The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

„ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური რედაქცია


„ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური რედაქცია


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ანანია [ჯაფარიძე] (მთავარეპისკოპოსი)
საავტორო უფლებები: © მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
თარიღი: 1997
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მოძღვრის, არსენ ბერის, დამოკიდებულება ქართული ენის, ქართული ეთნოსის, ქართველ მეფეთა წარმომავლობისა და საერთოდ, საქართველოს მიმართ, წარმოადგენს გაგრძელებას იმ საეკლესიო-ეროვნული იდეოლოგიისა, რომელიც ჩამოყალიბდა ქართულ ეკლესიაში წმიდა ილარიონ ქართველის, განსაკუთრებით კი მთაწმინდელების (წმ. ექვთიმესა და წმ. გიორგის) ეპოქაში.

ამ მხრივ „ქართლის ცხოვრების“ შესავალში არსებული დამაკნინებელი დამოკიდებულება ქართული ენის, ეთნოსის, წარმომავლობისა და, საერთოდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ძირფესვიანად განსხვავდება არსენი ბერისა და მისი დროის (XI-XII სს.) ქართულ საეკლესიო იდეოლოგიისაგან.

ნაშრომში განხილულია ამგვარ განსხვავებათა მიზეზები, გამოთქმულია მოსაზრება, რომ „ქართლის ცხოვრების“ შესავალში არსებული ნიჰილისტურ-დამამცირებელი შეფასებანი (ენის, ეთნოსისა და სხვათა მიმართ) არ შეიძლება წარმოადგენდეს XI ს. ქალკედონიტი ავტორის შემოქმედებას, არამედ განეკუთვნება იმ ეპოქას (VI-IX სს.), როცა ჯერ სპარსთა, შემდეგ კი არაბთა მეოხებით ჩვენი ქვეყნის მეზობლად მდებარე მძლავრი მონოფიზიტური ცენტრი ცდილობდა ეროვნული სარწმუნოებისა და ეროვნული ცნობიერების დასუსტებას საქართველოში მართლმადიდებლური (პრობიზანტიური) ორიენტაციის აღმოფხვრის, ჩვენს ხალხში მწვალებლობის გავრცელების გაადვილების მიზნით.

წიგნი გათვალისწინებულია ეკლესიის ისტორიით დაინტერესებული მკითხველი საზოგადოებისათვის.

რედაქტორი . ჯაფარიძე

2 „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური რედაქცია

▲ზევით დაბრუნება


გარდასულ ამბავთა ამსახველი საისტორიო თხზულებანი, ანუ მატიანეები, ვახუშტი ბატონიშვილის თქმით, - „სასარგებლონი და შესაწყნარებელნი არიან“, რადგანაც „მატიანე განამხნობს კაცსა და ერთგულ ჰყოფს ქვეყანისად. მატიანე აცნობებს ნათესავთ ჩამომავლობასა და დასდებს თავსა სარწმუნოებისათვის“. (ქართლის ცხოვრება, ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით. . ყაუხჩიშვილის მიერ, 1973, გვ. 4.)

თანახმად ვახუშტისა, „მატიანე განიყოფის ორად - საეკლესიოდ და სამოქალაქოდ“. საეკლესიო არს წმიდათა ცხოვრება და ქმნულება მათნი, ხოლო სამოქალაქო ქმნულება სოფელსა შინა დიდთა და მცირეთა“. (იქვე, გვ. 4.)

„ქართლის ცხოვრების“ კრებულს ვახუშტი უწოდებს „ქართველთა მატიანეს“, რომელიც - „ეკლესიის მატიანეს შეამოკლებს და სამოქალაქოსა მოგვითხრობს შესხმით და ვრცლად“. (იქვე, გვ.4.)

ივანე ჯავახიშვილი ვახუშტი ბატონიშვილზე საუბრისას ამბობს: „მატიანე რომ შეიძლებოდა შინაარსისდა მიხედვით ან საეკლესიო ყოფილიყო ან სამოქალაქო ეს რასაკვირველია ჩვენს ძველს მწერლობაში წინათაც კარგად იცოდნენ. (ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი .VII. ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, 1977, გვ. 326.) ივ. ჯავახიშვილი აგრეთვე დასძენდა, რომ „უკვე X ს-ში ქართულად საუცხოოდ დაწერილი საეკლესიო-საისტორიო თხზულებები მოიპოვებოდა“. (იქვე, გვ. 47.)

მართლაც ჩვენამდე მრავლად არის მოღწეული საეკლესიო დანიშნულების საისტორიო თხზულებანი („ცხოვრებანი“ და სხვა), მათზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველ საქართველოში არსებობდა როგორც სამოქალაქო, ისე საეკლესიო ისტორიოგრაფია. ძველ ქართული საეკლესიო ისტორიოგრაფია საკმაოდ მდიდარი იყო და მისი შემოქმედნი იყვნენ ცნობილი მოღვაწეები, კათალიკოსები, ეპისკოპოსები, ბერები და სხვა საეკლესიო პირები.

დიდი ივანე ჯავახიშვილი „ქართლის ცხოვრების“ კრებულზე უფრო წინ აყენებდა და ენდობოდა, ვითარცა საისტორიო წყაროს ისეთი საეკლესიო შინაარსის თხზულებებს, როგორებიც იყვნენ მარტვილობანი და წმიდათა ცხოვრებანი. ამიტომაც მან თავის ცნობილ წიგნში „ძველი ქართული საისტორიო მწერლობა“ დიდი შეფასება მისცა მათ („ევსტათი მცხეთელის მარტვილობას“, „წამებაი ცხრათა ყრმათა კოლაელთა“, „აბო თბილელის მარტვილობას“, და სხვა), ასევე საეკლესიო ისტორიოგრაფებს იაკობ ხუცესს, სტეფანე მტბევარ ეპისკოპოსს, გიორგი მერჩულეს, ბასილი ზარზმელ წინამძღვარს, არსენი კათალიკოსს, გიორგი მთაწმინდელს, გიორგი ხუცესმონაზონს, ეფრემ მცირეს და სხვებს.

სამოქალაქო ისტორიოგრაფი იყო ჩვენი ეკლესიის მღვდელმთავარი რუისელი მთავარეპისკოპოსი ლეონტი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ XIX ს-მდე ჩვენი ერის ისტორიის შესწავლა ქართული ეკლესიისა და მისი იერარქიების მიერ მიიჩნეოდა არა მხოლოდ საზრუნავ საგნად, არამედ მოვალეობადაც ღვთისა და ერის წინაშე. მეისტორიენი ძირითადად სწორედ საეკლესიო პირები იყვნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბიზანტიასა, რუსეთსა და სომხეთშიც.

ქართული ეკლესია, როგორც ცნობილია, სრული სარწმუნოებრივი ცხოვრებით მოღვაწეობდა საუკუნეთა მანძილზე და, ცხადია, მასზე ცხოველ ზემოქმედებას ახდენდა მსოფლიო ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები.

პირველ ათასწლეულში მსოფლიო მართლმადიდებლობა და მასთან ერთად მისი განუყოფელი ნაწილი ქართული სამოციქულო ეკლესია ებძროდა ნესტორიანობას, მონოფიზიტობას, მონოთელიტობას და ხატმებრძოლობას, სხვა მიმართულებებს. ცხადია, ამ ბრძოლას კვალი უნდა დაეტოვებინა ქართულ თანადროულ საეკლესიო თხზულებებზედაც.

ბიზანტიაში, V, VI საუკუნეებში მონოფიზიტობა საკმაოდ გაძლიერდა, ხოლო შემდეგ საუკუნეებში იგი გაბატონებულ სარწმუნოებად იქცა იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში ეთიოპია-ეგვიპტიდან სირია-სომხეთის ჩათვლით. VI ს-ში ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ სპარსელები ჩვენს ქვეყანაში სომხური ეკლესიის მფარველებად გადაიქცნენ. „მათ საეკლესიო მწერლობას დაავალეს მონოფიზიტური იდეები და სპარსეთთან განუყრელი კავშირის აუცილებლობა ექადაგა. მონოფიზიტები შეუბრალებლად სპობდნენ დიოფიზიტების, ანუ ქალკედონიტების მწერლობას ... სპარსეთის მთავრობა აგრეთვე სხვა საშუალებებსაც მიმართავდა ამ იდეოლოგიური კავშირის განსამტკიცებლად. მას სურდა, მაგალითად, სომხეთის, ქართლისა და ალბანიის ეკლესიების გაერთიანება, რომ უფრო ადვილი ყოფილიყო მათი მართვა სპარსელი მოხელეებისათვის“. (. ჯანაშია, შრომები V, 1987, გვ.112.) რაც კარგად აჩვენებს იმ სურათს რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფებოდა V საუკუნის შემდეგ. ქართულ ეკლესიას მონოფიზიტობა თავის ოფიციალურ იდეოლოგიად არასოდეს უცვნია, თუმცა თავის სამწყსოში, როგორც ზოგიერთი წყარო უჩვენებს, ჰყავდა მონოფიზიტი ეპისკოპოსები და მრევლიც. (. ალექსიძე, მასალები დვინის 506 წელს საეკლესიო კრების ისტორიისათვის მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია. 1973, 3. მისივე, რელიგიური სიტუაციის შესახებ VI . კავკასიაში, იქვე 1974, 1.) ცხადია, შეუთავსებელი მიმდინარეობების დიოფიზიტობისა და მონოფიზიტობის შეთავსება შეუძლებელი იყო, ამიტომაც ს. ჯანაშიასა და კ. კეკელიძის აზრით, მათ შორის ომი არ ცხრებოდა, პირველყოვლისა ნადგურდებოდა მოპირდაპირე საეკლესიო და საერო ლიტერატურა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - მიმდინარეობდა მათი გადაკეთება, „შესწორება-შევსება“ თავიანთი იდეოლოგიის შესაბამისად. ამ მდგომარეობას თავისი კვალი უნდა დაეჩნია ქართულ საისტორიო მწერლობაზეც. როგორც ჩანს, ჩვენი საისტორიო მწერლობაც ასახავდა საქართველოს საზოგადოებაში არსებულ ვითარებას, კერძოდ საზოგადოება ორ ნაწილად იყო გაყოფილი - პრობერძნულ (პრობიზანტიურ) ორიენტაციას ებრძოდა პროსპარსული და პირიქით.

„მოქცევა ქართლისა“ გამომხატველი უნდა იყოს ამისა. „მოქცევა“ VII ს-ის შუა ხანების ქართლის სამეფოს საგარეო ორიენტაციის, კერძოდ, პრობიზანტიური ორიენტაციის გამომხატველია, როდესაც ბიზანტიის ირანზე გამარჯვების შედეგად ქართლში ირანის ნაცვლად ბიზანტიის პოლიტიკური ჰეგემონია დამყარდა“. (. აბაშიძე, ქართლის ისტორია მოქცევაი ქართლისაში, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია 3. 1988, გვ. 133.)

„მოქცევაი ქართლისაი“. (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედაქციით, წიგნი 1. 1963. შატბერდის კრებული X საუკუნისა . გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოცემით, 1979.) როგორც ცნობილია წარმოადგენს ჩვენამდე მოღწეულ პირველ ქართულ ისტორიულ თხზულებას. მისი ორივე შატბერდული და ჭელიშური რედაქცია ნაკლულია, მართალია, ჭელიშური რედაქცია უფრო ვრცელი და მრავალსიტყვიანია, მაგრამ შატბერდული ბევრად უფრო უხვია ცნობებით.

„მოქცევაი ქართლისაი“, ერთი სათაურის ქვეშ გაერთიანებული ორი თხზულებისგან შედგება. პირველი ნაწილი წარმოადგენს ისტორიულ ქრონიკას, რომელშიც გადმოცემულია ქართველ მეფეთა ცხოვრების ქრონიკა არიან ქართლიდან ქართველთა გადმოსახლებიდან IX ს-მდე. II ნაწილი კი წარმოადგენს წმინდა ნინოს ცხოვრებას და გადმოგვცემს ჩვენში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების ისტორიას. „ქრონიკა“ (I ნაწილი) წარმოადგენს ქართველ მეფეთა „ამბავს, ძალზე შემოკლებულ თხრობას ქართველ მეფეთა მოღვაწეობისა“. მას პავლე ინგოროყვა უწოდებს „მთლიან ნუსხას ანტიკური ხანის იბერიის მეფეებისა“ - „მეფენი ქართლსა შინა წარმართნი“, ეს სია ძირითადში მოიცავს 6 საუკუნეს ალექსანდრე მაკედონელის, ეპოქიდან ვიდრე IV ს-მდე ჩვენი წელთაღრიცხვისა“. (. ინგოროყვა, ტომი IV, მოქცევაი ქართლისაი და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, 1978, გვ. 505.)

ივანე ჯავახიშვილი „მოქცევაის“ ორ ნაწილს ორ სხვადასხვა თხზულებად განიხილავს. (ივ. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თხზულებანი თორმეტ ტომად 1977, . VIII, გვ. 103, 112.) ასეთივე აზრისაა პავლე ინგოროყვაც, რომელიც პირველ ნაწილში წარმოდგენილ მეფეთა სიას მიიჩნევს არა ლეგენდარული ხასიათის წყაროდ, არამედ ისტორიული სინამდვილის შემცველ ძეგლად, რომელიც უდავოდ მომდინარეობს წინა ქრისტიანული ეპოქიდან, „ძველი ქართული საისტორიო წყაროებიდან“. (. ინგოროყვა, ტომი IV გვ. 559.) კ. კეკელიძე „მოქცევაის“ განიხილავს მთლიანობაში, რომელიც შედგება ორი მთავარი ნაწილისაგან. პირველში მოკლედაა მოთხრობილი მირიან მეფის დროს ქართლის მოქცევა, მეორეში კი მოცემულია ამ ამბის დაწვრილებითი ცნობები. (. კეკელიძე, მოქცევაი ქართლისაის შედგენილობა, წყაროები და ეროვნული ტენდენციები, წიგნში ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან . I, 1956 . გვ. 63-64.) მ. ჩხარტიშვილიც „მოქცევაის“ განიხილავს ერთ მთლიან თხზულებად, ორი ნაწილისაგან შემდგარად, ერთი ავტორის ხელიდან შემოსულად. (. ჩხარტიშვილი, ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები, ცხოვრებაი წმინდა ნინოისა 1987 . 19-20.) ასევე თვლის ე. აბაშიძეც. (. აბაშიძე ქართლის ისტორია მოქცევაი ქართლისაი მაცნე ისტორიის სერია 3, 1988, გვ. 127.)

მაგრამ პირველი ნაწილი, როგორც პ. ინგოროყვას და გ. მელიქიშვილის მიერ ჩატარებული კვლევიდან ჩანს, ისტორიული ქრონიკაა, მაშასადამე, იგი დრო და დრო ივსებოდა საუკუნეთა მანძილზე, ვიდრე VII ს. 40-იან წლებამდე, როგორც ქვემოთ განვიხილავთ, არსენ ბერს თავისი წმინდა ნინოს ცხოვრებაზე დართული ქართველთა ისტორიის გადმოცემის დროს ხელთ ჰქონია სწორედ „მოქცევაი ქართლისაის“ პირველი ნაწილი (ან მისი უკეთესი ვარიანტი). თავის წყაროს უწოდებს „ამბავნი მეფეთა“-ს.

გ. მელიქიშვილი „მოქცევაის“ I ნაწილს თვლის ერთ-ერთ უძველეს „ქართლის ცხოვრებად“ (ე.ი. საქართველოს ისტორიად). (გიორგი მელიქიშვილი, საქართველოს ისტორიის უძველესი და ძველი ისტორიის წყაროები. საქართველოს ისტორიის ნარკვევები I. 1970, გვ. 47.) „იგი ფაქტიურად „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი უძველესი ვარიანტია“.

მ. ლორთქიფანიძე წერს - „გიორგი მელიქიშვილი, ერთ-ერთ ,,ქართლის ცხოვრებად“ (საქართველოს ისტორიად) „ქართლის მოქცევის ქრონიკას“ თვლის. ალბათ ეჭვს არ უნდა იწვევდეს ვარაუდი სხვადასხვა ეპოქების თუ პიროვნებების შესახებ ცალკეული ძველი საისტორიო თხზულებების არსებობისა. შემდეგ, გარკვეულ ეტაპზე, დადგა ქვეყნის ერთიანი ისტორიის დაწერის საკითხი. თავდაპირველად, შესაძლებელია, ქვეყნის ასეთი ერთიანი, ერთი სულისკვეთების გამომხატველი „ისტორია“ ვახტანგ გორგასლის მეფობაში შექმნილიყო ... რასაკვირველია, ამ „ისტორიამ“ (თუ ის შეიქმნა) ჩვენამდე იმდროინდელი სახით არ მოაღწია. მან მრავალი გადაკეთება, შევსება - რედაქტირება განიცადა“. (მარიამ ლორთქიფანიძე, რა არის ქართლის ცხოვრება, 1989, გვ. 42-43.) „მოქცევის“ მატიანეში ძირითადი ტექსტი მოდის VII ს. II ნახევრამდე, რომლის შემდეგაც ვიდრე IX ს. დასასრულამდე მმართველთა და კათალიკოსთა მხოლოდ მშრალი სიაა წარმოდგენილი, ისიც ცალ-ცალკე. ჯერ მხოლოდ მმართველთა, შემდეგ კათალიკოსთა სიით“. ამიტომ თხზულების VII ს-ით დათარიღება, რაც ე. თაყაიშვილიდან მომდინარეობს მეტწილად გაზიარებულია ჩვენს ისტორიოგრაფიებში“. (. აბაშიძე, დასახ. ნაშრომი გვ. 131.) ე. აბაშიძე გამოყოფს მატიანის დასაწყის და ბოლო ნაწილებს - ალექსანდრე მაკედონელისა და ჰერაკლე კეისრის ლაშქრობათა ამსახველ ეპიზოდებს, რომელთაც მატიანეში საგრძნობლად დიდი ადგილი აქვთ დათმობილი“. (იქვე, გვ. 132.) ასეთი თვალსაზრისი ჩვენთვის საინტერესოა, იმით, რომ არსენი ბერს თავის „წმინდა ნინოს ცხოვრებაზე“ დართულ მატიანეში სწორედ VII საუკუნემდე მოაქვს ქართველ მეფეთა ამბავი, კერძოდ კი ქართლში ჰერაკლე კეისრის ლაშქრობამდე. (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, . 3, გვ. 48.) (ამ საკითხს ქვემოთაც შევეხებით), ამიტომაც არსენის მიერ დასახელებული წყარო „ამბავნი მეფეთანი“ უნდა იყოს არა ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“, არამედ „მოქცევაის“ I ნაწილი, ისტორიული ქრონიკა, რომლის ძირითადი „ამბავი“ ანუ ძირითადი ტექსტი VII საუკუნით, ჰერაკლე კეისრის ლაშქრობით მთავრდება.

„მოქცევაი ქართლისაი“-ს პირველი ნაწილი (რომელსაც ალბათ, როგორც ითქვა, „ჰამბავნი მეფეთანი“ ეწოდებოდა და დამოუკიდებელი თხზულების სახით არსებობდა) შესაძლებელია ძველად უფრო ვრცელი იყო. (. მელიქიშვილი, საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის წყაროები ნარკვევები, I გვ. 59.) ამას თითქოსდა უნდა მიუთითებდას მემატიანეს განცხადება - „ესე აღწერილი გამოკრებილად არის“, ამჟამად მიიჩნევა, რომ ეს „კავკასიაში სპარსელ - ხაზართა შეჯახების გამოა ნათქვამი“. (. ალექსიძე, მოქცევაი ქართლისაი, ქსე 7. გვ. 150.) ჩვენი აზრით, რადგანაც ზემოთაღნიშნული გამონათქვამი („ესე აღწერილი გამოკრებილად არს“) ჩართულია აზრობრივად ერთი ვრცელი მთლიანი წინადადების ბოლოს, რომელშიც გადმოცემულია ქართლის ისტორია VI ს. შუა წლებიდან საუკუნის ბოლომდე, იგი VI საუკუნეს ანდა საერთოდ მთელ „ამბავს“ უნდა განეკუთვნებოდეს.

„მოქცევაის“ ჭელიშური რედაქცია ჯვრის აღმართვის ამბავთან დაკავშირებით თავის წყაროდ გრიგოლ დიაკვნის მიერ „მოკლედ აღწერილ ქართლის მოქცევის წიგნს“ ასახელებს, რომელიც ჩვენამდე არაა მოღწეული.

როგორც აღინიშნა, „მატიანეში აშკარად პრობიზანტიური ორიენტაციაა გატარებული. მისი გამოყოფილი ნაწილები - დასაწყისი, ცენტრალური და ბოლო“ საბერძნეთიდან მოვლენილი პირების და ქართლის ისტორიაში მათი განსაკუთრებული როლის შესახებ მოგვითხრობენ: ალექსანდრე ქართლის გამწმენდელია ველური ტომებისაგან და ის ქართლის სამეფოს მამამთავრად გვევლინება. ნინო ქართლის მომაქცეველია. ჰერეკლე კეისარი ქართლის განმათავისუფლებელია და „რჯულის გამწმენდელი“. (აბაშიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 132.)

ჩვენთვის სწორედ ეს თვალსაზრისია მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნული ქართული წყარო გამომხატველია გარკვეული ორიენტაციისა, კერძოდ, „პრობიზანტიურისა“. პრობიზანტიურობა, როგორც წესი, აღიარებული იყო ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ორიენტაციის ნიშნად, გამოხატავს თუ არა მეორე ქართული წყარო - „ქართლის ცხოვრების“ კრებული რომელიმე ორიენტაციას - სარწმუნოებრივს თუ პოლიტიკურს? უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ, რადგანაც „ქართლის ცხოვრება“ კრებულია, ცალ-ცალკე უნდა იქნას განხილული მასში შემავალი თხზულებების მიმართულებანი.

ცნობილია, რომ „ქართლის ცხოვრების“ შესავალი ნაწილი, რომელიც „მეფეთა ცხოვრების“ სახელითაა ცნობილი, შემცველია არმენოფილური ტენდენციებისა. მაშასადამე, აქ არა მხოლოდ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ (პროსომხურ) ორიენტაციაზე, არამედ სარწმუნოებრივზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. სომხეთი სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ნეიტრალური და პასიური ქვეყანა რომ ყოფილიყო, როგორც ვთქვათ „ოვსეთი“, ცხადია, მაშინ არა სარწმუნოებრივ, არამედ პოლიტიკურ ურთიერთობაზე შეიძლებოდა მსჯელობა, მაგრამ რადგანაც სომხეთი იყო მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი ისეთი მძლავრი სარწმუნოებრივი მიმართულებისა, როგორიც იყო მონოფიზიტობა, და, ამასთანავე, სომხური ეკლესია ჯერ სპარსთა, შემდეგ კი არაბთა მიერ პრივილეგირებული გახლდათ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, ამიტომაც „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური ტენდენციები არ შეიძლება განხილული იქნას სწორხაზოვნად, მარტივი სახით. როგორც ცნობილია, არმენოფილური ტენდენციები აშკარად არის გამოხატული „ქართლის ცხოვრების“ „ცხოვრება ქართველთა მეფეთას“-ს შესავალ ნაწილში თავის მხრივ, „ქართლის ცხოვრების“ შესავლის ძირითად წყაროდ მიჩნეულია „მოქცევაის“ მატიანე. (. მელიქიშვილი, საქართველოს უძველესი და ძველი წყაროები წიგნში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, 1970, გვ.57-60.) მაგრამ „მოქცევაის“ არავითარი არმენოფილური ტენდენცია არ ახასიათებს. მაშასადამე, სწორედ „ქართლის ცხოვრების“ შესავლის ავტორი, ანდა შემდგომი რედაქტორი, წარმოადგენდა არმენოფილს, რომელმაც თავისი თვალთახედვის შესაბამისად გადაამუშავა „მოქცევაის“ ტექსტი. „მეფეთა ცხოვრების“ ავტორი თუ რედაქტორი არმენოფილი ალბათ თავისი სარწმუნოებრივი შეხედულების გამო იყო, პოლიტიკური თვალსაზრისით კი იგი სპარსოფილი ანდა პროარაბულად განწყობილი იქნებოდა, თუმცა, შესაძლოა, სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ, განსაკუთრებით IX-X საუკუნეებში, იგი სომხური სახელმწიფოს ინტერესების გამომხატველი მემატიანეც ყოფილიყო.

