![]() |
ასი წლის თავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან |
![]() |
1 ტექსტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 I |
▲ზევით დაბრუნება |
|
ასი წლის თავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან
1 ამ-სახით, ამ ქართველებისათვის ღირს-სახსოვარს დღეს მეფე ერეკლეს გარდაცვალებისას პატივი სცეს მისმა ბრწყინვალებამ მთავარმართებელმა თავადმა გოლიცინმა და უმაღლეს მოხელეობის წარმომადგენელთა, დიდი და პატარა ქართველობისა მოვიდა, რომ ლოცვა-კურთხევით მოიხსენოს განსვენებული მეფე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალ-ამოღებული ჰპატრონობდა და თავგამომეტებით, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ინახავდა ყველა მილეთის და თესლი კაცს, ვინც-კი შემოკედლებულნი იყვნენ მისს საფარველ ქვეშ, რომელმაც ზედ შეაკლა ტფილისს თვისნი შვილნი, თვისნი ქართველნი, რომ ტფილელნი გადაერჩინა ძარცვა--ტაცებასა და ტყვეობისაგან, რომელმაც თუმცა უკანასკნელ დროს ვერ იხსნა ტფილისი წახდენისაგან, მაგრამ თავისი უკეთესი ძალ-ღონე ხომ შეალია, უკეთესი მამულისშვილნი ხომ შეაკლა და მტლად დაუდო. სხვა არა იყოს-რა, ერეკლე ბრწყინვალე მეფე იყო საქართველოსი და ტფილისი მისი სატახტო ქალაქი!.. რით გადაუხადა ესეთი ღვაწლი ტფილისმა მართლა-და მისთვის ღვაწლით-მოსილ მეფეს იმ დღეს, როცა ქართველობამ მისდა საოხად და სახსენებლად წირვა-ლოცვა გადაიხადა? მით, რომ ტფილისის საბჭომ და გამგეობამ არც კი იკადრა წირვასა და პანაშვიდზედ დასწრებოდა. თუ მთელი კრებული საბჭოსი და გამგეობისა მეტის-მეტი პატივი იქნებოდა, მათის გაკადნიერებულ აღმატებულობის ფიქრით, ერთი ორი წევრი მაინც გამოეგზავნათ!.. ვთქვათ არც ეს იკადრეს და არ დაიმდაბლეს აღვირაშვებული თავი, თვით ქალაქის მოურავის მოადგილემ რატომ არ დაინახა საჭიროდ, რომ ამისთანა დღეს პატივი ეცა ქართველებისათვის და მობრძანებულიყო ეკლესიაში! რას შეუფრთხა? ნუთუ მომავლინებელთა თვისთა? მოვლინებულმა არ უღალატა განა თვისთა მომავლინებელთა და მათის უმართებულობის წინაშე დაივიწყა მოვალეობა ქალაქის მოურავის თანამდებობისა!..
ეხლა ვკითხოთ იმათ, ვინც ყურები გამოგვიჭედა ძმობისა და ერთობის ქადაგებითა და
ღაღადითა: რის მომასწავებელია ასეთი უმართებულო საქციელი მთელის იმ წყობისა,
რომელთაც დღეს ხელთ უჭირავს პატრონობა ჩვენის ქალაქისა? ნუთუ ეს დღე იმისთანა დღე
იყო, რომ ასე ყურები გამოიჭედეს ბამბითა და სამარცხვინოდ თვალი დაიხუჭეს, მითამ და
აქ არაფერიაო? ნუთუ ამას იქითაც იტყვით, რომ ეხლანდელი „მამანი ქალაქისა“ მართლა
ქალაქის წარმომადგენელნი არიან და მისის სურვილების გამომეტყველნი და არა მარტო
ერთგვარ წყობისა, რომელსაც მეორე ნაწილთან, ქართველობასთან არავითარი კავშირი და
ერთობა არა აქვს, და არც სურს რომ ჰქონდეს? განა ესე ექცევიან ძმები ერთმანეთს?
განა ერთის ძმის სადიდებელი მეორისათვის პატივსაცემელი მაინც არ უნდა იყოს,
სადიდებელს ნუღარ ვიტყვით? სიტყვით რომ ძმობას იძახით, საქმით რათა ხართ ეგრე შორს?
