The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია


კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ანანია [ჯაფარიძე] (მიტროპოლიტი)
საავტორო უფლებები: © მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


სად მდებარეობდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის სამიტროპოლიტო?

XX ს-ის ქართული ისტორიოგრაფიის მიხედვით, ეს საკითხი თითქოსდა გარკვეული იყო, რაც ასახულია მრავალ გამოკვლევაში. აღიარებული აზრით, ის დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა, მაგრამ უპირველესი წყაროს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეპისკოპოსოთა ნუსხების, ე.წ. ნოტიციების მონაცემები არ ეთანხმება ამ თვალსაზრისს. კერძოდ, ნოტიციების უმრავლეს ნუსხაში ჩამოთვლილია ლაზიკაში მდებარე ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს შემდეგი კათედრები: 1. ხერიანი; 2. ხამაძური (ხამუზური, ხამაზრი, ხამატოზური); 3. ხახეი (ხალი, ხაიონი, ხალხევი); 4. პაიპერტი (პაიპერი); 5. კერამევი; 6. ლერიონი; 7. ბიზანა (ბიზანტი); 8. ხავიძიტი; 9. ხანძიორძი; 10. ოლნუტი; 11. ფასიანი; 12. (ტო)სერმანძი; 13. ანდაკი; 14. ზარინაკი (გეორგიკა, IV, ნაწილი II, 1952, გვ. 185).

ეს სია ასახავს ძირითადად IX-X სს-თა ვითარებას. მაშასადამე, მიწაწყალზე, რომელსაც კონსტანტინოპოლი უწოდებდა ლაზიკას, განლაგებული იყო ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტო თავისი 14 კათედრით და ჩვენი განხილვის საგანია მოვიძიოთ ამ კათედრების გეოგრაფიული განლაგება. როგორც ცნობილია, ბიზანტიურ სამყაროში საეპისკოპოსო ცენტრები ხალხმრავალ ქალაქებში არსდებოდა. შესაბამისად, ლაზიკის ჩამოთვლილი კათედრები ალბათ მნიშვნელოვან ქალაქებში მდებარეობდნენ. აღნიშნულ ცხრილებში (ნოტიციებში) უცვლელად მეორდება ისეთი კათედრების სახელწოდებები, როგორიცაა ლერიონი, ოლნუტი, ანდაკი და სხვა. ამ სახელის მქონე ქალაქების ადგილმდებარეობა ცნობილია. კერძოდ, ლერიონი იყო ტრაპეზუნტის მთიანეთში, მისგან დაახლოებით 70კმ-ით დაშორებული. ანდაკი თეოდოსიოპოლისსა და კარს (ყარსს) შუა იყო, ხოლო ოლნუტი არაქსისა და ევფრატის სათავეებთან ახლოს. ყველანი ისინი განლაგებულნი იყვნენ იმ ქვეყანაში, რომელსაც რომაელები უფრო მეტად არმენიას უწოდებდნენ, მაგრამ იქვე, არაქსის იქით მიუთითებდნენ იბერიის საზღვარს. ერთი სიტყვით, ისინი მდებარეობდნენ ვანის ტბასა და ტრაპეზუნტს შორის. ხომ არ იყვნენ ამ რეგიონში სხვა საეპისკოპოსოებიც ლაზიკის ეპარქიისა?

ცხადია, აღნიშნული საეპისკოპოსოები ქალკედონურნი იყვნენ, ამავე დროს, არმენიად სახელწოდებულ ქვეყანაში მდებარეობდნენ. ამის გამო ჩვენმა ძიებამ მოითხოვა გავცნობოდით ისტორიულ სომხეთში ქალკედონური საეპისკოპოსოების განლაგებას, რაც აღმოჩნდა მოსკოვში დასტამბულ „პრავასლავნაია ენციკლოპედიის“ III ტომში. მართლაც, ამ სტატიაში „სომეხი ქალკედონიტები“ ჩამოთვლილია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოში შემავალი ეპარქიები, მათ შორის აღნიშნული ლერიონისა და სხვა კათედრები და აღნიშნულია, რომ ისინი მდებარეობდენენ „სომხურ მიწებზე“, აღსანიშნავია, რომ კონსტანტინოპოლის ნოტიციებში, ანუ წყაროებში, მათ უწოდებდნენ „საეპისკოპოსოებს ლაზიკაში“, სტატიაში კი მათ ეწოდებათ „სომხურ-ქალკედონიტური საეპისკოპოსოები სომხურ მიწებზე“. სტატიას თან ახლავს რუკა, რომელზეც თითქმის ყველა იმ საეპისკოპოსოს მდებარეობაა აღნიშნული, რომლებიც ნოტიციებში „ლაზიკის სამიტროპოლიტოში“ იყვნენ (Прав. Энц., Т. 3, M. 2001).

რუკაზე, როგორც ითქვა, აღნიშნულია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტრაპეზუნტის, ასევე ეკელესენის, ხორძენესა და ტარონის სამიტროპოლიტოების, ასევე ანტიოქიის საპატრიარქოს თეოდოსიოპოლისის (კარინის) ეპარქიის მართლმადიდებლური (ქალკედონური) კათედრები. რუკაზე აღნიშნულია ნოტიციებში ჩამოთვლილი ლერიონის, შარიანის (ხერიანის), ბიზანას, ბაიბერდის (პაიპერტის), ოლნუტის, ანდაკის, ხახის (ხახეის), ხანძიორძის (ხორძენა?) და სხვა საეპისკოპოსოები, და ისინი განლაგებულნი არიან ტრაპეზუნტიდან თითქმის ვანის ტბამდე.

ერთი სიტყვით, IX-X სს-ში (X ს-ის დასაწყისიდან) ეკლესიური თვალსაზრისით კონსტანტინოპოლი ლაზიკას უწოდებდა ვრცელ მხარეს ვანის ტბიდან ტრაპეზუნტამდე, სადაც აღნიშნული საეპისკოპოსოები იყვნენ განლაგებულნი. ისმის კითხვა - რატომ უნდა ეწოდებინა ამ ვრცელი ტერიტორიისთვის კონსტანტინოპოლს ლაზიკა? (ვანის ტბის მომიჯნავე ქვეყნებიდან ტრაპეზუნტის ჩათვლით).

