტის წევრთა არჩევნებში და პირველადვე აჯობეს მამაკაცებს: არჩევნებს დაესწრო ქალების 90%, ხოლო მამაკაცებისა 70%. საგულისხმო ის არის, რომ ქალების მონაწილეობამ არჩევნებში არაფრით არ შესცვალა ავსტრალიის პოლიტიკური ცხოვრება და ოთხჯერ მომხდარი არჩევნები (1893, 1896, 1899, 1902 წ.) იმავე ლიბერალურ მთავრობის სასარგებლოდ გათავდა, რომელმაც პოლიტიკური თანასწორობა მიანიჭა ავსტრალიის ქალებს. 1900 წელს, როდესაც ავსტრალიის კოლონიებმა ფედერაცია შეადგინეს, ქალებს, საფედერაციო დეპუტატების გარდა, საფედერაციო სენატის წევრთა არჩევის უფლებაც მიეცათ. ასე გადაწყვიტა საკითხი ქალთა პოლიტიკურ უფლებების შესახებ თანამედროვე სახელმწიფოთა შორის ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ავსტრალიამ.

1906 წ.
წყარო: ჯავახიშვილი მიხეილ: ქალთა მოძრაობის ისტორიიდან: გაზ. „ივერია! 1906 №9. გვ. 14-15

5.5 დამოუკიდებელი სასამართლო

▲ზევით დაბრუნება


მიხეილ ჯავახიშვილი
დამოუკიდებელი სასამართლო

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო არსებობს, ყოველ მთავრობას სამნაირი დანიშნულება აქვს: საკანონმდებლო, სამმართველო და სამოსამართლო. სადაც არ არის კანონმდებლობა, მმართველობა და სასამართლო, იქ არც სახელმწიფოა. როგორც უნდა იყოს წარმომდგარი სახელმწიფო: დაპყრობით, უზურპაციით თუ კავშირით, სულ ერთია, იქ უეჭველად უნდა იყოს სამივე დარგი მთავრობისა. შეიძლება მათ შორის გაბატონდეს ერთი რომელიმე დარგი, რომელმაც, შეიძლება, დაიმორჩილოს მეორე მხარე, ან თავის უფლებას გადააჭარბოს, შეიძლება სამივე დარგის დანიშნულება ერთმა დაწესებულებამ მიითვისოს, მაგრამ ყოველთვის სჩანს მთავრობის ამა თუ იმ მოქმედებაში ან კანონმდებლობა, ან მმართველობა, ან მოსამართლეობა. ჯერ კიდევ არისტოტელმა შენიშნა ეს მოვლენა, მაგრამ იმაზე კი არაფერი სთქვა, თუ რა დამოკიდებულება უნდა იყოს მათ შორის. ეს საკითხი დაწვრილებით გამოიკვლიეს მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში საფრანგეთის მოაზრეებმა და მეცნიერებმა, რომელნიც გულდასმით შეუდგენ იმის ძიებას, თუ როგორ უნდა მოეწყოს სახელმწიფო, რაგვარი ურთიერთობა უნდა დამყარდეს მთავრობის სამნაირ დარგთა შორის, რომ შეიძლებოდეს უზრუნველყოფა მოქალაქეთა თავისუფლებისა და მმართველ წრეების ალაგმვა.

დიდებულ რევოლუციამდის საფრანგეთში მთავრობის ბოროტმოქმედებამ, თვითნებობამ და ძალმომრეობამ უმაღლეს წერტილამდე მიაღწია და აზრი მთავრობის ალაგმვისაც პირველად იქ დაიბადა. ეს საკითხი საუცხოვოდ და დაწვრილებით შეიმუშავა მონტესკიემ თავის განთქმულ თხზულებაში "კანონების სული". მონტესკიე ბრწყინვალედ ამტკიცებს, რომ როცა ერთი და იგივე დაწესებულება ორნაირ დანიშნულებას ასრულებს, როცა იგი კანონმდებელიც არის და მისი აღმასრულებელიც, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეთა თავისუფლება შეუძლებელია. თავისუფლება შეუძლებელია აგრეთვე იქ, სადაც სასამართლო გამოყოფილი არ არის საკანონმდებლო და აღმასრულებელ მთავრობისგან. თუ მოსამართლეც და კანონმდებელიც ერთი და იგივე პირია, მოქალაქეთა თავისუფლებას საფრთხე მოელის, რადგან მოსამართლეს ყოველთვის შეუძლიან ამა თუ იმ შემთხვევაში კანონი შესცვალოს და ისეთი კანონი გამოსცეს, როგორიც საჭიროა მისთვის. სასამართლო და აღმასრულებელი დაწესებულებანი რომ ერთად აურიოთ, ყოველ მოსამართლეს შეუძლიან ტირანად გადაიქცეს, - მმართველობის დროს ის ყოველ ნაბიჯზე დაარღვევს კანონს და სასამართლოში თავის თავს თვითონ გაასამართლებს.

მონტესკიეს იდეა სავსებით შეითვისა საფრანგეთის რევოლუციის დროის მოწინავე თაობამ და 1791 წელს, როცა გამოცხადებულ იქმნა მოქალაქისა და ადამიანის უფლებები, ეროვნულმა კრებამ დაადგინა, რომ ის "საზოგადოება კონსტიტუციური არ არის, სადაც უზრუნველყოფილი არაა უფლებები და დანაწილებული არ არის მთავრობა", ესე იგი ასეთ საზოგადოებას არა აქვს თავისუფალი დაწესებულებანი.