VI-IX საუკუნეებში როგორც პრობერძნულად, ისე პროსპარსულად განწყობილი მრავალი გამოჩენილი საერო თუ სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო ქართლში. მაგალითად ჰერეკლე კეისარმა სპარსეთში ლაშქრობის დროს საქართველოს ეკლესიებში თავშეყრილი ქრისტიანებიც კი დახოცა: „ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლისანი დიოდეს და განწმინდა ერაკლე მეფემან სჯული ქრისტესი და წარვიდა“. („მოქცევაი ქართლისაი, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურული ძეგლები, I, 1964, გვ.96.) ჯუანშერის თანახმად, ერისთავთა მთავარი სტეფანოზი, ძე გურამ კურაპალატისა ბაგრატიონი იყო პროსპარსული ორიენტაციისა, „არა ინება განდგომა სპარსთაგან“, რის გამოც მას ჰერაკლე კეისარმა ჩამოართვა ტახტი და ქართლის ტახტი მისცა ადარნასეს „ძესა ბაკურისასა ქართველთა მეფისასა“ ხოსროიანს. (ქართლის ცხოვრება ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. 1955, . I. გვ. 224.) სამეფო დინასტია შეიცვალა. ცხადია, ერისთავთა მთავართან სტეფანოსთან ერთად პროსპარსული ორიენტაციისა ყოფილა მოსახლეობის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რის გამოც ჰერაკლეს გაუჭირდა თბილისის ციხის აღება, აღსანიშნავია, რომ ჰერაკლემ ქართული ეკლესიაც დასაჯა იმით, რომ წაჰგვარა მას უდიდესი სიწმინდენი ქრისტიანობისა, ეკლესიები შეიბღალა ქრისტიანთა სისხლით, ხოლო სტეფანოზი, სჩანს, კიდეც მოუკლავს „რამეთუ არა მინდობითა ღმრთისათა ცხონდებოდა და მორწმუნეთა ემტერებოდა და ურწმუნოთა მოყვრობდა“. (იქვე, გვ. 226.) აქ ცხადი სურათია ორი: პროსპარსული და პრობერძნული ორიენტაციისა, რომელთაც თავისი ასახვა უნდა ჰქონოდათ საეკლესიო-სარწმუნოებრივ ცხოვრებაზე და რაც ჩვენთვის საინტერესოა - საისტორიო თხზულებებზედაც. როგორც აღინიშნა, მსგავსი სიტუაცია იყო ქართლში VIII-X საუკუნეებში. შესაძლოა, „მოქცევაი ქართლისაი“ პრობიზანტიური ორიენტაციის მქონე თხზულება, აღნიშნულ საუკუნეებში პროსომხური ორიენტაციის მემატიანემ გამოიყენა თავის წყაროდ და თავის შეხედულებათა შესაბამისად მისცა მას ამჟამად „ქართლის ცხოვრების“ შესავალში არსებული მიმართულება. ნ. ჯანაშია წერდა: „საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება დებულება „მეფეთა ცხოვრების“ პირვანდელი ტექსტის (თუ „მეფეთა ცხოვრების“ ძირითადი ლიტერატურული წყაროს) VII-VIII სს-ით დათარიღების შესახებ“. (. ჯანაშია, ცხოვრება ქართველთა მეფეთა- წყაროებისათვის, ისტორიულ - წყაროთამცოდნეობითი ნარკვევები. 1986, გვ. 96.)

სომხური ეკლესიის გავლენის სფეროს გაფართოებისათვის ამიერკავკასიაში არა მხოლოდ ირანი იღწვოდა. შემთხვევითი არ იყო, რომ VII ს-ს II ნახევარში არაბებმა ქართლი, ალბანეთი და სომხეთი გააერთიანეს, და მას „არმინია“ უწოდეს.

IX ს. ბოლოს სომხეთმა შესძლო არაბთა უღლისაგან გათავისუფლება და საკუთარი სახელმწიფოს აღდგენა. სომხეთში დაიწყო ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების აღმავლობა. IX-X საუკუნეები სომხეთის ძლიერებისა და აყვავების ხანაა. ამ დროს სომხეთი მთლიანი და ერთიანი სახელმწიფოა, მაშინ როცა საქართველო დაქუცმაცებული იყო ცალკეულ სამეფო-სამთავროებად, რაც ყველაზე ნიშნულია, კულტურული ცენტრი საქართველოსი შიდა და ქვემო ქართლი სომხური სახელმწიფოს გავლენის სფეროში შედიოდა, თუ უფრო მეტს არ ვიტყვით, ამიტომაც გ. მელიქიშვილი არმენოფილური ტენდენციების გაჩენას ამ საუკუნეებით ათარიღებს. „ქართლის ცხოვრების“ დასაწყისში წარმოდგენილი ზოგიერთი კონცეფცია, ზოგი (კერძოდ, არმენოფილური) ტენდენცია, ჩვენი აზრით, ასევე კარგად ეგუება VIII-IX სს. ვითარებას“. (. მელიქიშვილი, საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის წყაროები, წიგნში საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, 1970, გვ. 52.)

გ. მელიქიშვილის აზრით, „ქართლის ცხოვრების“ დასაწყისში შესული თხზულებები, ისევე როგორც მათი კრებულის სახით შეკვრა, ადრეული ხანით, VIII-IX საუკუნეებით, უნდა დათარიღდეს... ეჭვის გარეშეა, რომ „ქართლის ცხოვრება“ სარგებლობს „მოქცევაი ქართლისაი“ ქრონიკით, მაგრამ ამასთანავე ირკვევა, რომ მატიანეს (ჩვენთვის საინტერესო ნაწილის) ავტორებს ხელთ ჰქონდათ „მოქცევაის“ უფრო უკეთესი ვარიანტი, ვიდრე დღეს ჩვენამდეა მოღწეული“. (. მელიქიშვილი, საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის წყაროები, წიგნში საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, 1970, გვ. 53, 57.)

ვნახოთ თუ როგორ გადააკეთა „ქართლის ცხოვრების“. (ტექსტში შემოკლება .. განიმარტება, როგორც ქართლის ცხოვრება.) შესავლის ავტორმა თავისი წყარო „მოქცევაი ქართლისაის“ ქრონიკა.

„მოქცევაი ქართლისაის“ და „ქართლის ცხოვრების“ შესაევალს ქართველი ხალხის თავდაპირველი ისტორიის შესახებ განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ.

„მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ქართველები გადმოსახლდნენ სამხრეთით მდებარე სამშობლოდან, რომელსაც „არიან-ქართლი“ ერქვა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით კი ქართველი ხალხი ადგილზე საქართველოში ჩამოყალიბდა ქართლოსის გამრავლების შედეგად.

„მოქცევაის“ თანახმად, ქართველი ხალხი გადმოსახლების დროს დასახლდა ვრცელ ტერიტორიაზე, არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ დასავლეთ საქართველოშიც, საერთოდ, მთელ ქვეყანაში მდინარე ეგრისწყლიდან ვიდრე ჰერეთამდე, ამის შემდეგ ეგრისწყლიდან ჰერეთამდე მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ. ე.ი. ამ წყაროს თანახმად, მეგრელები ქართველები არიან, ისევე როგორც სხვა კუთხეთა მცხოვრებნი აღნიშნულ საზღვრებში - ეგრისწყლიდან ჰერეთამდე. „ქართლის ცხოვრების“ შესავლის მიხედვით კი ქართველები - ქართლოსის შთამომავალნი არიან, მეგრელებს კი სხვა ეთნარქი ჰყავთ - ეგროსი.

„მოქცევაის“ თანახმად, სამხრეთიდან გადმოსახლებულ ქართველებს საქართველოში დახვდათ უცხო ტომები, რომელნიც იყვნენ ველურები და საძაგელი ცხოვრებით მცხოვრებნი, „ქ.ც.“-ს თანახმად კი ველურები და საძაგელი ცხოვრებით მცხოვრებნი თვით ქართველები იყვნენ.

„მოქცევაიდან“ თავისთავად იგულისხმება, რომ სამხრეთიდან გადმოსახლებული ქართველების ენა იყო ქართული ენა. ამას ადასტურებს არსენი ბერი, როცა წერს - „ჩვენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან - ქართლით გადმოსულთანი და მათი ენა უწყით“. (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III, 1971, გვ. 47.)

„ქ.ც.“-ის თანახმად კი თავდაპირველად ქართველი ხალხის მშობლიური ენა იყო არა ქართული ენა, არამედ სომხური, თითქოსდა ქართული ენა მოგვიანებით ჩამოყალიბდა სხვადასხვა ენათა აღრევის შედეგად.

როგორც ითქვა, „მოქცევაი“-ში არ ჩანს რაიმე ტენდენცია სხვა ერების ან თუნდაც ქართველთა მიმართ, იქ ისტორია ბუნებრივი მდინარებით აღიწერება. „ქ.ც.“-ის შესავალი კი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტენდენციურობით, როგორც უცხო ხალხის (სომეხთა), ისე ქართველთა მიმართ. კერძოდ, „ქ.ც.“-ის შესავალი ანტიბერძნული და პროსპარსული ორიენტაციისაა, რომ არაფერი ვთქვათ არმენოფილობაზე და ქართველთა აუგზე. ანტიბერძნულობა იმით გამოხატება, რომ პირველი „პატრიკი“ (მამამთავარი, ერისმთავარი) აზონი ბერძნული წარმოშობისაა, რომელიც სასტიკად ეპყრობა ქართველებს და სხვა. მოვიყვანოთ შესაბამისი ადგილები „მოქცევაი ქართლისადან“ (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, 1964.) და „ქართლის ცხოვრების“ შესავლიდან. (ქართლის ცხოვრება ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით. . ყაუხჩიშვილის მიერ. . I, 1955, . II, 1959 .)

მოქცევაი ქართლისაი

ქართველთა თავდაპირველი განსახლების საზღვრები (ეგრისწყლიდან ჰერეთამდე)

„თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზო, ძე არიან ქართლისა მეფისა და მას მიუბოძა მცხეთა საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი და ეგრისწყალი და სომხითი და მთა ცროლისა და წარვიდა, ხოლო ესე აზოი წარვიდა არიან ქართლად მამისა თვისისა და წარმოიყვანა რვასახლი და ათნი სახლნი მამა მძუძეთანი და დაჯდა ძველ მცხეთას“. (ძველი აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III, გვ. 81.)

ეთნოგენეზისი

არიან ქართლიდან გადმოსახლებული ქართველობა დასახლდა მიცემულ საზღვრებში ეგრისწყლიდან ჰერეთამდე, - არსენი ბერის განცხადებით, „ჩვენ შვილნი ვართ მათ არიან ქართლით გამოსულთანი და ენა მათი უწყით და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილნი არიან“. („მოქცევაი, ძეგლ. III, გვ. 47.) აქედან ჩანს, რომ „მოქცევაი ქართლისა“-სა და მისი XII ს. კომენტატორის თანახმად, მეგრელები ქართველები არიან, რადგანაც ეგრისწყლიდან ჰერეთამდე მცხოვრები მოსახლეობა ქართველებია, მეგრელები კი სწორედ ეგრისწყალთან მკვიდრობენ.

სამეფო დინასტია

„მოქცევაის“ მიხედვით ქართველი მეფეეები უწყეტად აზო - ფარნავაზის შთამომავლები არიან, გენეტიკური ხაზი არ წყდება ძვ.წ. III ს-დან ვიდრე VI ს-მდე (ახ.წ.). მოქცევაის XII ს. კომენტატორ არსენ ბერს ასევე ესმის თავისი წყაროს მონაცემები და წერს ,,ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილის შვილნი არიან. („მოქცევაი, ძეგლ. III, გვ.47.) ქართული წყაროს მონაცემებს ეთანხმება V ს. სომეხი ისტორიკოსი ფავსტოს ბუზანდის ცნობა რომლის მიხედვითაც მისი დროის ქართული დინასტია ფარნავაზიანები - ფარნავაზიდან მომდინარედ ითვლებოდა.

ქართველთა დახასიათება

ქართველები ზნეობრივი ხალხია მაგრამ, ადრე საქართველოში ველურები ცხოვრობდნენ (უცხო ტომელები) ქართველების მოსვლამდე „ალექსანდრე მეფემან... იხილა ნათესავნი სასტიკნი ბუნ თურქნი, მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკვარსა - ყოველსა ხორციელსა ჭამდნენ და სამარე მათი არა იყო, მკვდარსა შეშჭამდეს“. („მოქცევაი, ძეგლ. III, გვ. 47, 81.) საქართველოში შემოსვლის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელი მათ შეებრძოლა. უცხო ტომელი ველურები „მეოტ იქმნეს“, საქართველოდან გაიქცნენ. ქართლის სამეფოს საზღვრებში ე.ი. „ეგრისწყალიდან ჰერეთამდე“ მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ ამის შემდეგ.

ქართული ენა

ქართული ენა არიან ქართლიდან მოსული ხალხის ენა იყო, ამ თავის წყაროზე დაყრდნობით არსენი ბერი წერდა - „ჩვენ ქართველები შვილნი ვართ მათ არიან ქართლით გამოსულთანი და მათი ენა უწყით“. (იქვე, გვ. 47.) ესაა ენა ხალხის, რომელიც ეგრისწყლიდან ჰერეთამდე დამკევიდრდა.

ქართლის ცხოვრება

ქართველთა თავდაპირველი განსახლების საზღვრები (ლიხის ქედიდან ჰერეთამდე)

„მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმოსავლეთით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი, დასავლეთით ზღვა პონტო ... და ჩრდილოთ საზღვარი დადო, მთა მცირე ... რომელსა ჰქვიან ლიხი. („ქართლის ცხოვრება, . I, გვ.5.)

ეთნოგენეზისი

მეგრელებს თავიანთი ეთნარქი ჰყავთ ეგროსი. „ხოლო ეგროსს მისცა ქვეყანა ზღვის ყურისა და უჩინა საზღვარი აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი“. (იქვე, გვ. 5.) ქართლოსი კი ქართველთა ეთნარქია ამ წყაროს მიხედვით.

სამეფო დინასტია

„ქართლის ცხოვრების“ შესავლის მიხედვით ფარნავაზიანები ორიოდე თაობის შემდეგ შეიცვალნენ ქართლის ახალი სამეფო დინასტიით - არშაკუნიანებითა და ხოსროიანებით, რომელნიც სომხურ - სპარსული წარმოშობისანი იყვნენ.

ქართველთა დახასიათება

თვით ქართველები იყვნენ ველურები. მათი ხილვით გაოცდა ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც „...მოვიდა ქართლად და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა, რამეთუ ცოლ-ქმრობისა და სიძვისათვის არა უჩნდა ნათესაობა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, მკვდარსა შესჭამდეს, ვითარცა მხეცნი და პირუტყვნი, რომელთა ქცევისა წარმოთქმა უხმ არს ...“. („ქართლის ცხოვრება, I, გვ. 17.)

ქართული ენა

„აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს, ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენა სომხური, და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული“. (იქვე, გვ. 6.) ე.ი. ქართული ენა არაა ქართველი ხალხის თავდაპირველი (დედა, ფუძე) ენა არამედ ქართველთა დედა ენა - სომხურია. „...იყვნენ ქართლს ესრეთ აღრეულ ყოველნი ნათესავნი და იზრახებოდა ქართლსა შინა ექვსი ენა სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული, ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა“. (იქვე, გვ. 16.)

„მოქცევაი ქართლისაის“ ცნობა იმის შესახებ, რომ კავკასიაში გადმოსახლებისას ქართველებს საქართველოში დახვდათ სხვა უცხო ხალხი, დასტურდება ბერძუნლი ცნობებით, რომელთა მიხედვითაც, იბერიელებს სამხრეთიდან გადმოსახლების დროს კავკასიაში დახვდათ სხვა ერი, რომელსაც ქართველები შეებრძოლნენ და დაამარცხეს - „კასპიისა და ევქსინის ზღვას შორის მდებარე ყელზე ცხოვრობს იბერთა აღმოსავლური ტომი, რომელიც ოდესღაც პირინეიდან მოვიდა აღმოსავლეთში და ჰირკანიელებთან სასტიკი ბრძოლა ჰქონდა“. („ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, I, 1967, გვ. 151.)

თ. ყაუხჩიშვილის აზრით, „ეს ლიტერატურული ცნობა იბერთა და ჰირკანიელთა შორის რეალურად არსებული ურთიერთობის გამოძახილი უნდა იყოს“.(იქვე, გვ. 120.) ამ ცნობას სხვა ბერძენი ავტორებიც იმეორებენ. მაშასადამე, „მოქცევაი ქართლისაის“ შესაბამის ცნობას (გადმოსახლებულ ქართველთა და დამხვდურ უცხოელთა ურთიერთობის შესახებ) აქვს წყარო ან რაიმე რეალური ისტორიული საფუძველი (გადმოცემა), მაშინ როცა „ქართლის ცხოვრების“ ცნობები ქართველთა ეთნოგენეზისის შესახებ არის ზღაპრული და ტენდენციური. ის, როგორც აღნიშნავენ, ხორენაცის ისტორიასა და სომხურ ქალკედონურ რაღაც წყაროზე ყოფილა დაყრდნობილი. მაშასადამე, „ამბავი რვათა ძმათა“ (ქ.ც.-ში) დაწერილია ხორენაცის შემდეგ. მისი ერთ-ერთი წყარო VII ს. სომხური თხზულებაც ყოფილა „ხალხთა წარმომავლობის“ წიგნის სომხურ ქალკედონური ვერსია, რომელიც VII ს. თარიღდება. (. ბადრიძე, ქართლის ცხოვრების არქაული ნაწილის ინტერპრეტაციის საკითხები, მაცნე, ისტორიის სერია, 4, 1987, გვ. 179.) ხოლო „მოქცევაი ქართლისაის“ ბერძნული წყაროები, რომლებშიც ჰირკანიელებისა და იბერების საქართველოში ურთიერთბრძოლაზეა საუბარი, ანტიკურ პერიოდს განეკუთვნება. „ჰირკანიელებში“ ვგულისხმობთ იმ არა ქართველ დამხვდურ ტომებს (ბუნ თურქებს), რომელნიც ქართველებს დახვდნენ მტკვრის ხეობაში შემოსვლისას.

შეიძლება ზემოთ მოყვანილი ეროვნული თავმოყვარეობის შემლახველი ცნობები ქართველთა თვითკრიტიკადაც მიგვეჩნია და რაიმე გამამართლებელი მიზეზი მოგვეძებნა. აქვე, ამ ცნობების გვერდით, რომ არ იყოს გასაოცარი ქება ყოველივე სომხურისა.

ლეონტი მროველის თხზულების აღნიშნული ნაწილი მთლიანად გაჟღენთილია იდეით, რომ სომხები უპირატესნი არიან ქართველებზე, რადგანაც სომეხთა წინაპარი უფროსობდა არა მარტო ქართველებზე, არამედ, საერთოდ, კავკასიელთა წინაპრებზედაც. თარგამოსის რვა ვაჟიშვილს (გმირებს) შორის ჰაოსი უფროსი იყო, „შვიდთავე გმირთა ზედა განმგებელი და უფალი ჰაოს და ესენი იყვნენ მორჩილ ჰაოსისა“. („ქართლის ცხოვრება, გვ. 6.)

სომეხთა წინაპარი ისეთი ძლიერი დევგმირია, რომ იგი ამარცხებს ყოველი ქვეყნის მეფეს „ნებროთს“.

ნებროთის დამარცხების შემდეგ ჰაოსი გამეფდა ქართველთა წინაპარზე და სხვა კავკასიელებზე: „მაშინ ჰაოს ჰყო თავი თვისი მეფედ ძმათა თვისთა ზედა და სხვათაცა ნათესავთა ზედა, მახლობელად საზღვართა მისთასა“. (იქვე, გვ. 7.)

ამ თხზულებაში, როგორც ვთქვით, დაკნინებულია საქართველოს ისტორია. კერძოდ, ქართველები ჯერ სომხებს ემორჩილებიან, შემდეგ ხაზარებს და სპარსელებს, შემდეგ კვლავ სომხებს. ხოლო ჰაოსი ისეთი გმირია, რომლის მსგავსი არც წარღვნამდე და არც წარღვნის შემდეგ არ არსებულა: „ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იგი ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილიყო არცა წყლის რღვნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმხნითა“. (იქვე, გვ. 4.)

ფარნავაზ მეფის შემდეგ მირიანის გამეფებამდე, ამ თხზულების თანახმად, საქართველო სომეხი მეფეების ხელთაა თითქმის 600-700 წლის განმავლობაში. (ანრი ბოგვერაძე, ლეონტი მროველის ერთი ისტორიული კონცეფციის შესახებ, მაცნე ისტორიის სერია, 1987, 4, გვ. 174.)

ცნობილია, რომ I-II საუკუნეებში საქართველო ამიერკავკასიაში უძლიერესი სახელმწიფო იყო და მასთან რომის იმპერიაც კი მეგობრობდა, ქართველთა ჯარს ეჭირა სომხეთი და სომხეთის სამეფო ტახტზეც არცთუ იშვიათად ქართველი მეფეები ისხდნენ, მიუხედავად ამისა, „ლეონტი მროველს“ ამ დროსაც კი საქართველო სომხეთზე დამოკიდებულ ქვეყანად ჰყავს გამოყვანილი. I საუკუნის 30-50-იანი წლებთან დაკავშირებით გ. მელიქიშვილი წერს: „აშკარაა, რომ „ქართლის ცხოვრების“ მონათხრობს ამ ლაშქრობის შესახებ სომხური ტრადიცია უდევს საფუძვლად. ამაზე მიუთითებს აშკარა არმენოფილური ტენდენცია, რომელიც მონათხრობს წითელ ზოლად გასდევს...“ „ქართლის ცხოვრებაც“ I ს. 70-80-იან წლების ამბების გადმოცემისას, როგორც ვთქვით, აგრეთვე სომხურ ტრადიციას ეყრდნობა. (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, .I, 1970 . გვ. 518-519.)

გ. მელიქიშვილი წერს: I საუკუნის მიწურულის „ქართლის მეფეების აღწერისას ქართული წყაროები კვლავ ძველი სომხური ტრადიციიდან ამოდიან...“. (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . I, 1970 ., გვ. 521.)

როგორც ზემოთმოყვანილიდან ჩანს, ქართლის ცხოვრების პირველ ნაწილს ახასიათებს ორი მთავარი ტენდენცია:

1. ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობის შელახვა და

2. მკვეთრად გამოხატული და გადაჭარბებული არმენოფილობა. ამ თხზულების არმენოფილური ტენდენცია ამჟამადაც კი უხერხულობას იწვევს. „საქმეში ჩაუხედავად უცხოელ მკითხველს, შესაძლოა მცდარი წარმოდგენა შეექმნას ჩვენს უძველეს ისტორიაზე“. (. აბდალაძე, ცხოვრება ქართველთა მეფეთას არმენოფილური ტენდენციისათვის, მაცნე, ისტორიის სერია, 1987, 4, გვ. 188.)

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მკვლევარები, მართალია, დიდი ხანია იკვლევენ აღნიშნული თხზულების როგორც არმენოფილურ, ისე ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობის შემლახველ ტენდენციებს, მაგრამ იკვლევენ არა ორივე ტენდენციას ერთად, მთლიანობაში, არამედ ცალ-ცალკე. მაგალითად, როცა არმენოფილურ ტენდენციებს იკვლევენ, საერთოდ, გვერდს უქცევენ და არ ეხებიან ქართველთა დამამცირებელ ცნობებს, ხოლო როცა ქართველთა დამამცირებელ ტენდენციებს იკვლევენ, არმენოფილურ ცნობებს არ განიხილავენ. ასეთი მიდგომა ხელს არ უწყობს ჭეშმარიტების დადგენას. იმ მიზეზის გამო, რომ, რადგანაც „ქართლის ცხოვრების“ აღნიშნული შესავალი არის ერთი მთლიანი ნაშრომი. ამიტომაც მთლიანობაში და ურთიერთ კავშირში უნდა იქნას განხილული მასში არსებული ყველა ტენდენცია. ეს თხზულება ქრონიკების უბრალო კრებული რომ იყოს ერთიანი რედაქციის გარეშე, მაშინ, ცხადია, ცალ-ცალკე შეიძლებოდა ყოველი ტენდენციის განხილვა, მაგრამ, რადგანაც აღიარებულია, რომ ქ.ც.-ის შესავალი არის ერთი ავტორის ან, ყოველ შემთხვევაში, ერთი რედაქტორის მიერ დამუშავებული, მისი კვლევაც ერთიანი უნდა იყოს.

