The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სიბრძნის ხიდი მეცნიერებასა და სარწმუნოებას შორის


სიბრძნის ხიდი მეცნიერებასა და სარწმუნოებას შორის


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ანანია [ჯაფარიძე] (მთავარეპისკოპოსი)
საავტორო უფლებები: © მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
თარიღი: 2001
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II სიტყვა წარმოთქმული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ დიდ საბჭოზე 2001 წლის 19 ოქტომბერს.

▲ზევით დაბრუნება


„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო რექტორო, პროფესორ-მასწავლებლებო, სტუდენტებო, ქალბატონებო, ბატონებო!

მე მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები თქვენთან ერთად. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ისტორიული დღე, როცა ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუძვნდება თეოლოგიის კათედრა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ რამდენად რთულია ეს დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები მეცნიერებაში და ტექნიკაში წინ, მაგრამ, ამავე დროს გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები უკან რწმენაში და სულიერ საქმეში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მეცნიერება და ტექნიკა ეს არის ღვთის დიდი მადლი. მაგრამ ძალიან საშიშია მეცნიერება და ტექნიკა არასულიერი ადამიანის, ურწმუნო ადამიანის ხელში... აი, ამიტომ მიმაჩნია მე, რომ ღვთისმეტყველების კათედრის დაფუძვნება ტექნიკურ უნივერსიტეტში დროული და აუცილებელია. მართლაც, დღეს სულიერების, სიყვარულის საოცარი დეფიციტია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღდგეს ეს ჰარმონია სულსა და მატერიას შორის.

თქვენ კარგად მოგეხესენებათ, რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში იყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაშია რწმენა და ცოდნა. ამას შეეხო ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი, მან თქვა, რომ პირველადი არის რწმენა და ცოდნა რწმენაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს, აგრეთვე, რომ არ არის საკმარისი ადამიანი იყოს მორწმუნე, მას აუცილებლად ცოდნა უნდა ახლდესო და ის ასეთ დასკვნას აკეთებს: „მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა“.

თქვენ გახსოვთ, რომ ეს სახარებიდან ამოღებული სიტყვებია, აზრია, თქვენ გახსოვთ, რომ ჯვარცმის წინ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ეუბნება მოციქულებს: „მეგობარნო ჩემნო“.

ამიტომ ჩვენ საპატრიარქოში ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ღვთისმეტყველების კათედრამ იმუშაოს, რომ თქვენ ცოდნა მიიღოთ, მაგრამ ამავე დროს, ვისაც სურს, რომ ღრმა ღვთისმეტეყველი იყოს, ღრმად ჩასწვდეს ღვთისმეტეყველებას, აუცილებლად საჭიროა ცოდნა, აუცილებლად საჭიროა ღრმა მეტყველება, ფილოსოფიური აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება.

თქვენ გახსოვთ დიდი ღვთისმეტყველები: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი... უპირველეს ყოვლისა, მათ შეისწავლეს ანტიკური ფილოსოფია და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ფილოსოფია გამხდარიყოს საფუძველი თუ მსახური ღვთისმეტყველებისა. ასეთი გამოთქმაც არსებობს: ფილოსოფია არის მსახური ღვთისმეტყველებისაო. ამიტომ ცოდნა საჭიროა, ღრმა აზროვნება საჭიროა და მე მოგიწოდებთ ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომ ყოველდღიურად თქვენი განუყოფელი მეგობარი და თანამგზავრი იყოს წიგნი. მე არა ერთხელ შევეხე ამ საკითხს და ვფიქრობ, რომ სასკოლო პროგრამაში აუცილებლად უნდა შევიდეს ღრმა აზროვნება. ჩვენ ბავშვებს პირველი კლასიდან უნდა ვასწავლოთ ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნება და საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღებთ მოაზროვნე ახალგაზრდობას. მე გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს.