მართლაც, აღნიშნულ მიწა-წყალზე მრავალი მართლმადიდებლური საეპისკოპოსო იყო, მათ შორის ისეთებიც, რომელნიც მცხეთის საპატრიარქოს ექვემდებარებოდნენ. მაგალითად, არც თუ შორს ვანის ტბიდან, იყო ვალაშკერტის ქართული საეპისკოპოსო, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შემავალ ანდაკის კათედრიდან არც თუ მოშორებით იყვნენ ანისისა და კარის ქართული საეპისკოპოსოები.

შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიური თვალსაზრისით კონსტანტინოპოლი „ლაზიკას“ უწოდებდა ვრცელ ტერიტორიას, რომელნიც ქართულ წყაროებ- ში მოიხსენებიან ვითარცა „ზემონი ქვეყანანი“.

ქართულ „ზემო ქვეყნებსა“ და მიმდებარე მიწა-წყალს რომ მოიცავდა კონსტანტინოპოლის სამიტროპოლიტო ლაზიკაში, იქიდანაც ჩანს, რომ აქაა განლაგებული მისი საეპისკოპოსოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, ანდაკის კათედრა - მდინარე არაქსზე (მის ზემო წელში), მანასკერტთან ახლოს, ევფრატის სათავეში მდებარე ოლნუტის კათედრა. თითქმის „ზემო ქვეყნების“ მიწა-წყალზე მდებარეობდნენ ბიზანასა და ხორძენეს საეპისკოპოსოები, ხოლო ბაიბერდის, ხახის, კერჩანისისა, ხერიანისა და ლერიონის საეპისკოპოსოები ისტორიულ სპერსა, ჭანეთსა და მიმდებარე მიწებზე მდებარეობდნენ. მას შემდეგ, რაც აღნიშნული „ზემო ქვეყნები“, ანუ ტაოსა და ვანის ტბას შორის მოქცეული მიწა-წყალი ბიზანტიამ ჩამოართვა საქართველოს, მეფე გიორგი I-ის დროს, იქ ჩამოყალიბებულ მართლმადიდებლურ სამიტროპოლიტოსთვის „ლაზიკის ეპარქია“ უწოდებიათ. უნდა აღინიშნოს, რომ მის ოდნავ ჩრდილოეთით ჩამოაყალიბეს ბიზანტიური ადმინისტრაციული ერთეული „იბერიის თემი“, ანუ ის მიწები, რომლებიც არაბობამდე „არმენიად“ იწოდებოდა, X ს-ის შემდეგ ლაზიკად და იბერიად იხსენიება - ვანის ტბიდან ტრაპეზუნტ-ტაომდე.

2 ლაზიკის გეოგრაფია

▲ზევით დაბრუნება


ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო IX-X სს-ში ლაზიკას უწოდებდა ვრცელ მხარეს ტრაპეზუნტიდან თითქმის ვანის ტბამდე, სადაც ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს კათედრები იყვნენ განლაგებულნი. ამ ვრცელი მიწა-წყლის შუაგულში სათავეს იღებს ისეთი ცნობილი მდინარეები, როგორიცა არაქსი და ევფრატი. ეს მიწა-წყალი ისტორიულად ქართული ტომებით იყო დასახლებული, სწორედ ამის ანარეკლი, ანდა რეალური ვითარების გადმოცემის შედეგია ის, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ „ლაზიკა“ უწოდა აღნიშნულ მიწა-წყალს, ამით ხაზი გაესვა მის მცხოვრებთა ეთნიკურ ვინაობას. სახელწოდებები „ლაზიკის ეპარქია“ და „იბერიის თემი“ აღნიშნულ დროს წარმოაჩენს იმ რეალურ სურათს, რომ ბიზანტიამ ცნო ვანის ტბიდან (ჩრდილოეთით) ანისამდე და (დასავლეთით) ტრაპეზუნტამდე მკვიდრი მოსახლეობის ეთნიკური ვინაობა - მათი ქართველობა, რადგანაც იქამდე, კერძოდ კი არაბობამდე, ამ მიწაწყალს ბიზანტია ოფიციალურად „არმენიას“ უწოდებდა. არაბთა შემოსევების ეპოქაში, როცა სომხურ ეკლესიას უნარი აღარ შესწევდა თავისი ზეწოლა განეხორციელებინა მკვიდრ ქართველებზე, IX-X სს-ში, გამოცოცხლდა იქამდე შესუსტებული ეთნიკური თვითშემეცნება მკვიდრი ქართველებისა. ამიტომაც არაბებისაგან გათავისუფლებულ მიწა-წყალზე ბიზანტიელებს დახვდა სხვა სურათი - მკვიდრი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მცხოვრებნი ევფრატისა და არაქსის სათავეებში, ვიდრე ვანის ტბამდე და ანისამდე, მკვეთრად აცხადებდა, რომ ეთნიკურად იყვნენ არა სომხები, არამედ ქართველები. იყო თუ არა ამისათვის საფუძველი? საქმე ისაა, რომ აღნიშნული მიწა-წყალი იმთავითვე ქართული იყო. მისი ისტორი ული წარსულის შესახებ წერს პავლე ინგოროყვა - „ანტიკური ხანის საისტორიო წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ანტიკურ ხანაში, ვიდრე III სს-მდე ძვ.წ.აღ-ისა, ქართული ტომებით დასახლებული იყო არა მხოლოდ მტკვრისა და ჭოროხის ხეობები, არამედ ქართველ ტომებს ეჭირათ აგრეთვე არაქსისა და ევფრატის ხეობათა ზემოწელი, სახელდობრ, ხორძენე, პარიადრის მთიანეთი (მარდალიის ზონა), ბასიანის მხარენი, არაქსის სასპერეთი... კარინი, დერჭანი, აკილესენი, მუძური (ანტიტავროსის მხარე, იხ. სტრაბონი, წიგნი XI, თავი XVI, 5, ქსენეფონტე, ანაბასისი, წიგნი IV, თავი VI, 5, VII, 8, 25). ... სტრაბონის ცნობით, უმრავლესობა ამ პროვინციებისა საქართველომ დაკარგა პოლიტიკურად II-I სს-ში ძვ.წ.აღ-ისა, როდესაც სომხეთმა გაავრცელა თავისი გავლენა ევფრატისა და არაქსის ხეობათა ამ სექტორებზე. თუმცა საშუალო საუკუნეთა დასაწყისში (ყოველ შემთხვევაში VII ს-მდე, როგორც ეს ირკვევა წყაროებიდან), ამ ქვეყნებს ჯერ კიდევ ჰქონიათ შერჩენილი ქართული სახე. საქართველო არ შერიგებია ამ მხარეთა დაკარგვას და საშუალო საუკუნეთა მანძილზე საქართველო ცდილობდა შემოეერთებინა არაქსის და ევფრატის ხეობებში მდებარე ეს ადრინდელი ქართული მხარეები. ეს არის სწორედ ის «ზემონი ქვეყანანი», რომლის შემომტკიცებასაც ცდილობდა ქართველთა სამეფო X-XI სს-ში და რომლის გამოც ქართველთა სამეფოს კონფლიქტი ჰქონდა ბიზანტიის იმპერიასთან“ (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954, გვ. 517).