ამ თხზულების (იგულისხმება „ქ.ც.“ შესავალი) ავტორი (თუ რედაქტორი) შემთხვევით სრულებით არ ლახავს ქართულ ეროვნულ თავმოყვარეობას და ყოველივე სომხურს განადიდებს. ეს არის ავტორ-რედაქტორის წინასწარ დასახული გეზი, რომელიც მტკიცედ მიისწრაფის ერთი გარკვეული მიზნისაკენ. რა არის მიზანი? ამის გარკვევა ძნელი, მაგრამ აუცილებელი საქმეა. ჩვენი ფიქრით, ქართულ ისტორიულ წყაროში მსგავსი ტენდენციის შექმნით ავტორ-რედაქტორს სურდა იდეოლოგიურ-თეორიული ბაზის შექმნა ქართველთა შეგნებაში სომხური ეკლესიის ავტორიტეტის განსამტკიცებლად. თავის მხრივ, როგორც ცნობილია, სომხური ეკლესია წარმოადგენდა არა მხოლოდ სარწმუნოებრივ, არამედ სომხურ ეროვნულ ორგანიზაციას, რომელიც იღწვოდა სომხური სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად, მისი გავლენის სფეროების გასაზრდელად, მეზობელი ერების თავის სამწყსოში შესაყვანად.

მოვიყვანთ „ქართლის ცხოვრების“ შესავალში არსებულ ერთმანეთის პარალელურ ორ ტენდენციას. ერთია ყოველივე სომხურის განდიდება, მეორეა ყოველივე ქართულის დაკნინება.

„ქართლის ცხოვრების“ შესავალში არსებული ურთიერთპარალელური ტენდენციები.

ყოველივე სომხურის განდიდება

1. სომეხთა წინაპარი უპირველესი რჩეულია თარგამოსისა, ამიტომაც მას მიეცა თარგამოსის სამკვიდრებლის საუკეთესო ნახევარი, ე.ი. მიეცა თარგამოსის სამკვიდრებლის 1/2 ნაწილი (50%) „ნახევარი და უმჯობესი ქვეყნისა მისისა მისცა ჰაოსს“.

2. სომეხთა წინაპარი ისეთი გმირია, რომლის მსგავსი დედამიწაზე არასოდეს დაბადებულა არც წარღვნამდე და არც მის შემდეგ - „ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილიყო არცა წყლისრღვნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმხნითა“. (გვ.4)

3. სომეხთა წინაპარი ქართველთა წინაპრის განმგებელი და უფალია: „ამათ შვიდთავე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ „ჰაოს“ (გვ. 6).

4. ნაბროთთან ომის დროს სომეხთა წინაპარი ხელმძღვანელობს (მხედართმთავრობს) ჯარს, რომლის რიგებში ქართლოსიანები (ქართველები) არიან. ომის დაწყებისას ნებროთის ჯარს „მიეგებნეს შვიდნი იგი გმირნი ძმანი ჰაოსისანი სპითა, უძლიერესითა დაუდგა უკნით ზურგით“ (გვ. 6.) „ძალს ცემდა და ნუგეშინისცემდა ხმითა საზარელითა, რომელი მსგავსი იყო მეხის ტეხისა“ (გვ. 7.)

5. ჰაოსი ამარცხებს ნებროთს, მთელი მსოფლიოს მეფეს: „ნებროთ გმირი, მეფე ყოვლისა ქვეყნისა“ (გვ. 6).

6. ჰაოსი იქცა მეფედ კავკასიელებისა: „ჰაოს ჰყო თავი თვისი მეფედ ძმათა თვისთა ზედა და სხვათაცა ნათესავთა ზედა, მახლობელთა მისთასა“ (გვ. 7.)

7. როგორც მემატიანის თხრობიდან ჩანს, სომხური ენა შეიქმნა „შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონის გოდოლი და განიყვეს მუნ ენანი და განიბნეს მუნით ყოველსა ქვეყანასა, და წარმოვიდა ესე თარგამაოს ნათესავითურთ მისით და დაემკვიდრა - არარატსა და მისისსა“ (გვ. 3.)

8. ჰაოსი თარგამოსის პირმშოა მისი მემკვიდრე, მემატიანის თხრობიდან ჩანს, რომ მას სომხური ენა მიაჩნია თარგამოსის ენად, ანუ ესაა ენა, რომელზეც საუბრობდა თარგამოსი ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ.

9. სომხეთში მხოლოდ ერთი ენით, სომხურად, ლაპარაკობენ. სომხებმა მხოლოდ თავისი ენა იციან. ასეთია მიდგომა მემატიანისა.

10. სომხები მხოლოდ დადებითი თვისებების მატარებელნი არიან. უფრო მეტიც, ვითარცა ჰაოსის მემკვიდრენი, სომხებზე უკეთესი დედამიწაზე არავინ დაბადებულა წარღვნამდე და არც მის მერე, სანიმუშონი არიან, ასეთია მიდგომა მემატიანისა.

11. სომხების ქვეყანაში ქართველებს არასოდეს არავითარი უფლება არ ჰქონდათ. ასეთია მატიანის თანმდევი თვალსაზრისი.

და სხვა.

ყოველივე ქართულის დაკნინება

1. ქართველთა წინაპარი ერთ-ერთი რიგითი წევრია თარგამოსის ოჯახის, ამიტომაც მას და მის ძმებს გაუნაწილდა თარგამოსის სამკვიდრებლის მეორე ნახევრიდან 1/7 ნაწილი, ანუ დაახლოებით 7% მთელი სამკვიდრებლისა. „ხოლო შვილთა ამათ მისცა ხვედრი მათი არძანგებისამებრ მათისა“.

2. ქართველთა წინაპარიც გმირია, მაგრამ ისეთივე, როგორც მისი სხვა ექვსი ძმა ჰაოსის გამოკლებით.

3. ქართველთა წინაპარი ემორჩილება სომეხთა წინაპარს. სხვა კავკასიელ ეთნარქთა მსგავსად „ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსისა“ (გვ. 6).

4. ქართველთა წინაპარი ისევე, როგორც მისი ექვსი ძმა, პირველი მოხმობისთანავე იკრიბებიან ჰაოსის გარშემო: „მოუწოდა ჰაოს შვიდთა მათ ძმათა და რქუა მათ ... ეწამნეს (დაემოწმნენ, დაეთანხმნენ) შვიდნი იგი გმირნი, და დაუმტკიცნეს გარჩევა იგი და განუდგეს ნებროთს“. ქართლოსი სხვა ძმებთან ერთად ებრძვის ნებროთს ჰაოსის წინამძღოლობით.

5. ქართლოსი მხოლოდ დამხმარეა ჰაოსისა ამ ომში.

6. ჰაოსის მეფედ გამოცხადებას მორჩილად შეეგება ქართლოსი და წავიდა თავის ქვეყანაში ნებროთთან ომის შემდეგ: „შვიდივე ესე ძმანი წარვიდეს თვისად ქვეყნად, და იყვნეს მორჩილ ჰაოსისა“. (გვ. 7.)

7. ქართული ენა არა შექმნილა მაშინ, როდესაც, საერთოდ, ბიბლიის თანახმად, შეიქმნა სხვა ენები, კერძოდ, ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ. ქართული ენა მოგვიანებით შეიქმნა სხვადასხვა ენების ურთიერთშერევის შედეგად: „ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული“ (გვ. 16.)

8. რადგან ქართლოსიც თარგამოსის მემკვიდრეა, ისიც თავიდან თარგამოსის ენით, ე.ი. სომხურით ლაპარაკობდა. ქართლოსის თავდაპირველი ენა სომხური იყო, მაგრამ სხვადასხვა ენების ურთიერთშერევით შეიქმნა ქართული ენაც: „აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო რომელსა ზრახვიდეს. ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენა სომხური, და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული“ (გვ. 16.)

9. საქართველოში მრავალი ენაა გავრცელებული, ამიტომ ქართველები ექვს სხვადასხვა ენას ფლობენ - „იზრახებოდა ქართლსა შინა ექვსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა“. (გვ. 16.)

10. ქართველები მსოფლიოს ერთა შორის ყველაზე საძაგელნი არიან „- უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა - მკვდარსა შესჭამდეს ვითარცა მხეცნი და პირუტყვნი“ (გვ. 17). ქართველებმა „იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთაცა, რამეთუ ცოლ-ქმრობისათვის არა უჩნდათ ნათესაობა და ყოველსა სულიერსა ჭამდეს, საფლავი არა იყო, მკვდარსა შესჭამდეს“ (გვ. 16).

11. ფარნავაზის შემდეგ მეხუთე მეფედ (ქართველთა ქვეყანაში) დასვეს სომეხთა მეფის ძე: „სომეხთა მეფემან მოსცა ძე თვისი არშაკ, დაჯდა მეფედ არშაკ, და დაიპყრა ყოველი ქართლი“. (გვ.30).

და სხვა.

ყოველივე ზემოთ თქმული, რომ „ქართლის ცხოვრების“ შესავალს არმენოფილური სახე მისცეს განზრახ, რათა სომხური ეკლესიისა და სომხური სახელმწიფოს გავლენის სფეროში ქართული მოსახლეობა ჩაერთოთ, მოითხოვს შესწავლას. საკითხის ასეთი სახით დაყენების შემდეგ პასუხი უნდა გაეცეს მრავალ კითხვას, მაგალითად:

1. რამდენად შესაძლებელია „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური ტენდენციების მქონე შესავლის ავტორი ყოფილიყო ქართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური რუისის ეპარქიის მღვდელმთავარი?

2. თუ „ქართლის ცხოვრების“ შესავალი სომხური ეკლესიის ინტერესების გამომხატველია, რატომ იყო იგი მიღებული ქართულ ეკლესიაში? მართლმადიდებლურ საქართველოში საერთოდ? ამ ბოლო კითხვაზე ახლავე უნდა ვუპასუხოთ, რომ როგორც არსენი ბერის (მეტაფრასის) ნაშრომიდან ჩანს, „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური ტენდენცია არა თუ შეწყნარებული იყო XII ს-ში ქართული ეკლესიის მიერ, არამედ, საერთოდ მიუღებელი იმ დროინდელ მართლმადიდებლურ საქართველოში (ამ საკითხს ქვემოთ შევეხებით). ქართული ენისა, კულტურისა, ზნე-ჩვეულებებისა და ეროვნულ ნიშან-თვისებათა შესახებ ჩვენამდე მოღწეული ერთმანეთის საპირისპირო შეფასებანი მიუთითებს, რომ ჩვენში XII საუკუნემდე არსებობდა შეფასებათა ორი ნაკადი: ერთის მიხედვით ყოველივე ქართული კარგია, მეორეს მიხედვით ცუდი. მაგალითად, თუ „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, „ილარიონ ქართველის ცხოვრება“ და „ექვთიმე მთაწმინდელის ცხოვრება“ აქებენ ქართულ ენას, უწოდებენ მას ღვთისმშობლის ენას, ანდა საღმრთო ენას, „ქართლის ცხოვრების“ შესავალი ამ ენას აკნინებს. თუ ქართულ ეროვნულ ნიშან-თვისებებს ათონელი მამები, გრიგოლ ბაკურიანისძე და სხვანი დადებითად ახასიათებენ, „ქართლის ცხოვრების“ შესავალი უარყოფითად ახასიათებს. აქ ჩვენ გამოძახილი უნდა გვქონდეს ორ საეკლესიო მიმდინარეობის ურთიერთ ბრძოლასთან: ქალკედონიტობისა, რომელიც იცავდა ქართულ მხარეს (წარმოადგენდა მას), მონოფიზიტობასთან, რომელიც არა ქართულ, არა ეროვნულ მხარეს წარმოადგენდა. როგორც ჩანს, შემდგომში, საუკუნეთა გასვლის შემდეგ, როდესაც თათარ-მონგოლთა შემოსევების გამო საისტორიო თუ სხვა სახის თხზულებანი მოისპო, ყოველივე არსებული, გადარჩენილი მასალა შეკრიბეს, დაალაგეს მათში არსებული ორიენტაცია შეფასებათა მიუხედავად და შეუნახეს მომდევნო თაობებს.

როგორც ცნობილია, „ქართლის ცხოვრება“ წარმოადგენს ძველ ქართულ საისტორიო თხზულებათა კრებულს. ივ. ჯავახიშვილის მიერ შემოთავაზებული პირობითი სქემის მიხედვით, „ქ.ც.“-ის ძველ ნაწილში შედის: ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ (უძველესი ხანიდან V ს-მდე). ჯუანშერის „ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა“ (V-VIII სს.). ლეონტი მროველის „წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი“, XI ს. ანონიმი ავტორის „მატიანე ქართლისა“ (VIII-XI სს.), XII სს. ანონიმი ავტორის „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონიანთა“. ე.წ. ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე (XII-XIII სს.). თამარის ორი უსახელო ისტორიკოსის თხზულებანი. XIV ს. ანონიმის ჟამთა აღმწერლის თხზულება. (რევაზ კიკნაძე, ქართლის ცხოვრების შესწავლის ისტორიიდან, წიგნში საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის საკითხები, 1982, გვ.21.)

„სადღეისოდ სამეცნიერო ლიტერატურაში „ქართლის ცხოვრების“ შედგენის დროისა და მისი შევსების შესახებ ძირითადად ივ.ჯავახიშვილის თვალსაზრისია მიღებული, მაგრამ მას ყველა მკვლევარი არ იზიარებს“. (მარიამ ლორთქიფანიძე, რა არის ქართლის ცხოვრება? 1989, გვ.22.)

XII საუკუნის შუა წლებისათვის არსებობა „ქართლის ცხოვრებისა“, რომელიც დავით აღმაშენებლის ისტორიით მთავრდებოდა, უდავოა, ამის უტყუარი საბუთია ის, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიით მთავრდება „ქართლის ცხოვრების“ სომხური თარგმანი, რომელიც XII ს. II ნახევარშია შესრულებული. (იქვე, გვ. 21.)

მაშასადამე, ჩვენთვის ცნობილია, თუ რომელი თხზულებით იყო დასრულებული XII ს-ში „ქართლის ცხოვრება“, მაგრამ რომელი თხზულებით იწყებოდა იგი? გააჩნდა თუ არა მის შესავალს არმენოფილური სახე, ეთნარქთა გენეალოგია და სხვა?

განვიხილოთ ქართლის ცხოვრების შესავალი. ქართლის ცხოვრების შესავალი ცნობილია მეფეთა ცხოვრების სახელით, მაგრამ მისი სრული სახელწოდება ავტორისეული გამოთქმით ასეთია: „ვიწყო მოთხრობად ცხოვრებისა ქართველთა მეფეთასა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“. („ქართლის ცხოვრება, გვ. 3.) ამის შემდეგ ავტორი იწყებს თხრობას. მაშასადამე, დაკვირვებიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ავტორი ორი აზრის აღწერას ისახავს მიზნად: პირველი, ესაა - „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“, და მეორე, „ცხოვრება პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“, და აერთიანებს მათ. როგორც ჩანს, ზემოთ აღნიშნული სათაურის ქვეშ გაერთიანებულია ორი ამბავი, ორი ნაკვეთი. საბოლოო მიზანი ავტორისა „მეფეთა ცხოვრების“ გადმოცემაა, ამიტომაც მას წინ ურთავს ქრონოლოგიურად წინმსწრებ მოვლენას „ცხოვრება პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეთავში თუ პარაგრაფში ორი სხვადასხვა წარმომავლობის თხზულებაა გაერთიანებული და ერთმანეთზე რედაქტორის მიერ გადაბმული. როგორც ცნობილია, „მეფეთა ცხოვრების“ ერთ-ერთ წყაროდ „მოქცევაი ქართლისაი“ ითვლება, რომელიც შეიცავს „წმინდა ნინოს ცხოვრების“ გარდა ჩვენთვის საინტერესო მეფეთა ცხოვრების ქრონიკას აზონ - ფარნავაზიდან მოყოლებული. ასევე ცნობილია, რომ, „ქართლის ცხოვრების“ „მეფეთა ცხოვრების“ ერთ-ერთ წყაროდ ითვლება VII ს-ის სომხური თხზულება „ხალხთა წარმომავლობის შესახებ“. რომელშიც გადმოცემულია სწორედ ის, რაც ასახულია „მეფეთა ცხოვრების“ შესავალში - ამიერკავკასიის ხალხთა ნოესაგან წარმომავლობა. სწორედ ეს უნდა იყოს წყარო „მეფეთა ცხოვრების“ იმ ნაწილისა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „ცხოვრება პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“.

მაშასადამე, ჩვენი ვარაუდით, რედაქტორს ერთმანეთზე გადაუბამს ორი თხზულება: ერთი ყოფილა ძველ ქართული ქრონიკა ქართველ მეფეთა „ცხოვრებისა“ (აზონ - ფარნავაზის და მის შემდეგ), მისთვის კი წინ დაურთავს სომხურ-ქალკედონიტური ან სომხურ-მონოფიზიტური წარმომავლობის მოთხრობა ამიერკავკასიის ხალხთა ეთნოგენეზისის შესახებ ნოედან ჰაოს - ქართლოსამდე, ალბათ მასშივე იყო აღწერილი დახასიათება თარგამოსის ძეებისა. რედაქტირებისას რედაქტორს ძველქართული ქრონიკიდან ამოუგდია ამბავი არიან - ქართლიდან ქართველთა გადმოსახლების შესახებ. შესაძლოა რედაქტორმა ქართლოსისა და სხვა ძმათა შვილებისადმი წილხვედრი ქვეყნის საზღვრები თავად ჩაურთო თავისი ეპოქის შესაბამისი ვითარების მიხედვით. შეაჯერა ერთმანეთთან ორი წყაროს მონაცემები და დაურთო ცნობები ალექსანდრე მაკედონელის შესახებ, მისცა თხზულებას არმენოფილური სახე.

თუ ჩვენ „ქართლის ცხოვრების“ შესავალს გავყოფთ ორ ნაწილად (ორ თხზულებად, როგორც სათაურიც მიუთითებს) - 1. „ცხოვრება პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ და 2. „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“, მაშინ ქართლის ცხოვრების ცნობილი ჩანართიდან, რომ ლეონტი ავტორია მეფეთა ცხოვრებისა, ნინოს მიერ ქართლის მოქცევისა და არჩილის წამებისა, აღმოჩნდება, რომ ლეონტი მროველს არ აღუწერია „ცხოვრება პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“. შესაძლოა „ქართლის ცხოვრების“ თავდაპირველი ვარიანტი არ იცნობდა ამიერკავკასიის ხალხთა იმ გენეალოგიას ნოედან - თარგამოსამდე და ჰაოს - ქართლოსამდე, რომელიც ამჟამად მოცემულია ამ კრებულში.

ამ მოსაზრებას, რომ „ქართლის ცხოვრების“ თავდაპირველი კრებული არ იცნობდა ე.წ. „ცხოვრება პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“, მხარს უჭერს ეკლესიის ისეთი დიდი ავტორიტეტის თხზულება, როგორიც იყო XII ს-ში არსენ მონაზონი (არსენ ბერი).

„წმინდა ნინოს“ ცხოვრების ერთ-ერთი რედაქციის ავტორი, როგორც ცნობილია, XII ს-ის საეკლესიო მოღვაწე არსენია. მისი ვინაობის შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ უდავოა, რომ იგი თავისი დროის დიდ ავტორიტეტს წარმოადგენდა. „ცხოვრება და მოქალაქეობა ნინოსი“ ... დაწერილია XII ს-ის 10-20-იან წლებში დავით აღმაშენებლის (თუ იოანე კათალიკოსის) ბრძანებით არსენ მონაზონის (ბერის) თუ არსენ იყალთოელის მიერ ... თხზულება ძირითადად მთავრდება ნინოს გარდაცვალებისა და დაკრძალვის აღწერით. ამის შემდეგ იწყება ახალი თხრობა, რომელსაც უძღვის ზედწარწერილი „ესეცა წაურთე ყოველი, რამეთუ შვენიერ არს, საყვარელნო და სატრფიალო მსმენელთათვის“. ეს თხრობა შეიცავს საქართველოსა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ფრიად საყურადღებო მასალებს, ქართველებისა და მათი მეფეების ჩამომავლობის... და სხვათა შესახებ“. (ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, 1978, გვ. 632.)

ცნობილია, თუ რა დიდი ავტორიტეტი იყო არსენი ქართული ეკლესიისათვის და დავით აღმაშენებლისათვისაც. შეიძლება ითქვას, რომ არსენის მიერ ორგანიზებულმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ დავით აღმაშენებლის დროს ერთგვარად შეაფასა და შეაჯამა წინა საუკუნეებში ქართული ეკლესიის საქმიანობა და განსაზღვრა მომავალში მისი მიმართულება. არსენ ბერი ისტორიული პირი იყო. ამიტომაც მისი თხზულება ქართველთა ეთნოგენეზისის და მეფეთა ჩამომავლობის შესახებ დათარიღებულია. ამ მხრივ რა შეიძლება ითქვას „ცხოვრება მეფეთასაის“, ავტორის შესახებ? მართალია, ზოგიერთმა დიდმა მეცნიერმა მიიჩნია, რომ ის დაწერილია XI ს-ში ლეონტი მროველის მიერ, მაგრამ ეს განცხადება ეფუძნებოდა მხოლოდ ლოგიკურ მსჯელობას და არა ისტორიულ ფაქტს. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ არც „მეფეთა ცხოვრების“ ავტორია ცნობილი და არც მისი დაწერის (მით უმეტეს, რედაქტირების) თარიღი, წმიდა ნინოს ჩვენთვის საინტერესო რედაქციის ავტორი კი ცნობილია. ესაა არსენი ბერი.

მიუხედავად იმისა, თუ რომელ პიროვნებად მიიჩნევენ არსენ ბერს, ცნობილია, რომ იგი იყო XI ს-ის II ნახევრის და XII ს-ის I ნახევრის მოღვაწე. დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი მოღვაწეობდა შიო მღვიმის ლავრაში. ს. კაკაბაძისა და კ. კეკელიძის აზრით არსენ ბერი უნდა იყოს დავით აღმაშენებლის მემატიანე ისტორიკოსი. (საქართველოს ისტორია, ლექსიკონი I, შემდგენელი . მეტრეველი, 1979 . გვ.78.) ი. ლოლაშვილი ზოგიერთ სხვა მკვლევართან ერთად (თ. ჟორდანია, ზ. ჭიჭინაძე, ა. ხახანაშვილი) არსენ ბერს არსენ იყალთოელად მიიჩნევს. კ. კეკელიძე არსენ ბერს აკუთვნებს წმინდა ნინოს მეტაფრასულ ცხოვრებას. ეს თხზულება დაწერილია დიმიტრის მეფობაში (1125-1156). მწერალი წერს: „ვიკადრე არსენ ბერმან აღწერად ამისა მეფობასა დიმიტრისასა“. მწერალი ასახელებს თავის მიერ შექმნილი თხზულების წყაროებს: „ესე ნეტარისა ნინოს ცხოვრებაი შეუწყობლად და განბანულად ქართლის მოქცევასა თანა და ჰამბავსა მეფეთასა თანა აღრეულად სწერია“. არსენი წერს, რომ „არცა შემიმატებია, არცა დამიკლია არამედ ... მოკლედ და მარტივად წარმომითქვამს“. არსენის მიერ მოცემულ „ცხოვრებაში“ გადმოცემულია საქართველოს სამეფო კარის სახელმწიფოებრივი იდეოლოგია და მიდგომა. ეს ჩვენთვის საინტერესოა იმით, რომ სწორედ ამ ცხოვრებაში არსენი ფაქტიურად უარყოფს იმ არმენოფილურ მიდგომას ქართველთა წარმოშობის და პირველწინაპართა ცხოვრებისადმი, რომელიც ასე მკვეთრი ფერებითაა დახატული ჩვენამდე მოღწეული „ქართლის ცხოვრების“ შესავალში, რომლის ავტორობა მიეწერება ლეონტი მროველ ეპისკოპოსს.

