The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ეკლესია - საქართველოს კუთხეთა მაკავშირებელი დუღაბი


ეკლესია - საქართველოს კუთხეთა მაკავშირებელი დუღაბი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ანანია [ჯაფარიძე] (მიტროპოლიტი)
საავტორო უფლებები: © მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 საქართველოს საპატრიარქოსა და ადენაუერის ფონდის ერთობლივი კონფერენცია - „საქართველოში არსებული კონფლიქტები და მშვიდობის პერსპექტივები“

▲ზევით დაბრუნება


მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

წმიდა ილია მართლის თქმით - ჩამოყალიბებისთანავე საქართველოს წმიდა ეკლესიაწარმოადგენდა მთელი ქვეყნის მოსახლეობის მაკონსოლიდირებელ ძალას, არ იყო ჩაკეტილი ვიწრო ეთნიკურ ჩარჩოებში, არამედ წარმოადგენდა ქვეყნის სხვადასხვა წარმოშობის მოქალაქეთა ეკლესიას, მისთვის როგორც წმიდა წერილი მოითხოვდა არ იყო ელინი თუ იუდეველი, ქართველი და არაქართველი, თუმცა კი მისი მრევლი საქართველოს შვილები იყვნენ, ერთი ქვეყნისა და ერთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონენი. თვით წმიდა ნინო, დამფუძნებელი საქართველოს ეკლესიის, კაპადოკიიდან იყო ჩამოსული, საქართველოს ეკლესიის წმინდანი - პირველმოწამე რაჟდენი - სპარსელი, წმიდა ევსტათი მცხეთელი, ასევე სპარსელი იყო, მონოფიზიტობასთან მებრძოლნი წმიდა 12 მამა - ასურელები (სირიელები) იყვნენ, ნეოფიტე ურბნელი ეპისკოპოსი - არაბი, ასევე არაბი იყო სახელოვანი წმინდანი აბო თბილელი, სომეხი იყო წმიდა შუშანიკ დედოფალი და სხვა მრავალნი, აღნიშნული სიიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს ეკლესია აერთიანებდა ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად. თუმცა კი საქართველოს ეკლესია ერთიან კულტურულ სივრცეს ქმნიდა ერთი ქართული ერთიანი შემეცნებით. საქართველოს ეკლესია ადუღაბებდა ქვეყნის კუთხეებსა და სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ჯგუფებს.

საქართველოს ერთიანი ქრისტიანული კულტურის მთავარი ბერკეტი იყო ქართული ენა. იმთავითვე ქართული ენა და მასზე დაფუძნებული ქართული ქრისტიანული კულტურა მოიცავდა სრულიად საქართველოს, მის ყველა კუთხეს. ღვთისმსახურება, ყოველი საეკლესიო წესი მთასა თუ ბარში შავი ზღვიდან სომხეთამდე და ალბანეთამდე მხოლოდ ქართულენოვანი იყო. ყოველ კუთხეში ქართული ენა და ქართული კულტურა დომინირებდა. ძველი საქართველო ამით განსხვავდებოდა XX საუკუნის საქართველოსაგან.

ცხადია ძირითადი მრეველი საქართველოს ეკლესიისა, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ქართველები იყვნენ, მაგრამ აღნიშნული სიიდან ჩანს, რომ მისი მრევლი იყო საქართველოში მცხოვრები სპარსელები, არაბები, ასირიელები, სომხები და სხვები. ღა ხერხებით, რა საშუალებებით აერთიანებდა საქართველოს ეკლესია მის ასეთი სიჭრელის მრევლს? - როგორც ითქვა ეს იყო ქართული ენა და ქართული კულტურა. ქართული ენა - საქართველოს მოსახლეობის ინტეგრაციის უმთავრესი იარაღი - ძველი მამების ცნობით, თვით უფლის მიერ იყო დაცული. მაგალითად, ასურელ მამათა ცხოვრებაში აღწერილია ასეთი ამბავი: ეუწყათ, რომ საქართველოში უნდა ექადაგათ, მათ მაშინვე განაცხადეს რომ არ იცოდნენ ქართული ენა, საქართველოს სახელი ზოგიერთს არც კი გაეგონა, მაგრამ წამოსვლის წინ სულიწმინდის მიერ „წამისყოფით“ მიენიჭათ ქართული ენის ცოდნა, მსგავსად იმისა როგორც წმიდა მოციქულებს სულთმოფენობისას მიეცათ სხვადასხვა ენების ცოდნა. მართლაც ჩამოსვლისთანავე ასურელი მამები ქართული ენით ქადაგებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მოაქციეს მრავალი ადამიანი. ქართულ ენას და კულტურას განსაკუთრებული რუდუნებით უვლიდნენ სხვადასხვა კუთხიდან გამოსული წმიდა მამები. მაგალითად, წარმოშობით კახეთიდან იყო წმიდა ილარიონ ქართველი, რომელიც საბერძნეთში ქართული ენით ადიდებდა უფალს, ამის გამო მას ერთი მონასტრის წინამძღვარმა აუკრძალა ღვთისმსახურება, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ამ ბერძენ მამას და ქართულ ენას „ცხონების ენა“ უწოდა.

