The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ცხოვრება (სერია: ქართველ მეფეთა და წმიდათა ცხოვრება)


წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ცხოვრება (სერია: ქართველ მეფეთა და წმიდათა ცხოვრება)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ანანია [ჯაფარიძე] (მიტროპოლიტი)
წყარო: ISBN 99940-14-39-0
საავტორო უფლებები: © მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: წმიდა მეფის „ვახტანგ გორგასლის ცხოვრება“ ათასწლეულის მანძილზე საქართველოს ახალგაზრდობას ზრდიდა გმირული სულისკვეთებით, მამულისა და მოყვასისასადმი თავდადების გრძნობით. მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის მიერ თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოღებული ვახტანგ გორგასლის „ცხოვრების“ სრული ტექსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა წიგნში „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“, ამჟამად კი პირველად ქვეყნდება დამოუკიდებელი წიგნაკის სახით. წიგნი განკუთვნილია მოსწავლეების, სტუდენტებისა და ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის. © ანანია ჯაფარიძე,@2004



1 წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ცხოვრება

▲ზევით დაბრუნება


მეფე მირდატის დატყვევების შემდეგ, სპარსელებმა დაიპყრეს საქართველო, გარყვნეს ეკლესიები. ქართველებმა დამალეს ჯვრები და ყოველ ეკლესიაში ცეცხლისმსახურმა სპარსელებმა აღაგზნეს ცეცხლი.

ქართველ მეფეთა ოჯახი კახეთის ხევში დარჩა. სამი წლის შემდეგ აღმოსავლეთიდან მტრის შემოსევის გამო სპარსთა მეფემ საქართველოსათვის ვერ მოიცალა. მაშინ შეითქვნენ აზნაურები, დასვეს მცხეთაში მეფედ მეფე თრდატის ძე არჩილი, რომელიც მეფე მირდატის ძმისწული იყო. არჩილმა მოიყვანა ცოლი საბერძნეთიდან. მან განაცხადა სპარსთა მტრობა. გამოაჩინა ჯვრები და მოკაზმა ეკლესიები. მოსრეს და განასხეს ცეცხლმსახურნი საქართველოს საზღვრებიდან. მეფეს მოუვიდა მაშველი ძალა საბერძნეთიდან და ჯვრის წარძღვანებით დაიწყო სპარსთა წინააღმდეგ ბრძოლა. სპარსთა მეფის ერისთავმა, რომელიც ერისთავობდა რანსა, მოვაკანსა და აგრეთვე ქართლში არჩილის გამეფებამდე, შეკრიბა სპა რანისა, მოვაკანისა, ადარბადაგანისა და გაემართა არჩილის წინააღმდეგ. არჩილ მეფე დაუხვდა რანისა და ქართლის საზღვარზე - მდინარე ბერდუჯზე. პატიოსანი ჯვრის ძალით დაამარცხა, დახოცა და დაატყვევა მტერი, შევიდა რანში და მოვიდა ქართლში გამარჯვებული. განავლინა ქადაგი სრულიად საქართველოში. აუწყა ყველას „არა ჩვენი ძალით, არც სიმხნით, არც სიბრძნით, არც სპის სიმრავლით ვძლიეთ მტერს, არამედ ჩვენი უფლის, ღვთის ძის, იესო ქრისტეს ძალით, რომელმაც მოგვცა წინამძღვრად და საჭურველად ჯვარი მისი პატიოსანი. ახლა ყოველმა ქართველმა ადიდეთ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, ყოვლის დამბადებელი. შეწირეთ მადლობა და მტკიცე იყოს თქვენი გული წმიდა სამების სარწმუნოებაზე“. და ყოველთა ქართველთა შესწირეს მადლობა ღმრთის მიმართ და განაახლეს ეკლესიანი. არჩილ მეფემ ააშენა მცხეთაში სტეფან წმიდის ეკლესია, არაგვის კარზე.

არჩილს ჰყავდა ძე, რომელსაც უწოდა მირდატი. აღიზარდა ის მორწმუნე და ღვთისმსახური, მამის მსგავსად. უმეტესად ებრძოდა სპარსელებს, შედიოდა და აოხრებდა რანსა და მოვაკანს, რადგანაც იმ დროს სპარსთა მეფე ებრძოდა ინდოელებს, სინდებსა და აბაშებს და არ შეეძლო დიდი სპის საქართველოში გამოგზავნა, ხოლო რანის, მოვაკანისა და ადარბადაგანის სპას ქართველები ამარცხებდნენ, შედიოდნენ და იპყრობდნენ რანსა და მოვაკანს.

იმ დროს რანის ერისთავი იყო ბარზაბოდი, ის წინააღმდეგობას ვერ უწევდა ქართველებს და ამაგრებდა ციხე-ქალაქებს, ხოლო რანში შესული ქართველები შებრძოლებისას მის ლაშქარს მუდამ ამარცხებდნენ.

ბარზაბოდს ჰყავდა ასული ქმნულკეთილი და მშვენიერი, რომელსაც ერქვა საგდუხტი. ეს ქალი შეუყვარდა მირდატს და ქალის სიყვარულისთვის ინება მშვიდობის ჩამოგდება რანსა და ქართლს შორის. მირდატს შერთეს საგდუხტი, ისინი სამშვილდის საერისთავოში ცხოვრობდნენ, არჩილის მეფობის დროს. ამ საგდუხტ დედოფალმა გამოიკითხა ქრისტეს რჯული. მისმა ქმარმა მოჰგვარა სჯულის მცოდნე კაცები, უთარგმნეს საგდუხტს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახარება და აუწყეს მას, რომ ჭეშმარიტი ღმერთი არის ქრისტე, რომელიც ჩვენი ხსნისათვის განკაცდა.

საგდუხტ დედოფალმა გულისხმა-ჰყო და იცნო ჭეშმარიტი რჯული, დატოვა ცეცხლისმსახურება, მოინათლა და შეიქნა მორწმუნე, და აღაშენა სამშვილდის სიონი.

არჩილის დროს გარდაიცვალა სამი ეპისკოპოსი:იონა, გრიგოლი და ბასილი. ბასილის შემდგომ არჩილმა დასვა ეპისკოპოსი, რომელსაც ერქვა მობიდანი. ის იყო „ნათესავით“ სპარსელი, აჩვენებდა მართლმადიდებლობას, სინამდვილეში კი იყო ურჯულო მოგვი და შემშლელი წესთა. ვერ იგრძნო არჩილ მეფემ მისი ურჯულოება. მობიდანიც არ აცხადებდა თავის რჯულს, არამედ ფარულად წერდა საცდურ წიგნებს, რომელნიც შემდგომ დაწვა ჭეშმარიტმა ეპისკოპოსმა მიქაელმა, რომელიც განიკვეთა ვახტანგ მეფის მიმართ კადნიერი ქცევისთვის.

არჩილის შემდეგ გამეფდა მისი ძე მირდატი. დედოფალმა საგდუხტმა შვა ასული, უწოდეს სახელი ხუარანძე. ოთხი წლის შემდეგ შვა ძე და უწოდა მას სახელი სპარსულად ვარან-ხუასრო-თანგ, ხოლო ქართულად ვახტანგ. ვახტანგი აღსაზრდელად მოითხოვა დიდი ვედრებით სპასპეტმა საურმაგმა, მისცა მას მეფემ, რამეთუ წესი იყო, რომ მეფეთა შვილები წარჩინებულთა ოჯახებში უნდა აღზრდილიყვნენ. მეექვსე წელს საგდუხტმა შვა ასული, რომელსაც მირანდუხტი უწოდეს. მას კასპის სპასალარი ზრდიდა ქალაქ კასპში. ამის შემდეგ მეორე წელს მოკვდა მირდატ მეფე და დარჩა ვახტანგ შვიდი წლის ყრმა.

საგდუხტ დედოფალს შეეშინდა, რომ მამამის ბარზაბოდს შური არ ეძია თავისი ქვეყნის მოოხრებისთვის, ქართლში არ შემოჭრილიყო და არ წარეწყმიდა ქრისტეს რჯული. წავიდა ბარდავში, შეევედრა მამამისს, მუხლმოდრეკილმა, თავმოხდილმა და ძუძუებამოყრილმა ცრემლით ითხოვა შეწყალება. ევედრებოდა არ ეხსენებინა ნამოქმედარი ქმრისა და მამამთილისა, შეენდო რჯულის დატოვება, არ აეძულებინა ქრისტეს რჯულის დატოვება, რამეთუ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, და ევედრებოდა, რათა მისი შვილი თავის მამულში დაეტოვებინა და მისი მოურავი ყოფილიყო სპარსთა მეფის წინაშე.

მაშინ ბარზაბოდმა, გამზადებულმა ქართველთა ბოროტის ყოფისთვის, შეიწყალა თავისი ასული, აღასრულა ყოველი მისი თხოვნა, ხოლო რჯულისთვის ასე თქვა: „იძულებით არც ერთ ქართველს ქრისტეს რჯულს არ დავაგდებინებ, მაგრამ გავაგზავნი თქვენს ქალაქებში ცეცხლის მსახურებს და იყვნენ იქ ჩვენი რჯულის ეპისკოპოსები, რომელი ქართველიც თავისი ნებით აირჩევს ჩვენს რჯულს, მას ნუ დააბრკოლებთ“.

საგდუხტ დედოფალი შიშის გამო დაეთანხმა. მაშინ ბარზაბოდმა მცხეთაში გამოგზავნა ცეცხლისმსახურები და მათი ეპისკოპოსი ბინქარანი. ისინი დასხდნენ მოგვთას. ბარზაბოდის სიკვდილის შემდეგ, მის ნაცვლად სპარსთა მეფემ დაადგინა ვარაზ-ბაკური, ძმა საგდუხტ დედოფლისა. მეფემ გარდაცვლილი სპასპეტის, საურმაგის, ნაცვლად დაადგინა სხვა სპასპეტი, რომელსაც ერქვა ჯუანშერი.

