The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

რჩევები უცხოეთში წამსვლელ ქართველებს


რჩევები უცხოეთში წამსვლელ ქართველებს


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ანანია [ჯაფარიძე] (მთავარეპისკოპოსი)
საავტორო უფლებები: © მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
თარიღი: 2001
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


სამწუხაროდ, ამჟამად ისევე, როგორც ძველად, ჩვენში შექმნილი ვითარების გამო მრავალმა ქართველმა მიაშურა უცხოეთს. მათ არ უნდა გაწყვიტონ კავშირი დედა ეკლესიასთან, თავიანთი თავი მხოლოდ ქართული ეკლესიის მრევლად, მის წევრებად უნდა ჩათვალონ. წარღვნის შემდგომ უფალმა ღმერთმა დედამიწაზე სხვადასხვა ერების წარმოქმნა ინება. ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს ამაღლების შემდგომ სულიწმიდის მადლით მოციქულებს მიენიჭათ ნიჭი სხვადასხვა ერების ენებზე ამეტყველებისა. მსოფლიო მართლმადიდებლობა პატივს სცემს ყველა ხალხის ეროვნულ ნიშან-თვისებებს, ამიტომაც მართლმადიდებლური ეკლესიები, ეროვნული ნიშნის მიხედვითაა მოწყობილი. ადგილობრივი ეკლესიები თავიანთ მრევლს არა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებში, არამედ უცხოეთშიც მწყსიან. მაგალითად, რუსულ ეკლესიას უცხოეთში, თავისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ორმილიონიანი მრევლი ჰყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში რუსების ძირითადი ნაწილი არ ხდება მრევლი სხვა, თუნდაც მართლმადიდებლური ეკლესიისა და თავისი მშობლიური რუსული ეკლესიის წევრად რჩება. თავიანთი ეროვნული ეკლესიები მრავალ ქვეყანაში აქვთ აგრეთვე ბულგარელებს, რუმინელებს და სხვა მართლმადიდებელ ხალხებს, ბერძნები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, ძირითადად მხოლოდ ბერძნული ეკლესიის წევრები ხდებიან (ე.ი. არ ინათლებიან, არ ლოცულობენ, არავითარ წესებს არ ასრულებენ სხვა ეკლესიებში და სულიერი კავშირი მხოლოდ ბერძენ (ბერძნული ეკლესიის) ღვთისმსახურებთან აქვთ. მსგავსადვე იქცევიან არა მართლმადიდებელი ერებიც, მაგალითად, სომხებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და დიდ ქალაქში აქვთ თავიანთი სომხური საეპისკოპოსოები.

სხვა ერებში ასიმილირებისაგან თავის ასარიდებლად მსგავსადვე უნდა მოიქცნენ უცხოეთში დღეს უკვე მრავლად მცხოვრები ქართველებიც. ისინი წევრნი უნდა იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ეკლესიისა, მათ ეროვნულ სარწმუნოებრივი თემები უნდა ჩამოაყალიბონ და ქართველი ღვთისმსახური მოიძიონ, რომელიც იერარქიულად ქრისტეს კვართის ეკლესიას - საქართველოს საპატრიარქოს და მის მეთაურს, მოციქულის ტახტზე მჯდომ კათალიკოს-პატრიარქს დაექვემდებარება.

ძველად, საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლამდე, უცხოეთის ქვეყნებში მრავლად არსებობდნენ ქართული ეკლესია-მონასტრები; ისინი არა მხოლოდ ქართული კულტურის კერებს, არამედ თავიანთი პირდაპირი დანიშნულების შესაბამისად უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მორწმუნეთა სამრევლო ცენტრებსაც წარმოადგენდნენ, საიდანაც ისინი სულიერად იმწყსებოდნენ. ეს ეკლესია-მონასტრები საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწეთა მზრუნველობით იყვნენ მოცულნი.

ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს დაშლის შემდგომ მათ ყურადღებას ვეღარ აქცევდნენ, მრევლიც შესუსტდა და დაიფანტა. ამჟამად უცხოეთში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციაში არც ერთი ქართული ეკლესია-მონასტერი აღარ არსებობს.*

ბოლო წლებში ქართველთა რაოდენობის ზრდა უცხოეთში ძველი ტრადიციის აღდგენას საჭიროებს, რადგან მათ შთამომავლობას ეროვნული გადაგვარებისა და სხვა ერებში გათქვეფისაგან მხოლოდ ქართულ ეკლესიასთან სულიერი ერთობა გადაარჩენს.