იდეა სასამართლოს დამოუკიდებლობის თანდათან ფეხს იკიდებდა და ეხლა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, თავისუფლება არ არსებობს. სასამართლოს დამოუკიდებლობა დამყარებულია იმ პრინციპზე,

რომ ყველა სადავო საქმე შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივ სასამართლოს. მთავრობის არც ერთ სხვა დარგს არ შეუძლიან სასამართლოს საქმეში ჩაერიოს. არ შეიძლება დაარსება ისეთ განსაკუთრებულ სასამართლოეების, რომელნიც ჩვეულებრივ სასამართლოს ექიშპებიან, არც ერთ მოქალაქეს არ უნდა წაერთვას უფლება მიმართოს ჩვეულებრივ სასამართლოს იმ შემთხვევაში, როცა მისი უფლება დარღვეული და შელახულია. ყოველნაირ დავას არჩევს ჩვეულებრივი სასამართლო და ყველა მოქალაქენი თანასწორნი არიან მის წინაშე. - ეს არის საფუძველი დამოუკიდებელ სასამართლოში ყოველ განათლებულ და თავისუფალქვეყანაში.

სასამართლოს მთავარი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ იგი - ტოკვილისა არ იყოს - შუამავალია მოდავეთა შორის. იგი შუამავალია აგრეთვე მთავრობისა და ხალხის შორის, იგი არკვევს და ანიჭებს უფლებას ამა თუ იმ მხარეს, როცა უფლება სადავო ხდება, იცავს ამ უფლებებს, როცა იგი ვისიმე მხრით დარღვეულია და არ დასდევს იმას, თუ ვინ დაარღვია უფლება, - მთავრობამ თუ ხალხმა.

სასამართლო, მოქალაქეთა კერძო უფლებების გარდა, იცავს საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლებას და ამ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენელი სასამართლოსგან თხოულობს უფლების დამრღვევის დასჯას და დარღვეულ უფლების აღდგენას. მაგრამ ხშირად თვითონ მთავრობაც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს, არღვევს მის თავისუფლებისა და პიროვნების ხელუხლებლობის უფლებას და სხვა ამ შემთხვევაში მოქალაქეს ნება უნდა ჰქონდეს სასამართლოს მიმართოს და სთხოვოს მისი უფლების აღდგენა და მთავრობის წარმომადგენელის დასჯა.

იქ, სადაც ზემოხსენებული სამი დარგი სასამართლოსი ჩაბარებული აქვს ჩვეულებრივ სასამართლოს, იგი დამოუკიდებელ სასამართლოდ უნდა ჩაითვალოს. ასეთ ქვეყანაში სასამართლო დამცველია კანონიერებისა და მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებისა. ასეთი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს ინგლისსა და ამერიკაში. ეს უფლება ხალხმა მედგარ ბრძოლის შემდეგ მოუპოვა სასამართლოს. ფეოდალურ წესწყობილების დროს მოსამართლის დანიშნულებას თვითონ მეფეები ასრულებდენ. შემდეგ ეს უფლება გადასცეს თავის მოხელეებს, რომელნიც მეფის სახელით ასამართლებდენ ხალხს. აქედან წარმოსდგა მეფის უფლება შესახებ განსაკუთრებულ სასამართლოების დანიშვნისა. სწორედ აქედანვე იწყება აუარებელი ბოროტმოქმედება სასამართლოს მხრივ. XVII საუკუნეში ინგლისში გაძლიერდა საიდუმლო სასამართლო, რომელიც თავზარს სცემდა ხალხს. ასეთ სასამართლოს ხალხმა იმით დაუწყო ბრძოლა, რომ იგი უარჰყოფდა მეფის მხრით გასამართლების უფლებას და თხოულობდა მუდმივ და ჩვეულებრივ სასამართლოს.

ერთხელ მეფემ იაკობ I-მა მოინდომა სასამართლოს საქმეში ჩარევა. მოსამართლე კუკმა ასეთი პასუხი გასცა მის წარმომადგენელს: "პირადათ მეფეს არ შეუძლიან არც სისხლისა და არც სამოქალაქო საქმის გარჩევა, რადგან ყოველი სადავო საქმე უნდა გაარჩიოს მოსამართლემ თანახმად ინგლისის კანონებისა და ჩვეულებისა. მეფეს უფლება აქვს დაესწროს მხოლოდ უმაღლეს სასამართლოს კრებას, მაგრამ საქმეს მაინც ის კი არ გაარჩევს, არამედ სასამართლო". რევოლუციის შემდეგ ინგლისის პარლამენტმა დაადგინა, რომ არც მეფესა და არც მის საბჭოს

არავისი გასამართლება არ შეუძლიანთ და ეს უფლება ეკუთვნის მხოლოდ ჩვეულებრივ სასამართლოს.

საფრანგეთის კონსტიტუციამ 1791 წელს უფრო ნათლად აღნიშნა სასამართლოს მოვალეობა. მაშინდელ კონსტიტუციაში ნათქვამი იყო, რომ ვისიმე გასამართლება არ შეუძლიან არც კანონმდებელ დაწესებულებას და არც მეფეს. მოქალაქეთა გასამართლების უფლება აქვს მხოლოდ კანონით დაწესებულ სასამართლოს და არც ერთი მოსამართლე არ უნდა დაემორჩილოს რომელიმე სხვა განსაკუთრებულ სასამართლოსაო.