იბერიის სამეფოს გაძლიერების ეპოქაში, I-II სს-ში, აღნიშნული მიწაწყალი (რომელზეც X ს-სათვის განლაგებული იყო ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს კათედრები) - დასახლებული იყო ქართული ტომებით, მართალია, შემდგომში ისინი მოექცნენ არმენიაში, შესაბამისად, იქაური მკვიდრი ქართველობა (იგულისხმება ვანის ტბიდან ტრაპეზუნტამდე მცხოვრები მოსახლეობა), განიცდიდა ეროვნულ და ენობრივ შევიწროებას და დაწყებულა კიდეც მათი არმენიზაცია, მაგრამ პ. ინგოროყვას კვლევით, მათ VII ს-მდე შეუნარჩუნებიათ ქართულენოვნება. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ, რომ ქართული მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილმა კიდევ უფრო დიდხანს შეინარჩუნა საკუთარი ეროვნება. ამას მიუითებს 1. კონსტანტინე პორფიროგენეტის ხაზგასმითი მითითებანი, რომ თეოდოსიოპოლისის (კარინის) მოსახლეობა (ქალაქი და მისი შემოგარენი) დიდ წინააღმდეგობას (თითქმის ნახევარი საუკუნე) უწევდა ბიზანტიურ ჯარებს, ქართველები კი მათ იცავდენ, არ ანებებდნენ მკვიდრი მოსახლეობის ქალაქებისა (და სოფლების) ბლოკადას, როცა ბიზანტიელები მოითხოვდნენ მათ ფაქტიურად შიმშილით ამოხოცვას და სხვა, რომელსაც სხვა ადგილასაც ვეხებით; 2. აღნიშნულ მიწა-წყალზე ქართული საეპისკოპოსოების დაარსება; 3. ამ ადგილებიდან გამოსული ქართველი ბერების მუდმივი მითითებები იმის შესახებ, რომ ისინი ეთნიკურად არიან ქართველები, რომ ისინი არ არიან სომხები (მაგალითად, გიორგი მთაწმიდელის ეპოქაში ანტიოქიის პატრიარქს მოახსენეს ქართული მონასტრის ბერების შესახებ - „არა ვუწყით ქართველნი არიან თუ სომეხნი“); 5. ქართული ტოპონიმებისა და ჰიდრონიმების ბოლო დრომდე არსებობა; 6. აღნიშნული მხარეებიდან გამოსული ქართველების დიდი ძალისხმევა, რომ სომხურიდან რედაქტირების ყოველგვარი ნაკვალევი აღმოეფხვრათ ქართული წმიდა წიგნებიდან; 7. ძლიერი ქართულენოვანი სამრევლოების არსებობა. მაგალითად, ჩვენ ვიცით, თუ რა დიდი გავლენა და წონა ჰქონდა ვალაშკერტელ ეპისკოპოს ზაქარიას, რომ ის ბიზანტიის სამეფო კარზე იცავდა ქართველთა უფლებებს იმით, რომ ცდილობდა ბიზანტია-საქართველოს მორიგებას. ვალაშკერტის ქართული მრევლი რომ არ ყოფილიყო მრავალრიცხოვანი და ძლიერი, მისი მღვდელმთავარიც არ იქნებოდა ისეთი გავლენის მქონე, როგორიც იყო ზაქარია. ანდა ანისის ქართული მრევლის სიძლიერე. ანისში ქართული მრევლი მრავალრიცხოვანი რომ იყო და მოიცავდა მოსახლეობის დაბალ ფენებსაც, ჩანს ამ ქალაქის ეკლესიის კედლის წარწერიდან. ქართლის კათალიკოსი არ ჩათვლიდა საჭიროდ უმნიშვნელო მრევლისა და მისი სამღვდელოების მორიგებას. ამასთან, მან ამ რეგიონში მრავალი სხვა ეკლესიაიც აკურთხა. მართალია, ანისი დაშორებულია ვალაშკერტს, მაგრამ აქ შეიძლება გავიხსენოთ ბერძენ-რომაელ ავტორთა ცნობები, რომ იბერიელებსა და არმენიელებს ერთ დროს არაქსი ჰყოფდათ, მაშასადამე, არაქსის მარცხენა სანაპიროზე, მათ შორის ანისში, ქართული მოსახლეობის ცხოვრება ბუნებრივად უნდა ჩაითვალოს. ალბათ ამიტომ შეიყვანა ბიზანტიამ ანისი იბერიის თემში, ხოლო მისი სამხერეთი - ლაზიკის საეკლესიო თემში.

