The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან კონსტიტუციამდე


დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან კონსტიტუციამდე



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ჯიქია მარიამ

სამართლის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან კონსტიტუციამდე

I. შესავალი

დღეისათვის არსებულ დაწერილ კონსტიტუციათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების 1787 წლის კონსტიტუცია ყველაზე მყარი და უძველესია. თანამედროვე კონსტიტუცი- ონალიზმში არის შემთხვევები, როდესაც სიმყარე შეიძლება ხელოვნური იყოს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ძირითადი კანონის სიმყარეზე მოწმობს შექმნიდან დღემდე მიღებული შესწორებების რაოდენობა.*

თავდაპირველად აშშ-ის კონსტიტუცია სრულყოფილებისგან შორს იყო და მასში საკმაოდ რადიკალური მოსაზრებები დომინირებდა. ხარვეზებს შორის აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მასში არ იყო გათვალისწინებული ადამიანის უფლებები, თუმცა პირველი 10 შესწორება სწორედ ამ საკითხს აწესრიგებდა, რომლებიც ერთობლივად 1791 წელს დამტკიცდა. მიუხედავად სხვადასხვა ხარვეზებისა, აშშ-ის კონსტიტუცია შემდგომი კონსტიტუციებისთვის ერთგვარი საზომი და მსაზღვრელი გახდა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის მსგავსად, კონსტიტუციის პროექტიც რევოლუციურ ხასიათს ატარებდა, მასში შეზავებული იყო კანონის უზენაესობისა და შეზღუდული ძალაუფლების რესპუბლიკელთა იდეები და მეთვრამეტე საუკუნის ლიბერალური მიდგომები ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე. აშშ-ის კონსტიტუცია ეფუძნება ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ძალაუფლების გამიჯვნა, შეკავება-გაწონასწორება, ფედერალიზმი და ადამიანის უფლებები.

2 II. დამოუკიდებლობის დეკლარაცია

▲ზევით დაბრუნება


II. დამოუკიდებლობის დეკლარაცია

აშშ-ის კონსტიტუციის შექმნას წინ უსწრებდა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება. 1776 წლის 2 ივლისს კონტინენტური კონგრესის მიერ მიღებული იქნა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, „გადაწყდა, რომ გაერთიანებული კოლონიები არის და უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი შტატები. ისინი თავისუფალია ბრიტანეთის გვირგვინის ერთგულებისგან და ყველა პოლიტიკური კავშირი მათსა და დიდ ბრიტანეთის სახელმწიფოს შორის არის და უნდა იყოს სრულიად გაუქმებული“*. შემდგომი ორი დღე კონგრესმა იმსჯელა თომას ჯეფერსონის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციის პროექტზე. ეს უკანასკნელი ეფუძნებოდა ჯონ ლოკის ბუნებითი უფლებების დოქტრინას. ჯეფერსონთან ერთად პროექტზე მუშაობდნენ ჯონ ადამსი, ბენჟამინ ფრანკლინი, როჯერ შერმანი და რობერტ ლივინგსტონი.

პროექტზე მუშობის დროს თომას ჯეფერსონის მთავარი ამოსავალი წერტილი რევოლუციური სულისკვეთება იყო. დეკლარაციის ავტორები ფიქრობდნენ, რომ აღნიშნული დოკუ- მენტი განასახიერებდა იმ პოლიტიკურ იდეალებს, რომლებსაც მნიშნელოვანი ადგილი ეკავათ ამერიკელთა ცნობიერებაში. ბენჯამინ ფრანკლინის მოსაზრებით, ამერიკული კოლონიები შეიქმნა ცალკე სუვერენულ ერთეულებად ბრიტანეთის იმპერიის ფარგლებში. კოლონიის ხელისუფლება ანგარიშვალდებული იყო და ემორჩილებოდა მხოლოდ მეფეს და არა ბრიტანეთის პარლამენტს. ამავდროულად ამერიკელ კოლონისტებს მიაჩნდათ, რომ ისინი ისეთივე უფლებებით იყვნენ აღჭურვილები, როგორც ბრიტანელი მოქალაქეები, შესაბამისად ამ უფლებათა შეზღუდვა იყო „მეფისგან გამოყოფის“ მთავარი საფუძველი.*