ბინქარან, ცეცხლის მსახურთა ეპისკოპოსი, ქართველებს ასწავლიდა თავის რჯულს. მან წარჩინებულთაგანი ვერავინ შეაცდინა, მაგრამ წვრილი ერიდან მრავალი მიაქცია ცეცხლისმსახურებაზე. და შეერია ქართლის წვრილ ერს ცეცხლმსახურება. ამისათვის მწუხარე იყო საგდუხტ დედოფალი. მაგრამ სპარსთა მძლავრობის გამო ვერაფერს ბედავდა. მაშინ მოიყვანა საბერძნეთიდან ჭეშმარიტი მღვდელი, სახელად მიქაელი და დაადგინა იგი ზემო ეკლესიის ეპისკოპოსად. რამეთუ მობიდან ეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო. ეს მიქაელ ეპისკოპოსი წინაღუდგა ბინქარან მაცდურს და ყოველ ქართველს ასწავლიდა ჭეშმარიტ რჯულს. ამან თავის რჯულზე დააყენა ყოველი წარჩინებული ქართველი და ერის უმრავლესობაც. მაგრამ წვრილი ერის ეცირე ნაწილი ცეცხლმსახურებაზე მიიქცა. მაშინ, როცა ვახტანგი ათი წლის გახდა, გადმოვიდა ოსების ურიცხვი სპა.2 მათ მოტყვევნეს ქართლი მტკვრის თავიდან ხუნანამდე, მაგრამ ციხე-ქალაქები ვერ აიღეს, კასპის გარდა. ქალაქი კასპი შემუსრეს და სამი წლის მირანდუხტი, ვახტანგის და, წაიყვანეს. ამ დროს დარჩათ წარუტყვევნელად ხევნი ქართლისანი: კახეთი, კლარჯეთი და ეგრისი. ჩავლეს რანი და მოვაკანი, ისიც წარტყვევნეს და დარუბანდის კარით დაბრუნდნენ ოსეთში.

იმ დროს შემოვიდნენ ბერძნები აფხაზეთიდან, რამეთუ ბერძნებს ეჭირათ ეგრისწყლის ქვემო ქვეყანა და დაიპყრეს ბერძნებმა ეგრისწყლიდან ვიდრე ციხე-გოჯამდე.

მაშინ შეიქნა გლოვა და წუხილი ყოველთა ქართველთა და იტყოდნენ: „განვამრავლეთ ცოდვა ღვთის მიმართ და არა კეთილად ვიპყარით სჯული ქრისტესი და წესი იოვანეს მცნებისა. სამართლიანად მოაწია ღმერთმა ეს რისხვა ჩვენზე, რამეთუ მიგვცა ჩვენ წარსატყვევნელად უცხო ერს და ჩვენი საზღვარი მიიტაცეს ბერძნებმა, ისე, როგორც მეფე ვარაზ-ბაქარის დროს კლარჯეთი. ის ვარაზ-ბაქარის ცოდვით მოიწია, რამეთუ კეთილად ვერ იპყრა ქრისტეს რჯული. ხოლო ეს არა ჩვენი მეფეების ცოდვისაგან იქმნა, არამედ ერის ცოდვისაგან, ახლა ჩვენი მეფე ყრმა არის და არა გვყავს წინამძღვარი, რომელიც ქრისტეს სასოებით და ჯვრის წინამძღოლობით წარგვიძღვებოდა წინ. მაგრამ უნდა ვიძიოთ ჩვენ შური პირველად ოსებზე და შემდგომ უნდა მოვიძიოთ ბერძენთაგან მიტაცებული ქართლის საზღვარი“.3 ამას ამბობდა ყოველი ქართველი და იყვნენ დიდ მწუხარებაში.

ვახტანგი იზრდებოდა და სწავლობდა მიქაელ ეპისკოპოსისგან უფლის ყოველ მცნებას. სიყრმიდანვე შეიყვარა ქრისტეს რჯული, ქართლის ყოველ მეფეზე უფრო მეტად. მაგრამ წუხდა იმის გამო, რომ ქართლი დატყვევებული იყო ცეცხლმსახურების მიერ, ხოლო ქართლის საზღვრები კი მიტაცებული. მაგრამ სპარსთა მძლავრობის გამო ვერ აცხადებდა.

როცა ვახტანგი თხუთმეტი წლის გახდა, მოუხმო ქართლის ყველა წარჩინებულს. ყველანი შემოიკრიბნენ ქალაქში. მეფემ გაამზადა ერთი სახლი და დაჯდა მაღალ საყდარზე (ე.ი. ტახტზე), სპასპეტი ჯუანშერი და ორივე ეპისკოპოსი აგრეთვე საყდრებზე დასხდნენ, ხოლო სხვა ყოველი ერისთავი სელებზე დასხდნენ. ათასისთავები, ასისთავები და ერი ფეხზე იდგა.

მეფემ, ვითარცა მოხუცებულმა და ბრძენმა, და როგორც ფილოსოფოსთა შორის აღზრდილმა, წარმოთქვა სიტყვა. მოუწოდა ოსებზე შურისძიებისკენ. ეს რომ სპარსთა და ბერძენთა მეფეთაგან მოგვსვლოდა, მოვითმენდით, მაგრამ იმის მოთმენა, რაც ჩვენ მოგვაწიეს ოსებმა, არ შეიძლება, სიკვდილი სჯობს ჩვენთვისაო.

ჯუანშერ სპასპეტმა გრძელი სიტყვით მიმართა მეფეს და უთხრა, თუმცა სიბრძნით, ძალით, სიმხნით და აგებულებით სრულყოფილი ხარ, მაგრამ მხედრობისთვის არასრულწლოვანი ხარ. გამოარჩიე ერთი ვინმე ჩვენთაგანი სპის წინამძღვრად, ხოლო შენ იყავ შინ და განაგე მეფობა, შენ რომ ომის დროს იძლიო, ქვეყანა წარწყმდება, რადგანაც ქვეყანაზე შენი ნაცვალი სხვა არავინ არისო.

ვახტანგ მეფე არ დაეთანხმა და თვითვე ინება ჯარის წინამძღვრობა. შემოიკრიბა ქართლის სპა - 100 ათასი მხედარი და 60 ათასი ქვეითი. გამოგზავნა აგრეთვე ვარაზბაკურმა თავისი სპა - 12 ათასი მხედარი. შეუერთდნენ მას კავკასიელი მეფეები 50 ათასი მხედრით, და წარემართა ღვთის სახელით, განვლო დარიალანის კარი და, როცა შევიდა ოსეთში, იყო 16 წლის.

ოსეთის მეფეებმა შეკრიბეს თავიანთი სპა, მიიღეს აგრეთვე ხაზარეთიდან ძალები და დახვდნენ ვახტანგს მდინარეზე, რომელიც დარიალანს გაივლის და ჩადის ოსეთის ველზე. ამ მდინარესაც არაგვი4 ჰქვია, რამეთუ ერთი მთიდან გამოდის ორივე:ქართლის არაგვი და ოსეთის არაგვი. ორივე ჯარმა მდინარის აქეთ და იქით დაიბანაკა. პირველ შვიდ დღეს მდინარეზე ერთმანეთს ბუმბერაზები ებრძოდნენ. იბრძოდა ერთი ხაზარი გოლიათი, სახელად თარხანი. მან ქართველი სახელგანთქმული მებრძოლი დაამარცხა, რომლის მსგავსი ჯარში არავინ იყო. მეორე დღეს თვით ვახტანგი გავიდა მის წინააღმდეგ. თარხანმა უთხრა, მე გოლიათებს და გამოცდილ გმირებს ვებრძვი და არა ყმაწვილებს, მაგრამ შენთვის თავს დავიმდაბლებო. მოკლა ის ვახტანგმა ოროლით. მეორე დღეს გამოვიდა საბრძოლველად ბაყათარ ოსი. გამოვლო მან მდინარე და ისრებს ესროდა ვახტანგს. მაგრამ ვახტანგი თავისი გონების სიმახვილით, თვალის სიფიცხითა და ტაიჭის სიკისკასით ირიდებდა ისრებს, რამეთუ შორიდანვე ხედავდა მომავალ ისარს, ხლდებოდა და სიმარჯვით მიეახლებოდა. ამიერ და იმიერ სპათაგან იყო ცემა ბუკებისა და დაფდაფებისა. იძროდა ხმისაგან მთა და ბორცვი. მოჰკლა ხმლით ვახტანგმა ბაყათარი.

ქართველთა ჯარი გაემზადა საომრად:წინ დადგნენ ცხენ-თოროსანი და ჯაჭვ-ჩაბალახოსანი მეომრები. მათ უკან ქვეითნი, ხოლო ქვეითთა უკან მხედრები. ძლიერი ბრძოლის შემდეგ ოსები იძლივნენ და გაიქცნენ. მრავალი დაატყვევეს.

დაიმორჩილა ვახტანგმა ოსები და ყივჩაღები5 და შექმნა კარნი ოსეთისანი, რომელსაც ჩვენ დარიალისად ვუწოდებთ, აღაშენა მასზე მაღალნი გოდოლნი. და მახლობელი მთიელები მცველებად დაუდგინა. ყივჩაღებს და ოსებს იქ გადმოსვლა აღარ შეუძლიათ ქართველთა მეფის ბრძანების გარეშე.

ვახტანგი შევიდა პაჭანიკეთში, რამეთუ მაშინ პაჭანიკეთი ოსეთს ესაზღვრებოდა და იქვე იყო ჯიქეთი. მრავალი დროის შემდეგ პაჭანიკები და ჯიქები თურქებმა ამ ადგილებიდან განდევნეს. პაჭანიკები დასავლეთით წავიდნენ, ხოლო ჯიქები დამკვიდრდნენ აფხაზეთის ბოლოს. ვახტანგმა გამოიხსნა თავისი და მირანდუხტი ტყვეობისაგან და გამოგზავნა საქართველოში დარიალის გზით, ხოლო თვითონ ქართველთა დიდი სპით წავიდა აფხაზეთში. იმ დროს ბერძენთა მეფე მოუცლელი იყო სპარსელებთან ბრძოლის გამო, ამიტომაც არ შეეძლო ვახტანგის წინააღმდეგ აფხაზეთში თავისი სპის გამოგზავნა. ვახტანგმა აიღო აფხაზეთის ყველა ციხე სამ წელიწადში, ვიდრე ციხე-გოჯამდე.6

ვახტანგი დაბრუნდა სამეუფო ქალაქ მცხეთაში. ქალაქის მოსახლეობა, ქალები და კაცები, ფეხქვეშ უფენდნენ ნაჭრებსა და სამოსელს, თავზე აყრიდნენ დრამასა და დრაჰკანს, აღუწევნელი ხმით შეასხამდნენ ქებას, რამეთუ არც ერთ მეფეს ასეთი ძლიერი წყობა-შებრძოლების ხელოვნება არ ჰქონია.