მე ასე წარმომიდგენია ღვთისმეტყველების კათედრის მუშაობა: აქ არის ზღვა მასალა. ადამიანმა შეიძლება ყველაფერი იცოდეს ზერელედ, ზედაპირულად და ზოგადად. რა თქმა უნდა, ყოველმა ჩვენგანმა, უნდა ისწავლოს, მაგრამ ეს სწავლა მე ასე წარმომიდგენია: ყოველმა ჩვენგანმა, ყოველმა თქვენგანმა რომელიმე წმიდა მამა უნდა აირჩიოს, დავუშვათ, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ნეტარი ავგუსტინე და მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე უნდა სწავლობდეთ ამ წმიდა შრომებს, თუ რა არის და არ არის თარგმნილი ქართულად, რა არის რუსულად, რა მოიპოვება ბერძნულ ენაზე და თქვენ ამა თუ იმ წმიდა მამის სპეციალისტი იქნებით.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ, მაგალითად, გრიგოლ ღვთისმეტყველი იმავე დროს პოეტი იყო. გრიგოლ ღვთისმეტყველს ზედმეტსახელად „გონება“, „განუსაზღვრელი გონება“ დაარქვეს.

აი, ასე წარმომიდგენია მე აქ თეოლოგიის კათედრის მუშაობა. ეს არ უნდა იყოს მარტო რაღაც პატარა ჯგუფი, თუ წრე. ამ ღვთისმეტყველების კათედრამ მარტო თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტობა კი არ უნდა მოიცვას, არამედ საერთოდ ჩვენს ეკლესიაში და ჩვენს საქართველოში უნდა დანერგოს, რომ ყოველი თქვენთაგანი ამა თუ იმ წმიდა მამის სპეციალისტი იყოს. ასე რომ, ახლავე იფიქრეთ თუ რომელ წმიდა მამას აირჩევთ.

მე გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და მოგახსენებთ, რომ კათედრის გამგედ არჩეულია მთავარეპისკოპოსი მეუფე ანანია, რომელიც წმიდა სინოდში თავისი ერუდიციითა და ღრმა აზროვნებით გამოირჩევა და მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი არჩევანია. ეს არის თქვენი დიდი დამსახურება და, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ბატონი რექტორის დამსახურება და მადლობას ვწირავ მას“.

2 მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის სიტყვა

▲ზევით დაბრუნება


„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ბატონო რექტორო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს პატივცემულო წევრნო, ყოვლადსამღვდელო მეუფენო, ქალბატონებო და ბატონები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მთელი ქართველი ერისათვის წარმოადგენს მეცნიერების, კულტურისა და განათლების საამაყო კერას, სასწავლო სამეცნიერო დაწესებულებას, სადაც აღზრდილი მაღალკვალიფიციური კადრები დაუღალავად იღწვიან ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამიტომაც აქ თეოლოგიის კათედრის დაარსებას და მის კურთხევას უწმინდესისა და უნეტარესის კათალიკოს პატრიარქის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. თეოლოგიის კათედრის დაფუძვნება ერთი ნაწილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ დიდი პროგრამისა, რომლის მიხედვითაც საუნივერსიტეტო ტექნიკური განათლება ამასთანავე ჰუმანიტარული განათლების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანას, მის გაფართოებას, გარღმავებას, პროფესიონალი ინჟინრის მიერ ეროვნული სულიერი კულტურის გათავისებას და მისი ეროვნული ფენომენის მატარებელ მოქალაქედ აღზრდას გულისხმობს. თეოლოგიის კათედრას ამ მხრივ დიდი მისია ეკისრება. მის მუშაობას საფუძვლად დაედება უწმინდესისა და უნეტარესის ილია II სწავლება რწმენისა და ცოდნის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. მან ბრძანა:

„დღეს ჩვენს ინტელიგენციას იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე თვითონ გრძნობს. ის როლი, რასაც თავის დროზე სამეფო დინასტია, თავადაზნაურობა ეკლესიასთან ერთად ასრულებდა, დღეს ინტელიგენციამ უნდა იტვირთოს. იგი უნდა იქცეს ერისათვის ჭეშმარიტი გზის მკვალავად, ეროვნული მრწამსის, კულტურისა და ხელოვნების დამცველად. ამიტომაც, ხელი უნდა შევუწყოთ მისი ნიჭისა და მაღალი თვისებების მაქსიმალურ გამოვლენას ერისა და ღვთის სამსახურად.