როგორც აღინიშნა, უცხოეთში, სხვადასხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში მცხოვრებმა ქართველებმა სულიერი ძალა უნდა მოიკრიბონ და ეროვნულ-სარწმუნოებრივი თემები და საზოგადოებები უნდა შექმნან. რაც მთავარია, მათ უნდა გამოძებნონ და თემების სათავეში ჩააყენონ საქართველოს ეკლესიასთან იერარქიულად დაკავშირებული ღვთისმსახურებები: მხოლოდ მას - ქართველ მღვდელს უნდა მოანათლინონ შვილები, შეასრულებინონ ყოველგვარი სარწმუნოებრივი წესი. თუ ასეთი ეროვნულ-სარწმუნოებრივი თემები ეკლესიის აგებას ვერ შეძლებენ, ღვთისმსახურებისათვის მცირე შენობა ან ოთახი უნდა გამონახონ, სადაც ქართველი მღვდელი ილოცებს და ქრისტიანულ წესებს შეასრულებს. ქართველი ღვთსმსახურის გარშემო თანდათანობით ჩამოყალიბდება სასულიერო ცენტრი, მცირე სკოლა, სადაც ქართველი ახალგაზრდები ქართულ წერა-კითხვას, ლიტერატურასა და სამშობლოს ისტორიას შეისწავლიან და უცხოეთშიც ქართული სულისკვეთებით აღიზრდებიან.

მსგავსადვე ფუნქციონირებენ უცხოეთში სხვა მართლმადიდებელი ერების სასულიერო კერები, რომელნიც ისე არიან გაძლიერებულნი, რომ ეროვნული კოლეჯები, გამომცემლობები, სტამბები და სხვა დაწესებულებები აქვთ.

თავისთავად იგულისხმება, რომ საქართველოში მცხოვრები ყოველი ქართველი მოვალეა დაიცვას ეროვნული ეკლესიის ერთგულება, რადგანაც, როგორც ითქვა, უფალმა, მარადის მფარველმა ჩვენი ერისა, ქართული ეკლესიისაგან განდგომა საქართველოს არცერთ შვილს არ აპატია. როგორც აღინიშნა, ქართული ეკლესიისაგან განშორებული ქართველები გათურქდნენ, გარუსდნენ, გაბერძდნენ ან ასიმილირდნენ სხვა ერებში.

ვევედრებით ჩვენგან მარადის სადიდებელ ყოვლადწმიდა სამებას კვლავ წყალობით მოხედოს ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ერს თანახმად ჩვენი უფლისა და მაცხოვარის იესო ქრისტეს აღთქმისა და შეგვიწყალოს ჩვენ და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ქვეყნის ყოველი შვილი, ამინ.

27 ნოემბერი 1993 .

(ნაწყვეტი წიგნიდან საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1994 . გვ. 139-144).

____________________

* წერილი დაწერილია 1993 წელს

2 მართლმადიდებლური დიასპორას საკითხი ქართული საეკლესიო წყაროების მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


მართლმადიდებელი ეკლესიები უკანასკნელი ასწლეულის მანძილზე გამოთქვამენ სურვილს მოწვეულ იქნას მსოფლიო საეკლესიო კრება. VII მსოფლიო კრების შემდეგ მართლმადიდებლობას დაუგროვდა მრავალი საკითხი, რომელთა განხილვა მსოფლიო საეკლესიო კრების კომპეტენციაა. როგორც ცნობილია, XX ს-ის 20-იან წლებში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა მსოფლიო კრების მოსაწვევად, რომელიც არ შედგა. II მსოფლიო ომის გამო შენელებული მუშაობა განახლდა გასული საუკუნის 60-იან წლებში. ამჟამად რამდენიმე წელიწადში ერთხელ იწვევენ ე.წ. მსოფლიო კრების მოსამზადებელ თათბირებს. ამ შეკრებათა მიზანია მოამზადოს მომავალ მსოფლიო კრებაზე განსახილველი საკითხები. სულ 10 საკითხი უნდა იქნას ამ მომავალ დიდ კრებაზე განხილული. მათ შორისაა მართლმადიდებელი დიასპორის საკითხი.

დიასპორა - ხალხის, ეთნიკური ერთობის მნიშვნელოვანი ნაწილის სამშობლოს გარეთ ცხოვრებაა, მსგავსადვე მართლმადიდებელ დიასპორას წარმოადგენს საკუთარი ეროვნული ეკლესიის გარეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მრევლი. მათი საეკლესიო იურისდიქცია ამჟამად სადავო საკითხია.

თითქმის ყველა ავტოკეფალურ ეკლესიას უცხოეთში გააჩნია სამრევლოები და საეპისკოპოსოები. მაგალითად, რუმინეთის საპატრიარქოს თავისი საეპისკოპოსოები აქვს დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, მსგავსადვე ბულგარეთის ეკლესიას ბულგარელი მრევლისათვის უცხოეთში გააჩნია თავისი საეპისკოპოსოები, რუსეთის საპატრიარქოს თავისი ეპისკოპოსები ჰყავს ევროპისა და ამერიკის მრავალ ქალაქში - ვენაში, ბერლინში, ბრიუსელში, არგენტინაში, სერბეთის საპატრიარქოს სერბი მრევლისათვის ეპისკოპოსები ჰყავს ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში, ევროპაში, უკრაინის ეკლესიასაც კი უცხოეთში ჰყავს თავისი ეპისკოპოსები, და ცხადია, უამრავი საეპისკოპოსო აქვს კონსტანტინოპოლისა და სხვა საპატრიარქოებს.