ევროპის კონტინენტზე სასამართლოს ერთი მხრით არა აქვს ისეთი ფართო უფლება, როგორც აქვს ინგლისისა და ამერიკის სასამართლოს. ევროპაში სასამართლოს უფლება არა აქვს მთავრობის აგენტებიც ისეთივე წესით გაასამართლოს, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს ასამართლებს. ზოგ სახელმწიფოში მოხელეთა გასამართლებისათვის განსაკუთრებული დაწესებულება არსებობს, ზოგში კი მოხელის გასამართლებისთვის საჭიროა მთავრობის ნებართვა, ურომლისოდ სასამართლოს უფლება არა აქვს მოხელე გაასამართლოს. ჯერ კიდევ რევოლუციის დროს საფრანგეთში ისეთი წესი შემოიღეს, რომ სასამართლოს არ შეეძლო სახელმწიფო საბჭოს ნებადაურთველად მოხელის გასამართლება ისეთი მოქმედებისათვის, რომელიც იმის სამსახურს შეეხებოდა. ეს წესი საფრანგეთში დღესაც არსებობს. სხვათა შორის აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს წევრებს ნიშნავს და ითხოვს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ინგლისში მთავრობის უმაღლეს მოხელეთა წინააღმდეგ სამოქალაქო დავის აღძვრა კანონით შეიძლება მხოლოდ მეფის ნებართვით, ფაქტიურად კი ასეთ ნებართვას მეფე ყოველთვის იძლევა. ხოლო სხვა მოხელეთა წინააღმდეგ დავის აღძვრა ყველას შეუძლიან უნებართვოდ. ყველა მოხელე ერთნაირად აგებს პასუხს იმ დანაშაულობის გამო, რომელიც მან ჩაიდინა კერძო ცხოვრებაშიაც და სამსახურშიაც. ორივე შემთხვევაში პირადად ის არის პასუხიმგებელი და არ შეუძლიან თავი იმით იმართლოს, ვითომ მე მხოლოდ ჩემი უფროსის ბრძანება შევასრულეო. თუ სალდათმა აფიცრის ბრძანებით მოკლა კაცი, მას არ შეუძლიან თავის გამართლება ბრძანების ასრულებით: ის პირადად აგებს პასუხს და ვერავითარი ბრძანება ვერ იხსნის მას. თუ პოლიციელმა უფროსის ბრძანება შეასრულა და უკანონოდ დააპატიმრა ვინმე, ის პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე პიროვნების ხელუხლებლობის კანონის დარღვევისთვის. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ინგლისის სასამართლო მტკიცედ იცავს. ინგლისში იშვიათია სამსახურის დროს ბოროტმოქმედების ჩადენის მაგალითი, რადგან ყველა მოხელემ კარგად იცის, რომ ის სასტიკად დაისჯება დანაშაულობისთვის და ამიტომ ერიდება კანონის დარღვევას, მაგრამ ინგლისის სასამართლოს ყოველ წლობით უხდება მაინც ისეთ საქმეების გარჩევა, რომელიც შეეხებიან პოლიციისა და ადმინისტრაციის მხრით კანონის დარღვევას, და დამნაშავეს სასტიკად სჯის.

ამას წინად მანჩესტერში ნაფიც ვექილთა სასამართლომ გაარჩია საქმე პირველ მინისტრის სოლსბიურისა, რომელსაც დეპუტატი ბრიენი დიფამაციას უჩიოდა. ცოტა ხნის შემდეგ ჟურნალისტმა სიმსმა საჩივარი აღძრა დედოფლის ძმისწულისა და ბრიტანიის ჯარების მთავარსარდლის, კემბრიჯის ჰერცოგის წინააღმდეგ, რომელმაც უცაბედად ხელი ჰკრა სიმსს.

მოსამართლემ უარი უთხრა სიმსს, საკმარისი საბუთი არა გაქვსო, მაგრამ უმაღლესმა

სასამართლომ საჩივარი მიიღო და მისმა თავმჯდომარემ ასე დაასაბუთა სასამართლოს გადაწყვეტილება: "საჭიროა ინგლისელებმა იცოდენ, რომ კანონის წინაშე დედოფლის ყველა ქვეშევრდომნი, რაც უნდა მაღლა იდგენ ისინი წოდებითა და ხარისხით, თანასწორნი არიანო". თუ ადმინისტრაცია რაიმე უსამართლობას ჩადის, სასამართლო აფრთხილებს მას, და თუ ამან არ გასჭრა, კანონის დამრღვევს სასამართლო ბრალსა სდებს იმაში, რომ ის არ დაემორჩილოს დადგენილებას, და აპატიმრებს.