ასევე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა საბერძნეთის ერთერთ მონასტერში მომაკვდავ, წარმოშობით ტაოელ - ექვთიმე მთაწმინდელს და შეასწავლა ქართული ენა, ის იქამდე მხოლოდ ბერძნულად ლაპარაკობდა.

აფხაზეთში, სამეგრელოში, სვანეთში, კახეთში, მესხეთში, არგვეთში, თაკვერში, გურიაში, აჭარაში, თიანეთში და სხვა კუთხეებში მუდამ მხოლოდდამხოლოდ ქართული ენით ადიდებდნენ უფალს. არც ერთ კუთხეში არ არსებობდა რეგიონალური კუთხური კულტურები - სრულიად საქართველოში იყო მხოლოდ ერთი ქართული კულტურა, ერთი ქართული ენა.

ქართული ენა ქრისტიანობის პროდუქტი არ ყოფილა, ივანე ჯავახიშვილს გარკვეული აქვს, რომ ჯერ კიდევ წარმართობის დროს ყველა კუთხეში, მათ შორის სამეგრელოსა და სვანეთში ქართული ენა იყო წარმართული ღვთისმსახურების ენა. მაშასადამე არა ე.წ. ქართიზაციის შედეგად გავრცელდა საქართველოს კუთხეებში ქართული ენა, არამედ გაქრისტიანებამდე დიდი ხნით ადრე - წარმართობის დროს წარმართობის ენა ქართული იყო, რომ არსებობდა საერთო ქართული წარმართული რელიგია - მაშასადამე გაქრისტიანებამდეც ქართულ ტომებს კულტურა და ენა აერთიანებდა.

წმიდა ნინოს ეპოქიდან ვიდრე კავკასიაში რუსების გამოჩენამდე, ე.ი. უძველესი ხანიდან XIX საუკუნემდე, როგორც ითქვა ქართული ენა და კულტურა აერთიანებდა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხებს. ქართული ენა, როგორც წესი იცოდა საქართველოს ყველა მცხოვრებმა, ქართული ენის საუკეთესო მცოდნენი იყვნენ თბილისელი და არათბილისელი სომხები, მთიელი ტომები, მუსულმანებიც კი. უფრო მეტიც, ქართული ენა ერთაშორისი ურთიერთობისათვის გამოიყენებოდა კავკასიელი ტომების მიერ. არაა შემთხვევითი, რომ ქართული ლაპიდარული (ქვაზე შესრულებული) თუ სხვა სახის წარწერებითაა მოფენილი კავკასიის მთიანი რეგიონები დაღესტანსა, ჩეჩნეთ-ინგუშეთსა და ჩრდილო ოსეთში უამრავი ქართული წარწერაა აღმოჩენილი, არას ვიტყვით საქართველოს ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა აფხაზეთი თუ შიდა ქართლი, რომელნიც თვითონ წარმოადგენდნენ კერებს ქართული კულტურისა, არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერებისას, არამედ მისი დაშლა-დანაწევრების დროსაც. მაგალითად, თბილისში არაბთა ოთხასწლოვანი ბატონობისას VIII-XI საუკუნეებში, აფხაზეთი და ტაოკლარჯეთი წარმოადგენდა ქართველთა ეროვნულ კონსოლიდაციის კერებს, ბუდეს ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრივი ძლიერებისა. ასევე შემდგომშიც, მაგალითად, XVII საუკუნეში, როცა აღმოსავლეთ საქართველო სპარსეთმა დაიპყრო, ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის კერის ფუნქცია თავისთავზე აიღო სამეგრელომ, ლევან II დადიანის დროს. ასევე იყო საქართველოს სხვა კუთხეები. არასდროს არცერთ კუთხეში არ წარმოქმნილა ადგილობრივი, ლოკალური ხასიათის კულტურა, ყოველი რეგიონის კულტურა იყო საერთო ქართული კულტურის ნაწილი.