„როდესაც კაცობრიობის ისტორიაში გარკვეული ხალხისათვის აუცილებელი ხდება იმ პოლიტიკური კავშირების გაწყვეტა, რომლებიც მას სხვა ხალხთან აკავშირებდა, და მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის დამოუკიდებელი ადგილის დაკავება, რის უფლებასაც ბუნებისა და მისი შემქმნელის კანონები აძლევს, მაშინ კაცობრიობის აზრის პატივისცემა მოითხოვს მისგან იმ მიზეზების განმარტებას, რომელმაც გამოყოფა უბიძგა“.* „ბუნებისა და მისი შემქმნელის კანონებში“ ჯეფერსონი მოიაზრებს ბუნებით სამარ- თალს, რომელიც თავის მხრივ, გულისხმობს უნივერსალურ მორალურ პრინციპებს, დაფუძნებულს კონკრეტულ მიზეზებზე.*

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ყველა ადამიანი დაბადებით თანასწორია, რომ მათ შემოქმედმა მიანიჭა გარკვეული უპირობო უფლებები, მათ შორის სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“.* ჯონ ლოკის მოსაზრებით, ღმერთმა შექმნა ადამიანები თანასწორი უფლებებით უფრო ადრე, ვიდრე შეიქმნებოდა სახელმწიფო და შესაბამისად ეს ბუნებითი უფლებები უნდა იქნეს დაცული ხელისუფლების შეზღუდვის გზით.

დეკლარაციაში ავტორები განმარტავენ, რომ „მთავრობა, რომელიც ძალაუფლებას მის მიერ მართული ადამიანებისგან იღებს, სწორედ ამ უფლებების დასაცავად არის შექმნილი და თუკი რომელიმე სახელმწიფო წყობა ამ უფლებებს არღვევს, ხალხის უფლებაა, შეცვალოს ან გააუქმოს ის და დააფუძნოს ახალი წყობა, რომელიც იმავე პრინციპებს დაეფუძნება და თავის მმართველობას ისეთი ფორმით წარმართავს, რომელიც ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას“.* ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დეკლარაცია ამართლებს რევოლუციას, იმ მიზეზით, რომ მეფემ დაარღვია „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ პირობები კოლონისტების ბუნებითი უფლებების უგულვებელყოფით, მათ შორის, არაკანონიერი დაბეგვრა, კოლონიური მთავრობების შეზღუდვა ან დათხოვნა, სამართლიანი სასამართლოს უფლების უარყოფა, კანონის უზენაესობის უგულებელყოფა.*

კონტინენტურმა კონგრესმა გააუქმა დეკლარაციის პროექტის ნაწილი, რომელიც მონებით ვაჭრობას ეხებოდა, ასევე, შეიტანა რამდენიმე ცვლილება და საბოლოო ტექსტი გამოსაქვეყნებლად გაიგზავნა 1776 წლის 4 ივლისს.

დამოუკიდებლობის დეკლარაციას ამერიკული პატრიოტული სულის გამოხატულებას უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კონგრესმენისთვის დეკლარაციაში არსებული ჩანაწერი

— „ყველა ადამიანი დაბადებით თანასწორია“ — ნიშნავდა დიდგვაროვანთა კლასის არარსებობას, აღნიშნული დეკლარაცია ნომინალური მნიშვნელობით მაინც მიიღეს და სწორედ ის გახდა 13 გაერთიანებულ კოლონიასა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობის გაწყვეტის საფუძველი.