ერთხელ ინგლისის მატროსი, ვინმე ფლოიტი სამსახურიდან გაიქცა, პოლიციამ მის მაგივრად შეცდომით ვინმე ტომსონი დააპატიმრა და გაგზავნა ერთ სამხედრო გემზე, რომლის უფროსმა მის პროტესტს ყურადღება არ მიაქცია და დააპატიმრა. სასამართლომ მაშინვე ბრძანება გაუგზავნა გემის უფროსს, პატიმარი წარმოადგინეთ და მისი დაპატიმრების ბრძანების ქაღალდიც მოიტანეთო. გემის უფროსმა ტომსონი სასამართლოში გაგზავნა, თვითონ კი არ მივიდა. სასამართლომ მოითხოვა დაპატიმრების ბრძანება, საადმირალოს წარმომადგენელს კი მხოლოდ მისი პირი ჰქონდა. ამის გამო მოსამართლეთა და მას შორის ასეთი დიალოგი მოხდა: მოსამართლე - ჩვენ გვსურს ტომსონის დაპატიმრების ბრძანება მივიღოთ.

მეორე მოსამართლე: თქვენ არ ემორჩილებით ბრძანებას. თქვენ დოკუმენტი პასუხთან ერთად უნდა მოგეტანათ. თქვენ ამბობთ, არა მაქვსო და არც პასუხს იძლევით. რატომ? თქვენ შეურაცხყოფთ სასამართლოს. ადმინისტრაციის წარმომადგ. ბრძანება თან არა მაქვს. მოსამართლე: ამ შემთხვევაში სასამართლოში არ უნდა მოსულიყავით და ასეთი სისულელე არ გეთქვათ. ჩვენ ეხლავე დავაპატიმრებთ გემის კაპიტანს. არ შეიძლება ინგლისის კანონების არ ცოდნით იმართლოთ თავი და ასე მასხარად აიგდოთ მოქალაქობრივი თავისუფლება.

მეორე დღეს გემის კაპიტანი, ჰერცოგი ველიგტონი დააპატიმრეს და, როცა სასამართლოში გაგზავნეს, მოსამართლემ უთხრა: "თქვენი წარმომადგენელი იმით გამართლებდათ, რომ თქვენ თქვენი უფროსის ბრძანებით მოქმედებდით. ეგ საბუთი არ არის თქვენ დიდად შეურაცხყავით სასამართლო. ჩვენ შეგვეძლო თქვენი დაპატიმრება, მაგრამ ჯერ 12 000 მანეთით გაჯარიმებთ".

ინგლისის სასამართლოს უფლება აქვს სატუსაღოში ჩასვას ის კაცი, რომელიც შეურაცხყოფს სასამართლოს. კანონში ნათქვამი არ არის დაპატიმრების ვადა, ასე რომ სასამართლოს შეუძლიან თავის შეურაცხმყოფელს უვადო დაპატიმრება გადაუწყვიტოს. ეს სასჯელი იმით არის საშინელი დასჯილთათვის, რომ მეფესაც კი არ შეუძლია მას სასჯელი აპატიოს.

მაგრამ სასამართლო ისე დამოუკიდებელი და დემოკრატიულად მოწყობილი არსად არ არის, როგორც ამერიკაში. იქ სასამართლო ორ ნაწილად იყოფება: შტატებისა და საერო, ფედერატიული, რომელიც ისეთ საქმეებს არჩევს, რომელნიც შეეხებიან ფედერატიულკანონების დარღვევას. ორივე სასამართლოს უფლება აქვს მთავრობის მოხელეთა საქმეები გაარჩიოს და ვისიმე დაუკითხავად დასაჯოს. ყველა მოქალაქეს შეუძლიან ყველა დიდ და პატარა მოხელეს ბრალი დასდოს და სამართალში მისცეს. ამერიკის სასამართლო იმით განსხვავდება სხვა ქვეყნების სასამართლოებისაგან, რომ მას უფლება აქვს იხელმძღვანელოს უფრო კონსტიტუციით, ძირითად კანონებით, ვიდრე უბრალო საკანონმდებლო დაწესებულების მიერ გამოცემულ კანონებით, რომელნიც, შეიძლება, კონსტიტუციას არ

ეთანხმებოდენ. ეს უფლება ამერიკის სასამართლოს გარდა არც ერთ სხვა სასამართლოს არა აქვს. დიდი უფლება აქვს მინიჭებული კავშირის სასამართლოს, რომელიც ხშირად შტატების დავასაც არჩევს ხოლმე. "როგორღაც მეხამუშა, - ამბობს ერთი ფრანგი, რომელიც დაესწრო ამ სასამართლოში საქმის გარჩევას, - როცა სასამართლოს ბოქაულმა განაცხადა: ნიუ-იორკის შტატი ოგაიოს შტატს დავას უცხადებსო". ერთ შტატში ერთი მილიონი მცხოვრებია, მეორეში - ორი. აქედან ცხადია, თუ რა დიდი პასუხის მგებლობა აწევს სასამართლოს. კავშირის სასამართლო აერთებს შტატებს და უზრუნველ ჰყოფს ფედერაციის არსებობას. მას ხშირად მიჰმართავს ხოლმე მთავრობა, როცა იგი თავის უფლებას დარღვეულად სცნობს; მას მიჰმართავს ხოლმე საკანონმდებლო დაწესებულება, როცა მისი უფლება ირღვევა ვისიმე მხრით.

სასამართლოს დამოუკიდებლობა მოითხოვს, რომ მისი წევრები ყოველ მხრით დამოუკიდებელი იყვენ. ამისთვის დაწესებულია: 1) წესი მოსამართლის არჩევისა, 2) მოსამართლის გამოცვლა არავის არ შეუძლია სასამართლოს გარდა 3) მოსამართლის ისეთ პირობებში ჩაყენება, რომ ის სავსებით მიუდგომელი იყოს. ამისთვის მას არ შეუძლიან სხვა რაიმე საქმე იკისროს, სხვაგან იმსახუროს, საჩუქარი მიიღოს ვისიმე მხრით. მას ნება არა აქვს მთავრობის მხრით მიიღოს ხარისხი, ჯამაგირი, ჩინი და სხვა; მას ეძლევა საკმაოდ დიდი ჯამაგირი.

