The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

კრწანისის ყაყაჩოები


კრწანისის ყაყაჩოები



XX საუკუნის ქართული ლიტერატურა სკოლაში

კრწანისის ყაყაჩოები

ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,

ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა?
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყებს, ზეცა მაბრმავებს კრალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად,
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?
ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!
ოჟა ჟურხაის ფარისა - მტერთან ბრძოლაში დაღუპული ვაჟკაცის ჯურხას ფარი, რომელიც ომის წინ თურმე ნიშანს იძლეოდა.

1 ასათიანი ლადო

▲ზევით დაბრუნება



ლადო ასათიანი


ოფიციალური სახელი: ვლადიმერ ასათიანი
დაბადების თარიღი: 14 იანვარი, 1917
გარდაცვ. თარიღი: 23 ივნისი, 1943 (26 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ლექსების გამოქვეყნებისთანავე თვალსაჩინოდ გამოვლინდა მისი პოეზიის თავისებურება, რომელიც ორგანულად იყო დაკავშირებული ხალხური ზეპირსიტყვიერების სისადავესა და უშუალობასთან, XIX საუკუნის ქართული კლასიკური ლირიკის ტრადიციებთან. ასათიანის პოეზიის არსებითი თვისებაა მაჟორული ხმოვანება და ეროვნულ-პატრიოტული განწყობილება. ეს განწყობილება ბატონობს მის პატრიოტულ ლირიკაში ("სალაღობო", "კრწანისის ყაყაჩოები", "ცხრა ძმა ხერხეულიძე"), ძველი საქართველოს ყოფისა თუ პოეტის ბავშვობის ამსახველ კოლორიტულ სურათებში, ფიროსმანისამდი მიძღვნილ თავისებურ ციკლში ("ფიროსმანის დუქანი", "სასაფლაო", "ანდერძი") და სხვ. ნაადრევი სიკვდილის წინათგრძნობით აღძრული მწუხარე ფიქრები დაძლეულია სიცოცხლის შეუპოვარი რწმენით, რისი სათავეც მამულის სიყვარულია. საქართველოს ისტორიის მძაფრი პერიპეტიები ასათიანის პოემებსა ("სპინძა", "ბასიანის ბრძოლა") და ლექსებში განუყოფლად ერწყმის თანამედროვეობის ცხოველ განცდას. მის პოეზიას განსაკუთრებულ ელფერს სძენს ფრაზის სისადავე, სიტყვის მუსიკალობა, აზრის აფორისტული სიზუსტე, ტევადობა და წრფელი არტისტიზმი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.62

ბიბლიოგრაფია