გაუგზავნა ვახტანგმა სპარსთა მეფეს ძვირფასი ძღვენი ბინქარან ეპისკოპოსის ხელით და ითხოვა სპარსთა მეფისაგან ასული ცოლად, რომელსაც ერქვა ბალენდუხტი. სპარსთა მეფემ მისცა თავისი ასული და მზითვად სომხეთი და ყოველი კავკასიელი მეფე. მისწერა წიგნი ვახტანგს და მოუხმო ბერძენთა კეისრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

შეკრიბა ვახტანგმა თავისი და კავკასიელი მეფეების სპა - 200 ათასი კაცი. შეუერთდა მას რანის ერისთავი, მისი დედის ძმა ვარაზ-ბაკური არდაბადაგანის, რანისა და მოვაკანის 200 ათასი მხედრით.

იმ დროს ვახტანგი იყო 22 წლის, ყველა კაცზე მაღალი, სახით უმშვენიერესი, ძალით ძლიერი, ისეთი, რომ აღჭურვილი, ფეხით ირემს ეწეოდა და რქით იჭერდა და აგრეთვე შეჭურვილ ცხენს მხრებით აიღებდა და მცხეთიდან არმაზის ციხეში ადიოდა.

ვახტანგი და მისი დები იყვნენ შთამომავლები ბაქარ მირიანის ძისა. ხოლო მირიანი და გრიგოლი იყვნენ რევ მირიანის ძის შთამომავლები. მათ კუხეთი ჰქონდათ და რუსთავ-ქალაქში ცხოვრობდნენ, მაგრამ შემცირებულნი იყვნენ ერთმანეთის კვლით.

მირიან მეფიდან ვახტანგ მეფემდე გარდასული იყო თაობა რვა, ხოლო მეფენი ათნი. გასული იყო 157 წელიწადი, ხოლო ეპისკოპოსი ჭეშმარიტ წესზე მდგომი გარდაცვლილი იყო რვა, ხოლო სხვები წესის შემშლელები იყვნენ.

ვახტანგი გაემართა საბერძნეთისკენ. შევიდა სომხეთში, მას აქ შეუერთდნენ სომხეთის ერისთავები. ციხე-ქალაქი, რომელსაც კარნუ ქალაქი ეწოდება, ვერ აიღეს, რადგანაც სამი მაღალი ზღუდე ჰქონდა. დატოვა იქ საბრძოლველად მხედრობა და თვითონ შევიდა პონტოში. გზაზე სამი ქალაქი მოაოხრა: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. შემოადგა ლაშქარი პონტოს ზღვისპირეთის დიდ ქალაქს და ლაშქარმა თითქმის კონსტანტინეს ქალაქამდე მიაღწია. სპარსელები ეკლესიის მსახურებს ჰკლავდნენ. ვახტანგ მეფემ ამცნო სომხების სპას, აგრეთვე სპარსელებს, არ მოეკლათ სამღვდელოება, არამედ დაეტყვევებინათ. ვახტანგმა წარმოთქვა სიტყვა და უთხრა მათ:როცა მირიან მეფე სპარსთ მეფეს შემოჰყვა აქ ბერძენთა წინააღმდეგ საომრად, ასევე უყოფდნენ მოწესეებსა და ეკლესიის მსახურებს, ამიტომაც დამარცხდნენ. იმ დროიდან ბერძნებმა ჩვენ, ქართველებს, წაგვართვეს მიწები პონტოს (შავი) ზღვის აღმოსავლეთით, და ერთმანეთს შეებრძოლნენ ანძიანძორში, სადაც ამჟამად არის საფლავი დიდი მოძღვრისა გრიგოლისა და აქედან უკუიქცნენ ჩვენი მეფეებიო.

ვახტანგმა სომხეთის სპას შეახსენა თავიანთი ეკლესიის ისტორია და ყველას მოუთხრო შინაარსი ნებროთის იმ წიგნისა, რომელიც დაფარულად ჰქონდათ ქართველ მეფეებს. ყველას უბრძანა არაფერი ევნოთ ეკლესიებისა და ღვთისმსახურებისათვის. ვახტანგმა ამცნო ყველა დამალულ მოწესეს (სამღვდელოებს), გამოსულიყვნენ სამალავიდან. ტყვეები გაათავისუფლა. გამოვიდნენ მღვდლები, დიაკვნები და მოწესე მონაზვნები სამალავებიდან. მათთან იყო ორი კაცი:პეტრე მღვდელი, გრიგოლ ღვთისმეტყველის ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც მის საფლავზე მღვდელობდა და სამოელ მონაზონი. ისინი წარუდგნენ ვახტანგს ტყვეთა და ეკლესიების განთავისუფლებისათვის მადლობის შესაწირად. ვახტანგმა პეტრე მღვდელი და სამოელ მონაზონი თავისთან დაიტოვა. უთხრა მას პეტრემ: „ეკლესიანი ხორცთანი უფრო მეტია ღვთის წინაშე, ვიდრე ქვის ეკლესიები. ქვის ეკლესიები როდესმე დაირღვევიან და ამავე ქვებით კვლავ აღაშენებენ, ხოლო ეკლესიანი ხორცთანი როცა დაირღვევიან, ვერავინ შეძლებს მათ განკურნებას, ვერც მკურნალი და ვერც მეფე, და შენ რამდენი მართალი კაცი დაგიცია! მე მსურს შენი აღდგინება, რათა არ იყო იმ კაცთა მსგავსი, რომელნიც მარჯვენით აგებენ, ხოლო მარცხენით არღვევენ და არც ისეთი, რომელნიც პირით აკურთხებენ და გულით სწყევლიან და აგინებენ. არამედ იყო როგორც კეთილხსენებული მეფეები, რომლებმაც დაიპყრეს სოფელი და არც სასუფეველს განშორებიან. მე მნებავს, რათა შენს მიერ აღგზნებული ეს ცეცხლი შენვე დაშრიტო და იყო მეგობარი კეისრისა, როგორც დღემდე იყავი სპარსელებისა. ბერძნები არიან ნათესავნი ღმერთისანი“.

მიუგო მეფემ: „მნებავს, რომ ამ ღამეს თქვენი ლოცვის ძალით მეჩვენოს ჩემი და კეისრის შეკრება და რომ ჩვენს შორის სიყვარულის დამყარებაზე უნდა იყოს მსჯელობა, რათა ვცნა მე, რომ ქრისტეს სურს ჩემთან შენი ამგვარი ლაპარაკი“.

პეტრემ ითხოვა დრო ლოცვისთვის და წავიდა.

მეფემ ილოცა და დაწვა. თვალის მირულვისას წარმოუდგა მას წმიდა ნინო და უთხრა: „ადექ, მეფევ, და მოკრძალებით წინ მიეგებე შენთან მომავალ ორ მეფეს - ზეცისას და ქვეყნისას“. მივიდა ვახტანგი და იხილა ორი ტახტი:ერთზე იჯდა ჭაბუკი გვირგვინოსანი საჭურვლით, მეორეზე მოხუცებული მჯდომარე სპეტაკი ზეწრით, მას თავზე ედგა არა ოქროს, არამედ ნათლის გვირგვინი და მის ფეხთით იჯდა ნინო. და ვახტანგის მარჯვენა ხელი ეჭირა პეტრე მღვდელს, ხოლო მარცხენა სამოელს. უთხრა სამოელმა:თაყვანი ეცი პირველად ზეცის დიდ მთავარს გრიგოლს. მივიდა და თაყვანი სცა და უთხრა გრიგოლმა: „ეს რა ბოროტება ჩაიდინე, კაცო, რამეთუ მოაოხრე ჩემი ბანაკი და მხეცებს შეაჭამე ჩემი საცხოვარი. უკეთუ არა ეგ ორნი, რომელნიც გვერდით გიდგანან და ეს სათნო დედაკაცი, რომელიც მარად იღვწვის მარიამთან ერთად თქვენთვის - შურს ვიგებდი შენიანებისგან, რომელნიც ცეცხლს სასოებენ და არა ყოველთა განმანათლებელ ბრწყინვალებას“. და გაუწოდა ხელი და ეამბორა ხელზე ვახტანგი. მან მოკიდა ხელი ნათლის გვირგვინს და ისეთივე გვირგვინი მისცა ვახტანგს და უთხრა: „დაადგი ეგ პეტრეს“. და აიღო პეტრემ თავის გვირგვინზე უდარესი გვირგვინი და დაადგა სამოელ მონაზონს.

უთხრა ნინომ ვახტანგს: „ახლა მიდი მეფესთან და მიიღე შენი საბოძვარი“. მივიდა მეფესთან, ეამბორნენ ერთმანეთს და ადგილი მისცა ტახტზე თავის გვერდით. მისცა ბეჭედი თავისი ხელიდან, რომელსაც ჰქონდა ფრიად ნათელი თვალი და თქვა კეისარმა: „თუ გნებავს გვირგვინი, აღუთქვი მას, ვინც ჩვენს წინ დგას, რომ შეებრძოლები მის მტრებს, და მიიღე მისგან გვირგვინი“. მოიხედა ვახტანგმა და იხილა ჯვარი, რომელსაც ფრთებზე ჰქონდა გვირგვინი, ჯვრის ხილვამ შეაძრწუნა და დადუმდა. აღდგა წმიდა ნინო, გაიხედა პეტრესა და სამოელისკენ და ერთხმად თქვეს: „ჩვენ ვართ თავსმდები, რომ ყველაზე უფრო მეტად შეასრულებს“, და მიჰყო ხელი კეისარმა, და აიღო გვირგვინი ჯვარისაგან და დაადგა ვახტანგს.

უკან გამოსვლისას შეეხმიანა ეპისკოპოსი სამგზის: „ვახტანგ, ვახტანგ, ვახტანგ! უმეტესად მორწმუნე იქნები შენ სპარსთა შორის“. მეორედ: „აშენდებიან შენგან ეკლესიები და განეწესებიან ეპისკოპოსები და ეპისკოპოსთა მთავარი“. და მესამედ: „წამების გვირგვინსაც მიიღებ“. გამოვიდა ვახტანგი და უხმო ძილშივე პეტრესა და სამოელს, და მოუთხრობდა ძილშივე ჩვენებას, ხოლო ისინი უხსნიდნენ: „ტახტზე, რომელიც იხილე, ნათლის გვირგვინოსანი, არის დიდი მოძღვარი გრიგოლი და რაც მომეცა მისი გვირგვინისგან, ის იყო, რომ მიმეცა ეპისკოპოსთა მთავრობა, ხოლო რაც მივეცი ჩვენი გვირგვინისგან ჩემს მოყვასს, ის არის, რომ ჩემგან მიეცემა ეპისკოპოსობა. ხოლო ოქროს გვირგვინოსანი იყო კეისარი. ბეჭედი, რომელიც მოგცა, ის არის, რომ თავის ასულს მოგცემს ცოლად და ყოველი საზღვარი ქართლისა, მისგან მიტაცებული, მოგცეს. ხოლო გვირგვინი, რომელიც ჯვარისგან მოგეცა, ის არის, რომ დიდ ღვაწლს გადაიხდი ჯვრის შეწევნით. ხოლო ჩვენი მოძღვარი სამგზის რომ შეგეხმიანა, სამი სიმდიდრე მოითხოვა შენთვის ღმერთისგან:რათა შენს მიერ ქართლის ჭეშმარიტება დაემტკიცოს კათალიკოსებისგან და ეპისკოპოსებისგან, სძლევ შენს მტრებს შენს აღსრულებამდე, ხოლო აღსრულებისას წამების გვირგვინს მიიღებ ბრძოლისას და მტრებს ხელში არ ჩაუვარდები. ყოველივე აღსრულდება შენს სიბერემდე და დაუძლურებამდე“.