3 III. კონფედერაციის მუხლები

▲ზევით დაბრუნება


III. კონფედერაციის მუხლები

გათავისუფლებული კოლონიებისათვის პირველი ეროვნული დოკუმენტი პენსილვანიელმა ჯონ დიკინსონმა 1777 წელს დაწერა, თუმცა მისი რატიფიცირება მოხდა 1781 წელს. მიღებამდე მასში რამდენიმე შესწორება შეიტანეს; მისი რატიფიცირება მოხდა განახორციელა ყველა შტატმა, რაც აუცილებელი იყო მის ძალაში შესასვლელად.*

დღევანდელი შეფასებით, პირველი კონსტიტუცია მიიჩნევა არაეფექტურ დოკუმენტად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას გარკვეული წარმატება მაინც ჰქონდა, კერძოდ, რევოლუციურ ომში გამარჯვება და 1785 წელს მიწისა და ჩრდილო-დასავლეთის დეკრეტების შექმნა.*

კონფედერაციის კონსტიტუციის თანახმად, აღნიშნული კონფედერაციის ფარგლებში „ყველა შტატი ინარჩუნებდა თავის უზენაესობას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ისევე როგორც მთელს ძალაუფლებას, იურისდიქციას და უფლებას, რომელიც არ არის ამ კონფედერაციის მიერ პირდაპირ დელეგირებული ანუ გადაცემული ამერიკის შეერთებული შტატებისათვის აქ შეკრებილი კონგრესის მიერ“.*

კონფედერაციის კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, „ამერიკის შეერთებული შტატების ზოგადი ინტერესების ოპტიმალური უზრუნველყოფისათვის დელეგატები ყოველწლი- ურად დაინიშნებიან იმ წესის მიხედვით, როგორც ამას ყოველი შტატის კანონმდებლობა მოითხოვს, ანუ ყოველწლიურად შეხვდებიან კონგრესში. ყოველ წელს ყოველ შტატს აქვს უფლება, გამოიწვიოს თავისი დელეგატები ან რომელიმე მათგანი და მათ ადგილას სხვა დელეგატები გაგზავნოს დარჩენილი ვადით. არცერთი შტატი არ იქნება კონგრესში წარმოდგენილი არანაკლებ ორი და არაუმეტეს შვიდი წევრისა, და არცერთი მათგანი არ შეიძლება იყოს დელეგატი სამ წელზე მეტ ხანს“.*

აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება არ იყო საკმარისად ძლიერი, რომ გამკლავებოდა იმ პრობლემებს, რომელიც ომის დასასრულს წარმოიშვა. აღნიშნული მუხლები აფუძნებდა მთავრობას, როგორც კონფედერაციას, რომელსაც ჰყავდა კონგრესის მიერ არჩეული პრეზიდენტი ერთი წლის ვადით.* ეს უკანასკნელი კი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების დომინანტურ შტოს წარმოადგენდა საკანონდებლო ხელისუფლება, ხოლო აღმასრულებელი უფრო სუსტი იყო და ხშირად საკანონმდებლოზე დამოკიდებული.

მიუხედავად ქვეყნის მთავრობისა და კონგრესის დიდი მცდელობისა, სუსტმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეაფერხა ახალი ერის პოლიტიკური პროცესები. კონგრესმენების უმრავლესობის მოსაზრებით, საჭირო იყო არსებული სამართლებრივი ნორმების მოდიფიკაცია მთავრობის გასაძლიერებლად, თუმცა ჯეიმს მედისონი და ალექსანდრე ჰამილტონი მიიჩნევდნენ, რომ საჭირო იყო სამართლებრივი ნორმების დეტალური გადახედვა და ფედერალური მთავრობის შექმნა.*

მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთთან ომი 1783 წელს დასრულდა, ჯერაც არსებობდა საფრთხე, რომელთა დაძლევა მხოლოდ გადაწყვეტილების კოორდინირებულად მიღებით შეიძლებოდა. ეკონომიკურმა დაღმასვლამ განაპირობა ახალი ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის საჭიროება, რომელიც მიმართული იქნებოდა ინფლაციისა და ვალების გადაუხდელობის თავიდან აცილებაზე.

ზემოაღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად კონტინენ- ტურმა კონგრესმა მიმართა შტატებს, გაეგზავნათ თავიანთი დელეგატები 1787 წლის ზაფხულში მოწვეულ შეკრებაზე, სადაც მოხდებოდა კონფედერაციის მუხლების შესწორებებისა და დამატებების შემუშავება. ფილადელფიაში მოწვეულმა დელეგატებმა კი შესწორებებზე მუშაობის ნაცვლად, სრულიად ახალი კონსტიტუციის შემუშავება გადაწყვიტეს.

4 IV. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პროექტის შემუშავება

▲ზევით დაბრუნება


IV. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პროექტის შემუშავება

1787 წლის 25 მაისს ფილადელფიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა შტატების 55 დელეგატი. მათ შორის არ იყვნენ როდ აილენდის წარმომადგენლები, რადგან არ უჭერდნენ მხარს ერთიანი ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების შექმნას. ამ შეკრებას ხელმძღვანელობდა ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული დელეგატების მიერ. დელეგატებს შორის რვა წარმოადგენდა დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერ პირს, ხოლო ექვსი მათგანი — კონფედერაციის მუხლების ხელმომწერებს.

საკმაოდ მწვავე დებატების პირობებში, რომელიც გრძელდებოდა 1787 წლის ზაფხულის განმავლობაში, დელეგატებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ სრულიად ახალი დოკუმენტი. ეს უკა- ნასკნელი ითვალისწინებდა ძალაუფლების გამიჯვნის მონტესკი- ესეულ მოდელს, სადაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება გამიჯნული იქნებოდა ერთმანეთისგან. მათი ძალაუფლება ისე უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რომ რომელიმე მათგანს არ ჰქონოდა უპირატესობა სახელმწიფოს მართვის პროცესში.*

ახალ კონსტიტუციაზე მუშობის პროცესში, შეიძლება გამოვყოთ ის კონკრეტული საკითხები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, კერძოდ:

  • ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების დროს დადგა, საკანონმდებლო ხელისუფლებაში შტატების წარმომადგენლობას ეხებოდა. დიდ შტატებს სურდათ, რომ კონგრესში წარმომადგენელთა რაოდენობა განსაზღვრულიყო მოსახლეობის პროპორციულად, იმ დროს, როდესაც პატარა შტატები ითხოვდნენ თანაბარ წარმომა- დგენლობას. აღნიშნული საკითხი დარეგულირდა კონექტიკუტის კომპრომისით, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანო იქნებოდა ორპალატიანი: სენატი დაკომპლექტებოდა თანაბარი დელეგატების რაოდენობით, ხოლო წარმომადგენლობითი პალატა — თითოეული შტატის მოსახლეობის პროპორციულად.

  • მეორე მნიშნელოვან განსახილველ თემას წარმოადგენდა მონობა. ზოგიერთი შტატი მიიჩნევდა, რომ მონობის შენარჩუნებისა თუ გაუქმების პრეროგატივა თავად შტატებისთვის უნდა დაეტოვებინათ და აღნიშნული საკითხი არ შესულიყო კონსტიტუციით მოწესრიგებულ საკითხებში. ჩრდილოეთის დელეგატების მოსაზრებით, მსგავსი მიდგომის გარეშე, სამხრეთის შტატების შემოერთება შეუძლებელი იქნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, რომ კონგრესი ვერ ჩაერეოდა მონებით ვაჭრობაში 1808 წლამდე, შტატები კი ვალდებულები იყვნენ, დაებრუნებინათ „დეზერტირი“ მონები მფლობე- ლებისათვის.

1787 წლის სექტემბერში კონსტიტუციის საბოლოო პროექტი იქნა შემუშავებული, რომელსაც პირველმა ხელი ჯორჯ ვაშინგტონმა მოაწერა. მთლიანობაში 55 დელეგატიდან კანონპროექტს ხელი მოაწერა 39 დელეგატმა. კანონპროექტის საბოლოოდ ძალაში შესასვლელად აუცილებელი იყო 13 შტატიდან 9 შტატს მოეხდინა მისი რატიფიცირება.