ხშირად წერენ, რომ ლეონტი მროველის თხზულება (ცხადია, თავის არმენოფილური შესავლით) თითქოსდა სამეფო კარის დაკვეთითა და უშუალო მითითებით დაიწერა, რასაც ვერ დავეთანხმებით, რამეთუ არ არსებობს ამის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი. პირიქით, თუკი სამეფო კარის რაიმე მითითებაზე ანდა სახელმწიფო იდეოლოგიაზეა საუბარი, ამის ნიმუშად სწორედ არსენ ბერის თხზულებები უნდა მივიჩნიოთ. ამას ამტკიცებს ჩვენამდე მოღწეული საბუთები (დავით აღმაშენებლის ანდერძი, რუის-ურბნისის ძეგლისწერა და სხვა, რომელთა ავტორობა არსენ ბერს მიეწერება). მაგალითად: დავით აღმაშენებელი არსენ ბერს უწოდებს თავის „სასოსა და განმანათლებელს“ და ამბობს - „ბერმან არსენი მიბრძანა ამის ანდერძის დაწერა“. (1123/1124 ქართული ისტორიული წყაროების კორპუსი, გვ. 53.) ანდერძიც მეფემ „წარმოუთხრა მოღვარსა თვისსა არსენის ჟამსა გარდაცვალებასა თვისისა“. (იქვე, გვ. 61.) არსენი მეფეს „უბრძანებს“, მას აბარია მეფის თანხა, რომელიც უნდა გამოიყენოს შიომღვიმის ღვთისმშობლის ეკლესიის ასაშენებლად, ეს ბერი „აწესებს“ საგანგებო წესრიგს (იქვე, გვ. 57.) და სხვა.

არსენი მეტად დაახლოებული პირია დავითთან, ის არ სცილდება მას არასოდეს, არც გზაში, არც ლაშქრობისას, ის თავისუფლად შედის მის სასახლეში და სინჯავს მის წიგნებს რომელთაც შენიშვნებს უკეთებს, მან იცის არამცთუ ყველასათვის ცხადი დიდნი საქმენი მეფისანი, არამედ მისი სულისკვეთება, გულისნადები და ინტიმური მხარეები მისი ცხოვრებისა. (. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, 1980, გვ. 310.)

ცხადია, სწორედ ის გადმოცემს სახელმწიფოებრივ მიდგომასა და იდეოლოგიას, ვინც იცის „მეფის სულისკვეთება, გულისნადები“ (კ. კეკელიძე), სწორედ ასეთი არის არსენი ბერი. ამიტომაც თუკი „სამეფო დაკვეთაზეა“ საუბარი, ეს უნდა მიეწეროს (წყაროებზე დაყრდნობით) არსენ ბერს და არა ლეონტი მროველს. არსენ ბერის თვალსაზრისი კი ქართველთა ეთნოგენეზის შესახებ სრულებით განსხვავდება ლეონტი მროველისად მიჩნეული თხზულების თვალსაზრისისაგან.

ის ფაქტი, რომ არსენ ბერის „ცხოვრებაში“ გამოთქმული თვალსაზრისი სრულებით ეწინააღმდეგება „ცხოვრება მეფეთანში“ გამოთქმულ თვალსაზრისს ქართველთა ეთნოგენეზისის, ქართველთა ქვეყნის საზღვრების, მეფეთა წარმომავლობის, ქართული ენისა და სხვათა შესახებ, გვაძლევს უფლებას ითქვას, რომ „ქართლის ცხოვრების“ შესავლის დღეს არსებული არმენოფილური ნაწილი XI-XII საუკუნეებში არა თუ სამეფო კარის შეკვეთით იწერებოდა, არამედ აკრძალული იყო სამეფო კარის მიერ, რადგანაც სწორედ მეფის კარის მოძღვარი, მეფის მასწავლებელი და სულიერი მამა არსენი არ იზიარებდა და, უფრო მეტიც, უარყოფდა „ცხოვრება მეფეთანის“ მრავალ თვალსაზრისს.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ (XII საუკუნის დასაწყისში) ქართული ეკლესიისათვის სრულებით მოუთმენელი იყო „ცხოვრება მეფეთანში“ არსებული არმენოფილური თვალსაზრისი. ცნობილია, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება კანონმდებელი ორგანოა. ასევე ადგილობრივი საეკლესიო კრება კანონმდებელია ადგილობრივი ეკლესიის მიმართ. ამიტომაც რუის-ურბნისის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებანი სავალდებულო იყო ეკლესიისათვის. მას ეფუძნებოდა საეკლესიო სამართალი, რუის-ურბნისის კრება საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის კარგი გამოხატულებაა. ამ კრებას არა მარტო საეკლესიო, არამედ სახელმწიფო სამოქალაქო კანონმდებლობის ძალაც ჰქონდა. კრებამ მოიხსენია კიდეც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურები და აგრეთვე ქართული ეკლესიის ხელმძღვანელები. კერძოდ, კრების „ძეგლისწერა“ მოიხსენიებს საქართველოს პატრიარქს (მამამთავარს) „კათოლიკოს“ იოანეს, ევსტათი მონაზონს, გიორგი მწიგნობართუხუცესს (ჭყონდიდელს) და არსენი მონაზონს. (ეს უნდა იყოს ავტორი აღნიშნული წმინდა ნინოს ცხოვრებისა.) აქვე ძეგლისწერაში საგანგებოდაა ჩართული არსენი იყალთოელის მიმართვა მეფისადმი - დავით აღმაშენებლისადმი. (დიდი სჯულისკანონი. 1976 . გვ. 557.)

ზემოთმოყვანილის გამო, არსენი მონაზონის (ბერის) მიერ მეფის ანდა კათალიკოსის ბრძანებით დაწერილი „წმინდა ნინოს ცხოვრებასა“ და მასზე დართულ ქართული ეკლესიის მოკლე ისტორიას ჰქონდა დოგმის მნიშვნელობა. ის შეუცვლელად უნდა ყოფილიყო აღიარებული ეკლესიის მიერ, ხოლო ყოველივე საწინააღმდეგო თვალსაზრისი იქნებოდა ოფიციალურად უარყოფილი სახელმწიფოს და ეკლესიის მიერ. რადგანაც არსენი ბერი თავის ეკლესიის ისტორიაში გამოთქვამს „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური რედაქციისაგან კარდინალურად განსხვავებულ თვალსაზრისს, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ეს არმენოფილური რედაქცია და მასში გამოთქმული მრავალი თვალსაზრისი უარყოფილი და მიუღებელი იყო როგორც ქართული ეკლესიის, ასევე სამეფო კარის მიერ (იგულისხმება არსენის ეპოქა). არსენი საერთოდ იბრძოდა მონოფიზიტური გავლენის წინააღმდეგ, „ამან შეთხზა ერთბუნებიანთა წვალების პირისდასაყოფელი წერილი, რომელ ვერარაისმე ღონითა ძალდვეს სომეხთა პასუხისგებად“, წერს ი. ბაგრატიონი. („მცირე უწყებანი, 1982, გვ. 170.)

არსენ ბერი წმინდა ნინოს „ცხოვრებაში“ წერს, საჭიროა ვიცოდეთ: „ჩვენ ქართველნი რომელთა ნათესავთა შვილნი ვართ“ და „მეფენი ქართველთანი“ ვინ იყვნენო. შემდეგ წერს: ჩვენი ქვეყანა სადაც ამჟამად „ჩვენი ნათესავნი“, ანუ ქართველი ერი ცხოვრობს, თავდაპირველად არ გვეკუთვნოდა ქართველებს, არამედ ჩვენს მეფეს „აზოვეს“ ალექსანდრე მაკედონელმა „მისცა ქვეყანა ესე“. ალექსანდრე მაკედონელმა ქართველებს მისცა ქვეყანა შემდეგი საზღვრებით: „ჰერეთი და ეგრისწყალი და სომხეთი და მთა ცროლისა“ (ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III, გვ. 47.) ქართველები გადამოსახლდნენ და დაემკვიდრნენ სწორედ ამ საზღვრებში.

ამ გადმოსახლებამდე, არსენი ბერის აზრით, ქართველები ცხოვრობდნენ სხვა ქვეყანაში, რომელსაც „არიან ქართლი“ ერქვა, აქ მათ ჰქონდათ ეროვნული სახელმწიფო და მეფეებიც ჰყავდათ. ამ ქართველ მეფეთა შვილი იყო აზო, რომელმაც ქართველთა ერთი ნაწილი გადმოასახლა არიან - ქართლიდან და დაასახლა ახალ ქვეყანაში. ქართველები დასახლებულად მდინარე ეგრის წყლიდან ჰერეთის ჩათვლით (ან ჰერეთამდე), სომხეთიდან - ცროლის მთამდე.

არსენი ბერის თხზულება უფლებას იძლევა ითქვას, რომ ქართული სამოციქულო ეკლესია არ იზიარებდა „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილურ რედაქციას: 1 - საზღვრების შესახებ; - არსენის თანახმად, ქართველთა ქვეყნის დასავლეთი საზღვარი თავდაპირველად გადიოდა მდინარე ეგრისწყალზე. ეგრისწყლის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანა დასახლებული იყო ქართველებით, ქართველთა ნათესავით, რომელთა „შვილნი ვართ“ ჩვენ დღევანდელი ქართველები - წერს ის: „ჩვენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან ქართლით გადმოსულთანი და ენა მათი უწყით და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილის შვილნი არიან“. (დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულების ბოლოს ანა დედოფლისეული ნუსხის გადამწერი ..-ის კრებულს პატიოსან წიგნებს უწოდებს. არსენი ბერი - დავით აღმაშენებლის აღნიშნული ცხოვრების ავტორადაც მიიჩნევა ზოგიერთი მკვლევარის მიერ (იხ. .. I. გვ. 364), სწორედ მისი და სხვა მსგავსი ავტორების თხზულებები იგულისხმებიან პატიოსან წიგნებში.) ეს თვალსაზრისი განსხვავდება ლეონტის თვალსაზრისისაგან.

2. მეგრელები არენის, ე.ი. ქართული სამოციქულო ეკლესიის, თანახმად არის არა ქართველური ტომი (ე.ი. ქართლოსის „თვისი“, ძმა), არამედ მეგრელები თვითვე არიან ქართველები, მათი დედა ენა ქართული ენაა. ეს აზრი გამომდინარეობს იქიდან, რომ ქართველები თავიდანვე დასახლებული იყვნენ მდინარე ეგრისწყლის აღმოსავლეთით, მაგრამ ცნობილია ჩვენთვისაც და არსენი ბერისთვისაც, რომ ამ მდინარის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია ისტორიულად მეგრელებით იყო დასახლებული, როგორც თვით ამ მდინარის სახელწოდებაც ამჟღავნებს. მაშასადამე, სწორედ მეგრელები, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრი მცხოვრებნი „ეგრისწყლიდან ჰერეთამდე“, არიან ქართველები. ეს თვალსაზრისიც განსხვავდება ლეონტის თვალსაზრისისაგან.

3. ენის შესახებ, ქართველთა თავდაპირველი ენა ეკლესიის ამ თეორეტიკოსის თანახმად, ქართული იყო და არა სომხური, როგორც მიაჩნდა „ლეონტი მროველს“. არსენის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის დედა ენა ქართული ენაა ისევე, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობისა. იმ ქვეყნის მოსახლეობის დედა ენა, რომელსაც აქვს საზღვრები „ჰერეთი და ეგრისწყალი სომხითი და მთა ცროლისა“ დასაბამიდანვე ქართულენოვანია, რადგანაც „ჩვენ ქართუელნი შვილნი ვართ არიან ქართლით გადმოსულთანი და მათი ენა უწყით“. აქედან ჩანს, რომ არსენ ბერს მეგრული ენა მიაჩნია არა დამოუკიდებელ ენად, არამედ კილოდ ან დიალექტად ქართული ენისა. მართლაც თითქმის 800 წლის წინ, ალბათ, მეგრული დიალექტი ნაკლებად განსხვავდებოდა ლიტერატურული ქართულისაგან, ვიდრე დღეს. სამეგრელოში ქართული ენა დედა ენად მიიჩნეოდა.

4. საქართველოში ქართველთა დასახლებამდე ცხოვრობდა სხვა ველური ხალხი, რომელიც ქართველთა გადმოსახლების წინ ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა, ნაწილი დახოცა, ხოლო დანარჩენები გადაასახლა ჩრდილოეთ ოსეთს იქით, სადაც ყივჩაღნი მკვიდრობენო, წერს არსენი. ალექსანდრე მაკედონელმა „... ქალაქნი და სიმაგრენი ყოველნი უცხოთესლთა მათ გამოუხვნა, ... მიიყვანა გარეგან ოსეთისა და არს ქვეყანა იგი მაღალ და ვრცელ და სიმრავლე წალთაი, სადა იგი მიერითგან მკვიდრობენ დიდნი იგი ნათესავნი ყივჩაღთანი“. (ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III, გვ. 46.)

მაშასადამე საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა, რომელნიც ალექსანდრე მაკედონელმა იხილა, არ იყო ქართველები არამედ „...ნათესავნი იგი სასტიკი წარმართნი, რომელთა ჩვენ აწ ბუნთურქად და ყივჩაღად უწოდთ“. (იქვე, გვ. 46.) ესენი ალექსანდრემ ჩრდილოეთში გადარეკა, ხოლო აქ ქართველები დაასახლა.

არსენის ეს აზრი სრულიად განსხვავდება „ლეონტი მროველის“ თვალსაზრისისაგან, რომლის თანახმადაც, თვით ქართველები იყვნენ ველურები, რომელნიც იხილა ალექსანდრემ.

უცხოთესლთა გაჟლეტისა და გადარეკის შემდეგ ალექსანდრემ დაიწყო ქვეყნის შენება: „- და თვით იწყო აშენებად ქვეყნისა ჩვენისა, ხოლო ჰყვა თანა აზოვე, ძე არიან ქართლის მეფისაი, და განუჩინა საზღვარი ჰერეთი და ეგრისწყალი და სომხითი და მთა ცროლისა, და თვით წარვიდა“.

ხოლო „ეს აზოვე წარვიდა ქართლად მამისა თვისისა და წარმოიყვანა მუნით ათასი სახლი მდაბიო და მოქალაქე დედებით ყრმებითურთ მათით და კუალად ათი სახლი მთავართაგან პალატისათა დედებით და ყრმებითურთ მათით. და მათ თანა ჰყვეს კერპნი ღმერთად. და ესე აზოვე არს პირველი მეფე ქართველთაი, და ამისა შვილისშვილთაგან ოცდამერვე იყო მირიან, რომელი იგი მხოლოდ იქმნა ქრისტიანე და მიერითგან ყოველნი მეფენი ქართველნი არიან მორწმუნე კეთილად და ჩვენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან ქართლით გადმოსულთანი და მათი ენა უწყით. და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილისშვილნი არიან“. (ქართული აგიორგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III, გვ. 46-47.)

როგორც ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, არსენი მონაზონი, ანუ ქართული ქალკედონური ეკლესია, სრულებით უარყოფდა „ქართლის ცხოვრებაში“ შემავალ არმენოფილურ რედაქციას, ანუ იმ რედაქციას, რომელიც ამჟამად აღიარებულია.

არსენი ასახელებს კიდეც თავის წყაროებს. მას გამოუყენებია „მოქცევაი ქართლისაი“ და „ამბავი მეფეთა“. ის წერს, „წმინდანო მამანო და ძმანო, ესე ნეტარისა ნინოს „ცხოვრება“ შეუწყობელად და განბნეულად „ქართლის მოქცევასა“ თანა და „ჰამბავსა მეფეთასა“ თანააღრეულად სწერია ... არცა შემიმატებია და არცა დამიკლია ... ყოველი ჭეშმარიტებით აღწერილი და წამებული მათ მიერ აჰა წინაშე თქვენსა არს ... იკითხვიდეთ და ერსა წარმოუთხრობდით სადიდებელად ღმრთისა და პატივისა მისისა, რომლისა არს დიდებაი“. (იქვე, გვ. 51.)

არსენი, წმინდა ნინოს ცხოვრებაზე დართულ ქართული ეკლესიის მოკლე ისტორიის გადმოცემისას, წყაროდ უშუალო თხრობისას ასახელებს „ქართლის ცხოვრების წიგნს“. ტექსტიდან სრულებით აშკარად ჩანს, რომ „ქართლის ცხოვრების წიგნს“ ის იყენებს ერეკლე კეისრისა და არაბთა შემოსევამდე (VII ს.). ამის შემდეგ, ჩანს, ის იყენებს ეფრემ მცირის თხზულებას „უწყება მიზეზისა ქართველთა მოქცევისასა“-ს, შემდეგ აკრიტიკებს ბერძენ საეკლესიო მოღვაწეებს და იყენებს მთაწმინდელთა გამონათქვამებს ქართველთა უბიწო სარწმუნოების შესახებ.

როგორც აღნიშნულია, წმიდა ნინოს „ცხოვრების“ ტექსტისათვის არსენს გამოუყენებია „ქართლის მოქცევაი“ და „ჰამბავნი მეფეთანი“, ხოლო ტექსტზე დართული ქართველთა და ქართული ეკლესიის მოკლე ისტორიის გადმოცემისას „ქართლის ცხოვრების წიგნი“. კერძოდ, იგი აღწერს (ვახტანგ გორგასლის ჩათვლით), ისტორიას და აგრძელებს „- ამის შემდგომად ფრიადნი ჭირნი მოიწინეს სპარსთაგან ქართველთა ზედა და ფრიადნი იწამნეს სახელისათვის ქრისტესისა რომელთაიმე აღწერილ არს ჩვენ შორის და რომელთაიმე აღუწერელ დაშთა, ხოლო ყოველნი აღწერილ არიან წიგნისა მას ცხოველთასა და წინაშე ღმრთისა იხარებენ. ამას ყოველსა „ქართლის ცხოვრების წიგნი ვრცლად მოგვითხრობს“. (ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III, გვ. 48.) ე.ი. სპარსელთა შემოსევის შემდეგო, წერს იგი, ქრისტიანეთა მოწამეობრივი ღვაწლი მხოლოდ ნაწილობრივ აღიწერა, მაგრამ ამის მიუხედავად მათი მოწამეობა სრულიად არის აღწერილი ზეცათა სიცოცხლის წიგნშიო“ - („წიგნსა მას ცხოველთას“). ამიტომაც, როცა არსენი წერს, „ამას ყოველსა „ქართლის ცხოვრების“ წიგნი ვრცლად მოგვითხრობსო“, გულისხმობს არა სპარსელთა შემოსევის პერიოდს, არამედ ქართველი ხალხის ისტორიას სპარსელთა შემოსევამდე მეხუთე საუკუნის მიწურულამდე.

მაშასადამე, ის წყარო, რომელსაც არსენი იყენებდა თავის ისტორიაში აზოვედან ვახტანგ გორგასლის ჩათვლით, ყოფილა „ქართლის ცხოვრების წიგნი“.

ჩანს, რედაქცია „ქართლის ცხოვრებისა“, რომელსაც იყენებდა არსენ ბერი, სრულებით განსხვავდებოდა ჩვენთვის ცნობილი „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური რედაქციისაგან. არსენს აგრეთვე გამოუყენებია წყაროდ „ჰამბავი მეფეთანი“. „ჰამბავნი მეფეთანი“, რომელსაც იყენებდა არსენი თავის წყაროდ, სრულებით განსხვავდება იმ არმენოფილური რედაქციისაგან, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ (ჩანს „ჰამბავნი მეფეთანი“ „ქართლის ცხოვრების“ შემადგენელი ნაწილი იყო) განსხვავება არმენოფილურ და ჩვეულებრივ რედაქციებს შორის ძალზე დიდი ყოფილა. კერძოდ, როგორც აღინიშნა, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ქართველთა ეთნოგენეზისის, ქართველთა ჩვევების, ქართველთა ქვეყნის საზღვრების, ქართველთა ენის და სხვათა შესახებ. შეხედულებათა განსხვავება არსებითია. ჩანს, „მოქცევაი ქართლისაის“ თვალსაზრისი აღნიშნულ საკითხზე მსგავსი იყო „ჰამბავნი მეფეთა ცხოვრების“ არაარმენოფილური რედაქციის თვალსაზრისისა.

უნდა ვიგულისხმოთ, რომ XII საუკუნეში, არსენ ბერის დროს არსებობდა „ქართლის ცხოვრების“ (ამბავი მეფეთას) ისეთი რედაქცია, რომელიც არ იყო არმენოფილური და იყო საყოველთაოდ მისაღები. ჩანს, არაარმენოფილური „ქართლის ცხოვრების წიგნი“ (ასე უწოდებს მას არსენ ბერი) შეიცავდა ქართველთა ისტორიას უძველესი დროიდან VII ს-მდე. ეს წყარო გამოუყენებია კიდეც არსენ ბერს, რასაც აღნიშნავს კიდეც: „ამას ყოველსა ქართლის ცხოვრების წიგნი ვრცლად მოგვითხრობს“ (მას ჩვენ ვუწოდებთ „ჩვეულებრივ“ ან ქალკედონურ რედაქციას). თუკი არსებობდა „ქართლის ცხოვრების წიგნის“ არაარმენოფილური რედაქცია, რატომ არ მოაღწია ჩვენამდე? ჩვენამდე არ მოაღწია საერთო სახალხო საკითხავი წიგნის „ვეფხისტყაოსანი“-ს XII-XIV - საუკუნეების ხელნაწერებმა: ისინი დაიკარგნან მონგოლთა შემოსევისას. ჩანს, ასევე დაიკარგა „ქართლის ცხოვრების“ არაარმენოფილური რედაქცია, ხოლო ამ წიგნის არმენოფილური რედაქცია, რომელიც ალბათ, ადრევე არსებობდა მონოფიზიტი ქართველების საჭიროებისათვის, შემოინახეს მონოფიზიტებმა. ცნობილია, რომ საქართველოს მონოფიზიტური ნაწილი (იგულისხმება მხარგრძელებისადმი დაქვემდებარებული ქვეყნები) უბრძოლველად დანებდა მონღოლებს, შემდგომშიც ამ ქვეყნებში შედარებით სიმშვიდე სუფევდა. მხარგრძელების ოჯახი ქართველობდა და ამავე დროს სომხობდა კიდეც. ჩანს, ასევე იყვნენ ქართველი მონოფიზიტები. ისინი არც ქართველობას თმობდნენ და არც სომხობას. „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური რედაქცია მათ მიდრეკილება-განწყობილებას სრულებით შეეფერებოდა.

არა მარტო საქართველოს ზოგიერთი კუთხე იყო არმენიზებული, არამედ ჩვენი მეზობელი ალბანეთის ზოგიერთი ნაწილიც. არმენიზებულ ალბანალებსაც ჰყავდათ თავიანთი ეროვნული ისტორიკოსი, რომელიც ერთდროულად ალბანელი პატრიოტიც იყო და სომეხი პატრიოტიც. ეს იყო მოვსეს კალანკატუაცი. მიუხედავად იმისა, რომ ის ალბანელი იყო, ყოველივე სომხურს ალბანურზე მაღლა აყენებდა. აკად. ს. ერემიანის თანახმად, მოვსეს კალანკატუაცის თხზულება იმიტომ დაიწერა სომხურ ენაზე, რომ მოსე წარმოშობით ალბანეთის არმენიზებული ოლქიდან იყო. (იხილეთ . გიოლაძე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, 1991.)

ალბანელთა მსგავსად, საქართველოს არმენიზებული ოლქების (არა ბოლომდე არმენიზებულის, იგულისხმება ტაო, ქვემო ქართლი, ჰერეთი) ქართველთა უფრო მეტად გასომხების მიზნით, ალბათ, ადრევე მოხდა „ქართლის ცხოვრების წიგნის“, „ცხოვრება მეფეთას“ არმენიზაცია, რადგანაც ეს წიგნი მხოლოდ VII ს-ის შუა წლებამდე შეიცავდა ქართველთა ისტორიას (ჰერაკლემდე „ქართლის ცხოვრების წიგნი“ ვრცლად მოგვითხრობს, „ამისა შემდგომად გამოვიდა მეფე ჰერაკლე“ (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III, გვ. 48.) - წერს არსენი ბერი). ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ „ქართლის ცხოვრების წიგნის“ არმენოფილური რედაქტირება, ალბათ, მოხდა VI ს-ში ან VII დასაწყისში. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ეს მოხდა შიდა ქართლზე სომეხ მეფეთა ექსპანსიის დროს VIII-X საუკუნეებში. შიდა ქართლზე თუ რა ძლიერი გავლენა ჰქონდა სომხეთს VIII-X საუკუნეებში, ამის შესახებ მოგვითხრობს ა. აბდალაძე თავის წიგნში - „ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-X საუკუნეებში“. (. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-X -ებში, 1988 .)