აქედან ჩანს, რომ დღეს დღეობით ისეთი ისტორიული სურათი ჩამოყალიბდა, რომ ქვეყანაში, სადაც არ არის ადგილობრივი ეკლესია, ქრისტიანები აარსებენ ეროვნული ნიშნის მიხედვით სამრევლოებს, რელიგიურ-კულტურულ ცენტრებს, რაც საბოლოოდ იწვევს საეპისკოპოსოების წარმოქმნას. საეპისკოპოსოები კი ეროვნული საპატრიარქოსა და ეკლესიების იურისდიქციის ქვეშ შედიან. ეთნიკური რელიგიურ-კულტურული ცენტრები და საეპისკოპოსოები ხელს უწყობენ უცხოეთში, უცხო გარემოში მცხოვრები ხალხის ეროვნულ-რელიგიური თვითშემეცნების, მართლმადიდებლური მრწამსის შენარჩუნებასა და განმტკიცებას.

ეს ძირითადად შეეხება დასავლეთ ევროპისა და ამერიკის იმ ქვეყნებს, სადაც არ არის ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიები. ასეთ მდგომარეობას, ცხადია, გააჩნია დროებითი ხასიათი. ნორმალური საეკლესიო ცხოვრების მოწყობა აღნიშნულ ქვეყნებში საბოლოოდ მიიყვანს მათ ახალი ავტონომიური და ავტოკეფალური ეკლესიების წარმოშობამდე, მაგრამ ამ დრომდე დიასპორას იურისდიქცია რჩება რთულ საკითხად, იწვევს უთანხმოებასა და კამათს. ამ კამათის გადაწყვეტისას, ავტოკეფალურ ეკლესიათა შორის, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სხვადასხვა გარემოება, მათ შორის თვითონ დიასპორას ნება. 1872 წლის კონსტანტინოპოლის კრებამ განსაჯა ეთნოფილეტიზმი (Цыпин, Церковное право, с. 203), მაგრამ ფაქტია, რომ უცხოეთში მცხოვრები მართლმადიდებლები სამრევლოებს ქმნიან სწორედ ეროვნული ნიშნის მიხედვით. ასეთია რეალური ფაქტი. XX ს-ში მართლმადიდებელი დიასპორა ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში მრავალჯერ გაიზარდა მართლმადიდებელთა გადასახლებისა და, აგრეთვე, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში სხვა აღმსარებლობის ქრისტიანთა გადმოსვლის შედეგად. რამაც კიდევ უფრო გააღრმავა საეკლესიო იურისდიქციის გაყოფის პრობლემა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ წამოაყენა ახლა უკვე მოძველებული სწავლება მსოფლიო ანუ კონსტანტინოპოლის განსაკუთრებულ უფლებათა შესახებ დიასპორას მიმართ. კონსტანტინოპოლის სწავლებას, რომ პირადად მის იურისდიქციაში უნდა გადავიდეს დასავლეთ ევროპისა და ამერიკის დიასპორა, ამჟამად უარყოფილია ადგილობრივი ეკლესიების უმრავლესობის მიერ. რუსული ეკლესია ამ სურვილს უწოდებს „მთლიანად ახალსა და იქამდე ეკლესიის ისტორიისათვის უცნობ პრეტენზიას“ (Цыпин, Церковное право, с. 203). კონსტანტინოპოლი ამ თავის სწავლების საფუძვლად მიუთითებს ქალკედონის კრების 28-ე კანონს. რუსულ ეკლესიას მიაჩნია, რომ არა ქალკედონის 28-ე კანონის გამო იმყოფებოდა რუსეთის მრევლი ასწლეულების მანძილზე კონსტანტინოპოლის კანონიკური დაქვემდებარების ქვეშ, არამედ ძველთაგანვე მსოფლიო ეკლესიაში დაცული ნორმის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ეკლესია მომაქცეველი არაქრისტიანი ხალხისა, გადაიქცეოდა ახალი ეკლესიისათვის დედა ეკლესიად. რუსული ეკლესია მიიჩნევს, რომ ქალკედონის კრების 28-ე კანონის არსებობის მიუხედავად ივერიის ანუ საქართველოს ახალმოქცეული მრევლი IV ს-დან იმყოფებოდა არა კონსტანტინოპოლის, არამედ ანტიოქიის იურისდიქციის ქვეშ, რაც თავისი მოსაზრების დამადასტურებელ მაგალითად მიაჩნია.