1787 წელს ხუთმა შტატმა* განახორციელა კონსტიტუციის რატიფიცირება. 1788 წელს კი კონკრეტული კომპრომისების გათვალისწინებით, მასაჩუსეტსი და სხვა შტატებიც შეუერთდა მათ რიცხვს. 1788 წელს ნიუ ჰემპშირი იყო მეცხრე შტატი, რომელმაც მოახდინა კონსტიტუციის რატიფიცირება, რის შემდგომაც 1789 წელს ახალი კონსტიტუციის ფარგლებში მოხდა ხელისუფლების ფორმირება. რატიფიკაციის პროცესში 13-დან ბოლო შტატი როდ აილენდი იყო.*

5 V. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია

▲ზევით დაბრუნება


V. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის თავდა- პირველი პროექტი პრეამბულისაგან და 7 მუხლისგან შედგებოდა.*

კონსტიტუციის პირველი მუხლი ითვალისწინებს საკანონმდებლო ხელისუფლების ფორმირების წესს, მის კომპეტენციებს და ვალდებულებებს. კონგრესი შედგება ორი პალატისგან — სენატი და წარმომადგენლობითი პალატა. ამ უკანასკნელის ფორმირება ხდება თითოეულ შტატში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, სადაც პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება შეუძლია 25 წლის მოქალაქეს, რომელიც არჩევნების მომენტისათვის არის იმ კონკრეტული შტატის მკვიდრი. თითოეული შტატიდან ყოველ 30 000 ადამიანზე უნდა აირჩეოდეს 1 წარმომადგენელი მაინც. თუმცა არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, სანამ მსგავსი აღრიცხვა მოხდება, წარმომადგენლების რაოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: ნიუ-ჰემპშირი — 3, მასაჩუსეტსი — 8, როდ აილენდი

— 1, კონექტიკუტი — 5, ნიუ-იორკი — 6, ნიუ ჯერსი — 4,

პენსილვანია — 8, დელავერი — 1, მერილენდი — 6, ვირჯინია — 10, ჩრდილოეთ კაროლინა — 5, სამხრეთ კაროლინა — 5, ჯორჯია — 3. სენატი შედგებოდა თითოეული შტატიდან არჩეული 2-2 სენატორისგან, რომლებსაც ირჩევდნენ 6 წლის ვადით ამ შტატების საკანონმდებლო დაწესებულებები.*

კონსტიტუციის მე-2 მუხლი განსაზღვრავს აღმასრულებელ ხელისუფლების ფორმირების წესს და მის კომპეტენციას. ამ მუხლში მოცემულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევის წესი, რომელიც არაპირდაპირი არჩევნებით ხდება. ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მოცემულია პრეზიდენტის უფლებამოსილება და ვალდებულებები.

კონსტიტუციის მე-3 მუხლი ეხება სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებას. სასამართლო ხელისუფლებაში შედის ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლო და მისდამი დაქვემდებარებული სასამართლოები.

კონსტიტუციის მე-4 მუხლში მოცემულია შტატების უფლებამოსილებები, მათი ურთიერთთანამშრომლობისა და ახალი შტატების წარმოშობის შემთხვევაში მათი გაწევრიანების საფუძვლები.

ძალიან მნიშვნელოვან საკითხს აწესრიგებს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომელიც ეხება კონსტიტუციაში შესწორებებისა და დამატებების შეტანის წესს. კონსტიტუციის მამებმა კონსტი- ტუციის გადასინჯვის ძალიან მყარი ფორმა დააწესეს, კერძოდ, გადასინჯვის ინიციატივა კონგრესს ეკუთვნის, რომელიც იღებს დადგენილებას 2/3-ის უმრავლესობით თითოეულ პალატაში ან შტატების საკანონმდებლო ორგანოთა 2/3-ის მოთხოვნით ამ მიზნით კონგრესის მიერ მოწვეულ კრებაზე. მიღებული შესწორებები რატიფიცირებულ უნდა იქნეს შტატების საკანონმდებლო ორგანოთა 3/4-ით ან შტატების ad hoc 3/4 მოწვეულ შეკრებაზე.*

ზემოაღნიშნული რედაქციით კონსტიტუციამ მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება, მოგვიანებით კი თანმიმდევრულად იქნა მიღებული გარკვეული შესწორებები.