გაღვიძებისას ვახტანგმა მადლობა შესწირა ღმერთს და მოუხმო პეტრესა და სამოელს. მათაც ღამით იგივე ჩვენება ნახეს. პეტრეს უთხრა: „არავინ არის ჩვენ შორის ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელიც დანერგა ჩვენმა მამამ მირიანმა ანდა თრდატმა, დედით ნათესავმა ჩემმა. ამათ ყოველთა სარწმუნოება ვიცი, რომელიც სავსე არის საცდურით“.7 პეტრე მოციქულად გაგზავნა კეისართან. ვახტანგმა მეორე დღესშეიტყო, რომ სპარსეთიდან დაბრუნებული ბერძენთა სპა კონსტანტინოპოლში შევიდა. მან მოუხმო მეთაურებს და უთხრა: „ბერძნებს მრავალრიცხოვანი სპა ჰყავთ, ბრძოლისას მარჯვენი არიან, ასევე ზღვაზედაც. მეშინია, არ მოვიდნენ ზღვით, გზა არ მოგვიჭრან და არ ამოგვხოცონ როგორც ბაკში შემწყვდეული. ავყაროთ ლაშქარი და ზღვის სამხრეთით დავიბანაკოთ, რათა გვქონდეს გზა ჭირისა და ლხინისა“. მოხსნეს ქალაქის ალყა და დაიბანაკეს იქიდან ხუთი დღის სავალზე, სპერის სიახლოვეს. მადლობა შესწირეს ვახტანგს სიკვდილს მიწევნილმა ქალაქებმა. პეტრე მივიდა კეისართან და მოუთხრო ყოველივე. კეისარმა ფრიად გაიხარა და ყოველივე, რაც იხილა ვახტანგმა ჩვენებაში, მისცა. პეტრეს პირით შეუთვალა ვახტანგს, რომ მისი მეფობის თანასწორად ჩათვლიდა. ხოლო ორთავეს ლაშქარი სპარსელებს დაამარცხებდა, როცა ვახტანგი და იგი (კეისარი) გაერთიანდებოდნენ. კეისარმა ზღვით გამოაგზავნა 500 ხომალდი, 500-500 ჯარისკაცით. ისინი უნდა მისულიყვნენ ვახტანგთან და უბრძოლველად უნდა დამდგარიყვნენ. თვითონ კეისარი გამოემართა პონტოს გზით 800.000 კაცით. როცა მოვიდა ზღვით სპა, სპარსელებს უნდოდათ მათ წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო ვახტანგ მეფე აჩერებდა სპარსელებს და არ მიუშვა საბრძოლველად.

კეისრის მოციქულებმა ვახტანგს საიდუმლოდ მოართვეს ჯვარი, გვირგვინი და შესამოსელი. აღუთქვა კეისარმა ვახტანგს, რომ უკანვე მისცემდა თუხარისს და ქართლის საზღვრებს. ვახტანგმა კეისარს ამცნო: „რაც არ შვენის შენს ღვთისმოყვარებას, სხვას ნუ აიძულებ, რამეთუ ღალატი პატიოსანი კაცის ხელობა არ არის. თუ ახლა შენ მოგცემ დასამარცხებლად სპარსელებს, ჩემი სახელი ხომ გაცრუვდება? შემდგომ კი, როცა ჩვენი საქმე გადაწყდება, უფრო უმჯობესად მოგემხრობი სპარსელთა წინააღმდეგ“. ვახტანგმა კეისარს ურჩია, თავი შეეკავებინა შებრძოლებისგან. ბერძნების ლაშქარი მოიწევდა, ხოლო ვახტანგი აჩერებდა თავისიანებს და უშლიდა ბერძნებთან შებრძოლებას. მიიჭრა მასთან სპარსთა ერისთავი, დედის ძმა მისი და უთხრა ვახტანგს რისხვით: „მამაშენის დედა ბერძენი იყო, გძლია შენ მისმა ბუნებამ და სიყვარული გაქვს იმ ჯვარცმული მომკვდარი კაცისა. გნებავს, რომ ბერძენთა ხელში ჩაგვყარო“. ვახტანგმა მას უთხრა: „აჰა, შენ და აჰა, ბერძნები, იხილავ შენ იმ მომკვდარი კაცის ძალას“.

გავიდნენ სპარსელები, სომხები და დარუბანდის მეფე ბერძნებთან საბრძოლველად. მეფე ვახტანგი და ქართველები არ იბრძოდნენ, იდგნენ და უყურებდნენ. დამარცხდნენ აღმოსავლელები, მოკლეს ომში ვახტანგის დედის ძმა, სპარსთა ერისთავი. ამის შემდეგ, კეისრის ნების გარეშე, ბერძენთა სპასალარი შეებრძოლა ქართველებს. ვახტანგმა ის პირისპირ შებრძოლებისას მოკლა. ომში დაიღუპა 43.000 ქართველი. გაიმარჯვეს.

ვახტანგმა ამის შემდეგ გაათავისუფლა დატყვევებული 780.000 ქალი და კაცი. გაუგზავნა ისინი კეისარს და ამით ნუგეშინი-სცა ბერძენი სპასალარის მოკვლისათვის, რომელიც კეისრის ნათესავი იყო. კეისარმა ფრიად გაიხარა და შეხვდა ვახტანგს. ჰყვეს ურთიერთაღთქმა და ფიცი, ნიშნობის საქმე მოაგვარეს. უკუმისცა კეისარმა ვახტანგს ქართლის საზღვარი ციხე თუხარისი და მთლიანი კლარჯეთი,8 ზღვიდან არსიანამდე.

გამოიკითხა კეისარმა საბერძნეთის საზღვარი აფხაზეთში და თქვა ასე: „ეგრისწყლიდან ვიდრე მცირე ხაზარეთის მდინარემდე9 - ეს არის საზღვარი საბერძნეთისა ალექსანდრე მაკედონელის დროიდან, რომელიც შენ ჩვენგან წაიღე შენი მკლავის ძალით. ახლა უკანვე მოგვეცი ეს ჩვენი ქვეყანა და, როცა წაიყვან ჩემს ასულს ცოლად, მაშინ მისგან მოგცემ ამავე ქვეყანას“. და მისცა მზითვად თავის ქალიშვილს ქვეყანა, მოქცეული ეგრისწყალსა და კლისურას შორის, და სხვა აფხაზეთი უკანვე მისცა ვახტანგმა ბერძნებს.10

და წამოვიდა ვახტანგი კლარჯეთის გზით, გაიარა თუხარისი, მოეწონა და ეს სახელი დაარქვა, შუა კლარჯეთში, არტანუჯში დაადგინა ერისთავი და უბრძანა ციხის აშენება. აგრეთვე, უბრძანა, გამოენახა იქ სამონასტრო ადგილი და აეშენებინა ეკლესია. არტავაზ ერისთავმა ააშენა იქ არტანუჯის ციხე. და იქვე ააშენეს მონასტერი (არტანუჯის ხევში), მსგავსი მათ მიერ საბერძნეთში ნანახი მონასტრებისა. გარდა ამისა, ააშენა ოპიზის მონასტერი და სამი ეკლესია:დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა, აგრეთვე განაახლა ახიზის ციხე.

მცხეთაში მისულ ვახტანგს ერი დიდი სიხარულით შეხვდა. როცა სპარსთა მეფემ ცნო, რომ ვახტანგი ბერძნებს მიემხრო, უკანვე გაბრუნდა სპარსეთში და იქ მოკვდა. მეფედ მისი ძე დაჯდა და მის მომწიფებამდე გავიდა სამი წელი.

ვახტანგის ცოლმა შვა ტყუპები, ძე და ასული. და მოკვდა მშობიარობის დროს ბალენდუხტ დედოფალი, სპარსთა მეფის ასული. ვახტანგმა უწოდა თავის ძეს დაჩი. მაშინ ვახტანგმა ვერ მოიცალა საბერძნეთიდან კეისრის ასულის ცოლად მოყვანისათვის და ვერც კათალიკოსის მოყვანისათვის, რადგანაც მოელოდა სპარსთა შემოჭრას, ამაგრებდა ციხეებსა და ქალაქებს. ჰკაზმავდა და ამზადებდა საბრძოლველად მხედრებს. მაშინ შეაგდო საპყრობილეში ბინქარან მაცდური, ცეცხლის მსახურთა ეპისკოპოსი, მოსპო და გაყარა ცეცხლისმსახურნი საზღვარგარეთ.

სამი წლის შემდეგ სპარსთა მეფე გამოემართა ვახტანგ მეფესთან საბრძოლველად. ვახტანგმა ამცნო ბერძენთა მეფეს: „აჰა, ის დღე, რომელიც აღგითქვი, რომ სპარსელებს შემოვამწყვდევდი შენს ხელში. მოვიყვანე ისინი ქართლის შუა საზღვარზე, მათთან არის 300.000 ჯარისკაცი. სპარსთა მეფე ფიქრობდა თავისი სპის გამრავლებას სომხეთისა და კავკასიის მეფეებისაგან, მაგრამ ვერ გაბედეს მასთან შეერთება, რამეთუ ზოგიერთ მათგანს ჯვარცმულის სასოება აქვს, ზოგიერთი კი ეშმაკმა შეაცდინა (დარუბანდელი მეფეები შეუერთდნენ). მე აღვასრულე ჩემი აღთქმა, რომელიც აღმითქვამს:რამეთუ, სადაც კი ვიპოვე ცეცხლის სახლი, დავავსე ფსლით, მათი მოგვები და მზირები სატანჯველს მივეცი. მაცდური ბინქარან შევაგდე საპყრობილეში და სიკვდილის შიშით გაიპარა და გაიქცა. სწორედ მან მოიყვანა სპარსელები ქართლში და დავსვი ეპისკოპოსად მიქაელი, სარწმუნო კაცი. ხოლო ბინქარანი, როცა მოუახლოვდა ქართლის საზღვარს, მოკვდა. ახლა სასწრაფოდ გამოემართოს ჩვენკენ შენი სპა, რათა აქ დასცეს ჯვრის ყველა მტერი, და შენ გათავისუფლდები ყველა მტრისაგან, ხოლო თუ ჩვენ გვძლევენ სპარსელები, შემოვლენ შენს საზღვრებში“.