ძმობა განა ჭირისა და ლხინის გაზიარება არ არის? ესეც თქვენი მოწონებული და
მრავალთათვის თვალებ-ასაფარებელი „классовая борьба“-ა? ნუთი აქაც ეგ „борьба“
ჰლაპარაკობს, და არა გულჩახვეული, უტყვი ავგულობა იმათ მიმართ, ვის ძმობასა და
ერთობას ეგრე ებღაუჭებიან, და ვის სადიდებელს და ღირს-სახსოვარს დღეს ეგრე
უკადრისად, უმართებულად და უზრდელად ექცევიან!.. ვისაცა გქონან ყურნი სმენად,
ისმინეთ!.. |
![]() |
1.2 II |
▲ზევით დაბრუნება |
II ტფილისი, 21 თებერვალი, 1898 ამ თებერვლის 22-სა დღესა შესრულდება ასი წელიწადი მას აქეთ, რაც მეფე ერეკლე მიებარა მიწას და დასაფლავებულ იქმნა მცხეთის სამეუფეო ტაძარში. ამ დღეს მისს საფლავზე გადახდილ იქნება წირვა და პანაშვიდი და ქართველობა ერთხელ კიდევ ეტყვის საუკუნო ხსენებას სახელოვანს გვირგვინოსანსა. ხსენება ღვაწლით-მოსილ მამულიშვილსა, მეფეა, თუ უბრალო სიკვდილის შვილი, სესხი და ვალია შთამომავლობისა. საფლავი ქვეყნის მოღვაწე ვაჟკაცისა წმინდა სალოცავია მამულისათვის, თუ ერი ერობს და „სამარისკენ ფეხი არ გაუშვერია“. მაგრამ საკმაო-კია მარტო სიტყვით, მარტო ლოცვა-კურთხევით ხსენება? ეს ყოველი ხომ წავა და გათავდება, სხვა რა დაგვრჩება, რომ მართლა საუკუნოდ სახსენებელი იყოს ჩვენთვის ამისთანა კაცი? თვითოეულის ადამიანის საფლავის ქვეშეო, - ამბობს გერმანიის სახელგანთქმული პოეტი ჰეინე, - დამარხულია მთელის ქვეყნიერობის ისტორიაო. თუ ეს ითქმის ყველა ადამიანზე თვითოეულად, მაშ უფრო ბევრ-რიგად მართალია თ. გ. ორბელიანი, რომ მეფე ერეკლეზე სთქვა: „დიდება საქართველოსი მასთან მარხია სამარესაო“. უფრო ზედმიწევნით დაგვიხატა დიდბუნებოვანობა მეფე ერეკლესი თვით ქართველმა ერმა და ორ სამ სიტყვაში გამონასკვა მთელი ღვაწლ-მოსილობა გვირგვინოსან გმირისა, როცა იგრძნო, რომ მეფე ერეკლე დაჰკარგა და „მამული ვეღარ იხილავს ერეკლეს ხმალსა მღელვარეს“. ერმა ამისთანაებში უფრო მოსწრებული და ზედ-გამოჭრილი სიტყვა იცის, იმიტომ რომ ბაგენი მისნი მეტყველობენ მარტო ნამეტანობისაგან გულისა, ესე იგი მაშინ, როცა გული სავსეა. „ვერ გაიგითა, ქართველნო, შეგეხსნათ რკინის კარია, აღარ გყავთ მეფე ერეკლე, ბაგრატიონთა გვარია“-ო, ასე ამოიკვნესა ერმა, როცა დასტიროდა გვამს თავისის სახელოვანის მეფისას. მეფე ერეკლე რკინის კარი იყო საქართველოსი. აი მისი ისტორიული ხატი ეს არის, და თუ არ დიდ-ბუნებოვანს კაცს, სხვა ვის შეუძლიან რკინის კარობა გაუწიოს ქვეყანას? ერის ასეთი მოწმობა უტყუარი საბუთია მეფე ერეკლეს დიდ-ბუნებოვანობისა. ეს რკინისკარობა პატარა კახისა ოთხ კედელ შუა მოგონილი და ხელად გამომცხვარი ეპითეტი კი არ არის, ეს სიტყვა ერის გულით შობილი და ერის ელდაცემულ გულიდამვე ამოფეთქებული, ვითა თოფის წამალი, როცა ცეცხლი ეცემა. აქ ლაპარაკობს თვით ერი, რომელიც ამისთანებში მეტის-მეტად სიტყვა-ძვირია და თავდაჭერილი და არა ჰგავს კარჩაკეტილს მწიგნობარსა, რომლისათვისაც დაუვალებიათ უსახელოს სახელი რამ მიაკეროს მახლობელთა სანუგეშოდ. ხმა ერისა და ხმა ღვთისაო ისე არ გამართლდება ხოლმე, როგორც ამისთანაებში, იმიტომ რომ ერის მიერ ქება უდიდ-ღვაწლოთ ძნელი საშოვარი განძია, და ბევრი სახელდებული ისტორიაში კაცი ვერ დაიქადებს, რომ იგი სახელი თვით ერისაგან მიჰმადლებოდეს. ზემოთა