საქართველოს ეკლესიას, ამაჟამად, უცხოეთში საეპისკოპოსოები არ გააჩნია, მაგრამ წარსულში თავისი დიასპორასათვის საქართველოს ეკლესიას გააჩნდა საკმაოდ მრავალი საეპისკოპოსო და ეკლესია-მონასტრები. ის გარემოება, რომ ამჟამად ჩვენს ეკლესიას თავისი მართლმადიდებელი დიასპორასათვის უცხოეთში არ გააჩნია კულტურულ-რელიგიური კერები გამოწვეულია გარე ეკლესიური პრობლემებით, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დაკნინებით XV ს-ის შემდეგ და სახელმწიფოებრიობის გაუქმებით XIX-XX სს-ში.

იქამდე, თითქმის მთელი შუა საუკუნეების მანძილზე უკვე IV-V სს-დან უცხოეთის ქართულ დიასპორას ჩვენი ეკლესია სათანადო ყარადღებას აქცევდა. უცხოეთის ქართული დიასპორასათვის მცირე აზიის მრავალ მხარეში, რომელიც გამოირჩეოდა ეკონომიკური განვითარების მაღალი დონით, არსებობდა ქართული სეპისკოპოსოები. ესენი იყვნენ - ვალაშკერტის, დადაშენის, ანისის, კარის ანუ ყარსის, არზრუმის ქართული საეპისკოპოსოები ზოგჯერ საკმაოდ დაშორებულნი საქართველოს ეთნიკურ საზღვრებს. მაგალითად, ვალაშკერტის ქართული საეპისკოპოსო კათედრა მდებარეობდა ვანის ტბის სიახლოვეს მდ. ევფრატის სათავეებში. მნიშვნელოვანი იყო დადაშენისა და ანისის საეპისკოპოსოები, დაარსებულნი, როგორც ითქვა, უცხოეთის ამ მხარეში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისათვის. არზრუმის ქართული საეპისკოპოსო ოსმალეთის იმპერიაში არსებობდა XVII ს-შიც კი, გამაჰმადიანებას გადარჩენილი ქართველებისათვის. ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, წყაროებში ხშირად მოხსენებული „გოლგოთელი“ იყო იერუსალიმში მდებარე გოლგოთას ქართული მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსის წოდებით. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ამ საეპისკოპოსოთაგან დაარსდა იქამდე, სანამ ამ მხარეთა მომცველი მიწა-წყალი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდოდა.

საქართველოს ეკლესია დიდ ყურადღებას უთმობდა თავის ეთნიკურ მრევლს შორეულ უცხოეთში. იერუსალიმში არა მხოლოდ ქართული მოასტრები არსებობდა ქართველი ბერებისათვის, არამედ არსებობდა ქალაქის ეკლესიები ქართული საერო მრევლისათვის. ეს უცხოეთის ქართული ეკლესია-მონასტრები იყვნენ არა მხოლოდ სარწმუნოებრივი კერები სასულიერო პირებისათვის, არამედ ეროვნული ცენტრები უცხოეთში გადახვეწილი ქართველი საერო პირებისათვის, რომელნიც აარსებდნენ და აფინანსებდნენ კიდეც მათ. ამის მკაფიო მაგალითია პეტრიწონის მონასტერი, რომელიც არა სასულიერო პირებმა, არამედ ქართველმა საერო მოღვაწეებმა გრიგოლ და აბას ბაკურიანის ძეებმა დააარსეს, რომელთაც მემატიანე „ქვეყნის ჩვენის მოქალაქეთ“ უწოდებდა.

როგორც აღინიშნა, იერუსალიმში ქართველი მრევლისათვის IV ს-დანვე არსებობდა ქართული ეკლესიები, როგორც ჩანს, ქართული ეკლესიის წევრთა რიცხვი ისე გაზრდილა წმიდა ქალაქში, რომ მათთვის ქართველი ეპისკოპოსიც დაუნიშნავთ. ჩანს, მისი საყდარი უფლის საფლავზე აგებულ ვრცელ ტაძარში იყო, რომელიც გოლგოთასაც მოიცავდა. წმიდა გრიგოლ ფერაძის გამოკვლევის თანახმად, ქართველი ეპისკოპოსის სახელი III-IV სს-ის ბერძნული საფლავის ეპიტაფიას შემოუნახავს - „საფლავი (სამუილ) ქართველთა ეპისკოპოსისა და მონასტრისა, რომელიც მათ (ე.ი. ქართველებმა) დავითის კოშკში შეიძინეს“ (გრ. ფერაძე, „ცნობები იერუსალიმის ქართული მონასტრების შესახებ“, 1925, გვ. 26). V ს-ში იუსტინიანეს აღუდგენია, ასევე ლაზების ეკლესია იორდანეს უდაბნოში (იქვე, გვ. 82). VII ს-ის სომეხ პილიგრიმს მოხსენებული აქვს „გოგარენთა (ე.ი. ქართველთა) მონასტერი“ (იქვე, გვ. 27). გრ. ფერაძის სიტყვით XI ს-ში იერუსალიმში ქართველი ეპისკოპოსი იჯდა, იგი წერს: „გოლგოთას ნაწილი მიიღო ქართველთა მეფემ ბაგრატ კურაპალატმა, რომელმაც იქ ქართველთა ეპისკოპოსი დანიშნა“ (იქვე, გვ. 28). „1050, 1583 და 1584 წლების ცნობათა მიხედვით გოლგოთაზე ქართველი ეპისკოპოსები იყვნენ“ (იქვე, გვ. 93). XVI ს-დან იერუსალიმში იჯდა ორი ქართველი ეპისკოპოსი, ერთი მცხეთის, მეორე კი აფხაზთა საკათალიკოსოდან (იქვე, გვ. 163). 1583 წ. „ჯვრის მონასტერში თვით ქართველმა ეპისკოპოსმა მიიღო სტუმრები და მოემსახურა მათ 1583 წ“. (იქვე, გვ. 124).