ამ მხრივ, საქართველოს თანამედროვე ვითარება სავსებით განსხვავდება ძველქართულისაგან. ამჟამად, რუსების ორასწლოვანი ბატონობის შედეგად, საქართველოშივე ერთაშორისი ურთიერთობის ენა არის არა ქართული, არამედ რუსული. იგივე ითქმის კულტურის მიმართაც, თუ ძველ საქართველოში ქართული კულტურა აერთიანებდა სხვადასხვა კუთხეებს, ამჟამად რუსული კულტურა აერთიანებს საქართველოში არსებულ სხვადასხვა ეთნოსების კულტურებს (იგულისხმება, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, სომხები, თვით ქართველები, ოსები თუ აფხაზები ერთმანეთთან ძირითადად ურთიერთობენ რუსული ენით, ასევე რუსული კულტურული სივრცე მათთვის ნაცნობი არის, საერთო და გასაგები). მაშასადამე რუსულმა ენამ და კულტურამ, არა მხოლოდ შეზღუდა საქართველოში ქართული ენა და კულტურა, არამედ ჩაანაცვლა ის და დაიჭირა მისი ადგილი.

რუსულმა ენამ ჩამოართვა ქართულ ენას ფუნქცია ხალხთა გამაერთიანებლისა, რადგანაც კულტურა მოქალაქეთა მთლიანობის უმთავრესი ნიშანი და ერთობის საფუძველია.

მაშასადამე, როგორც აღინიშნა უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე, ქართველი ერის შიდა კონსოლიდაციის ძლიერი იარაღი იყო ქართული ენა და კულტურა, ის ასევე წარმოადგენდა საშუალებას საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციისა ერთიან ქართულ სივრცეში.

ქრისტიანული ქართული კულტურის მთლიანობა ისტორიული ფაქტია, ისმის კითხვა რა გზებით, რა საშუალებით გახდა ეს მიღწევა შესაძლებელი? როგორ მოიცვა ერთიანმა ქართულმა კულტურამ საქართველოს ერთმანეთისგან პოლიტიკურად დაშორებული რეგიონები? არსებობს ამ კითხვის ორი პასუხი: პირველის მიხედვით, მოციქულების ეპოქაში, ასევე წმიდა მეფის მირიანისა და წმიდა ნინოს ხანაში, საქართველოს, ანუ ქართლის სახელმწიფო მოიცავდა მთელ თანამედროვე საქართველოს ტერიტორიას, რომელზეც იქამდე, წარმართულ ეპოქაშივე, განვრცობილი იყო ერთიანი ქართული კულტურა, ანუ საქართველოს რეგიონები საქართველოს ეკლესიის დაარსებისას უკვე გაერთიანებული იყვნენ ერთი ენითა და კულტურით. მართლაც, ლეონტი მროველი ეპისკოპოსის ცნობით, საქართველოში ქრისტეშობამდე 300 წლით ადრე „არა იზრახებოდა სხვა ენა თვინიერ ქართულისა“. მეფე მირიანი, „ქართლის ცხოვრებისა“ და „მოქცევაი ქართლისაის“ ცნობით ერთიანი საქართველოს მეფე იყო (ეგრისწყლიდან ალბანეთამდე), წმიდა ნინო კი რუისურბნისის საეკლესიო კრების ცნობით „ყოველთა ქართველთა“ განმანათლებელი, ანუ დაარსებისთანავე წმიდა ნინოს ხანიდანვე საქართველოს ეკლესია მოიცავდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს. შესაბამისად ქართული ენა და კულტურა მოიცავდა სრულიად საქართველოს უძველესი ხანიდანვე. ეს თვალსაზრისი დაცული იყო საეკლესიო წრეებში XIX საუკუნემდე. სულ სხვა თვალსაზრისი ჩამოყალიბდა რუსების ბატონობის დროს. ე.წ. «ქართიზაციის» თეორიის თანახმად, თითქოსდა, დასავლეთ საქართველო 600 წლის მანძილზე კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში იმყოფებოდა, შემდეგ IX-X საუკუნეებში ქართული ეკლესია შეიჭრა უცხო იურისდიქციაში და გააუქმა დასავლეთ საქართველოში ბერძნული საეპისკოპოსოები და მის ნაცვლად დააარსა ქართული, რასაც შემდეგ მოჰყვა ქართული ენისა და კულტურის დასავლეთ საქართველოში განვრცობა, ანუ მოსახლეობის „ქართიზაცია“. ასევე, თურმე, „ქართიზებული“ ტომები არიან აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები და ჰერ-ალბანელებიც კი. „ქართიზაციის თეორია“ შეიძლება ითქვას გაგრძელებაა XIX საუკუნის რუსული იმპერიული პოლიტიკისა, რომელსაც სურდა როგორმე საქართველოს რეგიონები ჩამოეშორებინა ერთიანი ქართული კულტურის სფეროსაგან. ამას კი ახერხებდა იმით, რომ აყალიბებდა იქამდე უცხო რეგიონალურ კულტურებს.