საბჭოთა პერიოდში სხვა თვალსაზრისი ჩამოყალიბდა. თითქოსდა IXX სს-ში მოხდა ქართიზაცია - გაქართველება მთელი ამ მხარეების, კლარჯეთისა და ტაოსი, (მათი აზრით, ვალაშკერტის, ყარსისა და ანისის მოსახლეობისაც), ასევე მთელი დასავლეთ საქართველოსი (იმჟამინდელი აფხაზე- თისა) და ჰერეთ-ქვემო ქართლისა. რა ძალა უნდა ჰქონოდა არაბების საამიროს სფეროში მოქცეულ შიდა ქართლს, რომ ასეთი ქართიზაციის პროცესი განეხორციელებინა მასზე 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო დიდ მხარეებში კლარჯეთიდან - ვალაშკერტ-ვანის ტბამდე, ლიხიდან - ნიკოფსიამდე და ბოდბედან - შამახამდე მაშინ, როცა შიდა ქართლი არც კი იყო პოლიტიკური ერთეული, ხოლო აღნიშნული მხარეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. სინამდვილეში, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების წყალობით აღორძინდა იქამდე მინავლებული ეროვნულ-ქართული თვითშემეცნებისა.

3 სამხრეთის იბერია და სამხრეთის ლაზიკა

▲ზევით დაბრუნება


კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტო „ლაზიკა“ თავის იურისდიქციას ახორციელებდა შავიზღვისპირეთიდან ვიდრე ვანის ტბამდე, რადგანაც მისი უმთავრესი საეპისკოპოსო კათედრები ლერიონი, პაიპერტი (ბაიბერდი), ბიზანა, ოლნუტი, ანდაკი და სხვანი აღნიშნულ ტერიტორიაზეა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ლაზიკის ეპარქია X სსათვის მოიცავდა ჭოროხისა და ევფრატის სათავეებს ვანის ტბამდე. ჩვენი აზრით, ამ სამიტროპოლიტოს მიწა-წყლისთვის „ლაზიკის“ სახელწოდების მიცემა გამოწვეული უნდა ყოფილიყო მისი მოსახლეობის, ანუ ამ სამიტროპოლიტოს მრევლის ქართული წარმომავლობით. „ლაზიკის სამიტროპოლიტოს“ თითქმის ეთანადებოდა „იბერიის თემი“.

ბიზანტიის ადმინისტრაციული ერთეული იბერიის თემი, ანუ იბერიის საკატეპანო შეიქმნა ოდნავ მოგვიანებით, XI ს-ის დასაწყისში ტაოს მეფის დავით III კურაპალატის გარდაცვალების (1001) შემდეგ. მასში შედიოდა ჩვენთვის საინტერესო არაქს-ევფრატის აუზში მდებარე ვრცელი ტერიტორია, რომელიც ეთნიკურად არაერთგვაროვანი მოსახლეობით იყო დასახლებული. იბერიის თემში არაქს-ევფრატის სათავეების აუზის გარდა შედიოდა იმიერ ტაო, ჩრდილო ბასიანი, ოლთისი, შავშეთი, თორთომი, კოლა, არტაანი, იბერიის თემშია კონსტანტინე X მონომაქოსის დროს (1042-55) - შირაქის სამეფო, თავისი მთავარი ქალაქით ანისით. ქ. ანისი იბერიის თემის დედაქალაქად იქცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იბერიის თემის და ლაზიკის ეპარქიის ტერიტორიები თითქმის ემთხვეოდა ერთმანეთს, მაგრამ, ცხადია, ეს დამთხვევა ზუსტი არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვსის საინტერესო ჭოროხისა და ევფრატის სათავეების მომცველი ქვეყნები, ვიდრე ვანის ტბამდე, თითქმის ერთსა და იმავე დროს შედიოდა როგორც ლაზიკის ეპარქიაში, ისე იბერიის თემში. რატომ უწოდეს მას ლაზიკა და იბერია ერთდროულად? როგორც ვთქვით, ეს გამოწვევული უნდა ყოფილიყო ქართული ეთნიკური თვითშემეცნების გამოცოცხლებით აღნიშნულ რეგიონში - ანისიდან და ვალაშკერტიდან ვიდრე ანდაკამდე და კარინამდე (არზრუმამდე), ასევე ჭოროხისა და ევფრატის სათავეებში. ამ გამოცოცხლების შედეგი იყო, როგორც ითქვა, მცხეთის საპატრიარქოს ქართული საეპისკოპოსოების არსებობა ანისსა და კარში (ყარსში), ვალაშკერტსა და ბაიბერდში (პაიპერტში). იქამდე საუკუნეთა მანძილზე სომხური ეკლესიის მიერ დევნილი ქართული ენა უკვე აღარ იდევნებოდა საყოფაცხოვრებო დონეზე, ანუ ქართულენოვან გლეხებსა და აზნაურებს მეზობლები ვეღარ უკრძალავდნენ მშობლიური ენის მოხმარებას, თუმცა მალევე კონსტანტინოპოლისადმი დაქვემდებარებული კათედრები ბერძნულენოვანნი გახდნენ.

აკად. გრ. გიორგაძე მიუთითებს ქართველური ტომების უძველესი კერების არსებობის შესახებ მდ. ჭოროხისა და ზემო ევფრატის სათავეებში, ჯერ კიდევ ქრისტე შობამდე XII ს-ში, რადგანაც მისი აზრით, ასურული წყაროების მუშქაიას და დაიაენის (დიაოხის) ქვეყნები იქ - ევფრატ-ჭოროხის სათავეებთან არსებობდნენ. იქ მცხოვრებთ ბერძნული „მოსხოის“ სახელით იცნობდნენ (ვ. გოილაძე, ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო, 2002, გვ. 20)

