![]() |
მოხუცის ნათქვამი |
![]() |
1 ტექსტი |
▲ზევით დაბრუნება |
ერეკლეს სიზმარი
ომ-გადახდილსა პატარა კახსა
ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა,
თავი მიეყრდნო უნაგირზედა,
ტანზე ნაბადი გადაეფინა.
აღარ სჩანს მტერი - ბრძოლის საგანი,
თორემ გმირს ძილსა ომი ერჩივნა.
დარაჯად ადგან შვიდნი ხევსურნი,
ერეკლეს ცხენიც ბალახსა სძოვდა:
მიგდებ-მოგდებით ყოფნას ჩვეული,
თივას და ქერსა არავის სთხოვდა.
ერეკლეს თავით უზის ხევსური,
იმ ბრძოლის გმირი ხიმიკაური,
ომის ფიქრებში არის გართული,
არც სწყურა წყალი, არც ჰშიან პური.
გამაძღარია იმ დღის მტრის ჟლეტით,
ასუყული აქვს სული და გული.
რამდენი მოჰკლა ლეკი, ოსმალო,
გუნებაში სთვლის, ვარაუდს სწევდა:
“ოცი... ორმოცი...
კიდევაც მეტი,
მხოლოდა ხმლითა”, თან ჩიბუხს სწევდა,
ხმალს დაჰხაროდა ბაწარეულსა,
ვადას ხელს სჭიდებს, თან ამოსწევდა.
ერეკლე ჰბორგავს ძილში, ქვითინებს.
“რა ესიზმრება? ვაი ჩვენს თავსა!”
სწუხან ხევსურნი, თუმცა ვერც ერთი,
რომ გააღვიძოს, ვერ ჰბედავს მასა.
თვით გაიღვიძა, არ დააყოვნა,
ლომმა ლომურად წამოიწია,
დარაჯთ ჩურჩულსა, ვიშვიშ-კურკურსა
იმავე წუთში ყური მოსწია.
“ვინა ხართ მანდა?” წარმოსთქვა გმირმა,
რა თვალი გარსა მიავლ-მოავლო.
- “ჩვენ ვართ, ერეკლევ, შენი ხევსურნი”, -
ხიმიკაური მივიდა ახლო, -
“მადლობა ღმერთსა, რომ გაიღვიძე!
დავღონდით: ძილში ძალიან სწუხდი...
შეჰშურდა, ალბათ, დღეს გამარჯვება
ჩვენი და მიტომ ეშმაკი - ქურდი
მოგაჩვენებდა სადარდოს რასმე,
დავლათიანთა ჰშურობს, ცხადია;
გული-გონება ჰსურს მოგვიწამლოს
ღვთისგან წყეულმა, მისი ფანდია”.
- “ეგ ღმერთმა უწყის, - ამბობს ერეკლე, -
მაგრამ სიზმარი კარგი ვერ ვნახე”.
ამოიოხრა გულიდან ღრმადა
და კაეშანით აღევსო სახე.
- “მაინც რა ნახე, ჩვენო ერეკლევ,
თავს შემოგევლე, ჭირი მოგპარე!
შენს ყმათაც გვინდა გულით ვიცოდეთ,
რაც შაგემთხვევა ტკბილი თუ მწარე;
შენი სვე-ბედი იგივ ჩვენია,
სიზმარი ჩვენაც გაგვიზიარე”.
- “რატომ?! იცოდეთ, რა დაშავდება,
ღვთის განჩინება ყველამ გაიგოს
და მომავალი ჩვენის ქვეყნისა
დიდმა, პატარამ ადრე შაიგნოს.
გაიგეთ, შვილნო, და ვაი ჩემს თავს,
ვაი შენ, ჩემო დიდო ამაგო:
როს დაინგრევი, ტურფავ ტაძარო,
რა მოვაგვარო, სითღა ავაგო?!
მე ის მესიზმრა, რომ საქართველოს
თავით ბოლომდე ცეცხლი ეკიდა,
თვით ჩემს სრა-სახლსა, სამეფო ტახტსაც...
მტერი სთელავდა ხალხსა ფეხითა.
ჩემი ლაშქარი აბჯარ-აყრილი
იდგა უძრავად და არა სწუხდა,
თუმცა ვიძახდი: “აბა, ბიჭებო,
უჭირს ქვეყანას!” ხმა ჩემი ჰქუხდა.
გაქვავებულან, თითქოს სტკბებიან,
რომ საქართველო ცეცხლშია სდუღდა”.
- “ღმერთმ ნუ ამყოფნეს! - ამბობს ძაღლიკა, -
ნუმც გაუთენოს მშვიდობის დილა...
მეც თუ იქ ვიყავ გაურჯელადა,
მითხარ, ერეკლევ, თავი მოვიკლა?”