მოსამართლეს თვითონ ხალხი ირჩევს, მაგრამ იქ, სადაც სავსებით არ არის აღიარებული საზოგადოდ ხალხის უმაღლესი უფლება, მოსამართლეთა არჩევაც ხალხს არა აქვს მინდობილი. ევროპაში მხოლოდ შვეიცარიის მოსამართლეებს ირჩევენ, მაგრამ ხალხი კი არა, არამედ მისი წარმომადგენელნი-ფედერატიული კრება. მოსამართლეთა არჩევანი დემოკრატიული წესით განხორციელებულია ავსტრალიის ფედერატიულ რესპუბლიკაში და ამერიკის დეფერაციის ზოგიერთ შტატებში. იქ თვითონ ხალხი ირჩევს მოსამართლეებს და ისეთივე უფლებებს აძლევს მათ, როგორც პარლამენტის წევრებს. მაგრამ ინგლისშიაც მოსამართლე ავსტრალიისა და ამერიკის მოსამართლეზე ნაკლებად არ არის დამოუკიდებელი. ეს იმით აიხსნება, რომ ინგლისში მტკიცედ არის დაცული მოსამართლის გამოუცვლელობის პრინციპი და მისი უზრუნველყოფა. უწინ ინგლისის სასამართლო პირველი მონა და მოსამსახურე იყო გაბატონებულ კლასისა, ეხლა კი, როცა ორივე პალატის გარდა არავის არ შეუძლიან მოსამართლის გამოცვლა, როცა მოსამართლემ სრული ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა ხალხის თვალში და როცა მოსამართლე საპატიო პირად ითვლება საზოგადოებაში, სასამართლო ძირიან-ფესვიანად შეიცვალა და მისი ავტორიტეტი იმდენად გამტკიცდა, რომ ინგლისის სასამართლოს ვერავინ უსაყვედურებს მიდგომას და ამა თუ იმ კლასის მოსამსახურეობას.

ინგლისის მოსამართლეს არ შეუძლიან სამსახურში წინ წაწევა და ჯილდოს მიღება. ის ქონებრივად უზრუნველყოფილია, ხოლო უფლებით შეუზღუდველი. ამერიკის სასამართლოზე ვიღამაც ასეთი აზრი გამოსთქვა: "პრეზიდენტის შეცდომა ზარალს ვერ მიაყენებს სახელმწიფოს, რადგან მისი უფლება შეზღუდულია. შეიძლება კონგრესიც შესცდეს. ამის გამო ფედერაცია არ დაიღუპება, რადგან კონგრესის შეცდომას გაასწორებს საარჩევნო კრება, რომელიც გამოსცვლის მის წევრებს, მაგრამ, თუ ამერიკის უმაღლეს სასამართლოში

უგუნური და უზნეო მოსამართლენი მოხვდენ, ფედერაციას ან ანარქია მოელის, ან სამოქალაქო ომიო".

ასეთი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ სასამართლოს. ჩვენ შეგვეძლო რუსეთსაც შევხებოდით, მაგრამ მეტად მიგვაჩნია იმის განმეორება, რაც ყველამ იცის. რუსეთის სასამართლო, რომელიც, მინისტრიეს ლანსკისა არ იყოს, "შეკაზმული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს", ნიმუშია ფეოდალურ დროის სასამართლოსი. აუარებელი სამხედრო, საეკლესიო, სავაჭრო და საგლეხო სასამართლოების არსებობა საკმაოდ ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ რუსეთში ყოველ წოდებისთვის და კლასისთვის ცალკე სასამართლო არსებობს.

1906 წ.
წყარო: ჯავახიშვილი მიხეილ: დამოუკიდებელი სასამართლო  გაზ. „ივერია! 1906 №20. გვ. 10-13

5.6 დადიანის ასული და მათხოვარი (ლეგენდა)

▲ზევით დაბრუნება


ნიკო ლორთქიფანიძე
დადიანის ასული და მათხოვარი (ლეგენდა)

- მთაში მიდიხარ, ზურაბ?

მხედარი მარდათ გადმოხტა ცხენიდან.

- დიახ, ბატონიშვილო! მზისა და თქვენი სხივი კარგ ნადირობას მიქადის.

- რას ჩამომიტან?

- გარდა ჩემი გულისა, რომელიც მუდამ თქვენთან რჩება, რასაც მიბრძანებ... ირმის რქას, ვეფხის ტყავს, გარეული ტახის ეშვებს...

- ყვავილები კი დაგავიწყდა?.. ახლა ჩეგოლას ფერდობები თოვლს აიყრიდა და შემოსილი იქნება ფერადფერადი სურნელოვანი ყვავილებით.

- დაჭკნებიან, სანამ ჩამოვიტანდე... ყვავილების მეტი აქ რა არის?

ყმაწვილმა მიუთითა ბაღჩაზე, რომელსაც მაღალი სარკმლიდან დაყურებდა ქალი.

- ცდა ბედის მონახევრეა, ხერხი კი ღონეს სჯობია...