ისტორიოგრაფია საბჭოთა მთავრობის მიერ გამოიყენებოდა ვითარცა იდეოლოგიური იარაღი. „ქართიზაციის თეორია“ ასევე წარმოადგენდა იარაღს საქართველოს კუთხეებად დაშლა-დანაწევრებისათვის.

კერძოდ, თუკი ძველი ქართული ისტორიოგრაფია ამტკიცებდა, რომ ერთიანი საქართველოს სახელმწიფო ჩამოყალიბდა ქრისტესშობამდე ასწლეულებით ადრე მეფე ფარნავაზის დროს, საბჭოთა ისტორიოგრაფია ამტკიცებდა, რომ ეს ასე არ იყო და ერთიანი საქართველოს სახელმწიფო მხოლოდ XI საუკუნეში ჩამოყალიბდა ბაგრატ III-ის დროს. თუკი ძველი ისტორიოგრაფია ამტკიცებდა, რომ წმიდა ნინო და ანდრია პირველწოდებული იყვნენ სრულიად საქართველოს მოსახლეობის გამაქრისტიანებლები, ახალი ქართული ისტორიოგრაფია ამტკიცებდა, რომ წმიდა ნინო მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს, ანდრეა კი დასავლეთ საქართველოს განმანათლებელი იყო. ძველი ქართული ისტორიოგრაფია ამტკიცებდა, რომ ქართული ენა და ქართული კულტურა სრულიად საქართველოს მოიცავდა მეფე ფარანავაზის დროიდანვე. ახალი ამტკიცებდა, რომ ქართული ენა დასავლეთ საქართველოში გავრცელდა მხოლოდ IX-X საუკუნეებში და ა.შ.

საბჭოთა წლებში ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რათა აფხაზეთი, სამეგრელო, სვანეთი როგორმე ჩამოეშორებინათ საქართველოსაგან. შეიქმნა მძლავრი ისტორიოგრაფიული ბაზა სამტკიცებლად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში არსებობდა ადიღე-ჩერქეზული, კოლხური და შემდეგ ლაზური სახელმწიფოები თავისი საკუთარი ენითა და კულტურით, მაშინ როცა წყაროები მიუთითებს იმის შესახებ, რომ კოლხური კულტურა იყო არა ვიწრო კუთხური მოვლენა - არამედ ზოგადქართული. კოლხეთის ენა გ. მელიქიშვილისა და სხვა გამოჩენილი ისტორიკოსების მტკიცებით იყო ფუძე ქართულთან ახლოს მდგომი ჯერ კიდევ დაუყოფელი ერთიანი ე.წ. ზანურ-ქართული ენა, რომ კოლხური კულტურა მოიცავდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსთან ერთად მთელ თანამედროვე საქართველოს, რომ კოლხური სახელმწიფოებრიობის წიაღში ჩამოყალიბდა ძველი ქართული ფარნავაზის ქართლის სახელმწიფო (იხ. ა. ჯაფარიძე, ქართველთა წინაპრების ისტორია).