ვ. გოილაძე წერს - ძვ.წ. XII ს-ში მუშქების პოლიტიკური გავლენა ევფრატის ზემო დინების აღმოსავლეთით (თანამედროვე მდ. მურად სუს სამხრეთით) გავრცელდა. 50 წლით ადრე მათ იქ ალზისა და ფურულუმზის ქვეყნები დაუპყრიათ. როგორც ი. დიაკონოვი წერს, ესენი იყვნენ «აღმოსავლეთის მუშქები». მათი განსახლების ძირითადი ცენტრი ზემო ევფრატთან მდ. არცანიის (მურად სუ) შესართავთან მდებარე ალზის სამეფო იყო. ასურული წყაროები, დასძენს დიაკონოვი - ალზის უწოდებდნენ აგრეთვე „მუშქთა ქვეყანას“. ი. დიაკონოვის თანახმად, ძვ.წ. X-IX სს-ში აღმოსავლეთის მუშქები უფრო ვრცელ ტერიტორიაზე, მდ. ტიგროსის ჩრდილოეთ შენაკადების სათავეში მდებარე მთებიდან ზემო ევფრატის ველის დასავლეთით მდებარე ტავრის მთებამდე უნდა ყოფილიყვნენ განსახლებულნი. გრ. გიორგაძის თანახმად, „მუშქთა ძირითადი ტერიტორია ისტორიული სამხრეთ საქართველო იყო“ (ვ. გოილაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 21).

მაშასადამე, ლაზიკის ეპარქია - ისტორიულ სამხრეთ საქართველოში ყოფილა. ჩვენ ქვემოთ კიდევ მრავალჯერ შევეხებით, რომ ლაზიკის ეპარქია მოიცავდა ისტორიული ალზის მიწებს, ხოლო თვით ამ ეპარქიის არსებობის ეპოქაში იქ მდებარეობდა „ალზნიკის“, იგივე არზანენას ოლქი, რომელიც კორდუენას (კორჩაიკის) ოლქს ესაზღვრებოდა. შეუძლებელია ეტიმოლოგიურად ერთმანეთთან არ დავაკავშიროთ „ალზ“ და „ლაზ“. ასევე „კორდუ“ და „ქართუ“. ნ. ადონცის მოსაზრებით, არმენიელების მოსვლამდე აღნიშნული მიწა-წყალი, კორდუენადან ვიდრე კავკასიის მთებამდე, ქართველებით იყო დასახლებული, შემდეგ მოსულ არმენიელებს ეს ქართული მოსახლეობა ორ ნაწილად გაუყვია - სამხრეთისა და ჩრდილოეთის ქართველებად, ხოლო მათ შუა თვით არმენიელები დასახლებულან. მართლაც, „კორდუენა“ ანუ „კორდუს ქვეყანა“ - მიგვანიშნებს ივ. ჯავახიშვილის თავდაპირველ „ქართუ“ - „კარდუ“ ქვეყანას, საიდანაც გამოსულა ყველა ქართული ტომი, მათ შორის მეგრულ-ჭანურიც. ნ. ადონცი დაბეჯითებით, რამდენჯერმე აღნიშნავს თავის ნაშრომში „არმენია იუსტინიანეს ეპოქაში“, რომ სომეხი ხალხის ჩამოყალიბების საქმეში ქართველებს მიუღიათ მონაწილეობა იმით, რომ მომხდარა ქართული ტომების ტრანსფორმირება არმენიელებად. თუ ეტიმოლოგიურად „ლაზიკა“ - „ლაზი“ დაკავშირებულია „ალზთან“, უნდა ვიფიქროთ, რომ გასაგები ხდება, თუ რატომ ეწოდა „ალზის ქვეყნის“ მომცველ ეპარქიას „ლაზიკისა“. თუმცა სხვა მოსაზრებაც შეიძლება არსებობდეს.

ნ. ადონცი კორდუენას ქვეყანას აკავშირებდა ქართველებთან და აკრიტიკებდა ერთ-ერთი მეცნიერის შეხედულებას, რომელიც კორდუენას ქურთებთან აკავშირებდა. ეს მოსაზრება განხილულია შესაბამის ადგილას. ისტორიულ კორდუენადან თეოდოსიოპოლისამდე ოდესღაც ქართველთა საცხოვრისი ყოფილა, მათი ნაშთი კიდევ მძლავრად არსებობდა IX-X სს-ში და ქვეყანასაც ივერაის (იბერიას) უწოდებდნენ, ხოლო თეოდოსიოპოლისიდან ტრაპეზუნტამდე ქალდეას ქვეყანა, ანუ სამხრეთის ლაზიკა (ეგრი) მდებარეობდა, ჩრდილოეთის ეგრისი კი დასავლეთ საქართველო იყო.

4 მიწა-წყალი ლაზიკის ეპარქიისა

▲ზევით დაბრუნება


(დამატება)

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტო ლაზიკეში, როგორც გაირკვა, მდებარეობდა მიწა-წყალზე ტრაპეზუნტიდან თითქმის ვანის ტბამდე, რადგანაც აქ მდებარეობდნენ მისი კათედრები ანდაკისა, ოლნუტისა, ხორძენასი, ბიზანასი, პაიპერტისა (ბაიბერდისა), ლერიონისა და სხვა. როგორც თვით სამიტროპოლიტოს სახელი „ლაზიკა“ უჩვენებს, კონსტანტინოპოლს მიაჩნდა, რომ აღნიშნული მიწაწყალი ეთნიკური ქართველებით იყო დასახლებული. რამდენად შესაძლებელია, რომ ტრაპეზუნტიდან ვიდრე ვანის ტბამდე არეალი ქართველთა საცხოვრისი ყოფილიყო? პ. ინგოროყვას მიაჩნდა, რომ „საქართველოს ინტერესები ამ მხარეთა მიმართ იმით იყო გამოწვეული, რომ „აღმოსავლეთის“ ეს ტერიტორიები („ზემონი ქვეყანანი“), მდებარე ევფრატისა და არაქსის ხეობათა ზემო ნაწილებში (კარინი-თეოპოლისის მხარე, ბასიანი და მიმდგომი თემები), ანტიკურ ხანაში საქართველოსთან იყვნენ დაკავშირებულნი, ქართული ტომებით იყნენ დასახლებულნი, ქართველი სახელმწიფო მოღვაწეები მიზნად ისახავდნენ საქართველოს ძველი ისტორიული ტერიტორიების გაერთიანებას ქართველთა სამეფოს ფარგლებში“ (პ. ინგოროყვა, გ. მერჩულე, 1954, გვ. 65).