6 VI. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შესწორებები

▲ზევით დაბრუნება


VI. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შესწორებები

კონსტიტუციის პროექტის შემუშავების პროცესში დელეგა- ტების ნაწილი არ ემხრობოდა აღნიშნულ პროექტს. მათ „ანტი- ფედერალისტებს“ უწოდებდნენ. „ანტი-ფედერალისტების“ მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა კონსტიტუციის პროექტში მოქალაქეთა უფლებების რეალიზაციის პროცესში ხელისუფლების ჩარევის შეზღუდვის არარსებობა. მათი მოსაზრებით, ხელისუფლებას ექნებოდა შეუზღუდავი ძალაუფლება, რაც გამოიწვევდა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას.* კონსტიტუციის მომხრეებმა („ფედერალისტები“) მოწინააღმდეგებს კომპრომისი შესთავაზეს — კონსტიტუციის კანონპროექტის რატიფიცირების სანაცვლოდ შემდგომი შესწორებები, რომელიც მოაწესრიგებდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხს.

კონსტიტუციის რატიფიცირების შემდგომ კონგრესმა წარადგინა 12 შესწორება, რომლითაც იზღუდებოდა ფედერალური ხელისუფლება. ათი მათგანი რატიფიცირებული იქნა შტატების იმ რაოდენობის მიერ, რომელიც საკმარისი იყო მათი ძალაში შესასვლელად. ეს 10 შესწორება ცნობილია „უფლებათა ბილის“ სახელით.

კონგრესის მიერ 1789 წელს მიღებული „უფლებათა ბილი“ რატიფიცირებულ იქნა 1791 წელს.* ეს ნაბიჯი ხაზს უსვამდა კონგრესის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ადამიანის უფლებათა მიმართ. მიღებული შესწორებები ითვალისწინებდა ადამიანის ისეთ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორიცაა რელიგიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, შეკრების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ა.შ., თუმცა თანასწორობის საკითხი ჯერაც პრობლემური იყო.

სხვა შესწორებებს შორის აქტუალურობით გამოირჩეოდა კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-19, 24-ე და 26-ე შესწორებები, რომლებიც ეხება მონობის გაუქმებას, აფრიკელ ამერიკელთა და ქალთა პოლიტიკური უფლებების დაცვას.*

1863 წელს პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა გამოსცა ემანსიპაციის პროკლამაცია, რომლის თანახმადაც „ყველა ადამიანი, რომელიც მონობაში იმყოფებოდა, აქედან მოყოლებული იქნება თავისუფალი. შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლება, სამხედრო და საზღვაო ხელმძღვანელობის ჩათვლით, აღიარებს დაიცავს ზემოთ დასახელებული ადამიანების თავისუფლებას“. პროკლამაციით უზრუნველყოფილი უფლებები კონგრესმა კონსტიტუციაში შესწორებით გაამყარა, რომელიც ძალაში შევიდა 1865 წელს, როდესაც ჯორჯიის შტატმა მოახდინა მისი რატიფიცირება.