ზანურ-ქართული ენობრივი მთლიანობა ჯერ კიდევ არსებობდა მოციქულების ეპოქაში, რადგანაც თ. გამყრელიძისა და გ. მაჭავარიანის მტკიცებით ამ ენამ დიფერენციაცია დაიწყო „ახალი წელთააღრიცხვის მიჯნაზე“.

სამწუხაროდ, ახლახან, 2007 წელს, გამოცემული „პრავასლავნაია ენციკლოპედია“-ს მე-13 ტომში ერთადერთ ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებადაა გამოცხადებული მეორე თვალსაზრისი, რომ დასავლეთ საქართველო IX-X სს-ში ბერძნული ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფებოდა, შესაბამისად უარყოფილია ძველი ქართული საეკლესიო თვალსაზრისი. აღნიშნული ენციკლოპედიის მე-13 ტომში წმიდა ნინო მხოლოდ ქართლის, ავტორის სიტყვით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს განმანათლებლადაა წარმოდგენილი და ისეა მიწოდებული მკითხველისადმი, თითქოსდა ის ერთადერთი თვალსაზრისი იყოს, მაშინ როცა ივანე ჯავახიშვილის სიტყვით: „ქართველებს იმთავითვე წმიდა ნინო ერთიანი ქვეყნის, ერთიანი საქართველოს განმანათლებლად მიუჩნევიათ. და არა მისი ერთი რომელიმე ნაწილისა“. „პრავასლავნაია ენციკლოპედია“-ს მე-13 ტომის ავტორები დუმან და ოდნავ მინიშნებასაც კი არ აკეთებენ იმის შესახებ, რომ ამ საკითხს თავისი განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია რუის-ურბნისის კრებამ და მიიღო შესაბამისი განსაზღვრება, როგორც ჩანს რუის ურბნისის კრების ძეგლისწერა „პრავასლავნაია ენციკლოპედია“-ს ავტორებს არ მიაჩნიათ წყაროდ დასავლეთ საქართველოს იურისდიქციის კვლევის საქმეში.

გლობალიზაციის პროცესის ღირსეულად შესახვედრად ქართველმა ერმა უნდა განამტკიცოს თავისი სახელმწიფო, შეძლოს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და კონფესიის მოსახლეობის ქვეყნის ერთგულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, რისთვისაც უპირველესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ქართული კულტურის გავრცობას.

ამ ვითარების გამო, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ სამომავლოდ ქართულ ენასა და კულტურას საქართველოში მიენიჭოს პრიორიტეტი რუსულთან შედარებით. იგულისხმება საქართველოს მოცვა ქართული ენით, ლიტერატურით, მუსიკით, ფილოსოფიით, კულტურით, ეკონომიკური დოქტრინებით. სახელმწიფომ ქვეყანაში უნდა გაატაროს შესაბამისი ენობრივი პოლიტიკა, ქართული ენის სახელმწიფოებრიობა რეალურად უნდა განხორციელდეს.

საბოლოოდ, უნდა დავასკვნათ, რომ რუსების მიერ საქართველოს დაპყრობამდე, ანუ XIX საუკუნემდე, ქართული ენა და კულტურა წარმოადგენდა საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრივი ინტეგრაციის საშუალებას. ამჟამად, მართალია ეს ასე არაა და ქართულს რუსული ჩაენაცვლა, მაგრამ, იმედია, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოება შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას.

ლიტერატურა:

1. დიდი სჯულის კანონი, თბ., 1975.

2. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ენა და სახელმწიფო, თბ., 2008.

3. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, დედაღვთისმშობელი - შემწე ქართული ენისა, თბ., 2008.

4. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, თეორია საქართველოს ეკლესიის პროზელიტიზმის შესახებ და მისი კრიტიკა, თბ., 2007.

5. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის

ეპარქია, თბ., 2008.

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
2 დეკემბერი, 2008 წელი
სამების ტაძარი