თუ ნორმალური საზოგადოების შექმნა გვსურს, ჩვენმა ინტელიგენციამ, ერისმთავრებმა უპირველესად მოზარდი თაობის სწორ აღზრდაზე უნდა იზრუნოს, ადამიანის ბუნება დაცემულია და ჩვენი ცოდვისმიერი თვისებანი ასაკისდა მიხედვით გამოვლინდებიან. ამიტომაც, ახალგაზრდებმა თავიდანვე უნდა ისწავლონ ავისა და კარგის გარჩევა, ბოროტებასთან ბრძოლა და უფლის შეწევნით დაძლიონ მანკიერი მიდრეკილებანი.

მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სხეულისა, მისი შეცვლით ან დაკარგვით ჩვენ ქართულ სულს ვკარგავთ. ამისი მაგალითი ბევრი გვაქვს“.

უწმინდესი ილია II კვლავ ბრძანებს: „საქართველოს კულტურული, ინტელექტუალური, თუნდაც მატერიალური პოტენციალის აღორძინება სულიერი ამაღლებით უნდა დაიწყოს. მეცნიერების და მის წარმომადგენელთა სულიერება იქნება სათავე ჩვენი ქვეყნის განახლებისა. ინტელიგენციაში დიდი პოტენციური ძალაა. წარსული დროის უმძიმეს პერიოდებშიც მოაზროვნე ფენა ჩვენი ქვეყნისა ხალხში ნერგავდა განათლებისა და სოციალური პროგრესის მაღალ იდეალებს. ერთდერთი რაც მას აკლდა ეს იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების სრული გააზრება. თავისი ფუნქციის სწორად შეფასებას და შესრულებას ინტელიგენცია მხოლოდ მაშინ შესძლებს, როცა თავის ცოდნას რწმენას უკავშირებს. ოდენ ამ შემთხვევაში მიაღწევს ის დიდ და სასურველ შედეგებს“. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწმიდესი პატრიარქის მიერ მოხმობილი მაგალითი II საუკუნის ცნობილი მეცნიერის კლიმენტი ალექსანდრიელისა, რომელმაც შეიმუშავა მოძღვრება რწმენისა და ცოდნის შერწყმისა. მას უწოდებენ პირველ ქრისტიან მეცნიერს. მართალია, იგი მღვდელი, სასულიერო პირი იყო, მაგრამ სამოძღვრო საქმიანობით არ იფარგლებოდა. კლიმენტი ალექსანდრიელის თანახმად ქრისტიანები ორ ჯგუფად იყოფიან, მონანი ღვთისა და მეგობარნი უფლისა. ეს უკანასკნელი რწმენისა და ცოდნის წყალობით ამაღლდნენ სულიერი და მისტიკური ჭვრეტის საფეხურებამდე და განვლეს სრულყოფის გზა ღვთის მონიდან - ღვთის მეგობრამდე. მაგრამ კლიმენტის აზრით, არც ცოდნაა საკმარისი, ამასთანავე საჭიროა სიკეთის ქმნა, ურომლისოდაც შეუძლებელია აღსრულება ღვთის მცნებებისა და მიმსგავსება შემოქმედისა.

სიკეთის ქმნით, უანგარო სიყვარულის მეშვეობით პიროვნება თანდათან თავისუფლდება შურის, სასოწარკვეთილების, შიშის, ბოროტების და სხვა ვნებებისაგან. მას უყვარს ყველა, ცდილობს მათ დაახლოებას ღმერთთან, თვითონაც სიყვარულის მადლით ამყარებს მუდმივ, ლოცვით ურთიერთობებს უფალთან.

თუ პიროვნებას, მით უმეტეს მეცნიერს, არა აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არა აქვს სულიერი საგანძური და მისთვის ერთადერთი ურყევი ავტორიტეტი არ არის ღვთის მცნებები, მაშინ მისი ნებისმიერი იდეა თუ გამოგონება ერის, კაცობრიობის საწინააღმდეგოდ მობრუნდება“.

სარწმუნოებისა და მეცნიერების დაკავშირების შესახებ წმიდა ილია მართლის ცნობილი მოძღვრება მარად უკვდავია და მისი გახსენება ყოველთვის საჭიროა: „ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი არიან, მაგრამ ამ ორ სამფლობელოს შორის შემაერთებელი ხიდი არის სიბრძნე. გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება არის წყარო ერის მსახურებისა, ღვაწლისა, მადლისა და საქმისა, რადგანაც კაცთათვის მსახურება მსახურებაა ღვთისა.