კეისარი ხაზარეთში იყო წასული, ამიტომ ვერ შეძლო ქართლში მოსვლა. ვახტანგმა გააძლიერა ქალაქების ციხეები და ურჩეულესი მებრძოლები, 100.000 მხედარი და 100.000 ქვეითი თავისთან დაიტოვა. დაიბანაკა დიღმიდან „ქართლის კარამდე“ (არმაზამდე), და სპარსელებმა დაიბანაკეს „ცხენის ტერფის“ (დიდუბესთან) ქვემოთ. სპარსელები და ქართველები ერთმანეთს ებრძოდნენ არმაზსა და მცხეთაში თბილისის ფონამდე.

ხოლო ვახტანგ მეფეს ეხურა ოქროს ჩაბალახი, რომლის წინა მხარეს გამოსახული იყო მგელი და უკან ლომი. რომელ მხარესაც ქართველები მარცხდებოდნენ, იქით მიემართებოდა და სპობდა სპარსელების სპას, როგორც ლომი კანჯარს. სპარსელები ვერ უძლებდნენ მის ბრძოლას, დაიმახსოვრეს ის, რომელსაც მგელი და ლომი ჰქონდა გამოხატული და როცა ვახტანგს იხილავდნენ, ამბობდნენ: „დურ აზ გორგასალ“, ანუ „მოერიდეთ მგლის თავსო“. ამის შემდეგ სახელად ეწოდა მეფეს გორგასალი. ოთხ თვეს გაგრძელდა ბრძოლა. მოვიდა კეისრისგან დასახმარებლად 80.000 მხედარი. კეისრის ბრძანებით, თუ ვახტანგს დასჭირდებოდა, უნდა დახმარებოდა ბერძენი მხედართმთავარი ლეონი თავისი ჯარით.

ბერძენთა ლაშქარი ჯავახეთში იყო შემოსული, როცა შეიტყო სპარსთა მეფემ მათი შემოსვლა. დაიწყო მოლაპარაკება ვახტანგთან: „რისთვის ვწყვეტთ ერთმანეთს? ძმები ვართ, დავდგეთ ჩვენი მამების სიყვარულზე და თითოეული ჩვენგანი თავის სათნო სულს ემსახუროს“. დათანხმდა ვახტანგი სპარსთა შემონათვალს და მოციქულის პირით უთხრა: „ჩემს ღმერთად იყოს ქრისტე, ხოლო შენ გიწოდებ მამას და უფალს“.

სპარსთა მეფემ შეიწყნარა ვახტანგის სიტყვა და გაუგზავნა ძღვნად ანთრაკის გვირგვინი. შეხვდა ერთმანეთს ორი მეფე. დადეს აღთქმა, რომ თავ-თავის რჯულზევე დარჩებოდნენ. უძღვნა ვახტანგმა სპარსთა მეფეს მრავალი საჩუქარი. და თხოვა, რომ მშვიდობა ყოფილიყო მასსა და კეისარს შორის: „მნებავს, რათა იყოს მშვიდობა შენ შორის და კეისრისა“. სპარსელებმა მშვიდობის ნაცვლად მოითხოვეს იმ მიწების დაბრუნება, რომელნიც ბერძნებს სპარსელებისგან ჰქონდათ მიტაცებული. დათანხმდა ამ წინადადებას ბერძენთა მხარე.

ბერძნები და სპარსელები დაზავდნენ, განაჩინეს საზღვრები, მისცეს ბერძნებს ჯაზირი და ფილისტიმი იერუსალიმთან ერთად და სპარსთა მეფემ თქვა: „ქალაქი რჯულისა თქვენისა არის იერუსალიმი“.

სპარსთა მეფემ ჯაზირისა და ფილისტიმის გაცემის სანაცვლოდ, ვახტანგს სთხოვა, მიეთხოვებინა ცოლად თავისი და და, აგრეთვე, გაჰყოლოდა საომრად აბაშთა, ელაბელთა და ჰინდოთა წინააღმდეგ. მისცა ვახტანგმა სპარსთა მეფეს ცოლად თავისი და მირანდუხტი, რომელიც ოსებისგან იყო დატყვევებული და გამოიხსნა ვახტანგმა. მოიყვანა თავისი ძე დაჩი, რომელიც იყო ხუთი წლისა. დაადგა გვირგვინი და დატოვა მეფედ და დატოვა მასთან თავისი შვიდი წარჩინებული:პირველად ჯუანშერ სპასპეტი, შიდა ქართლის და ყოველთა ერისთავთა მპყრობელი და დემეტრე ერისთავი კახეთისა და კუხეთისა, გრიგოლ ჰერეთის ერისთავი, ნერსარანი, ხუნანის ერისთავი, ადარნასე სამშვილდის ერისთავი, სამნაღირი, შიგა ეგრისისა და სვანეთის ერისთავი, ბაკური, მარგვისა და თაკვერის ერისთავი. წაიყვანა თან არტავაზი, კლარჯეთის ერისთავი, ნასარ, წუნდის ერისთავი და ბივრიტიანი, ოძრხის ერისთავი და დიდი ეჯიბი საურმაგი. მათთან ათი ათასი რჩეული მხედარი. ვახტანგს შეევედრნენ დედა და მისი და ხუარანძე, რათა თან წაეყვანათ იერუსალიმში სალოცავად. წაიყვანა ისინი. შევიდნენ იერუსალიმში, ილოცეს წმიდა აღდგომის ტაძარში, მოილოცეს ყოველი წმიდა ადგილი, შეწირეს დიდი შესაწირავი და წავიდნენ ქალაქ ანტიოქიაში, სადაც მათ ელოდა ხოსრო. აქ სპარსთა მეფეს კეისრისგან მიართვეს მიუწვდომელი ძღვენი, ასევე ვახტანგს განძი. შეიკრიბა იქ ვახტანგის ბრძანების ქვეშ 50.000 მხედარი ქართველი, ბერძენი და სომეხი. აქედან წავიდნენ სპარსეთში. ბაღდადში გადაიხადეს სპარსთა მეფისა და ვახტანგის დის ქორწილი. ქორწილის შემდეგ დედა და და წავიდნენ ქალაქ ურაჰში, სადაც უნდა დალოდებოდნენ ვახტანგს.

პირველად ვახტანგმა და სპარსელთა ლაშქარმა წარტყვევნეს ჯორჯანეთი და იქ დაემკვიდრნენ სპარსელები. სამი წელი იბრძოლეს ინდოეთში. ინდოეთის ქვეყნების უმრავლესობა წარტყვევნეს. წამოიღეს ხარკი. აქედან შევიდნენ სინდეთში, რომლის მეფე იყო მხნე და გოლიათი. მოკლეს აქ საურმაგი, ვახტანგმა შეუტია სინდელებს და მათ შეასწრეს ქალაქის კედლებში. მაშინ სინდთა მეფე გადმოდგა ქალაქის კარზე და ხმამაღლა უთხრა ვახტანგს: „ვახტანგ მეფეო, მსგავსი ხარ შენ იმ უგუნური ყვავისა, რომელმაც იპოვა არწივისაგან დაწყლულებული და დაგლეჯილი ქორი, რომელსაც აფრენა არ შეეძლო და სიკვდილს იყო მიახლოვებული. ყვავმა არ ქმნა ისე, როგორც არის ყვავების წესი, რამეთუ ყვავი როცა იხილავს ქორს, იწყებს ხმამაღლა ყივილს, შეასმენს სხვებს და ყვავების სიმრავლე დაესხმება ქორს, რათა გააგდონ თავიანთ სამყოფელიდან და უშიშრად გაატარონ თავიანთი დღეები, რამეთუ პირუტყვებმაც იციან თავიანთი თავის სარგებელი.

არ ქმნა ყვავმა ასე, არამედ შეიწყალა ის ქორი. დატოვა გამოსაკვებად თავის ბუდეში, მარად აჭმევდა მკალსა და გველს, რამეთუ სხვისი შეპყრობა არ შეეძლო და მით აცოცხლებდა ქორს. როცა ქორს ფრთები გაეზარდა, თქვა თავის გონებაში: „აი, მრავალი დღის მანძილზე ვარსებობდი მკალისა და გველის ჭამით და არ მომეცა მე ჩემი დედისა და მამის ძალა, რამეთუ მკალით ვერ გავძლიერდები, რომ შევძლო ფრინველთა მიწევა და მათი ჭამით არსებობა. სჯობს, შევიპყრო ის ყვავი, ჩემი გამზრდელი, შევჭამო და ორი დღე დავისვენო:მომეცემა ძალა და დავიწყებ წესისამებრ ნადირობას, მსგავსად ჩემი წინაპრებისა“. აღასრულა ეს. შეიპყრო ყვავი და შეჭამა. ამის შემდეგ დაიწყო ნადირობა დიდ და სწრაფ ფრინველებზე. არ შეაქეს ყვავი თავისი მოწყალებისთვის, არამედ უგუნურად და თავისმკვლელად ჩათვალეს. არც ქორს დააყვედრეს უწყალოება და კეთილის უხსენებლობა, რამეთუ ეს არის გვარი და წესი ქორისა. განილეოდა და მოკვდებოდა მკალის ჭამით. ქმნა წესისამებრ და აიცილა სიკვდილი. ხოლო ყვავი წესისამებრ არ მოიქცა და მოკვდა.