„აღმოსავლეთის ქვეყნებზე“, ანუ ტერიტორიებზე - თეოდოსიოპოლისიდან (არზრუმიდან) ვანის ტბამდე, ბიზანტია რომ აღიარებდა ქართველთა უფლებებს, მიუთითებს ის ხელშეკრულებები, რომელიც იდებოდა ბიზანტიასა და საქართველოს შორის, რომლის მიხედ ვითაც იბერიელებს შეეძლოთ არაბების მიერ დაჭერილი თეოდოსიოპოლისის და „აღმოსავლეთის“ ყველა იმ ქალაქების დაჭერა, რომელთაც გაათავისუფლებდნენ (იქვე, გვ. 65).

მალე ქართულმა ლაშქარმა დიდ წარმატებას მიაღწია, რადგანაც თვით კონსტანტინე პორფიროგენეტის სიტყვით, აღნიშნული მიწა-წყლის ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობა ქართულ ლაშქარს ყოველმხრივ ეხმარებოდა, ხოლო ეს მოსახლეობა დიდ წინააღმდეგობას უწევდა ბიზანტიურ ჯარს. საბოლოოდ, ბიზანტიამ დაადგინა საზღვარი საქართველოსთან კონსტანტინე პორფიროგენეტის ეპოქაში (X ს-ის შუა წლებში). ის გადიოდა მდ. არაქსზე. იმპერატორი თვითონვე წერს - „საზღვრად ბასიანის (ფასიანის) მხარეში დადგენილია მდინარე არაქსი ანუ ფასისი; იბერიელების სამფლობელოდ რჩება მარცხენა (ჩრდილოეთი) ნაწილი, რომელიც აკრავს იბერიას, ხოლო მარჯვენა ნაწილი (სამხრეთი), რომელიც აკრავს თეოდოსიოპოლისს, თავისი ციხეებითა და სოფლებით უერთდება ჩვენს საბრძანებელს (ბიზანტიას). ასე რომ, მდინარე დადგენილია საზღვრად ამ ორ სამფლობელოს შორის“ (იქვე, გვ. 66). მაგრამ ქართული მხარე ამით არ დაკმაყოფილდა და ეძებდა საშუალებას, რათა ვანის ტბის მიმდებარე ქვეყნებიც გაეთავისუფლებინა. ეს მიმართულება საოცნებო და სანეტარო იყო ქართველებისათვის, რადგანაც იქაურ მკვიდრ მოსახლეობას გაუმძაფრდა ეროვნული თვითშემეცნება, მათ უკვე ეძლეოდათ საშუალება დაუფარავად განეცხადებინათ, რომ ეთნიკურად და ეროვნულად ქართველები იყვნენ. ამიტომაც, ქართულ ლაშქარსა და ქართულ სახელმწიფოს აქ ყველა გზა ეხსნებოდა მკვიდრი მოსახლეობის მხარდაჭერის გამო. ბიზანტიამაც გადაწყვიტა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ეს მხარეები გადაეცა საქართველოსათვის. კერძოდ, კი გადასცა დავით დიდ კურაპალატს - ქართველთა მეფეს. „სახელდობრ, საქართველოს X ს-ის ბოლოს შემოუერთდა შემდეგი პროვინციები: 1. თვით თეოდოსიოპოლი ანუ კარინი (თანამედროვე არზრუმი), თავისი თემით, რომელიც დასავლეთ ევფრატის ხეობაში მდებარეობს; 2. ციხე ხალტოი-არიჭი და მასთან მდებარე კლისურა ამავე დასავლეთ ევფრატის ხეობაში; 3. ჩორმაირის თემი - მდინარე ჭოროხის სათავეებთან; 4. სამხრეთ ბასიანის თემი მდინარე არაქსის ხეობაში; 5. ციხე სევუკი თავისი თემით (მარდალიის კანტონი) მდინარე არაქსის სათავეებთან; 6. ჰარქისა და 7. აპაჰუნის პროვნციები აღმოსავლეთ ევფრატის (არაწანის) ხეობაში (იხ. ასოღიკი, 1883, გვ. 192)“.

978-990 წლებში, ჩანს, იმის გამო, რომ ვალაშკერტისა და ბაგრევანდის ვინაობაგამოღვიძებულმა ქართველობამ მიიპატიჟა, საქართველომ შემოიერთა აღმოსავლეთ ევფრატის ხეობის მიწები.

990 წელს ამავე ხეობაში ქართველებმა აიღეს ქალაქი მანასკერტი და აქედან მუსულმანები განდევნეს, ქალაქი არა მარტო სომხებით, არამედ, ადგილობრივი ქართველებითაც დაუსახლებიათ. ტაოდან, კლარჯეთიდან და, მით უმეტეს, შიდა ქართლიდან ისეთ დაშორებულ ვანის ტბასთან მდებარე ქალაქში ქართველებს ვერ ჩამოასახლებდენენ, ამიტომაც ასოღიკის ცნობა, რომ ქართველთა სამეფომ ქალაქი მანასკერტი ქართველებით დაასახლა, უნდა მიანიშნებდეს მიმდებარე პროვინციებში მკვიდრი ქართველების მოსახლეობის შესახებ, თუმცა იქვე, ვალაშკერტის ქართული საეპისკოპოსოს არსებობა ამ ფაქტს ადასტურებს, მით უმეტეს, რომ ეს საეპისკოპოსო მრავალი საუკუნე არსებობდა, რაც მიუთითებს, რომ მისი მრევლი მახლობელ ქალაქებსა და სოფლებშიც ცხოვრობდა.

„X ს-ის 90-იან წლებში ქართველთა სამეფოს საზღვრებმა ვანის ტბამდე მიაღწია. 997 წელს ქართველებმა ალყა შემოარტყეს ვანის ტბის ნაპირას მდებარე მნიშვნელოვან ქალაქ ხლათს, 998 წელს ქართველებმა უკუაქციეს მუსულმანთა დიდი კოალიცია და ქართველთა სამეფოს საზღვარი მიიტანეს ქალაქ არჭეშის სანახებამდე (ვანის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირომდე) (იქვე, გვ. 68).