მეცნიერება და სარწმუნოება შეიძლება ორ მძლავრ ფრთას შევადაროთ, რომელზეც დაყრდნობითაც ქართველ ერს შეუძლია კვლავ მოიპოვოს სულიერი და სახელმწიფოებრივი სიძლიერე. ახალი თაობა, უთუოდ, კვლავ, გადებს შემაერთებელ სიბრძნის ხიდს მეცნიერებასა და სარწმუნოებას შორის.

წყარო ერის ბედნიერებისა, დიდი ილიას თქმით, ცოდნა და განათლებაა: „სწავლის და ცოდნის შეძენა იმ ძვირფასი თესლის შეკრებას ჰგავს, რომელიც მშობელ ქვეყანას უნდა მოჰფინონ ერთი ათასად მოსამკელად“.

ჩვენი წმიდა სამოციქულო ეკლესიის წევრთათვის საამაყოა, რომ ძველ საქართველოში სწავლისა და ცოდნის კერებს ეკლესია-მონასტრები წარმოადგენენ. უფლისადმი მადლიერების გრძნობით უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა და იშვა დიდი ქართული მწერლობა. ითარგმნა წმიდა წერილი, საფუძველი ჩაეყარა ქართულ ლიტერატურას. პირველი მწერლები სასულიერო პირები იყვნენ და შესაბამისად ეროვნულ ლიტერატურას XI საუკუნემდე სასულიერო სახე გააჩნდა. ძველი ქართული მეცნიერება, ისტორიოგრაფია ეკლესიის წიაღიდან სულიერად განამტკიცებდა ქართველობას, აყალიბებდა იდეოლოგიას ერის კონსოლიდაციისა და გამთლიანებისათვის. ქართული ეკლესიის წიაღში იშვა ყველა ჩვენთაგანისათვის საამაყო ძველი ქართული არქიტექტურა, მხატვრობა, სატაძრო მუსიკა. ყოველივე ეს ქმნიდა ქართული სულიერების გარეგან სახეს, მაგრამ რაც შედარებით არსებითია, ეკლესია ზრდიდა მორწმუნე, ღმერთთან შერიგებულ, ღვთის მოყვარულ და ღვთის მოშიშ მრევლს.

ამიტომაც, ქართველი ადამიანი ყოველთვის იყო სულიერად მტკიცე, ძლიერი. შეეძლო მოქალაქეობრივ-პატრიოტული მოვალეობის აღსრულებასთან ერთად პირადი ზნეობრივი განწმედა, თავის ცოდვის დანახვა. მასში ძლიერი იყო ხმა უფლისა, ხმა სინდისისა, გააჩნდა სინანულის გრძნობა ჩადენილი ცოდვების გამო და სურვილი იმისა, რომ ყოფილიყო ცოდვებისაგან განწმენდილი, წმიდა წინაშე ღვთისა. შესაბამისად ეძლეოდა კიდეც უფლისაგან მადლი, კურთხევა, უნარი მოყვასის, გვერდით მდგომი ადამიანის სიყვარულისა. უფალი ღმერთი ქართველ ერს ანიჭებდა კეთილდღეობას, უმტკიცებდა სახელმწიფოებრიობას, აძლევდა საშუალებას აღეზარდა კიდევ უფრო უკეთესი ახალი თაობა, თუმცა, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად, სულიერი მოდუნება, დათმობა როგორც სულიერი, ისე გარეშე მტრისადმი, ამრავლებდა ცოდვებს, შესაბამისად ისჯებოდა ქვეყანა, იშლებოდა ნაწილებად, ერთმანეთთან მებრძოლ, ერთმანეთთან მოქიშპე რეგიონებად, რაც აუძლურებდა ქართველობას, დაბლა სცემდა სულიერებას.

რეგიონებად დაშლილ-დანაწევრებულ და კუთხური ცნობიერებით დასუსტებულ ქართველ ერს XIX საუკუნეში სახელმწიფოებრიობაც მოუსპეს, ხოლო XX საუკუნეში ათეისტური ხელისუფლება შეეცადა მთლიანად ამოეძირკვა მისი სულიერება. ამასთან დაკავშირებით, კირიონ კათალიკოსი წინასწარმეტყველებდა კიდეც 70 წლის წინ ათეისტების ბატონობის დამკვიდრებისას, ის ამბობდა:

„გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ამ უკანასკნელ წლებში ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერი გაველურების, გახრწნის კარამდე“.