- “ჩვენც იქ ვიყვენით ხელ-გაუნძრევლად?” -
აღელვდენ მასთან ხევსურნიც სხვანი:
- “თუ გაურჯელად იქ ვეყარენით,
რადღა გვინდანან წვერ-ულვაშ-თმანი?
მოგვისპოს ღმერთმა სამუდამოდა
სახევსურეთოს სავალნი გზანი!
როგორ შავუდგეთ არაგვის ჭალას,
როგორ-ღა ვნახეთ ჩვენ ჩვენი მთანი?!
- “თქვენ ვერ შეგნიშნეთ ვერც ერთი იქა”, -
ამბობს ერეკლე, ღიმილი მოსდის,
მოურჩა გული ნამტირალევი,
ფიქრები მწარე, გრძნობები გლოვის. -
“რომ ვერ ვასმინე ვერავის სიტყვა,
ვიმუქრებოდი, ვსწუხდი, ვყვიროდი.
“რამ მომიხიბლა ერი ერთგული?”
თავსა ვკითხავდი, დიდად ვკვირობდი.
რომ ვერას გავხდი, ბრაზ-მორეულსა
გამომეღვიძა... თურმე ვსტიროდი”.
- “ეგ არ იქნების, არ შაიძლების!
დაწვა ტაძრისა რა სათქმელია?
რა დავაშავეთ განა ისეთი,
ღმერთმა აიღოს ჩვენზე ხელია,
ეგრეც აღმოგვფხრას, გაგვანადგუროს
და გაალაღოს ჩვენზე მტერია?!
არ შაიძლების, ეგ არ იქნების!” -
ურჩნი ხევსურნი ამას ჰყვირიან.
- “რაც ჩვენ არ ვიცით, ძვირფასო ყმანო,
ის დაწვრილებით ცაში იციან”, -
უთხრა ერეკლემ, ორივე ხელი
მაღაღადებლად აღაპყრო მაღლა:
“მადლობელნი ვართ, ღმერთო ძლიერო,
რასაც მოგვივლენ ჭია-მღილთ დაბლა.
გებარებოდეს შენ საქართველო,
დაუსრულებლად მტრისგან გვემული!
მეტი ვერ შევსძელ, ვით ხორციელმა,
მტკიცედ დამეცვა ერი და რჯული.
შენ უპატრონე ტანჯულს ქვეყანას,
არ მოჰკლა მასში გმირული სული,
აზრი მიეცი მაღალი, მტკიცე,
სიცოცხლე მყუდრო, მოსვენებული!”
იქვე ხევსურნიც პირჯვარს იწერდენ,
აძლევდენ ბანსა ერეკლეს ლოცვას.
გადაეხადათ თავის ჩაჩქნები,
უერთდებოდენ თვით მეფის მოთქმას.
ამ დროს აღმოჩნდა აღმოსავლეთით
შვენება ცისა - დილის ცისკარი,
დაბანაკებულს ქართვლისა ჯარსა
ესროლა სხივი, როგორც ისარი.
ცისკრის ამოსვლა ერეკლეს წესით
ჯარის აშლისა ნიშანი არი.
გასცა ბრძანება... აძრახდა ბუკი,
ლაშქრის აყრასა მოსთქვამს ნაღარა.
წამოიშალა ერთს წამს ლაშქარი,
აასხეს ცხენებს აღვ
![]() |
2 ვაჟა-ფშაველა |
▲ზევით დაბრუნება |
ვაჟა-ფშაველა
| ოფიციალური სახელი: | ლუკა რაზიკაშვილი |
|---|---|
| სხვა სახელი: | ვაჟა-ფშაველა (ფსევდონიმი) |
| დაბადების თარიღი: | 14 ივლისი, 1861 |
| გარდაცვ. თარიღი: | 9 აგვისტო, 1915 (54 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | მთაწმინდის პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | პოეტი |
დაბადების ადგილი: სოფელი ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რაიონი.
8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877 - 1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883 - 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში. ვაჟას პირველი კორესპონდენცია "წერილი ხევსურეთიდან" 1879 წელს დაიბეჭდა ("დროება" №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა "ფეოდალის აღზრდა" – 1880 წელს ("ივერია", № 4); პირველი ლექსი "მეომარი" – 1881 წელს ("იმედი", № 3 – 4); პირველი მოთხრობა "სურათი ფშავლის ცხოვრებიდან" – 1881 წელს ("დროება", № 184). მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი; ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: "ალუდა ქეთელაური" (1888), "ბახტრიონი" (1892), "სტუმარ-მასპინძელი" (1893), "გველის მჭამელი" (1901) და სხვ. ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: "შვლის ნუკრის ნაამბობი" (1883), "ხმელი წიფელი"(1888-1889), "ქუჩი" (1892), "მთანი მაღალნი" (1895) და სხვ.; დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა "მოკვეთილი" (1894); იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს "ლაშარობა" (1888), "ფშავლები"– "ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ.,1979.-გვ.296