ეჭვგარეშეა, რომ კონსტიტუციის მე-14 შესწორება, „უფლებათა ბილის“ შემდეგ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებათა სფეროში. 1868 წელს რატიფიცირებული შესწორების მიზანს წარმოადგენდა აფრიკელი ამერიკელების სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.* მიუხედავად მე-13 შესწორებისა, გათავისუფლებული მონების სამართლებრივი მდგომარეობა ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. საქმეში სკოტი სენდფორდის წინააღმდეგ* უმაღლესი სასამართლო არამხოლოდ იცავს მონობის ინსტიტუტს, არამედ აღნიშნავს, რომ მონები არ წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და შესაბამისად უფლებები არ გააჩნიათ. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოს ითვალისწინებს მე-14 შესწორების პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ყველა პირი, დაბადებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ კონკრეტული შტატის მოქალაქე, რომელშიც ის ბინადრობს. მე-14 შესწორება ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს: უმცირესობათა სამოქალაქო უფლებების დაცვა თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვით და ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის გარეშე ადამიანის უფლებათა შეზღუდვის დაუშვებლობა (საქმის განხილვის პროცედურა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების შესაბამისი დაცვით).

კონსტიტუციის მე-13 და მე-14 შესწორების მიუხედავად, პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა ხდებოდა რასობრივი ნიშნით. მე-15 შესწორების მე-2 პუნქტის თანახმად, კონგრესს უფლებამოსილია, მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს მინიჭებული უფლებების დაცვას. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, 1965 წელს მიღებული იქნა საარჩევნო უფლებათა აქტი, რომელიც ანიჭებს ფიზიკურ პირს უფლებას, რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევაში მინიჭებული უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.*

კონსტიტუციის მე-19 შესწორება ეხება ქალთა პოლიტიკურ უფლებებს. ქალებს აფრიკელი ამერიკელების მსგავსად, არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. 1918 წელს ვუდრო უილსონის მხრიდან ქალთა უფლებების აქტიური მხარ- დაჭერის შემდეგ კონგრესმა მიიღო მე-19 შესწორება, რომელიც ქალთა საარჩევნო უფლებებს აღიარებდა.* საარჩევნო უფლების შესახებ, ასევე, მიღებული იქნა 24-ე და 26-ე შესწორებები, რომლებიც ეხება საარჩევნო გადასახადის გაუქმებასა და  საარჩევნო უფლების განსახორციელებელი ასაკობრივი ცენზის 18 წლამდე დაწევას.*

7 დასკვნა

▲ზევით დაბრუნება


VII. დასკვნა

ნათელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტი-ტუციამ შექმნის იდეიდან დღემდე განვითარებისა და დახვეწის საკმაოდ დიდი გზა განვლო. კონსტიტუციის მთავარ პრინციპს კანონის უზენაესობა წარმოადგენს, რაც გულისხმობს ხელისუ-ფლებისა და საზოგადოების შებოჭვას კანონის საფუძველზე. საკანონმდებლო ხელისუფლებაც კი, რომელიც არჩეულია ხალხის წარმომადგენლად, ვალდებულია, პატივი სცეს და დაემორჩილოს ქვეყნის უზენაეს კანონს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვას.

ძალიან მნიშნელოვანი როლი შეასრულა ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპმა, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ხელისუფლება არ იქნებოდა ცალსახა ლიდერი ძალაუფლების განხორციელების პროცესში, როგორც ეს კონფედერაციის მუხლებით იყო გათვალისწინებული.

აშშ-ის კონსტიტუციის „წარმატება“ განპირობებული იყო სახელმწიფოს მოწყობის სწორი ფორმის შერჩევით. იმის გათვა- ლისწინებით, რომ ცალკეული შტატები საკმაოდ ფართო ავტონომიით აღიჭურვენ, ფედერალიზმი იყო ყველაზე მართებული და რელევანტური ფორმა ფედერალური და შტატების ხელისუ- ფლებათა შორის სუბორდინაციის დასაცავად.

აშშ-ის კონსტიტუციის მნიშვნელობას, ასევე, განაპირობებს ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა მისი ერთ-ერთი მთავარი იდეა იყო. სწორედ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს დაეთმო შესწორებათა უმეტესი ნაწილი, სადაც, საბოლოო ჯამში, თავისუფლება და თანასწორობა მეტნაკლებად თანაბრადაა დაცული.