გავიდა უღმერთო ათეისტების ბატონობის 70 წელი. ღვთის შეწევნით ერი გადაურჩა ფიზიკურ გადაშენებას, მაგრამ „სულიერ გაველურებას და სულიერ გახრწნას“ თავი ვერ აარიდა. ეს გამოჩნდა უკანასკნელ წლებში ე.წ. სამოქალაქო ომის დროს, როცა საქართველომ დაკარგა ძირძველი მიწა-წყალი აფხაზეთსა და სხვაგან. ეს ჩანს აგრეთვე, ერის მაცოცხლებელი სულის - ეკლესიისადმი დამოკიდებულებითაც და იმ ნიჰილიზმით, რომელიც ამჟამად არსებობს საზოგადოებაში.

წმიდა კათალიკოსმა ამბროსი ხელაიამ, ჯერ კიდევ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ერი და ეკლესია, ყოველი მოქალაქე ქვეყნისა მოვალეა, როდესაც ხედავს უსამართლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას, ერისათვის საზიანო შეცდომებს, ივტირთოს ხალხის სამსახური, მისი ინტერესების დაცვა, გაითავისოს მისი მწუხარება, იღვაწოს მისი გაუმჯობესებისათვის“.

საბედნიეროდ III ათასწლეულის დასაწყისს ქართველი ერი თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობით შეეგება. აღსრულდა დიდი ილიას ოცნება - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. ახლა ჩვენს ხელთაა ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი აყვავება, რაც მხოლოდ სულიერების აღორძინებით, ახალი თაობის სათანადო აღზრდითაა შესაძლებელი.

ჩვენი ფიქრით, თეოლოგიის კათედრის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა არის მცდელობა მთლიანი, ჰარმონიული პიროვნების აღზრდა-ჩამოყალიბებისა, ძიება სხვადასხვა ხერხისა და საშუალებებისა პიროვნების სულიერი გაძლიერებისათვის. პიროვნებამ საკუთარი უნარის, თავისი აქტიურობის წყალობით უნდა შეძლოს პირადი ბედნიერების მოპოვება, შეძლოს თავისი ყველაზე დიდი ოცნების აღსრულება. მან უნდა მიიღოს უძლეველი იარაღი - ჭეშმარიტი ცოდნა, რათა თამამად და მხნედ გაუძღვეს თავის საქმეს, დაძლიოს ცხოვრებისეული წინააღმდეგობანი. ამასთანავე იყოს მოშიში და მოყვარული ღვთისა და აღმსრულებელი მისი მცნებებისა.

უკვდავი მამა და მოძღვარი დიდი ილია, რომლის სწავლება მარად თანამედროვეა, წერს: „ახლანდელი დრო ისეთია, რომ თუ კაცი თვითონ არ არის, თვითონ არ შველის თავს, თვითონ არ ირჯება თავისი სიკეთისა და ბედნიერებისათვის, ეყრდნობა არა საკუთარ მხნეობას, არამედ გარედან ელის დახმარებას, გარეთ ეძებს სახსარს თავისი ცხოვრების გასაძლიერებლად, ამისთანა კაცი გადადებულია უფრო დასამარცხებლად, ვიდრე გასამარჯვებლად“.

ილიას მიაჩნია, რომ ბოლო საუკუნეებში ქართველი ერის ცხოვრების ქრონიკული მოუგვარებლობის მიზეზი არის „სენი უქმობისა“ - უმოქმედობისა. „ეს საშინელი სენი უქმობისა, თავის თავის არპატრონობისა, თავის თავის არ შველისა, ისე არსად არ არის გავრცელებული, როგორც საქართველოში“. ილია მართალი აღრმავებს ეკლესიის სწავლას, გამოთქმულს დიდი მამის ეფრემ ასურის მიერ, რომ „სული უქმობისა“, უსაქმურობისა და უილაჯობისა - ცოდვაა. საჭიროა მისი განგდება, რამეთუ ყოველი კაცი მოვალეა ღვთის კურთხევის შესაბამისად საკუთარი გარჯით, მხნეობით, შრომით, ოფლის მოდენით ცხოვრობდეს თვითონ და აცხოვრებდეს თავის ოჯახს. „პიროფლიანი ჭამდე პურს“ - ესაა წმიდა წერილში გაცხადებული ნება უფლისა კაცის მიმართ. აქედან გამომდინარე, სწავლა-განათლება უნდა წარმოადგენდეს არა გარეგან ფორმალურ სამკაულს, სამშვენისსა, გამოხატულს დიპლომის სახით, არამედ პირიქით, როგორც ითქვა, ბასრ იარაღს გამარჯვების, ბედნიერების მოსაპოვებლად, სიღარიბის დასაძლევად, ოჯახისა და ქვეყნის ასაყვავებლად.