სპარსელები, რომლებიც (დღემდე და დღეის შემდეგ უკუნისამდე) ჯვარისმსახურთა მტრები არიან, ამჟამად, უღონობის გამო, ლიქნით სიყვარულს გაჩვენებენ და როგორც კი დრო მიეცემათ, კეთილს აღარ გაიხსენებენ და უწყალონი იქმნებიან. ეს ბევრჯერ ვიცით წიგნებიდან. როცა იხილე სპარსელები, ჩემს მიერ დაკნინებული, არ გაიხარე, ღმერთს მადლობა არ შეწირე, არ აღაგზნე მტრები სპარსელების წინააღმდეგ და არ შეეწიე სპარსეთის მტრებს, ეს არ გააკეთე, არამედ დაგიტოვებია შენი მამათა საყოფელი, საქრისტიანოს დიდ სპას წინამძღვრობ, ორი წლის გზა გამოგივლია და სპარსელებს აძლიერებ, რათა გაძლიერდნენ, მოაღწიონ და წარგწყმიდონ შენ და შენი ქვეყანა, რომელსაც დაიპყრობს ჯვარისმსახურების წარსაწყმედელად. მეფე ხარ თვითმპყრობელი და ახოვანი, შენი ნებით მიგიცემია თავი შენი მტრების მონად და როგორ არ გიწოდო უგუნური?“

ვახტანგმა უთხრა: „შენ გეგონა სიბრძნით თქვი, მაგრამ შენი სიტყვები არიან ცრუ. თხუნელა, რომელსაც არ ასხია თვალები და მზის ბრწყინვალება და ველთა მშვენიერება არ იცის, თუ რა არის, თავდაჯერებული ცხოვრობს მიწის ქვეშ და ჰგონია, რომ ყოველი ცოცხალი არსების ცხოვრებაც ასევეა მოწყობილი. თხუნელას მსგავსად შენც ბრმა ხარ გონების თვალით და ყრუ გონების ყურით, არ ხედავ და არ გესმის სულიერი ცხოვრება და არც სურვილი გაქვს მიხვიდე საუკუნო ცხოვრებამდე და დაუსრულებელ ნათლამდე, მის გონებით მიუწვდომელ დიდებამდე. და არც იცნობ შენ ყოველივეს შემოქმედ ღმერთს, რომლის მიერ შეიქმნა ყოველივე.

ამ ქვეყანაში მოვედი არა ამ სოფლის დიდებისთვის და არა სპარსთა მეფის მსახურებისთვის, არამედ დაუსაბამო ღმერთის მსახურებისთვის. რამეთუ ჩემი აქ მოსვლით პირველ რიგში გამოვიხსენი იერუსალიმი - წმიდა ქალაქი, სადაც დადგმულა ფეხი ჩვენი უფლისა იესო ქრისტესი, იქ აღასრულა ყოველივე ჩვენი სულების ხსნისთვის, და ამის შემდეგ ყოველი საქრისტიანო დავიხსენი მოოხრებისგან, რამეთუ სპარსთა მეფეს მინიჭებული ჰქონდა ჟამი მთელი საქრისტიანოს მოტყვევნისათვის. მე ჩემი ძალით და ქრისტეს შეწევნით დავიხსენი ქრისტიანები დიდი ჭირისგან ამ ჟამს და ამის შემდეგ ღმერთმა იცის.

შენ აქებ ქორს, რომელმაც თავისი გამზრდელი ყვავი შეჭამა, აქებ მის ნაქმნარს, ხოლო ჩვენი ბუნება ასეთია, რომ ჩვენი კეთილისმყოფელისათვის დავდვათ ჩვენი სული, რათა მოვიგოთ მადლი ღვთისაგან და ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო და თუ მოვკვდებით, უკვდავნივე ვიქნებით და სიკვდილის მიერ საუკუნო ცხოვრებაში გარდავიცვლებით“.

მაშინ თქვა სინდთა მეფემ: „გამოდი ჩემთან საბრძოლველად, რათა ჩემს მიერ გარდაიცვალო დღეს სიკვდილის შემდეგ საუკუნო ცხოვრებაში“.

თქვა ვახტანგმა. „ახლანდელი სიკვდილი არ მიჩნს სიხარულად, რამეთუ ცოდვილი ვარ და ღმერთის მცნება სრულად არ აღმისრულებია. ჩემი ცოდვები სრულად არ აღმიხოცია სინანულით, მაგრამ ქრისტეს ძალით არ მეშინია სიკვდილის, რამეთუ ის არის ჩემი მფარველი და დაცული ვარ სრულებით, მრავალმოწყალე ღმერთი, ჩემი ხელით მოგკლავს შენ, მის მგმობელს და შენი სული წავა გარესკნელის ბნელში და უშრეტ ცეცხლში“. შეებრძოლნენ ერთმანეთს. დაამარცხა ვახტანგმა და არ მოკლა, არამედ აიღო მისგან ხარკი და მძევლები.

ამის შემდეგ სპარსთა მეფემ და ვახტანგმა დაამარცხეს აბაშნი. სპარსთა მეფემ აბაშთა ნახევარი აჰყარა და სხვა ქვეყნებში ადგილ-ადგილ დაასახლა. ესენი არიან ქურთები, რომლებიც წარმოტყუენა ვახტანგ მეფემ აბაშთაგან.

მერვე წელს უკან დაბრუნდა ვახტანგი და მივიდა ქალაქ ურაჰში, სადაც მშვიდობით დახვდნენ დედა და დაი მისი. გაგზავნა ბერძენთა მეფესთან მოციქული ცოლის წამოსაყვანად და აგრეთვე პეტრე კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისათვის. შემოვიდა ვახტანგი ქართლში და მიეგებნენ მას მისი ძე დაჩი, ყველა სპასალარი და მათთან ერთად ეპისკოპოსები. როცა გაიგო ეპისკოპოსმა,11 რომ ვახტანგმა გაგზავნა მოციქულნი კათალიკოსისა და ეპისკოპოსების მოსაყვანად, დაუმძიმდა ეს და იწყო ამბოხი და მიზეზობა. მიუგზავნა მეფეს კაცი და უთხრა: „შენ დაგიტოვებია ქრისტე და ცეცხლს ესავ“, ვახტანგმა შეუთვალა: „ქრისტეს ძალით შევედი და ქრისტეს ძალითვე გამოვედი სიმართლით, უბრალო ვარ, იცის ღმერთმა, მაგრამ გავაგზავნე მოციქული კათალიკოსისა და ეპისკოპოსის მოსაყვანად“. როცა ეს მოისმინა ეპისკოპოსმა და დაიდასტურა, იფიქრა, შფოთით დაებრკოლებინა ეს საქმე და მათი მოსვლა. დაწყევლა მეფე და ყოველი სპა მისი. მეფემ თქვა: „მართალია, ჩვენ უდანაშაულონი ვართ, მაგრამ სიმდაბლე ჯერ არს ჩვენგან“. და მივიდა მეფე, ჩამოქვეითდა, რათა მთხვეოდა ეპისკოპოსის ფეხებს. გაძრა ფეხი, ქოშის ქუსლი პირში ჩაარტყა და მეფეს კბილი ჩაუმტვრია. ხოლო მეფემ თქვა: „ეს არის ამპარტავნობის სილაღე და ეშმაკის საცდური. თუ ჩვენი ცოდვების სიმრავლემ აღგძრა, ნება არა გაქვს ბოროტების გაკეთებისა, არამედ უნდა შეუნდო, როგორც იტყვის სახარება: „არა დაშრიტო პატრუქი მგზებარე, არცა განტეხო ლერწამი დაჩეჩქჳლი“. შენ გგონია, რომ შენი სივერაგით ჩვენ ქრისტეს სიყვარულს უარვყოფთ. შენი საქმე მაშინ გამოჩნდა ცხადად, როცა მოგესმა შენზე უმთავრესის საქართველოში მოყვანა და აღეგზნე ბოროტი შურით, როგორც იუდა პეტრეს მიმართ, რამეთუ შენ ხარ როგორც იუდა, ხოლო ეკლესია არის როგორც პეტრე. ვერცხლის მოყვარე ხარ შენ, რამეთუ შენც ქრისტეს მეგვადრუცე12 ხარ. ახლა გაგგზავნი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და როგორც წესია, განგიკითხავს“. გაგზავნა დესპანებთან ერთად და გაგზავნა თავისი კბილიც და შეუთვალა, რომ კათალიკოსი და თორმეტი ეპისკოპოსი სასწრაფოდ გამოეგზავნა. მათ შორის პეტრე კათალიკოსად და სამოელი ეპისკოპოსად, და სხვები, რომელნიც სურდა.

როცა მოიყვანეს მიქაელ ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლში, უთხრა მას პატრიარქმა: „რადგანაც შენს მიერ დაითხია სისხლი, აღარა ხარ ღირსი ეპისკოპოსობისა, ხოლო მეფის კადრებისათვის გეკუთვნის სიკვდილი. ნათქვამია: „დაემორჩილეთ თქვენს მეფეებს, რამეთუ ხმალი უბრალოდ არ აბიათ, ის ღმერთის მიერ მთავრობს, როგორც ლომი ცხვრებს შორის“. და ექსორიაში გაგზავნეს მიქაელ ეპისკოპოსი მღვიძართა მონასტერში.

გაგზავნა პეტრე მღვდელი და სამოელ მონაზონი ანტიოქიაში. და მისწერეს ანტიოქიის პატრიარქს მეფემ და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ასე: „თავდაპირველად, რომაელი ქალის ნინოს მიერ ქართლის მოქცევის დასაბამისას, აქედან იქ მივლენილ იქნა ეპისკოპოსი. მაგრამ შემდეგ, რადგანაც სპარსელებსა და ბერძნებს შორის შფოთი იყო, ვერ მოაწყეს ეს საქმე წესისამებრ. ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ ქართლი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მაგ წმიდა საყდრისანი არიან, როგორც განაწესეს მოციქულებმა სახარებაში, რომელიც უწინარეს უნდა დავიცვათ“. და ანტიოქიელს მისწერეს ყოველი საქმე დიდი ვახტანგ მეფისა, რომ „ის ეპისკოპოსი, რომელიც მათ მიერ იყო დადგინებული, უკუვაგდეთ, და ჩათვალეთ ქართლი ახალნერგად.13 ახლა ეს ორი, მათ მიერ მოთხოვილნი, აკურთხე და აგრეთვე სხვა თორმეტი, ვისაც ისურვებ, ისინი აკურთხე. შემდეგ კი ჩვენთან გამოგზავნე, რათა ჩვენ განძითა და სახმარი ნივთებით გავამგზავროთ“. და ანტიოქიელმა პატრიარქმა აკურთხა თორმეტი ეპისკოპოსი და პეტრე კათალიკოსად.

მივიდნენ კონსტანტინოპოლში, მისცა კეისარმა დიდძალი განძი და თავისი ასული ელენე, ვახტანგის საცოლე. საზღვარზე მათ შეეგება მეფე.