- მომეცი ბატონიშვილო, ერთი ყვავილი... ნიმუშათ.

- კარგი... ოღონდ ხელთ არ მაქვს... აი, წაიღე ბაშლაყი... ყვავილი ზოგი წითელი უნდა იქნეს, როგორც სარჩული; ზოგი - თეთრი, როგორც საპირე; ზოგი ამ ოქროს სირმასავით ყვითელი და ზოგიც ცისფერი, როგორც ზურმუხტი.

ყმაწვილმა გადმოგდებული ყაბალახი ჰაერში დაიჭირა.

- გმადლობ, რომ მიმიხვდი სურვილს. ყვავილებით დატვირთულს მთელს სოფელს მოვიყვან, მთელს ქედს წამოვიღებ!..

ყმაწვილმა მუხლი მოიდრიკა.

- მოწიწებით გეამბორები ხელზე, ბატონიშვილო!

თავი დაუკრა, ცხენს მოახტა. ქალი დიდხანს გაყურებდა ალაყაფის კარებში მიმალულ ზურაბ ჩიჩუას და მის მხლებლებს. შორს გზაზე ცხენოსნები ხან ჩნდებოდენ მიმქროლავ წერტილებათ, ხან ისევ იმალებოდენ.

* * *

მოახლის ხმაურობაზე ქალი შემობრუნდა:

- რას აკეთებ, თინა?

- ვარდის წყალი გამოვცვალე თასებში.

- ზანდუკიდან ვერცხლის ყუთი ამომიღე; დარაბები დახურე, მხოლოთ პატარა ჭვრიტიმანი დასტოვე.

მსახურმა ბრძანება აასრულა.

დადიანის ასული იღებდა პატარა კოლოფიდან პატიოსან თვლებს, ჭვრიტიმანში შემოსულ სხივზე დებდა და ფერადების თამაშით ტკბებოდა.

ფირუზის, იაგუნდის, მარგალიტის, ლალისა და ქარვის მარცვლებიდან ხან ჯვარს, ხან ფარდულს დააწყობდა, არ მოეწონებოდა - არევ-დარევდა და ისევ დააწყობდა.

ეს გართობაც ჩქარა მობეზრდა ქალს; გააღო დარაბები, მიწვა ნოხით დაფენილ ტახტზე და ფურცვლა დაუწყო პატარა წიგნაკათ აკინძულს „ვეფხისტყაოსანს“.

* * *

მეკარემ ჭიშკრის საჭვრეტი გააღო და აგდებით მიაძახა გარეთ მდგომს:

- რა გინდა?

- გააღე კარი!

- ჩაიარე, გზა ნახე! - გააღე! საქმე მაქვს...

- ბატონი ზუგდიდში არის, ქალბატონს ძინავს..

- მე ბატონიშვილი მინდა ვნახო...

- შენთვის ახლა არ მოიცლის... - გააღე-მეთქი, გეუბნები... რის გეშინია? ხომ მიყურებ, სისუსტით ვთრთი... იარაღი არა მაქვს...

ბატონიშვილი ამ დროს ბაღჩაში იჯდა; მომუშავე ქალების სიმღერით ერთობოდა.

- გაუღე! - დაუძახა ქალმა მეკარეს.

- ნაბრძანები გვაქვს!..

- ჰო, ვიცი... გააღე!

ეზოში შემოვიდა წელში მოხრილი, კოჭლი, ძონძებში გახვეული მათხოვარი. ყავარჯენს ებჯინებოდა. ძლივს მოდიოდა. იგი პირდაპირ მიუახლოვდა ბატონიშვილს.

- მე მოწყალებას ჩემს დღეში არ ვიძლევი.

- არცა გთხოვ, ბატონიშვილო! მე მადლობის სათქმელად მოვედი და ძღვნის მოსართმევათ.

- როგორ, სტუმარი ხარ? - გაეცინა ქალს. - არა, მე მათხოვარი ვარ. შენ ერთხელ სიკვდილს გადამარჩინე და ადამიანობა დამიბრუნე.

- არაფერი მესმის... შენ უსათუოთ სიცხე გაქვს და ბოდავ.

- გახსოვს, ტეხურის პირი, ბატონიშვილო?

- ?!