ეს იყო ხანა საქართველოს სახელმწიფოებრივი სიძლიერისა, როცა ქართულ დროშაზე გამოხატული იყო წმ. გიორგი.

წმ. გრიგოლ ფერაძე წერს: „როცა ქართველები წმიდა ქალაქში შედიოდნენ, ამაყად ფრიალებდნენ მათი დროშები, რომლებზეც ჯვარი და წმიდა გიორგი იყო გამოსახული“ (გრ. ფერაძე, ცნობები პალესტინის ქართული მონასტრების შესახებ, 1995, გვ. 120).

კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატეც აღნიშნავს: „საქართველოს ეროვნულ დროშაზე წმიდა გიორგია გამოხატული“ (კალისტრატე ცინცაძე, „ქაშვეთის ეკლესია“, 1994, 122, შენიშვნა 12).

როგორც აღინიშნა, ამჟამად უცხოეთში მართლმადიდებელი ეკლესიები აარსებენ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერებს, კერძოდ უქმნიან უცხოეთში მცხოვრებ თავიანთ თანამემამულეებს სავანეებსა და სასწავლებლებს, ბავშვების ეროვნული სულისკვეთებით აღსაზრდელად, დედა ენის დასაუფლებლად, აგრეთვე, პოლიკლინიკებსა და სასტუმროებს. მსგავსადვე წარსულში, ქართული ეკლესიის ღვაწლით, პეტრიწონის მონასტერში არსებობდა ქართველი ყმაწვილებისათვის სემინარია, ქსენონი - მოხუცებისათვის, სასტუმროები ბიზანტიაში მცხოვრებ ქართველთა საჭიროებისათვის.

როგორც აღინიშნა, უცხოეთში ქართული საეპისკოპოსოების შექმნა შეწყდა XIX ს-ის შემდეგ, რაც გაუქმდა საქართველოს ავტოკეფალია. ამის შემდეგ უცხოეთში გასული ქართველობა, როგორც წესი, მრევლი ხდებოდა უცხო ეკლესიებისა, რაც მათ ეროვნულ გადაგვარებას იწვევს. მშობლიური საეკლესიო გარემოს არარსებობის გამო ქართველები მიეკედლნენ არა მხოლოდ ბერძნულ და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, არამედ არამართლმადიდებლურ ეკლესიებსაც კი. კერძოდ, ქართველების ერთი ნაწილი უცხოეთში მიეკედლა სომხურ ეკლესიას. ეს შეუმჩნევიათ უცხოელ დამკვირვებლებსაც. ისტორიკოსი ევგენი დალეჯიო გაოცებული იყო იმით, რომ XX ს-ის დასაწყისში კონსტანტინოპოლში მცხოვრები ქართველები გადაიქცნენ სომხური ეკლესიის მრევლად და ამის გამო დაკარგეს ქართული თვითშემეცნება. ევგენი დალეჯიო წერდა ასი წლის წინ: „ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოგვიკვლევია, რამ აიძულა კონსტანტინოპოლის ქრისტიანი ქართველების ნაწილი უარეყოთ ქართველობა და სომხებად ეღიარებინათ თავი. ამ გადაგვარებულთა შორის შედარებით ცოტანი არიან, რომელთაც თავიანთი გვარი კიდევ ახსოვთ. სხვათა შორის, დავასახელებ ცხადაიას, გურჯიანების, აზიზიანების, თუმანიანების, ზურაბიანების ოჯახებს, რომლებიც თუმც არ უარყოფენ, რომ ქართველების შთამომავლები არიან, მაგრამ დღეს თავს ქართველებად აღარ აღიარებენ“ („ქართველები კონსტანტინოპოლსა და საბერძნეთში“, თბ., 1990, გვ. 20).