„ამ წუთისოფელში ბედი იმისა, ვინც ძლიერია და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია“ - ილიას უკვდავი იდეები, ცხადია, საყრდენი იქნება ჩვენი კათედრის მუშაობისა.

დაარსება ამ მნიშვნელოვანი კათედრისა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეკლესია დღეს აღმავლობის გზაზეა. არასოდეს ყოფილა საქართველოში ეკლესიების ასეთი დიდი რაოდენობის ერთდროული მშენებლობა. ეს მიგვითითებს, რომ ერის ქრისტიანული სული ცოცხალია და ერი იმედით უყურებს მომავალს. ხალხი მობრუნებულია სარწმუნოებისაკენ და ცხადია, რომ ეს არის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II გეგმაზომიერი, თანმიმდევრული მოღვაწეობის შედეგი, როგორც ათეისტური მძიმე რეჟიმის დროს, ისე შემდგომ, ჩვენს რთულ ხანაში უწმინდესი პატრიარქის ილია II დროს ეკლესიას ახალი სასიცოცხლო ძალა მიეცა.

ქართული ეკლესიის აღორძინება საწინდარია საქართველოს სახელმწიფოებრივი გაძლიერებისა, ქართული ეკლესია სულია ქართველი ერისა. როგორც სხეულს არ შეუძლია სიცოცხლე უსულოდ, ისევე ქართველ ერს მისი მაცოცხლებელი სულის გარეშე და დღეს, როცა ხალხი სულიერ საზრდოს ეწაფება, მისთვის შესაბამისი პირობების მიცემაა საჭირო.

მართლაც, ბოლო წლებში უწმიდესი კათალიკოს-პატრიარქის ღვაწლით დაარსდა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, სემინარია, სასულიერო აკადემიები თბილისსა და ქუთაისში, ეკლესიის წიაღში უწმიდესის კურთხევით ჩამოყალიბდა გელათის მეცნიერებათა აკადემია. ყველა ისინი მოწოდებულნი არიან არა მხოლოდ სასულიერო მოღვაწეობისათვის, არამედ სამეცნიერო კვლევითი მუშაობისათვისაც, რათა იქცნენ „ახალ იერუსალიმად“ - სულიერებით და „სხვა ათენად“ მეცნიერებით. მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრამ ღირსეული ადგილი უნდა დაიჭიროს. ზემოთ აღნიშნული აკადემიების, აგრეთვე, უცხოეთის უნივერსიტეტებში არსებული თეოლოგიის ფაკულტეტების პროგრამების შესაბამისად, თეოლოგიის კათედრაც უნდა შეეცადოს ყურადღება მიაპყროს ბიბლიოლოგიის (ძველი და ახალი აღთქმის, წმიდა წერილის), ღვთისმეტყველების შესწავლას, ქართველოლოგიური და საენათმეცნიერო ელემენტების კვლევას, კულტურული, ფსიქოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნიკური, ისტორიული და სხვა საკითხების გაშუქებას, მსოფლიო რელიგიათა ისტორიის შეცნობას, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაანალიზებას. აქ უნდა იღვაწონ საერო და სასულიერო მკვლევარებმა.

როგორც ამბობენ, სიტყვებსა და იდეებს მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ. მით უმეტეს წმიდა წერილში, წმიდა სახარებაში გადმოცემულ ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს სიტყვებსა და „ქართლის ცხოვრებაში“ გადმოცემულ ეროვნულ იდეებს, რომელთა შესწავლას ასევე დიდი დრო დაეთმობა ჩვენთან.

დასასრულ, მისი უწმინდესობის ლოცვით გულითადად ვულოცავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდ საბჭოს, მის ყველა წევრს, რექტორატს, სტუდენტობას, რომელთაც სიხარულით მიიღეს მათთვის უჩვეულო თეოლოგიის კათედრის დაარსება. ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს თეოლოგიის ახალი კათედრა, ამინ“