- მე კი მახსოვს. ხუთი წელია მას იქით. შენ ცამეტი წლის თუ იქნებოდი. თარეში დაერია მაშინ გაღმა მხარეს. ადიდებული მდინარის პირათ ვიდექი. არ ვიცი, დაფრინავენ ცაში ანგელოზები თუ არა, მაგრამ მე ვნახე, რომ მფარველი ანგელოზი გამოჩნდა უკიდურეს წამს. სიკვდილს მოველოდი. სიცოცხლე კი მინდოდა. გაწამებული იყო იგი ყოველთვის, მაგრამ თანაც ტკბილი... უეცრათ მოფრინდი ცხენით. ცოცხლათ მახსოვს ყოველი წვრილმანი, მიხრა-მოხრა, სიტყვა, მთელი სურათი... ტაიჭი იისფერი იყო; წვრილი ფეხებით ოდნავ ეხებოდა მიწას; სხეული უთრთოდა, - შიშით კი არა, სიფიცხით, ასალათ წითელი, ოქრომკედით ნაკერი ხავერდი ეფინა; თოქალთოთ - ვეფხის ტყავი, რომლის კბილებდაკრეჭილი თავი ქინჩში ედვა ცხენს; კუდი და კლანჭებიანი თათები მუხლებამდი სცემდა. პატარა შავი უნაგირი ედგა. ლაგამი, სამკერდე, საძუე შავი ჰქონდა. ზედ შენ... შენ კი არა, ანგელოზი... ანდა შენ, როგორც ანგელოზი, - ისე იჯექ. თეთრი ყაბალახი ძალზე უკან გადაწეულიყო... შუქს ფენდა. ტანჯვასავით შავი, ვარსკვლავივით მოელვარე თმა. თეთრ მოკლე ნაბადს ქვემოთ მოჩანდა თეთრი გულისპირი და ალვის ხის შტოებივით ნათალი თითები თეთრი ხელისა; მათ გველივით ეხვეოდა აღვირის შავი თასმები. მარჯვენა ხელზე საფუხარი გქონდა გაკეთებული; თეთრი შევარდენი გიჯდა; თეთრი მესტები გეცვა; ქოშის წვერებს ოდნავ აბჯენდი მოოქრულ აბჟანდებზე... მაშინ შენთვის სიტყვაც არ მითქვამს. რა უნდა მეთქვა? მაშინ ვფიქრობდი, რომ შენ სხვა იყავი და მე სხვა, რომ ჩემი გაჭირვებისათვის თავს არ შეიწუხებდი. იმ დროს ვფიქრობდი, რომ ჩემთვის, როგორც უპატრონო ძაღლისთვის, ადამიანს არ ენანება მჭადის ნატეხი, იჯრის გადანარჩენი ხორცი, ორი ფარა; მაგრამ ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეთ დაფასება - ეს არ წარმომედგინა. მაშინ არ ვიცოდი, რა იყო ადამიანი.

მდინარე ადიდებული იყო. საომარ ლაფშასაც კი უჭირდა გასვლა, მაგრამ ფონს აღარავინ ეძებდა. გავიდა ვიღაც დიდებული. მხლებლები რომ არ მიშველებოდენ, ზვირთი გაიტანდა. გავიდენ წივილ-კივილით სასახლის მოახლეები. არვის მიუქცევია ჩემთვის ყურადღება - და უეცრათ მოფრინდი შენ!

- ახლა კი მაგონდება. მაშინ დაიღუპა შვიდი კაცი, შვიდი ვარსკვლავი ჩვენი ჯარისა. შედან ჩიჩუა, გაიოზ ფაღავა, ბახუ ჩიქოვანი, ჩემი ბიძაშვილი პეტრე, ლევან გელოვანი, ბაგრატ კორძაია. ანეპოდისტე ქოჩაკიძემ სისხლით დაცლილი ჩემი ცხენი რომ ნახა, თავისი დამითმო; მითხრა: „გასწი, თავს უშველეო; ჩემზე ფიქრი ნუ გაქვთ, ტყეში მივიმალებიო“.

- დიახ, დიახ, ბატონიშვილო, შვიდივემ გადასდვა თავი; გამარჯვების იმედი არ ჰქონდათ; ცდილობდენ - მტერი შეეჩერებიათ, სანამ შენ სამშვიდობოში გახვიდოდი. „შემომიჯექ ცხენზეო“, - მიბრძანე, როგორც კი დამინახე. ვერ ვბედავდი, მაგრამ, რაკი განმეორებით მიბრძანე, შევჯექი; ნაბადი, ყაბალახი წყალში გადააგდე; თვით შენი საყვარელი შევარდენი თავის ნებას მიუშვი - და დაიკარგა სამუდამოთ. ყოველ განსაკუთრებულ გაჭირვების წამს ვფიქრობდი - აი ახლა კი მომიშორებს თავიდან-მეთქი, მაგრამ, პირიქით, მეუბნებოდი: „მომხვიე მაგრათ წელზე ხელი, არ გადავარდე, ნუ გეშინიაო“. ცოცხალ-მკვდარი გავედით მეორე ნაპირზე როგორც ცხენი, ისე მხედრებიც. შენ იმავე წამს დამშორდი და კიდევაც დაგვიწყებივარ, მე კი საგონებელს ჩავარდი იმ დღიდან: შენი საქციელი არ შორდებოდა გონებას, შენი სახე - ჩემს ოცნებას. შარავანდედით მოცული მეჩვენებოდა შენი სახე; გონების საზრდოთ გამიხდა შენი მოქმედება. რა ვიყავი შენთვის, დადიანის ქალისათვის, მე, კუზიანი, კოჭლი, ძონძებში გახვეული მათხოვარი? რათ გაიმეტე თავი ბებერი არსებისათვის, რომელსაც სათხებოში ძინავს და ღორის საზრდოს ნატრულობს? შევარდენი ჩემზე მეტად გიყვარდათ და გასიამოვნებდათ; ყაბალახ-ნაბადი ათასწილათ ჩემზე მეტად ღირდა!.. რისთვის დაივიწყე ისინი და გადამარჩინე მე? რისთვის გაიმეტე თავი? მე კუზიანი ვარ, კოჭლი, მოხუცი; სახე უხეში ბალნითა მაქვს შემოსილი... მაშ გარეშე სილამაზისა არის ჩემში რაღაცა... მე მათხოვარი ვარ - მაშ სიმდიდრე არაფერ შუაშია. შენთვის უცნობი ვიყავი - მაშ ჩემი გულისთვის არ გადასდებდი თავს... ლექსი არ დამიწერია, ქანდაკება არ შემიქმნია - ხელოვნებისათვის არ შემიბრალებდი... გამჭრიახი წყობით ჯარს ვერ გავამარჯვებინებ მტერზე. ჩემი გონება არაფრათ ღირს... მაშ რა არის ჩემში ფასდაუდებელი? ადამიანი!

ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი. მხოლოთ ერთმა პასუხმა დამაკმაყოფილა:

- მე ვარ ადამიანი!

შენი გულის კუნჭულში იყო დაფარული ადამიანის ნამდვილი ფასი. მივხვდი, რომ დადიანი, ოდიშის მთავარი, ქართლ-კახეთის მეფე, თვით ყეინი სპარსეთისა და ხვანთქარი ოსმალეთისა ისეთივე ადამიანები არიან, როგორც მე, მაწანწალა მათხოვარი... ადამიანი! აი რა ცნება შემაგნებინე შენ, ბატონიშვილო!..

მე გავამაყდი.

მოწიწებით ვთხოულობ მოწყალებას, გულწრფელათ ვლოცავ მომცემს, მაგრამ ჩემი თავი არ მიმაჩნია არავის უმდაბლესათ. ახლაც მშიერი ვარ, ძონძებში გახვეული, მაგრამ არაოდეს არ მავიწყდება, რომ ადამიანი ვარ... თმა-წვერი, ულვაში ერთმანეთში მქონდა არეული, - ახლა კი ჩემივე ხელით გავიკრიჭე, რადგან ადამიანათ ვიგრძენ თავი და გამეღვიძა სიყვარულისა და სიძულვილის გრძნობა...

დამებადა სურვილი შურისძიებისა და მადლობისა...

- მოხარული ვარ, მოხარული, - სიცილით უპასუხა ქალმა. - არ მეგონა, თუ ჩემი ბავშური მოქმედება ასეთს კარგს ნაყოფს გამოიტანდა.

- ხუთი წელიწადია დავდივარ თავის უკმაყოფილო. მსურდა რითიმე გადამეხადა შენთვის, რომ ჩემში ადამიანი გააღვიძე. მინდოდა მეთქვა შენთვის მადლობა, გამომემჟღავნებინა ჩემი სიყვარული, აღტაცება.

- მოხუცო, შენ სიყვარულს მიხსნი! - გადიკისკისა ქალმა.

- ბატონიშვილო, შენ ძლიერ ლამაზი ხარ, მაგრამ მხოლოთ განსაკუთრებულ წამებში უნდა იყო ჭკვიანი... მიყვარხარ, მაგრამ არა ისე, როგორც შენ ფიქრობ; გაღმერთებ, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვეულხარ... და აქ მოვედი გადამეხადა ვალი. შემიძლია არ მიყვარდე, დავივიწყო სიყვარული, - მათხოვარმა შორს გადააგდო მთის ყვავილების თაიგული. - არ ყოფილხარ ამის ღირსი, მადლიერი მაინც უნდა ვიყო... შენის წყალობით მე ადამიანი გავხდი... მიიღე ნიშნათ მადლობისა დიდის მომჭირნეობით, შრომით და თავის დაუზოგველობით ნაშოვნი - შენი საკადრისია.

- მოწყალებისთვის სასყიდელს არ ვღებულობ, - ამაყათ უპასუხა დადიანის ასულმა, როცა თავს მოხვეულ ბურუსიდან გამოერკვა.

- მე ჩემი მოვალეობა ამისრულებია და აწი, როგორც გსურს, ისე მოიქეცი.

მათხოვარმა ქალის ფეხთა წინ დადვა ჩიტის კვერცხის ოდენა მარგალიტი, შემობრუნდა ყავარჯენზე დაბჯენილი ნელა გაუდგა თავის გზას.

* * *

მთელი სასახლე გულიანათ იცინოდა ბატონიშვილის ამ შემთხვევაზე.

ოდიშის სხვადასხვა კუთხეში კიდევ დიდხანს ისმოდა მათხოვრის სიტყვები: „მოიღეთ მოწყალება“, „განიკითხეთ საპყარი“, მაგრამ, როცა მუსაიფში ჩაებმოდა, იგი დინჯად ამბობდა: „გამხდარ თხას, დაკოჭლებულ ცხენს, ჩახმახდამტვრეულ თოფს ფასი ეკარგება; ადამიანს კი ერთი და იგივე ფასი აქვს ყოველთვის და ყველგან, იმერეთის მეფობას არგუნებს თუ დანელიას მეღორეთ გააჩენს უფალი. დადიანის სასახლე ათას ფაცხაში არ გაიცვლება; ადამიანი კი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობა, ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება. იგი უფასოა. იგი ერთია, მუდამ ერთი.

ადამიანი მუდამ ადამიანია - არც მეტი და არც ნაკლები“.

ბრბოს ეს სიტყვები აკვირვებდა, აცინებდა და თან მალამოთ ხვდებოდა დაბეჩავებულ გულზე.

1912 წ.
წყარო: დადიანის ასული და მათხოვარი (ლეგენდა). ნიკო ლორთქიფანიძე: : სრული კრებული 4 ტომად. ტ. 2. თბ. „საბჭოთა საქართველო“ 1959: გვ. 86-94