მცხეთაში ვახტანგ მეფემ ააშენა მოციქულთა ეკლესია სვეტიცხოველი. ამ ტაძარში სამხრეთით იმ ადგილას, სადაც იყო სიონის დიდი ეკლესია, დასვა პეტრე კათალიკოსად. ხოლო სამუელი მცხეთაშივე დასვა ეპისკოპოსად „საეპისკოპოსოში“.14 და დასვა სხვა ეპისკოპოსებიდან ერთი ეპისკოპოსი კლარჯეთს, ახიზის ეკლესიაში, ერთი ერუშეთს არტანში; ერთი ჯავახეთს - წუნდაში, ერთი მანგლისში, ერთი ბოლნისში; ერთი რუსთავში; ერთი ნინოწმიდაში - უჯარმის კართან, რომელიც გორგასალმა ააშენა. ერთი მისსავე აშენებულ ჭერემში და იქ დააარსა ქალაქი მისგანვე აშენებულ ორ ეკლესიას შორის; ერთი ჩელეთში („შუა სოფელში“), ერთი ხორნაბუჯში და ერთი აგარაკში, რომელიც ხუნანის პირდაპირაა.

ამის შემდეგ ააშენა ერთი ეკლესია ნიქოზში ცეცხლის საგზებელთან და დასვა იქ ეპისკოპოსი, სადაც დაფლულია წმიდა რაჟდენის გვამი, რომელიც სპარსთა მიერ იწამა.

ეს რაჟდენი იყო მამამძუძუ ვახტანგის ცოლისა (რომელიც პირველად მოიყვანა, სპარსთა მეფის ასული), გაქრისტიანდა ის და შეიქნა დიდად მორწმუნე, ხოლო ბრძოლისას ძლიერი. შეიპყრეს სპარსელებმა და აიძულებდნენ, რომ უარეყო ქრისტე, ხოლო ამ წმინდანმა აღიარა წარუვალი დიდება და იწამა ქრისტესთვის.

ჰყავდა ვახტანგს ბერძენი ცოლისგან სამი ძე და ორი ასული. მან თავისი პირველი ცოლის ძეს, თავის პირმშო დაჩის მისცა ქალაქები ჭერემი, ნეკრესი და კამბეჩოვანი, რომელიც არის ხორნაბუჯი, და მთელი ქვეყანა მტკვრის აღმოსავლეთით. თვით ვახტანგი დაჯდა უჯარმაში და ააშენა ის უზომო ნაშენებით. და თავისი დაი ხუარანძე მისცა სომხეთის პიტიახშს ბაკურს და რამდენიმე ხნის შემდეგ მოკვდა სპარსთა მეფე ხოსრო და მის წილ დაჯდა ძე მისი ხოსრო. ამ დროს გაძლიერებული იყვნენ სპარსელები (ვახტანგის მეოხებით ყველა მტერი დამორჩილებული ჰყავდათ, და გამოემართა სპარსთა მეფე ბერძნების წინააღმდეგ საბრძოლველად. მოციქული გამოუგზავნა გორგასალს და შეუთვალა გაეწია წინამძღოლობა ბერძენთა წინააღმდეგ ომში და მიეცა ასული ცოლად.

მაშინ ვახტანგი მიწეული იყო 60 წელს და თქვა: „უთხარით მეფე ხოსროს:პირველად განემზადოს ჩვენთან საბრძოლველად და შემდეგ შევიდეს საბერძნეთში“.

გაგზავნა ქადაგი, რათა ერს დაეტოვებინა ის სოფლები და ქალაქები, რომლებიც ძლიერნი არ იყვნენ და შესულიყვნენ კავკასიასა და კახეთში, რამეთუ კახეთი ტყე იყო და მტრის მიერ შეუვალი. მეფე დაჩი და მისი დისწული გადავიდნენ კახეთში და დადგნენ ლოპოტის ხევში, კლდით მოზღუდულ ქვეყანაში (და იყვნენ იმ ქვეყნის ადამიანები ცეცხლისა და წყლის მსახურები და ის ხევი, ვიდრე ნოსრამდე, ხალხით იყო სავსე). შევიდნენ გორგასლის ცოლი და შვილნი - უჯარმის ხევში. წინა ციხეში თვითონ დადგა, მასთან იყვნენ ჯუანშერი და ადარნასე. ხოლო მცხეთაში დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი. გაუგზავნა მოციქული კეისარს.

მოვიდა ხოსრო მეფე და შემუსრა ქალაქი კამბეჩოვანი, ჭერმის ციხე და ველისციხე. მივიდნენ კახეთში და დაიბანაკეს იორზე. შეიბნენ, იბრძოდნენ სამი დღე. ორივე მხრიდან ურიცხვი სპა დაეცა. მაშინ ვახტანგმა უხმო პეტრე კათალიკოსს და უთხრა: „იცოდე, რომ გვებრძვიან არა ხარკის მიცემისათვის, არამედ ქრისტეს დატევებისთვის. მე განზრახული მაქვს ასე:საუკუნო ცხოვრებისათვის უმჯობესი არის ქრისტეს სახელზე სიკვდილი, რათა აღთქმული სასუფეველი გვქონდეს მათთან, რომელთაც უთხრა: „რომელიც წარიწყმედს თავის თავს ჩემთვის, ის იპოვის მას“.

უთხრა მას პეტრე კათალიკოსმა: „თუ არ იბრძოლებ სამკვდრო სასიცოცხლოდ, მაშინ არა მარტო საქართველო გაირყვნება მტრის მიერ, არამედ იერუსალიმიც, რომელიც არის მშობელი ნათლის შვილებისა“.

უთხრა მას მეფემ: „დადექი წმიდა რაჟდენის ეკლესიაში, რომელიც არის უჯარმის რაბატში. ვეჭვობ, რომ უჯარმის გარშემო ყველა ქალაქი იძლიოს, რამეთუ მტკიცე და ძლიერი ზღუდეები აქ ავაგეთ“. ჰყო ასე კათალიკოსმა და ყველა წმინდა ეპისკოპოსი იქ შეიკრიბა.

ვახტანგის ლაშქარში იყო 240.000 მებრძოლი, ხოლო სპარსელებისაში - 740.000. გაჰყო ვახტანგმა ლაშქარი სამად. და კლდის მხრიდან მიაგზავნა ქვეითი. ერთ მხარეს მიავლინა პიტიახშები და სპასპეტი, და სადაც სპარსთა მეფე იყო, იქ თვით .ვახტანგი მივიდა 100.000 მეომრით.

ცისკარზე ვახტანგი დაესხა სპარსელებს და უთხრა თავისიანებს - „ყოველი კაცი, რომელიც სიკვდილს გადაურჩება და მტრის თავს ან ხელს არ გამოიტანს ბრძოლიდან, ჩვენს მიერ მოკვდება“.

ცისკრის მიწურვისას ვახტანგი დაესხა და მივიდა მეფის პალატამდე. შევიდა მეფის კარავში. მეფემ შეასწრო ცხენზე. ძე მისი ბარტამ მოკლა და მოჰკვეთა თავი. მაშინ იქ ერთმა სპარსელმა სცა ისარი ვახტანგს მკერდში. ბრძოლა გაგრძელდა შუადღემდე. სძლია ვახტანგმა სპარსელებს და მოკლა 120.000 მათგანი. ვახტანგის სპისგან მოკვდა 28.000-მდე. აიყარა იქიდან სპარსთა მეფე და ჩადგა რუსთავში. დაუმძიმდა წყლული ვახტანგს, რამეთუ ფილტვამდე იყო ისარი მიწეული. და წავიდა უჯარმაში, ხოლო ქართლის სპასალარები ადგილსავე დარჩნენ.

სცნეს სპარსელებმა, რომ დაუმძიმდა ვახტანგს წყლული, მოაოხრეს ტფილისი და არმაზი (ქართლი), ხოლო მცხეთა ვერ დაიპყრეს, მაგრამ ზღუდის გარეთ მოაოხრეს.

ხოლო ბერძენთა მეფე, ვახტანგის სიმამრი, მოკვდა და დაჯდა მეფედ ზენონი, მისი ძე. ის მოვიდა სპერში, ქართლში რომ შესულიყო, და როცა გაიგო ვახტანგ მეფის დაჭრის შესახებ, დადგა კარნუ ქალაქში. იქ მოვიდა ხოსრო და შეიბნენ. ვერ სძლიეს ერთმანეთს, რადგან ორთავეს სპა დაეხოცა.

ვახტანგმა შეიტყო, რომ კვდებოდა, მიუხმო კათალიკოსს და თავის ცოლს, ძეებსა და ყველა წარჩინებულს და თქვა: „მე მივდივარ ჩემი ღმერთის წინაშე, და ვმადლობ მის სახელს, რომ არ დამაკლო მე მის სიწმინდეებს. ახლა მცნებას მოგცემთ თქვენ, რომ მტკიცედ დადგეთ სარწმუნოებაზე, ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს მის სახელზე, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ“.

და უთხრა ყველა წარჩინებულს: „თქვენ, ქართლის მკვიდრნო, მოიხსენეთ ჩემი სიკეთე, რამეთუ პირველად ჩემი სახლიდან მიიღეთ საუკუნო ნათელი და ჩვენ სახლს ნუ შეურაცხყოფთ და ბერძენთა სიყვარულს ნუ დაუტევებთ“. და უთხრა თავის ძეს დაჩის: „შენ ხარ ჩემი პირმშო შვილი, შენთვის მომიცია ჩემი მეფობის გვირგვინი. შენი ძმების ნაწილად მიმიცია ტაშისკარიდან და წუნდიდან, ვიდრე სომხეთამდე და საბერძნეთამდე, ხოლო აფხაზეთის საზღვარი, ეგრისწყალსა და კლისურას შუა, შენი ძმების დედის არის.15

და მოუხმო წუნდის ერისთავს, კლარჯეთის ერისთავს არტავაზს და ოძრხის ერისთავს ბივრიტიანს და მათ ჩააბარა თავისი ცოლი ელენე და მისი შვილები, რომელთაც ერქვათ ლეონი და მირდატი. და სამივე ერისთავს შეავედრა ცრემლით.

მთელი ხალხისა და წარჩინებულებისთვის ეს იყო სასჯელის დღე. თავში იცემდნენ და იყრიდნენ ნაცარს, ყველანი ნატრობდნენ სიკვდილს. ხმამაღალი ტირილისა და გოდებისგან ქვეყანა იძროდა. მორწმუნე ხალხი შენატროდა მეფეს, რამეთუ ქრისტესთვის მოიკლა. და მოკვდა ვახტანგ, დაფლეს მცხეთას, საკათალიკოსო ეკლესიაში, სვეტთან, რომელშიც არის ღვთივაღმართული სვეტისგან დაპყრობით. საფლავზე გამოსახულია მისი ხატი, მისი სიმაღლის თანასწორი. ხოლო ამჟამად შემონახული მისი აბჯარი და სამოსელი უფრო ნათლად წარმოგვიდგენს მას.