უნდა ვიფიქროთ, რომ ქართლის ცხოვრების „ცხოვრება მეფეთას“ დღეისათვის ცნობილი შესავალი დაწერილია მოსე კალანკატუაცის მსგავსად არმენიზებული ქართველის მიერ სომხური ეკლესიის მრევლად ქცეულ ქართველთათვის (სომხური ეკლესიის მრევლად იქცნენ არმენიზებული ალბანელებიც). ეს რედაქცია მიუღებელი იყო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისათვის და ის არ გამოიყენა ქართული ეკლესიის ერთ-ერთმა მეთაურმა არსენ ბერმა (იყალთოელმა) ქართული ეკლესიის ისტორიის მოკლედ აღწერის დროს.

არსებობდნენ თუ არა არმენიზებული ქართველები და ჰყავდა თუ არა სომხურ ეკლესიას ქართული მრევლი? ჩანს, ეს საკითხი უკვე შესწავლილი აქვთ სომეხ ისტორიკოსებს. მაგალითად, გ. ტერ მკირტიჩიანი ფიქრობს, რომ კორიუნი (ან აგათანგელოსი) ქართველი იყო. „როგორც ივ. ჯავახიშვილი წერს - გ. ტერ მკირტიჩიანს აგათანგელოზი და კორიუნი იდენტურ პირებად მიაჩნდა და ფიქრობდა, რომ კორიუნი - ქართველთა, ანუ ქართველ-სომეხთა ეპისკოპოსი იყო ... იქნებ ქართველიც კი ...“. (. გოილაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 45, შენიშვნა 9.)

ჩანს, სომხურ ეკლესიას უკვე IV-V საუკუნეებში ჰყოლია ქართული მრევლი. VI საუკუნეში კი როდესაც სპარსელებმა სომხური ეკლესიის უფლებები უზომოდ გააფართოვეს, სომხურმა ეკლესიამ თავის გავლენის სფეროში მოაქცია ქართული მიწა-წყლის ერთი ნაწილი, კერძოდ, ქვემო ქართლი, რომელსაც ისინი „გუგარქს“ უწოდებდნენ. ალბათ, ამით აიხსნება ის, რომ ეროვნებით ქართველი ეპისკოპოსი პეტრე, როგორც ეპისტოლეთა წიგნიდან ჩანს, სომხური ეკლესიის ინტერესების დამცველს წარმოადგენს და სარწმუნოებითაც მონოფიზიტია. (ეპისკოპოსი ანანია, ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია 1988, . I. გვ. 621-624. იხ. ეპისტოლეთა წიგნი . ალექსიძის რედაქციით.) განსაკუთრებით ხაზგასასმელი ფაქტია ის, რომ თვითონ ეპისკოპოსი კირიონიც, ეროვნებით ქართველი, რომელიც შემდგომ ქართული ეკლესიის კათალიკოსი გახდა, თავისი ეპისკოპოსობის დროს, სომხური ეკლესიის იერარქს წარმოადგენდა და მართავდა სომხური ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან, ცენტრალურ, აირარატის ეპარქიას. შეიძლება ასევე სხვა მაგალითების მოყვანაც. ყოველივე ეს მიუთითებს იმის შესახებ, რომ სომხურ ეკლესიას თავის სამწყსოში ქართველი მრევლიც ჰყავდა, მათ შორის ქართველი იერარქებიც, რასაც თავისი ასახვა უნდა ჰქონოდა ქართველ საისტორიო წყაროებზე. ჩვენ ამით ვხსნით ჩვენთვის საინტერესო წყაროს არმენოფილურ ტენდენციებს. ა. აბდალაძის თვალსაზრისით, არმენოფილური ტენდენციები თავიდანვე იყო „ქართლის ცხოვრებაში“ და ისინი ლეონტისეულნი არიან. ა. აბდალაძის თანახმად, „ქართლის ცხოვრება“ შედგენილი ყოფილა საქართველოს სამეფო კარის თვალყურის დევნებით (. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-X -ში 1988, გვ. 105.) თითქოს, ლეონტი მროველი საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერით დაუპირისპირდა საქართველოს სასულიერო და საერო წრეებში დამკვიდრებულ სომხებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას (იქვე, გვ. 127.) „ლეონტის უნდა ემტკიცებინა იმის სრულიად საწინააღმდეგო რამ, რაც შესისხლხორცებული ჰქონდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებას“. (. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-X -ში, 1988, გვ. 127.) არმენოფილური ტენდენციების შეტანით ლეონტი ფიქრობდა ხელი შეეწყო „სომხეთის საქართველოსადმი შემოერთების უაღრესად დიდმნიშვნელოვანი საქმისათვის“. (იქვე, გვ. 127.) ა. აბდალაძის აზრით, ლეონტი მროველი ძველი სომხეთის ძლიერებაზე, მის დიდ წარსულზე, სომხური ენის განსაკუთრებულ როლზე საუბრით ცდილობს ქართველებს ჩააგონოს, რომ „შესაძლებელია სომხების ნათესავებად, ძმებად მიღება“. (დას. ნაშრ. გვ. 128.) ასეთი თვალსზრისი ჩვენი აზრით ვერ ხსნის საკითხს „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური ტენდენციების შესახებ. ა. აბდალაძე განაგრძობს: „როგორც ეტყობა, საქართველოს სამეფო კარმა (კერძოდ, საქართველოსთან სომხეთის შეერთების მოსურნე, ეროვნებით სომეხმა, საქართველოს სახელოვანმა დედოფალმა მარიამმა) ლეონტი მროველს დაავალა ისეთი მატიანის შედგენა, რომელშიც წარმოჩენილი იქნებოდა წარსულში ქართველ - სომეხთა თანამშრომლობა, მათი ერთობლივი მოქმედება საერთო მტრის წინააღმდეგ“. (. აბდალაძე, დას. ნაშ. გვ. 130.) ასეთი მატიანის შესადგენად ლეონტის „ქართული მასალები ვერ მოუპოვებია“ (იქვე, გვ. 130.) და „უხვად გამოუყენებია ტენდენციური სომხური მასალები, განსაკუთრებით სომხური თქმულებები, ლეგენდები“. (იქვე, გვ. 129.) ამ სომხური მასალების მოსაძიებლად ლეონტის შორს წასვლა არ დასჭირვებია ისინი, იქვე, თავისსავე პროვინციაში მოუძებნია, რადგანაც „საქართველო - სომხეთის ურთიერთობის შესახებ არსებული თქმულებები ასე თუ ისე, ამა თუ იმ ზომით ქართლშიც, კერძოდ, შიდა ქართლშიც უნდა გავრცელებულიყო“. (იქვე, გვ. 131.)

„ეტყობა საქართველოში, გარკვეულ წრეებში მაინც ლეონტი მროველის „არმენოფილური“ კონცეფცია არ მოსწონებიათ და გაულაშქრიათ კიდეც მის წინააღმდეგ, ამ მხრივ საყურადღებოა XII ს-ის პირველი ნახევრის მოღვაწის, არსენ ბერის გამოხმაურება ლეონტის „არმენოფილურ“ თვალსაზრისზე, რაც არსენისეულ, „ცხოვრებაი ნინოისი“-ში ნათლად, აშკარად შეიმჩნევა. ს. ჯანაშიას თანახმად, არსენ ბერი, ფრიად საინტერესო მწერალია. მას საპატიო ადგილი უნდა მიეკუთვნოს შუა საუკუნეთა ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიაში. ქართველთა, მათი ენის და მეფეების წარმომავლობის საკითხების არსენისეული გააზრების შედეგად „ძირეულად უარყოფილი იქნა ლეონტისეული კონსტრუქცია დინასტიათა ცვლის შესახებ ქართლში, ... რამდენადაც კატეგორიულად, ამდენადვე სამართლიანად უკუაგდო ფსევდო-არსენიმ (ს. ჯანაშია ამ სახელწოდებით იხსენებს არსენ ბერს) ლეონტის უსუსური დებულებაც ქართული ენის წარმოშობის შესახებ“ (. ჯანაშია, ფსევდო-არსენი სსრკ მეცნ. აკადემიის საქ. ფილიალის მოამბე, . I, 6. 1940, გვ. 480-481.) მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოებრიობისათვის ლეონტი მროველის „არმენოფილური“ კონცეფცია მიუღებელი ყოფილა, საქართველოს სამეფო კარმა მაინც შეიტანა იგი ქართველთა „წმინდა წიგნში“ „ქართლის ცხოვრებაში“ (. აბდალაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 133.) - წერს ა. აბდალაძე. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც აღინიშნა, გვაქვს მოსაზრება, რომ შესაძლებელია არც XI და არც XII საუკუნეში ქართლის ცხოვრების შესავალში (იგულისხმება ქალკედონური ვარიანტი) არ არსებობდა არმენოფილური ტენდენციები, ისინი იქ შემდგომ იქნა შეტანილქი. ამ მოსაზრების გამოთქმის უფლებას იძლევა ზემოთ ხსენებული არსენი ბერის თვალსაზრისის განხილვა. მანამდე კი უნდა ითქვას შემდეგი, როგორც ცნობილია, „ქართლის ცხოვრების“ უძველესი ტექსტი, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული, არ მიეკუთვნება ლეონტი მროველის ხანას (XI ს.) და საკმაოდ გვიან პერიოდს განეკუთვნება. უძველესი მათგან ე.წ. „ანასეული ნუსზა“ XV საუკუნისაა. „ჭალაშვილისეული“ XVI საუკუნისა, „მარიამისეული ნუსხა“ 1633-1646 წლებს განეკუთვნება. („ქართლის ცხოვრება . ყაუხჩიშვილის გამოცემა, 1955, გვ. 56.) სხვები XVIII-XIX სს. განეკუთვნებიან. გამონაკლისია „ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანი 1279-1311 წლების. როგორც ცნობილია, არმენოფილური ტენდენციებით არა მთელი ქართლის ცხოვრებაა გაჟღენთილი, არამედ მისი მხოლოდ შესავალი ნაწილი, კერძოდ, „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“. უძველესი ხელნაწერი ანასეული XV საუკუნისა ნაკლულია, აკლია წინა ფურცლები და ტექსტი იწყება მეცხრე მეფე არშაკ II-ის ცხოვრების ბოლო ნაწილიდან. (იხ. იქვე გვ. 35.) შენიშვნა 1. აღსანიშნავია, რომ ს. კაკაბაძე, ნ. შოშიაშვილი, რ. პატარიძე ე.წ. ანასეულ ქ.ც.-ს XVI ს. მიწურულითა და XVII ს. დამდეგით ათარიღებენ პალეოგრაფიულად და ჭვირნიშნების მიხედვით. ს. ყაუხჩიშვილი წერს: „აქედან იწყება ტექსტი ანა დედოფლისეულ (А) ნუსხაში“. ასე რომ, ჩვენ XV საუკუნის ნუსხით არ შეგვიძლია ვთქვათ, იყო თუ არა ამ და წინა საუკუნეებში მძაფრი არმენოფილური ტენდენციები ქართლის ცხოვრების შესავალში.

კიდევ უფრო ნაკლულია XVI ს. ჭალაშვილისეული ნუსხა. აქ ტექსტი იწყება მეფე მირიანის ცხოვრებიდან („ქართლის ცხოვრება . ყაუხჩიშვილის გამოცემა, 1955, გვ. 61.) კერძოდ „შემოსვლა სპარსთა ქართლს“. აქედან იწყება ჭალაშვილისეული ნუსხის ძველი ნაწილი. ჭალაშვილისეული ნუსხით შეუძლებელია განსაზღვრა იმისა, შეიცავდა თუ არა ქართლის ცხოვრების შესავალი მძაფრი არმენოფილურ ტენდენციებს.

ივ. ჯავახიშვილი როცა განიხილავს ლეონტის მტკიცებას - „სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვანაკელთა, ჰერთა და ლეკთა, კავკასიანთა და მეგრელთა - ერთი იყო მამა“ წერს: „ამ შემთხვევაში, მგონია, ზემო ჩამოთვლილ ერთა ერთ თესლოვანი შთამომავლობისა და ძმობის აზრი უფრო პოლიტიკური მეგობრობისა და ერთობის განმტკიცების სურვილითა და მოსაზრებით უნდა იყოს შეტანილი“. (ივ. ჯავახიშვილი, . VIII, გვ. 179.) ა. აბდალაძესაც აღნიშნული მოსაზრება პოლიტიკურ ნიადაგზე აღმოცენებულად, სახელმწიფოს მთლიანობის განსამტკიცებელ ღონისძიებად მიაჩნია.

საქართველოს სახელმწიფო XI საუკუნეში შეიქმნა „აფხაზთა“ და „ქართველთა“ სამეფოების გაერთიანებით. შემდგომ მას შეემატა სხვა „სამეფოებიც“. XI საუკუნეში საქართველოს ხელმწიფეს ძირითადად „აფხაზთა და ქართველთა მეფე“ ეწოდებოდა. „აფხაზთა“ ქვეშ იგულისხმებოდა მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ, ცხადია, ვინც საქართველოს სახელმწიფოს სიმტკიცეზე და მთლიანობაზე ფიქრობდა, გვერდს ვერ აუვლიდა მთელი სახელმწიფოს ნახევარ ნაწილში „აფხაზთა სამეფოში“ მცხოვრებ მოსახლეობას, ანუ ასეთი მწერალი „აფხაზებს“ ჩამოთვლილ ხალხთა რიგში თუ პირველად არ დაასახელებდა, არ უნდა გამოეტოვებინა მაინც, ჩვენ იმის თქმა გვსურს, რომ როცა „ლეონტი“ კავკასიის ერების ერთ შთამომავლობას აღწერს, არ ახსენებს აფხაზებს, აფხაზები კი, როგორც აღინიშნა, ეწოდებოდა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას, ანუ „აფხაზთა სამეფოში“ მცხოვრებ ხალხს, კერძოდ, ქართველთა სხვადასხვა დასავლურ ქართულ ტომებს - მარგვეთელებს, ეგრისელებს, გურულებს, სვანებს, საკუთრივ აფხაზებს და სხვებს, მათი არ მოხსენება „სამეფო კარის დაკვეთით“ ერის ერთიანობის განმტკიცებისათვის შექმნილ თხზულებაში გამოიწვევდა საპირისპირო შედეგს, ხელს არ შეუწყობდა ქვეყნის გაერთიანებას.

ივ. ჯავახიშვილი წერს ლეონტის შესახებ, რომ მას „არაფერი აქვს ნათქვამი აფხაზებსა და სვანებზეც“. (ივ. ჯავახიშვილი, . VIII, გვ. 181.) მაშინ როცა ქართლოსის ძმებად ასახელებს ლეკების, სომხების, მოვაკანელების და რანელების ეთნარქებს. საქართველოს გაერთიანების წლებში ნუთუ ლეკების ეთნარქის ხსენებას უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში ისეთ მადომინირებელი ტომებისას, როგორებიც იყვნენ სვანები და იმდროინდელი აფხაზები?

ვფიქრობ აღნიშნული ფაქტი, რომ ლეონტი ტომთა ეთნარქებს შორის XI ს-ში არ ახსენებს სიტყვა „აფხაზს“, მაშინ როცა უცხოელები მთელ საქართველოს ზოგჯერ „აფხაზეთს“ უწოდებდნენ, გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული შესავალი არც „სამეფო კარის შეკვეთით დაუწერიათ“, და, ალბათ, არც XI საუკუნეში შესულა იგი ქართლის ცხოვრებაში (არ ეკუთვნოდა XI ს. ავტორს). ცნობილია, რომ ქართლის ცხოვრებაში არის ჩანართი - „არჩილის წამება და მეფეთა ცხოვრება და ნინოს მიერ ქართლის მოქცევა ლეონტი მროველმან აღწერა“. ამის გამო იგი მიიჩნევა არა რედაქტორად, არამედ ავტორად. ივანე ჯავახიშვილის გამოკვლეული აქვს, რომ „ლეონტიმ“ ნინოს მიერ ქართლის მოქცევა კი არ დაწერა, არამედ „შატბერდისეული წმიდა ნინოს ცხოვრებისაგან ისესხა“. (ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი VIII, ისტორიის მიზანი წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, 1977, გვ. 178.) „საქართველოს გაქრისტიანების ისტორია ლეონტი მროველს ამოღებული აქვს თითქმის სიტყვა სიტყვით მოქცევაი ქართლისაითგან და შატბერდისეულ წმიდა ნინოს ცხოვრებითგან“. (იქვე, გვ. 187.) „ლეონტი მროველის მიერ დაწერილი ქართლის მოქცევა და წმიდა ნინოს ცხოვრება თითქმის სიტყვა-სიტყვით გამეორებაა შატბერდისეული წმიდა ნინოს ცხოვრებისა, არც ერთი იმ ნაკლთაგანი, რომელიც იმასა აქვს, ლეონტი მროველს თავითგან არ აუცილებელია. თავისი შრომის ამ ნაწილში ლეონტიმ ვერავითარი თავისებურება და უნარი ვერ გამოიჩინა. (იქვე, გვ. 188.) რატომ? იმიტომ, რომ ლეონტი არის არა ავტორი, არამედ რედაქტორი ამ ნაწილისა, ამიტომ იგი „თავიდან ვერ იცილებს ვერცერთ ნაკლს, რომელიც აქვს მის დედანს“, ვერ იჩენს „ვერავითარ თავისებურებასა და უნარს“, ანუ, ასე ვთქვათ ლეონტი უბრალოდ პატივისცემით ეპყრობოდა დედანს. მის მიზანს არ შეადგენდა მისი შეცვლა ან გადაკეთება. იგი რედაქტორია (რაც კარგად ჩანს ივანე ჯავახიშვილის ზემოთ მოყვანილი დაკვირვებით). ჩვენ ამჟამად საშუალება გვაქვს შევაფასოთ ლეონტის შრომა, რაც წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევას, რადგანაც ხელთა გვაქვს ქართველთა გაქრისტიანების შესახებ სხვა წყარო, რომელსაც ვადარებთ ლეონტის შრომას. ამ შედარებით ვრწმუნდებით, რომ ლეონტი არის ამ ნაწილის არა ავტორი, როგორც აღინიშნა, არამედ რედაქტორი (გამომცემელი).

„ქართლის ცხოვრების“ სულ სამი ნაკვეთი: 1. არჩილის წამება, 2. მეფეთა ცხოვრება და 3. ნინოს მიერ ქართლის მოქცევა მიაჩნდა ივანე ჯავახიშვილს ლეონტის შრომად, აქედან, როგორც აღინიშნა, ლეონტი ერთ-ერთის (ნინოს მიერ ქართლის მოქცევის) რედაქტორია და არა ავტორი. ეს შემთხვევა გვაძლევს უფლებას დაისვას კითხვა: იქნებ სხვა ნაკვეთების ავტორიც არ იყო ლეონტი, არამედ რედაქტორი? არსებობდა თუ არა ლეონტიმდე „მეფეთა ცხოვრება“? ივანე ჯავახიშვილი წერს: „ყურადღების ღირსია, რომ წმინდა ნინოს ცხოვრების გადამკეთებელი არსენი კათალიკოზი ამ თხზულებას „ცხოვრებას“ კი არ ეძახის, არამედ „ჰამბავი მეფეთას“. (ივ. ჯავახიშვილის დას. ნაშრ. გვ. 177.) ეს იძლევა მართალია სუსტ, მაგრამ მაინც საბაბს ეჭვისა, რომ ლეონტიმდე და მის შემდეგაც XII ს-მდე მაინც (ე.ი. არსენამდე) ჯერ კიდევ არსებობდა დამოუკიდებელი საისტორიო წყარო რომელსაც „ჰამბავი მეფეთა“ ეწოდებოდა, რომელიც ლეონტიმ შეიტანა თავის კრებულში. (იქვე, გვ. 307.) ლეონტი არც „წამება არჩილისა“ ავტორი უნდა იყოს, როგორც ამას, თითქოსდა მიუთითებს კიდეც „ქართლის ცხოვრება“. მართალია, „ესე არჩილის წამება და მეფეთა ცხოვრება და ნინოს მიერ ქართლის მოქცევა ლეონტი მროველმან აღწერა. („ქართლის ცხოვრება, I, გვ. 244.) მაგრამ მან (ე.ი. ჩანს ლეონტი მროველმა) - „წიგნი ესე წამებისა მისისა იპოვა ესრედ სულ მცირედ აღწერილი, რომელი ჟამთა შლილობითა ჯერისაებრ ვერავის აღეწერა“. („ქართლის ცხოვრება, I, გვ. 248.)

ქართლის ცხოვრებაში თხზულებას „წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელიც იყო მეფე ქართლისა“, წინ (დასაწყისში) და უკან (დასასრულში) მიწერილი აქვს ზემოთ მოყვანილი ორი წინადადება: 1. „ესე არჩილის წამება ... ლეონტი მროველმან აღწერა“ და 2. „წიგნი ესე წამებისა მისისა იპოვა ესრედ სულ მცირედ აღწერილი...“.

ორივე ეს წინადადება ეკუთვნის „წმიდა არჩილის წამებას“ და უშუალოდ ეხებან ამ თხზულებას. სწორედ მათში იპოვება სახელი ლეონტი მროველისა. ამიტომაც ეს სახელი (ლეონტი მროველი), ალბათ, შეიძლება მხოლოდ არჩილის წამებას დავუკავშიროთ. ამ „წამების“ ჩართვამდე, როგორც ჩანს, „ქართლის ცხოვრების“ მთელი დიდი მონაკვეთი („მეფეთა ცხოვრება“) ბოლოვდებოდა ცნობილი წინადადებით - „ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმისწულის ქმარმან წმიდისა არჩილისამან, ნათესავმან რევისმან, მირიანის ძისმან. მიერითგან შემდგომთა მომავალთა ნათესავთა აღწერონ ვითარცა იხილონ და წინამდებარე მან ჟამმან უწყებად მოსცეს გონებას მათსა ღვთივ გაბრძნობილსა“. („ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 248.) ამ წინადადებით რომ მთავრდებოდა :ქართლის ცხოვრების“ „მეფეთა ცხოვრება“, ჩანს, მისი სომხური თარგმანიდანაც, რომელიც იცნობს „ჯუანბერს“, მაგრამ არ იცნობს ლეონტის, საფიქრებელია რომ აღნიშნულ, უკვე არსებულ თხზულებაში არ იყო მოთხრობილი ამბავი არჩილ მეფისა. ეს ამბავი დამოუკიდებელი თხზულების სახით „იპოვა სულ მცირედ აღწერილი“ ლეონტი მროველმა და ჩართო „მეფეთა ცხოვრებაში“, რაც აღნიშნულია კიდეც ამ ჩანართის თავსა და ბოლოში.

თ. ჟორდანიას აზრით, ლეონტი იყო გადამწერი იმ საეკლესიო მატიანისა, „რომლისაგანაც არჩილის წამება ქართლის ცხოვრებაში შეუტანიათ შემდეგ დროში“. (. ჟორდანია, ქრონიკები I, გვ. 36.) ივანე ჯავახიშვილი არ ეთანხმება ასეთ თვალსაზრისს, მაგრამ ეთანხმებოდა თ. ჟორჟანიას, რომ „თავდაპირველად ქართლის ცხოვრება უეჭველია მარტო ლეონტი მროველის და ჯუანშერის ნაწარმოებებს შეიცავდა და იქ წყდებოდა, სადაც ახლა ანა და მარიამ დედოფალთა ცნობილი ანდერძია“. (ივ. ჯავახიშვილი, დას. ნაშრ. გვ. 306.)

ძველად, როგორც ეს ც. კახაბრიშვილის გამოკვლევიდან ჩანს, ავტორს უწოდებდნენ „მთქმელს“ და არა „აღმწერს“ ან „მწერალს“. „აღწერა“, „აღმწერელი“ არ ნიშნავდა ავტორის შემოქმედებით შრომას, არამედ გადაწერას. შემოქმედებას - „თქმას“, „შემოქმედს“ კი „მთქმელს“ უწოდებდნენ. ე.ი. როგორც ჩანს, „აღმწერი“ გადამწერს ეწოდება, ხოლო ავტორს კი „მთქმელი“. (იხ. . კახაბრიშვილი, მესხ მელექსეზე თქმული მრავალთავი, 1983 . 10, გვ. 186-187.)