ქართულმა ჯარმა X ს-ში გმირულად გაათავისუფლა დამპყრობლებისაგან ეროვნული ტერიტორიები ვანის ტბამდე, მაგრამ ეს მოუთმენელი აღმოჩნდა ბიზანტიისათვის. მალე, მეფე გიორგი I-ის დროს, მან არაბებისაგან გათავისუფლებული აღნიშნული მიწაწყალი საქართველოს ჩამოართვა და თავის იმპერიაში შეიყვანა, რამაც ასახვა ჰპოვა საეკლესიო იურისდიქციაშიც, კერძოდ, როგორც აღინიშნა, ამ მიწა-წყალზე დაარსებული იქნა კონსტანტინოპოლის ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს კათედრები (ვიდრე თითქმის ვანის ტბამდე). კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რომ აღიარა ამ მიწაწყლის მრევლის ეთნიკური ქართველობა, იქიდან ჩანს, რომ მან ამ ეპარქიას უწოდა „ლაზიკა“, ანუ „ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტო ლაზიკაში“.

საბოლოოდ უნდა ვთქვათ, რომ სახელწოდება „ლაზიკა“ მიუთითებს აღნიშნული რეგიონის მრევლის ქართველობის შესახებ.

5 ორი იურისდიქცია ვანის ტბამდე

▲ზევით დაბრუნება


ბერძნული წყაროების თანახმად, VI ს-ის დასაწყისიდან დასავლეთ საქართველო იყო სპარსეთის ხელში. ჩვენს მიერ გარკვეულია, რომ სპარსეთის მეფე ხოსროს დასავლეთ საქართველოში არ ულაშქრია. ის პეტრას მიადგა არა ლიხის ქედის მხრიდან, არამედ არტაანი-არტანუჯის გზით, თეოდოსიოპოლის-დვინის მხრიდან. იგი მიადგა არსიანის ქედს, რომელიც გადალახა არტანუჯის გზით და შემდგომ ჭოროხის გაყოლებით მიადგა პეტრას. ეს გზა უმოკლესია იმ მიმართულებით, სადაც იდგა პეტრას ომის წინ სპარსეთის ლაშქარი. (იდგა ქ. დვინთან). ჯარისთვის არა მხოლოდ უსარგებლო იქნებოდა შორი ლიხის ქედის და მთელი დასავლეთ საქართველოს გავლით შესულიყო პეტრაში, არამედ არარაციონალურიც. ამას ვერც აიტანდა სპარსული ლაშქარი, თუნდაც დასავლეთ საქართველოს ჭაობების ციებ-ცხელების გამო. ცნობილია, რომ ქვეყანა პეტრასთან, რომელიც სპარსულმა ლაშქარმა გაიარა, ლაზიკად იწოდებოდა. პროკოფი კესარიელის დაბეჯითებული ცნობებით, ეს იყო კლდოვანი მხარე, როგორიცაა, მართლაც, არტაან-არტანუჯ-ჭოროხის ის მხარეები, სადაც გაიარა, ჩვენი აზრით, ხოსრომ და სწორედ ეს მხარე იწოდებოდა ლაზიკად სამხრეთით მიმდებარე (ხუფათ რიზე) მხარესთან ერთად. ნ. ადონცისა და პ. ინგოროყვას კვლევითაც, აღნიშნული მხარე (ე.ი. კლარჯეთი და ე.წ. „ბოლო კლარჯეთისა ზღვისპირი“) ლაზიკას ეკუთვნოდა.

V ს-ში ვახტანგ გორგასალმა აღნიშნული არტანუჯ-არტაანის გზით ისარგებლა, X ს-ში კი არტანუჯი ამ გზის წყალობით, რომელიც შავიზღვისპირეთს აერთებდა არმენიასთან და იბერიასთან - კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, დიდ ქალაქად იქცა. ვახტანგ გორგასალის დროს საზღვარი ბიზანტიასა და საქართველოს შორის, ხუფათზე იდო (ხოფთან), რადგანაც „ბოლო კლარჯეთისა ზღვისპირი“ საქართველოში შემოდიოდა. საქართველოს მეორე ჩრდილოეთის საზღვარი კი იდო მდინარე კლისურაზე (ცხუმთან). VI ს-ში, როცა სპარსეთმა იბერია დაიპყრო, მთელი იბერია მის ხელში აღმოჩნდა აღნიშნულ საზღვრებამდე. იუსტინიანეს მეფობის დასაწყისში ბიზანტიის საზღვარი, ნ. ადონცის ცნობით, გადიოდა რიზეს ახლოს. იუსტინიანეს დასჭირდა ომი და ძალისხმევა, რათა ბიზანტიის საზღვარი გადაეტანა ჭოროხის შესართავამდე, სადაც მან პეტრას ციხე ააგო.