და დაჯდა მის ტახტზე მისი ძე დაჩი. ხოლო ცოლი და ვახტანგის ორი ძე წაიყვანა სამმა ერისთავმა, დაიჭირეს ქართლის დასავლეთი, რომელიც მისცა მათ ვახტანგმა. ზაფხულობით ქალაქ წუნდაში იყვნენ და ზამთრობით ოძრხეში. მათ ეწოდათ არა მეფეები, არამედ ერისთავთა მთავრები და იყვნენ მეფე დაჩის მორჩილების ქვეშ.

მეფე დაჩიმ დაიწყო ქართლის შენება, რამეთუ მოოხრებული იყო ყველა ხევი ქართლისა, გარდა კახეთის, კლარჯეთისა და ეგრისის ხევებისა. განასრულა თბილისის ზღუდეები, როგორც ბრძანა ვახტანგმა და ის შექმნა სამეფო სახლად.

მოკვდა პეტრე კათალიკოსი და დაჯდა სამოელ. და მეფემ მას მიათვალა მცხეთა, რამეთუ ასე ბრძანა ვახტანგმა. ამანვე მეფე დაჩიმ კახეთის მთიულებს შესთავაზა ქრისტეს აღიარება, ხოლო მათ არ ინებეს და განდგნენ ყოველნი ნაპატელნი.16

ვახტანგის ბერძენი ცოლის შვილებიდან მოკვდა ლეონი და დარჩა მხოლოდ მირდატი. ამ მირდატს დაევაჭრა მისი ძმა დაჩი:მეფემ გაუცვალა ქვეყანა. მეფემ აიღო ის ქვეყანა, რომელიც მოქცეული იყო ეგრისწყალსა და კლისურას შორის. ეს იყო მირდატის დედულეთი საზღვარი საბერძნეთის სამფლობელოებთან. მის ნაცვლად მისცა ჯავახეთი ფარავნიდან მტკვრამდე. დაიჭირა მირდატმა ქვეყანა ფარავნიდან და ტაშისკარიდან, ვიდრე სპერის ზღვამდე და იქ ერისთავობდა და მორჩილი იყო მეფე დაჩის. მან ააშენა წყაროსთავის ეკლესია. მოკვდა დაჩი. დაჩის შემდეგ, გამეფდა მისი ძე ბაკური. ბაკურის სიკვდილის შემდეგ, დაჯდა მისი ძე ფარსმანი. მოკვდა კათალიკოსი სამოელი და დაჯდა კათალიკოსად თავფეჩაგი. მისი სიკვდილის შემდეგ დაჯდა კათალიკოსად ჩერმაგ.

ვახტანგის შემდგომ აქამდე ეს მეფეები მშვიდობით იყვნენ. ამ ფარსმანის მეფობისას მოვიდნენ სპარსელები, მოაოხრეს ქართლი და რანი. ქართველთა მეფემ ითხოვა სპარსთა მეფისგან, არ მოეოხრებინა ეკლესიები და დაეჭირა ქართლი ქრისტეს რჯულზე.

იმ დროს ბერძნები მოუცლელები იყვნენ. თავიანთი ქვეყნის დასავლეთში მტრებს ებრძოდნენ. არ შეეძლოთ ქართველთა შეწევნა და სპარსთა წინააღმდეგ გამოსვლა. მაშინ სპარსთა მეფემ შეისმინა მისი ვედრება და დაიცვა ეკლესიები. ფარსმანმა სამაგიეროდ დაუწერა მორჩილებისა და მსახურების აღთქმა. და წავიდა სპარსთა მეფე.

ამის შემდეგ გაიყვნენ ვახტანგ მეფის ნათესავები. დაჩის შვილები სპარსელებს ემორჩილებოდნენ, ფარსმანის სიკვდილის შემდეგ, დაჯდა მეფედ მისი ძმისწული, რომელსაც ფარსმანივე ერქვა.

ის იყო მორწმუნე და შეამკო ეკლესიები.

ითხოვეს იუსტინიანესგან17 ქართველებმა, რათა კათალიკოსებად თვით ქართველები დამსხდარიყვნენ, რამეთუ კათალიკოსები საბერძნეთიდან მოდიოდნენ. იუსტინიანემ დაწერა თანხმობის წიგნი და დაბეჭდა თავისი ბეჭდით, რათა კათალიკოსებად ქართველები დამსხდარიყვნენ და ჰქონოდათ მათ უფლება ყველა ეკლესიაზე და ყველა მღვდელმთავარზე.

მოკვდა კათალიკოსი ჩერმაგ და ფარსმან მეფემ დასვა საბა. ამის შემდეგ აღარ მოყავდათ კათალიკოსი საბერძნეთიდან, არამედ ქართველები სხდებოდნენ, წარჩინებულთა ნათესავები.

შენიშვნები

1.ქართლის ცხოვრება, I, გვ. 139-207 გადმოღებულია ძველი ქართულიდან ახალ ქართულზე ჩვენს მიერ (მიტროპოლიტი ა. ჯაფარიძე).

2.იგულისხმება ჰუნები, ალანები და სხვადასხვა ჩრდილოეთის ტომები, რომლებიც იმ დროს აწყობდნენ ლაშქრობებს დასავლეთ ევროპაშიც კი.

3.„ქართლის სამეფოს“ დასავლეთი საზღვარი გადიოდა მდინარე ეგრისწყალზე. „ეგრისწყლის ქვემოთ“ ანუ ამ მდინარის იქით მარჯვენა სანაპირო ქვეყანა „აფხაზეთი“ შედიოდა ბიზანტიის იმპერიაში, ანუ „ბერძნების“ ქვეყანა იყო. ვახტანგის დროს ბიზანტიელებმა გადმოლახეს ქართლის სამეფოს საზღვარი მდ. ეგრისწყალზე და დაიპყრეს ქართლის მიწა-წყალი ეგრისწყლიდან ვიდრე ციხე-გოჯამდე.

4.თერგი.

5.„დაიმორჩილა... მეფის ბრძანების გარეშე“ - ეს ადგილი გვიანდელი ჩანართია, გვ. 156.

6.ვახტანგმა გაათავისუფლა ბერძნებისგან ქართლის ტერიტორია ციხე-გოჯიდან ეგრისწყლამდე და აგრეთვე აფხაზეთიც, რომელიც ბერძნებს ჰქონდათ დაპყრობილი. ვახტანგი აფხაზეთში შევიდა ჩრდილოკავკასიის გზით, ოსების დამარცხების შემდეგ.

7.ქართლის ცხოვრება, I, გვ. 171; ვახტანგი გულისხმობდა, რომ ამ დროის ქრისტიანობა პრობერძნული მიმართულებისა არ ყოფილა, არამედ აღმოსავლური ორიენტაციისა. თვით სპარსელთა შორისაც კი ყოფილან ქრისტიანები. „დაღათუ აწ შენ მიგცნე სპარსნი, არა უკუე განცრუვდესა სახელი ჩემი? და უმეტეს ჩუენსა აქუს მრავალთა მათგანთა სიყუარული ქრისტესი, არამედ შიშისაგან ვერ გამოაცხადებენ“.

8.იგულისხმება ქართლის სამეფოს ის მიწები, რომლებიც ქართლს ჩამოაჭრა საბერძნეთმა ჯერ კიდევ ეახტანგამდე, მეფე ვარაზ-ბაკურის დროს - კლარჯეთი.

9.მდინარე ყუბანი.

10.ოსების ლაშქრობის შემდეგ ვახტანგმა „ბერძენთა ქვეყანა“ ანუ აფხაზეთი აიღო და თეითონ დაიჭირა. შემდეგ კი ვახტანგმა და კეისარმა ერთმანეთს გაუცვალეს ტერიტორიები, კერძოდ, კლარჯეთი და მისი მიმდებარე მიწები ჯერ კიდევ ვარაზ-ბაქარის დროს მიიტაცა საბერძნეთმა, ამ ტერიტორიის დაბრუნებას ვახტანგი ძლიერ ცდილობდა. პონტოში საზავო მოლაპარაკებისას საქართველოს დაუბრუნდა კლარჯეთი, ხოლო საბერძნეთს დაუბრუნდა აფხაზეთი. აფხაზეთის ერთი ნაწილი კი ეგრისწყლიდან კლისურამდე მზითვის სახით შეუერთდა ვახტანგის სამეფოს.

11.იგულისხმება იმ ეპისკოპოსების მთავარი, რომელნიც ვახტანგს შეეგებნენ - მთავარეპისკოპოსი მიქაელი.

12.ფულის ქისის შემნახველი, მოლარე.

13.„და დღეს იცოდეთ ახალნერგად ჭეშმარიტად ქართლი“.

14.ქართლის ცხოვრება, I, გვ. 146; სამთავროს უკვე არსებულ საეპისკოპოსო ტახტზე. აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიულად ქართლის სამეფო დაყოფილი იყო ოთხ ხევად:1 . ხევი ქართლისა (მტკვრის სათავიდან ხუნანამდე); 2. ხევი კახეთისა; 3. ხევი კლარჯეთისა და 4. ხევი ეგრისისა (ქ. ც. I, გვ. 146); ახალი ეპისკოპოსები დაუსვამთ 3 ხევში:ქართლში, კახეთში და კლარჯეთში.

15.ვახტანგის მეორე ცოლს მზითვად მოყვა ტერიტორია ეგრისწყლისა და კლისურის შუა, ამ ქალის შვილებს დარჩათ კიდვც სამემკვიდრვოდ ეს მიწები, ხოლო პირველი ცოლისგან დარჩენილებს სამხრეთ საქართველო.

16.ნაპატელნი ცხოვრობდნენ დღევანდელ აზერბაიჯანში ქ. შექის სანახებში. ქ. შექი მდებარეობს ქ. ზაქათალის აღმოსავლეთით 64 კმ. მანძილზე, ხოლო ქ. კახიდან დაშორებულია 34 კმ-ით. იმდროინდელი შეხედულებით, ნაპატელნი კახეთის პროვინციაში („ხევში“) შედიოდნენ და არა ჰერეთისაში.

17.იმპერატორი იუსტინიანე (527-565).