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქართლის ცხოვრების „კრებული მაინც XI ს. მეორე ნახევრის კარგა ხნის შემდეგ უნდა იყოს შედგენილი“. (ივ. ჯავახიშვილი, დას. ნაშრ. გვ. 308.) მაგრამ „დანამდვილებით ვიცით, რომ ამ კრებულს XIII ს-ში მართლაც უკვე „ქართლის ცხოვრება“ ერქვა. სტეფანოს ორბელიანს თავის თხზულებაში მოხსენებული აქვს ქართველთა მატიანეთა წიგნი, რომელსაც ქართლის ცხოვრებას უწოდებენო“. (იქვე, გვ. 311.) საუკუნეთა მანძილზე ქართლის ცხოვრების შევსება-შესწორება შესაძლებელი იყო და შეიძლებოდა მასში ამ გზით გაჩენილიყო ტენდენციები, ვთქვათ, ე.წ. „არმენოფილური“. ივ. ჯავახიშვილიც აღნიშნავს, რომ ქართლის ცხოვრების ზოგიერთ მნიშვნელოვან ხელნაწერში სწორედ „არმენოფილური“ ტენდენციების მქონე შესავალი არა დედნისეულ, არამედ ჩამატებულ ფურცლებზეა ნაწერი. მაგალითად, ერთ ხელნაწერთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს: „განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ის გარემოება არის, რომ ქართლის ცხოვრების შესავალი, წინასიტყვაობა და დასაწყისი, რომელნიც სხვანაირ ქაღალდზე არის ნაწერი, ამგვარისვე წვრილი და უშნო ხელით არის დაწერილი, როგორითაც ჩამატებული ადგილებია. (ივ. ჯავახიშვილი, დას. ნაშრ. გვ. 312.) ასევეა ზოგ სხვა ხელნაწერშიც.

უნდა ვიფიქროთ, რომ საუკუნეების მანძილზე ქართლის ცხოვრებაში არა მარტო რაიმეს შემატება, არამედ მისთვის შესავლისა და წინასიტყვაობის დაწერა, შეცვლა თუ რედაქტირებაც იყო შესაძლებელი.

მსგავსი მოვლენა ყველაზე უკეთ ახსნა გიორგი მცირემ. იგი ქართული წერილობითი თხზულებების შემრყვნელად მიიჩნევდა არა ქართველ, არამედ სომეხ საეკლესიო მოღვაწეებს.

გიორგი მცირეს განმარტება ძალზე ყურადსაღებია და მისი დახმარებით (ამ განმარტების მოშველიებით) ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ მრავალი ისეთი მოვლენა, რომელიც დღესაც კვლევა-ძიების საგანია და განუმარტავია.

ღირსი მამა გიორგი წერდა XI საუკუნეში: - „დაღაცათუ პირველითგანვე გვქონდეს წერილნიცა და სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და მართალი, გარნა ქვეყანაი ჩვენი შორს იყო ქვეყანისაგან საბერძნეთისა და ვითარცა თესლნი არაწმინდანი შორის ჩვენსა დათესილ იყვნეს ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი, გულარძნილნი და მანქანანი და ამის მიერ ფრიად გვევნებოდა, რამეთუ ნათესავი ჩვენი წრფელი იყო და უმანკო, ხოლო იგინი რეცა მიზეზითა წესიერებისაითა, რეცა ცდუნებად გვაზმნობდეს, და რომელნიმე წიგნნიცა გვქონდეს მათგან თარგმნილი“. (გიორგი მცირე, ცხოვრებაი და მოქალაქეობაი წმიდისა და ნეტარისა მამისა, ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისა, ძველი ქართული გეოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, 1967, გვ. 123.)

ცხადი სურათია. XI ს-მდე ქართულად არა მხოლოდ ითარგმნებოდა (სომხური ენიდან) წიგნები, არამედ ქართული თხზულებანი რედაქტირდებოდა კიდეც სომეხთა მიერ თავიანთი ინტერესების შესაბამისად. მათ გაურყვნიათ ქართული თხზულებები, სწორედ ამითაა გამოწვეული გიორგი მცირეს აღშფოთება, და არა მხოლოდ გიორგისა. ისე ტოტალურად დამახინჯებულა და გარყვნილა ქართული თხზულებანი, რომ საჭირო გამხდარა თვით უფლის ჩარევა (ეს თვალსაზრისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია). ამ მიზეზის (ე.ი. სომეხთა მიერ ქართული თხზულებების გარყვნის) გამო უფალმა ღმერთმა „აღგვიდგინა ახალი ოქროპირი“ წმიდაი მამაი ჩვენი ეფთვიმე, რომელმაც ამ სომხური ღვარძლისაგან (ე.ი. წიგნების უკუღმართი რედაქტირებისაგან) განწმინდა არამხოლოდ ჩვენი წმიდა წერილი, არამედ საეკლესიო წესები და კანონებიც. აი სრული ტექსტი, რომელიც თან ებმის ზემოთმოყვანილ გიორგი მცირეს წინადადებას: „ამით ესე ვითართა მიზეზთათვის მოხედნა მოწყალემან ღმერთმან ნათესავსა ჩვენსა და აღგვიდგინა ახალი ოქროპირი წმიდაი მამაი ჩვენი ეფთვიმე და ვითარცა მეათცამეტემან მოციქულმა ქვეყანაი ჩვენი ზემოთხსენებულთა ღვარძლთაგან სრულიად განწმინდა მრავლად თარგმანებითა წმიდათა წერილთაითა, ვითარცა დასაბამსავე სიტყვისა ჩვენისა ვთქვით, და წესნი და კანონნი ეკლესიისანი დამამტკიცებელნი სარწმუნოებისა ჩვენისანი, ესე ყოველნი აღწერილად დაგვიტევნა ... და ნათესავსა ჩვენსა მიეფინნეს“. (გიორგი მცირე, ცხოვრებაი და მოქალაქეობაი წმიდისა და ნეტარისა მამისა, ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისა, ძველი ქართული აგიორგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, 1967, გვ. 124.)

ზემოთ კი ნახსენები ჰქონდა სომხური „ღვარძლი“. თვით უფალი ღმერთის ჩარევა რომ გახდა საჭირო სომეხთაგან გარყვნილი ქართული თხზულებების გასაწმენდად, როგორც აღვნიშნეთ, ამის შესახებ მიუთითებს გიორგი მცირე, მაგრამ მკითხველმა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ავტორის პირად თვალსაზრისად რომ არ ჩათვალოს, იგი იქვე უთითებს თავის წყაროს. ამის შესახებ განუცხადებია გიორგი მთაწმინდელის მოძღვარს, ქართული ეკლესიის წმიდანს, გიორგი შეყენებულს. კერძოდ, ექვთიმე მთაწმინდელის შემდეგ, გიორგი მთაწმინდელს თავისი თავი არ მიაჩნდა ღირსად ზემოაღნიშნული საქმის საკეთებლად (როგორც ითქვა ექვთიმე მთაწმინდელმა „ქვეყანაი ჩვენი ამათ ზემოხსენებულთა ღვარძლთაგან სრულიად განწმინდა“, იგულისხმება სომხური „ღვარძლი“). გიორგი მთაწმინდელი ფიქრობდა, რომ ასეთ დიდ საქმეს ვერ მოერეოდა, მაგრამ იგი გაამხევა გიორგი შეყენებულმა და მას განუცხადა ამ წმიდა საქმეში ღვთის შეწევნის შესახებ: „შვილო, რომელმან წმიდაი იგი სიკვდილისაგან იხსნა და ქართული ენაი განუმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყვარს ნათესავი ჩვენი“. (გიორგი მცირე, დასახ. ნაშრ. გვ. 123.) მოხდა უდიდესი სასწაული, გამოცხადება ღვთისმშობლისა. მაშასადამე, სწორედ ამ დიდი საქმის აღსასრულებლად „მოხედა მოწყალე ღმერთმა ნათესავსა ჩვენსა“ იმით, რომ მომაკვდავ ექვთიმეს, მისი სიყმაწვილის დროს, გამოუცხადა დედაღვთისმშობელი, რომელმაც „წმიდაი იგი სიკვდილისაგან იხსნა“, და აგრეთვე, რაც მთავარია, მისცა უნარი პატარა ექვთიმეს ქართულ ენაზე მეტყველებისა, მისცა ძალა და იარაღი იმ დიდი საქმის შესასრულებლად, რომელსაც უძღვნა სიცოცხლე. პატარა ექვთიმემ ქართული ენა არ იცოდა და ბერძნულად ლაპარაკობდა. ღვთისმშობლის „მოხედვის“ შემდეგ ექვთიმე მთაწმინდელი იქცა ქართველთა შორის ყველაზე საუკეთესო მოქართულედ, რომლის ბაგედანაც ამის შემდეგ ქართული სიტყვა ვითარცა წყაროდ ამოდიოდა „უმეტეს ყოველთა ქართველთასა“ და გაამდიდრა ქართლის ქვეყანა განწმენდილი სულიერი საუნჯით. (გიორგი მთაწმინდელი, ცხოვრება ნეტარის მამისა ჩვენისა იოვანესი და ექვთიმესი ძვ. ქართ. ლიტ. ძეგლ. II, გვ. 61.)

გიორგი მთაწმინდელსაც, მისი მოძღვრის სიტყვით, შეეწეოდა მოწყალე ღმერთი და დედა ღვთისმშობელი ამ დიდი საქმის აღსრულების ჟამს, ე.ი. სომხური ღვარძლისაგან ქართული წიგნების განწმენდისას.

მაინც რა ხარისხით იყო ზემოხსენებული ღვარძლისაგან ქართულენოვანი თხზულებანი დანაგვიანებული, რომ „ამათ ესევითართა მიზეზთათვის“ მოწყალე ღმერთის მოხედვა და ქართველთა შორის „ახალი ოქროპირის“ აღდგენა იყო საჭირო? ქართველებს თავიდან („პირველითგანვე“) გვქონდა „წერილნიცა და სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და მართალი“, მაგრამ ქართველთა შორის საქართველოში ყოფილან სომხური სარწმუნოების (მონოფიზიტობის) მატარებელნი ანდა ეროვნებით სომხები, რომელთაც „რეცა მიზეზითა წესიერებისათა, რეცა ცდუნებად გვაზმნობდეს“. ე.ი. უკვე არსებული წმიდა თხზულებანის (წერილნი) რედაქტირება არასწორად, თავიანთი ნების შესაბამისად, სომხური თვალსაზრისით გააკეთეს. მათი ნება და თვალსაზრისი კი ყოფილა მათივე მსგავსი - „არაწმიდა“, „ბოროტი“, „გულარძნილი“, „მანქანა“, „ვითარცა თესლნი არაწმინდანი შორის ჩვენსა დათესულ იყვნეს ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი, გულარძნილნი და მანქანანი“. ამ სომხური (ალბათ არმენოფილური ან მონოფიზიტური) რედაქტირებისაგან გარყვნილი წიგნების გარდა „რომელიმე წიგნნიცა გვქონდეს მათგან თარგმნილი“.

სომეხთაგან რედაქტირებული ქართული თხზულებები ისე დიდი რაოდენობისა ყოფილა, რომ „ამის მიერ ფრიად გვევნებოდა“.

რატომ ვერ შეამჩნიეს ქართველებმა სომეხთა ასეთი მოქმედება? იმიტომ, რომ მიმდობნი იყვნენ, წრფელნი და უმანკონი თავიანთი შინაგანი ბუნებით. „რამეთუ ნათესავი ჩვენი წრფელი იყო და უმანკოი“, ამიტომ იჯერებდნენ სომეხთა სიტყვას. „ხოლო იგინი რეცა მიზეზითა წასიერებისაითა, რეცა ცდუნებად გუაზმნობდეს“.

შევადაროთ ერთმანეთს ქართველთა ეროვნული ნიშან-თვისებები (წეს-ჩვეულებები), რომელთაც აღწერენ „ეკლესიისა ჩვენისა მოძღვარნი“ (ე.ი. ქართველი სასულიერი პირები) და „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილი რედაქტორები.

აი, როგორები იყვნენ ქართველები ძველად გიორგი მცირეს დახასიათებით - „ქართველთა ერი წრფელი იყო და უმანკო (ნათესავი ჩვენი წრფელი იყო და უმანკო). „ქ.ც.“-ის არმენოფილი რედაქტორების შეფასებით კი ძველად თუ როგორნი იყვნენ ქართველები - ცნობილია.

გიორგი მთაწმინდელიც სწორედ ასევე ახასიათებს ქართველებს ანტიოქიის პატრიარქის წინაშე, რომელსაც ცუდი წარმოდგენა შეუქმნეს ჩვენს ხალხზე: „რად ესრედ უგუნურად შეგირაცხიეს ნათესავი ქართველთა წრფელი და უმანკო?“ (გიორგი მთაწმინდელი, ცხოვრება ნეტარის მამისა ჩვენისა იოვანესი და ექვთიმესი ძვ. ქართ. ლიტ. ძეგლ. II, გვ. 61.) მაშასადამე, ორივე წმიდა მამა, ანუ, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი უწოდებდა, „ეკლესიისა ჩვენისა მოძღვარნი“ გიორგი მთაწმინდელი და გიორგი მცირე ქართველ ერს უწოდებს - „წრფელსა და უმანკო ნათესავს“. ასევე დიდი სიყვარულით მოიხსენებენ მართლმადიდებელი მოძღვრები და მამები ქართველებს საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც თეიმურაზ ბაგრატიონის მოსახრება, რომ ჩვენი ეკლესიის მოძღვრები ახასიათებდნენ ძველ ქართველებს ცუდად, არ უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს. ასევე ითქმის ქართულ ენასთან დამოკიდებულების შესახებ. ქართველი მართლმადიდებელი მოძღვრები ქართულ ენას განსაკუთრებული მოწიწებით მოიხსენიებდნენ. ქართული ენა, ქართველი ხალხი თვითონ დედა ღვთისმშობლის მფარველობის და სიყვარულის ქვეყანაა. „ილარიონ ქართველის ცხოვრებაში“ დედა ღვთისა ასე იცავს ქართველებს: „...მრავალნი დამკვიდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი ... რომელნი მათ არა შეიწყნარებენ მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა ჩემისა მიერ ნათესავი იგი...“. („ცხოვრებაი და მოქალაქეობაი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა ილარიონ ქართველისაი ძველი ქართული აგიორგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, 1967, გვ. 20.)

ერთი საუკუნის შემდეგ დედა - ღვთისა კვლავ გამოეცხადა ქართველებს. ექვთიმე ჰყვებოდა - „წარმომიდგა ვინმე დიდებული დედოფალი და მრქუა ქართულითა ენითა ... ნუ გეშინინ ქართულად ხსნილად უბნობდი“. (გიორგი მთაწმინდელი, ცხოვრება იოანესი და ექვთიმესი, იქვე, გვ. 61.) ჩვენს ეკლესიაში უძველეს დროსვე არსებობდა ტრაქტატი სადიდებლად ქართული ენისა „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. რომელშიც ქართულ ენას მეორედ მოსვლის ჟამს უფლის მიერ ხალხთა განსაკითხველად დღემდე დაფარულ ენას უწოდებენ. ესაა ენა, რომელსაც წმიდა სახარებაში „ლაზარე ჰქვიან“, ყოველი საღმთო „საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“, როგორია ეს ენა? ისაა შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა“. შევადაროთ ეს შეფასება ქართლის ცხოვრების შესავალში არსებულ ქართული ენის შეფასებას, განსხვავება აშკარაა. ერთია მართლმადიდებლური მიდგომა ჩვენი ეკლესიის მოძღვრებისა, მეორე კი არის მიდგომა, როგორც ჩანს, მონოფიზიტ „ღვარძლის მთესველთა“. განვაგრძოთ ქართულ ენის მიმართ ჩვენი ეკლესიის მოძღვართა დამოკიდებულების შესახებ მსჯელობა. ასურელი მამები პატივს მიაგებენ ამ ენას, რომელიც მათ, როგორც არაქართველებმა, მატიანის მიხედვით არ იცოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, შეისწავლეს ღვთიური შემწეობით. ამიტომაც შემოგებებულ მცხეთელ კათალიკოსს ქართული ენით მიესალმნენ, რითაც გააოცეს ყველანი. ბიზანტიელმა იმპერატორმა თავისი ორი ვაჟი აღსაზრდელად მისცა ქართველ მოძღვართ თხოვნით - „წმიდანო მამანო ასწავლეთ წიგნი და ენაი თქვენი. (ილარიონ ქართველის ცხოვრება, იქვე, გვ. 33.) გრიგოლ ბაკურიანის ძემ სავალდებულო წესად დააწესა თავის მონასტერში ქართული ენის გამოყენება. (პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი, თავი 36, მუხლი 3, . შანიძე, . IX, 1985, გვ. 120.) „ქართლის ცხოვრების“ შესავალში კი ეს ენა დამდაბლებულია, როგორც „ქებაიშია“ ნათქვამი: „ესე ენაი ... მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისასა“ („ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946 ., გვ. 416.)

ქართულ ენას ამდაბლებდნენ და სწუნობდნენ ეკლესიის მოძღვრები, მაგრამ არა ჩვენი ეკლესიისა, არამედ იმ ეკლესიისა, რომელსაც პრეტენზიები ჰქონდა, ქართული ეკლესია თავისი გავლენის ქვეშ მოექცია. VI-X საუკუნეებში სომხურ ეკლესიას სურდა იერარქიულად დაექვემდებარებინა ქართული ეკლესია. „როგორც ჩანს, სომხური ეკლესია ქართული ეკლესიის დაქვემდებარებაზე პრეტენზიას აცხადებდა და აქეთკენ მიმართულ გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამდა არა მარტო VIII, არამედ IX ს-შიც. იმ ხანებში ქართულ ეკლესიას არ შეიძლებოდა ბიზანტიის მხარდაჭერის იმედი ჰქონოდა და ამიტომ მარტოდმარტო უნდა გამკლავებოდა სომუხრი ეკლესიისა და მის მფარველ არაბთა სახელმწიფოს შემოტევებს ...“. (. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში, 1988, გვ. 76.)

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ სომხეთის სახელმწიფოს უზენაესობა გააჩნდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ზოგიერთ ნაწილში. IX-X საუკუნეებში არაბებმა სომეხთა მეფეს „ქართველთა მეფის“ ტიტულიც უბოძეს. შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს, მაგრამ შესაძლოა, აქვს საფუძველი ზოგიერთი მეცნიერის შესაბამის განცხადებას. მაგალითად, ცნობილ ისტორიკოს ა. ალპოიაჭიანის მიხედვით, IX-XI საუკუნეებში საქართველო სომხეთის შემადგენელ ნაწილს, მის პროვინციას წარმოადგენდა. თითქოს საქმე იქამდეც მისულა, რომ თურმე „სელჩუკების ასპარეზზე გამოსვლის დროისათვის საქართველო უკვე სანახევროდ გასომხურებული ქვეყანა იყო“. (. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში, 1988, გვ.242.) ა. ალპოიაჭიანს ალბათ მხედველობაში ჰქონდა არა გაერთიანებული საქართველო, არამედ მისი საკმაოდ დიდი ნაწილი - კერძოდ, ქვემო ქართლი, სადაც (ამ ქართულ კუთხეში), როგორც ცნობილია, შეიქმნა ტაშირ-ძორაკეტის სომხური სამეფო, თბილისის საამიროს დიდი ნაწილი, ჰერეთი, რომელიც X ს-მდე მონოფიზიტური „გასომხებისაკენ“ მიდრეკილი ქვეყანა იყო; ტაო-კლარჯეთი, რომელიც VI-VII საუკუნეებში სომხეთის ეკლესიურ და პოლიტიკურ სფეროში შედიოდა; შიდა ქართლი, რომელიც ასევე IX-X საუკუნეებში ნაწილობრივ სომხეთის პოლიტიკური გავლენის ინტერესს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ბიზანტიის ეკლესიაც კი თითქოსდა აღიარებდა კიდეც სომხური ეკლესიის გავლენის გაზრდას ქართულ მიწა-წყალზე. კონსტანტინეპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი საფიქრებელია, რომ ცნობდა სომხური ეკლესიის უზენაესობას ამიერკავკასიის ხალხებზე. მისმა წინამორბედმა პატრიარქმა ფოტიოსმა ეს წერილობით დაუდასტურა სომხური ეკლესიის მეთაურებს. კერძოდ „იგი ცნობს სომხური ეკლესიის სამოციქულო უფლებებს, მის უზენაესობას ჩრდილოეთის ყველა ხალხზე“. (. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში, 1988, გვ. 82.) ე.ი. ქართველებზეც. ასევე ნიკოლოზ მისტიკოსმაც წერილობით დაუდასტურა სომხური ეკლესიის მეთაურს ბიზანტიის ამგვარი დამოკიდებულება, რომ სომხურ ეკლესიას უფლება აქვს ქართულზე, ქართველ ხალხზე. ეს ეპისტოლე „მთლიანად ნაყალბევი არ უნდა იყოს“. (იქვე, გვ. 82.) VIII-X საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში არაბთა ბატონობის დროს, არაბებიც ცნობდნენ სომხური ეკლესიის უზენაესობას ალბანურ ეკლესიაზე (როგორც ამას მ. კალანკატუაცი გვაუწყებს) და სომხეთის მოსაზღვრე ქართველ სამეფო სამთავროებზე. არაბთა და სომხურ ეკლესიას შორის ისეთი გულითადი ურთიერთობა იყო, რომ შექმნილია შესაბამისი თქმულებაც, „ვითომც თვით ისლამის ფუძემდებელს წინასწარმეტყველ მუჰამედს დაუდვია ხელშეკრულება სომხებთან, რომლითაც რწმენის თავისუფლება მიუნიჭებია მათთვის, ამასთანავე მღვდლები, აზნაურები და მხედრებიც გაუთავისუფლებია გადასახადებისაგან. არაბებთან ზავის დასამყარებლად წასულ სომეხთა ზემოხსენებულ კათალიკოსს საჰაკ III-ს, თითქოს ხელთ ჰქონია აღნიშნული ხელშეკრულება“. (. აბდალაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 100.) არაბთა მფარველობით სომხური ეკლესია გაძლიერდა და ამიერკავკასიის სხვადასხვა ტომი და ხალხი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. სწორედ ამიტომ, ჩანს, ბიზანტიური ეკლესია აღიარებდა ამ უკვე მომხდარ ფაქტს თუ მისწრაფებას სომხური ეკლესიისა.

ყოველივე ამის შედეგი იყო სწრაფვა სომხური ეკლესიისა, ქართველი ხალხი გადაექცია თავის მრევლად. სომხური ეკლესიის ამ სწრაფვას წინ აღუდგნენ ქართველი საეკლესიო მოღვაწეები, რომელთაც შესაბამისი შეფასებაც მისცეს ამ ეკლესიურ მტაცებლობას. როგორც ცნობილია, ასურეთი იყო სხვა მეზობელი ერების სასტიკად მჩაგვრელი სახელმწიფო, მისი დედაქალაქი ნინევია უცხო ერთა დამონების სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

ზამოაღნიშნულის გამო ქართველმა საეკლესიო მოღვაწეებმა სომხური ეკლესიის ცენტრი დვინი შეადარეს ნინევიას (წამებაი წმიდისა მოწამისა გობრონისი, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 80.) რომლის სურვილი იყო მეზობელი ხალხების დამორჩილება და დამონება. მაშასადამე, ქართველი მოღვაწენი ქართულ ენასა და ქართველ ხალხს დიდად აფასებდნენ და აქებდნან (ფრანგი მეცნიერის - ბერნადეტ მარტენ პისარის კვლევის თანახმად უკვე X საუკუნისათვის ქართულ ეკლესიაში დამკვიდრებული შეხედულებით ,,ქართველი ერი იმთავითვე არჩეულია ღმრთის მიერ, თავის ენაში ჭეშმარიტი რწმენის საუნჯეებს ინახავს. იხ. . დოლაქიძე, ახალი ნაშრომი ილარიონ ქართველის შესახებ, მრავალთავი X. 1983 ., გვ. 256.) ამიტომაც „ქართლის ცხოვრების“ შესავალში არსებული ქართველთა დამაკნინებელი თვისებები არ შეიძლება იყოს ქართულ ქალკედონურ ეკლესიის წიაღში შეთხზული. იგი უნდა წარმოადგენდეს ანარეკლს სარწმუნეობრივი ბრძოლისა ორ ეკლესიას შორის.