ასი წლის წინ, XX ს-ის დასაწყისში ეს უცხოელი ისტორიკოსი მოუწოდებდა საქართველოში მცხოვრებ ქართველებს შეექმნათ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის კულტურული დაწესებულებები, სადაც „ყველა რწმენისა და მისწრაფების ქართველს თავისუფლად შეეძლება მისვლა და მუშაობა, როგორც ეს აქვთ სხვა ხალხთა ახალშენებს“ (იქვე, გვ. 20).

ამჟამად, საბედნიეროდ, 200 წლოვანი შესვენების შემდეგ ჩვენმა ხალხმა კვლავ შექმნა ეროვნული სახელმწიფო, ამიტომაც უნდა გამოითქვას იმედი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, აღადგენს თავის ძველ ტრადიციას და შორეულ უცხოეთში გასული თავისი მრევლისათვის შექმნის კულტურულ-სარწმუნოებრივ კერებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, ქსენონებსა და სავანეებს, ეკლესიებსა და საეპისკოპოსოებს, სადაც ქართველები განიმტკიცებენ მამაპაპეულ წმიდა სარწმუნოებას, შეისწავლიან ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას, ღირსეულად აღზრდიან თავიანთ ბავშვებს ჩვენი ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ.

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ დიასპორას საკითხი, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, საბოლოოდ გადაწყდება მომავალ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, იქამდე კი მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხის შესათანხმებლად.

მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე

3 წმიდა და დიდი კრების მოსამზადებელი მართლმადიდებელთაშორისი კომისიის გადაწყვეტილება მართლმადიდებლური დიასპორას საკითხთან დაკავშირებით (შამბეზი, 7-13 ნოემბერი, 1993)

▲ზევით დაბრუნება


მართლმადიდებლური დიასპორას საკითხთან დაკავშირებით „მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრების მოსამზადებელი სამდივნოს“ მიერ გამოცემული წიგნის «Межпровославная подготовительная комиссия Святого и Великого Собор, 7-13 ноябрь 1993» (Провославный центр Вселенской Патриярхии, Шамбези, Женева, 1994) მიხედვით მსოფლიოში მართლმადიდებლური დიასპორას ორგანიზაციის საკითხების შესახებ უკანასკნელ ათწლეულებში გამოითქვა მრავალი მოსაზრება გამოჩენილი ღვთისმეტყველების, ღვთისმსახურების და ერისკაცთა მიერ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დიასპორას საკითხი შეტანილი იქნა მომავალ წმიდა და დიდ საეკლესიო კრების დღის წესრიგში (იხ. დასახ. ნაშრ. გვ. 24). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ მომზადებული შრომების საფუძველზე რეკომენდაცია გაიცა დიასპორას საეკლესიო ორგანიზაცია მოეწყოს პირველი მსოფლიო კრებების მიერ დადგენილი სამიტროპოლიტო სისტემის შესაბამისად, ისე, რომ იგი არ შეეხოს დიასპორას ყველაზე უფრო მგრძნობიარე - ნაციონალურ მხარეს. საკითხი განხილული იქნა „წმიდა და დიდი კრების მოსამზადებელი მართლმადიდებელთაშორისი კომისიის“ მიერ შამბებში (ჟენევა) 1993 წლის 7-13 ნოემბერს. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მთლიანობის შეუბღალაობის მიზნით გადაწყდა უცხოეთში არსებულ ეროვნულ დიასპორათა მიმართ დედა ეკლესიების ნაციონალური გრძნობები მთლიანად იქნას გათვალისწინებული (იქვე, გვ. 24), ამავე დროს კომისიამ გადაწყვიტა მსოფლიოს ის ტერიტორიები, სადაც არ არსებობს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები, დაყოფილი იქნას რეგიონებად. ერთ რომელიმე ასეთ რეგიონში საეკლესიო კანონიკურ იურისდიქციას განახორციელებს ე.წ. „ეპისკოპოსთა კრება“, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რეგიონში არსებული დიასპორების ნაციონალური ეპისკოპოსები. საკითხის სრული გაგების მიზნით განიმარტა, რომ აღნიშნულ „ეპისკოპოსთა კრება“ ბერძნულად იწოდება „ეპისკოპე სინელეფსის“, ფრანგულად „ანსამბლე ეპისკოპალ“, რუსულად „სობორნაია“ და ა.შ. გადაწყდა, რომ შეიქმნას სულ 8 რეგიონი.

რეგიონები, რომლებშიც შეიქმნება „ეპისკოპოსთა კრება“ არის შემდეგი:

ჩრდილო და ცენტრალური ამერიკა;

სამხრეთ ამერიკა;

ავსტრალია;

დიდი ბრიტანეთი;

საფრანგეთი;

ბელგია და ჰოლანდია;

ავსტრია და იტალია;

გერმანია.