ვთქვით, რომ ხსენება დიდ-ბუნებოვანის მამულის-შვილისა შთამომავლობის მოვალეობაა. ერთი დარგი ამ მოვალეობისა ის არის, რომ წირვა და ლოცვა გადავიხადოთ მისი სულის საოხად და განსასვენებლად მართალთა შორის. ამას ითხოვს ჩვენი რჯული, ქრისტიანობა. ეს წესი, რასაკვირველია, პირველ ყოვლისა უნდა ავასრულოთ. ხოლო ეს არ უნდა ვიკმაროთ. საქმით რითიმე მართლა საუკუნოდ სახსენებელი უნდა გავიხადოთ სახელი მეფის ერეკლესი. სამადლო საქმე რამ უნდა შევქნათ და სახელი ერეკლესი დავარქვათ. რა საქმეა იმისთანა, რომ მით საუკუნოდ ხსენებულ იყოს სახელი განსვენებულის მეფისა? ბევრ-გვარი გაჭირვება გვიძევს წინ და ძნელია კაცმა ერთი ისეთი ამოირჩიოს, რომ მეორე არ გაჰნანდეს, მეორესთვის გული არ ეტკინოს. სახსარი კი ცოტაა. აი, მაგალითად, გუშინ ჩვენ გაზეთში დაბეჭდილი იყო, რომ ტაძარი მცხეთისა შესაკეთებელია, წვიმა ჩამოდის, და ლამის ეს ძველი ნაშთი ჩვენის დიდებისა დაირღვას, და ჩამოიქცესო. განა გულ-გასაგმირავი ამბავი არ არის ესა? მაგრამ რით უშველოთ? რა გზა და სახსარი გვაქვს ამისათვის? მეორეს მხრივ, მოდით და ამისთანა ამბავს ყურს ნუ ათხოვებთ! რა ვქნათ? მეტი გზა არ არის, ბევრ გაჭირვებიდამ ერთი იმისთანა უნდა ავირჩიოთ, რასაც ჩვენს ღონეს გავაწვდენთ და სხვა ყოველი გაჭირვება გულის-ტკენით და ნანვით ჯერხანად თავისს სვე-ბედს უნდა მივაჩემოთ. თ. ივ. სულ. ჭავჭავაძემ ერთი კარგი სარჩიელი დაუყენა თვალწინ ჩვენს თავადაზნაურობას: არწრუნისსეულის ქარვასლის შემოსავლიდამ, რაც ხარჯს გადარჩება, ყოველ-წლივ გადაიდოს რამოდენიმე ნაწილი და ამ-გზით შეგროვდეს იმოდენა ფული, რომ მისის სარგებლით შემწეობა ეძლეოდეს ღარიბ მოსწავლეთა უმაღლეს სასწავლებელში. აზრი მშვენიერია, ადვილად ასასრულებელიც, მეტის-მეტად სასარგებლო და განსახორციელებლად დაუყონებლივ საჭირო. ამ ფულს დაერქმევა სახელი მეფის ერეკლესი. რა თქმა უნდა, არც უმისობა იქნება, რომ გარეშე კაცთაც ამ მართლა სამადლო საქმეს თავისს შეძლებისა-გვარად თავისი წვლილი არ მოაწოდონ, ოღონდ-კი თავად-აზნაურობამ სარჩიელი თ. ივ. სულ. ჭავჭავაძისა მიიღოს და საზოგადოებას გაზეთების შემწეობით ხმა მისცეს, რომ შემოსწირონ რამ, და იმედია, რომ ეს არ დარჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოში. თუ ეს საქმე შეასრულა ჩვენმა თავად-აზნაურობამ, ჟამთა-გაუთავებელი საუკუნოდ სახსენებელიც ეს იქნება მეფის ერეკლისა, რადგანაც თავნი ფულისა უსათუოდ ხელუხლებლად დადებული იქნება, მარტო სარგებელი წავა ღარიბთა მოსწავლეთა შესაწევრად, და ამ-სახით წყარო განუწყვეტლად ედინება ჟამთა დათავებამდე. აი, ჭეშმარიტად მადლიანი საქმე და ღირსი მისის დიდის სახელისა, ვისიც საუკუნოდ ხსენება ასე სანატრელია ჩვენთვის და ვისთვისაც საქართველოს შვილთა განათლება და სწავლა-ცოდნით შემოსვა დაუძინებელი სურვილი იყო. ამისთანა საქმეში სათნოება მადლისა და დიდება სახელისა ხელი-ხელ ჩართულნი იქნება და-ძმურად. მადლი თავისს სათნოების დიდებისთანას სხვას უკეთესს და უტურფესს ამხანაგსა და თანამგზავრს ვერ უშოვით, და დიდებას სათნოებისთანას. სათნოება და დიდება, როცა და-ძმურად ერთად ვლიან, ყველა სხვა და-ძმობაზე უმაღლესნი, უტკბილესნი და უმშვენიერესნი და-ძმანნი არიან, და ნეტარ არს იგი, ვისიც დიდება მხარს უმშვენებს სათნოებას და სათნოება - დიდებასა. ამ ნეტარებას ნუთუ დავიშურებთ იმ კაცის სახელისათვის, ვინც ორმოც-და-თორმეტი წელიწადი „რკინის კარი“ იყო საქართველოსი!..