„ქართლის ცხოვრების“ თავდაპირველი შესავალი უნდა იყოს არა „ცხოვრება პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“, რომელიც წინ უძღვის „ცხოვრება ქართველთა მეფისათას“, არამედ „მოქცევაი ქართლისაის“ პირველი ნაწილი, რომელიც ცნობილია ქრონიკის სახელით და რომელსაც ალბათ ძველად „ამბავი მეფეთანი“ ეწოდებოდა. ამ ვარაუდს განამტკიცებს ის ფაქტი, რომ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ ჩვენამდე მოღწეულია XVI-XVII საუკუნის ხელნაწერებით, ხოლო „მოქცევაი ქართლისაის“ პირველი ნაწილი (წმიდა ნინოს ცხოვრებასთან ერთად) ჩვენამდე მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერებით. ახლახანაც აღმოჩნდა, სინას მთაზე ახალი უძველესი ხელნაწერი. სწორია გიორგი მელიქიშვილი, როცა „მოქცევა ქართლისაის“ ქართლის ცხოვრების თავდაპირველ ვარიანტს უწოდებს.

როდის იქნა რედაქტირებული არმენოფილების მიერ „მოქცევაი ქართლისაის“ „ამბავი მეფეთანი“ (რომელსაც რედაქტირების შემდეგ „მეფეთა ცხოვრება“ ეწოდება)? ცნობილია, რომ ამ რედაქციაში მოიპოვება ცნობა, რომლის თანახმად, ქართული მწიგნობრობა შექმნა მეფე ფარნავაზმა და არა მესროპ მაშტოცმა. ეს ცნობა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მიუხედავად ამ თხზულების არმენიზაციისა, რედაქტორებს არ შეუცვლიათ ცნობა ფარნავაზის მიერ ქართული მწიგნობრობის შექმნის შესახებ. ქართული ანბანის მესროპ - მაშტოცის მიერ შექმნის ლეგენდა ჩამოყალიბდა მოგვიანებით, X-XII საუკუნეებში. (იხ. ეპისტოლეთა წიგნი . ალექსიძის შესავალი, გვ. 46.) ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ამბავი მეფეთანი არმენოფილების მიერ რედაქტირებული იქნა მესროპ - მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის თეორიის ჩამოყალიბებამდე, რადგანაც იმდენად არმენოფილურია „ქართლის ცხოვრება“, რომ შეუძლებელია აღნიშნული თეორია არსებულიყო და მის რედაქტორს არ ამოეგდო იქიდან ფარნავაზის მიერ ქართული მწიგნობრობის შექმნის ცნობა. მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ამბავი მეფეთანი“ არმენოფილების მიერ რედაქტირებულ იქნა X საუკუნემდე.

საქართველოს გაერთიანებისა და ძლიერი ქართული სახელმწიფოს არსებობის დროს, XI-XIII საუკუნეებში, არმენოფილურ წრეებს ქართველთა აუგად ხსენება უკვე აღარ შეეძლოთ. ამ საუკუნეებში, როცა ქართველი ერი თავს იწონებდა ეროვნული კულტურის აღორძინებით, აარსებდა „სხვა ათინასა“ და „ახალ იერუსალიმს“, მეცნიერებისა და სულიერი კულტურის მსოფლიო მნიშვნელობის კერებს, აღარავის შეეძლო ქართველთა წინაპრებისათვის ველურობა და კაციჭამიობა (გვამის მჭამელობა) დაეწამებინა. ამიტომაც ამ დროს წარმოუდგენელია, შეთხზულიყო „ქართლის ცხოვრების“ ქართველთ დამამცირებელი პასაჟები. უფრო მეტიც, ცნობილია, დაწყებული XI საუკუნიდან თითქმის ხელახლა „ითარგმნა“ ყველა ის ქართული საეკლესიო წიგნი, რომელიც ოდესღაც სომხურიდან თარგმნილი ანდა რედაქტირებული იყო. სომხური ეკლესია და სომხეთიც კი უკვე თვითვე გახდა აუგად სახსენებელი ქართველთა მიერ. მაგალითად, გიორგი მთაწმინდელი სომხურ სარწმუნოებას დასცინოდა ბიზანტიის იმპერატორის წინაშე, („ბოროტსა სარწმუნოებასა სახელიცა ნუ ედებინ ამბობდა იგი, ძეგლ. II, 1967, გვ. 180.) ხოლო რუის-ურბნისის ძეგლისწერამ სომეხთა სახელმწიფოს დანგრევის მიზეზად სომეხთა სოდომური ცოდვები მიიჩნია. (დიდი სჯულის კანონი, 1975, გვ. 555.)

XI-XIII საუკუნეებში საქართველოში მიუღებელი იყო ყოველგვარი არმენოფილური თვალსაზრისი. (არსენ ბერი იყო ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების ღვაწლის გამგრძელებელი, ეს იმითაც ჩანს, რომ არსენმა თარგმნა ანდრია კრიტელის დიდი კანონი, რომელიც ჯერ ექვთიმეს, ხოლო შემდეგ გიორგის უთარგმნია. . კვირიკაშვილი, ბიზანტიელი ჰიმნოგრაფები ძველქართული თთვენებში, 1987, გვ. 9.) ამ დროს „ქართლის ცხოვრების ჩვენთვის ცნობილი არმენოფილური თხზულების დაწერა ალბათ შეუძლებელია. ეპისკოპოსი ლეონტი მროველი შეუძლებელია იყოს ავტორი „ცხოვრება მეფეთასი“, რომლის არმენოფილური განწყობილება მიუღებელი იყო ქართული ეკლესიისათვის.

„ქართლის ცხოვრების“ უკვე არსებულმა არმენოფილურმა რედაქციამ, ჩანს, თავი შეაფარა სომხეთს. ის თარგმნეს კიდეც სომხურად. ამ დროს (XII-XII სს.) სომხეთში თავშეფარებული ეს რედაქცია საქართველოში არავის სჭირდებოდა (თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ „სომხეთის“ ქვეშ ჩვენ შეიძლება ვიგულისხმოთ ქართველთა ქვეყნების ის ნაწილიც, რომელიც სომხური ეკლესიისა ან სომხური სახელმწიფოს გავლენის სფეროებში შედიონენ VI-X საუკუნეებში და შემდეგ).

ქალკედონტური რედაქცია „ქართლის ცხოვრებისა“, შესაძლია, დაიკარგა მონღოლ-თათართა (და შემდგომ სხვა დამპყრობლების) შემოსევათა დროს, სამაგიეროდ კი გადარჩა ამ წიგნის არმენოფილური რედაქცია. „საქართველოს სახელმწიფოს დაშლა-დასუსტებისა (XV ს.) და საქართველოს გრიგორიანული ეკლესიის გავლენას აღორძინების შემდეგ, როგორც აღნიშნული იყო სპარსეთი და ოსმალეთი XVI-XVIII საუკუნეებში ებრძოდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ქართული მრევლი მესხეთში ოსმალებმა დაუმორჩილეს კონსტანტინოპოლის ბერძნულ და სომხურ საპატრიარქოებს“. (. ლომსაძე, გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან, 1979, გვ. 21.)

ოსმალების მიერ ქართლის დაპყრობის დროს აქ სომხური ეკლესიის გავლენა ძლიერ გაიზარდა. სპარსეთიც XVI საუკუნის შემდეგ ასევე დიდი თავაზით ეკიდებოდა სომხეთის გრიგორიანულ ეკლესიას. სომხებს უშენებდნენ ეკლესიებს და ქალაქებს (მაგ. ჯულფაში), მისცეს ყოველგვარი შეღავათები და დახმარება. სომხები მოქალაქეობრივად სპარსელებს გაუთანაბრეს, ამავე დროს კი ქართულ ეკლესიის მრევლს ატყვევებდნენ, სპარსეთის სიღრმეებში ასახლებდნენ. (ეპ. . ჯაფარიძე, ქართული ეკლესია XVII საუკუნეებში, საქ. ეკლესიის კალენდარი, 1994, გვ. 148.) სპარსეთის პოლიტიკა საქართველოში ითვალისწინებდა სომეხთა ყოველგვარ შეღავათს. ასეთ სიტუაციაში საქართველოში XVI-XVIII სს-ში კვლავ გაჩნდა სომხური ეკლესიის ქართველი მრევლი. განსაკუთრებით ბევრი ქართველი გრიგორიანი ცხოვრობდა შიდა და ქვემო ქართლში, კახეთსა და მესხეთში. (. მაისურაძე, ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა 1982, გვ. 315.) საქართველოში სომხური სარწმუნოების ქართველთა მრავალრიცხოვანი კოლექტივებიც არსებობდა. „ფაქტები აშკარად მეტყველებნ სომხების დიდ ხვედრით წონაზე იმ დროინდელ საქართველოს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისინი ახერხებენ ხელი შეუშალონ საქართველოს მესვეურებს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისადმი სწრაფვაში და რიგ შემთხვევაში ქართველ მეფე მთავრებსა თუ მოსახლეობას თავზე ახვევენ თავიანთ ნებას“. (რ. ბარამიძე, ,,ლიტერატურული ეტიუდები, 1988, გვ. 46.)

ალბათ, ამ პერიოდში, საქართველოში ქართული გრიგორიანული მრევლის გაჩენის დროს, მათი არმენიზაციის დაჩქარების მიზნით მოძებნილი იქნა და ხელახლა გამოჩნდა „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური რედაქცია.

როსტომ მეფე, რომელიც სპარსეთის წარმომადგენელი იყო საქართველოში, ყოველ ღონეს ხმარობდა სპარსული პოლიტიკის გატარებისათვის. სპარსული პოლიტიკა კი ყოველმხრივ ხელს უწყობდა სომხურ ეკლესიას, სომეხ ვაჭარ-ხელოსან ამქართა გაძლიერებას მთელ სპარსეთში და, მათ შორის, საქართველოშიც. როსტომი პროსომხური ორიენტაციისა იყო, სპარსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. (ეპ. ანანია ჯაფარიძე ქართველი ეკლესია XVII საუკუნეში, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1994, გვ. 180-182.) ჩანს, ამიტომაც როსტომის სამეფო კარზე ყურადღება მიაქციეს „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილურ რედაქციას.

ამ დროისათვის, ჩანს, უკვე დაკარგული ყოფილა „ქართლის ცხოვრების“ „ჩვეულებრივი“ რედაქცია, არმენოფილური რედაქცია უკვე მისაღები იყო ქართველი მართლმადიდებლებისათვის (რადგანაც მათი სამშობლოს ისტორიის ამსახველი უკეთესი თხზულება ალბათ უკვე აღარ არსებობდა), მათ შორის შესაძლოა მარიამ დედოფლისთვისაც, რომელმაც მისი გადაწერის შეკვეთა მისცა. (მარიამისეულ ნუსხაში გადამწერი სუმბარ დავითის ძისა და ჟამთააღმწერლის თხზულებაში .. კრებულს, ჩანს ზემოაღნიშნული მიზეზის გამო წმიდა წიგნებად იხსენიებს (იხ. .. I, გვ. 372, II, გვ. 222).)

ივ. ჯავახიშვილი ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორიის“ განხილვისას წერს, რომ თვით განათლებულ ქართველებსაც კი იმ დროს ეროვნული ისტორიის შესახებ ძალზე მცირედი წარმოდგენა ჰქონდათ და „ქართლის ცხოვრება“ არც კი ენახათ. ფარსადან გორგიჯანიძე როსტომ მეფის კარზე იყო აღზრდილი „როსტომ მეფემ ვითაც შვილი გამზარდა და დიდი წყალობა დამმართა“. (ივ. ჯავახიშვილი, . VIII, 1977, გვ. 284.)

„სწორედ განმაცვიფრებელი და დაუჯერებელი რამაა, რომ საისტორიო ცნობები იმდროინდელ საქართველოს განათლებულ წრეებს, რომელთა ჯგუფს უეჭველია ეკუთვნოდა როსტომ მეფის მახლობელი კაცი, ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ისტორია ასე მახინჯათ ჰქონიათ დაზეპირებული ... ვახტანგ გორგასალი მირიან მეფის შვილი იყოო. ეს შემთხვევითი შეცდომა არ არის, ავტორი სრულებით დარწმუნებული ყოფილა, რომ მირიან მეფე ვახტანგ გორგასალის მამა იყო, თუ ასეთს მაღალხარისხოვანს და მეფის მახლობელ მოხელეს და ისტორიკოსს, როგორიც იყო ფარსადან გორგიჯანიძე, ასე დომხალივითა ჰქონდა არეული სამშობლო ქვეყნის წარსული და თავგადასავალი, ასე ზღაპრულად ჰქონდა წარმოდგენილი და ქართული საუკეთესო წყაროები, არამც თუ წაკითხული, თვალითაც კი ნანახი არ ჰქონია, მაშ დანარჩენს ხალხს, ჩვეულებრივს, შუათანა შეძლებისა და ცოდნის პატრონს, რაღა წარმოდგენა უნდა ჰქონოდა? რასაკვირველია არაფერი...“. (ივ. ჯავახიშვილი, . VIII, 1977, გვ. 289-290.)

სწორედ ზემო აღნიშნულის გამო „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური ნუსხის აღმოჩენა ნამდვილი ზეიმი უნდა ყოფილიყო იმ დროის ქართველთათვის, საყოველთაო უცოდინარობას ეროვნული ისტორიისას „ქართლის ცხოვრება“ სრულებით ავსებდა.

ქართველ გრიგორიანელებს კი გაახარებდა „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური ტენდენცია. ჩანს, არმენოფილებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს მისი რედაქტირება ის და მასში კიდევ უფრო გაუმძლავრებიათ არმენოფილური ტენდენციები.

ქართველ გრიგორიანელებს XVI-XVIII საუკუნეებში, თუმცა სამშობლოსა და ერის დიდი სიყვარული ჰქონდათ და თავიანთ თავს „ქართველად“ ანდა „საქართველოს შვილებად“ თვლიდნენ, მაგრამ ისინი უყოყმანოდ აღიარებდნენ სომხური კულტურისა და ისტორიის უპირატესობას. მაგალითად, „ფარსადან გორგიჯანიძე ქ. გორითგან ყოფილა. თავის თავს იგი მუსულმანათ სამართლის წიგნის „ჯამი აბასის“ ქართულს თარგმანში ქართველს უწოდებს. ბროსეს კი ჰგონია, რომ იგი სომეხი უნდა ყოფილიყო. შესაძლებელია, მით უფრო უმეტეს, რომ მისი ნაწარმოების პირველ ნაწილში სომხეთის ისტორიის ამბებს საპატიო ადგილი აქვს დათმობილი“. (ივ. ჯავახიშვილი, დას. ნაშრ. გვ. 283.)

მართალია, ის გაქართველებულ სომეხად მიიჩნევა, მაგრამ პირიქით, ის გრიგორიანი ქართველია, ანუ გასომხებული ქართველი. მას მუსულმანობაც მიუღია, (ივ. ჯავახიშვილი, დას. ნაშრ. იქვე, გვ. 284.) მაგრამ თავისი სულისკვეთებით ჩანს, რომ გასომხებული ქართველია. იმ დროს, როგორც ნ. ირბახი და მრავალი თვითმხილველი წერდა, საქართველოში ყოველდღიურად მრავალი ქართველი სომხდებოდა. (. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის 1902, გვ. 127.) „ყოველდღე ჩვენის თვალით ვხედავთ, რომ მრავალნი ქართველნი სომხდებიან“. როგორც მაღალი, ისე დაბალი წოდების, (. თამარაშვილი, პასუხად სომხის მწერლებს, 1904. პატრი ამბრობიო 1660 წელს წერდა - მრავალი ქართველი გადადის სომხის წესზედ, გვ. 238.) განსაკუთრებით კი სომხდებოდნენ ქართველი ყმა გლეხები (სომეხი მებატონისა) და ტყვეობისაგან გამოხსნილი (სომეხთა მიერ) ქართველები. (. ჭიჭინაძე (შავშელი), ქართველი გრიგორიანები, 1906, გვ. 68.)

გასომხება გამოიხატებოდა სომხური ეკლესიის მრევლად გადაქცევის შედეგად თვალთახედვის, ეროვნული თვითშემეცნების შეცვლით, (ევ. ნიკოლაძე, საქართველოს ეკლესიის ისტორია, 1918, ქუთაისი, გვ. 145.) საქართველოში გრიგორიანობას ებრძოდნენ კათალიკოსები ნიკოლოზ ამილახვარი, დომენტი, ბესარიონი, ანტონ I, გვ. 145. სომხური ეკლესიის მრევლად გადაქცეული ქართველები კვლავინდებურად ქართულ ენაზე ლაპარაკობდნენ. ომაგრამ, როგორც ითქვა, სომხურ სულიერ კულტურას ანიჭებდნენ დიდ უპირატესობას. მაგალითად, ფარსადან გორგიჯანიძე წერს საქართველოს, თავისი სამშობლოს ისტორიას, მაგრამ არმენოფილური ტენდენციით. საქართველოს ისტორიის პირველ ნაწიტლში სომხეთის ისტორიის ამბებს საპატიო ადგილქი დაუთმო, მთელ მის ისტორიას გასდევს სომხური თვალთახედვა. მაგალითად, „დავით გაბატონდა სომეხთა ქორონიკონს ...“, „... აქამდისინ რომ სომხობას ბატონობა უქნიათ ქართველშიგან...“, „... სომეხთ ქორდასს...“, „სომეხთ ქორონიკონით“, „... სომეხთა ცხოვრება...“ და სხვა მსგავსი წინადადებები ხშირად გვხვდება მის ისტორიაში. (ივ. ჯავახიშვილი, VIII, გვ. 287.)

ფარსადან გორგიჯანიძის ისტორიაში წინა პლანზეა სომხეთი და სომეხთა თავგადასავალი. ხაზგასმა მათი უფლებისა. ამ მხრივ თხზულება ძალზე ჰგავს „მეფეთა ცხოვრების“ არმენოფილურ რედაქციას. რ. კიკნაძე წერს ფ. გორგიჯანიძის ისტორიის წყაროებთან დაკავშირებით, რომ მას ხელთ ჰქონია „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეულის მსგავსი ნუსხა“. ეს სავსებით ბუნებრივც არის, თუ გავითვალისწინებით, რომ ჩვენი ისტორიკოსი როსტომ მეფის გაზრდილი იყო და სამეფო კარზე იმყოფებოდა იმ დროს, როცა მარიამ დედოფლის განკარგულებით, „ქართლის ცხოვრების გადანუსხვა ხდებოდა“. (. კიკნაძე, ფარსადან გორგიჯანიძის ერთი ქართული წყაროს შესახებ, საქართველოს ისტორიის წყაროდმცოდნეობის საკითხები, 1982, გვ. 37.)

ასეთი არმენოფილური ატმოსფერო ყოფილა როსტომის კარზე „ქართლის ცხოვრების“ გადანუსხვის დროს.

რ. კიკნაძის აზრით, ფ. გორგიჯანიძის შრომის პირველი ნაწილი (მძლავრი არმენოფილური ტენდენციების მქონე) დაფუძნებულია არა მხოლოდ ლეგენდებსა და გადმოცემებზე, როგორც ფიქრობდნენ ივ. ჯავახიშვილი და სხვები, არამედ მრავალ ლიტერატურულ წყაროზე, არა მხოლოდ სომხურსა და სპარსულზე, არამედ ქართულზედაც“. (А. П.Пропштейн, В.Ф.Патракова, Р.К.Кикнадзе, Очерки по исгочнилщведению истории Грузии, Парсадан Гогриджанидзе и «Картлис Цховреба», 1980. მაცნე? ისტორიის სერია 4. 1983. გვ.181.) თუ ქართულ წყაროებზე იყო დაფუძნებული ფ. გორგიჯანიძის შრომის პირველი ნაწილი, ეს მიუთითებს ამ ქართული წყაროების არმენოფილობის შესახებ; გვიჩვენებს, თუ რა ღრმად იყო შეჭრილი არმენოფილური ტენდენციები ძველ ქართულ წყაროებში, რომელთა მიზეზებზედაც ზემოთ ვწერდით. სწორედ ფ. გორგიჯანიძის მსგავსმა ისტორიკოსებმა მოიძიეს „ქ.ც.“-ის ის არმენოფილური ვარიანტი და კიდევ უფრო გაამძაფრეს იგი. „ქართლის ცხოვრების“ შესავლის არმენოფილური თვალთახედვით რედაქტირება-შესწორება ხდებოდა, როგორც VIII-X, ისე XVI-XVII საუკუნეებში.

ნ. ჯანაშია ერთი ნაკვეთის რედაქტირებასთან დაკავშირებით წერდა: „ამრიგად, თუ თავდაპირველად უწმინდურებად ქართველები იყვნენ მიჩნეულნი, ბოლოს გამოირკვა, რომ ასეთები სხვანი ყოფილან. რით აიხსნება ეს გარემოება? ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც გვაქვს ორი ფენა. უძველესში, როგორც ჩანს, უწმინდურებად დასახელებულნი იყვნენ ბუნთურქები, შემდგომ კი ცდილან, ეს ცნობა ქართველებზე გადაეტანათ, მაგრამ ძველი ვითარების კვალი მაინც დარჩენილა.

ამრიგად, როგორც ირკვევა, ის ადგილები, სადაც ლაპარაკია ქართველთა უწმინდურობაზე, პირვანდელ ტაქსტში არ ყოფილა და ისინი გვიანდელ ჩანაწერებს წარმოადგენენ“. (. ჯანაშია, ცხოვრება ქართველთა მეფეთა- წყაროებისათვის, ისტორიული წყაროთმცოდნეობითი ნარკვევები, 1986, გვ. 110.)

ნ. ჯანაშია ისეთ რედაქციულ შეუსაბამობას ამჩნევს ტექსტში, რომ კითხულობს: „ჩვენს მიერ ზემოაღნიშნული შინაარსობრივი შეუსაბამობანი და წინააღმდეგობანი ენათა შესახებ არსებული ცნობისა „მეფეთა ცხოვრების“ დანარჩენ ტექსტთან, ვფიქრობთ, საფუძველს იძლევა, დაისვას კითხვა, ეკუთვნის ეს ცნობა „მეფეთა ცხოვრების“ ავტორს?. (იქვე, გვ. 110.)

ნ. ჯანაშიას ეს კითხვა შეეხება არმენოფილურ რედაქტორს, რომელმაც ძირითად ტექსტში ჩართო თავისი წინადადება. ნ. ჯანაშია დაასკვნის: „ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი ლაფსუსები დამართოდეს ტექსტის ავტორს“, რომელსაც კარგად უნდა სცოდნოდა თავისივე ნაწერი“. (. ჯანაშია, ცხოვრება ქართველთა მეფეთა- წყაროებისათვის, ისტორიული წყაროთმცოდნეობითი ნარკვევები. 1986, გვ. 111.)

განსახილველი წყაროს ძირითადი ტექსტის არმენოფილთა მიერ რედაქტირებისას, მართალია, ჩანართები „გაკეთებულია თვით „მეფეთა ცხოვრების“ მონაცემების საფუძველზე“, მაგრამ „ტექსტის უყურადღებო და ზერელე წაკითხვის შედეგად“.

გ. არახამია ეთანხმება ნ. ჯანაშიას ენათა შესახებ ცნობების ანალიზისას. „აშკარაა აღნიშნული ვარიანტი არ ეთანხმება თხზულების ავტორის კონცეფციას. ამის გამო საკითხი ასე დაისმის: განსახილველი ფრაზა „მეფეთა ცხოვრების“ ავტორს არ ეკუთვნის და გვიანდელი ჩანართია, ან ეს ფრაზა დამახინჯებულია გადამწერთა მიერ“. (. არახამია, მეფეთა ცხოვრების ტექსტის დადგენის ზოგიერთი საკითხი, აკადემიის მაცნე, ისტორიის სერია, 1989, 1, გვ. 149.)

რედაქციული შეუსაბამობებია გენეალოგიის საკითხშიც. გენეალოგიური ცხრილის შესაბამისად „ეგრისი“ უნდა ემორჩილებოდეს „ჰაოსს“, ვითარცა თარგამოსის სახლის მემკვიდრეს ძველად სავალდებულო პირმშოობითი უფლების ძალით, მაგრამ ემორჩილება ქართლოსს. (ეპ. ანანია ჯაფარიძე, ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია, 1994, გვ. 80.)