ყოველივე აღნიშნული გვესაჭიროება ლაზიკის ადგილმდებარეობის განსაზღვრისათვის. იქამდე, ანუ იუსტინიანეს მეფობის დასაწყისში, როცა იმპერიის საზღვარი რიზე იყო, ლაზიკა ერქვა ტერიტორიას ტრაპეზუნტის მაღლა - ზიგანადან რიზემდე. ეს იყო ძველი ლაზიკა. მაგრამ იუსტინიანეს დროს გაჩნდა ახალი ლაზიკა. ეს იყო რიზედან ჭოროხამდე მოქცეული ახლადდაპყრობილი ტერიტორია კლარჯეთის ჩათვლით. ერთი სიტყვით, ლაზიკა დაერქვა ახალ მიწებსაც პეტრას ციხის სამხრეთით. ეს ჩანს იუსტინიანეს ნოველიდანაც, სადაც ის ლაზიკისა და ჭანეთის შესახებ ამბობს. სწორი იყო ნ. ადონცი, რომ „ლაზიკეში“ ფაზისის მიტროპოლიტის საეპისკოპოსოები - როდოპოლისის, საისინისა, პეტრასი და ზიგანასი მდებარეობდნენ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ტრაპეზუნტის მთიანეთში, ცნობილ ქალაქ ზიგანას რეგიონში. ამ ქვეყანას ერქვა კიდეც იმჟამად ლაზიკა, ე.ი. მხარეს ზიგანას ჩათვლით რიზეს გასწვრივ. ხოლო მას შემდეგ, რაც იუსტინიანემ რიზეს ჩრდილოეთი ვიდრე ჭოროხამდე მიუერთა თავის იმპერიას - ამ ახალ მიწებსაც „ლაზიკის“ სახელი მიეკუთვნა (ეს მიტაცება მიწისა სპარსეთმა თავის წინააღმდეგ მიმართულ საქმედ მიიჩნია, რადგანაც იბერიის პოლიტიკური მემკვიდრეობა დასაკუთრებული ჰქონდა. იბერიის საზღვარი კი ბიზანტიასთან, როგორც აღინიშნა, ხუფათთან (ხოფთან) გადიოდა. მისი გადალახვა სპარსეთის საწინააღმდეგო ქმედება იყო. არაბების შემოსევის შემდეგ ბიზანტიამ დაკარგა ტერიტორიები ე.წ. „მაღალ არმენიასა“ და, საერთოდ, „დიდ არმენიაში“. დასავლეთ არმენიაში გაერთიანებული იყო ძველი ქართული მიწები. არაბებისაგან გათავისუფლების შემდეგ, ვრცელი მიწა-წყალი ტრაპეზუნტიდან ვანის ტბამდე, ეკლესიური თვალსაზრისით „ლაზიკად“ იწოდა, რაც იქიდან ჩანს, რომ მიტროპოლიტი „ტრაპეზუნტისა ლაზიკაში“ თავისი კათედრებით ამ ვრცელ ტერიტორიაზე იყო განფენილი (ტრაპეზუნტიდან თითქმის ვანის ტბამდე). მაშასადამე, ეკლესიური თვალსაზრისით, კონსტანტინოპოლი ლაზიკას უწოდებდა ვრცელ ტერიტორიას ჭოროხის შესართავიდან ტრაპეზუნტამდე და ტრაპეზუნტიდან ვანის ტბამდე. ამ ერთგვარი რკალის შიგნით მოქცეული იყო საქართველოს საპატრიარქოს საეპისკოპოსოები. მაშასადამე, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჭოროხის შესართავიდან ტრაპეზუნტამდე და ტრაპეზუნტიდან ვანის ტბამდე, ხორციელდებოდა ორი მართლმადიდებლური იურისდიქცია - კონსტანტინოპოლისა და მცხეთისა, ანტიოქიასაც, როგორც მიიჩნევა, აქ რამდენიმე ეკლესია ეკუთვნოდა.

ლაზიკა - ე.წ „სომხეთში“

პ. ინგოროყვასა და მ. ჩხარტიშვილს განხილული აქვთ ის არეალი, სადაც იქადაგეს წმიდა გრიგოლ განმანათლებელმა და წმიდა ნინომ. კერძოდ, გრიგოლის ცხოვრებაში მოხაზულია არეალი, სადაც იქადაგა წმიდა გრიგოლმა ტაოდან - კასპიის კარამდე, ასევე, მოვსეს ხორენაცის მიერ მოხაზულია წმიდა ნინოს ქადაგების არეალი - კლარჯეთიდან მასქუთებამდე, ანუ კასპიის კარამდე. ეს ორი არეალი ერთმანეთს არ კვეთს, თუმცა ერთმანეთს უშუალოდ ემიჯნებიან. კერძოდ, განსაზღვრულია წმიდა ნინოს სამწყსო. ესაა კლარჯეთის ჩრდილოეთით, უფრო ზუსტად, იმ ხაზის ჩრდილოეთით მოქცეული მხარე, რომელიც იქმნება კლარჯეთისა და მასქუთეთის შეერთებით, მის სამხრეთით მდებარე არეალი, ანუ ტაოდან იგივე მასქუთეთამდე, ანუ კასპიის კარამდე - გრიგოლის არეალია. ასე რომ, განსაზღვრული იყო სამწყსო ქართული ეკლესიისა. ამჟამად, ჩვენთვის საინტერესოა, რომ კლარჯეთის ჩრდილოეთით მდებარე მხარე, დასავლეთ საქართველო, ვისი მოქმედების არეალშია, წმიდა ნინოსი თუ წმიდა გრიგოლისა. ამ სქემის მიხედვით დასავლეთ საქართველო არ შეიძლება იყოს წმიდა გრიგოლის მოქმედების არეალში, რადგან ის მდებარეობს კლარჯეთის ჩრდილოეთით (ჩრდილო-დასავლეთით), ე.ი. ის წმიდა ნინოს არეალია. ცნობილია, რომ წმიდა გრიგოლის ცხოვრების მიხედვით - წმიდა გრიგოლმა ლაზეთში გააგზავნა თავისი ესპიკოპოსი, აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ლაზეთი არის არა დასავლეთ საქართველო, არამედ კლარჯეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მხარე, ანუ ჭანიკა-ტრაპეზუნტის რეგიონი, მართლაც, სომხური წყაროების ეგრის ქვეყანა მდებარეობდა არა დასავლეთ საქართველოში, არამედ მოიცავდა ტრაპეზუნტის მხარეებს. იმავე წყაროებით ეგრი, ჭანივი, მანრილი და ლაზივი - თეოდოსიოპოლის-ტრაპეზუნტს შუა მდებარეობდა და არა დასავლეთ საქართველოში. არაბებისა და სომხური საეკლესიო უღლისაგან გათავისუფლების შემდეგ, ტრაპეზუნტიდან ვანის ტბამდე განივრცო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შემავალი ლაზიკის სამიტროპოლიტო, რომლის მრევლი იყვნენ ეთნიკური ქართველები და არა ე.წ. სომეხი ქალკედონიტები. შესაბამისად, ლაზიკის საეპისკოპოსოები სომეხი ქალკედონიტები, არამედ ქართველთა სამღვდელთმთავრო კათედრები.

11.11.08.

0x01 graphic