ამისთანა სახსენებელი ანდერძს ეგვანება, იმ ანდერძს, რომელიც ისაქმებს ჟამთა
დაუთავებლად ერეკლე მეფის სახელითა. ისაქმებს იმ დიდ-სათნოებიან საქმითა, რომელსაც
სწავლა-განათლება ჰქვიან და რომლისთვისაც ისე გულდადებით და გულისტკივილით იღწვოდა
აწ განსვენებული გვირგვინოსანი, რაც შეეძლო, როცა დრო და ჟამთა ვითარება ათასში
ერთხელ ამისთვის მოაცლიდა. ეს ხელთუქმნელი მაგრამ დიდად საგრძნობელი სახსოვარი
თავის-თავად იღაღადებს დღე-მუდამ, რომ სახელოვანი ერეკლე მისთანა კაცი ყოფილა,
რომელსაც შთამომავლობისაგან სამართლიანად ეთქმის: „მოკვდა და თავისის ანდერძით აწ
ისევ ჰსაქმობს მკვდარიო“. |
![]() |
2 ჭავჭავაძე ილია |
▲ზევით დაბრუნება |
ილია ჭავჭავაძე
| დაბადების თარიღი: | 8 ნოემბერი, 1837 |
|---|---|
| გარდაცვ. თარიღი: | 12 სექტემბერი, 1907 (69 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | მთაწმინდის პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, წმინდანი |
დაბადების ადგილი: სოფელი ყვარელი, ყვარელის მუნიციპალიტეტი.
დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. დაიბადა გაღარიბებული თავადის ოჯახში. 1848 წლიდან სწავლობდა თბილისის კერძო პანსიონში; 1852 წლიდან - თბილისის გიმნაზიაში, 1857-1861 წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლები მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის მომზადებისა და მწერლის ფორმირების სრულყოფისათვის. ამ წლებშივე დაიწერა ი. ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით განმსჭვალული, ფართო საზოგადოებისათვის რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა "აჩრდილი" (1859 წ.), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე ღრმა დაფიქრების ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენით არის გამსჭვალული; "ქართვლის დედა" (1860 წ.), "კაკო ყაჩაღი", "მუშა", "ელეგია" და სხვ. ამავე პერიოდს ეხება მისი მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში. ი. ჭავჭავაძის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდი განცდა და მღელვარება აისახა მის ნაწარმოებებში. კერძოდ, "მგზავრის წერილებში", რომელიც არა მარტო ავტორის ან "თერგდალეულების" მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავს. 1863 წელს ი. ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი "საქართველოს მოამბე", მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა. საქართველოში დამკვიდრებული ი. ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა მას. 70-90-იან წლებში დაიწყო ი. ჭავჭავაძის მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა და წერილების გამოქვეყნება, რომლებშიც ვლინდებოდა მისი ძლიერი ინტელექტი, ფაქტებისა და მოვლენების იშვიათი აღქმისა და გაანალიზების უნარი. მის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაეთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ი. ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.378