ქართლოსის შთამომავალ ფარნავაზისა და ეგროსის შთამომავალ ქუჯის შორის ურთიერთდამოკიდებულება ამის მაგალითია. მატიანის მიხედვით, ქუჯი ეგრისის ვრცელი ქვეყნის მფლობელია, ხოლო ფარნავაზი, მართალია, ნათესავია მცხეთელი მამასახლისებისა, მაგრამ პატივისა და თანამდებობის უქონელი პირია. მიუხედავად ამისა, შემთხვევით გამდიდრებულ ფარნავაზს ეგრისის მმართველი ქუჯი ასე მიმართავს: „შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონა შენი“. (ქართლის ცხოვრება, I, გვ. 22.) რატომ? იგი იქვე ხსნის ამის მიზეზს. იმიტომ რომ - „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა და შენ გამართლებს უფლობა ჩემი“. (ქართლის ცხოვრება, I, გვ. 22.) მაგრამ ეს წინადადება მატიანის თხრობაში აუხსნელია, გაუგებარია, რატომ მართებს „ქართლის თავთა შვილს“ (ე.ი. ქართლოსს), უფლობა „ეგრისის თავთა შვილისა“ (ე.ი. ეგრისისა). მემატიანის კონცეფციით ხომ თარგამოსის სახლის უფროსი შვილი, ანუ პირმშო იყო არა ქართლოსი, არამედ ჰაოსი. ძველად სავალდებულო პირმშოობითი უფლების ძალით სწორედ ჰაოსს უნდა დამორჩილებოდნენ მისი ძმები: ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას და ეგროს. ე.ი. სომხებს (ჰაოსს) უნდა დამორჩილებოდნენ ქართველები, რანელები, მოვაკნელები, ჰერები, ლეკები, მეგრელები და კავკასიელები.

ფარნავაზის ცხოვრებაში დაცული ზემოთ მოყვანილი ქუჯის წინადადებით, თუ კი ეგროსი ვალდებული იყო დამორჩილებოდა ქართლოსს, მაშინ მით უმეტეს ქართლოსს უნდა დამორჩილებოდნენ სხვა ძმებიც, რადგან გენეალოგიურ სიაში ეგროსი ამ ძმათა უკან დგას. მაშასადამე, ქართველებს უნდა დამორჩილებოდნენ რანელები, მოვაკნელები, ჰერები, ლეკები, მეგრელები და კავკასიელები. ეს თვალსაზრისი, ცხადია, არ ეთანხმება „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილურ ხაზს. ცხადი შეუსაბამობაა გენეალოგიის საკითხში. ეს შაუსაბამობანი და არმენოფილური მრავალი შეუსაბამო შრეების არსებობა ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ არსებობდა „ქართლის ცხოვრების“ სხვა ისეთი ვარიანტიც, რომელშიც, მართალია, გადმოცემული იყო თარგამოსის სახლის გენეალოგია, მაგრამ არა არმენოფილური, არამედ ქართველთმოყვარული (რაც ბუნებრივია, სწორედ ასე უნდა ყოფილიყო საქართველოში) თვალსაზრისით.

მ. ლორთქიფანიძე წერს - „ვახტანგის შემდეგ დროინდელ ხელნაწერებში, სახელდობრ ე.წ. თეიმურაზისეულში, საეკლესიო მუზეუმების და ურბნული ხელნაწერის ფრაგმენტში, ხელნაწერებში, რომელნიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნებიან თარგამოსიანთა შორის უფროსობა ქართლოსსა აქვს მიკუთვნებული და ქართლოსიანთა ენად თავიდანვე ქართულია გამოცხადებული“. (მარიამ ლორთქიფანიძე, რა არის ქართლის ცხოვრება, 1989, გვ. 73.)

თუ ეს ასეა და ასეთი ხელნაწერები მართლაც XVIII ს. განეკუთვნებიან, მაშინ არ უნდა იყოს სწორი ე. თაყაიშვილი, რომელმაც ცვლილებები ჰაოსიან-ქართლოსიანთა და სომხური და ქართული ენის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, XIX ს. დასაწყისში თეიმურაზ ბაგრატიონის მიერ შეტანილად მიიჩნია. (იქვე, გვ. 75.)

როგორც ცნობილია, თეიმურაზ ბაგრატიონი კრიტიკულად შეხვდა ვახტანგის კომისიის მუშაობას, თეიმურაზს უმეტესად არ მოწონდა კომისიის მიდგომა ქართლის ცხოვრების არმენოფილური ტენდენციების მიმართ. მას ხელთ ჰქონდა ე.წ. „ძველი ქართლის ცხოვრება“ და, აგრეთვე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ანტონის მიერ მოძიებული და შეკრებილი ძველქართული საისტორიო თხზულებები. შესაძლოა, სწორედ ეს მასალა აძლევდა უფლებას თეიმურაზს, საეჭვოდ მიეჩნია „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილია. ერთ მის მიერ მოთხრობილ საისტორიო ამბავთან დაკავშირებით წერდა, რომ იგი „... ძველი ქართლის ცხოვრებიდამ გადმოწერილი, მე თვით გადავწერე კათალიკოსის ანტონის შეკრებულის მოთხრობიდამ, რომელიც მრავალთა წერილთაგან გამოეკრიბა და ნებავდა თურმე ისტორიისა სრულისა აღწერა და აღარ დასცილდა“. (თეიმურაზ ბაგრატიონი, ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, სპბ. 1848, გვ. 178 (შენიშვნა) წიგნიდან . გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, 1990, გვ. 19, შენიშვნა 4.) ანტონ კათალიკოსის მიერ მოძიებული საისტორიო წყაროები, „ძველი ქართლის ცხოვრება“ გამოუყენებია თეიმურაზ ბაგრატიონს თავისი „ივერიის ისტორიის“ წყაროდ, რომელიც პეტერბურგში გამოსცა 1848 წელს. მასში ჰაოს-ქართლოსის ურთიერთობის შესახებ ისეთივე თვალსაზრისია გატარებული, როგორც მისი დაკვეთით გადაწერილ „ქართლის ცხოვრების“ საწყის ნაწილში. თეიმურაზი წერს: „წარმოვიდა მაშინ თარგამოს მამა ქართლოსისა, ჰაოსისა და სხვათა ძმათა მისთა ... მაგრამ მათ ყოველთა ზედა უფალი და მთავარ იყო ქართლოს“. თეიმურაზის ნაშრომში საგანგებოდ არის ხაზგასმული ქართლოსის უპირატესობა ყველა თარგამოსაინებზე. რაც შეეხება ენის საკითხს, თეიმურაზი ქართლოსიანთა თავდაპირველ ენად ქართულს თვლის და ამ დებულების საბუთად უთითებს ვახტანგისეულ „ქართლის ცხოვრებას“. „... თეიმურაზი ქართულ ენას მიიჩნევს თავდაპირველ ენად კავკასიის მთიელთა - აფხაზების, ოსების, ქისტების, ინგუშების, ლეკების და სხვათათვის და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ისინი ჩამოშორდნენ ქართველებს, აერივნენ სხვა ხალხებს და მიიღებს ისლამი, ყოველ მათგანს შეექმნა თავისი ენა, თუმცა, უთითებს თეიმურაზი, მათგან ბევრი ქართულად ლაპარაკობს“. (. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 76.)

თეიმურაზის წყაროს მოსაზრება „ქართლოსის“ უპირატესობის შესახებ თარგამოსიანებზე მსგავსია „ფარნავაზის ცხოვრებაში“ არსებულ კონცეფციისა, რომელიც ზემოთ აღინიშნა. ეს მიუთითებს, რომ, შესაძლია მართლაც, არსებობდა „ქართლის ცხოვრების“ არაარმენოფილური ვარიანტი. ანრი ბოგვერაძის დაკვირვებით, ლეონტი მროველი ცდილა არმენოფილური ტენდენციები შეემცირებინა თავის თხზულებაში, რაც საყურადღებოა და მიუთითებს იმის შესახებ, რომ, შესაძლოა არსენი ბერამდე სხვა ქართველი მემატიანენიც ფიქრობდნენ აღნიშნული არმენოფილური ტენდენციების აღმოფხვრაზე. ა. ბოგვერაძე წერს: „ზედმეტია იმის მტკიცება, რომ მირიან მეფის და მისი მემკვიდრეების ნებროთიანობა - ხოსროიანობას საფუძველი არ გააჩნია. ის ლეონტიმ შეთხზა სომეხთა მორჩილებიდან ქართველების გამოსაყვანად და მათი მეფე-მთავრების განსადიდებლად. თუ ჰაოსიანების ადრინდელი უპირატესობა კავკასიაში ლეონტისათვის შედარებით უწყინარი წარსული იყო, ქართლის ქრისტიანი მეფეები და ხალხი რუისელმა მღვდელმთავარმა ვეღარ გასწირა საამისოდ. იგივე თვალსაზრისია გატარებული ჯუანშერთანაც“. (ანრი ბოგვერაძე, ლეონტი მროველის, ერთი ისტორიული პოლიტიკური კონცეფციის შესახებ, მაცნე, ისტორიის სერია, 1987, 4, გვ. 175.)

ასეთი თვალსაზრისი მიუთითებს, რომ თეიმურაზამდეც შესაძლოა ყოფილიყო „ქართლის ცხოვრების“ არაარმენოფილური ვარიანტი. თეიმურაზ ბატონიშვილის, მ. ჯანაშვილისა და სხვათა თვალსაზრისი, რომ „ქართლის ცხოვრება“ განზრახ დამახინჯებულია და შერყვნილია, სწორედ არმენოფილური ტენდენციებით უნდა მიუთითებდეს იმის შესახებ, რომ ქართულ საზოგადოებას ეგულებოდა არაარმენოფილური რედაქციისა თუ ვარიანტის არსებობა. ივანე ჯავახიშვილმა ე. თაყაიშვილზე დაყრდნობით გამოიკვლია, რომ არმენოფილია (ენათა შესახებ) არსებობდა „ვახტანგის წინადროინდელ ქართლის ცხოვრებაშიც“ და უთითებდა მარიამ დედოფლისეულ ხელნაწერს. (ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ. გვ. 182.) მაგრამ ჩვენ აღნიშნული გვქონდა, რომ XVI-XVII საუკუნეებში, ისე როგორც XVIII ს. პირველ ნახევარში, აღმოსავლეთ საქართველოს შესაბამისი წრეები სომეხ მონოფიზიტთა მძლავრი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ სპარსთა წყალობით. ქართველ ქრისტიან მეფეთა ტახტის აღდგენის შემდეგ, როცა სამეფო ტახტზე დაამტკიცეს თეიმურაზ II ქრისტიანობის შენარჩუნებით, განსაკუთრებით კი ერეკლე II-ის მმართველობის დროს, სომეხთა გავლენა ოდნავ შემცირდა, მაგრამ მათ მაინც დიდი წონა ჰქონდათ სახელმწიფოში, იმდენად დიდი, რომ სომეხთა კათალიკოსს სურდა თვით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ანტონ I-ის მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე გადაყვანაც კი. (ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, დიდი კათალიკოსის ეპოქა, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1994, გვ. 339.)

სომხები ავრცელებდნენ თავიანთ თხზულებებს და უამრავ ქართველს „ასომხებდნენ“, ე.ი. გადაჰყავდათ სომხური ეკლესიის სამრევლოში გაგრიგორიანების მეოხებით. (იქვე, გვ. 333-335.) ისინი საამისოდ ქართულ ენაზე ადგენდნენ და ქართველებში ავრცელებდნენ საგანგებო თხზულებებს. (იქვე, გვ. 338.) მით უმეტეს, როგორი მძიმე უნდა ყოფილიყო ქართული ეკლესიისა და ქართველი სამწყსოს მდგომარეობა შაჰ-აბასის გამანადგურებელი ლაშქრობის შემდეგ, როსტომ ხანის, ფეიქარ ხანის თუ სხვა მაჰმადიანი მმართველების დროს. ამიტომაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ თეიმურაზის ეჭვი „ქართლის ცხოვრების“ ძველი ხელნაწერების შერყვნის შესახებ არ არის მთლად მოკლებული საფუძველს“. (. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 77.) თვით ვახტანგის კომისიას - „სწავლულ კაცებს“ არ უარყვია ის ფაქტი, რომ „ჟამთა ვითარებისაგან „ქართლის ცხოვრება“ გარყვნილ იყო რომელიმე მწერალთა მიერ და რომელიმე ჟამთა ვითარებისაგან არღარა წერებულ იყო“.

მ. ლორთქიფანიძის აზრით, „ქართლის ცხოვრების“, ერისა და ქვეყნის ერთიანი ისტორიის, შექმნის იდეა, სწორედ ერთიანი სახელმწიფოს, ეთნიკურ-ეროვნული ერთიანობის თვითშეგნების არსებობის ხანაში შეიძლებოდა შექმნილიყო. ასეთ ეტაპად კი არ არის გამორიცხული V საუკუნის მეორე ნახევარი ვახტანგ გორგასალის მოღვაწეობის ხანა მივიჩნიოთ“. (. ლორთქიფანიძე, რა არის ქართლის ცხდოვრება, გვ. 101.) V ს. მეორე ნახევარში მხოლოდ იწერებოდა ხორენაცის ისტორია, რომლის, და აგრეთვე, სომხური საისტორიო ტრადიციის გავლენითაც, როგორც აღინიშნა, შედგენილია ქართლის ცხოვრების შესავალი - თარგამოსიანთა გენეოლოგია. (. მელიქიშვილი, საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის წყაროები ნარკვ. I, გვ. 59.) ამის გამო ვფიქრობთ, რომ თავიდან ქართლის ცხოვრება არ იყო არმენოფილური ტენდენციების მქონე და იგი შემდგომ გახდა ასეთი. თვით XVIII საუკუნეშიც კი ვახტანგის შემდეგაც რედატორთა მიერ ქართლის ცხოვრების დამახინჯება გრძელდებოდა. (. ცხადაძე, ახალი ქართლის ცხოვრების ერთი ჩანართის წყარო, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1986, 1, გვ. 85.)

ჩვენს თვალსაზრისს, რომ „ქართლის ცხოვრების“ შესავლის არმენოფილური რედაქცია კვლავ წარმოჩნდა XVI-XVII საუკუნეებში და მან დაიჭირა „ქართლის ცხოვრების“ კრებულში ის ადგილი, რომელიც ადრე მასში მის იდენტურ (ქალკედონურ) თხზულებას ეჭირა, გარკვეულად ამტკიცებს მ. ლორთქიფანიძის დაკვირვება: „ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ „ქართლის ცხოვრების“ კრებულში შესული არც ერთი სხვა თხზულება არ ავლენს არმენოფილურ ტენდენციას. XI საუკუნის ავტორები, რომლებიც ლეონტის თანამედროვენი არიან (ჯუანშერი, „მატიანე ქართლისა“-ს ავტორი, სუმბათი) სრულიად თავისუფალნი არიან ასეთი ტენდენციისაგან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჯუანშერი, ენათა და ხალხთა ურთიერთობის საკითხებში ლეონტისაგან კარდინალურად განსხვავებულ პოზიციაზე დგას“. (. ლორთქიფანიძე, რა არის ქართლის ცხოვრება, 1989, გვ. 79.)

როგორც უკვე აღინიშნა, „ქართლის ცხოვრების“ კრებულში არმენოფილურია მხოლოდ ერთი თხზულება - „მეფეთა ცხოვრება“. დღეისათვის აღმოჩენილია ამ თხზულების წყარო. ესაა „მოქცევაი ქართლისაიში“ არსებული წმიდა ნინოს ცხოვრება, რომელიც არაა არმენოფილური. ესაა ჩვეულებრივი, ჩვენი აზრით, ქალკედონური თვალთახედვით შესრულებული თხზულება. ამ თხზულების არსებობა (რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, თითქმის სიტყვა-სიტყვითაა გადატანილი „მეფეთა ცხოვრებაში“, ოღონდ უკვე არმენოფილური რედაქციით). ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ არსებობდა „მეფეთა ცხოვრების“ უძველესი, არაარმენოფილური ვარიანტი, რომელიც არ იქნა გამოყენებული XVI-XVII საუკუნეებში. იგი ან ვერ მოიძია, ანდა არ გამოიყენა ვახტანგის კომისიამ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა. ალბათ, სწორედ ამიტომ საყვედურობდნენ ვახტანგის კომისიას არა მხოლოდ თეიმურაზ ბატონიშვილი, არამედ სხვა ქართველი მოღვაწენიც XIX საუკუნეში.

„ვახტანგის წინადროინდელი ნუსხების აღმოჩენის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდა გარკვევა იმისა, თუ რას წარმოადგენდა „ქართლის ცხოვრება“ მანამდე და რა სამუშაო ჩაატარა კომისიამ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ალბათ, უნდა ითქვას, რომ თუ მანამდე ეს ეროვნული ისტორია. მაინც ცალკეულ მატიანეთა კრებული იყო ისტორიის გამთლიანების გარკვეული ტენდენციით ვახტანგის კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოს შემდეგ მან მთლიანად დაკარგა ასეთი ხასიათი და ის ერის ერთიან ისტორიად იქცა“. (იქვე, გვ. 78.) სწორედ ამიტომ მართებდა კომისიას მოეძებნა „ქართლის ცხოვრების“ შესავლისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ქართველთა მოქცევის არაარმენოფილური (ჩვეულებრივი) რედაქცია, რომელიც დღეისათვის უკვე აღმოჩენილია, ე.წ. „მოქცევაი ქარლისაის“ მეორე ნაწილი.

მ. ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, თეიმურაზ ბატონიშვილს ხელთ ჰქონდა არაარმენოფილური „ქართლის ცხოვრების“ ჩვენამდე მოუღწეველი რომელიღაც ძველი ხელნაწერი, რომელშიც აღნიშნული საკითხები სწორედ ისე იყო წარმოდგენილი, როგორც ტარასი ბერის მიერ ე.წ. „რუმიანცევისეული ხელნაწერისათვის გადაწერილ საწყის ნაწილშია“. (. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 63.)

თეიმურაზ ბატონიშვილი და ზოგიერთი ქართველი სხვა მეცნიერი კატეგორიულად უარყოფდნენ „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილურ რედაქციაში არსებული ქართველთა საძრახ წეს-ჩვეულებებს. თეიმურაზი კატეგორიულად აცხადებს - „არა ჭეშმარიტ არსს“ და მრავალი უარყოფითი არგუმენტის მოყვანის შემდეგ მტკიცედ ასკვნის, რომ ამისი მსგავსი ჩვეულება არამც თუ ქართლოსიანთა შორის, არამედ, საერთოდ, აზიის ერთა შორისაც არასოდეს ყოფილაო. (. ცხადაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 88.)

თეიმურაზ ბატონიშვილი და ზოგიერთი მეცნიერი თვლიდნენ, რომ ასეთი საძაგელი ჩვეულებების მქონედ ქართველები საეკლესიო პირებმა მიიჩნიეს გარკვეული მიზნით. თეიმურაზი წერდა: „ეკლესიისა ჩვენისა მოძღვარნი უძაგებდეს მათ გარდაცვლილთა წინაპართა მათთა და მათსა იტყოდის მრავალთა უწესოთა ქცევათა და არაწმინდათა და მკვდართა ჭამასა ხორცსა კაცისასა ... რათა ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა მოქცეულთა ერთა შეიძულონ ჩვეულებანი და ზნენი კერპთმომსახურობისანი“. (იქვე, გვ. 88.)

მაგრამ ქართველთა აუგის გვერდით, როგორც აღინიშნა, განსახილველი თხზულების შესავალში ყოველივე სომხურის დიდი ქებაა და ეს ორი ტენდენცია (ქართველთა აუგი და სომეხთა ქება) ურთიერთპარალელურად არსებობს. სომხებიც, ქრისტიანობის მიღებამდე, ცხადია, კერპთმსახურები იყვნენ და თუკი „კერპთმსახურების ჩვეულებათა“ შეძულება იყო საჭირო, სომეხთა კერპთმსახური წინაპრებიც უნდა მოეხსენებინათ აუგით, მაგრამ თხზულება აშკარად არმენოფილურია და მასში მხოლოდ ქართველთა მიზანმიმართული აუგია.

სწორია თეიმურაზი (და სხვები), რომელთაც აღნიშნული ტენდენციების ავტორებად მიიჩნიეს საეკლესიო მოღვაწენი, (რამეთუ ამ ტენდენციებს სარწმუნოებრივ ნიადაგზე წარმოშობილ ტენდენციებად ვთვლით), მაგრამ არასწორია ბატონიშვილი, როდესაც აღნიშნულის მიზეზად მიიჩნევს ქართული ეკლესიის მოძღვრებს („ეკლესიისა ჩვენისა მოძღვარნი“). როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ეკლესიისა ჩვენისა მოძღვარნი“ არა თუ აძაგებდნენ ქართველ ერს, ქართულ ენასა და საქართველოს, არამედ მას „საზეპურო“ საღმთო ერს, ღვთისმშობლის წილხვედრსა და მეორედ მოსვლის ჟამს საუფლო ენად მიიჩნევდნენ.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, როგორც არსენი ბერის შრომიდან ჩანს, ქართლის ცხოვრების კრებულის თავდაპირველი ვარიანტი იწყებოდა არა თარგამოსისა და მისი ძეების ცხოვრების აღწერით, არამედ ალექსანდრე მაკედონელის დროს არიან-ქართლიდან მეფის ძის აზოს თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსახლებით, რომელსაც თან ერთოდა შემდგომ მეფეთა და, აგრეთვე მირიანისა და წმიდა ნინოს ცხოვრების აღწერა, ანუ ის თხზულება, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ „მოქცევაი ქართლისაის“ სახელით. ის წარმოადგენდა ქართლის ცხოვრების თავდაპირველ ვარიანტს. შემდგომ საუკუნეებში, „ჟამითი ჟამად“, მას დაერთო სხვა მეფეთა ცხოვრების აღწერაც. VI-IX საუკუნეებში უკვე არსებული ასეთი სახის ქართლის ცხოვრება რედაქტირებულ იქნა არმენოფილების მიერ და ქართლის ცხოვრებაში გაჩნდა არმენოფილური ტენდენციები. კერძოდ, არმენოფილებს მთლიანად შეუცვლიათ შესავალი, ამოუგდიათ ტექსტიდან თხზულება არიან-ქართლიდან ქართველთა გადმოსახლების შესახებ და მის ნაცვლად ტექსტში ჩაუსვამთ ეგრეთწოდებული „ცხოვრება პირველთა მამათა და ნათესავთა“ და ქართლის ცხოვრების იმ ნაწილისათვის, რომელსაც ამჟამად ჩვენ ვიცნობთ მეფეთა ცხოვრების სახელით, მიუციათ არმენოფილური ხასიათი.

ჩვენ მას პირობითად მონოფიზიტურ ვარიანტს ვუწოდებთ. მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ XII საუკუნეში არსებობდა, როგორც არსენ ბერის შრომიდან ჩანს, ქართლის ცხოვრების თავდაპირველი ვარიანტი. ჩვენ მას ვუწოდებთ პირობითად ქალკედონიტურს.

როგორც ჩანს, თათარ-მონგოლთა დროს ქართლის ცხოვრების ეგრეთწოდებული ქალკედონიტური ვარიანტი დაიკარგა. დაახლოებით XV -XVI საუკუნეებისათვის კვლავ გამოჩნდა ქართლის ცხოვრების მონოფიზიტური ვარიანტი. ამ ვარიანტის აღმოჩენისას ქართლში კვლავ გაძლიერებული იყო სპარსელთა მეოხებით სომხურ ეკლესიის გავლენა, რის გამოც მონოფიზიტებმა კვლავ გააკეთეს ამ თხზულების რედაქტირება, აღსანიშნავია, რომ „ქართლის ცხოვრების“ ეს ვარიანტი სრულებით აკმაყოფილებდა ქართველ მართლმადიდებლებსაც, რადგანაც ჩვენი სამშობლოს ისტორიის უკეთესი ვარიანტი აღარ არსებობდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მოჭარბებული არმენოფილია გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა მათში და როგორც თეიმურაზისეული ქართლის ცხოვრებიდან ჩანს, ის დადებითი თვისებები, რომელიც მიეწერებოდა ჰაოსს, ქართლოსის დამახასიათებელ ნიშნებად უქცევიათ. „ქართლის ცხოვრების“, ქართველი ერის უმთავრესი საისტორიო წიგნის კვლევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.