რეგიონში „ეპისკოპოსთა კრებას“ ქმნიან ამ რეგიონში მყოფი კანონიკურად აღიარებული ეპისკოპოსები, ამასთანავე ისინი აგრძელებენ კანონიკური იურისდიქციისადმი დაქვემდებარებას (იქვე, გვ. 27). მაგალითად „ავტრალიის“ რეგიონში მყოფი რუმინული დიასპორას ეპისკოპოსი, რომელიც კანონიკურად არის აღიარებული რუმინეთის საპატრიარქოს მიერ, ვითარცა მისადმი დამორჩილებული, შეყვანილი იქნება აღნიშნული „ავსტრალიის რეგიონის“ ეპისკოპოსთა საბჭოს წევრად. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონის ეპისკოპოსთა საბჭოს წევრად არჩეული დიასპორას ეპისკოპოსი უნდა ცხოვრობდეს დიასპორაში და უნდა გააჩნდეს სამრევლო მოცემულ რეგიონში (იქვე, გვ. 218).

კომისია რეგიონალურ ეპისკოპოსთა საბჭოს განიხილავს ვითარცა გარდამავალ სტადიას. საბოლოოდ კი ალბათ, რეგიონებში თანდათანობით ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები ეროვნულ დიასპორათა ენობრივი, ნაციონალური და სხვა კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით (იქვე, გვ. 28). რეგიონებში შესაძლო ავტოკეფალურ ეკლესიათა ჩამოყალიბება სასურველია მოხდეს წმიდა და დიდი საეკლესიო კრების მოწვევამდე. აღინიშნა, რომ ერთ რომელიმე ადგილზე (ქალაქში ან ოლქში) უნდა იყოს მხოლოდ ერთი ეპისკოპოსი (I მსოფლიო კრების კანონი).

გადაწყდა, რეგიონის „ეპისკოპოსთა კრების“ („კონფერენციის“) მუშაობა წარიმართება დიპტიხის შესაბამისად, დიპტიხში პირველის, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მღვდელმთავარის თავჯდომარეობით, მისი არ ყოფნის შემთხვევაში დიპტიხის რიგის შესაბამისად. რეგიონის ეპისკოპოსთა კრებამ უნდა ჩამოაყალიბოს აღმასრულებელი კომიტეტი. იგი შედგენილი იქნება ამ რეგიონის სხვადასხვა იურისდიქციის პირველი იერარქების მიერ (მაგალითად, თუ ავსტრალიის რეგიონში არის რამოდენიმე რუმინელი ეპისკოპოსი, აღმასრულებელ კომიტეტში შევა მათ შორის პირველი).

1993 წლის 7-13 ნოემბრის „მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრების მოსამზადებელი კომისიის“ მუშაობაში მონაწილეობდნენ მსოფლიო (კონსტანტინოპოლის), ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის საპატრიარქოების, კვიპროსის, ელადის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხოსლოვაკიისა და ფინეთის ეკლესიათა წარმომადგენლები. ამ შეხვედრას, აღნიშნული წიგნის მიხედვით, ქართული ეკლესიის დელეგაცია არ ესწრებოდა. კრების მონაწილე ეკლესიებმა აიღეს ვალდებულება არაფერი იმოქმედონ ზემოთაღნიშნული დიასპორას საკითხის გადაწყვეტის პროცესის დასაბრკოლებლად, მათ შორის დიასპორაში უკვე არსებულ ეპარქიათა გარდა ახალთა შესაქმნელად. ეს ვალდებულება არ ეხება საქართველოს ეკლესიას, რადგანაც მისი დელეგაცია არ ესწრებოდა აღნიშნულ კრებას.

1993 წლისათვის უცხოეთში ქართული მართლმადიდებელი დიასპორა თითქმის არ არსებობდა, ამდენად ჩვენი ეკლესიისათვის დიასპორას საკითხი არ იყო აქტუალური, მაგრამ, რადგანაც XX ს-ის 90-იანი წლების შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლისა და იქამდე არსებული საზღვრების გაუქმების კვალდაკვალ უცხოეთში თითქმის მილიონი ქართველი გადავიდა საცხოვრებლად, სასწავლებლად და სამუშაოდ, შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს ქართული მართლმადიდებელი საეკლესიო დიასპორა, სამომავლოდ მას ისეთივე ყურადღება უნდა მიაპყროს საქართველოს ეკლესიამ, ვითარცა თავის უცხოეთში მცხოვრებ ეთნიკურ მრევლს აქცევენ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები. უსათუოდ, მათი მაგალითის შესაბამისად, უცხოეთში უნდა წარმოიქმნას და ჩამოყალიბდეს ქართული სამრევლოები საქართველოდან გასული მართლმადიდებელი მრევლისათვის. სასწრაფოდ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონში უნდა ჩამოყალიბდეს თუნდაც ერთი ქართული საეპისკოპოსო, საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ, რათა ქართველი ეპისკოპოსიც შევიდეს „რეგიონის ეპისკოპოსთა საბჭოში“. რეგიონის ქართველმა ეპისკოპოსმა უნდა დაიცვას უცხოეთის ქართველი მრევლის ენობრივი, ნაციონალური და კულტურული სახე, რასაც მოითხოვს კიდეც 1993 წლის შამბეზის აღნიშნული კომისიის სულისკვეთება.

წმიდა სახარებისეული იგავის მიხედვით, რომელიც შეეხება „მეათერთმეტე მუშაკის“ გულმოწყალე ანაზღაურებას, საქართველოს ეკლესიას უფლება აქვს გაიხაროს უცხოეთში თავისი საეპისკოპოსოების დაარსებით. იგულისხმება, რომ ყველა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას უცხოეთში აქვს ეროვნული საეპისკოპოსო, რომელთა ეპისკოპოსები ქმნიან კიდეც „რეგიონების ეპისკოპოსთა საბჭოებს“, მათ მსგავსად ეს უფლება მიცემული აქვს ქართულ ეკლესიასაც.

როგორც ზემოთ აღინიშნა დასავლეთ ევროპაში, ამერიკასა და ავსტრალიაში ყალიბდება 8 მართლმადიდებლური რეგიონი „ეპისკოპოსთა კრების“ კანონიკური ხელმძღვანელობით, და, შეთანხმების თანახმად ეპისკოპოსთა კრებასა და მის აღმასრულებელ კომიტეტში მსოფლიოს ყველა დიასპორას ეკლესიას ეყოლება თავისი წარმომადგენელი ეპისკოპოსი, სამწუხაროდ ქართველი ეპისკოპოსის გარდა, რადგანაც მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს არა ჰყავს უცხოეთში თავისი ეპისკოპოსი. ამის გამო სასურველია რვავე ზემოთაღნიშნულ რეგიონში დროულად დაარსდეს ქართული საეპისკოპოსოები, რისთვისაც საჭიროა დიასპორაში მცხოვრები ქართველების საეკლესიო აქტიურობა რაც მათ მიერ ქართული ეკლესიების (სამრევლოების) დაარსებით უნდა გამოიხატოს, ეს ეკლესიები იქცევიან კიდეც დაიასპორას ქართული საეპისკოპოსოების დაარსების საფუძვლად.

რვავე დასახელებულ რეგიონში (ჩრდილო და ცენტრალურ ამერიკაში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში, ავსტრიასა და იტალიაში, გერმანიაში) მცხოვრებმა ქართველებმა თავიანთი სიყვარული ჩვენი მაცხოვარის იესო ქრისტესა და ქართველთა მფარველ დედა ღვთისმშობლის მიმართ, უნდა გამოხატონ ქართული ეკლესიების, ქართული მართლმადიდებლური სამრევლოების დაარსებით, რაც საფუძვლად იქცევა მათი შთამომავლობის გამრავლებისა, კეთილდღეობისა და ღვთისაგან კურთხევისა მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნებით. ეს საფუძველი გახდება რვავე დასახელებულ რეგიონში ქართული საეპისკოპოსოების დაარსებისა, ქართულ დიასპორათა განმტკიცება-გაძლიერებისა.

ჩვენდა სასიხარულოდ მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში ამჟამად უკვე შევიდა უცხოეთში ქართული დიასპორას ახლახან დაარსებული ეკლესიები ქ. ბრიუსელში (ბელგია) წმიდა თამარ მეფის სახელობისა, ქ, მიუნხენში (გერმანია) წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობისა, ქ. სტრასბურგში წმიდა ქეთევანის სახელობისა, ქართველ მღვდელს ქართული სამრევლოები ქ. ჰამბურგში (გერმანია), ქ. დიუსელდორფში (გერმანია), ქ. ლონდონში, ქ. ჟენევასა და ქ. ლიონში. ყოველმხრივ უნდა შეეწყოთ ხელი მათთვის მზრუნველ და მათ დამაარსებელ ქართველებს. ამ სამრევლოებსა და ეკლესიებში მოღვაწე თავდადებულ და გულმხურვალე საეკლესიო პირებს, რომელთაც იციან თუ რა მძიმე მდგომარეობაშია უცხოეთში მცხოვრები ქართველობა, რომელთაც არ მიატოვეს ისინი ამ მძიმე გასაჭირში და ვითარც კეთილმა მწყემსებმა მოიძიეს და უპატრონეს საქართველოდან უცხოეთში გადაკარგულ თავის ხალხს, თავის მრევლს. კეთილი მწყემსის მაგალითის შესაბამისად ბოლო წლებში საქართველოდან უცხოეთში გასულ თითქმის მილიონ ქართველს უნდა მიხედონ ქართველმა სასულიერო პირებმა, ქართველობა და მართლმადიდებლობა შეუნარჩუნონ მათ.

3 ნოემბერი, 2001 .